(მაქციური ციკლიდან)
მოკლედ, ჩემო,
სიმართლე გითხრათ, ბევრო არაფერო
ძუკნებო,
გაინტერესებთ, რას ვაკეთებ
ამასა და ამას შორის შუალედებში,
ანდა თუნდაც სულაც ამის დროს.
მოგახსენებთ, რომ ძვალსა ვლოკავ.
ისევ იმ ძვალსა,
რომელიც, კარგად აღარ მახსოვს,
თვით გამოვჩხრიკე,
თუ საიდანმე გადმომიგდეს,
ზუსტად ისე, მყეფარს ძვალს რომ გადაუგდებენ.
ან რა აზრი აქვს, როგორ იყო,
როცა უკვე ისე ძველია,
ჩემი ლაშების,
რბილად რომ ვთქვა, მოუსიამო სუნის გარდა,
შერჩენია აღარაფერი.
კი, მიფიქრია ძვლის შიგთავსზეც.
მიფიქრია ხშირად და დიდხანს.
და მერეც, როცა
ფორებიდან
გემოსი თუ არომატის ახალ ნასახს გამოვწუწნიდი,
გავიფიქრებდი კიდევ ერთხელ.
ახლა კი, როცა - იშვიათად - გამეფიქრება,
შეიძლება ვიღიმი კიდეც -
მომტვრეულ კბილთა ადგილებით -
მთელ კბილებზე უკეთესად უწყიან რომელთ
ძვლის გაკვნეტის მცდელობის ფასი.
(სწორედ ამიტომ) რამდენიმე შევინარჩუნე
(და იმისთვის) _
ათასში ერთხელ
მოძმე მყეფრებთან
ძვლის გამო რომ წავიკინკლაო -
ეგებ, ცოტა გემო მიეცეს.
ეს რამდენიმეც არ დამენდო იქნება,
მაგრამ აბა, ვინ იცის, რომ
ძვლის შიგნით მართლაა რამე?
...ჰო, აი, ახლაც გამეფიქრა, ალბათ, შემთხვევით,
რის დასტურადაც, სადაც არის, გამეღიმება...
თქვენ კი, ჩემებო,
როგორ გითხრათ, რანაირებო,
ისე მისმენთ, თითქოს მისმენდეთ,
გენაღვლებოდეთ ოდნავ მაინც - არც გამეღიმოს.
მოგცლიათ, ერთი!
მოდით, ჩემი ძვალი ალოკეთ!
მოდით, ძუკნებო,
ამ სარეცელს,
იაფფასიანს,
ჩავუტეხოთ ერთი ფიცარიც!