Litclub.ge

მედღეხვალიე
მეივნისე ვარ, მეწვიმე და მედღეხვალიე, 
ალპინისტი ვარ ერთხელ ყოფნის, ერთხელ სიკვდილის. 
მათხოვარი ვარ ქუჩის კუთხის მე დღეს, ხვალ ისევ 
კაბა მაცვია გულ-ზვიადი. მიწა მიკივის: 
მტკენს შენი მძიმე ნატერფალი, წადი, გამშორდი, 
სხვაგან გადარგე შენი ნაყოფი, სხვაგან ახარე. 
გუთანს შებმული ვევედრები მიწას შენდობას, 
აღარც სიკვდილს აქვს თავის ფერი... მოდგა ლაზარე. 
ფეხშიშველია. ცხელ მიწაზე მიჰყვება გუთანს, 
მიწათმოქმედი ორჯერ ყოფნის, ორჯერ სიკვდილის. 
წყალს მაწვდის, ოდესღაც სხვისგან მიწვდილს,როგორც 
უქონელს. და მესმის ჩემი ნასახლარი როგორ მიტირის. 
ვწევარ გულაღმა ჩემს ქოხმახში. მტკივა ქუსლები. 
სისხლმდინარია. ერთ კედელს კი სურს რომ წაიქცეს. 
ასე მგონია გულზე მაწევს, მკერდით ვაკავებ, 
ჩემი ბადაგი - ჩემი კერა რომ არ დაიქცეს. 
მეივნისე ვარ, მეწვიმე და მედღეხვალიე, 
დღეს თუ არ, ხვალ რომ უსათუოდ განმიკითხავენ, 
ალპინისტი ვარ. ვერ ვიპოვე ჩემი მწვერვალი. 
მოვა ღამე და ჩემს გუთანსაც ამიყირავებს. 

მოდგა ლაზარე, ფეხშიშველი. თასით წყალს მიწვდის, 
როგორც უქონელს...