მე გუშინ ხმელი ტარანი ვიშოვე, ორი დოქი ალადასტურიც მქონდა შემორჩენილი. მჭადი გამოვაცხვე, კარგია ტარანზე. დავჯექი საღამოს და მარტო შევექეცი, თუმცა მარტოკაცი ჭამაშიაც ბრალია. ტარანიცა და ალადასტურიც ბლომად მომრჩა, მეორე და მესამე დღესაც მეყოფოდა. ღვინო ნახევარ დოქზე მეტი არ დამილევია.
დავიძინე და მესიზმრა სიზმარი:
ევროპაში ომი იყო გაჩაღებული. მეც ამ ომში ვერიე და საფრთხეში მედგა ფეხი. ძალიან მტრულ გარემოცვაში მოვხვდი: «ამ კავკასიელმა ხეპრემ არ იცის ლათინური!» გაიძახოდნენ ევროპელები და დაუზოგავად მანადგურებდნენ. როცა საკმაოდ გამანადგურეს, გონება დამიბნელდა და სადღაც განაპირა მხარეში გავახილე თვალი. აქ უზარმაზარი ლომი დამესხა თავს, სადღაც წამათრია: ველოდი, როდის შემჭამდა, მაგრამ რომ აღარ დაადგა საშველი ჩემს შეჭმას? თან ცხელოდა. წამდაუწუმ მიბნელდებოდა გონება; ზოგჯერ ვნატრობდი გამოღვიძებას (ვიცოდი, რომ სიზმარში მჭირდა მთელი ეს უბედურება), მაგრამ სულთამხუთავი ლომი კვლავ დაუღალავად მიმათრევდა სადღაც…
ევროპელთაგან მძიმედ დაჭრილი აფრიკაში მოვხვდი, ლომების პრაიდში: ახალგაზრდა ძუ ლომმა შემიყვარა და მივლიდა, გულმოდგინედ მილოკავდა ჭრილობებს. მისი წყალობით გადავრჩი შეჭმას ლომთა საშინელ საზოგადოებაში. ნათესავადაც მიცნეს მერე და მერე ამ ვეება, ყვითელმა კატებმა; იმ ერთი სიზმრის განმავლობაში ჭრილობებისგანაც განვიკურნე და ნადირობაშიც ავყევი მათ. მას შემდეგ სულ მონადირედ დავდივარ დუნიაზე.
დილით ეს სიზმარი ცოტა არ იყოს გადამავიწყდა, სამაგიეროდ გამახსენდა, რომ დღეს სტუმრები მეყოლებოდა. კიდევ კარგი, ეს მჭადი და ტარანი რომ მაქვს. ვინ მესტუმრება დღეს მე?
გუშინ ქალაქში გურამი და სოგრატი შემხვდნენ, ხინკალსა და ლუდზე დამპატიჟეს: «მომისმინე», მითხრა გურამმა: « სტუმრების ამოსვლა არ გაწყობს იმ შენს მთაში?» «ვინ სტუმრებია?» ვიკითხე მე. სოგრატი ხინკალს იყლაპებოდა და განზე იღრიჭებოდა უაზროდ. «ამის ღრეჭას რას უყურებ», მითხრა გურამმა, «ხვალ ამოვალთ შენთან მთაში და ამოვიყვანთ მარინე ახვლედიანს და მანანა დეიდას. მაგათ შეიძლება ერთი ვინმეც წამოიმძღვანონ თან. ურიგო არ იქნება ის ერთი ვინმეც. გაწყობს?» «ჯანდაბას, ამოდით«, ვუთხარი მე «ოღონდ იმათ ისტერიკები არ დამიწყონ იქ». «ფიქრი ნუ გაქვს, საკმაოდ დახვეწილები არიან», დამამშვიდა მან. სოგრატმა მეოთხე კათხა ლუდი გადაყლურწა და ჭერს განუცხადა პათეტიკურად: «ჭეშმარიტება იდუმალების ცრუ გადია გახლავთ». ბრძენი ხარ-მეთქი, ვუთხარი და წამოვედი.
ახლა ვზივარ და ველოდები სტუმრების ამოსვლას. ღრუბლიანი მშრალი დღეა, არც ცივა, არც თბილა… რაკი მონადირის სამფლობელოს ნახვა მოუსურვებიათ, დაე ნახონ; ვინ თქვა, რომ ეს უხიფათო საქმეა, მაგრამ ხიფათი ხომ მშვიდობის ელექსირია, ისევე, როგორც მშვდობაა ხიფათის ელექსირი, თუკი სოგრატს ვერწმუნებით.
ნაშუადღევს ამოვიდნენ გურამის მანქანით. გულმა რეჩხი მიყო: წინა სავარძელში გურამის გვერდით «ის ერთი ვინმე» იჯდა; ერთ წამს მომეჩვენა, თითქოს რაღაც უხილავ ბადეში ვებმებოდი… უკანა სავარძელში კი ჩვენი ქალების შავ-შავ თვალებს შორის სოგრატის უზარმაზარი მელოტი შუბლი თვლემდა.
მანქანიდან გადმოლაგდნენ. გამარჯობა, მონადირე! მითხრეს მანანა დეიდამ და მარინე ახვლედიანმა. გაგიმარჯოთ, მანანა დეიდა და მარინე ახვლედიანო! ვალში არ დავრჩი მეც. «იმან» ფერფლისფერთმიანი თავი დახარა, მერე დანისლული თვალებით შემომხედა: გამარჯობა, მონადირე!… გაგიმარჯოს… შევყოყმანდი, ბნელი ძალა ნისლივით შემომაწვა, უცნობი ნისლი: გაგიმარჯოს, ნელლი არისტოუ!
- იცანი? – თქვა სოგრატმა – ხომ ვამბობდი, იცნობს-მეთქი!
-სახლში შემოხვალთ? – ვიკითხე მე. მანანა დეიდამ ცბიერად ჩაიღიმა.
- სახლში შემოვალთ. – დამიდასტურა მარინემ.
და შემოვიდნენ. ტარანი და ღვინო სუფრაზე მოვიტანე. მჭადს გაფიცხება უნდა-მეთქი, აღვნიშნე; ბუხარში უკვე ენთო ცეცხლი.
- მოგეხმარები მჭადის გაფიცხებაში! – მითხრა მარინემ.
- ო, შენ ხომ მეოჯახე ხარ დიდი, – ვუპასუხე მე.
- მე ქვრივი ვარ. – თქვა მარინემ.
- ჩემი ქვრივია, – წამოროშა გურამმა.
მარინე ახვლედიანს თავისი ჭლექიანი ახალგაზრდა ქმარი უკვდებოდა ერთ წვიმიან ღამეს. უთვისტომო ქმარს, მარინეს გარდა, მხოლოდ სამი ძმაკაცი ადგა თავს. პატარა სუფრა იყო გაშლილი, სვამდნენ ჩუმად. ჭლექიანმა დალია და მოკვდა. ძმაკაცებმა მარინე მეორე ოთახში გაიყვანეს, პირზე ხელი დააფარეს და ნამუსი ახადეს: პირზე რატომ მაფარებთ ხელს? იკითხა მარინემ, როგორც კი თავი აიშვა. მერე ძმაკაცებმა მხარზე გაიდეს მკვდარი და წვიმიან ღამეში წაიღეს. მარინეც უკან მიჰყვებოდა მათ. გვამი უფსკრულში გადააგდეს: ასეთი იყო მარინეს უცხოელი ქმრის ანდერძი; მერე მარინე ძმაკაცებმა შინ მიაცილეს და ბნელში წავიდნენ. ისევ წვიმდა; გმადლობთ, ბიჭებო, უთხრა მათ და მარტო დარჩა მარინე ახვლედიანი.
- ხომ ხარ ჩემი ქვრივი? – ჰკითხა გურამმა.
- ჰო, შენი ვარ, ოღონდ დაწყნარდი. – ვითომ უდარდელი ღიმილით თქვა მარინემ, მაგრამ მაინც წამოუწითლდა ლოყები.
- მე ვისი ქვრივი ვიქნები შენი აზრით? – მკითხა მანანა დეიდამ ცბიერად.
«რას მეთამაშება ეს ხალხი?»
- სოგრატის იქნება ალბათ. – ვუთხარი მე.
- გაიგონე, შვილო, სოგრატ? – მიუბრუნდა მანანა დეიდა.
სოგრატი ჭერისკენ აბოლებდა.
«ის» გულხელდაკრეფილი იჯდა და მე მიყურებდა: «ეგეც ქვრივია?» ვიკითხე მე. არა, «ქალწულია,» -შემომცინა მანანა დეიდამ: ახლახან გახდა თვრამეტი წლის. ნადირობა არასოდეს უნახავს. თუმცა არც ჩვენ გვინახავს…,»
გურამი აწრიალდა: «თოფები გაქვთ წამოღებული?» ვკითხე ჩუმად. «კი ორი,» მიპასუხა მან. «ტყვიები?» «კი, სამოცი,» «რატომ წამოიღეთ მერე.» «ნადირობა გვინდა». «სანადიროდ სისხამ დილით უნდა წახვიდე, ახლა უკვე ნაშუადღევია.» «რაო?» იკითხა სოგრატმა. «ჯიხვები დილაადრიან ჩამოდიან მჟავე წყალზე, » ვთქვი მე. «ჰოო ჯიხვები…» გურამმა შემომხედა და სწრაფად მიუბრუნდა მარინეს:
- აღარ გაფიცხდა მაგ მჭადი?
- რაზე ჩურჩულებთ თქვენ მანდ? – გვკითხა მანანა დეიდამ.
«სიზმრების ახსნა თუ იცი, ჭკუის კოლოფო?» ვეკითხები სოგრატს. «ვიცი და აგრე?» «დამიგდეთ აბა ორივემ ყური…»
«ის» კვლავ მომშტერებოდა თავისი ნისლისფერი თვალებით. მარინესავით მაღალი იყო, ოღონდ უფრო ტანთხელი; ჰგავდნენ ერთმანეთს. «მართალს ამბობენ ეგენი?» მკითხა გურამსა და სოგრატზე. «მართალს,» ვთქვი მე: «არ უნდა დაუჯერო ალბათ, მაგრამ მართალს კი ამბობენ.» «რაზე საუბრობთ?» იკითხა მანანა დეიდამ, ძალიან უცოდველი სახით გვიმზერდა: «შენ გაჩუმდი, მანანა დეიდა, პუტკუნა,» გურამმა კისერზე მოხვია ხელი. «დაუკრეფავში გადასვლა,» წაიბურტყუნა სოგრატმა; «ლომზეა ლაპარაკი,» თქვა გურამმა, «როგორაა, მარინე, მჭადის საქმე? მშია და მეჩქარება მე.» «ლომი, ლომი!» აბუზღუნდა მანანა დეიდა; «ის ჯობია, მჟავე წყალზე წამიყვანოთ მალე.» გურამს გადავხედე”: «რა გითხარი მე შენ?» «ფიქრი ნუ გაქვს,» ჩამილაპარაკა მან; «არავინაა აქ მიამიტი, რომ იცოდე: ვყველამ მშვენივრად იცის თავისი საქმე.»
- გაფიცხდა მჭადი, – განაცხადა მარინემ.
- აბა ჭამეთ ახლა საჭმელი, – ვთქვი მე. მანანა დეიდამ კიდევ ჩაიღიმა ცბიერად.
- ვჭამთ ახლა საჭმელს. – დამიდასტურა მარინემ.
სუფრას ვუსხედვართ და ნისლიანი მზერა არ მშორდებოდა: «მაშ მართალს ამბობენ, რომ ლომი გყავს აქ?» «შენც გჯერა სიზმრების?» «ალბათ არ უნდა დავიჯერო».”
- სანადიროდ წასვლას გაუმარჯოს, – თქვა გურამმა და ჭიქა ასწია.
- თუ მჟავე წყაროზე წასვლას?
- შენ გაჩუმდი, მანანა დეიდა! სადღეგრძელოს წარმოვთქვამ მე აქ.
- სადღეგრძელოები არ მიყვარს. – ვთქვი მე.
- ქალწულები გიყვარს? – მკითხა გურამმა.
«იმან» გველივით ასწია თავი. თვალები გააკვესა.
- გურამ! – თქვა მარინემ.
- რა იყო? – გავიოცე მე. სოგრატი ახარხარდა. ეჭვი არაა, რაღაც შეთქმულებას მიწყობენ ეგენი მე. ეს თეთრი გოგო ტყუილად არ მიბღვერს, არც მანანა დეიდას მზაკვრული გამოხედვაა სასიკეთო; ჰეი, მონადირევ! ფრთხილად, ჩლუნგო: ქალები, ინტელიგენტები და მეგობრები არასოდეს არ არიან მთლად სანდო.
მარინე ახვლედიანი: «აქ მონადირეს მზერა გაუჩერდა, ფანჯრისაკენ მიაბრუნა თავი. სულ მიკვირდა, ასე დღენიადაგ გაუპარსავი როგორ არის-მეთქი; ოცდაექვსი წლის რომ არ ვიყო და თანაც ქვრივი, მანანა დეიდას კალთაში ჩავუჯდებოდი და მოვთხოვდი, ეს წვერებიანი ბიძია მიყიდე–მეთქი. მე ხომ ობოლი ვარ, მანანა დეიდას გაზრდილი და მიყიდდა. ახლა კი ჩემს დაიკოს ნელლის უნდა ეს წვერებიანი ბიძია ვუყიდოთ… ან იქნებ დრო შეიცვალა, იქნებ ახლა ჩემი პატარა დაიკო თვით ამ «ბიძიას» ჩაუჯდეს კალთაში და, ლომი მიყიდეო, მოსთხოვოს? წვერებიანი ოქროსფერი ლომი. აქ მონადირეს მზერა გაუჩერდა, ფანჯრისაკენ მოაბრუნა თავი. თუ არასოდეს იპარსავს, მაშინ დიდი წვერი ექნებოდა, მაგრამ არა, ის წვერმოშვებული კი არა, სულ ორი-სამი კვირის გაუპარსავია, რაც თავი მახსოვს და სულ ასე ოცდაათი წლისაა.”«
იმ დროს, როცა მარინე ახვლედიანი ჩემზე ფიქრობდა, ფანჯარასთან ჩამოიარა დიდმა ტყვიისფერმა ღრუბელმა. ჩემს უბრალო და უსიხარულო სახლს შემოესმა ლომის ღრმა სუნთქვა, ამოხვნეშა; ბნელი დღე იყო, შინ ძმაკაცები და არისტოკრატი ქალები მყავდა სტუმრად, ტარანითა და ალადასტურით ვუმასპინძლდებოდი.
«მთავარია არ შეგეშინდეს», ვუთხარი გურამს ძალზე უხმოდ: «შენ ბავშვი ხარ, მე და სოგრატი – ბებრები». «ბავშვი არა ვარ», ძალზე უხმოდვე შემომეკამათა გურამი: «ბავშვებს ოცდაექვსი წლის ქვრივები არ ნებდებიან» (ხედავ შენ, ეამაყება, თავი მოაქვს). «საჭიროა შენ პირმოკუმული იდგე და ფეხი არ მოიცვალო ადგილიდან, როცა ის ახმაურდება; იცოდე, მთების ექო ათმაგად აძლიერებს მის ბრდღვინვას». გაეღიმა: «ის ექო თოფის ხმასაც აძლიერებს, ჭკუას ნუ მასწავლი, ბებერო».
- მოვრჩით ტრაპეზობას? – იკითხა მანანა დეიდამ. – მჟავე წყალზე მეჩქარება!
- თუ სანადიროდ წასვლა გეჩქარება? – ჩაუკრა გურამმა.
- არა, შვილო, ჯიხვები მხოლოდ დილაუთენია ჩამოდიან წყლის დასალევად. – მანანა დეიდამ მე გადმომკრა თვალი: – თუმცა, გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო, ნათქვამია.
მანანა დეიდა ისეთი რბილი, სიმპათიური გველია, უკეთესს რომ ვერ ნახავ და საერთოდ ეს ხალხი მე კარგს არაფერს დამმართებს, როგორც ვატყობ.
დავიძარით. თოფი, რაღა თქმა უნდა, მეც წამოვიღე, თუმცა არ ვიცი, რაში გამომადგება ამ არასანადირო ჟამს. აღმართს მივუყვებით. დაღამება ჯერ შორსაა, მაგრამ ისე მოიღრუბლა, რომ ათ ნაბიჯზე ვერაფერს გაარჩევ; მანანა დეიდას ქარაგმებს საზღვარი არა აქვს, რაც, ეტყობა, ამ თეთრ გოგონას არ მოსწონს; გურამი და სოგრატი თამბაქოს აბოლებენ, მარინე ჩუმად მომყვება გვერდით, ფიქრებს წაუღია. ეს ხალხი მე შიშთან შესახვედრად მიმყავს, თუმცა ამით მე რა ხეირი დამეყრება? სწორედ შიშის გამო მიმატოვებენ განსაცდელში;
მარინე ახვლედიანი: «მახსოვს, როცა გათხოვება დავაპირე ოცი წლისამ, მანანა დეიდამ ჩვენს «იისფერ ოთახში» დამიმარტოხელა უკანასკნელად, სადაც არაერთი ღამე გვითევია ლექსების კითხვასა და ბუნდოვან საუბრებში და ასე მითხრა: «მარინა, გენაცვალე, შენ ეგ ხუმრობა საქმე არ გეგონოს, გათხოვებაც გამომიცდია და ქვრივობაც». მე ვაკოცე: «ყოველთვის ასე ქართული, შავი თვალ-წარბი გქონდა, ნანა, გამოცდამდეც და გამოცდის შემდეგაც». «მტოვებ, მიდიხარ, მარი», მითხრა წუწუნით, ე. წ. ცხოვრება გიხმობს თავისკენ». ხოლო როცა ცხოვრება დამთავრდა და უკანვე მოვუბრუნდი, ასე ვუთხარი: «აჰა, გათხოვებაც გამოვცადე და დაქვრივებაც, სულაც არ ყოფილა, სახუმარო საქმე». «მაგრამ, მარი», მითხრა მან: «ძარღვები დაგლურჯებია ფეხებსა და ხელებზე, მაგას ძარღვების გაგანიერებას ეძახიან». «თვალებიც ჩამილურჯდა», დავუმატე მე: «ჭაღარაც კი გამომერია და საერთოდ შენსავით საღსალამათი ვერ გადავურჩი გათხოვებას და დაქვრივებას, ე. წ. ცხოვრებას, ჩემო გამორძმედილო დეიდა». მაშინ უმაქნისი ტირილი მოვრთეთ ორივემ, როგორც ეშმაკობისათვის დასჯილმა ბავშვებმა და გვიხაროდა, ბლომად რომ მოგვდიოდა ცრემლი».
მანამ მარინე ახვლედიანი ფიქრებს უმკლავდებოდა, ტყვიისფერი ღრუბელი სავსებით მოედო სამყაროს. მანანა დეიდა ყველაზე წინ მიდის. ამ უფერულ სიბნელეში მისი შავი, კეფაზე დაგორგლილი ნაწნავი უფორმო ლაქად მოჩანს; ფერფლისფერთმიანი ქალწული ფეხაკრეფით მიჰყვება გვერდით. «ქალწული» უბიწოების გამოხატველი ცნებაა, მაგრამ რა ანტიუბიწოდ ჟღერს იგი ნეიტრალურ სიტყვა «ქალთან» შედარებით… და მანანა დეიდამ გაბედა ამ გამაღიზიანებელი ატრიბუტით ეხსენებინა იგი ჩემთან. ერთი ქალწული და ორი ქვრივი; ერთი მონადირე და ორი ძმაკაცი: ძალიან ექვსეულია, წუნს ვერ დასდებ.
აღმართს ავათავებთ და თავქვე დავეშვებით ხევში. მჟავე წყარო საქმიანად ჩუხჩუხებს იქ, უზარმაზარ ლოდებსა და კლდის ნაპრალებს შორის. იგრძნობა ერთგვარი სიღრმე, გამოქვაბული, რომელშიც ხიფათს დაუბუდებია;
«მჟავე წყალი!» წამოიძახებს მანანა დეიდა, მოუთმენლობისაგან ამჩატებული მისი მსუქანი ტანი გამალებით ჩარბის ხევში, წვივები კი რატომღაც თხელი ლამის გამხდარი აქვს, მუხლებს ძველებური მოქნილობა არცთუ ძალიან დაუკარგავთ: ვიცნობ ამ მუხლებს; «ყველას მოგასწრებთ დალევას!» მიფოფინებს თავდაღმართში გაბავშვებული ქალი.
«ხიფათია მანდ, ხიფათი!»
ჩაბნელებულ ლოდებში მანანა დეიდამ ჩაიმუხლა, მკერდით გადააწვა იმ ლოდებს და მჟავე წყალს დაეწაფა; მრუმე დღეში თეთრი ფეხები მიამიტად წამოუშიშვლდა… თითქოს უცხო რამ საგუბარი გაიხსნაო, ისე ამოიხვნეშა ღრმა ეხში გაწოლილმა ლომმა: თოფები მოიმარჯვეთ! ვბრძანე მე: მტკიცედ იდექით ფეხზე; უნდა მოიმარჯვოთ თოფები, გურამ და სოგრატ; მერე? უნდა იდგეთ ასე თოფებმომარჯვებულნი; იქნებ მეპატიოს მკრეხელობა და ნადირი ჩამოვიდეს წყალზე… ვთქვათ, ჯიხვები… ნადირობაო? მაგრამ ვინ გაიგონა ქალებთან ერთად ნადირობა?!
მარინე ახვლედიანი: «მაშინ გურამს ფერი წაუვიდა, ყოჩაღად მოიმარჯვა თოფი; სოგრატი უფრო გულგრილი ჩანდა. მონადირემ თავი აიღო, ყურადღებით გახედა ჩაშავებულ კლდეს: მისი დიდი სხეული შეიმართა, სახეზე თითქოს ჩამოსცილდა ჯანმრთელი ნადირის ჩლუნგი იერი, ქანდაკებას დაემსგავსა: სიბნელის მიუხედავად ყველაფერ ამას ძალიან მკაფიოდ ვხედავდი, განსაკუთრებით – გურამის გაფითრებას. გაისროლეს: სამი თოფის გამაყრუებელ ექოს კლდიდან მოსხლეტილი ქვა-ღორღის ხრიალიც წაემატა. გოგოები კლდის პირდაპირ, მოზრდილ ლოდს ამოფარებულნი ვიდექით, მანანა დეიდა ლომთან მიგვრჩა; ლომმა ყვითელი თვალები შემოგვანათა სიბნელიდან… «მე რას მიპირებთ?» ჩაილაპარაკა ნელლიმ: «ამაღამ რას მიპირებთ მე?» სიბნელიდან შიშისმომგვრელი ღმუილი შემოგვესმა და მე სწრაფად ვთქვი: «მოსახდენი ალბათ მოხდება». კვლავ თოფების ჭახაჭუხი, ლოდებთან მიწოლილი აცახცახებული მანანა დეიდა: «არა» ისე დაიჩურჩულა ჩემმა პატარა დამ: «არა, რატომაა აუცილებელი, ამაღამ ამ გაბურძგვნილმა წვერმა დამიჩხვლიტოს სახე». მანანა დეიდას შველა სჭირდებოდა, მაგრამ ვერ ვშველოდით, მუხლები გვიცახცახებდა ჩვენ, გოგოებს, და აკანკალებულნი ვეკვროდით ერთმანეთს, სანამ კაცები თავიანთი საქმით იყვნენ გართულნი, თავიანთი თოფების ბათქაბუთქით».
მარინე ახვლედიანს ეგონა, მისი საბრალო დეიდა განწირული იყო, ჩვენ კი თითქოს ხიფათისაგან ვიხსენით იგი ჩვენი შეუპოვარი კანონადით. მხოლოდ მერე შევიტყვეთ, რომ დიდი გაჭირვებით ფეხზე წამომდგარი, დასველებული მანანა დეიდა გვევედრებოდა: «თუ ღმერთი გწამთ, ნუღარ გაისვრით მაგ თოფებს, დაზოგეთ ტყვიები, გამოგადგებათ, თუ ღმერთი გწამთ, რატომ მესვრით, მომეცით საშუალება თქვენთან ამოვიდე, ჩემს გოგოებთან მინდა ვიყო», საფრთხე საეჭვოდ აგვიანებდა, თოფები დავუშვით, მანანა დეიდამ კი თან წამოღებული თერმოსი ჩააყურყუმელავა მჟავე წყალში, აავსო და გაჭირვებით, ბორძიკით შეუდგა ხევიდან ამოსვლას… თითქოს ღრუბელმა მაღლა აიწია და მოსინათლდა, ეხში გაწოლილი ლომი ღავღუვით წამოდგა მოჩუხჩუხე წყაროს მიღმა: «შებრუნდით ყველანი და ჩემი სახლისაკენ გასწიეთ აუჩქარებლად,» ვბრძანე მე.
«დღეს ზოგი თქვენგანი ბავშვობას უნდა გამოეთხოვოს და ეცადეთ, ღირსეული იყოს ეს გამოთხოვება».
ეტყობა წყალი იდგა ეხშიც, ლომმა გაწუწულ, ჩაშავებულ ტანზე სველი კუდი მოიტყლაშუნა რამდენჯერმე და კვლავ დაიღრიალა, მთები შეზანზარდნენ; «მე რომ გაუნძრევლად ყოფნა მმართებს?» მითხრეს გურამის თვალებმა. «შენ ვაჟკაცობა გმართებს, დანარჩენი წვრილმანია, გაიგე?» გულში თერმოსჩახუტებული მანანა დეიდა აღმართში მოქოშინებდა; აბურძგნული სველი ლომი ეხიდან გამოიზლაზნა, ნაკადულში გადმოგაფუნდა და აედევნა, აგვედევნა ყველას; «შვილო სოგრატ, მომიცადე», დაიკვნესა მანანა დეიდამ; მაგრამ სოგრატი არ უცდის, შეშინებული გოგოები მიჰყავს ჩემს სახლში დასაბუდებლად; ბებერ სოგრატს ამქვეყნად არაფრისა ეშინია, არც იმის, რომ მის საყვარელს ლომი მოსდევს უკან… გაფითრებულ გურამს და მე აცახცახებული მანანა დეიდა მკლავებში ჩაგვივარდა. ლომი ნელი ძუნძულით მოგვდევდა, გვესმოდა მისი ტორების მძიმე თქარათქური ქვებზე.
«მიშველით ბიჭებო?» გვკითხა მანანა დეიდამ. «შენ როგორმე ეგ თერმოსი არ დაკარგო, მოუფრთხილდი, დანარჩენი ჩვენზე იყოს». «არ შემჭამს?» ვედრებით იკითხა კვლავ. «უარესსაც გიზამს, თუკი წრიალს არ მორჩები, ma tante» «რატომ ახლა არ ისვრით? რატომ მაშინ ისროდით?» «ჩვენ ჯიხვებს ვესროდით, ჯიხვებზე ვნადირობდით». «ნუ სტყუით ასე უსირცხვილოდ… ჯიხვები! რატომ ახლა არ გაისვრით მაგ წყეულ სატკაცუნოებს?» «ტყვიებს ვზოგავთ».
უომმ… დაიბუხუნა ლომმა.
«დაზოგეთ ტყვიები, ახლა დაზოგეთ… ჯიხვებისათვის გამოგადგებათ, ხოხბებისათვის, კურდღლებისათვის…» «დავზოგავთ კიდეც».
გრრ! გრრ!
«ჯიხვები! ხოხბები! კურდღლები!…»
ვგრძნობ, ლომი გაავდა. ეს წყეული ქალი! გურამს ყბები უნდა დავამტვრიო: «ესაა შენი პირობა?» «რა პირობა?» »პირობა: ამ დედლებს ისტერიკები არ უნდა გაემართათ აქ და შენ… კურდღელივით არ უნდა დაფეთებულიყავი».
«დაზოგეთ ტყვიები, კურდღლებო!…»
ერთბაშად ლომს შემოვუტრიალდი თოფით, მაგრამ აღარ დამცალდა: იმ წამს გურამმაც გაისროლა… ბეჭში ცხელი ტკივილი გაიფოფრა, მერე ყველაფერი აყირავდა ირგვლივ. დამჭრეს, ძირს დამანარცხეს; მთელი დღე გული მიგრძნობდა, ეს ხალხი ხიფათს გადამყრის-მეთქი;
მეზმანა, მომაგონდა:
პარიზში, სასტუმრო «ორმუტსას»-ში ვცხოვრობ; ლათინურისა არაფერი გამეგება; მთელი დღის უაზრო ხეტიალის შემდეგ ვბრუნდები ნომერში და ვცდილობ დავიძინო, მაგრამ მეზობელი ნომრიდან რაღაც მოგუდული ხმები აღწევენ ჩემამდე: ყური მივუგდე, ქალები არიან; გაკვირვებული მივჩერებივარ თხელ კედელს: კი, ნამდვილად ლექსებს კითხულობენ: დერეფანში გამოვძვერი ავი განზრახვით. ვხედავ, სასტუმროს მეპატრონე კარებს აჰკვრია და ისიც იმ ქალებს აყურადებს. მე რომ დამინახა, სწრაფად მოშორდა იქაურობას, აჩქარებით ჩამიარა გვერდზე: «წყეული ლესბიანები!» გავიგონე მისი ბურტყუნი. მელოტი, ხანშიშესული კაცი იყო, უნდო, გამჭრიახი ნაცრისფერი თვალები ჰქონდა. ნომერში ისევ გაისმა ქალების მელოდიური ღუღუნი. საჭიროა მათს ოთახში შეღწევა: კარს მექანიკურად მივაწექი, თუმცა სულაც არ მიფიქრია, ჩაუკეტავი თუ იქნებოდა, ის კი უხმაუროდ გაიღო და უცნაური, ნაზი იისფერი შუქი შემომეფეთა. ვხედავ შავკაბიან გათქვირულ ქალს, სავარძელში რომ ჩამჯდარა, პატარა წიგნი გაუშლია და ლექსს კითხულობს. მეორე კი, პირველზე ორჯერ უფრო ახალგაზრდა, თეთრკაბიანი, ფანჯრის რაფას იდაყვით დაყრდნობია და მისი დიდრონი შავი თვალები პოეზიით დანისლულა. ვერ ამჩნევენ, რამოდენა ახმახი გავხირულვარ კარებში და რა საეჭვო ყურადღებით შევცქერი მათს პოეტურ გამოვლინებას:
ლექსი
დაფარულია ოდეს
რაც გახსენებად ღირდა
თუნდ ქარიშხალი ჰქროდეს
მთვარეც ამოხტეს ზღვიდან
მოგონებათა ქსელში
მაინც დაკარგვას ლამობ
ან გარინდება შეგშლის
იტოტ მორ არკჰად ამმოლ
უმწეობაა შენი
ზღვაზე რომ აფენს სიზმარს
სიზმართა გადაფენით
ფიქრს შეურხევდი ცივ ზღვას
აქუხდებოდა რისხვა -
გამოღვიძება ზევსის
და გარინდებულ ცივ ზღვას
შენი ოცნების მწყემსი
ჯიუტი სინამდვილე
წააფარებდა ჩრდილებს
და მოგიკლავდა სიზმარს
როგორც უმწეო შვილებს
როგორც დახოცილ შვილებს
და როგორც მოკლულ სიზმარს
წააფარებდი სუდარს
თვალგაშტერებულ ცივ ზღვას
ლოდინი ამაოა
სამარით არ ამოვა
რაც სიყვარულად ღირდა
და მოკრძალებით ხვდება
მეხთამტეხელის წყრომას
წყეული გარინდება
ტოტი რომ დაჰკრა ლომმა
———–
«შვილო, გოგო, ვინ მოვიდა!» დაიძახებს შავკაბიანი ქალი; გოგონა დაფეთებული შველივით მომიბრუნდა. ოთახში შევედი და კარი მივხურე. «არ მინდა, შენთან მირჩევნია!» წივის გოგონა და ქალს ეხუტება. «ხომ კარგი გაგიზარდე!» ამაყად მეუბნება ქალი, გოგონას საწოლზე აწვენს და კარისაკენ მიდის: «მე სასეირნოდ მივალ, კეთილშობილური ღირსება არ დაკარგო, შვილო, გოგო». ოთახში ორნი დავრჩით, კარი მივხურე და დიდთვალება გოგოს მოვეხვიე. «არ მინდა შენთან ყოფნა», ბუტბუტებს ის და გაუბედავად მკოცნის. «კაბას რატომ მხდი, მრცხვენია». იისფრად ციმციმებს ოთახი. «მეტკინა, სუსტი გოგო ვარ, ყველა მე მერევა და მაწვალებს». ქალწული აღმოჩნდა; იმ ქალის ხელში მაშ სხვაგვარი როგორ იქნებოდა. მერე სიგარეტის წევა დავიწყე, ის კი მეჩურჩულებოდა, თან ჯიბრით უმზერდა თავის სისხლს; თამბაქოს კვამლი პოეზიის ბურუსს ერწყმოდა, ლამის პოეტურად ვგრძნობდი თავს.
«შენ ჩემი სამშობლო ხარ; რატომ დამესხი თავს, რა დაგიშავე? ბრძენმა მითხრა, შენი სამშობლო ოდესმე მაინც დაგპეპლავსო. აქ რა გინდა მეომრად, ელინ-ლათინთა ომში შენვინ მოგიშვა?»
ბრუნდება ის ქალი: ხომ «ღირსეულად დანებდი, გენაცვალე?» კითხულობს შურიანად. ვგრძნობ ჩემთან დაწოლა უნდა”: «დამიჭირეს ძუძუ მომჭრეს, რატომ კარგი გაგიზრდია» – ასე წაიმღერა.
გონს მოვეგე. ირგვლივ არავინ ჩანდა. უსახო სივრცე გულგრილად შემომაჩერდა: ჩემს სახლში ახლა ქალები და ძმაკაცები პარპაშობენ; მე მათ დამჭრეს, გზაზე დამაგდეს და ახლა შესანიშნავად, კეთილშობილურად იშვებენ და იხარებენ ჩემს სამყოფელში. თოფი რა მექნა ნეტავი? გურამს შიგ სახეში უნდა ვახალო. ჩვენ ისეთი ძმადნაფიცები ვართ, სულ ტყვიებით უნდა ვუმასპინძდებოდეთ ერთმანეთს. არც ბებერ ჭკუის კოლოფს, სოგრატს აწყენდა ერთი ტყვია შუბლში. მარინეს რაღა ვუყო, ან მანანა დეიდას? არ ვიცი, როდის ეყოლათ მათ ეს თეთრი გოგონა, ბავშვი, ფრთაქათქათა უცხო ფრინველი: ნელლი არისტოუ მომიქსოვეს და მომგვარეს ჩემმა ძველმა სწორფრებმა: მათაც ხომ არ არგებდათ თითო ტყვია ნეკნებში?
მარინე ახვლედიანი: «მე ტყუილად მაბრალებდა შემდეგ სოგრატი, კივილით აიკელი იქაურობაო. მხოლოდ ის კი კარგად მახსოვს, როგორ ზლუქუნებდა მანანა დეიდა: «რას ვერჩოდით, რა დაგვიშავა, ნუთუ სხვაგვარად არ შეიძლებოდა?» «არ შეიძლებოდა, არ შეიძლებოდა!» დაიღრინა გურამმა. «რატომ უნდა მოგვეკლა, რატომ იყო აუცილებელი», კვლავ ქვითინებდა მანანა დეიდა. «მკვდარი არ არის», თქვა სოგრატმა: «მკვდრობამდე კიდევ ბევრი უკლია».
მონადირე ძირს ეგდო; ლომი ავისმომასწავებელად გაქრა გასროლისთანავე, საეჭვო სიმყუდროვე გამეფდა; «მარჯვე მსროლელი ვარ», ამბობდა გურამი და თვალებს უაზროდ აცეცებდა. მოგვიანებით, როცა დაჭრილი თავის საწოლში ჩავაწვინეთ, გურამს ვკითხე: «რომელს ესროლე?» «რა მნიშვნელობა აქვს», ვალში არ დამრჩა გურამი: «ხომ მოვარტყი, რაც მთავარია». სოგრატმა ჭრილობა დაათვალიერა და თქვა, ძვალი არ უნდა იყოს დაზიანებული, ტყვიას კუნთში გაუვლია და მეორე მხარეს გასულაო, მაგრამ დაჭრილმა სისხლი დაკარგა ძალიან ბევრი და სანთელივით გაყვითლებული იწვა. «ექიმი…» ვთქვი მე. სოგრატმა გურამს გახედა წამით და ჩუმად მითხრა: «მე თვითონ ვარ ექიმი. ჩვენს გარდა აქ არავინ უნდა შემოყოს ცხვირი». «მაგრამ შენ რომ მედიცინა არ შეგისწავლია?» ჩუმადვე ვთქვი მე. «ხმა გაიკმინდე!» წამისისინა სოგრატმა. «არც იურისპრუდენცია შემისწავლია, სხვათაშორის, მაგრამ ვიცი რასაც ვაკეთებ».
ჰო, მართალია: მე გურამი მიყვარს, მონადირე კი ვინ არის ჩემთვის? მხოლოდ სიზმარში თუ მინახავს ზოგჯერ. გურამისგან მე შვილი უნდა ვიყოლიო და გავზარდო, თუ დამცალდა: მე ხომ ჭლექიანი ვარ, ისევე როგორც ზოგი უცხოელი, მაგრამ რა ვქნა, თუ ძალიან მინდა შვილის ყოლა; მონადირე კი ვინ არის მხოლოდ სიზმარი, ძველი, ლამის დავიწყებული სიზმარი; დავიწყებული სიზმრისგან ხომ არ ვიყოლიებ შვილს? ის ახლა დაჭრილია და კვდება, მე კი სიცოცხლე და შვილის გაჩენა მინდა. ჩემი ცხოვრება უკვე დამთავრდა ერთხელ, რატომ უნდა დამთავრდეს მეორედაც?
«ჩაეძინა», თქვა მანანა დეიდამ. მას უკვე დაემთავრებინა ტირილი და აღარც წეღანდელი შიშისა და სასოწარკვეთის ეტყობოდა რამე (თუმცა იმ სასოწარკვეთის დროსაც არ დავიწყებია თავისი მჟავეწყლიანი თერმოსის ფრთხილად მოთავსება გურამის მანქანაში). დაჭრილს სოგრატის მიერ შეხვეული ბეჭიდან სისხლი აღარ სდიოდა. რაღა გამოსდინდებოდა, დაიცალა სისხლისაგან. ძალიან გაყვითლებული იყო. მგონი ვეღარც ტკივილს გრძნობდა, ისე მშვიდად ჩაეძინა. «ძილში თუ არ გაიპარა, სხვა არაფერი უჭირს», თქვა სოგრატმა და მანანა დეიდა გარეთ გაიყვანა. გურამი საერთოდ არ მოგვკარებია ახლოს მთელი ამ ხნის განმავლობაში; დაღამებული იყო უკვე, ფანჯარაში ცა მოიწმინდა, ნელლიმ უცნაური თვალებით შემომხედა: «შენც წადი აქედან, ამას მე მოვუვლი». «შენ რა იცი მოვლა?» ჩავილაპარაკე მე. «არც შენ იცოდი ერთ დროს, მაგრამ რომ დაგჭირდა, ისწავლე, წადი აქედან». «ჭრილობა რომ გაეხსნას? სისხლი რომ წამოუვიდეს?» «ენით ავულოკავ, მომშორდი». მინდოდა მეთქვა, ძილში რომ გაიპაროს, რას იზამ-მეთქი, მაგრამ უცებ ისე აუბრიალდა თვალები, უკან დავიხიე; ღრენაც კი შემომესმა თითქოს და კარში გავილალე უჩუმრად. გვერდითა პატარა ოთახის ღია კარიდან გურამმა ხელი გამოჰყო და შიგნით შემითრია. ოთახში ბნელოდა, გურამმა იატაკზე დამაწვინა: «შენ მაინც ხომ იცი», დამჩურჩულებდა ზემოდან, როცა უკვე გულისწასვლამდე ვიყავი მისული, «შენ მაინც ხომ იცი, რომ ბავშვი არა ვარ…» ალბათ ჩემი ბედია, რომ მაინცდამაინც მომაკვდავის თუ მკვდრის სარეცელთან უნდა მხდიდნენ ნამუსს; მერე მცირე ხნით გული წამივიდა, როცა გამოვერკვიე, გურამი აღარ იყო ოთახში. აივანზე გავლასლასდი, მაგრამ კარებშივე შევჩერდი და გავისუსე. მოწმენდილი, უმთვარო ღამე იყო, იქვე ძელსკამზე სოგრატი და მანანა დეიდა ისხდნენ, ხმადაბლა ლაპარაკობდნენ: «რატომ გავიმეტეთ, რა დააშავა». «ქალების სანადიროდ წაყვანა შეცოდებაა». «მერე, რატომ შესცოდა». «შეცოდების გარეშე ვინ დაგსჯის, მუქთად კატები არ პეპლაობენ ჩვენს დროში». «მე რომ შენთან მუქთად…» «შენ ჩემი აფორიზმების ხათრით პეპლაობ ჩემთან, ბებერო ნიმფომანო». «შენც ბებერი ხარ, შვილო სოგრატ». მრავალი ჩურჩული გამომიცდია მე, მარინე ახვლედიანს, მაგრამ მანანა დეიდასთან რას მოვიდოდი: ყოველთვის, ყოველწამს ჩემზე მეტი ხალისით ეთამაშებოდა ცხოვრებას, ჩემზე ნაკლებად დასჯილი რჩებოდა, ჩემზე გულმაგარიც იყო და ჩემზე სენტიმენტალურიც; და თითქოს გათხოვებით დავაღწიე თავი მის უპირატესობას, მამაკაცს შევეფარე, მაგრამ ეს ამბავიც ნაცადი ჰქონდა და ჩასაფრებული მიცდიდა, როდის მოვუბრუნდებოდი, ჩემი დაქვრივებაც (ესეც ხომ ნაცადი ჰქონდა) წინასწარ გადაეწყვიტა, მხოლოდ რაღაც წლების გასვლა იყო საჭირო.
«ქედმაღალი ხარ, მარინა, გენაცვალე; სასიამოვნო, მაგრამ ცოტა მშრალი ქალიშვილი ხარ, მე არ შევცდები, იცოდე, ამ თვალით გიყურებენ ისინი», მეტყოდა ხშირად: «შიშს კი მალავ ოსტატურად, თავდაჭერილ მანერებსაც ფლობ, მაგრამ, ცოტა არ იყოს, ცივი და პოეტური გოგო ბრძანდები». ჰო, რაც მართალი მართალია, ჩინებულად მიცნობდა. ტყუილად კი არ მათევინებდა თეთრ ღამეებს ჩვენს იისფერ, ლექსებითა და სიზმრებით სავსე ოთახში. სულ იმისათვის ირჯებოდა, რომ ძირისძირობამდე ვცნობდი, უყვარდა ჩემს წიაღში ჭვრეტა და ფათური; ნეტარებდა – როგორიც შემქმნა, ისეთი ვიყავი. ჩაჰყურებდა ჩემს მფრთხალ სულს, თავისივე გამოზრდილსა და ნასათუთევს. ამაყად მეტყოდა: «ჩემი პატარა ინფანტა ხარ, მარი». მაცდური დეიდა იყო ჩვენი ქალაქის შავთვალა მანანა; მონადირეც მან არ აცდუნა! და საკითხავიც ეს არის ახლა: გადარჩება თუ არა ამ მსუქანი გველისაგან ნაცდუნები მონადირე? თუ ვერ გადარჩა, ჩვენი გოგონაც განწირულია ობლობისათვის: როგორც კი დაინახა ეს ტყისკაცი, მაშინვე, დაუყოვნებლივ, თიკანივით გულუბრყვილოდ შეიყვარა; ახლა კი, დაჭრილის შემყურეს უცხო, მძვინვარე ერთგულებამ დარია ხელი; ჩვენი მოდგმის მთელმა ქალწულობამ იფეთქა მასში – საშიში ნადირია ჩვენი პატარა გოგო!
სოგრატის აზრით, ჩვენ შეთქმულნი ვართ და არავინ უნდა შეიტყოს ჩვენი საიდუმლო, თუგინდ ექიმიც იყოს; მანანა დეიდა ფიქრობს, რომ არაფერი საჭირო არ იყო მონადირის გამეტება; გურამი თავის ბავშვობას ებრძვის და არავის ზოგავს ირგვლივ – კაცი იქნება, ქალი, თუ სხვა რამ სულიერი; მე უნდა მუცლად ვიღო მისი ბავშვობა…
ჰო, ჩვენ აქ ვსჯელობთ, მოვლენებს ვჭვრეტთ, ერთმანეთთან ვპეპლაობთ, იქ, კი, ჩაბნელებულ ოთახში მონადირე კვდება ან არ კვდება, ღმერთმა იცის ეს, და ჩვენი ნელლი ჭრილობებს ულოკავს; და ყველაფერ ამასთან ერთად საფრთხე დაძრწის ამ სახლის ახლომახლო, ფხიზლად გვდარაჯობს, ალყაში ვყავართ გამომწყვდეული.»
მარინე ახვლედიანს ეშინოდა არ მოვმკვდარიყავი და ახლოს ვერ მეკარებოდა. სხვებიც სადღაც გადაიხვეწნენ. ხედავთ, ჩემს თავს რა ხდება – ერთი უკეთური გასროლა და მონადირე კაცი ნანადირევად არ ვიქეცი?
სასოწარკვეთითა და გაშმაგებით უვლიდა თავის მომაკვდავ სატრფოს, მეუღლეს. ამ მოვლაში ისწავლა მოვლა, შემწე ცოტა ჰყავდა, ნათესავთაგან შერისხული იყო უცხოელზე დაქორწინების გამო: სამი მეგობარი მხოლოდ, ე. წ. ძმაკაცები, ღმერთმა უწყის ვინ იყვნენ – იქნებ გურამი სოგრატი მონადირე ერქვათ სახელად – შველოდნენ, დარდს უმსუბუქებდნენ შეძლებისდაგვარად; მოვლა ისწავლა, ოღონდ მაინც ვერაფერი უშველა და ასე დასტიროდა: არ მოკვდე, უცხოელო, მარტო შენ მყავხარ, ნუ დამტოვებ, ჩემი სამშობლოსი მეშინიაო; მაგრამ ის მაინც მოკვდა და სახსოვრად ჭლექი დაუტოვა. ან იქნებ ეს ჭლექიც საკუთარი, მშობლიური იყო, მხოლოდ უცხო ჭლექით შეზავებულ-მომაგრებული?
მოვლა ხომ ისწავლა!
მეზმანა, მომაგონდა: პარიზში სასტუმრო «ორმუტსას»-ში ვცხოვრობ და ლექსადმეტყველმა ქალმა თავისი გაზრდილის ქალწულობა ჩამაბარა. მერე კი შეშურდა იმ გოგონასი და თვითონაც მოინდომა ჩემთან დაწოლა; ჩვენ დავწექით ერთად, დარცხვენილი გოგონა გარეთ გაიძურწა და კართან იცდიდა. «მეც მომენატრა სამშობლო», ჩურჩულებს შავთვალა ქალი, «როგორ მოგვაგენი, ძმაო, ამ დასაკარგავში?» «ლექსების ხმაზე». «ო, ვიცოდი, ლექსი მიშველიდა, ყოველთვის მშველოდა ხოლმე. ამ გოგომ ხომ არ დაგღალა? სისხლის ნაცვლად ლექსი უდგას ძარღვებში». «მომისმინე, ვეუბნები მე: სასტუმროს მეპატრონე რატომ გზვერავთ, თუ იცი?» «იცის, ვინცა ვართ და გამოჭერა-დამუშავებას გვიპირებს». «ამ გოგოს რატომ შეეშინდა ჩემი, კაცი არ უნახავს?» «მოღალატე გოგოა, გათხოვებას აპირებს». «ძალიან გიყვარს შენი გოგო ქალო?» «ძმაო, უცხოელთათვის დიახაც არ მემეტებოდა მისი უმანკოება». ასე ვსაუბრობდით, თან დროს უქმად არ ვკარგავდით: სამშობლოს დანატრებული ქალი ღონივრად ალერსობდა, ხოლო გოგონა დერეფანში იდგა კარებს აფარებული და ბოროტ მეპატრონეს იგერიებდა; მეპატრონე ყვიროდა: «აა, მრავალფეროვნება შეიტანეთ რეპერტუარში განა? ეშმაკმა წაგიღოთ, ჩემი სასტუმრო წმინდა დაწესებულებაა, ვის შევალახვინებ მის ავტორიტეტს!» «არავინ გილახავს კაცო, დაწყნარდი», უთხრა უცებ გოგომ და ამ მოულოდნელი თავხედური სიტყვების გაგონებაზე მე ვირწმუნე, რომ ეს გოგო ჩემი ნათესავი იყო: ეჰ, სადღა არ დავეძებდი ნათესავებს, ქვეყნის რომელ კუთხეში!
ფრანგი კვლავ გაშმაგებით აწყდებოდა კარებს, პოლიცია ახლავეო, სურდა ეღრიალა, მაგრამ ერთიც ვნახოთ და ამგვარად იღრიალა: «ინტელიგენცია ახლავე! შემოკრბით კეთილშობილნო, ბარბაროსი მახეში გაება!» სად იყო და სად არა, ოთახში ინტელიგენტთა ლაშქარი შემოიჭრა. მე გაუხდელად ვიწექი და ფეხზე ადგომით შევეგებე თავდამსხმელებს, თმაგაწეწილი, შიშველი ქალი ზეწარში გაეხვია და შავი თვალები ონავრულად უციმციმებდა. «კეთილ ინებეთ და იმართლეთ თავი!» გაიძახოდა მეპატრონე. გოგონა ქალს მიეხუტა, ქალმა კი სტუმრებს ჩემი თავი წარუდგინა ცბიერად: «ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ ჩემი ნათესავი, მონადირე…» სტუმრებმა არც კი დაამთავრებინეს სიტყვა, ახმაურდნენ: «სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ბატონო მონადირე!» «მადლობა, კაცო!» მივუგე მე: «მითხარით ერთი, რას შემომივარდით აქ?» «ოო ჩვენ გვაინტერესებს როგორი მონადირე ხართ, რაზე ნადირობთ». «მე ჯიხვებს ვკლავ, მაგალითად». «ჯიხვი რა არის?» «თხა იცით?» თხა იცოდნენ. «ჰოდა, ჯიხვიც თხაა, ოღონდ თხისგან იმდენად განსხვავდება, რამდენადაც მგელი – ძაღლისგან». «ოო, დახეთ… თვალსაჩინო განსხვავებაა». «არჩვია კიდევ, ისიც ჯიხვს წააგავს. ორივეს მარილიანი ხორცი აქვს». «ეს როგორ?» «მჟავე წყალს სვამენ». «თქვენი გვარი, მეტრ მონადირე?» «მარსიანი, ბატონო». «იტალიელი ბრძანდებით თუ ეე… სომეხი?» «სვანი ვარ სვანეთიდან». «ეგ ქვეყანა საითაა?» «კავკასიის მთებში გახლავთ, აი კოლხეთის ზემოთ, ჩრდილოეთით». «ოო, რა კარგია, მაშ მედეა იცით, ბატონო?» «საყვარელი იყო ჩემი». «მე კოლხ მედეაზე მოგახსენებთ, ბატონო, იაზონის მედეაზე». «მეც მაგაზე მოგახსენებ, კაცო, იაზონი მე მქვია». «როგორ, თქვენ გინდათ თქვათ, რომ ბერძენიცა ხართ ყველა სხვა სიკეთესთან ერთად?» «ბერძენი შენ თვითონ ხარ!» ვუთხარი ჭლექიან ინტელიგენტს, რომელიც, როგორც შევატყვე, ამ ლექსძარღვიან ქალიშვილს ეტრფოდა. ქალიშვილიც სიყვარულით შესციცინებდა და ალბათ აწ დაუბრკოლებლად გაჰყვებოდა ცოლად, რაკი ის მშობლიური განძი – ქალწულობა – მშობლიურ გარემოს მიაბარა. სხვას რაღას წაართმევდნენ ეს ფრანგები თუ ბერძნები?
«სტუმართმმუსვრელო, კმაყოფილი ხართ დაკითხვით?» მიმართავენ ინტელიგენტნი სასტუმროს მეპატრონეს. ის კი კვლავ გაიძახის: «მონ სენ-ორმუტსას! ვის შევალახვინებ! შორს ჩვენგან ბარბაროსნი, ლათინურის უმეცარნი, კავკასიელნი!..»
გამომეღვიძა. ბეჭში ნატყვიარი ოდნავ მეწვის. საშინლად ღონემიხდილი ვარ და საკვირველია, რომ ეს უღონობა ლამის ნეტარებას მგვრის. ოთახში ბინდბუნდი დგას, განთიადის მომასწავებელი სიგრილე იგრძნობა. «წყალი ხომ არ გინდა?» მეკითხებიან უცებ. ჩემს გამოღვიძებულ სახეზე ფერფლისფერთმიანი თავი დაიხარა. «შენ მილოკავდი ჭრილობებს?» მისი თმების ნაზ სურნელებას ვგრძნობ და ვხედავ, ნისლიან თვალებში ერთბაშად ონავრული სხივი გაკრთება:
«წყალი არ გნებავს, წყალი?»
«აქ დაჯექი, საწოლის კიდეზე», ვთქვი მე.
ნისლისფერი მომწვანო თვალები, ნისლა ქალიშვილი: არ ვიცი, ვინ არის, საიდან გაჩნდა; ჯერ ხელით არ შევხებივარ, არ ვიცი, მის სხეულსაც თუ აქვს ჩვეული ქალური სითბო, ისეთი, მანანა დეიდას და მარინე ახვლედიანის გათქვირულ სხეულებს რომა აქვთ; ეს თეთრი გოგონა იქნებ მათი საერთო პირმშოა, მათი ბნელით მოცული და გათქვირული ურთიერთმგოსნობის ნაყოფი… საზარელი შავთვალა ქალებია ესენი, ვიცნობდი ოდესღაც;
საწოლზე ჩამოჯდა, ფერფლისფერი თმა შუბლზე ჩამოეშალა. მარინესავით დიდი მკერდი აქვს, ოღონდ შედარებით ტანთხელია; ვუყურებ ამ წერწეტა, ყელმაღალა, დიდმკერდა გოგონას და თითქოს გული მიჩუყდება. არასოდეს მგონია ნაზი გრძნობები ქალების მიმართ. არც სხვა საგნების მიმართ. ახლა რაღა მემართება? ეჰ, დაჭრილი ვარ, ძმურად, მეგობრულად, საფუძვლიანად დაჭრილი;
«აბა ერთი ჩემსკენ დაიხარე».
«რას მიშვრები?»
«გკოცნი. ტუჩები კარგად მომიმარჯვე, თავის აწევა მიჭირს. ძალა აღარ მაქვს».
«შენ და – ძალა აღარა გაქვს? ბარემ გეთქვა, მკვდარი ვარო! ძალის მეტი რამე გქონია შენს ცხოვრებაში?»
«რა ვიცი».
«ახლა რას მიშვრები?»
«საკინძეს გიხსსნის. რამოდენები გქონია».
«გვარში მოგვდგამს. ოღონდ… როგორ მიბედავ შენ მაგას? ჯერ ეს არავის გაუბედია ჩემთვის».
«ვერც ვერავინ გაგიბედავდა. შენ ხომ ჩემთვის გაუჩენიხარ ღმერთს… თუ ამ ქალბატონებს».
«წყეული ხარ, ყველაფერი იცი».
«რა ვიცი?»
«იცი, ამათ რისთვისაც ამომიყვანეს შენთან… საგანგებოდ ამომიყვანეს, წინასწარ დამოძღვრილი ვარ ამათგან და ყველაფერი… მაინც ვინ ხარ ასეთი?»
“ბევრი მეკითხება მაგას; მონადირე გახლავარ: ხან საღსალამათი, ხან ფეხმოტეხილი, ხან ბეჭში დაჭრილი».
«ასეთი ვინ ხარ? მართლა იმგვარი ძალა გაქვს, როგორც ამბობენ?» საშინლად გაწითლდა.
«რაც მართალი მართალია, ძალიან ღონიერი ვარ».
«მაგას არ გეკითხები… მრცხვენია იმის თქმა…»
«იმას თუ ამბობ, მაშინ შენ დურგალი უნდა ნახო, დურგალთან მე რას მივალ მაგ საქმეში.
«ეგ ალბათ რაღაც გოლიათი დურგალი იქნება».
«არა, კაცო, ერთი ბაჯაჯღანა კაცია, ორი თითით შემიძლია წიწილასავით წავახრჩო. მაგრამ ქალად თუ ხარ გაჩენილი, მტრისას, მარტო მის გვერდით ჯდომაც, დაგაორსულებს».
«უხ, როგორ ვლაპარაკობთ!»
«როგორ და მშვენიერად».
«ხელებს მოუარე სხვათაშორის».
«რაღაც ნაზი გრძნობები მეძალება, რომ გიყურებ. ვერ ვიტან ნაზ გრძნობებს».
«აა, მაშ ვერ იტან? მე კი მაინც შეგაყვარებ თავს, ყველა იმ ქალის მაგივრად, ვინც ნაზი გრძნობების უქონლად გაგიუბედურებია».
«რას მერჩი».
«იმ ქალების მაგიერს გიხდი, ვისი ცოდვაც შენს კისერზეა; ვისაც შენს ლოდინში თვალები უღამდება; ვისაც ქმარ-შვილი შეაძულე; ვინც შენი გულისათვის საყვარელი მიატოვა; ვინც ტყვია დაიხალა; ვინც შენი სიყვარულით შენს ნაჩუქარ კატას კოცნის… მე ყველაფერი გაგებული მაქვს, მითხრეს!»
«არ მიქნია ეგენი მე, გატყუებენ მაგ ძაღლისშვილები».
«და ახლა ნახავ, როგორ გაწამდები, მაგ სისხლისაგან დაცლილ გვამში რომ სიყვარულის ბაცილა შეგეჭრება».
«ვერ მოესწრებით მაგას, ქალებო!»
«მოვესწრებით, არხეინად იყავი», უცებ მაკოცა და სწრაფად გასწია თავი, თმა აუფრიალდა, გაკვირვებითა და აღტაცებით მომშტერებია, ლოყები უვარვარებს:
«მოვესწრებით, დარდი ნუ გაქვს!»
«ჩამიგდეთ ხელში, დედლებო», ვამბობდი დინჯად.
ყელმოღერებული გოგონა ფართო თვალებით შემომცქერის და თავის ფუშფუშა თმას ეფერება თითებით. «დაჭრილი რომ არ ვიყო, მე შენს თმას ხელზე დავიხვევდი და ისე გავხედნიდი-მეთქი», უილაჯო ჟინიანობით ვეუბნები.
«მაგისთვის ამომიყვანეს აქ».
«თუ არ გინდოდა, რას მოჰყვებოდი».
“უნდა მნდომებოდა. ამათ ასე სჭირდებათ.ამათთვის მე ყველაფერი უნდა ჩავიდინო, ჯვარს უნდა ვეცვა».
«მე ჯვარი არა ვარ».
«სირცხვილით მოვკვდებოდი, ამათთვის რომ წინააღმდეგობა გამეწია».
«ეს რა ბნელი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთში, ეშმაკმა ნუ იცის თქვენი თავი».
«მარინეს ჩემი ქალწულობა სტანჯავს. არ მინდა ჩემი უფროსი დაიკო იტანჯებოდეს».
«როგორც ვატყობ, ორივენი ამ პუტკუნა მეძავთ-მეძავის მონები ხართ».
«გვეცოდება, ბერდება უკვე».
«სოგრატს ფეხებზე ჰკიდია მაგის სიბერე».
«სოგრატი ბებერი ჭკუისკოლოფია».
«გურამი ვიღაა?»
«ძუძუმწოვარა. ბავშვივივით უხარია, მარინემ რომ შეიყვარა».
«თოფს კი მარჯვედ ხმარობს».
«ღმერთმა უშველოს. კარგი ჰქნა, ტყვია რომ დაგახალა».
«მოვკლა თუ დავგჭრა?”
«ხელი არ ახლო. მაგის წყალობაა, ჯერაც რომ…»
«ჯერაც რომ ქალწული ხარ? მერე მარინე რომ იტანჯება შენი თქმით?»
«გაჩუმდი, ასე მგონია, სისხლში მკიდებ ხელს».
«მოდი, კიდევ ვიკოცნაოთ».
«შე წყეულო! მიყვარხარ…»
«შენ კი გეგონა, აქეთ შემაყვარებდი თავს».
«შეგაყვარებ კიდეც».
მერე ვჩუმდებით. თვალები წამოცეცხლებული აქვს, მთვრალი ნისლი; თხელ კაბაში გამონაკვთული მუხლები მალიმალ უტოკავს: «ო, შენ პატარა კვიცო», ვფიქრობ მე: «შე გრძელფაფარა თეთრო კვიცო!»
ცოტა მოვიკეთე. შემოვიდნენ ჩვენი ქალები: «როგორა ხარ, მონადირე, არ მოკვდი?» მკითხა მანანა დეიდამ. «შენც მკითხე რამე მარინე». «რა გკითხო… კარგად გივლიდა? თავი ხომ არ შეურცხვენია მოვლის საქმეში?» «მე თქვენ გიცნობთ, ქალებო, თქვენ არ იყავით, პარიზში რომ გიყვარდით>?» «პარიზში შენ რა გინდოდა, მონადირე, შენი ადგილი სვანეთშია». «ლექსებს რატომ კითხულობდით, ქალებო, პოეტები ხომ არ იყავით? ვერ ვიტან პოეტებს». «რას ერჩი?» «ქედმაღალი ხალხია, ისე მიყურებენ, როგორც რამე ზერელ ეგზოტიკას». «შენ ეს გვითხარი, ამ გოგომ რარიგ გარგო, კარგად თუ მოგემსახურა?» «ო, ძაან გოგოა». «მაშ როგორ! ვენაცვალე მე ჩემს გოგოებს, ბიჭო, მონადირე! «ქალო მანანა, ეს რა გოგოების ფაბრიკა გაქვს გახსნილი?» «რა ვქნა, შვილო, შემოქმედი ქალი ვარ». «მე შენი შვილი არა ვარ, თუ შეიძლებოდეს». «არც მე ვარ შენი ქალო-მანანა, ჩემს სახელს რომ ახსენებ, რამე სოლიდური ატრიბუტიც დაურთე ზედ». «ატრიბუტებისათვის მცხელა, ტყვია მაქვს ბეჭში ნაგემნი». «მაგით ვერ გაგვაკვირვებ, ჩვენც ბევრი რამე გვიგემნია. არ გვიცნობ შენ ჩვენ, მონადირე». «გიცნობთ, გიცნობთ, პარიზელებო; მაშინ ორნი იყავით, ახლა გასამებულხართ: ეს თეთრი ბავშვი როდის შექმენით?» «ბავშვიო?»
მზე ამოვიდა ალბათ. ბუნდოვან ოთახში სინათლის სხივი ჩამოეშვა ვიწრო სარკმლიდან, ნელლის ფერფლისფერი თმები ლბილად აციაგდნენ.
«შენ კიდევ მთელი ხარ, გოგო?» სოფლურად შეუყვირა მანანა დეიდამ. კუთხეში მიიმწყვდია, იქ ჯერაც ბნელოდა: «აქ და აქ მაკოცა». მე და მარინე ერთმანეთს თვალს ვარიდებდით, სარკმელში ნელა მოცოცავდა სინათლე: «კიდევ რა გაკადრა». «ვეღარაფერი. ჭრილობა აწუხებს». «ესეც როგორ გააბედინე… გვარი არ შემირცხვინო გოგო!» ისევ მომესმა აშარი შეყვირება.
«რატომ ხარ ჩუმად, მარინე», ვუთხარი მე: «შენ გგონია, გურამს მოგიკლავ?» მარინე წამოენთო: «მე არაფერი მგონია და საერთოდ, ჩემი საქმე არაა, რას დამართებთ თქვენ ერთმანეთს». შემდეგ ერთბაშად მკვდარივით გაუფითრდა სახე, მაგიდიდან სიგარეტი აიღო და ხელის კანკალით მოუკიდა;
«ჰო, მე სულმოკლე და მოღალატე გოგო ვარ», დაიწყო მარინემ, მიყურებდა და თვალები საზეიმოდ უბრწყინავდა: «მეგონა კვდებოდი და მაინც ექიმი არ მოგიყვანე, გურამის გამო შემეშინდა: გურამისგან მე შვილი უნდა ვიყოლიო, შენ კი ვინ ხარ, რაში მჭირდება? შენ რომ აქ კვდებოდი, მე გურამმთან… (ბავშვს აჩენდა გურამთან, ბავშვობისგან იხსნიდა გურამს) ჰო, აქვე, შენს სახლში, შენს იატაკზე… მადლობელი იყავი ჩვენი, მაგ ლოგინიდანაც რომ არ გადმოგაგდეთ!» იკივლა მარინე ახვლედიანმა, მთლად აკანკალდა და დაასრულა: «დიდი რამე ხომ არ გგონია ცოცხალი რომ გადარჩი ახლა? კიდევ უარესი საფრთხე მოგაკითხავს, როცა იქნება და იცოდე, ყველასგან მიტოვებული იქნები, მარტო, მარტო ამოგხდება სული!»
კარი უცებ გაიღო და სოგრატის გაბადრული სახე გამოჩნდა. ეტყობოდა, ყველაფერი მოესმინა; მახვილგონიერი სოგრატი ვრცლად გაიღრიჭა, უთმო შუბლი გენიალურად აუპრიალდა:
«ძუ დოსტოევსკი ხარ შენ, მარინე ახვლედიანო!» თქვა სოგრატმა. იგი მხრებში აიწურა, კუთხეში მიდგა: მანანა დეიდა თეატრალური აღშფოთებით უცქერდა; ოთახში დღის სინათლემ იძალა; მერე მოულოდნელად გავარდა თოფი: წამიც და ლომის გრუხუნი ისე დაგვატყდა, გვეგონა, ჭერი ჩამოგვენგრა თავზე; ოთახში თოფიანი გურამი შემოვარდა, თოფის ტუჩიდან კვამლი გამოდიოდა.
«დავჭერი», თქვა გურამმა: «სისხლი ვანთხევინე».
«ისემც შენ რა გითხრა, გურამ!» მიაძახა მანანა დეიდამ; ყველანი ერთად ვიყავით ახლა, ერთ ოთახში, ერთ ჭერქვეშ; დერეფანში, თქარათქური გაისმა და მოფრიალებულ კარში ლომის საზარელი თავი შემოეხირა:
წამიერი სამარისებული დუმილი; მერე ყვითელმა მხეცმა თვალები დააბრიალა და ვეება ეშვები გადმოყარა: გრრ!
«განდევნე ლომი, ნელლი».
კლდის ძირას იდგა და ჩემსკენ აპარებდა მზერას. სახლიდან გამოპარულები ვიყავით ჩვენ, ვიცოდით თავს ვეღარ დავაღწევდით ერთმანეთს; არ შევთანხმებულვართ აქ შეხვედრაზე, მაგრამ იმან, რაც ჩვენ შორის ითქვა, აქ, ამ სახიფათო ადგილას მოგვიყვანა ორივენი: აი, ახლა მე მის თმებს ხელზე დავიხვევდი და დანაქადებს შევუსრულებდი; არ არსებობდა არაფერი, რაც ჩემგან დაიხსნიდა; ეს ფიქრი ალბათ თვალებში გამომეხატა, მან უცებ დაიკივლა და გამექცა… მაგრამ ამ მთებში, ამ გაუვალ კლდეებში, ღმერთს ვფიცავ, ვერავითარი ქალი ხელიდან ვერ წამივიდოდა – მითუმეტეს ასეთი თეთრი, ამაღელვებლად ტანთხელი და მკერდმაღალი, უგონოდ ჩემზე შეყვარებული და უცხო, როგორც დილის პლანეტი; იგი უთავბოლოდ აწყდებოდა აქეთ-იქეთ, გარშემო მიირბენდა და ქანცი ეცლებოდა; ცხენის ძუასავით უფრიალებდა თმები, დროდადრო იკივლებდა, სასოწარკვეთილი ზარი მოჟონავდა ამ ხმაში: «ვიცი, რომ დამიჭერ და დამცემ, ვიცი, რომ უმწეო და უპატრონო ბავშვი ვარ». და მეც დავიჭირე ეს აკივლებული ბავშვი, ზურგიდან მივწვდი და გულზე მივიკარი, ხერხემალი უთრთოდა… კივილი არ შეუწყვეტია მაშინაც, როცა გულაღმა გავშოტე მოლზე და მისი თმებიც მაჯაზე დავიხვიე, როგორც შევპირდი; აკივლებულ ტუჩებს ვუკოცნიდი და როცა სავსებით დავეუფლე, მაშინაც პირში შემომკიოდა; მერე მობუზული ვიჯექი, დაღლილობისაგან სხეული მიკანკალებდა, დაჭრილი კაცი გახლდით. ის კიდე ჯერ კიდევ იკლაკნებოდა მოლზე. საკუთარ თმებში გახლართული სიყვარული.
ხომ გიყვარვარო?
ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს. სისხლისაგან დაცლილ სხეულში თითქოს მომაკვდინებელი ბანგი მეღვრებოდა, იქნებ უცხო ბაცილები შეიჭრა… გოგონამ უკნიდან შემომხვია მკლავები, კისერში მაკოცა: ხომ გიყვარვარო? აბა მითხარი, ხომ გიყვარვარ, აბა მითხარი, გამოტყდი, აღიარეო:
იმ მეხისებურმა გრუხუნმა გვისწრო, ასე რომ გვწყალობდა ჩვენი ნათესაობის ჟამს. წამოვდექი და ანგარიშმიუწვდომლად წავბარბაცდი ამ ხმისაკენ, მერე თავბრუ დამესხა და შევჩერდი; და ვხედავ, როგორ ულმობლად გვიახლოვდება იგი, ცოტაც და თავს დაგვატყდება… ხომ გიყვარვარო, ხომ გიყვარვარო, დასწყევლოს ღმერთმა ეს დაძაბუნებული ხელები, ეს არაქათგამოცლილი მუხლები…გრრ! გრრ! კვლავ დავიძარი და ლამის ზედ მივადექი, « ჰეი!« იმავე წამს აფოფრილი ლომი თავს დამეცა და ლოდებში ჩამჩეხა; და აჰა, საბოლოოდ ძალაგამოცლილი და გულგრილი ვწევარ, საოცრად მომეშვა გულზე; ისიც გულგრილად მადგას თავს, ყვითელი თვალებით შორს, სამხრეთს გასცქერის; მეც ვიცი ეგ სამხრეთი და დროა უკვე;
«განდევნე ლომი, ნელლი «.
მან განდევნა – მხეცის ყვითელ ფაფარში ჩახვეული ქალიშვილი ზმორებით გაქრა, დროულიც იყო, განა ჩვენ ყველანი უცხო ხიფათის წინაშე არ ვძრწოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, განა აფრიკელი ნათესავის ჟამი არ იდგა? მაშა, ერნესტ, აფრიკა ყველას კურნავს, ლათინურის არმცოდნეთაც კი; და როცა ეს იცი, აღსასრულის ჟამს არც ისე მარტოდ იგრძნობ თავს, თუნდაც მთელი ქვეყნის შავთვალა ქალებმა მიგატოვონ.
გვარი როგორ შემირცხვინე გოგოვ, შე წყეულო, ამას ველოდი შვილო, შენგან; კი ელოდი, როგორ არ ელოდი და აჰა, გაიხარე, ჯვარს ეცვა გოგო თქვენთვის, ჩემო დებო, მეტი რაღა შეძლოს პატარა გოგომ;
მარინე ახვლედიანი: « ბოლო ჩანაწერს ვაკეთებ ამ ამბავზე და დაგემშვიდობებით კიდევ: დროა წერტილის დასმისა, დადუმებისა.
გურამიც ჩუმადაა, მის ქოჩორა თავს, გაფითრებულ ლოყებს ვეფერები: ცუდი არაფერი ელის, რაც მოხდა, წარსულს ჩაბარდა: რა მისი ბრალია, რომ შეცდა, ამ წყეულ მთაში ამოგვიყვანა და მონადირის საბრძანებელში თოფის ხმარებით მაწონებდა თავს, საგმირო საქმეებს მაჩვენებდა!
სოგრატი და მანანა დეიდა მგონი ჩუმ-ჩუმად დამცინიან, ასე რომ დავკანკალებ ჩემს ბედნიერებას. ვინ იცის, სხვებიც დამცინიან… დამცინეთ, მე იქნებ მხდალი და საცოდავი ქალი ვარ, იქნებ სულმოკლეც, მაგრამ ყველანი მიყვარხართ: მე სულ მეშინია, ვაითუ რამე ცუდი დაგემართოთ, ვაითუ მომიკვდეთ… და გულში ვმღერი, როცა თქვენზე ვფიქრობ, ასე მგონია, ეს ჩემი უხმო სიმღერა დაგიფარავთ და გაცოცხლებთ; ვიცი, ცრუმორწმუნე ვარ, მაგრამ ცრურწმენა მშველის, როგორმე ავიტანო ეს ჩუმი, გულდაწურული, შიშისაგან გულგახეთქილი სიყვარული;
შენ კი მონადირე: რომ არ მოგვეშველე და რომ გაგწირე, როცა კვდებოდი; ექიმი არ მოგიყვანე; მაგრამ ხომ მიყვარდი… ხომ ვმღეროდი გულში შენს გადასარჩენად; რა ვქნა, რომ პატარა გოგო აღარა ვარ – ჩემს ყოვლისშემძლე დეიდას კალთაში ჩავუჯდე და წვერებიანი ბიძია მიყიდე-მეთქი, მოვთხოვო; ხომ გავიმეტეთ შენთვის ჩვენი გოგონა, ხომ მოგგვარეთ, მოგართვით; მაშ ანგარიში გასწორებულად ჩავთვალოთ და ცალ-ცალკე მოვკვდეთ, როცა დრო დადგება; ჯერ კი მე უნდა ვიცოცხლო, გურამს შვილი გავუჩინო: აბა შენ რად გინდა შვილი მაგ უკაცრიელ მთებში? ჯიხვი და არჩვი გეყოფა…
მთაში ჰაერი სუფთა და ცივია; მე კი ცხოვრება ვნახე – ჭლექიანი იყო და მსწრაფლწარმავალი; მეც ჭლექიანი ვარ, როგორც ზოგი უცხოელი. მაპატიე ეს ჭლექიანობა.
დრო მიდის, ზოგნი ბავშვობას ეთხოვებიან. მთა მრისხანეა და საშიში: მშვიდობით, მონადირე, ჩემო ძველო სიზმარო».
მარინე ახვლედიანი გულში მღერის. მშვენიერი ქალია, ქალაქში განთქმული ქვრივი; მისი გურამი ბოლოს და ბოლოს დავაჟკაცდება კიდეც ქალაქის პირობაზე; მანანა დეიდაც ძალიან ქვრივია, ძველი ლამაზმანი, გველეშაპი: აფორისტი სოგრატი ჩაუგდია ხელში, რომელიც ამბობს: «ბოროტება ცხოვრების სპექტაკლია, ხოლო სიკეთე – მისი ანტრაქტიო «. ცხოვრებაზე ყველანი მსჯელობენ და კვლავაც იმსჯელებენ, რაღა თქმა უნდა; სხვა რამ საქმეებსაც ბლომად ჩაიდენენ; საამისოდ, იმედია უფრო შესაფერ ადგილს შეარჩევენ, ვიდრე მონადირის სახლია, და ძალიან კარგსაც იზამენ – არ მიყვარს მე მსჯელობა და პოეტობა ჩემს სახლში.
მეზმანა: ჭრილობიდან სისხლი მდიოდა. უზარმაზარი, გიგანტური შუადღე იდგა. მზე არ ჩანდა, ისე იყო სამხრეთი მზით გაჯერებული; ცხელოდა, შავი სიცხის მიღმა გადაშლილიყო მწვანედ, წითლად, ყავისფრად მოელვარე სავანა: კამეჩისა და ანტილოპის ურიცხვი, უშფოთველი ჯოგები ძოვდნენ და შორს, თითქოს ქვეყნის კიდეზე, შამბნარსა და ხეთა ჩრდილებში იწვნენ ოქროსფერი ლომები. ჭრილობიდან სისხლი მდიოდა, ცხელ სამყაროში ნელა, რწევით ვეშვებოდი მიწაზე; ლომები არ იძვროდნენ ამ გარინდებულ უკიდეგანო შუადღეში, უკიდეგანო სიჩუმეში, სამყაროს მიღმა: აფრიკის კარად ვკვდებოდი.
მჭადის, ტარანისა და ალადასტურის ნარჩენებს წირვა გამოვუყვანე და არაფერი დამრჩა ხვალისთვის. ეს ალადასტური კარგი რამე იყო, მაგრამ კარგადაც გამომიწრუპეს ამ ჩემმა ძმაკაცებმა. თუმცა ვალში ხომ მაინც არ დამრჩნენ: ქალები ამომიყვანეს ქალაქიდან.
ახლა დასაძინებლად ვემზადები. სიბნელეა და სიჩუმე, მარტო ვარ ჩემს ძველისძველ სახლში, როგორც ყოველთვის. ალბათ კარგა ხანს ვერ ვინადირებ, ჭრილობამ დამასუსტა. გურამს დამიხედეთ არ დამჭრა? სანაძლეოს ჩამოვალ, განგებ რომ ესროლა, ასე კოხტად ვერ მომარტყამდა. თუმცა, კაცმა რომ თქვას, მაინცადამაინც არაფრად სჭირია ჩუბინობა: ლამაზ ქვრივებზე თოფით როდი ნადირობენ. ეს კია, რომ არც იმ ლამაზი ქვრივების სანადიროდ წაყვანაა დიდად სახარბიელო, სოგრატმა მაინც იცის ეს, ჩემი ხნისაა, ბრძენი კაცია. ცოდნით კი ვიცით, მაგრამ ყოველთვის რომ ვერ ვიყენებთ ამ ცოდნას? და აი შედეგიც – გვარიანი ჭრილობა: ხომ შეიძლება უცხო ბაცილები იყოს შიგ შეჭრილი… ექიმს კი არავინ მოგგვრის, არხეინად იყავი.
ჯანდაბას ჭრილობა, მეძინება. ძილს კი კვლავ მოჰყვება სიზმრები, მაგრამ რა გზაა, უნდა გავუძლო. მე უნდა გავუძლო, რადგან მგონი თავადაც სიზმარი ვარ, ყოველ შემთხვევაში, მარინე ახვლედიანი ასე უნდა ფიქრობდეს: მაგას და მანანა დეიდას უყვართ სიზმრები, პოეზია; აკი დამასიზმრეს კიდეც ის უცხო, ფერფლისფერთმიანი არსება… რომელ ალადასტურს არ ჯობდა!
ვწევარ და სიბნელეში და სარკმლიდან გრილის ნიავი უბერავს. კარგი ჰაერია ამ მთაში. საერთოდაც კარგია აქ, მყუდროდ გრძნობ კაცი თავს. თუ შეიშნობ, მთაში ყოფნა ბარეორ ადგილას ყოფნას სჯობს. შესაძლოა დიდი, არააქაური ნადირის გამოჩენამ კაცს თავზარიც დასცეს, მაგრამ ასეთი რამ ძვირად ხდება, უფრო სიზმარს წააგავს. და კაცმა ზოგჯერ სიზმარსაც ხომ უნდა გაუძლოს… აკი ჩვენც, ყველანი გამუდმებით ვესიზმრებით ერთმანეთს, ძილშიაც კი ვერ მოგვისვენია ერთმანეთისაგან.
მეძინება. მანანა დეიდამ ის თერმოსი ხომ მაინც გაავსო მჟავე წყლით. წვეთი არ მოუკლია, ისე წაიღო ქალაქში. ესეც ტროფეი! ყოჩაღ ქალო. მონადირე ვარ მე.
მეზმანა…