Litclub.ge

ინსულტი
საფეხური. თითები. იხლართება. თარიღი. 
სიმარტოვე. სურათი. თმენა. მაჯა. ნაფაზი. 
მე ბეღურა ჩიტებმა ნისკარტებით წამიღეს 
და დამტოვეს (სულ მარტო) შენი ფანჯრის რაფაზე. 

ვიღაცისთვის ეს ლექსი მხოლოდ პათეტიკაა, 
ჩემთვის - სისხლის ჩაქცევა ტვინში, კვდომა - ნერვებში, 
სადაც წვიმა იწვიმებს ჩემი სისხლიც იქაა 
დაღვრილი და არ ახლო ხელი! არა! შეეშვი! 

მინდა - ასე დაქცეულს არიდებდე ნაბიჯებს, 
ლოცვა რაღა ლოცვაა - თუ-კი ცამდე ავიდა, 
ბინდი. ნავსი. არევა. გარინდება. მახინჯი. 
ხორცი. დამღა. მოწამვლა. უკან. დარდი. თავიდან. 

ძველებურად. ინთება. იხატება - და მიღრენს - 
სიმარტოვის სურათი - მოგლეჯილი ანფასი, 
მე ბეღურა ჩიტებმა ნისკარტებით წამიღეს 
და დამტოვეს (სულ მარტო) შენი ფანჯრის რაფაზე.