Litclub.ge

ტყუპისცალი
ჩემი ტყუპისცალი არ მასვენებს...
ვერასდროს ვემთხვევით...
მე რომ წინ მივდივარ, ის ყოველთვის უკან ბრუნდება,
მე რომ მიხარია, ის მუდამ ტირის,
მე რომ ბეჯითი ვარ, ის ამ დროს ზარმაცობს.
მე რომ მძინავს, იმას ღვიძავს,
მე რომ ვჩხუბობ, ის საშინლად მშვიდია,
მე რომ ვწვიმ, ის ამ დროს მზეობს,
მე რომ ვქმნი, ის წიხლებით თელავს,
მე რომ დღეებს ვხატავ, ის – ღამეებს,
მე რომ ლექსებს ვწერ, ის ლექსებს მილანძღავს,
მე რომ ვლოცულობ, ის ამთქნარებს,
მე რომ მინდა, იმას არ უნდა,
მე რომ მცივა, იმას სცხელა,
მე რომ მშია, ის ლუკმას არ იდებს,
მე რომ მტკივა, ის საწოლში ნებივრობს,
მე რომ ვკვდები, ის იბადება,
მე რომ მიყვარს, იმას ეცინება,
იმას არ უყვარს...
ან ყველაფერი პირიქით...
ერთმანეთს ვერასდროს ვემთხვევით,
მივდივართ სულ იქით,
სადაც მზენაკლული ვერხვები
სხვადასხვა ფორმის ფოთლებს
ყრიან ყველა ტოტიდან. ვაგროვებთ
ფოთლებს და ჩვენი ფოთლებიც
არასდროს ემთხვევა და მდორე
წყალივით ვტკეპნით კალაპოტს.
ერთმანეთს ვერ გავცდით აქამდე,
ერთმანეთს ვატარებთ დაღლამდე,
არ ვთმობთ და ვპასუხობთ: "რაღა მე?!"
რაღა მე მიყვარდე, – ვამბობ და ხან
მინდა, მიყვარდე, ხან ისევ არ მინდა.
ესეც ჩემს ტყუპისცალს დავაბრალე.
გაოცდი? ჰო, ჩემსკენ აურია ამინდმა.