ფეხები მეხლართება ერთმანეთში. გზა ვიწროა.
ჰაერი ცოტაა. ყველაფერი პატარად იცქირება ჩემს
თვალში.
ჰორიზონტები უბრალო ხაზებია (ცარცის თვალი
დაფაზედ).
მთვრალი არ გეგონოთ არავის. და თუ ფეხები მეხლართება ერთმანეთში, ეს იმის ბრალია, რომ შენ დაგინახე.
რომ შენს ახლოს გამოვიარე.
მზე ფხებზედ დადგა. ნიავი შრიალებს ჩალასავით.
ღრუბლები შექარვულან.
შეხედე, ფოთოლი ფოთოლზედ ილურსება. ღრუბელი ღრუბელს ებღაუჭება.
ყველა ტოლს ეძებს. ყველა მეორეს ელოლიავება. მე
კი მინდა, შენ მოგეალერსო.
ასე, ჰო, ასე!.. ნუ იწევ იქით, ნუ აბრიალებ თვალებს!..
[ნუ] მეტყვი, რომ გეშინია!..
[ხომ] გესმის როგორ რიტმიულად მოძრაობს [...] მკერდის ქვეშ?!
როგორ გასათნოვდნენ ჩემი თვა(ალები), [...] ცახცაცებს ჩემი ტანი.
[მაშ], ვისი გეშინიან?!
[მაშ], რისი გეშინიან?!
დახუჭე თვალები და მოდი ახლოს, მომეკარი მკერდზედ, რათა აღარ აირიოს სიარული, რათა აღარ დაპატარავდნენ საგნები ჩემს გარშემო და ხაზები გადაიქცნენ ჰორიზონტებად.
ცოტაა ეს ჰაერი. პატარავდებიან ეს მთები, ეს ველები. ყველაფერი ირყევა. ფეხები იხლართება ერთმანეთში... მაგრამ მე არა ვარ მთვრალი, მე მხოლოდ შენ დაგინახე...