Litclub.ge

Valiente Sheriff, One Gog & Paul Gauguin
1888 წელს ჰუიგალპას სახელოვანმა, მაგრამ მამაცმა შერიფმა ატლანტიკა გადაცურა და “ღუზა” ნანტში დასცა. მან ერთხელ დაისვენა, როცა მხარი ამოუვარდა და „მხარული“ “ძაღლურით” შეცვალა. სახიფათო მოგზაურობაში შერიფს მხოლოდშობილი ბიზონი ახლდა, სახელად “ღუზა”. ღუზას რაც მოუვიდა, პირველი წინადადებიდან გეცოდინებათ.
დაადგნენ არლის გზას, თან ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის პეიზაჟებს ათვალიერებდნენ და ხალხურ მოტივებზე შექმნილ უწმაწურ სიმღერას მღეროდა. სიცხადისათვის დავამატებ, რომ მღეროდა ერთი შერიფი. ბევრი იარეს თუ ცოტა, ამერიკის შვილებმა არლის Casa de Putana-ს მიაღწიეს, რომლის კარზეც _ “რობინ ჰუდმა სპერმის ბანკი გაძარცვა და გაჭირვებულებს დაურიგა” _ ეწერა. მიხვდა ბიზონი, არ ეპიტნავა ევროპის კრიმინოგენული ფონი მამაც შერიფს.
ჰამაკში მხატვარი იწვა სულელი წვიმის  პოზაში და როსკიპ დიაცებს ეშაირებოდა. შიგადაშიგ ბიბლიურ თემაზე შექმნილი საკუთარი სურათისკენ აპარებდა მზერას, “One Gog. Gog and Magog”.
- გვარში გაქვს შეცდომა! - დამცინავად წამოაყრანტალა Paul Gauguin-მა.
მხატვარმა კლოტილდას მოახლოება შესთავაზა, მერე ყურშიც შესთავაზა... სიცხადისათვის დავამატებ, რომ იქ რაღაც ვერბალური შესთავაზა. კლოტილდამ არ დაიზარა და გააჟღერა:
- მხატვარმა თქვა, შენი გვარის დაწერილობის პატრონი ჩემი გვარის დაწერილობას არ უნდა ეხებოდესო.
- მხატვარს უთხარი, რომ პოეზია და გარითმვა უკეთ გამოდის.
სახელოვანი, მაგრამ მამაცი შერიფი და მხოლოდშობილი ბიზონი სეირის მოლოდინში pelouse-ზე მოჯდნენ.
- მე არ ვიყო “პარიზის ხედი თეოს ბინიდან ლეპიკის ქუჩაზე”-ს შემქნელი,  ყური თუ არ აგახიო! - დაიქადნა მხატვარმა.
გადააჯვარედინეს დაშნები და Paul Gauguin-მა აქეთ აახია ყური. ასე დაემგვანა მხატვარი ჰუიგალპას მკვიდრს. გავლენიანი “Arle Today” მეორე დილით ამტკიცებდა, მხატვარს გაპარსვის დროს მოუვიდა მარცხიო. გაზეთის ბოლო გვერდზე, სადღაც კიდეში,  სასხვათაშორისოდ ეწერა: Redacteur en chef - Paul Gauguin.
მორალი: იყიდეთ ერთი-ორი რედაქცია/ტელევიზია