Litclub.ge

ვინ იყო ომარ ხაიამი?
ბევრი ლეგენდა არსებობს ომარ ხაიამის ცხოვრების შესახებ...

ეს არც არის გასაკვირი, რადგან ძალზე დიდი დრო გვაშორებს იმ ეპოქასთან, როცა განგების ძალით წუთისოფელს მოევლინა კაცი, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე ცდილობდა, გაეცა პასუხი კითხვისთვის, თუ რატომ დაიბადა ამქვეყნად, რა აზრი აქვს სიცოცხლეს, რა არის სიკვდილის შემდეგ...

ხაიამის ცხოვრების მკვლევართა და, საერთოდ, სპარსული ლიტერატურისა და ირანის ისტორიის სპეციალისტთა შორის დამკვიდრებული აზრის თანახმად, ეს გენიალური კაცი XI საუკუნის შუა წლებში უნდა დაბადებულიყო. მავანი მეცნიერნი უფრო შორსაც მიდიან და მისი დაბადების ზუსტ თარიღსაც კი ასახელებენ - 1048 წლის 18 მაისს (?!). ასეა თუ ისე, ომარ ხაიამი XI საუკუნის პირველ ნახევარში ნამდვილად დაბადებულა და საკმაოდ დიდხანსაც უმზერია მზისა და მთვარისათვის. ზემოხსენებული `მავანი მეცნიერნი~ გარდაცვალების ზუსტი თარიღის გამოთვლასაც ახერხებენ იმ ასტროლოგიური მონაცემების საშუალებით, რომლებსაც ხაიამთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან წყაროებში წააწყდნენ, ანუ - 1131 წლის 4 დეკემბერს. ჩვენ არ ვაპირებთ ამ თარიღების არც ნდობას და არც უარყოფას... მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ სამოცდათორმეტ წელს მაინც გასტანა ხაიამის სიცოცხლემ, რასაც ზოგიერთ რობაიში თავად ავტორიც ადასტურებს:

`...სამოცდათორმეტ წელიწადს მე ფიქრები მდევდნენ

და გავიგე, რომ არაფერი არ გამიგია".

ომარ ხაიამის სამშობლოდ მიჩნეულია ირანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დიდი ისტორიული რეგიონი ხორასანი და კერძოდ - ქალაქი ნიშაბური, რომელიც XI საუკუნეში ამ მხარის და, საერთოდ, აღმოსავლური სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ქალაქი ნიშაბური, როგორც ხაიამის დაბადების ადგილი, თითქმის არ იწვევს ეჭვს და ამას ზურგს უმაგრებს ზედწოდება, "ნიშაბური" (ნიშაბურელი), რაც, როგორც წესი, ძველ სპარსულენოვან სამყაროში პიროვნული ატრიბუტიკის ერთ-ერთ აუცილებელ ნაწილს წარმოადგენდა.

შესაძლებელია, თავად სიტყვა "ხაიამ"-შიც ამოვიკითხოთ საჭირო ინფორმაცია რობაიების ავტორის შესახებ. ეს გახლავთ არაბული სიტყვა, რაც "კარვის მკერავს (მეკარვეს)" ნიშნავს, თუმცა გაურკვეველია, თავად იყო ამ ხელობის, თუ მისი წინაპრებისაგან შემორჩა "გვარის" სახით ომარად წოდებულ კაცს.

"ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაბური" - საბოლოოდ ასე დადგინდა ამ პიროვნების სახელი, თუმცა მას მთელი მსოფლიო უფრო მარტივად მოიხსენიებს - ომარ ხაიამი.

ომარ ხაიამი - პოეტი?

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ხაიამის პიროვნებით დაინტერესებული მკვლევარები იზიარებენ საერთო აზრს იმის შესახებ, რომ ეს კაცი უდიდესი განსწავლულობით გამოირჩეოდა და მრავალი სამეცნიერო ტრაქტატის ავტორიც იყო, რომელთაგან უმეტესობა არაბულ ენაზე შექმნა, რადგან იმ ეპოქაში სწორედ არაბულ ენაზე იწერებოდა ყველა მეცნიერული ნაშრომი. ეს გამოკვლევები კი ისეთ ზუსტ მეცნიერებებს მოიცავენ, როგორიცაა მათემატიკა და ასტრონომია. მშობლიურ სპარსულ ენაზე დაწერილთაგან ხაიამს მხოლოდ "ნოვრუზ-ნამეს" (ახალი წლის წიგნს) მიაწერენ, რაც მისივე რობაიების სულისკვეთებას უფრო ეხმიანება, ვიდრე ღრმა მეცნიერულ განსჯას.

დიახ, ომარ ხაიამი, როგორც მათემატიკოსი და ასტრონომი, შუა საუკუნეების სპარსული სინამდვილისათვის საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, რაც არ შეიძლება ითქვას ხაიამის, როგორც პოეტის შესახებ... ამას თავისი გამართლება აქვს, თუმცა ყოველივე ეს მეცნიერული არგუმენტები არ გახლავთ და მხოლოდ ვარაუდებს ემყარება.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ომარ ხაიამი საქართველოში ევროპიდან `მოვიდა~. მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა, ზოგადად რომ ვთქვათ, მჭიდრო კავშირში იყო სპარსულ პოეზიასთან, ომარ ხაიამი პრაქტიკულად არსად ფიგურირებს ჩვენს სამწერლობო მატიანეებში. ამას, შესაძლოა, ის `გამართლება~ მოეძებნოს, რომ ჩვენი წინაპრები, სხვა მეზობელი კულტურული ერების მსგავსად, ნაკლებად სწყალობდნენ ლირიკას. ამ აზრს თავად რუსთველი ადასტურებს "ვეფხისტყაოსნის" პროლოგში, სადაც გარკვევით არის ნათქვამი, რომ "მოშაირედ" ვერ ჩაითვლება "ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი"-ს მთქმელი პოეტი. სხვათა შორის, ხაიამის მსგავსად, შუა საუკუნეების ქართული სინამდვილე ნაკლებად იცნობდა ისეთ პოეტებს, როგორებიც იყვნენ თუნდაც საადი, ჰაფეზი, ჯამი და სხვები. ძნელი დასაჯერებელია, რომ "სპარსული ენის სიტკბოთი" გაბრუებული ქართველი მოლექსე-მოშაირეები არ ცნობდნენ ხსენებული პოეტების სიდიადეს; აქ, ალბათ, უფრო სხვა ფაქტორები მოქმედებდნენ, რაც, პირველ რიგში, ინფორმაციის ნაკლებობასთან იყო დაკავშირებული. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თავად სპარსელებიც ნაკლებად სწყალობდნენ ომარ ხაიამს, როგორც პოეტს, რადგან მათთვისაც უფრო მეტად ეპიკური ჟანრი იყო მისაღები... თუმცა ეს მსჯელობა ძალზე შორს წაგვიყვანს, რადგან, იძულებულნი ვიქნებით, გზასაცდენილებმა ვარაუდების სფეროთა მიკიბულ-მოკიბულ შეხედულებებს მივდიოთ და ჩვენს საკითხთან დაკავშირებით ვეღარაფერი ვთქვათ.

რამდენი რობაი დაწერა ომარ ხაიამმა?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია და, ალბათ, მისი დასმაც კი არ ღირს ჩვენს საუკუნეში.

რატომ?

პასუხი მარტივია _ ძალზე დიდი დრო გვაშორებს იმ ეპოქასთან, როცა ხაიამად წოდებული პიროვნება თავის ოთხსტრიქონედებს თხზავდა ("რობაი" არაბულად სწორედ ოთხსტრიქონედს ნიშნავს).

და მაინც?

ომარ ხაიამთან მიმართებაში მხოლოდ "სამეცნიერო-კვლევითი" მიზნებით აღჭურვილი ადამიანები დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან, რადგან ნაირგვარ წყაროში ხაიამის კუთვნილი რობაიების რიცხვი 20-სა და 5000-ს შორის მერყეობს. ასე რომ, პრაქტიკულად უაზრობაა რაიმე მეცნიერული დასკვნის გამოტანა, რადგან ყოველი კონკრეტული რიცხვის უკან, როგორც წესი, რომელიმე სერიოზული წყარო დგას. ასეა თუ ისე, `ხაიამოლოგია~, როგორც ფილოლოგიური მეცნიერების დარგი, არსებობს და მას ყველაზე სანდო წყაროდ 1207 წლით დათარიღებული ხელნაწერი მიაჩნია, რომელიც XX საუკუნის შუა წლებში უპოვიათ ირანში, ერთ კერძო კოლექციაში და (ალბათ!) სარფიანი გარიგების შედეგად ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის გადაუციათ. ამ ხელნაწერში 252 რობაი არის წარმოდგენილი...

იმავე ხანებში კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა იპოვა მეორე ხელნაწერი (ასევე კერძო კოლექციაში) და 1259-60 წლებით დაათარიღა. მასში 172 რობაის ამოკითხვა შეიძლება...

ყველა ქართველი ირანისტის დიდი მასწავლებელი, დავით კობიძე, ოქსფორდ-კემბრიჯის მარადიულ დავას (ავტორიტეტული ირანელი ფილოლოგების დამოწმებით) "სიყალბით" სპეკულირებას ადარებს. ძნელია, არ დაეთანხმო ბატონი დავითის აზრს, მით უმეტეს ახლა, როცა თვალნათლივ დავრწმუნდით, რომ სენსაციური მასალის "მოპოვების" და მის აფიშირების დროს `მავანი მეცნიერნი~ მხოლოდ საკუთარი ავტორიტეტის ამაღლებას ცდილობენ და ნაკლებად ითვალისწინებენ ისეთ უბრალო ცნებას, რასაც ჭეშმარიტება ჰქვია...

ასე რომ, პრაქტიკულად შეუძლებელია ომარ ხაიამის მიერ შექმნილი რობაიების რიცხვის დადგენა...

შესაძლებელია მხოლოდ ერთი _ ხაიამის პოეზიის გააზრება!

* * *

მიუხედავად იმ ირონიისა, რაც უნებლიედ გამოკრთა ზემოხსენებულ მეცნიერულ კვლევათა მიღწევების შესახებ საუბრისას, მაინც შეგვიძლია დავასახელოთ მეტ-ნაკლებად სანდო წყარო, რაც ამ კრებულში წარმოდგენილი თარგმანების შექმნის საფუძველი გახდა. ეს არის ხაიამის შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარის, მოჰამედ ალი ფორუღის მიერ დამუშავებული ტექსტის საფუძველზე გამოცემული წიგნი, რომელიც XX საუკუნის 70-იან წლებში დაისტამბა, მასში 178 ოთხსტრიქონედია თავმოყრილი. ჩვენ ამ გამოცემის სრული სპარსული ტექსტის სკანირება მოვახდინეთ და ორიგინალის სახით სწორედ ის არის წარმოდგენილი ამ კრებულის, ასე ვთქვათ, სპარსულ ნაწილში. 

მთარგმნელთა შთაგონების წყარო

სპარსული ლირიკა მთელი მსოფლიოსათვის პირველად გერმანელმა იოჰან ვოლფგანგ გოეთემ "აღმოაჩინა", შექმნა რა თავისი ცნობილი "აღმოსავლურ-დასავლური დივანი". სწორედ მისმა დიდმა ავტორიტეტმა და ლიტერატურულ პროცესებზე ზეგავლენამ გახადა ევროპელთა ყურადღების ღირსი ცივილიზაციის ის განუმეორებელი ფენომენი, რასაც სპარსული პოეზია ჰქვია და რასაც ანალოგი არ მოეძებნება არც ერთ ეპოქასა და სივრცეში. თუმცა არც ასე რადიკალურად შეიძლება მსჯელობა, რადგან პოეზიის ჭეშმარიტი მიყვარულები და დამფასებლები გოეთემდეც სცემდნენ თაყვანს პოეტთა `აღმოსავლურ თანავარსკვლავედს~, ანუ ისინი, ვინც ახერხებდნენ ენობრივი ბარიერის გადალახვას და სპარსული ენის ცოდნის წყალობით ეცნობოდნენ ირანსა თუ მის შემოგარენში დაბადებულ გენიოსთა ქმნილებებს. მასობრივი მკითხველისთვის კი საჭირო გახდა `მთარგმნელობითი ინსტიტუტის~ საქმიანობის შექმნა-გაფართოება, რასაც წარმატებით გაართვა თავი პრაქტიკულად ყველა კულტურულმა ენობრივ-ლიტერატურულმა გარემომ.

ასეთი ახსნა-განმარტებითი `გამართლების~ შემდეგ გასაკვირი აღარ იქნება ის ფაქტი, რომ მსოფლიოსათვის ომარ ხაიამი აღმოჩენილ იქნა მხოლოდ XIX საუკუნის შუა წლებში, ინგლისელი ედვარდ ფიტცჯერალდის მიერ. ეს პიროვნება ინგლისურენოვანი სამყაროს ერთ-ერთ უპირველეს პოეტადაა მიჩნეული.... ომარ ხაიამის "წყალობით". არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი ერთ პატარა ესსეში ასეთ აზრს გამოთქვამს: ედვარდ ფიტცჯერალდის პიროვნებაში ერთ მშვენიერ დღეს ომარ ხაიამის სული `ჩასახლდა~ და ინგლისურად აამეტყველაო. ეს, ალბათ, ყველაზე მართალი, ყველაზე ჭეშმარიტი მისტიკური ვარაუდია მათ შორის, რაც კაცობრიობის ისტორიაში მრავლად შეუქმნიათ სპირიტიზმის ავ-კარგით მოვაჭრე "მოაზროვნეებს".

უფრო კონკრეტულად:

ედვარდ ფიტცჯერალდმა (1809-1883) ცხოვრების დიდი ნაწილი განმარტოებით გაატარა ინგლისის ქალაქ საფოლკში. ზუსტად ვერავინ იტყვის, იცოდა თუ არა მან სპარსული ენა იმ დონეზე, რაც თარგმნის შესაძლებლობას მისცემდა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ 1859 წელს გამოსცა ომარ ხაიამის ღუბაიყატ-ად წოდებული წიგნი, რითაც სათავე დაუდო სპარსელი პოეტის განუზომელ პოპულარობას მთელ მსოფლიოში. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხსენებულ წიგნს დიდი ვერაფერი ყურადღება დაუმსახურებია და მხოლოდ დანტე გაბრიელ როსეტის მიერ 1868, 1872, 1879 წლებში განხორციელებული გამოცემების შემდეგ გახდა ყველასათვის ნათელი, რომ ედვარდ ფიტცჯერალდის სახით ინგლისურენოვანმა სამყარომ შეიძინა, არათუ მხოლოდ მთარგმნელი, არამედ დიდი პოეტიც.

ზემოხსენებული საკითხებით დაინტერესებულმა პირებმა იციან, რომ ფიტცჯერალდის მიერ შესრულებული თარგმანი უფრო თავისუფალი `გადამღერებაა~ ხაიამისეული თემატიკისა. აქვე დგება საკითხი მთარგმნელის მიერ სათარგმნელი მასალის ენის სრულყოფილად ცოდნის შესახებაც, მაგრამ ეს ყველაფერი პოეზიის მოყვარულებისათვის მალევე ეძლევა დავიწყებას, რადგან მათი გულის, გონების და სულის წინაშე იშლება ჭეშმარიტი პოეზიის სამყარო და უკვე ნაკლებად არის საინტერესო ამა თუ იმ "წვრილმანის" ცხოველმყოფელობა. მთავარია ის "ფორმულა", რაც ყოველი მთარგმნელის საქმიანობის უმაღლეს შეფასებას წარმოადგენს, ანუ - ომარ ხაიამი ინგლისელი რომ ყოფილიყო, სწორედ ასე დაწერდა!....

ომარ ხაიამი საქართველოში

პირველი ქართულენოვანი რობაიები მხოლოდ 1924 წელს გამოჩნდა საქართველოში, როდესაც ჟურნალ `კავკასიონში~ (#1-2) გამოქვეყნდა იუსტინე აბულაძის მიერ პწკარედული სახით შესრულებული 24 რობაი. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეცნიერულმა თვალსაზრისმა განაპირობა და, ბუნებრივია, ვერ მიიპყრობდა პოეზიის მოყვარულთა ყურადღებას. პირველი, ვინც ომარ ხაიამის ქართულად "ამეტყველება" სცადა, ბატონი ამბაკო ჭელიძე გახლდათ, მანამდე კი, 1936 წელს, ჟურნალ `საბჭოთა ხელოვნებაში~ დავით კობიძემ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი ომარ ხაიამის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მანვე შეკრიბა ერთად სხვადასხვა გამოცემებში გაბნეული თარგმანები ამბაკო ჭელიძისა და 1946 წელს ცალკე წიგნად გამოსცა.

ჩვენ, ხაიამის გარდა, არ გვეგულება სხვა ისეთი უცხოელი პოეტი, რომელიც ქართველი მთარგმნელების ესოდენ დიდ ყურადღებას დაიმსახურებდა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამგვარი ფუფუნების საშუალებას რობაიების მცირე ზომა და აზრის `სიმარტივე~ იძლევა, მაგრამ ეს არასწორი შეხედულებაა, რადგან ზემოხსენებული საკითხები, უბრალოებასთან ერთად, დიდი სირთულეების დაძლევას მოითხოვს, რათა ითქვას:

ხაიამი ქართველი რომ ყოფილიყო, სწორედ ასე დაწერდა.

საბედნიეროდ, საქართველოშიც აღმოჩნდნენ ის პიროვნებები, რომლებმაც დიდი სპარსელი პოეტის და მოაზროვნის შემოქმედება სათანადო სიდიადით წარმოაჩინეს.

1959 წელს გამოიცა ბატონი მაგალი თოდუას მიერ შესრულებული დიდებული თარგმანები, რასაც დღემდე დიდი ინტერესით და სიამოვნებით ვკითხულობთ და, დარწმუნებულნი ვართ, მომავალი თაობებიც არ მოიკლებენ მათგან მონიჭებულ სიამეს.

1963 წელს ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ გამოცემულ თარგმანებში კიდევ ერთხელ ამეტყველდა ომარ ხაიამი ქართულად. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რაც ზემოთ ვახსენეთ, ანუ _ პოეტმა იპოვა თავისი მთარგმნელი. სრული გულწრფელობით და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ვახუშტის თარგმანები მთარგმნელობითი საქმიანობის, როგორც ხელოვნების და კულტურის შემადგენელი ნაწილის, შეუდარებელი მიღწევაა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამაზე უკეთ შეძლოს ვინმემ ქართულად თქვას ის, რაც თითქმის 1000 წლის წინ ითქვა სპარსულად, მაგრამ.... ომარ ხაიამი მაინც არ აძლევს მოსვენებას (....ალბათ, არც მომავალში მისცემს!) პოეტურ სიტყვასთან მოპაექრე ადამიანებს და, მიუხედავად უკვე არსებული დიდებული თარგმანებისა, სულ ახალი და ახალი `ვარიაციების~ შექმნას აიძულებს მათ.

1966 წელს ბატონმა თამაზ ჩხენკელმა აღმოსავლური ლირიკის კრებულში ერთხელ კიდევ სცადა ხაიამის რობაიების თარგმნა და კვლავ ახალი სიტყვა თქვა. მის თარგმანებში სხვა კუთხით დავინახეთ ის, რაც თითქოს უკვე ნაცნობი და გააზრებული იყო მანამდე.

მას შემდეგ სხვა მთარგმნელებმაც სცადეს ბედი "ხაიამის ასპარეზზე" და ამით, თუ ვერ გაამდიდრეს, გაამრავალფეროვნეს მაინც რობაიების თარგმანთა გალერეა. აღსანიშნავია სულ ახლახან გამოსული ორენოვანი წიგნი, სადაც ბატონმა ნომადი ბართაიამ სპარსული ტექსტის გვერდით მშვენიერი თარგმანები წარმოადგინა.

* * *

თქვენს ხელთ არსებული წიგნი კი შეიძლება ერთადერთი ღირსებით გამოირჩეს - მასში მოჰამედ ალი ფურუღის მიერ შეჯერებულ-დადგენილი სპარსული ტექსტი სრული თანამიმდევრობითაა თარგმნილი და სპარსული ენის მცოდნეებს შესაძლებლობა ეძლევათ, აქვე წარმოდგენილი თარგმანი შეადარონ დედანს. პოეზიის მოყვარულებს კი, ალბათ, იმედს არ გაუცრუებს ეს თარგმანები, რომელთა პირველი ნიმუშები 1974 წელს შესრულდა და ბატონი დავით კობიძის მცდელობით "უნივერსიტეტის გაზეთში" დაიბეჭდა. სულ უკანასკნელი კი 2004 წლის ზაფხულში ითარგმნა....