Litclub.ge

მონატრება
იქნებ იყავი ქარში ტირიფი,
დარდის ჩამოღვრა ცრემლად გენება,
რომ მოდიოდი გზაზე ტირილით
და თმა გაგშლოდა გრძნეულ გველებად.

ასე უყვარდი ჩემს თვალებს მაშინ,
როს ამშვენებდი ცისფერ მონასტერს.
შენ გაიელვებ ქარების ხმაში
და ჩემთან მოსვლას ვერვინ მოგასწრებს.

დრო ამ ვედრებას ყურად არ იღებს,
ჩვენს შორის ელავს მკრთალი ბილიკი.
ვალაპარაკებ წარსულ თარიღებს
შენი მოლურჟო სახის მიმიკით.

და მე გიჟივით წამარტყამს ნერვი,
ვეღარ ვიცილებ წარსულის ბრჭყალებს.
და როგორც ბავშვი დასვრილი მელნით,
გავეპარები დამცინავ თვალებს.

ისევ შორიდან მოცოცავს ლანდი,
სუროს კედლებზე მოდის კივილად.
ჩემთან მოსვლამდი როგორ გაწვალდი,
როგორ დაგადნო ძველმა ტკივილმა!

გადმოვალ წლების მთათა კალთებზე,
მომეგებება ძველი მიწები.
შენს ამტირებელს დავსვამ შანთებზე
ან უსახელოდ წავიბილწები.

და ავიცილებ ნიღაბს ღალატის,
მშვიდად მოვკვდები ცივ წყაროს ახლოს,
სად შემოგძარცვეს ჭრელი ხალათი,
სად შენი დარდი ჩონჩხებში სახლობს...

იქნებ იყავი ქარში ტირიფი,
დარდის ჩამოღვრა ცრემლად გენება.
რომ მოდიოდი გზაზე ტირილით
და თმა გაგშლოდა გრძნეულ გველებად.