Litclub.ge

დიდუბე
სახით გამოგეკიდე!
ტანი არ მიშვებს ,
ბრტყელია მიწა, აქედან, ალბათ,
თოვლიანი ქედივით ვჩანვარ,
ყველა თეთრი ლაქა მტკივა,
მაგრამ ეს არ ისმის,
სახის გამომეტყველებას კი ვრეცხავ,
თუ გამიჭირდა ნაოჭების აკრეფა,
ბაზარში ვყიდულობ,
რძის კრიალა პირით გელაპარაკები
მარტივი სიხარული უფრო მოგიხდება,
ვიდრე სამართებლისხმიანი დეკლამატორი
დავიღალეთ სირთულით -
მაიოლის მრგვალმა ფორმებმა
ბორბლებივით გადაგიარა,
ყველა ძვალზე მარილი მტკივა
თოვლის ხმა გესმის?
შუშის თითებით დაკრული ჰაიდნი?
მთელი სამყაროს ნევროზმა
მოიცალა ჩვენთვის?
რამდენ ხანს გაგყვება ეს მუსიკა,
ხელი რომ მომკიდა გულზე
და შენთან მომიყვანა?
შაკიკი მქონდა,
თვალები შუბლზე ამდიოდა
და იქ მეხუჭებოდა...
სანამ კედელივით შემოგეფცქვნები,
სანამ მიხვალ ძალიან ღრმა მიწამდე,
ვერ ვიტყვი, რომ ბებიების
თეთრი მატყლით დაფენილამდე,
ეს სხვა მიწაა,
ზურგში დანებით გამართლებული,
მარტო ხომ არ გაგიშვებ,
სახით გამოგეკიდები...