Litclub.ge

უკუ-ღმართი რითმები
ვერ გახლავართ გულადი და გოლიათი,
მაინც უნდა გავიტანო ათი გოლი.
რაკი აღარ იშოვება მუზარადი,
საკუთარი მიცავს მეორადი მუზა.
თუმცა აღარ მანებივრებს ზოდიაქო,
ზოგიერთმა მაინც ჩემი აქო ზოდი.
მეც მყავს ჩემი ავთანდილის ტარიელი,
მეც მყავს ჩემი რამდენიმე ელიტარი.
რაც არ უნდა დამიყაროთ საკენკები,
ვერ წამიყვანთ კერპის ქანდაკებისაკენ.
გამოვხშირე შავზე უშავესი სია -
ინვერსიულ ვერსიათა სიავესი.
არაფერი აღარ დამრჩა სანისიო,
მაგრილებენ ალერსები სიოსანი.
მეზარალა საიმედო ანაბრები
და ჭაღებიც გამიყიდეს ბრებიანა.
მემუქრება პატი ანდა მატი ანდა
ყაიმი და ნახევარი ანდამატი.
დამესიზმრა უხილავი მესია და
აქტეონის ქოფაკები დამესია.
ამიხირდნენ სახიფათო მანიათა
ბარონი და ლიდერი და ატამანი.
ამიტეხეს შარი ანუ შარამათი,
გაიყარა ჩემი გზა და მათი შარა.
მივატოვე ცამეტიდან ცამეტივე,
დამემგზავრა მენავე და მეტივეცა.
ერთხელ კიდევ დამიყარეს საკენკავი
და გამექცა რითმა კილოკავისაკენ,
სადაც ყანწებს გადადიან მალაყები
და რესტორანს აწერია: "ყირამალა".