Litclub.ge

ლიტერატურული ამნეზია
...მოიცა, რა კითხვა იყო? ჰო, გამახსენდა: რომელმა წიგნმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, ყველაზე მეტი გავლენა რომელმა იქონია ჩემს განვითარებაზე, თავისი კვალი დატოვა, შემძრა და საერთოდაც, `ჭეშმარიტ გზაზე დამაყენა`, ანდა სულაც გამომაშტერა. 
თუმცა, სიმართლე ითქვას, მთელ ამ აურზაურს უფრო გიჟურ-ტრავმატული ან შოკური განცდების სუნი ასდის, მათ კი დაზარალებული მხოლოდ თავის კოშმარულ სიზმრებში თუ გამოიხმობს ხოლმე, მაგრამ არამც და არამც სიფხიზლისას; ეგეთ რაღაცეებზე წერა და ამ ფიქრების ხმამაღლა განცხადება ხომ საერთოდ წარმოუდგენელია; ამაზე, თუ არ ვცდები, ერთმა ავსტრიელმა ფსიქოლოგმა მიუთითა, ვისი სახელიც ახლა თავში არ მომდის - თავის საპროგრამო სტატიაში, არადა, ამ სტატიის სათაურსაც ვერ ვიხსენებ ზუსტად. ვიცი, რომ იგი შესულია კრებულში საერთო სახელწოდებით `მე და შენ` თუ `იგი და ჩვენ` ან `მე თვითონ` თუ რაღაც ეგეთი (ზუსტად არ ვიცი, ვინ გამოსცა ეს წიგნი ხელახლა, `როვოლტმა`, `ფიშერმა`, `დეტეფაუმ` თუ `ზურკამპმა`, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ყდა თეთრი და მწვანე ჰქონდა, თუ მოყვითალო-ცისფერი, მე მგონი, უფრო რუხ-ლურჯ-მომწვანო იყო).
თუმცა, ვფიქრობ, ეს კითხვა სულაც არ ისახავს მიზნად ჩემი ნევროდრამატული სამკითხველო გამოცდილების შესწავლას, არამედ უფრო იმ გასაოცარ ხდომილებას გულისხმობს შემოქმედებითი ცხოვრებიდან, რომელიც, მაგალითად, ცნობილ ლექსში, `მშვენიერ აპოლონშია` გამოხატული... თუმცა არა, მე მგონი ამ ლექსს `მშვენიერი აპოლონი` კი არა, რაღაც სხვა სათაური ჰქონდა, უფრო არქაული, `ყმაწვილის ტორსი`, `ძველი მშვენიერი აპოლონი`, თუ რაღაც ამდაგვარი, მაგრამ მე მგონი თემას გადავუხვიეთ... ერთი სიტყვით, გამოხატულია ამ ცნობილ ლექსში, რომელიც დაწერა, დაწერა... ჰმ... ახლა ავტორის სახელსაც ვერ ვიხსენებ, მაგრამ ნაღდად ვიცი, ძალიან ცნობილი პოეტი იყო ძროხის თვალებითა და ხშირი ულვაშით, იგი რიუ-დე-ვარენზე ბინის შოვნაშიც დაეხმარა იმ გასიებულ ფრანგ სკულპტორს (მოიცა, რა ერქვა?) - ისე, ბინას ვამბობ, თორემ, ნამდვილი სასახლე იყო, პარკით - ათი წუთი რომ მოუნდებოდი შემოვლას! (სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, საიდან იხდიდნენ ამხელა ფულებს, ან სად შოულობდნენ?) მოკლედ... რომელიც გამოხატულია ამ შესანიშნავ ლექსში, რომელსაც რომ მომკლა, ზეპირად ვერ ვიტყვი, სამაგიეროდ, ბოლო სტრიქონი დამამახსოვრდა კარგად, მორალური იმპერატივივით: `უნდა შეცვალო ცხოვრება შენი!` 
მაშ ასე, იმ წიგნების შესახებ, ჩემი ცხოვრება რომ შეცვალეს! ამ პრობლემის გასაშუქებლად ჩემი წიგნების თაროსთან მივდივარ და ყდებს გადავხედავ. როგორც ყოველთვის, ასეთ შემთხვევებში - როცა ერთ ადგილასაა თავმოყრილი ერთი სახეობის ბევრი წარმომადგენელი და თვალები გიჭრელდება მათი სიმრავლით - ჯერ თავბრუ მესხმის, შემდეგ კი თვალდახუჭული თითს ვასობ მთელ ამ მასაში და ერთი კონკრეტული წიგნი გამომაქვს, ვფურცლავ და კითხვას ვიწყებ. 
მალე ვამჩნევ, რომ წარმატებით გავისარჯე და თითიც ზუსტად იქ დამიდევს, სადაც საჭირო იყო. ჩემს წინაშე უდახვეწილესი პროზაა, ავტორი ძალზე გარკვევით გადმოსცემს აზრებს, ტექსტი საოცრად საინტერესო, აქამდე ჩემთვის უცნობი ინფორმაციითაა გადაჭედილი და სავსეა წარმტაცი მოულოდნელობით - სამწუხაროდ, იმ მომენტში, როცა ამ სიტყვებს ვწერ, წიგნის სახელწოდება თავში არ მომდის, ისევე როგორც ავტორის გვარი ან შინაარსი, მაგრამ ეს, როგორც ვნახავთ, საქმეს არ ცვლის, უფრო მეტიც: მხოლოდ ხელს უწყობს პრობლემების ნათელყოფას. მაშ ასე, ხელთა მაქვს შესანიშნავი წიგნი, ყოველი წინადადება მასში, ნამდვილი მონაპოვარია და კითხვით გართული დიდი გაჭირვებით ვუახლოვდები სკამს, კითხვა-კითხვით ვჯდები და მავიწყდება საერთოდ რატომ ვკითხულობ, ერთი გაუმაძღარი ვნება ვარ, რომელსაც დახვეწილი და სრულიად ახალი საკვები ესაჭირება და მას აგერ, ყოველ გვერდზე ვნთქავ. ზოგან, ტექსტში ხაზგასმულ ადგილებს ვპოულობ, აშიებზე კი ძახილის ნიშანს ვხედავ; ეს ჩემი წინამორბედის შენიშვნებია - არადა, ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს, როცა ვინმე ხელს მიშლის კითხვაში თავისი ფანქრით. ამჯერად შენიშვნებს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, რადგანაც თხრობამ გამიტაცა და თუკი საერთოდ ვამჩნევ ფანქრის კვალს, მხოლოდ იმ ადგილებზე, რომლებიც მეც ძალიან მომწონს; გამოდის, რომ ჩემმა წინამორბედმა - აზრზე არა ვარ, ვინ უნდა ყოფილიყო - იქ გაუსვა ხაზები და ძახილის ნიშნებიც იქ დასვა, სადაც ჩემი აღფრთოვანება პიკს აღწევდა. და ასე ვაგრძელებ კითხვას, ორმაგად ფრთაშესხმული ტექსტის გასაოცარი ხარისხითა და ჩემს უცნობ წინამორბედთან სულიერი ნათესაობით, სულ უფრო ვეფლობი ზღაპრულ სამყაროში, სულ უფრო განცვიფრებული მივსდევ ავტორს მის მიერ გაკვალულ საუცხოო ბილიკებზე... ვიდრე არ მივაღწიე იმ ადგილს, სადაც, როგორც ჩანდა, თხრობის აპოგეა უნდა ყოფილიყო და სადაც ძალაუნებურად აღმომხდა `აუ!`, `აუ, რა მაგარი აზრია! რა მაგარი სიტყვებია!` და ერთი წამით თვალებს ვხუჭავ, რათა გავიაზრო წაკითხული, რომელმაც თითქოს ბილიკი გაჭრა ჩემი ცნობიერების ბუნდოვანებაში, სრულიად ახალი პერსპექტივები დამანახა, ახალი ცოდნითა და ასოციაციებით დამმუხტა და მართლაც რომ დამნესტრა იმპერატივით: `უნდა შეცვალო ცხოვრება შენი!` და თითქმის ავტომატურად ჩემი ხელი ფანქრისკენ იწევს და ვფიქრობ - `შენ უნდა ხაზი გაუსვა ამას, აშიაზე აღნიშნავ `ძალიან კარგია!`-ს, დიდ ძახილის ნიშანს დასვამ იქ და რამდენიმე სიტყვით დააფიქსირებ ამ გასაოცარი პასაჟით გამოწვეულ აზრთა მდინარებას!` 
მაგრამ უყურე შენ! დავუშვი თუ არა ფანქარი წიგნზე, ჩემი `ძალიან კარგია!`-ს მისაჯღაბნად, დავინახე, რომ იქ უკვე ეწერა `ძალიან კარგია!` და აღმოჩნდა, რომ რეზიუმეც, მე რომ უნდა მიმეწერა, ჩემს მკითხველ წინამორბედს უკვე დაუტოვებია, თანაც მისი ხელწერა ძალიან მეცნობა, ჩემსას ჰგავს, რადგანაც ეს წინამორბედი სხვა არავინაა, თუ არა მე, ვისაც კარგა ხნის წაკითხული მქონდა ეს წიგნი. 
ამ დროს ენითაღუწერელმა სევდამ შემიპყრო. ძველი ავადმყოფობა ისევ დამიბრუნდა: ამნესია ინ ლიტტერის, ლიტერატურული მეხსიერების სრული დაკარგვა და შემეცნებისკენ სწრაფვის და საერთოდ, ყველანაირი ინტელექტუალური სწრაფვის ამაოების გამო პესიმიზმის ტალღამ გადამიარა. რატომღა ვკითხულობ, თუკი ვიცი, რომ სულ მცირე ხანში მისგან ერთი მისხალი მოგონებაც კი არ დამრჩება? რა საჭიროა რაიმე აკეთო, როცა ყველაფერი ირღვევა, არარად მიიქცევა? აზრი აქვს ცხოვრებას, თუკი მაინც უნდა მოვკვდეთ? ...ჰოდა, მეც დავხურე ეს წიგნი, ავდექი და ნაცემივით, კარგად ნაბეგვი ბიჭივით მივლასლასდი სტელაჟთან და ტომი სხვა, მრავალრიცხოვან ანონიმურ და დავიწყებულ წიგნებს შორის შევჩურთე. 
მზერა ბოლო თაროს შევავლე. რა დევს იქ? ალექსანდრე დიდის სამი ბიოგრაფია. ოდესღაც სამივე წავიკითხე და რა ვიცი ალექსანდრე დიდის შესახებ? არაფერი. შემდეგი თაროს ბოლოში რამდენიმე კრებული დევს ოცდაათწლიანი ომის შესახებ, მათ შორისაა ვერონიკა ვეჯვუდის ხუთასგვერდიანი მონოგრაფია და გოლო მანის ათასგვერდიანი წიგნი ვალენშტაინზე. ყველაფერი ეს ყურადღებით მაქვს წაკითხული, მაგრამ ოცდაათწლიანი ომის შესახებ მაინც ვერაფერს გეტყვით; არ ვიცი, რა ვთქვა. ქვედა თარო თავიდან ბოლომდე ლუდვიგ II Áავარიელისა და მისი ეპოქის შესახებ შექმნილი წიგნებითაა გადაჭედილი. ისინი არამხოლოდ წავიკითხე, არამედ გადავღეჭე კიდეც (წელიწადზე მეტი მოვუნდი) და შემდეგ ამ თემაზე სამი კინოსცენარი დავწერე, შეიძლება ითქვას, ლუდვიგ II-ს ექსპერტიც კი გავხდი, მაგრამ ახლა? მახსოვს რამე მის შესახებ? არაფერი. სულ მთლად არაფერი. კი ბატონო, ვფიქრობ მე, ლუდვიგ II-სთან დაკავშირებული ამნეზია შესაძლოა არც ისე საშიში იყოს, მაგრამ რა ვუყო წიგნებს, აგერ აქვე რომ დევს, ჩემს საწერ მაგიდასთან, უფრო პრესტიჟულ, ლიტერატურულ განყოფილებაში? რა დარჩა ჩემს მეხსიერებას ანდერშის თხუთმეტტომეულიდან? არაფერი. ბიოლის, ვალზერისა და კიოპენის მრავალტომეულებიდან? არაფერი. ჰანდკეს ათი ტომიდან? კიდევ უფრო ნაკლები. რა მახსოვს ტრისტრამ შენდის, რუსოს აღსარებისა და ზოიმეს გასეირნებიდან? არაფერი. არაფერი და კიდევ ერთხელ არაფერი. აი, მაგალითად! შექსპირის კომედიები! შარშან ყველა წავიკითხე, ზედიზედ, მათგან მაინც ხომ უნდა დარჩენილიყო რამე, თუნდაც ერთი გაელვება, სათაური მაინც, ერთადერთი სათაური შექსპირის ერთადერთი კომედიისა! ა-რა-ფე-რი. მაგრამ, ღმერთო ჩემო, გოეთე. გოეთე მაინც... აი, თეთრი ტომი, `სულთა ნათესაობა`, სამჯერ თუ ოთხჯერ მაქვს წაკითხული... მომკალი და ვერაფერს ვიხსენებ. თითქოს ყველაფერი სადღაც გაფრინდა. წარმოიდგინეთ, დედამიწაზე არ არსებობს წიგნი, რომელსაც მე გავიხსენებდი. აი, ორი წითელი ტომი, წითელი ფოლიანტი გაცვეთილი სანიშნეებით, ისინი მაინც ხომ უნდა მახსოვდეს, ასეთი ნაცნობი, ასეთი ახლობელი. რა თქმა უნდა, წაკითხული მაქვს, კვირების მანძილზე თავაუწევლად ვუჯექი ამ წიგნებს და თანაც, არც ისე დიდი ხნის წინ იყო ეს... რა წიგნებია, რა ჰქვიათ? `ეშმაკნი`. ბიჭოს! საინტერესოა! ავტორი ვინაა? ფ.მ.დოსტოევსკი. ჰმ. მე მგონი ბუნდოვნად მახსოვს: რომანის მოქმედება, თუ არ ვცდები, მე-19 საუკუნეში ვითარდება და მეორე ტომში ვიღაცა თავს იკლავს პისტოლეტით. მეტს ვერაფერს გეტყვით. 
სკამზე ვჯდები საწერ მაგიდასთან. ვაი, სირცხვილო! ეს ხომ სკანდალია! აი, უკვე ოცდაათი წელია კითხვა ვიცი და ამ დროის მანძილზე აუარება თუ არა, საკმაოდ ბევრი წიგნი მაინც წავიკითხე და ყველაფერი, რაც დამრჩა, ერთი ბუნდოვანი მოგონებაა იმის შესახებ, თუ როგორ იკლავს გმირი თავს პისტოლეტით ათასგვერდიანი რომანის მეორე ტომში. ოცდაათი წელი სულ ტყუილად ვკითხულობდი! ჩემი ბავშვობის ათასობით საათი, ყმაწვილობისა და ახალგაზრდობის წლები კითხვაში გავატარე და მეხსიერებას არაფერი დარჩა. თანაც, ამ ავადმყოფობისგან არათუ არ ვიკურნები, არამედ იგი პროგრესირებს კიდეც. დღეს, როცა რომელიმე წიგნს ვკითხულობ, ბოლომდე არმისულს წიგნის დასაწყისი მავიწყდება ხოლმე. ჩემი მეხსიერება ზოგჯერ ერთი გვერდის დამახსოვრებასაც ვერ `ქაჩავს` და ასე მივჩოჩავ აბზაციდან აბზაცამდე, ერთი წინადადებიდან მეორემდე და მალე, ალბათ მხოლოდ სიტყვების დამახსოვრებასღა თუ შეძლებს ჩემი ცნობიერება, სიტყვების, რომლებიც გაუგებარი ტექსტის ბურუსიდან ამოტივტივდებიან, მოწყვეტილი ვარსკვლავებივით უკანასკნელად გაკრთებიან, რათა სრული დავიწყების მღვრიე დინებას მისცენ თავი. ლიტერატურულ დისკუსიებზე კარგა ხანია ხმას აღარ ვიღებ, სირცხვილის მეშინია, ერთმანეთში ვურევ მერიკესა და ჰოფმანსტალს, რილკესა და ჰოლდერლინს, ბეკეტსა და ჯოისს, იტალო კალვინოსა და იტალო სვევოს, ბოდლერსა და შოპენს, ჟორჟ სანდსა და მადამ დე სტალს... როცა ციტატის ძებნას ვიწყებ, კვირები ვუნდები სხვადასხვა წყაროს ქექვას, რადგან არ მახსოვს ციტატის ავტორის გვარი, ამასობაში კი იმდენ ახალ სახელს ვაწყდები ხოლმე, რომ საერთოდ მავიწყდება, რას ვეძებდი. აბა, როგორ შემიძლია ასეთ ქაოტურ სიტუაციაში გავცე პასუხი კითხვას: რომელმა წიგნმა შეცვალა ჩემი ცხოვრება? არც ერთმა? ყველამ? ზოგიერთმა? არ ვიცი, არ ვიცი. 
მაგრამ იქნებ - კითხვისას (ისევე როგორც ცხოვრებაში) ჩვენი შეხედულებების ფორმირება და მკვეთრი ცვლილებები მსოფლმხედველობაში რაღაცნაირად ფარულად მიმდინარეობს - თავს ვიმშვიდებ ხოლმე ხანდახან. იქნებ კითხვა ერთგვარი გაჟღენთვის აქტია, რომლის დროსაც ცნობიერება, მართალია ბოლომდე ნაყრდება, მაგრამ იგი ისე ოსმოტურად მოუხელთებელია, რომ ცნობიერება ამ პროცესს ვერც კი ამჩნევს. შესაძლოა ლიტერატურული ამნეზიით შეპყრობილი მკითხველი ძალიან ხშირად იცვლება კითხვის წყალობით, თუმცა ვერ ამჩნევს ამას, რადგანაც კითხვის დროს მასთან ერთად იცვლება მისი ტვინის ის კრიტიკული ინსტანციებიც, რომლებიც მის ამ ცვლილებებზე მიანიშნებდნენ. იმისთვის კი, ვინც თავადაც წერს, ასეთი ავადმყოფობა, შესაძლოა მადლიც იყოს და უფრო მეტიც, აუცილებელი პირობა ლიტერატურული შემოქმედებისთვის, რადგანაც იგი იცავს მწერალს, რათა არ თრთოდეს ყოველი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვისას და არც პლაგიატის ხიბლს დანებდეს; ამის გარეშე ხომ წარმოუდგენელია რაიმე სერიოზულის შექმნა. 
ვიცი, რომ სულ ტყუილად ვიმშვიდებ თავს და ვცდილობ თავი დავაღწიო ამ ავადმყოფობას: არ უნდა დანებდე ამ საშინელ ამნეზიას - ვფიქრობ მე - მთელი შენი არსებით უნდა დაუპირისპირდე ლეთეს მღვრიე ტალღებს, ნუღარ გადაეშვები ასე უკანმოუხედავად ლიტერატურულ ტექსტებში, არამედ ცივი, ნათელი და კრიტიკული გონებით უნდა შეაფასო ისინი, ამონაწერები უნდა გააკეთო, დაიზეპირო ზოგიერთი ადგილი, უნდა ავარჯიშო მეხსიერება, ერთი სიტყვით: შენ უნდა... და აქ თავს უფლებას მივცემ, ერთი ციტატა მოვიყვანო ცნობილი ლექსიდან, რომლის ავტორსა და სახელწოდებასაც ვერ ვიხსენებ, მაგრამ კარგად მახსოვს უკანასკნელი სტრიქონი, როგორც მარადიული მორალური იმპერატივი: `შენ უნდა` - ნათქვამია იქ - `შენ უნდა... უნდა...` 
რას იზამ! ახლა უკვე სიტყვებიც კი დამავიწყდა, მაგრამ არაუშავს, აზრი მაინც კარგად მახსოვს, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: `უნდა შეცვალო ცხოვრება შენი.

 

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ 









პიტერ აკროიდი
სურნელით გატანჯული მკვლელი

რეცენზია პატრიკ ზიუსკინდის რომანზე 
\"სურნელი\" (მკვლელის ისტორია) 


პატრიკ ზიუსკინდის ნაწარმოები წარმოადგენს წიგნს სურნელის შესახებ.
რომანის პირველ გვერდზე დახასიათებულია მე-18 საუკუნის პარიზი, მისთვის ჩვეული სიბინძურით. ქალაქის ყველაზე მყრალ რაიონში, სასაფლაოს მახლობლად, თევზეულის ფარდულის სარდაფში დაიბადა \"სურნელის\" გმირი, ჟან-ბატისტ გრენუილი, რომლის საკვირველი თავისებურება ისაა, რომ მას არავითარი სუნი არა აქვს. ამ ობოლს სხეულის სუნის არქონა საზოგადოებისგან გარიყულ მარტოსულად აქცევს. გრენუილი, ერთდროულად, ბედნიერი ჯადოქარიცაა და შეჩვენებული პარიაც.
გმირს მოსვენებას არ აძლევენ ყნოსვითი შეგრძნებები. მას ძალუძს ცალკეული ქვებისა და წყლის სახეობათა სუნის გარჩევა და შორიდან გრძნობს თვით ყველაზე სუსტ არომატსაც. გრენუილს შეუძლია დაშალოს უმარტივესი სუნი მის შემადგენელ ელემენტებად. მაგალითად, ადამიანის დაყნოსვისას ის შეიგრძნობს კატის განავლის, ყველისა და ძმრის ნაზავ სუნს.
ბავშვობისა და ახალგაზრდობისას გრენუილმა შეინარჩუნა სიცოცხლე მხოლოდ ძლიერი ინსტინქტის წყალობით - და გადაწყვიტა, ყოველთვის ემოქმედა აბსოლუტური ბოროტების პრინციპის საფუძველზე. მე-18 საუკუნის საფრანგეთში, \"განმანათლებლობისა\" და \"პროგრესის\" ეპოქაში ინსტინქტებს აყოლილი ეს კაცი თითქმის პირველყოფილ ადამიანად ჩანდა, ხოლო ულამაზესი სამშვენისებისგან განძარცული ამ სამყაროს ცენტრს მისთვის წარმოადგენდა მხოლოდ ყნოსვის ფუნდამენტური გრძნობა.

გრენუილის ერთადერთ მიზანია ყველა დროის უდიდეს პარფიუმერად იქცეს. საკუთანი სუნის არქონის შესანიღბავად ის ქმნის სუნამოს, რომელიც \"აღიქმებოდა არა, უბრალოდ სუნამოდ, არამედ - არსებად, რომელიც სურნელს გამოსცემდა\". გრენუილს ძალუძს იმგვარი სუნამოების შედგენა, რომლებიც იძლევიან ჰაერში მოკიაფე ფანტომური ობიექტის სუნთქვის ილუზიას. მაგრამ გმირის მიზნები ფატალურია: ადამიანებს საფრთხეს უქმნის მასთან დაახლოება, რადგან, გრენუილის აზრით, მიმზიდველი სურნელი სისხლის მსგავსად უნდა იქნას გამოწოვილი ცოცხალი არსებისგან.
თავდაპირველად გმირი ჰკლავს ქალიშვილს, რომლის ნაზი სურნელი მას მოსვენებას არ აძლევს. ამ გზით ის ართმევს ადამიანს \"მის არომატულ სულს\". მკვლელობა ამძაფრებს გრენუილის უკეთურ ვნებებს, მაგრამ მომდევნო მკვლელობის დაგეგმვამდე ის შეგირდად უდგება პარიზელ პარფიუმერს და იგონებს აქამდე არარსებულ სუნამოებს.
შემდეგ გრენუილი შვიდი წლით უჩინარდება - ის თავს აფარებს უკაცრიელ, უსუნო ადგილს, სადაც მისი პირადი ძალა არაჩვეულებრივად იზრდება. ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნებისას გმირი აგრძელებს თავის ფატალურ კარიერას, ჰკლავს რამდენიმე ქალიშვილს, გამოსწოვს მათ სურნელს და ტოვებს უსუნო გვამებს. იგია სურნელების ვამპირი - ნოსფერატუ. ბოლოს მას აპატიმრებენ და აწამებენ, მაგრამ გრენუილის არაადამიანური ძალა კიდევ ერთხელ იხსნის მას. რომანი იწყება როგორც ისტორიული დოკუმენტი და მთავრდება როგორც მეტაფიზიკური მისტერია.
რომანის თემა ტექსტს განსაცვიფრებელ გრძნობად უშუალობას ანიჭებს. ფიზიოლოგიური ხასიათის გამო ეს თემა ახლაც ძალზე აქტუალურია. ამდენად, ჩვენთვის ინფორმაციული ღირებულებითაა აღჭურვილი არა მარტო რომანის გმირი, გრენუილი, არამედ - მისი აკვიატებული იდეაც.
გრენუილს უჭირს \"უსუნო საგნების, აბსტრაქტული იდეების და ა.შ.\" სიტყვიერი განსაზღვრა, ამდენად, რომანის სამყაროში აბსტრაქტული საკითხები საზრისების ნიშნებს წარმოადგენენ. ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი, მღვდელი, ახასიათებს ცხვირს, როგორც \"ყნოსვის, ე.ი. ერთ-ერთი ძირითადი გრძნობის ორგანოს\", რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა \"წარმართობისდროინდელ ბნელ ეპოქაში\", მაგრამ ყნოსვის უნარი განსაზღვრავს გრენუილის ცხოვრებას თვით \"განმანათლებლობის\" საუკუნეში და, \"სურნელის\" მიხედვით, ის ამჟამადაც ქმედითია.
პატრიკ ზიუსკინდის ქმნილება არ წარმოადგენს მარტოოდენ ისტორიული აქსესუარებით გაჯერებულ ნაწარმოებს. ესაა მედიტაცია სიკვდილის, ვნებებისა და გახრწნილების შესახებ.
წიგნის ამოსავალი იდეა მარტივია: გრენუილი ენათესავება დრაკულას, მოხეტიალე მელმოტს (მე-19 ს. მწერლობის ამ შეჩვენებულ სულს) და გოთიკური ლიტერატურის სხვა პერსონაჟებს. ამასთან, ზიუსკინდის დახვეწილი, მაგრამ მაღალფარდოვანი პროზა გვაგონებს ოსკარ უაილდის ყველაზე შთამბეჭდავ ნაწარმოებებს. კერძოდ, \"სურნელი\" უჩვეულოდ წააგავს \"დორიან გრეის პორტრეტს\".
ა თქმა უნდა, ზოგიერთი მწერალი ზუსტად ამგვარი მიზნებით ასახავს წარსულს.
ისტორია, როგორც ასეთი, იქცევა მათი საკუთარი სურვილებისა და იდეების ექოკამერად; მაგრამ ამისთვის საკმარისი როდია მარტივი სტილური ხერხების გამოყენება, თუმცა, რომანისტთა უმრავლესობის აზრით, ისტორიულ ნაწარმოებში მთავარია დაახლოებით სწორი \"ატმოსფეროს\" შექმნა. აქ მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნება დეტალებს. დეტალების გარეშე არაფერი არსებობს, და \"სურნელის\" ერთ-ერთ ღირსებად მიგვაჩნია უტყუარი ალღო, რომლითაც ზიუსკინდმა ოსტატურად გამოიყენა XVIII ს. საფრანგეთის ცხოვრების ფარული ასპექტების საგულდაგულო კვლევის შედეგები.
\"სურნელი\" დრამატურგ პატრიკ ზიუსკინდის პირველი რომანია - და ის ფაქტი, რომ მწერალმა იმთავითვე მიმართა ისტორიულ ჟანრს, გვარწმუნებს ამ ჟანრის ცხოველმყოფელობაში. რომანი გვასწავლის, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ნატურალიზმი, ისე, რომ გვერდი ავუაროთ \"ექსპერიმენტალიზმისა\" და \"მოდერნიზმის\" მახეს. ნაწარმოებში თავს იჩენს რეალისტური მანერა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ ან სოციალურ დაკვირვებებთან, არამედ - ერწყმის გამონაგონს. მაშასადამე, როგორც ხასიათების ან ამბების რომანი, \"სურნელი\", საუკეთესო შემთხვევაში, ექსპერიმენტული ქმნილებაა.
ამასთან, აღქმის დეტალური აღწერისა და საფუძვლიანი ისტორიული ანალიზის მიხედვით, ის წარმოადგენს ღრმააზროვან და დამაჯერებელ ნაწარმოებს.
გრენუილის ჯადოსნური სუნამოები ყოველთვის აღწევს მიზანს. ზუსტად ასევე, პატრიკ ზიუსკინდი წარმოქმნის გარდასული ეპოქის სარწმუნო ხატს. პარფიუმერი გრენუილი, ერთგვარად, რომანისტია, რომელიც ქმნის ფანტომურ ობიექტებს, ზიუსკინდი კი ენის მასალაზე მომუშავე პარფიუმერად წარმოგვიდგება. ესაა შესანიშნავი დებიუტი. \"ის გრძნობდა\" კედლის მიღმა მყოფი გოგონას\"* (*სუნამოს სახელწოდება) სურნელსა და ბაღის არომატს, რომელთა კონტურებს ისევე მკაფიოდ და ზუსტად განასხვავებდა, როგორც - ცისარტყელას ფერად ზოლებს.
ყველაზე სანუკვარი და მნიშვნელოვანი რამ ამ ზოლებს შორის იყო მოქცეული. გრენუილს ექტაზისგან ცეცხლი ეკიდებოდა, ხოლო შიშისგან - აჟრჟოლებდა.
დანაშაულის ადგილას დაჭერილი პატარა ბიჭის მსგავსად, სისხლი ჯერ თავში აუვარდა, შემდეგ კი - გულთან ჩამოეღვარა, და სისხლის ეს გიჟმაჟი მიმოქცევა მან ვერაფრით შეაჩერა. მარადისობაში, რომელსაც გრენუილი ჭვრეტდა, დრო მეორდებოდა ან მთლიანად ქრებოდა, და მან აღარ იცოდა, ემთხვეოდა თუ არა \"ახლა\" - \"ახლას\" და \"აქ\" - \"აქ\"-ს, და ეს იყო რიუ დე მარე, პარიზი, 1753 წლის სექტემბერი. ბაღის სურნელი იყო არომატი წითურთმიანი გოგონასი, რომელიც გრენუილმა იმ ღამეს მოკლა. მიხვდე, რომ სურნელმა კიდევ ერთხელ მოგგვარა ნეტარების ცრემლები - და იცოდე, რომ ვერაფერი შეგაშინებს სიცოცხლის ბოლო წუთამდე...
როდესაც გრენუილმა ძალ-ღონე მოიკრიბა და დამშვიდდა, ის ნელ-ნელა (რაც ნაკლებად სახიფათო იყო) დაეწაფა ფატალურ სურნელს. რა თქმა უნდა, ეს იყო წითელთმიანი გოგონას სურნელი. გრენუილმა მკაფიოდ დაინახა (\"ყნოსვითი წარმოსახვის\" წყალობით) გოგონა და მოინდომა მისი სურნელის დასაკუთრება. გოგონას სხეულიდან კანის აფცქვნა, ისე, რაიმეს კანს რომ აცლიან ხოლმე, და ამ სურნელის ქცევა საკუთარ სუნად...\".


The New York Times Book Review, 1986, 21 სექტემბერი.