Litclub.ge

თვით-გამართლება
არც ერთი ლექსი მე არ დამიწერია,
ან სად მოვიცლიდი მისთვის.
ლექსებს სწერს ჩემი ორეული,
სარკიდან რო მიცქერის ხოლმე _
მუდამ ექსტაზ მორეული.
მე: ტლანქი ვარ და გულიც ტლანქი მაქვს,
         როგორც: არავის.
ის: კი ნაზია: როგორც არავინ.
მე: სახლიცა მაქვს და ეზოც.
მას: კი არც თავ-შესაფარი კარავი.
ჩემი: თვალები ამღვრეულია და ბოროტი.
მისი: ლურჯი და სათნო.
მე: სიმღერა არ ვიცი,
      არც ჩემი საქმეა.
იგი: კი მღერის მუდამ.
მე: თოფი მიჭერია სანადიროთ.
მას: კი კალამი რითმებისათვის.
და იცოდეთ ყველამ დღეის იქით,
რომ: არც ერთი ლექსი არ დამიწერია
მე: რეზო გელოვანს,
და იგი: მირზა გელოვანია