თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა: ეს რომანი 8–10 წლის წინ ვთარგმნე, მერე გაზეთ "ფანტაზიაში" იბეჭდებოდა, შემდეგ დავაკაბადონე, გავამზადე წიგნის სახით გამოსაცემად და.... ვეღარ გამოვეცი.... აქ წაიკითხეთ – საინტერესო იქნება ფანტასტიკის მოყვარულთათვის – და შეადარეთ მის ეკრანიზაციას, რომელიც ამერიკელებმა გადაიღეს ჩარლსტონ ჰესტონის მონაწილეობით.
პირველი ნაწილი
პირველი თავი
ჯინი და ფილისი კოსმოსში, ყველა დასახლებული სამყაროსაგან მოშორებულნი, სეირნობით ტკბებოდნენ.
საპლანეტათშორისო მოგზაურობები უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა და აღარც ვასკვლავთშორისი გადაფრენები იწვევდა გაოცებას. რეგულარულ სახაზო ვარსკვლავთმფრენებს ტურისტები უკვე სირიუსუს ზღაპრულ ქალაქებში, ხოლო ფინანსური ბობოლები არქტურის და ალდებარანის ცნობილ ბირჟებზე ჩაჰყავდა. ჯინი და ფილისი კი, ეს ორი მდიდარი და უსაქმური არსება, სხვათაგან თავისი ექსცენტრიულობითა და რომანტიკისადმი მიტმასნებით გამოირჩეოდნენ და ამიტომაც ისინი, საკუთარი სიამოვნების აღსრულებისათვის, სამყაროს სიგრძეგანებში აფრააშვებულნი დაწანწალებდნენ.
მათი კოსმოსური იახტა ფორმით ერთგვარ სფეროს წარმოადგენდა, რომლის გარეთა ზედაპირი - საოცრად თხელი და მსუბუქი აფრა - სივრცეში ქროლვისას იბურცებოდა და სინათლის სხივების წნევის ზემოქმედებასაც სათანადოდ მოიხმარდა. ეს პატარა ხომალდი მართვის გარეშე რომ დარჩენილიყო რომელიმე ვარსკვლავის სიახლოვეს, ანუ იქ, სადაც მიზიდულობის ძალა არცთუ ისე დიდია, ის სწორხაზოვანი მიმართულებით დაიწყებდა მნათობისაგან დაშორებას, მაგრამ ჯინის და ფილისის ვარსკვლავთა სისტემაში, ერთი კი არა, სამი მზე არსებობდა, რომელნიც ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს იყვნენ განლაგებულნი და მზის ქარებიც სამი მხრიდან სხვადსხვა კუთხით ქროდნენ. ასე რომ, ჯინმა სამყაროსეულ სივრცეში გადაადგილების ჭეშმარიტად გასაოცარი ხერხი მოიგონა. მისი პატარა ხომალდის სფეროსებრ აფრაზე პატარა შავი ფარდების დიდი რაოდენობა იყო, რომელნიც, მესაჭის სურვილისამებრ, იხსნებოდნენ ან იხურებოდნენ; ყოველი ამგვარი მანევრისას აფრის შესაბამისი მონაკვეთების ამრეკლავი უნარი იცვლებოდა და ამასთანავე იცვლებოდა სინათლის ნაკადის ძალის ზემოქმედებაც. გარდა ამისა, დრეკად სფერო-აფრას, შესატყვისი ბრძანების მიხედვით, შეეძლო გაჭიმულიყო ან შეკუმშულიყო, ანუ - თუ ჯინს სურდა სვლის აჩქარება, იგი ზედაპირის დიამეტრს ზღვრულ ნორმამდე ზრდიდა და მაშინ სხივური ნაკადით ძალაშემატებული იახტა გიჟური სისწრაფით მიქროდა სამყაროს სიღრმეებისაკენ, სწორედ ეს გიჟური ქროლა ჰგვრიდა ჯინს და მის სატრფო ფილისს თავბრუდამხვევ აღტაცებას, რომლის დროსაც უფრო მეტი ვნებით ეხუტებოდნენ ერთმანეთს და დროდადრო მზერას ტყორცნიდნენ ხოლმე სამყაროს იდუმალი ჯურღმულებისაკენ, რაც თითქოს თავად მოფრინავდა მათი ერთმანეთში ჩაგრეხილი სხეულებისაკენ. როცა ჯინს ფრენის სიჩქარის შემცირება სურდა, იგი შესაბამის ღილაკს აჭერდა ხელს და ამ დროს სფეროსებრი აფრა იმდენად იკუმშებოდა, რომ კაბინაში ამ ორი სხეულისათვის მხოლოდ ერთმანეთზე შესატყუპებელი სივრცეღა რჩებოდა. სინათლის სხივთა წნევა თითქმის აღარ ზემოქმედებდა ბურთულასავით დაპატარავებულ ხომალდზე და ისიც, საკუთარ ნებას მინდობილი, სივრცეში ისე ეკიდებოდა, თითქოს უხილავ ძაფზეაო გამობმული.
დრო ჩერდებოდა, შეყვარებულ წყვილს მათრობელი ვნება ერეოდა და დიდხანს იყვნენ ხოლმე ასე დაბანგულნი იმ სამყაროში, რაც მხოლოდ მათთვის იყო შექმნილი პაწაწა კაბინაში, რასაც ჯინი წყალზე მოტივტივე ნაფოტს ადრიდა, ხოლო ფილისი სივრცისეული ობობას ქსელში გახლართულ ბუშტს.
ჯინს სხვა ნებისმიერი მანევრის აღსრულებაც შეეძლო, თვით ისეთისაც კი, რაც კოსმიურ იახტსმენთა შორის ურთულესად და განუხორციელებლად ითვლებოდა, როგორიცაა, მაგალითად, კურსის შეცვლა რომელიმე პლანეტის ან მისი თანამგზავრის ჩრდილის გამოყენებით. ჯინმა ყველა ეს ხერხი ფილისსაც შეასწავლა და მალე ამ ქალბატონმაც შეძლო ხომალდის მარჯვედ მართვა და ზოგ საკითხში თავის მასწავლებელსაც კი აჯობა. თუმცა ფილისი საჭესთან ერთობ უცნაურად იქცეოდა და მართვის პულტი რაწამს მის ხელთ აღმოჩნდებოდა, მათი ხომალდი აუცილებლად მიადგებოდა ხოლმე მზის სისტემის საზღვარს, სადაც მაგნიტური ქარიშხალი სინათლის ნაკადს შთანთქავს და ხომალდს სივრცეში ბუმბულივით აფარფატებს. ამგვარი რამ უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ჩადენილი ფილისს და მათს თავს დატეხილი ქარიშხლის თავიდან ასაცილებლად ჯინი იძულებული ხდებოდა ფილისის ხელიდან საჭე გამოეტაცა და მახლობელ ნავთასაყუდელამდე დამატებითი რაკეტების გამოყენებით ჩაფრენილიყო; ეს რაკეტები კი უკიდურესი საფრთხის დროს გამოიყენებოდა და კოსმოსურ იახტსმენთა შორის მათი მოხმარება მეტისმეტ სირცხვილად ითვლებოდა.
* * *
იმ დღეს ჯინსა და ფილისს საწუხარი არაფერი ჰქონდათ და ისინიც სფეროს ფორმის ბუდეში გვერდიგვერდ ისხდნენ და თავისი სამი მზის სხივებით თბებოდნენ. თვალდახუჭული ჯინი ფილისზე ფიქრობდა და თავისი სიყვარულის სიჭარბით ტკბებოდა. ფილისი კი სამყაროს უსაზღვროებას გასცქეროდა და, კაცს ეგონებოდა, სიცარიელითააო ჰიპნოტიზირებული. ამგვარი რამ ფილისს ხშირად ემართებოდა.
უცებ, თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვაო, ფილისი სინამდვილეს დაუბრუნდა და წამოდგა. სიცარიელეში უცნაურმა სხივმა გაიელვა. ფილისი წამიერად გაყუჩდა... და აი, სხივმა ისევ გაიელვა, თითქოს რაღაც მოლაპლაპე ზედაპირზე აირეკლაო. არც ამჯერად უღალატია მდედრისათვის იმ მეექვსე გრძნობას, რაც კოსმოსური გადაფრენებისას ჰქონდა შეძენილი მას. გარდა ამისა, ამ სხივის ხილვაში მას ჯინიც დაეთანხმა, ჯინს კი ამგვარ შემთხვევებში შეცდომა არასოდეს მოსვლოდა. იახტის სიახლოვეს (მანძილის დადგენა შეუძლებელი იყო) კოსმოსში რაღაც მბრწყინავი სხეული ცურავდა. ჯინი ჭოგრიტს დასწვდა, რათა იდუმალი სხეული დაეთვალიერებინა; ფილისი კი გაუაზრებლად მიეხუტა თავისი თანამგზავრის სხეულს.
- რაღაც პატარა საგანია - ჩაილაპარაკა ჯინმა. - როგორც ჩანს, მინისგანაა აგებული... მოიცადე, კარგად დამანახე!... ის გვიახლოვდება... მისი სიჩქარე ჩვენსას აღემატება, მგონი...
ჯინს სახეზე სერიოზულობა დაეტყო; მერე ხელიდან ჭოგრიტი დაუვარდა, რასაც უმალ ფილისი დასწვდა.
- ჩემო კარგო, იცი რა არის ეს? ბოთლია.
- ბოთლი?!
ფილისმა ჭოგრიტით გაიხედა იდუმალი საგნისკენ.
- ჰო, ბოთლია. მე მას გარკვევით ვხედავ. ის ღია ფერის მინისაგანაა დამზადებული. მას საცობიც ახურავს... ის საცობიც კარგად ჩანს, ბოთლში კი რაღაც თეთრი ჩანს, ალბათ, ქაღალდია... წერილი! ჯინ, დავიჭიროთ ეს ბოთლი!
ჯინი, როგორც ჩანს, იმავე აზრს იზიარებდა, რადგან მას უკვე დაეწყო მარჯვე ლავირება სივრცეში, რათა როგორმე მისწვდომოდა ბოთლს. მან ამ მიზნით ხომალდის სვლის კურსი შეცვალა და სიჩქარეც დააგდო, რათა თავად ბოთლი მიახლოებოდა მათ. სანამ ჯინი მანევრირებდა, ფილისმა სკაფანდრის ჩაცმა და სფეროსებრი აფრის გარეთა მხარეს, ორმაგი საკნის მიღმა გასვლა მოასწრო. იქ იგი ბაგირს ჩაეჭიდა, სიცარიელეში ჩამოეკიდა და გრძელი კაუჭი მოამზადა ბოთლის დასაჭერად.
მათ მანამდე არაერთხელ დაეჭირათ ამ კაუჭით კოსმოსში მოფარფატე უცხო სხეულები. როცა ნელა მიფრინავ ან სულაც გაჩერებული ხარ სივრცეში, შესაძლებელი ხდება მრავალი უცნაურობის ხილვა და გაუაზრებელი აღმოჩენების გაკეთება, რასაც ვერასოდეს ახერხებენ ისინი, ვინც ვარსკვლავთმფრენებით მხოლოდ სივრცის სწრაფ გადალახვას ცდილობენ. თავისი კაუჭით ფილისს აწ აღარარსებული პლანეტების ნამსხვრევები თუ სხვა გალაქტიკებიდან შემოჭრილი მეტეორიტების ნარჩენებიც დაუჭერია და იმ ხომალდების ნამტვრევებიც, რომლებიც კოსმოსის ათვისების გარიჟრაჟზე იქნენ გაშვებულნი. ფილისი თავისი კოლექციით ამაყობდა, მაგრამ ბოთლი, თანაც მასში მოთავსებული წერილით (ეს კი ნამდვილად წერილი რომ იყო, ფილისს ეჭვიც არ ეპარებოდა), მას არასოდეს შეხვედრია. ფილისს მოუთმენლობისაგან სხეული უთრთოდა, ბაგირზე ისე ქანაობდა, როგორც მდედრი ობობა თავის ქსელზე და მიკროფონით გასძახოდა საყვარელს:
- ნელა, ჯინ! არა, ცოტა აჩქარდი, თორემ ბოთლი გაგვასწრებს... საჭე მარჯვნივ დაიჭირე! ახლა მარცხნივ! პირდაპირ.... მორჩა, დავიჭირე!!!
ფილისი გამარჯვების ყიჟინით დაბრუნდა კაბინაში.
მისი ნადავლი კი დიდი, საგულდაგულოდ დაცობილი ბოთლი აღმოჩნდა. მასში კარგად ჩანდა მრავალი ფურცლის გრაგნილი. მთლად ათრთოლებული ფილისი ჯინს ევედრებოდა:
- გატეხე! ჩქარა! გემუდარები!
ჯინი კი მშვიდი იერით აცლიდა ცვილის ნატეხებს საცობს და როცა ბოლოსდაბოლოს საცობი მოხსნა, გაირკვა, რომ იქიდან მჭიდროდ დახვეულ გრაგნილს ვერ ამოიღებდა. ასე რომ, იგი იძულებული გახდა თავისი ქალბატონის თხოვნას დასთანხმებოდა და ბოთლი ჩაქუჩით გაეტეხა. თავისუფლებამინიჭებული გრაგნილი თავისით გაიშალა. ის მრავალი უცნაური ფურცლისაგან იყო შედგენილი, რაზედაც წვრილი ასოებით რაღაც ეწერა. ხელნაწერი დედამიწის ერთ-ერთ ენაზე იყო შესრულებული, რასაც ჯინი სრულყოფილად ფლობდა, რადგან რამოდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა იგი აღნიშნულ პლანეტაზე. მაგრამ რაღაც გამოუცნობი მღელვარება აკავებდა მას და, რომ არა ფილისის დაჟინებული მოთხოვნა, მას, შესაძლოა, არც წაეკითხა ეს დოკუმენტი, ასე მოულოდნელად რომ ჩაუვარდათ მათ ხელთ.
ფილისს კი ცუდად ესმოდა დედამიწელთა ენა და ჯინის გარეშე ვერაფერს გაიგებდა.
- ჯინ, გე-ვედ-რები-მეთქი!
ჯინმა აფრის ზომები მაქსიმალურად შეამცირა, რათა იახტა სივრცეში დაკიდულიყო, დარწმუნდა, რომ ირგვლივ არავითარი დაბრკოლება არ არსებობდა და, სატრფოს გვერდით წამოწოლილმა, ნელინელ დაიწყო კითხვა.
მეორე თავი
მე ამ ხელნაწერს ვანდობ სამყაროს არა იმისათვის, რომ საშველად გიხმოთ. ჩემი ერთადერთი იმედი ის არის, რომ ჩემმა მონათხრობმა, შესაძლოა, ადამიანთა მოდგმას ააშოროს ის საფრთხე, რაც მას ელის...
- ადამიანთა მოდგმას? - გაოცებით იკითხა ფილისმა.
- ჰო, აქ ასე წერია, - დაუდასტურა ჯინმა. - და ნუ მაწყვეტინებ კითხვას, გასაგებია?
ჯინმა განაგრძო კითხვა:
...რაც შემეხება მე, ულის მერუს, მე ჩემს ოჯახთან ერთად კოსმოსურ ხომალდში ვიმყოფები; ჩვენ შეგვიძლია ვიარსებოთ მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ბაღი, ბოსტანი, ხომალდის ზოოლოგიურ განაკვეთში გვყავს ცხოველები. ჩვენ არაფრის ნაკლებობას არ განვიცდით. ეგებ ოდესმე ჩვენც ვიპოვოთ სტუმართმოყვარე პლანეტა, მაგრამ ჯერ ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. ამიტომაც დაწვრილებით და მიუკერძოებლად ვწერ ყველაფერს, რაც თავს გადამხდა.
2500 წელს ორ ჩემს უფროს ამხანაგთან ერთად მეც ჩავჯექი კოსმოსურ ხომალდში, რომელსაც იმ პლანეტათა სიმრავლემდე უნდა მიეღწა, რომელთა თავზე მედიდურად კიაფობს ზეგიგანტური ვარსკვლავი ბეთელჰეიზე.
ეს იყო გამომწვევი ჩანაფიქრი, ყველაზე უფრო თამამი, რაც მანამდე ჰქონდათ განხორციელებული დედამიწელებს. ვარსკვლავი ბეთელჰეიზე, ანუ ორიონის ალფა, როგორც მას დედამიწელი ასტრონომები უწოდებდნენ, ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით სამასი სინათლის წლითაა დაშორებული. ეს ვარსკვლავი საკმაოდ ბევრი თავისებურებით გამოირჩევა: პირველ რიგში თავის ზომებით, რაც ჩვენს მზეს დიამეტრში სამასჯერ და, შესაძლოა, ოთხასჯერაც აღემატება, ანუ ეს შემზარავი მნათობი ჩვენი მზის ადგილზე რომ ყოფილიყო, მისი ზედაპირი მარსის ორბიტამდე იქნებოდა განფენილი. მეორეს მხრივ, ამ მნათობს ისეთი სიმძლავრის სინათლე აქვს, რის გამოც პირველი კლასის ვარსკვლავადაა მიჩნეული და ორიონის თანავარსკვლავედში ყველაზე კაშკაშა ნათებით ხასიათდება; ამიტომაც, მიუხედავად დიდი მანძილისა, მისი დანახვა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალითაცაა შესაძლებელი. შემდეგ - გამოსხივების სპექტრის წყალობით ბეთელჰეიზედან მომდინარეობს შეუდარებლად თვალწარმტაცი წითელი და ნარინჯისფერი სხივები. და ბოლოს, ეს არის ცვალებადი სიკაშკაშის ვარსკვლავი. ბეთელჰეიზე პულსირებადი ციური სხეულია და მისი ნათების ინტენსიურობა გამუდმებით იცვლება მისივე დიამეტრის ცვალებადობის კვალობაზე. და მაინც, როცა დადგინდა, რომ მზის სისტემის არცერთ პლანეტაზე არ არსებობს სიცოცხლე, რატომ ავირჩიეთ პირველი ვარსკვლავთშორისი გადაფრენისათვის ეს შორეული მიზანი? ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო პროფესორმა ანტელმა, რომელიც ექსპედიციის მთავარი ორგანიზატორი და სრულუფლებიანი ხელმძღვანელი გახლდათ და რომელმაც ამ საქმის განხორციელებისათვის თითქმის მთელი თავისი ქონება გაიღო. მან თავად შექმნა ჩვენი კოსმოსური ხომალდის პროექტი, თავადვე ხელმძღვანელობდა მის აგებას, მაგრამ საკუთარი არჩევანის რაობა მან მე მოგვიანებით, მხოლოდ ფრენის დაწყების შემდეგ გამანდო:
- ჩემო ულის, - მითხრა მან, - ბეთელჰეიზესაკენ სწრაფვა არსებითად არაფრითაა ძნელი და მხოლოდ იმით განირჩევა, რომ შედარებით ხანგრძლივია, ვიდრე, ვთქვათ, კენტავრის პროქსიმესაკენ ფრენა.
პროფესორის სიტყვებმა ჩემში ერთგვარი პროტესტი აღძრა, თუნდაც იმის გამო, რომ მე მომესურვა მანამდე მცირეოდენი ხნით ადრე ჩემს მიერ შეძენილი ასტრონომიული ცოდნის დემონსტრირებით თავის მოწონება.
- შედარებით ხანგრძლივი?! რას ბრძანებთ? კენტავრის პროქსიმამდე ხომ მხოლოდ ოთხი სინათლის წელიწადია, ბეთელჰეიზემდე კი...
- ...დიახ, სამასი სინათლის წელიწადი!... მე ეს მშვენივრად ვიცი და მაინც გეტყვით, რომ კენტავრის პროქსიმამდე მისაფრენად ჩვენ დაახლოებით იგივე დრო, ან მცირეოდენ მეტიც კი დაგვჭირდებოდა, რაც ბეთელჰეიზემდე მიღწევას სჭირდება. ამ ვარსკვლავს ჩვენ ორიოდე წლის შემდეგ მივადგებით... თქვენ ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიგაჩნიათ, რადგან მიჩვეული ხართ ჩვენს საპლანეტათაშორისო გადაფრენებს, რაც მხოლოდ რწყილის ნახტომია და სხვა არაფერი და რომლის დროსაც უკიდურესი აჩქარებაც დასაშვებია, რადგან ის სულ რამოდენიმე წუთს გრძელდება... ერთი სიტყვით, დროა აგიხსნათ, თუ როგორ მოძრაობს ჩვენი ვარსკვლავთმფრენი. ჩემს მიერ გამოგონილი სრულყოფილებამდე მიყვანილი რაკეტების წყალობით ჩვენს კოსმოსურ ხომალდს ძალა შესწევს სივრცეში იმ მაქსიმალური სიჩქარით იფრინოს, რაც მატერიალური სხეულისთვისაა შესაძლებელი, ანუ სინათლის სიჩქარეს მინუს ეფსილონი.
- მინუს ეფსილონი?
- მე იმისი თქმა მსურს, რომ ჩვენი სიჩქარე უსასრულოდ უახლოვდება სინათლის სიჩქარეს და მას მხოლოდ ერთი მემილიარდედით ჩამორჩება... ასე, ალბათ, უფრო გასაგები იქნება თქვენთვის.
- დავუშვათ, გასაგებია.
- მაგრამ თქვენ ისიც უნდა გაიაზროთ, როცა ჩვენ სამყაროში ასეთი სისწრაფით ვმოძრაობთ, ხომალდზე არსებული დრო მნიშვნელოვნად განსხვავდება მიწიერისაგან და, რაც უფრო ჩქარა მივფრინავთ, ეს სხვაობა მით უფრო საგრძნობია. მაგალითად, ახლა, სანამ ჩვენი საუბარი გრძელდებოდა, ჩვენს ვარსკვლავთმფრენზე სულ რამოდენიმე წუთმა განვლო, დედამიწაზე კი ათეულობით თვემ ჩაიქროლა. როცა ჩვენ სიჩქარის ზღვარს მივაღწევთ, დრო ჩვენთვის თითქმის შეჩერდება, თუმცა კი ამას ჩვენ ვერ შევნიშნავთ... და მაშინ ჩემი და თქვენი ორი წამი, ანუ ჩვენი გულების ორი ამოფეთქვა, ასეულობით წლის ტოლფარდი იქნება მათთვის, ვინც დედამიწაზე დარჩა.
- ჩემთვის ესეც გასაგებია. ალბათ, სწორედ ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მიზანს მივაღწიოთ მანამ, სანამ სიბერისაგან სიკვდილს ვეწევით, მაგრამ... თუკი ასეა, რატომ გაგრძელდება ჩვენი მოგზაურობა ორი წელი და არა რამოდენიმე თვე ან საათი?!
- სწორედ ამის თქმა მინდოდა. ყველაფერი ძალზედ უბრალოდ ხდება: იმისათვის, რომ მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწიო მაშინ, როცა დრო თითქმის შეჩერებულია, ჩვენ ერთი წელიწადი მაინც გვჭირდება, რადგან ჩვენი ორგანიზმი ამაზე მეტ აჩქარებას ვერ გაუძლებს. კიდევ ერთი წელი კი დამუხრუჭებაზე გაიხარჯება. ახლა ხომ წარმოიდგინეთ ჩვენი ფრენის გრაფიკი? წელიწადი - აჩქარებაზე და წელიწადი - დამუხრუჭებაზე, მათ შორის კი არსებობს მხოლოდ რამოდენიმე საათი, თუმცა სწორედ ამ ორიოდე საათის განმვალობაში გავივლით მანძილის უმეტეს ნაწილს. და თუ ყველაფერი ეს გაიაზრეთ, თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ გაგრძელდება ჩვენი ფრენა ბეთელჰეიზემდე მცირეოდენ უფრო მეტხანს, ვიდრე კენტავრის პროქსიმამდე. ამ უკანასკნელამდე კი ფრენის იგივე გრაფიკი იქნებოდა, ანუ წელიწადი აჩქარებაზე და წელიწადი დამუხრუჭებაზე, მათ შორის კი იარსებებს არა რამოდენიმე საათი, არამედ რამოდენიმე წუთი... სხვაობა პრაქტიკულად არ არის, მაგრამ დედამიწაზე ცხოვრებისას მე ვბერდები და არ მრჩება დრო რამოდენიმე ექსპედიციისათვის, ამიტომაც ავირჩიე მათ შორის უფრო შორეული, სადაც იმედი მაქვს, რომ სამყაროში მოარსებე სრულიად სხვა ცივილიზაციებს წავაწყდები.
ამგვარი საუბრები ჩვენ მოცალეობის ჟამის შესავსებად გვჭირდებოდა ხოლმე და ყოველი მათგანის დასრულების შემდეგ მე სულ უფრო მეტი პატივისცემით ვიმსჭვალებოდი პროფესორ ანტელის ღრმა სიბრძნის მიმართ. მეცნიერებაში არ არსებობდა სფერო, რაც მისთვის უცნობი იქნებოდა! მე ისღა დამრჩენოდა, რომ მოხარული ვყოფილიყავი იმ ფაქტისა გამო, რომ ჩვენს ექსპედიციას სწორედ ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა.
როგორც ამას პროფესორი ანტელი ვარაუდობდა, ჩვენი მოგზაურობა, ვარსკვლავთმფრენის ადგილობრივი დროის შესაბამისად, ორიოდე წელიწადს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც დედამიწაზე უნდა გასულიყო არანაკლებ სამნახევარი საუკუნისა. სწორედ ეს გახლდათ ერთადერთი უხერხულობა, რაც ამ უშორეს მოგზურობას გასდევდა, ანუ მშვიდობიანად დაბრუნების შემთხვევაში ჩვენს პლანეტას 700-800 წლით უფრო დაბერებულს ვიხილავდით. გუმანი იმასაც მკარნახობდა, რომ პროფესორს სხვა მიზანიც ამოძრავებდა - მას თავისი თაობისაგან გაქცევა ეწადა, რადგან ჩემთან საუბრისას არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი, რომ ადამიანებმა იგი გადაღალეს...
ადამიანები მუდამ ადამიანებად დარჩებიან... - კვლავ გააკეთა თავისი კომენტარი ფილისმა.
- დიახ, ადამიანები.... დაეთანხმა ჯინიც - აქ სწორედ ასე წერია.
ფრენის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში ჩვენ არცერთი სერიოზული უსიამოვნება არ შეგვხვედრია. ჩვენ სტარტი მთვარიდან ავიღეთ. დედამიწა და ყველა დანარჩენი პლანეტა ძალზედ მალე მიეფარა თვალს. მზე თვალსა და ხელსშუა პატარავდებოდა და ბოლოს პატარა, ფორთოხლისოდენა ნარინჯისფერ ბურთულას დაემსგავსა, მერე ქლიავზე პატარად მოჩანდა, მერე კიდევ უფრო პატარად და ბოლოს იმ მანათობელ წერტილად, ანუ ერთ-ერთ ვარსკვლავად იქცა, რომელსაც განზომილება არ გააჩნია და რომლის მოძებნა ვარსკვლავიერ ცაზე მხოლოდ ყოვლისმცოდნე პროფესორ ანტელს თუ შეეძლო უშეცდომოდ.
ასე რომ, ჩვენ უმზეოდ ვცხოვრობდით, მაგრამ ამის გამო არანაირ უხერხულობას არ განვიცდიდით, რადგან ჩვენს ხომალდს სინათლის შესაბამისი წყარო გააჩნდა. ჩვენ არც მოწყენილობისათვის გვეცალა, რადგან პროფესორის საუბრები საოცრად საინტერესო იყო და ამ ორი წლის განმავლობაში მე იმდენი რამ გავიგე, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე არ მსმენია. გარდა ამისა, მე ვარსკვლავთმფრენის მართვა სრულყოფილად ავითვისე; ეს საკმაოდ იოლი საქმე აღმოჩნდა - საკმარისი იყო ელექტროხელსაწყოებისათვის შესაბამისი ბრძანება მიგეცა და ისინი ფრენისათვის საჭირო ყველა გამოთვლას თავად ახორციელებდნენ.
ჩვენი ბაღი კი ჩვენი აღფრთოვანების ერთ-ერთი სათავე გახლდათ. მას ჩვენი ხომალდის საკმაო ფართობი ჰქონდა დათმობილი; გარდა ყველა სხვა სიკეთისა, პროფესორი ანტელი ბოტანიკით და სოფლის მეურნეობითაც იყო გატაცებული და ბუნებრივია, რომ ზოგიერთი თავისი მოსაზრების დადასტურება მას კოსმოსის პირობებშიაც ეწადა. საცდელ ნაკვეთად მას რამოდენიმე მეტრის წახნაგების მქონე კუბის ფორმის ორანჟერეა ჰქონდა გამოყოფილი. მრავალრიცხოვანი სტელაჟების წყალობით ამ კუბის მთელი სასარგებლო ფართობი მიზანმიმართულად იყო გამოყენებული. ნიადაგი გამუდმებით ნაყოფიერდებოდა ქიმიური სასუქებით და არ გასულა ორიოდე თვეც, რომ ჩვენი `ხნულებიდან~, ჩვენდა სასიხარულოდ, უკვე მოსავლის აღება შეიძლებოდა. ამის შემდეგ კოსმოსური ბოსტანი გამუდმებით გვამარაგებდა ახალ-ახალი საკვებით. სარგებლის გარდა, ჩვენ არც სიამოვნებას ვიყავით მოკლებულნი, რადგან ორანჟერეის ერთი სექცია მთლიანად ყვავილებს ჰქონდა დათმობილი, რასაც პროფესორი დიდი რუდუნებით დასტრიალებდა თავს. ამ ორიგინალურმა კაცმა დედამიწიდან რამოდენიმე ჩიტი და პეპელაც გამოიყოლა, ჩვენს ხომალდში იყო ერთი მაიმუნიც - შიმპანზე, რომელსაც სახელად ჰექტორი დავარქვით და ის მთელი ფრენის განმავლობაში გვართობდა ჩვენ თავისი ოინებით.
სრულიად აშკარა იყო, რომ ჩვენი ბრძენი პროფესორი არცთუ დადებითად იყო განწყობილი ადამიანთა მიმართ, თუმცა არც იმის თქმა შეიძლებოდა, რომ იგი კაცთმოძულე გახლდათ. იგი ხშირად ამბობდა, რომ ადამიანთა მოდგმისაგან სასიკეთოს აღარაფერს ელოდა და, მგონი, ამიტომაც...
- კაცთმოძულე? - კვლავ ვერ შეიკავა თავი ფილისმა - ადამიანთა მოდგმა?
- ყოველ ფრაზაზე თუ შემაწყვეტინებ კითხვას, ჩვენ ამ წერილს ბოლომდე ვერ ჩავიკითხავთ - წყრომა ვერ დამალა ჯინმა - გაჩუმდი და შეეცადე აზრს ბოლომდე ჩაწვდე.
ფილისმა დაიფიცა, რომ კრინტსაც აღარ დაძრავდა და შეასრულა კიდეც თავისი დაპირება.
..და, მგონი, ამიტომაც ჩვენს უზარმაზარ ხომალდში, სადაც რამოდენიმე ოჯახის განთავსება შეიძლებოდა, თავმოყრილი იყო მცენარეთა ნაირსახეობა, რამოდენიმე ფრინველ-ცხოველი და მხოლოდ სამი მგზავრი: თავად ანტელი, მისი მოწაფე არტურ ლევენი (დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა ფიზიკოსი) და მე, ულის მერუ - დამწყები ჟურნალისტი, პროფესორ ანტელს შემთხვევით რომ გადაეყარა მორიგი ინტერვიუს ძიებისას. გაცნობისთანავე, როგორც კი შეიტყო პროფესორმა, რომ მე ოჯახი არ მყავდა და რომ სათანადოდ ვთამაშობდი ჭადრაკს, დიდმა მეცნიერმა შემომთავაზა ექსპედიციაში მონაწილეობა. ჯერაც უცნობი ჟურნალისტისათვის ეს გაუგონარი წარმატება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რეპორტაჟის გამოქვეყნება მხოლოდ რვაასი წლის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი და ეგებ ამიტომაც ამგვარი რეპორტაჟი შეუდარებელი ფასის მქონე დოკუმენტი უნდა ყოფილიყო... მე, რა თქმა უნდა, დიდი აღტაცებით გამოვთქვი ჩემი თანხმობა.
დიახ, ჩვენი მოგზაურობა საგანგაშო მოვლენების გარეშე ვითარდებოდა. ერთადერთი უხერხულობა სიმძიმის შეგრძნების ცვალებადობა იყო აჩქარების და დამუხრუჭების პროცესში. ჩვენ იძულებულნი ვიყავით შევგუებოდით იმას, რომ სხეული ერთნახევარჯერ უფრო მძიმე გვქონდა, ვიდრე დედამიწაზე. ერთხანს ეს გვღლიდა კიდეც, მაგრამ მალე მივეჩვიეთ და გარკვეული დროის შემდეგ აღარც კი ვაქცევდით ყურადღებას ამას. აჩქარებისა და დამუხრუჭების პერიოდებს შორის კი ჩვენ სრული უწონობის პირობებში ვიმყოფებოდით, რასაც შესაბამისი უცნაური და სასაცილო შედეგები გასდევდა, მაგრამ ეს მხოლოდ რამოდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და ჩვენთვის არანაირი ზიანი არ მოუყენებია.
და აი, მრავალი თვის ფრენის შემდეგ დადგა დღე, როცა ჩვენ აშკარად დავინახეთ, რომ ვარსკვლავი ბეთელჰეიზე ჩვენს თვლაწინ სულ უფრო დიდდებოდა და ნათლად იკვეთებოდა.
მესამე თავი
შეუძლებელია იმ გრძნობათა გადმოცემა, რასაც ამგვარი სანახაობა აღძრავს. ვარსკვლავი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ, სხვა მისთანათა მსგავსად, უსახელო მოციმციმე წერტილი იყო, თანდათანობით სულ უფრო კაშკაშა ხდებოდა შავ ფონზე და სივრცეში თავის ფორმითა და ზომით იწერებოდა. დასაწყისში ის ცერცვის მარცვლისოდენად ჩანდა, შემდეგ გაიზარდა, ფორთოხლისხელა გახდა და ფერიც შეიძინა, და ბოლოს კოსმოსურ სივრცეში ისევე ჩამოეკიდა, როგორც ჩვენი სისტემის მნათობი. ასე იშვა ჩვენთვის ახალი მზე, დედამიწის მანათობელივით მოწითალო დაისის ჟამს, და ჩვენ სულ უფრო მეტად ვგრძნობდით მის სითბოსა და მიზიდულობის ძალას.
იმ დროისათვის ვარსკვლავთმფრენის სიჩქარე მკვეთრად იყო დაკლებული. ჩვენ განვაგრძობდით ბეთელჰეიზესთან მიახლოებას მანამ, სანამ მისმა გამოსახულებამ მთლად არ დაფარა ეკრანი და ამით მანამდე არსებული ჩვენი ყველა წარმოდგენა გააბათილა მნათობთა ზომების შესახებ. შთაბეჭდილება იყო ზღაპრული და გამაოგნებელი! ანტელმა რობოტებს ახალი პროგრამა ჩაუტვირთა და ჩვენ ზეგიგანტური ვარსკვლავის გარშემო დავიწყეთ ფრენა. შემდეგ პროფესორმა ასტრონომიული ხელსაწყოები მომართა და დაკვირვებას შეუდგა.
მალე მან ოთხი პლანეტა აღმოაჩინა, გამოიანგარიშა მათი დიამეტრიც და ორბიტებიც, რომელზედაც მათ ცენტრალური მანათობელის გარშემო ბრუნვა უხდებოდათ. ერთ-ერთი ასეთი პლანეტა, ბეთელჰეიზედან მოშორების თვალსაზრისით რიგით მეორე , ბრუნავდა ორბიტაზე, რაც დაახლოებით ჩვენი დედამიწისას უდრიდა. ეს პლანეტა ისეთივე ზომების იყო, როგორც დედამიწა, იქ არსებობდა სათანადო კომპონენტებისაგან შედგენილი ატმოსფეროც და, იმყოფებოდა რა ოცდაათჯერ უფრო შორს, ვიდრე დედამიწა მზიდან, მაინც ისეთსავე სხივურ ენერგიას იღებდა, როგორსაც ჩვენი პლანეტა. ეს ფაქტი აიხსნებოდა, ერთი მხრივ, ზეგიგანტური ვარსკვლავის ზომებით, მეორე მხრივ კი - მისი შედარებით დაბალი ტემპერატურით.
ჩვენ გადავწყვიტეთ ეს პლანეტა შეგვერჩია ჩვენი გამოკვლევევის პირველ სამიზნედ. რობოტებმა ახალი პროგრამა მიიღეს და ვარსკვლავთმფრენი მუდმივ ორბიტაზე გადავიდა. აქ, გაჩერებული ძრავებით, ჩვენ შეგვეძლო აუჩქარებლად შეგვესწავლა ჩვენთვის ახალი სამყარო. ქვემოთ, ტელესკოპების ლინზების მიღმა, მოჩანდა ზღვები და კონტინენტები.
ჩვენი ხომალდი ცუდად იყო აღჭურვილი პლანეტაზე დასაჯდომად, თუმცა ამ მიზნებისათვი გაგვაჩნდა სამი რაკეტოპლანი, ბევრად უფრო მცირე ზომებისა, ვიდრე ის, რასაც დედამიწაზე კოსმოსურ კატარღებს უწოდებენ. ერთ-ერთ ასეთ რაკეტოპლანში ჩვენ სამივე განვთავსდით, თან რაღაც საზომი ხელსაწყოები გავიყოლეთ და ჰექტორიც წავიყვანეთ. ჩვენს შიმპანზეს, ისევე როგორც ჩვენ, ასეთი შემთხვევისათვის საგანგებო სკაფანდრი ჰქონდა, რომელიც ძალზედ უხდებოდა მას. რაც შეეხება ვარსკვლავთმფრენს, ჩვენ ის უბრალოდ მივატოვეთ პლანეტის სიახლოვეს მუდმივ ორბიტაზე. იქ მას არანაირი საფრთხე არ ელოდა, რადგან ვიცოდით, რომ რობოტები მას დასახული კურსიდან იოტისოდენა გადახრის უფლებასაც არ მისცემდნენ.
კოსმოსური კატარღით ამგვარი პლანეტის ზედაპირზე დაჯდომა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. როგორც კი ატმოსფეროს სქელ ფენებში შევედით, პროფესორმა ანტელმა ჰაერის სინჯები აიღო და მის ანალიზს შეუდგა. მან დაადგინა, რომ ჰაერის შემადგენლობა მოცემულ სიმაღლეზე დედამიწის შესატყვისი იყო. მე ვერც კი მოვასწარი ამ მრავალმნიშვნელოვანი დასკვნის გააზრება და შევნიშნე, რომ ჩვენ სულ რაღაც ორმოცდაათიოდე კილომეტრითღა ვიყავით დაშორებულნი პლანეტის ზედაპირიდან. იმის გამო, რომ ყველა ოპერაციას ავტომატური დანადგარები ასრულებდნენ, მე ისღა დამრჩენოდა, რომ ილუმინატორს მივყრდნობოდი შუბლით და ახალი აღმოჩენების მოლოდინში მეცქირა ამ უცხო ქვეყნიერებისაკენ.
ეს პლანეტა საოცრად ჰგავდა ჩვენს დედამიწას და ეს შთაბეჭდილება ყოველწამიერად ძლიერდებოდა. ახლა უკვე შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა მატერიკების კონტურების დალანდვა. ჰაერი იყო ცისფერი, გამჭვირვალე და ოდნავ მომწვანო, ზოგჯერ კი მას მეწამული ფერი გადაჰკრავდა ხოლმე ისევე, როგორც ჩვენთან, პროვანსში, მზის ჩასვლისას. ოკეანეც მოლურჯო იყო და მასაც გადაჰკრავდა მომწვანო ჩრდილები. კონტინენტების სანაპირო ზოლი კი აბსოლუტურად განსხვავდებოდა დედამიწისეული კონტურებისაგან. მართალია, ვცდილობდი რაიმე ანალოგი მომეძებნა აქაც, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა - ამ პლანეტის არცერთი ნახევარსფეროს გეოგრაფია არაფრით ჰგავდა ჩვენი ძველი თუ ახალი სამყაროს მონახაზებს.
არაფრით? ბოდიშს ვიხდი. ჰგავდა და თანაც უმთავრეს საკითხში. პლანეტა დასახლებული იყო! ჩვენ ერთ ქალაქს, თანაც საკმაოდ დიდს, გადავუფრინეთ, საიდანაც მრავალი გზა მიემართებოდა ყველა მიმართულებით, გზებზე კი მანქანები მოჩანდნენ. ჩემს გონებაში წამიერად ჩაიბეჭდა ამ ქალაქის გეგმა: ფართო ქუჩები და სწორხაზოვანი კედლების მქონე მაღალი, თეთრი სახლები.
ჩვენ ამ ქალაქიდან მოშორებით დავეშვით "დედამიწაზე". დასაწყისში კარგად დამუშავებული მინდვრების თავზე ვფრენდით, მერე გადავევლეთ დაბურულ, მოწითალო ტყეს, რომელიც ჩვენს ეკვატორულ ჯუნგლებს წააგავდა; საკმაო სიმაღლეზე რომ დავეშვით, ჩვენს ქვემოთ საკმაოდ დიდი მდელოთი დაფარული ერთგვარი პლატო გაიშალა, მოშორებით კი, სადამდეც თვალი სწვდებოდა, მთაგორიანი ადგილები იყო განფენილი.
ჩვენი ექსპედიციის ხელმძღვანელმა ელექტროაპარატებს უკანასკნელი დავალება მისცა. ამოქმედდნენ სამუხრუჭე რაკეტები, მცირეოდენი ხნით ჩვენი კატარღა მდელოს თავზე ნადავლზე დაგეშილი თოლიასავით დაეკიდა.
...და ჩვენ, დედამიწასთან განშორების ორი წლის შედეგ, კოსმოსური კატარღით დავეშვით და ყოველგვარი ბიძგების გარეშე ფეხსქვემოთ ბალახით დაფარული მყარი მიწა ვიგრძენით....
მეოთხე თავი
საკმაოდ დიდხანს ვისხედით ჩუმად და გაუნძრევლად. ამგვარი საქციელი ეგებ უცნაურადაც ჩანდა, მაგრამ მაშინ ჩვენთვის ძალების და გონების მოკრება იყო საჭირო. ჩვენ მეტად გაბედულ საქმეს შევუდექით, ათასჯერ უფრო უცნაურს, ვიდრე ეს პირველმა დედამიწელმა ზღვაოსნება ჩაიდინეს, და ჩვენ გვსურდა სრულ მზადყოფნაში ვყოფილიყავით იმ იდუმალ სამყაროსთან შეხვედრისას, რომელზედაც თაობიდან თაობამდე ვარსკვლავთშორისი გადაფრენების მოსურნე მრავალი პოეტი ოცნებობდა.
თუ საოცრებაა სახსენებელი, ყველაზე დიდი საოცრება ის იყო, რომ ჩვენ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე დავეშვით პლანეტის ბალახიან მდელოზე, იმ პლანეტისაზე, სადაც ჩვენსავით იყო ოკეანეები, მთები, ტყეები, მინდვრები, ქალაქები და, რა თქმა უნდა, მობინადრენიც. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მიწაზე დაშვებამდე ჩვენმა კოსმოსურმა კატარღამ ჯუნგლების თავზე საკმაოდ დიდხანს იფრინა, უნდა გვეფიქრა, რომ ამ ადგილიდან ცივილიზირებულ რაიონებამდე საკმაოდ დიდი მანძილი არსებობდა.
ბოლოსდაბოლოს მოვეგეთ გონს. სკაფანდრებით შემოსილებმა ფრთხილად გავაღეთ კატარღის კარი. ირგვლივ არანაირი ქარი არ ქროდა. კატარღის შიდა და გარე სივრცეებს შორის წნევათა არანაირი სხვაობა არ იყო! ჩვენს მდელოს ირგვლივ კედლებივით წამომართული ხშირი ტყე ჰქონდა შემორტყმული. ტყიდან არაფერი ისმოდა, ხეები არც კი ირხეოდნენ. საკმაოდ ცხელოდა, მაგრამ გაძლება შეიძლებოდა - ტემპერატურა დაახლოებით ცელსიუსის ოცდახუთ გრადუსამდე იქნებოდა.
ჩვენ კატარღიდან ჰექტორთან ერთად გამოვედით. დასაწყისისათვის პროფესორმა ანტელმა გადაწყვიტა, უფრო დაკვირვებით შეესწავლა ატმოსფერო. ანალიზის შედეგი დამაიმედებელი აღმოჩნდა; ჰაერის შემადგენლობა ისეთივე იყო, როგორც დედამიწაზე, გარდა იმისა, რომ იშვიათი გაზების თანაფარდობა არცთუ პროპორციული იყო. ასეა თუ ისე, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ საცდელად ჯერ ჩვენი შიმპანზე გაგვეშვა გარეთ.
როცა ჰექტორი სკაფანდრისაგან გავათავისუფლეთ, მას სახეზე კმაყოფილება აღებეჭდა და არანაირ უხერხულობას არ გრძნობდა. პირიქით, რაწამს მყარ ნიადაგზე დაადგა ფეხი, უმალ ხეებისაკენ გაქანდა, აძვრა ზედ და ტოტებზე ხტუნვა-ხტუნვით ტყის სიღრმეშიც შევიდა. მალე ის ფოთლებში გაუჩინარდა და, მოსახმობი ჟესტების მიუხედავად, უკან ჩვენკენ აღარც გამოუხედავს.
მალე, თავისუფლად ლაპარაკის შესაძლებლობა რომ გვქონოდა, ჩვენც მოვიხსენით სკაფანდრები. ჩვენმა შეცვლილმა ხმამ რატომღაც შეგვაშფოთა; ჩვენ კოსმოსური კატარღის ირგვლივ დავაბიჯებდით და მისგან მოშორებას ჯერ ვერ ვბედავდით.
სრულიად თვალნათელი იყო, რომ ჩვენ აღმოვჩნდით პლანეტაზე, რომელიც, შესაძლოა, ჩვენი დედამიწის ტყუპისცალი გახლდათ. აქ არსებობდა სიცოცხლე. მცენარეული საფარი განსაკუთრებით მდიდარი იყო, ზოგიერთი ხე სიმაღლით ორმოც მეტრსაც კი აღწევდა. მალე ფაუნის სამყაროს პირველი წარმომადგენლებიც შევნიშნეთ: ცაში დიდი, შავი ფრინველები დაფარფატებდნენ, სხვები კი, უფრო მომცრონი, რომლებიც ძალზედ წააგავდნენ ჩვენს თუთიყუშებს, წივილით დასდევდნენ ერთმანეთს. როგორც უკვე ვთქვი, ჯერ კიდევ მიწაზე დაშვებამდე შევნიშნეთ ჩვენ ცივილიზაციის ნიშნები. გონიერი არსებების მცდელობით (მათ კი ჯერ ადამიანებს ვერ ვუწოდებდით) პლანეტის იერსახე საკმაოდ იყო გადასხვაფერებული. თუმცა იქ, ჩვენს სიახლოვეს, ტყე სრულიად უკაცრიელი ჩანდა. მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერი იყო, რადგან დედამიწაზე, სადმე აზიის ცენტრალურ ჯუნგლებში რომ მოვხვედრილიყავით, ჩვენ ასევე გაგვაოცებდა უკაცრიელობა და ველური ბუნება.
ვიდრე რამეს მოვიმოქმედებდით, ჩვენ ამ პლანეტას სახელი მოვუგონეთ და სორორა (ლათინურად - და) ვუწოდეთ, რადგან მართლაც რომ დედამიწის დასავით გამოიყურებოდა.
ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, დროის დაუკარგავად, დაზვერვა დაგვეწყო და ჩვენ სამივე ტყის სიღრმისაკენ რაღაც ბუნებრივი ბილიკის გაყოლებით გავეშურეთ. მე და არტურ ლევენი კარაბინებით ვიყავით შეიარაღებულნი. რაც შეეხება პროფესორს, იგი ზიზღით უმზერდა ყველა იარაღს, გარდა ინტელექტუალურისა. ჩვენ საოცრად სწრაფად და მსუბუქად დავაბიჯებდით და ეს სულაც არ იყო იმის ბრალი, რომ მიზიდულობის ძალა აქ ნაკლები იყო - სორორა არც ამ საკითხში განსხვავდებოდა დედამიწისაგან; უბრალოდ ჩვენ ნორმალური წონა დაგვიბრუნდა იმ გაორმაგებულისგან განსხვავებით, რასაც ხომალდზე ვგრძნობდით და ამიტომაც მზად ვიყავით პატარა ბატკნებივით გვეხტუნა და გვეკუნტრუშა.
ჩვენ ერთმანეთის მიყოლებით მივდიოდით, გზადაგზა ჰექტორსაც ვუხმობდით, მაგრამ მისი კვალიც კი არსად ჩანდა. უცებ ლევენი, რომელიც წინ მიდიოდა, შედგა და გვანიშნა, რომ ყური მიგვეგდო. მართლაც, საიდანღაც რაღაც ხმები ისმოდა, ჩანჩქერის ჩქეფას რომ წააგავდა. ჩვენ ამ ხმებისაკენ ავიღეთ გეზი და მალე სიმაღლიდან დაშვებული წყლის ნაკადის ხმა სულ უფრო ადვილად შესაცნობი გახდა. ეს ნამდვილად ჩანჩქერი აღმოჩნდა. რომ მივუახლოვდით, ჩვენ იმ სანახაობის მშვენიერებამ გაგვაოცა, რითაც სორორა გაგვიმასპინძლდა. კლდოვანი ქარაფის წვერიდან დაბლა ეშვებოდა ბროლივით სუფთა და გამჭვირვალე ნაკადი, რომელიც მრავალმეტრიანი კასკადით აგრძელებდა გზას ფერდობზე და ბოლოს პატარა ტბაში იყრიდა თავს. ამ ტბის ზედაპირი კი ელვარებდა და ბრწყინავდა ცისარტყელას ყველა ფერით და ირეკლავდა გიგანტური ბეთელჰეიზეს სხივებს, ამ უკანასკნელს კი უკვე ზენიტში ასვლაც მოესწრო.
ტბა იმდენად წააგავდა ბანაობისათვის შექმნილ ხელოვნურ წყალსატევს, წყალი კი ისე მაცდუნებლად გამოიყურებოდა, რომ მეც და ლევენსაც ერთი და იგივე აზრი გაგვიჩნდა თავში... დიახ, მართლაც, რომ საშინელი სიცხე იდგა და, ბანაობის გარდა, ჩვენ მაშინ არანაირი სურვილი არ გაგვაჩნდა. გავიძრეთ სამოსი და სურვილის აღსრულება გვეწადა, მაგრამ პროფესორმა ანტელმა შეგვაჩერა და გვითხრა, რომ ბეთელჰეიზეს სისტემის პლანეტაში ბევრად უფრო მეტი წინდახედულების გამოვლენა გვმართებდა. ეგებ ეს სულაც არ არისო წყალი და რაიმე შხამიანი სითხეა? პროფესორი თავად ჩამოჯდა ტბის ნაპირზე, ირგვლივ მიმოიხედა, დაყნოსა საეჭვო სითხეს და მერე ფრთხილად ჩაუშვა თითი. მერე მცირეოდენი სითხე ამოიღო პეშვით, ხელისგულზე მოისრისა და ენის წვერითაც შეეხო მას გემოს გასასინჯად.
- მე მგონი... ეს ჩვეულებრივი წყალია - ჩაიბურტყუნა პროფესორმა.
იგი წინ გადაიხარა, რათა კიდევ ერთხელ ჩაეყო ტბაში ხელი და უცებ გაქვავდა... ერთხანს იყო ასე გაშეშებული, მერე გამაოგნებელი ბგერები მოსწყდა მის ბაგეებს და პროფესორმა თითით მიგავნიშნა იმ ნაკვალევზე, ქვიშაზე გარკვევით რომ იყო დამჩნეული. ამაზე დიდი განცვიფრება მე მანამდე ცხოვრებაში არ მქონდა განცდილი! ჩვენს ზემოთ ვეებერთელა მეწამული დისკოსავით ბრდღვიალებდა ბეთელჰეიზე, ქვემოთ კი, ჩვენს თვალწინ, სველი ქვიშის ვიწრო ზოლზე სრულიად თვალნათლივ იხატებოდა ადამიანის ფეხის აშკარა ნაკვალევი.
მეხუთე თავი
- ეს ქალის ნაფეხურია - დარწმუნებით თქვა არტურ ლევენმა. ამგვარი თამამი აზრი, რაც მღელვარებისაგან გახურებულ გონებაში იყო წარმოშობილი, ჩემთვის სრულიად არ აღმოჩნდა გასაკვირი. დახვეწილებამ, სინატიფემ და საოცარმა სილამაზემ, რაც ქვიშაზე აშკარად იკვეთებოდა, ჩემი სულიც საგრძნობლად აათრთოლა. დიახ, აქ ქალს უნდა ჩაევლო მცირეოდენი ხნით ადრე.
- მაშ, სორორაზე ადამიანები ცხოვრობენ?! - კვლავ ჩაიბურტყუნა პროფესორმა.
მის ხმაში რაღაც იმედგაცრუების ნოტამ გაიჟღერა, რამაც უსიამოდ მომჭრა სმენა. პროფესორმა კი, ჩვეულებისამებრ, მხრები აიჩეჩა და ჩვენთან ერთად ტბის ქვიშიანი ნაპირის შესწავლას შეუდგა. იქვე სხვა ნაფეხურებიც აღმოვაჩინეთ, რაც აშკარად იმავე არსებას ეკუთვნოდა. არტურ ლევენმა კი ნაპირიდან მოშორებით, მშრალ ქვიშაზეც დაინახა კვალი, თუმცა ნაფეხური ჯერ ისევ სველი იყო.
- ის აქ ხუთიოდე წუთის წინ იყო! - წამოიძახა ახალგაზრდა ფიზიკოსმა. - ის აქ ბანაობდა, ჩვენი ხმა გაიგონა და გაიქცა.
ხოლო ის, რომ ეს არსება ნამდვილად ქალი იყო, ჩვენში აღარანიარ ეჭვს არ იწვევდა. სუნთქვაშეკრულნი ვიმზირებოდით ტევრისაკენ, მაგრამ იქ არც ტოტი ირხეოდა და არც ფოთოლი შრიალებდა.
- თქვენ კიდევ გექნებათ დრო მასთან გასაცნობად, - კვლავ ჩაილაპარაკა პროფესორმა ანტელმა მხრების აჩეჩვით. - და თუ ადამიანისმაგვარი არსება ბანაობდა ამ ტბაში, ესე იგი ჩვენც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ ყოველგვარი შიშის გარეშე.
და ყოველგვარო მომდევნო ცერემონიების გარეშე დარბაისელმა მეცნიერმა დაიწყო სამოსის გახდა და გაშიშვლებისთანავე მისი აწოწილი სხეული ტბაში შეცურდა. ხანგრძლივი ფრენის შემდეგ ჩვენ ეს წყალი ისეთ საოცრებად გვეჩვენა, რომ მისით გახალისებულებს თითქმის გადაგვავიწყდა ჩვენი საოცარი აღმოჩენა. მხოლოდ არტურ ლევენი გამოიყურებოდა შედარებით სერიოზულად და მელანქოლიურადაც კი. მე მასთან წაკინკლავებას ვაპირებდი, მაგრამ უცებ დავინახე ქალი, რომელიც ჩვენს თავსზემოთ, ჩანჩქერის ფერდობზე იდგა და დაგვცქეროდა.
არასოდეს დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რაც ამ სანახაობამ გამოიწვია. სორორას ქალიშვილის ზღაპრულმა სილამაზემ, რომელიც ჩანჩქერის შხეფებითა და ბეთელჰეიზეს აცისარტყელებული სხივებით კიდევ უფრო მშვენიერდებოდა, სუნთქვაც კი შემიკრა. ეს, რა თქმა უნდა ქალი იყო, უფრო სწორად ქალწული, ან ეგებ ჩანჩქერში მობინადრე ქალღმერთი. იგი სრულიად შიშველი იდგა და საერთოდ არ აპირებდა ჩვენს თვალთაგან თავისი მაცდუნებელი სხეულის გარიდებას; ერთადერთი, რაც მის სხეულს ფარავდა, იყო მკერდამდე დაფენილი ჰაეროვანი თმა. დიახ, ჩვენ ორი უსასრულო წლის განმავლობაში არ გვენახა ქალი და ამიტომაც არ შეგვეძლო მისი მშვენიერებისათვის მოგვეწყვიტა თვალი, მაგრამ არცერთ ჩვენთაგანს არ გასჩენია ის აზრი, რომ ჩვენ მირაჟის მსხვერპლნი შევიქენით. ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით იმაში, რომ ამ უცნობ ქალბატონს, რომელიც ისე უძრავად იდგა კლდეზე, თითქოს კვარცხლბეკზეაო დაძერწილი, ყველაზე იდეალური ნაკვთები ჰქონდა მათ შორის, რაც კი ოდესმე გამოუსახავთ დედამიწელ მოქანდაკეებს. მე და ლევენს აღფრთოვანებისაგან ამოსუნთქვისა გვეშინოდა და, მგონი, თავად პროფესორსაც აუთრთოლდა სხეულში ძარღვები.
ქალი ოდნავ იყო წინ გადმოხრილი და ისე იდგა, როგორც მყვინთავი, რომელიც წყალში ჩასახტომად ემზადება, და, მგონი, ისიც ჩვენსავით გაკვირვებული იყო. მე კი იმდენად ვიყავი გაოგნებული, რომ იგი დეტალურად ვერ ავათვალიერე - იმწუთს მე მხოლოდ მისი სხეულის საერთო კონტურებით ვიყავი ჰიპნოტიზირებული. მხოლოდ მცირეოდენი ხნის შემდეგ გავიაზრე, რომ იგი თეთრ რასას მიეკუთვნებოდა, რომ საკმაოდ მაღალი და ტანწერწეტაც გახლდათ. მერე მისი მშვენიერი სახეც განვჭვრიტე, სახე, რომელიც მხოლოდ ლამაზ სიზმარში შეიძლება მოგეზმანოს; ბოლოს, როგორც იქნა, ჩვენი მზერაც გადაეხლართა ერთმანეთს.
იმ მომენტში ჩემი ყურადღება მაქსიმალურად იყო დაძაბული, ჩემთვის დამახასიათებელი სიფხიზლე უკიდურესად იყო გამახვილებული და... უცებ გამაჟრჟოლა კიდეც, რადგან მის თვალებში მე რაღაც სრულიად უჩვეულო შევნიშნე. ჩვენ ყველაფრისათვის მზად ვიყავით, როცა უცხო სამყაროებთან შესახვედრად მოვისწრაფოდით, მაგრამ ამჯერად არ შემეძლო გამეგო და, მით უმეტეს, გამერკვია, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობდა ეს უჩვეულობა. მე ვგრძნობდი მხოლოდ იმას, რომ ჩვენს მიერ რეალობის აღქმა დიამეტრალურად ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს. და ეს არ იყო განპირობებული, ვთქვათ, მისი თვალების ფერით ან სხვა რაიმე დამახასიათებელი ნიშნით. ეს თვალები იყო ცარიელი.... მათში არ ჩანდა არც რაიმე აზრი და არც რაიმე გრძნობა და ისინი ერთი საბრალო დედამიწილი შეურაცხადი ადამიანის მზერას მაგონებდნენ, რომელიც არაერთხელ მენახა იქ, დედამიწაზე. თუმცა არა! ეს არ იყო შეურაცხადის თვალები! მასში იყო რაღაც უფრო შემზარავი, ვიდრე სიგიჟე...
როცა მან შენიშნა, რომ მასაც უთვალთვალებდნენ, ანუ მაშინ, როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, იგი უცებ ავტომატურად შებრუნდა, თითქოს ვიღაცამ ჩაარტყაო, და ეს იყო დამფრთხალი ნადირის მოქმედება. მასში არ იყო ნატამალიც კი ქალწულებრივი მოკრძალებისა და მე იმაშიც კი დავრწმუნდი, რომ რიდი და სიფრთხილე, როგორც ასეთი, მას საერთოდ არ გააჩნდა. უბრალოდ მის თვალებს არ შეეძლო ჩემი მზერის დაჭერა. მან თავი გვერდზე მიაბრუნა და დროდადრო ალმაცერად გამოხედავდა ხოლმე ჩვენკენ.
- ხომ გეუბნებოდით, ქალია-მეთქი - ჩაიბურტყუნა არტურ ლევენმა.
მან ეს სიტყვებით თითქმის ჩურჩულით თქვა, მაგრამ კლდეზე გადმოკიდებული ქალის სმენამ მაინც აღიქვა ისინი. ახალგაზრდა ფიზიკოსის ხმამ მასზე მოულოდნელი შთაბეჭდილება მოახდინა: იგი წელში გაიმართა და ისე სწრაფად მოემზადა გასაქცევად, როგორც შიშის რეფლექსით შეპყრობილ ცხოველებს სჩვევიათ. მაგრამ ორიოდე ნაბიჯი რომ გადადგა უკან და ნაწილობრივ რომ მოეფარა კლდეს, იგი შედგა. ახლა მე მხოლოდ მის შუბლს და ერთ, ჩვენკენ მოშვერილ თვლას ვხედავდი.
ჩვენ განძრევის გვეშინოდა, რადგან, შესაძლოა, ჩვენს მცირეოდენ ამოძრავებაზეც კი გაუჩინარებულიყო ქალი. ჩვენმა ასეთმა მოქმედებამ იგი დაამშვიდა და კვლავ გამოჩნდა კლდის შვერილზე. თუმცა ჩვენს შორის ყველაზე მეტად აღელვებულმა და ყველაზე ახალგაზრდა ლევენმა ვეღარ შეძლო გრძნობათა მოთოკვა.
- მე მსაგავსი რამ ცხოვრებაში არასოდეს.... - დაიწყო მან და მაშინვე მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა.
ჩანჩქერის ქალღმერთი კვლავ უკან გადახტა და გაუჩინარდა, თითქოს ადამიანური მეტყველების ხმებმა შეაშინაო.
მაშინ პროფესორმა ანტელმა დადუმება გვანიშნა და ტბაში ჭყუმპალაობა დაიწყო, თითქოს ირგვლივ არავის და არაფერს ამჩნევსო. ჩვენც მივბაძეთ მას და მალე ჩვენი ტაქტიკა წარმატებით დასრულდა, ოღონდ საკმაოდ უცნაური წარმატებით.
ჩანჩქერის ნიმფა არამარტო გამოჩნდა კლდის შვერილზე, არამედ გარკვეული ინტერესიც გამოამჟღავნა ჩვენი გაცურვებისადმი და ამით კიდევ უფრო დაძაბა ჩვენი ცნობისმოყვარეობა.
თქვენ პლაჟზე ოდესმე გინახავთ, თუ როგორ უთვალთვალებს ლეკვი თავის მობანავე პატრონს? მას ძალიან უნდა პატრონს შეუერთდეს, მაგრამ ეშინია ამის. ის მივა ხოლმე წყალთან, მერე უკან გაიქცევა, შეჩერდება, ყურებს გააპარტყუნებს, კუდსაც ააქიცინებს და ამას რამოდენიმეჯერ იმეორებს. აი, ზუსტად ასე იქცეოდა ჩვენი ჩანჩქერის ქალღმერთიც.
და უცებ მისი ხმაც გავიგონეთ! მაგრამ ვაი, რომ მის ბაგეთაგან მომწყდარი ბგერები კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ჩვენ რაღაც ცხოველის მსგავს არსებას გადავეყარეთ. იმ წამს იგი თითქოს მზად იყო წყალში გადმოშვებულიყო, მაგრამ ასე არ მოიქცა და ლეკვივით გაყუჩდა, პირი ოდნავ ღია ჰქონდა და მე ველოდი, რომ რაღაცას გვეტყოდა რომელიმე პრიმიტიულ ენაზე, მე ველოდი მის ძახილს და არა იმ ცხოველურ ხმას, რაც მისი ყელიდან ამოიფრქვა. დიახ, სწორედ ყელიდან რადგან არც ენა და არც პირი მათს რეგულირებაში არ მონაწილეობდა. ამგვარი ხმები დედამიწაზე ზოოლოგიურ პარკებში მსმენია, რასაც ახალგაზრდა, ზედმეტად გათამამებული შიმპანზეები გამოსცემენ ხოლმე.
ჩვენ კვლავაც თავს ვიკატუნებდით, თითქოს საერთოდ არ ვაქცევთო მას ყურადღებას და კვლავ ტბაში ვბანაობდით და ბოლოს ქალმაც გაბედა და ჩვენკენ გამოემართა. ჩვენ მისი მოძრაობების დახვეწილებამ გაგვაოცა. მისი მოოქროვილი სხეული, ტბის მოსარკულ ზედაპირზე რომ ირეკლებოდა, რაღაც ფეერიულ სანახაობას ქმნიდა. მან თვალისდახამხამებაში ჩამოირბინა ციცაბო დაღმართი, სადაც ორად ორი ოდნავ შესამჩნევი ხელმოსაკიდი თუ იყო, ტბის პირას მოვიდა და დიდ ქვაზე ფეხმოკეცილი ჩამოჯდა. ერთხანს გვაკვირდებოდა, მერე წყალში გადმოეშვა და ჩვენსკენ უშიშრად გამოცურა.
ჩვენ მივხდით, რომ მას ჩვენთან ერთად უნდოდა ჭყუმპალაობა, თუმცა არანაირ ზედმეტ მოძრაობას არ ვაკეთებდით, რაც დააფრთხობდა მას. ასე დაიწყო თამაში, რომლის წესები გაუაზრებლად თავად ჩანჩქერის ნიმფამ შემოგვთავაზა. ეს მართლაც საოცარი თამაში იყო, რაც აუზში იმ სელაპების ცელქობას წააგავდა, რომლებიც ერთმანეთს მისდევენ და რაწამს დაეწევა ერთი მეორეს, დევნა საპირისპირო მიმართულებას იღებს და ასე გრძელდება უსასრულოდ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სისულელედ გვეჩვენებოდა, მაგრამ ყველაფერზე თანახმანი ვიყავით, ოღონდ ეს მშვენიერი ქალბატონი მოგვჩვეოდა. მე შევნიშნე, რომ თვით პროფესორი ანტელიც დიდი სიამოვნებით მონაწილეობდა ჩვენს თამაშებში.
ჩვენი საწყალოსნო გართობანი საკმაო ხანს გაგრძელდა და უკვე დაღლა დაგვეტყო, როცა მე ერთმა უცნაურმა, უფრო სწორად ამგვარი შემთხვევებისათვის სრულიად შეუფერებელმა ფაქტმა გამაოცა, ანუ იმან, რომ ქალის სახე აბსოლუტურად სერიოზული იყო. გოგონა სიამოვნებით გვეთამაშებოდა თავისსავე მოგონილ თამაშს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მის სახეზე წამიერადაც არ გაელვებულა ღიმილი ან მისი მსგავსი ემოცია ერთხანს გაუაზრებელი უხერხულობა დამეუფლა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ამ მდედრ არსებას არ შეეძლო არც სიცილი და არც ღიმილი და მხოლოდ წყვეტილი ხმები ამოდიოდა მისი ყელიდან, რაც დადებითი ემოციების გამოხატვა გახდათ მის მხრივ.
...და მაშინ ექსპერიმენტის ჩატარება დავაპირე. გოგონა ძაღლის მსგავსი მოძრაობებით მოცურავდა ჩემკენ, მისი გრძელი თმები ისე იყო დაფენილი წყლის ზედაპირზე, როგორც კომეტის კუდი; რომ მომიახლოვდა, მას თვალებში ჩავხედე და სანამ იგი მზერას ამარიდებდა, გავუღიმე ისე, როგორც ყველაზე მეტად მოყვარული და თავაზიანი კაცი უღიმის ხოლმე თავის სატრფოს.
შედეგმა გამაოგნა! გოგონა გაქვავდა, ფსკერზე დააბიჯა ფეხები და, თითქოს თავის დაცვა სურსო, ჩემკენ გრძელფრჩხილებიანი თითები გამოიშვირა. შემდეგ შებრუნდა და ნაპირისაკენ გაიქცა. მერე ნახევრად შემობრუნდა, ისევე გაქვავდა, როგორც კლდის შვერილზე, საიდანაც ცხოველური შიშით შეპყრობილი გვათვალიერებდა ჩვენ. ამგვარი უნდობლობა მას, ალბათ, მალე გაუქრებოდა, რადგან მე აღარ ვუღიმოდი და კვლავ უგრძნობი სახით დავცურავდი წინ და უკან, მაგრამ ამჯერად ახალმა ამბავმა უფრო მეტად ააფორიაქა ჩანჩქერის ნიმფა. შამბნარიდან ტოტების შეხლა-შემოხლა მოგვესმა და უცებ ჩვენი მეგობარი შიმპანზე ჰექტორი გამოგვეცხადა. ჰექტორიც მოუახლოვდა ტბას და აშკარად კმაყოფილი იყო იმით, რომ ბოლოსდაბოლოს გვიპოვა ჩვენ, თავისი დედამიწელი ნაცნობები. აქ უკვე ჩვენი გაოცების ჯერი დადგა, რადგან შევნიშნეთთ, რომ მაიმუნის დანახვისას ლამაზმანის სახეზე მტაცებლურმა და შემაძრწუნებელმა გრიმასამ გაიელვა. იგი მთლად მიწას განერთხო, კუნთები დაეჭიმა, თითები მოეგრიხა, თითქოს ნახტომისათვის ემზადებაო და... ახლა აშკარად ჩანდა, რომ ეს, თითები კი არა, საბრძოლოდ შემზადებული კლანჭები იყო. ეს ყველაფერი კი ჩვენი პატარა სულელი მაიმუნის გამოისობით მოხდა, რომელიც ჩვენი ხილვისას ჩვეულებისამებრი ოინბაზობისათვის მოემზადა.
შემდგომი მოვლენები წამიერად განვითარდა. ჰექტორი გოგონას რომ მიუახლოვდა, ჩანჩქერის ქალღმერთი წელში ზამბარასავით გაიშალა და გადახტა. მისი ხელები შიმპანზეს კისერს შემოევლო, ფეხები კი მარწუხებივით ჩააკვდა შიმპანზეს სხეულს ისე, რომ საბრალო ჰექტორს განძრევაც აღარ შეეძლო. თავდასხმა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ჩვენ ჩარევა ვერ მოვასწარით. ჰექტორი ოდნავ შეინძრა და გაქვავდა. ხუთიოდე წამის შემდეგ, როცა ქალმა თავი ანება მას, ჩვენი მაიმუნი უკვე მკვდარი იყო. ამ სხივმოსილმა არსებამ, რომელსაც ნოვა შევარქვი, რადგან მისი სილამაზე მხოლოდ თვალისმომჭრელ ვარსკვლავს ედრებოდა, დიახ, ამ გამაოგნებელმა ნიმფამ, არც მეტი, არც ნაკლები, უბრალოდ გაგუდა ჩვენი მოშინაურებული საბრალო მაიმუნი.
ჩვენ გონს რომ მოვედით და ჰექტორის საშველად რომ გავემართეთ, უკვე გვიან იყო. ნოვა ჩვენც მოგვიბრუნდა ისევე მტაცებლურად გამოიშვირა ჩვენკენ კლანჭები, თითქოს ჩვენზე თავდასხმასაც აპირებსო. მას ზედა ბაგე მაღლა ჰქონდა აწეული და ეშვებს მრისხანედ გვიშვერდა; ქალს იმდენად გააფთრებული სახე ჰქონდა, რომ ჩვენ წამიერად შევდექით. მან კი რაღაც გამარჯვების გამომხატავი ყიჟინა დასცა და ტყისკენ გაიქცა. წამის შემდეგ მისმა მოოქროვილმა სხეულმა ერთხელაც გაიელვა ხეებს შორის და თვალს მიეფარა. ჩვენ კვლავ მარტონი დავრჩით, მდუმარე და იდუმალ ტყეში.
მეექვსე თავი
- ეს ქალი ველურია! - ძლივს ამოვიდგი ენა - ეგებ ის რომელიმე ჩამორჩენილი ტომიდანაა?! აი, ისეთიდან, ახალ გვინეაში და აფრიკის ტყეებში რომ შემორჩნენ დედამიწაზე - თუმცა ამ სიტყვებს ყოველგვარი დამაჯერებლობის გარეშე ვამბობდი, ამიტომაც არტურ ლევენი მაშინვე შემეწინააღმდეგა:
- მაინც რომელ ჩამორჩენილ ტომებში გინახავს ფორმათა ასეთი სრულყოფილება და ჰარმონიული მოძრაობანიო? - მკითხა მან ბრაზნარევი ტონით და მე ვერაფერი ვუპასუხე, იგი ამ შემთხვევაში მართალი იყო. პროფესორი ანტელი კი ღრმა ფიქრებში იყო ჩაფლუილი, თუმცა ჩვენს საუბარს მაინც უგდებდა ყურს.
- დედამიწის თვით ყველაზე პრიმიტიულ ტომებსაც კი ლაპარაკი შეუძლიათ - აღნიშნა პროფესორმა. - ეს ველური ქალი კი სიტყვასაც ვერ ამბობს.
ჩვენ იმ ტბის მთელი შემოგარენი შემოვიარეთ, მაგრამ ქალის კვალს ვერასად მივაგენით. მაშინ ჩვენ იმ დიდი მდელოსაკენ გავეშურეთ, სადაც ჩვენი კოსმოსური კატარღა იდგა. პროფესორ ანტელს მაშინვე სურდა აფრენა, რათა სადმე ცივილიზირებულ რაიონში მოვხვედრილიყავით, მაგრამ ლევენმა მას შესთავაზა, რომ ოცდაოთხ საათს კიდევ დავრჩენილიყავით აქ და ჯუნგლების ბინადრებთან კონტაქტის დამყარება გვეცადა. მეც დავუჭირე მხარი ლევენს და იქ დარჩენა საბოლოოდ გადაწყდა. ჩვენ არ ვუმხელდით ერთმანეთს, მაგრამ ყველა იმას ვნატრობდით, რომ როგორმე კვლავ გვენახა ის იდუმალებით მოსილი ქალბატონი. ის დღე სხვა თავგადასავლების გარეშე დასრულდა. მოსაღამოვდა და ჩვენ ჰორიზონტს იქით ჩამავალი გიგანტური ბეთელჰეიზეს ჭვრეტით ვტკბებოდით; ადამიანურ წარმოსახვას არ ძალუძს წარმოიდგინოს ამაზე უფრო ფანტასტიური და გრანდიოზული სანახაობა. შემდეგ კი ვიგრძენით, რომ ჩვენს ირგვლივ რაღაც შეიცვალა. ჯუნგლები იდუმალი ხმებითა და შრიალით აივსო. ჩვენ გვეჩვენებოდა, რომ იდუმალი არსებები ხშირი ტყიდან გვითვალთვალებდნენ. თუმცა ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა, ჩვენ კატარღაში ჩავიკეტეთ და დილამდე რიგრიგობით ვმორიგეობდით. განთიადზე თვალთვალის არასასიამოვნო შეგრძნება უფრო გაძლიერდა, მე მომეჩვენა კიდეც, რომ ტყიდან მოკლე, წივილნარევი ხმები ისმოდა, ისეთი, როგორიც+ წინადღეს ნოვასაგან გავიგონეთ. ჩვენ ეჭვი გვღრღნიდა, რომ ტყეში უცნაური არსებები იმალებოდნენ, თუმცა არცერთი მათგანი არ დაგვინახავს. მცირე ხნის შემდეგ გადავწყვიტეთ, კვლავ წავსულიყავით ჩანჩქერისაკენ. მთელი გზის მანძილზე ჩვენ აშკარად ვგრძნობდით, რომ გამუდმებით გვითვალთვალებდნენ, მაგრამ სააშაკაროზე გამოსვლა არავის დაუპირებია.
- მაგრამ გუშინ ნოვა ხომ უშიშრად დაგვენახა?! ალბათ, მათ ჩვენი ჩაცმულობა აშინებს - ჩაილაპარაკა არტურ ლევენმა და მე გამახსენდა! დიახ, გარკვევით გამახსენდა - ნოვამ ჩვენი საბრალო მაიმუნი რომ დაახრჩო და გაიქცა, უცებ ჩვენს ტანსაცმელთან შედგა, დამფრთხალი ცხენივით შეხტა და თვალს მიეფარა.
- აბა ახლა ვნახოთ! - ვთქვი მე და ჩემს თანამგზავრებს გაშიშვლება შევთავაზე. ასეც მოვიქეცით და კვლავ უდარდელი ჭყუმპალაობა დავიწყეთ ტბაში; ვბანაობდით და თავს ვიკატუნებდით, რომ იმ არემარეს არ ვადევნებდით თვალს. ამ ნაცადმა ხერხმა სასურველი შედეგი გამოიღო. რამოდენიმე წუთის შემდეგ კლდოვან ნაპირზე ჩვენ დავინახეთ გოგონა, თუმცა მისი იქ ასვლა არ შეგვიმჩნევია. ამჯერად იგი მარტო არ იყო. მის გვერდით იდგა სრულიად შიშველი კაცი, რომელსაც აბსოლუტურად ისეთივე აღნაგობა ჰქონდა, როგორც დედამიწელებს. კაცი უკვე ასაკში იყო შესული, მისი ზოგიერთი ნაკვთი აშკარად ჰგავდა ჩვენი ჩანჩქერის ქალღმერთისას, ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ ისინი მამა-შვილი უნდა ყოფილიყვნენ. კაცი ნოვასავით შეშინებული და დამფრთხალი გვიმზერდა. თანდათანობით სხვა ადამიანებიც გამოჩნდნენ. მათი რიცხვი საკმაოდ დიდი იყო. ჩვენ კვლავ მოჩვენებით გულგრილობას ვამჟღავნებდით და ვამჩნევდით, რომ ტბის გარშემო ადამიანების რაოდენობა სულ უფრო მატულობდა. ყოველი მათგანი, ქალი თუ კაცი, ადამიანური მოდგმის შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენდნენ, ყველას ჩამოქნილი ტანი და მოოქროვილი კანი ჰქონდა. მალე ჩვენ სორორას ბინადართა ალყაში მოვექეცით, ისინი უკიდურესად აღგზნებულნი იყვნენ და სრულ სიჩუმეს წამიერი შეძახილებით არღვევდნენ. ჩვენ საბრალო ჰექტორის მწარე ხვედრი კარგად გვახსოვდა და ამიტომაც არცთუ უსაფუძვლოდ ვღელავდით. თუმცა იმ ადამიანების ქცევაში აგრესიულობის ნასახიც კი არ ჩანდა. როგორც ჩანს, ისინი, როგორც წინადღეს ნოვა, ჩვენი საწყალოსნო პროცედურების ცქერით იქცევდნენ თავს. მცირე ხნის შემდეგ ნოვა, რომელსაც უკვე ჩვენს ძველ ნაცნობად ვთვლიდით, წყალში გადმოეშვა და მას მალე სხვებმაც მიბაძეს. ახლა ადამიანები უკვე წყალში იყვნენ და ჩვენ კვლავ სელაპებივით დავიწყეთ ერთმანეთის გამოდევნება და თამაში. სხვაობა იყო მხოლოდ ის, რომ ამჯერად ჩვენს ირგვლივ ყვინთავდა და ფრუტუნებდა ნოვას მსგავსი თითქმის ოცი არსება, რომელთა უკიდურესად სერიოზული სახეები არაფრით ესადაგებოდა მათს ბავშვურ გართობა-თამაშს. ოციოდე წუთში მე ეს თამაში მომბეზრდა. ნუთუ კოსმოსის ჯურღმულები ბეთელჰეიზემდე იმისათვის გადმოვსერეთ, რომ უგნური არსებებივით გვეჭყუმპალავა?! მე საკუთარი თავის წინაშე შემრცხვა, ჩვენს ბრძენ პროფესორ ანტელს კი, მგონი, მსგავსი პრობლემები არ აწუხებდა და სიამოვნებით განაგრძობდა თამაშს. თუმცა სხვა რა დაგვრჩენოდა? ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სირთულეს წარმოადგენს, კონტაქტი დაამყარო ისეთ არსებასთან, რომელმაც არ იცის, რა არის მეტყველება და რა არის ღიმილი. მიუხედავად ამისა, შევეცადე ამის გაკეთება. მე ჟესტიკულირება დავიწყე და ყოველ ქმედებაში რაღაც აზრს ვდებდი. ყველაზე კეთილგანწყობილი სახით ვიდებდი მკერდზე ხელებს, ჩინელებივით თავაზიანად ვუხრიდი მათ თავს, საჰაერო კოცნასაც ვუგზავნიდი, მაგრამ ყოველი ჩემი ჟესტი უპასუხოდ დარჩა. გონიერების არცერთმა ნაპერწკალმა არ გაიელვა ამ არსებების თვალებში.
ამ პლანეტისკენ ფრენისას ჩვენს წარმოსახვაში იკვეთებოდა ყველა ფორმისა და ზომის არსება, მაგრამ გვწამდა, რომ ნებისმიერ მათგანს ექნებოდა გონება; სორორაზე კი სრულიად საწინააღმდეგოს წავაწყდით: ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად გვგავდნენ ჩვენ გარეგნობით და რომლებსაც, როგორც ჩანს, გონების ნატამალიც კი არ გააჩნდათ. დიახ, სწორედ ამაზე მეტყველებდა ნოვას ცარიელი მზერა, რამაც პირველი შეხვედრისას გამაოგნა. ახლა კი იგივეს ვხედავდი მისი ტომის ყველა სხვა არსების თვალებში - გონების, აზრის, სულის სრულ არარსებობას.
მათ ართობდათ მხოლოდ სულელური თამაში და ყველაზე პრიმიტიული ქმედებანი. მცირე ხნის შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენი თამაში ოდნავ გაგვერთულებინა; წელამდე სიღრმის წყალში დავდექით, ერთმანეთს ჩავეჭიდეთ და საბავშვო ბაღის ბავშვებივით მაღლა და დაბლა ვწევდით ხელებს, მაგრამ ამას ყურადღება არავინ მიაქცია. უმეტესი მათგანი უბრალოდ გაგვშორდა, ზოგიერთნი კი ისეთი უიმედოდ ცარიელი მზერით უყურებდნენ ამ ექსპერიმენტს, რომ ჩვენ აღშფოთება ვერ დავმალეთ.
როგორც ჩანს, ჩვენი აღშფოთება საფუძვლიანი აღმოჩნდა და კინაღამ კატასტროფის მიზეზი გახდა. როცა ჩვენ გავიაზრეთ, რომ სამი სოლიდური მამაკაცი, რომელთაგან ერთი მსოფლიო მნიშვნელობის პროფესორი იყო, ხელიხელჩაკიდებული ბავშვებივით ერთობიან და ამას ბეთელჰეიზეს დამცინავი მზერა ახლავს თან, ჩვენ ნერვებმა გვიმტყუნეს. იმდენ ხანს ვცდილობდით სერიოზულობის შენარჩუნებას, ამ ოცი წუთის განმავლობაში ისე დაძაბულნი ვიყავით, რომ წამიერად განვიმუხტეთ ამისგან, გიჟებივით დავიწყეთ ხარხარი, მუცლები ხელით გვეჭირა და კრუნჩხვებიც კი დაგვეწყო.
აი, სწორედ ჩვენი გართობის ამ უნებლიე სულელურმა აფეთქებამ გამოიწვია სორორას ბინადართა საპასუხო რეაქცია, თუმცა არა ისეთი, რასაც ველოდით. ტბაზე თითქოს ქარიშხალი ამოვარდაო! ადამიანები პანიკაში ჩავარდნენ და თვალის დახამხამებაში გაგვშორდნენ. ორიოდ წუთში ჩვენ კვლავ მარტონი დავრჩით წყალში. შიშით და მრისხანებით აკანკალებული სორორელები ტბის მოშორებულ ნაპირზე შეჯგუფდნენ; ერთნი ყურისწამღებად წიოდნენ, მეორენი კი მუქარით იქნევდნენ ხელებს. მათს სახეზე ისეთი აგრესია იკითხებოდა, რომ მე და ლევენმა იარაღს წავატანეთ ხელი. მხოლოდ ბრძენმა ანტელმა შეინარჩუნა სიმშვიდე და ჩურჩულით დაგვარწმუნა, რომ არათუ სროლა არ დაგვეწყო, არამედ იარაღსაც კი არ გავკარებოდით, სანამ ეს ადამიანები ჩვენგან მოშორებით იდგებიან.
ჩვენ მათ მაინც არ ვაშორებდით თვალს და ნელნელა ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყეთ. როგორც კი შარვლები ამოვიცვით, ველურების აღგზნება ისტერიაში გადაიზარდა. როგორც ჩანს, ჩაცმული ადამიანების ხილვა მათთვის აუტანელი იყო. ზოგმა გაქცევით უშველა თავს, ზოგი კი ჩვენკენ გამოეშურა მრისხანედ მოკაკვული თითებით. მე კარაბინი მოვიმარჯვე. საოცარია, მაგრამ ამ უგნურმა არსებებმა თითქოს გაიგესო ჩემი განზრახვის არსი და მაშინვე ტყეს შეაფარეს თავი.
ჩვენ კოსმოსური კატარღისაკენ გავეშურეთ და მთელი გზა კვლავ უსიამოვნო შეგრძნება გვქონდა იმისა, რომ სორორას ბინადარნი თვალს არ გვაშორებდნენ და კვალდაკვალ მოგვყვებოდნენ.
მეშვიდე თავი
თავდასხმა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ თავდაცვაზე ფიქრიც კი არ დაგვცალდა. ჩვენ უკვე მდელოს ვუახლოვდებოდით, როცა სორორას ადამიანები მგლის ხროვასავით გამოცვივდნენ ტყიდან და, ვიდრე ჩვენ იარაღის მომარჯვებას მოვასწრებდით, თავს დაგვესხნენ.
ყველაზე საინტერესო ამ თავდასხმაში იყო ის, რომ ამგვარი ქმედება ჩვენს წინააღმდეგ არ გახლდათ გამიზნული. მე ეს მაშინვე ვიგრძენი და არც შევმცდარვარ; ინტუიციით იმასაც ვგრძნობდი, რომ არცერთ ჩვენთაგანს საბრალო ჰექტორის ხვედრის გაზიარება არ ემუქრებოდა. სორორელი ადამიანების იერიშის ობიექტები ვიყავით არა ჩვენ, არამედ ჩვენი ტანსაცმელი და ყველა ის ნივთი, რაც გაგვაჩნდა. წამიერად პირქვე დაგვამხეს და ათიოდე გააფთრებული ადამიანის ხელმა ჩვენი სამოსის გლეჯა და ზურგჩანთებში არსებული საგნების მსხვრევა დაიწყო. რაწამს გავიაზრე, თუ რა იწვევდა ველურების რისხვას, მე წინააღმდეგობა შევწყვიტე და საბოლოო ჯამში ორიოდე შემთხვევითი ნაკაწრი დამაჩნდა სხეულზე. ანტელმა და ლევენმაც მომბაძეს და არცერთ მათგანს რაიმე სერიოზული დაზიანება არ მიუღია. მალე ჩვენ დედიშობილანი ვიდექით ჩვენსავით ტიტლიკანა ქალებსა და კაცებს შორის, რომელნიც უკვე სრულიად დამშვიდებულნი გვიმზერდნენ, თუმცა წამითაც არ გვშორდებოდნენ და გაქცევის ყოველგვარ მცდელობას ერთობლივად გვიხშობდნენ.
ტყის პირას უკვე ასიოდე ველურ ადამიანს მოეყარა თავი; ერთნი ჩვენ გვდარაჯობდნენ, მეორენი კი კოსმოსურ კატარღას უვლიდნენ გარს და ცხადად იგრძნობოდა, რომ მის დარბევასაც ისეთივე მრისხანებით ლამობდნენ, რა ულმობლობითაც ჩვენს პირად ნივთებს მოეპყრნენ. მალე ველურები ეძგერნენ კატარღას, ჩვენს თვალწინ უძვირფასესი აპარატურის მსხვრევა დაიწყეს და მაშინღა მივხვდი იმას, რამაც ამ არსებების მთავარი განზრახვა გამოააშკარავა: ამ ადამიანებს აღიზიანებდათ საგნები! ყველაფერი ხელოვნურად გაკეთებული მათში დაუოკებელ მრისხანებას და ამასთანავე შიშს იწვევდა. რაწამს რაიმე ფორმის მქონე ნივთს მოიგდებდნენ ხელთ, მაშინვე აქუცმაცებდნენ მას, მერე განზე ისროდნენ, თითქოს გავარვარებული რკინა ეპყრათო, და თუ კვლავ უჩნდებოდათ მისი აღების სურვილი, ეს იმ მიზნით კეთდებოდა, რომ საგნის ყველა გამოკვეთილი ფორმა საბოლოოდ დაემახინჯებინათ. ამგვარმა ქმედებამ მანგუსტი გამახსენა, რომელიც გველს დაესხმის ხოლმე თავს, უფრო სწორად კატა, რომელიც ვირთხასთან მართავს გააფთრებულ ბრძოლას და შემდეგ თავის ნახევრადმკვდარ მსხვერპლს კვლავაც საფრთხის შიშით დაჰყურებს ხოლმე. მე სხვა საინტერესო ფაქტიც დავაფიქსირე: ისინი ჩვენ სრულიად შიშველი ხელებით გაგვისწორდნენ და იარაღად უბრალო ჯოხიც კი არ გამოუყენებიათ.
უსასონი და უსუსურნი ვიდექით და ვუმზერდით იმას, თუ როგორ ანადგურებენ სორორელი ადამიანები ჩვენს კოსმოსურ კატარღას. მალე მათ კატარღის შიგნითაც შეაღწიეს და დაამსხვრიეს ყველაფერი, რაც მათს ხელებს დაექვემდებარა; დალეწეს ყველა სანავიგაციო ხელსაწყო და მათი ნამსხვრევები მთელ არემარეზე მოფინეს. ეს რბევა საკმაო ხანს გაგრძელდა და როცა კატარღისაგან მხოლოდ კარკასი დარჩა, მძარცველებმა თავი ანებეს მას, დაშოშმინდნენ და ჩვენკენ გამოემართნენ.
მალე ველურებმა მუჯლუგუნებით და ზურგზე ხელების პარტყუნით გვაიძულეს ტყეში შევსულიყავით. ჩვენი მდგომარეობა სულ უფრო მძიმე და სასოწარკვეთილი ხდებოდა. გაძარცვულები, შიშვლები და უიარაღონი სირბილით მივდევდით ამ ხროვას და იმის საშუალებაც კი არ გვქონდა, რომ ერთმანეთისთვის რამე გვეთქვა. ყოველგვარი მცდელობა ხმის ამოღებისა ველურებში იმგვარ რისხვას იწვევდა, რომ იძულებულნი გავხდით ხანგრძლივად დავდუმებულიყავით. არადა, გარს ისეთივე ადამიანები გვეხვივნენ, როგორებიც თავად გახლდით?! მათთვის რომ ჩაგეცვათ, დაგებანათ და დაგევარცხნათ, დედამიწაზე არც არავინ განარჩევდა სხვათაგან. ყველა ქალი ლამაზი იყო, თუმცა ნოვა მაინც გამოირჩეოდა მათ შორის თავისი თვალისმომჭრელი მშვენიერებით.
ნოვაც იმ ხროვაში ერია, კვალდაკვალ მოგვდევდა და ყოველთვის, როცა ჩემს მიმართ აგრესიულ ქმედებას გამოავლენდა რომელიმე ველური, მე ნოვასაკენ ვიხედებოდი, მის თვალებში თანაგრძნობის ხილვას ვცდილობდი და, მგონი, ერთხელ დავინახე კიდეც რაღაც სიბრალულის მაგვარი რამ; ან ეგებ ვცდებოდი კიდეც, რადგან რაწამს ჩვენი თვალები ერთმანეთს ეხლართებოდა, იგი მზერას მარიდებდა და მის სახეზე არაფერი ირეკლებოდა, გარდა გულწრფელი გაოგნებისა.
ჩვენ დიდხანს ვიარეთ ჯუნგლებში; ისე დავიღალე, რომ ფეხებს ძლივს მივათრევდი, მთელი სხეული დასერილი მქონდა იმ ეკალ-ბარდებში ძრომიალით, რომელთა მიღმა სორორელები მცირეოდენი ნაკაწრის გარეშე ახერხებდნენ გავლას. ჩემი ამხანაგები არანაკლებ იყვნენ დაღლილნი და დალილავებულნი. პროფესორი ანტელი უკვე ყოველ ნაბიჯზე ბორძიკობდა; როცა ბოლოსდაბოლოს ამ უგნური სრბოლის დამამთავრებელ პუნქტს მივაღწიეთ, ტყე გამეჩხერდა, მალე ბუჩქნარი მაღალი ბალახით დაფარულმა მდელომ შეცვალა; აქ კი გვანებეს თავი ჩვენმა მასპინძლებმა და, თითქოს გადაავიწყდათო ჩვენი არსებობა, ხეების ტოტებზე კვლავ დაუწყეს ერთმანეთს დევნა... როგორც ჩანს, სწორედ ეს გახლდათ მათი ერთადერთი გართობა ცხოვრებაში. ჩვენ კი დაღლილობისაგან ძირს დავეყარენით და ახლაღა მოვახერხეთ თითო-ოროლა სიტყვა ჩურჩულით გვეთქვა ერთმანეთისთვის.
მე და ლევენი უკიდურესი სასოწარკვეთილებით ვიყავით შეპყრობილნი და ჩვენს ხელმძღვანელს მთელი ფილოსოფიური სიბრძნის მოშველიება დასჭირდა, რათა ოდნავ მაინც გავემხნევებინეთ. უკვე ბინდი იყო ჩამოწოლილი და ჩვენ შეგვეძლო მასპინძლების უყურადღებობით გვესარგებლა და გავქცეულიყავით, მაგრამ სად?! კოსმოსურ კატარღამდე დასაბრუნებლი გზა რომ გვეპოვნა კიდეც, ეს ჩვენ არაფერს მოგვცემდა. უფრო გონივრული იქნებოდა აქ დავრჩენილიყავით და ამ უცნაური არსებების კეთილგანწყობა მოგვეპოვებინა... და, რაც მთავარია, უკვე შიმშილის გრძნობამაც შეგვაწუხა.
წამოვდექით და ინსტინქტურად ტყისკენ გავეშურეთ. სორორელები კვლავ ერთმანეთს დასდევდნენ და ჩვენკენ არცკი იხედებოდნენ. ერთადერთი ნოვა იყო, ვისაც, მგონი, არ დავვიწყებოდით. იგი კვალდაკვალ მოგვდევდა და რაწამს მისკენ გავიხედავდით, მზერას გვარიდებდა. ერთხანს ტყის პირას ვიარეთ და დავადგინეთ, რომ ეს ამ ადამიანების სადგომი იყო, ოღონდ, ნაცვლად ქოხებისა, მათ მიწაზე ან დაბალ ტოტებზე ფიჩხით ჰქონდათ შეკოწიწებული რაღაც ბუდეების მაგვარი, დაახლოებით ისეთები, როგორებსაც დედამიწაზე აფრიკელი მაიმუნები იკეთებენ. ზოგიერთი ბუდე უკვე დაკავებული იყო. ქალები და კაცები დაწყვილებულნი თვლემდნენ, ზოგი მათგანი კი მარტო იწვა მიწაზე და ძაღლივით მოკუნტული მისცემოდა ძილს. უფრო დიდ ბუდეებში მთელი ოჯახები იყო განთავსებული, სადაც საკმაოდ ძლიერ და ლამაზ ბავშვებს, მშობლებთან მიხუტებულებს, უშფოთველად ეძინათ.
თუმცა ამ ინფორმაციის მიღებას არაფრით შეეძლო ჩვენი შიმშილის პრობლემის მოგვარება. მართალია, ერთი ხის ქვეშ შევნიშნეთ ოჯახი, რომელიც ტრაპეზას შესდგომოდა, მაგრამ მათმა საკვებმა ჩვენ ვერაფრით გვანუგეშა. ისინი კბილებითა და ფრჩხილებით, ყოველგვარი სხვა იარაღის გარეშე, რაღაც ირმის მსგავსი დიდი ცხოველის სხეულის ნაწილებს ფლეთდნენ, სისხლიან ნაჭრებს პირისაკენ მიაქანებდნენ, ღეჭავდნენ და დაუღეჭავ ტყავს იქვე უკან ანთხევდნენ. საერთოდ კი, მთელ ამ სადგომში ცეცხლის არსებობის ნასახიც კი არ ჩანდა.
ამგვარმა ღრეობამ ჩვენში გულისრევა გამოიწვია. ამასთანავე ისიც გაირკვა, რომ არავინ აპირებდა ჩვენთვის საკვები შემოეთავაზებინა. პირიქით! როგორც კი ორიოდ ნაბიჯზე მივუახლოვდებოდით, საკვებს დახარბებული ადამიანები მრისხანედ გვიღრენდნენ და უკან დახევას გვაიძულებდნენ.
და ისევ ნოვამ გვიხსნა განსაცდელისგან. შესაძლოა, იგი მიხვდა კიდეც, რომ მშივრები ვიყავით, თუმცა ამაში დარწმუნებული არ გახლდით. ნუთუ საერთოდ შეეძლო მას რამის გაგება? არ ვიცი. უფრო სავარაუდოა, რომ თავად ნოვაც მოშიებული იყო; ასეა თუ ისე, ეს ქალბატონი ერთ დიდ ხეს მიუახლოვდა, ხელებით და ფეხებით შემოეჭდო მას და დაბლა განლაგებულ ტოტებამდე აცოცდა. მალე იგი ფოთლებში გაუჩინარდა და უცებ თავს ამ ხის ბანანის მსგავსი ნაყოფი დაგვეყარა. მალე ნოვა ჩამოძვრა ხიდან და, თითქოს გვასწავლისო, ჩვენს თვალწინ ბანანების გაფცქვნას და მირთმევას შეუდგა. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ჩვენც მივბაძეთ მას. ნაყოფი საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა და შიმშილის დაოკებაც შეგვაძლებინა, ნოვა კი უშფოთველად გვიმზერდა და იქვე მდებარე ნაკადულისაკენაც გაგვიძღვა. წყურვილიც მოვიკალით და ღამის გათევაც იქვე დავაპირეთ.
მე ისეთივე ბუდის მოწყობა დავიწყე, როგორიც სორორელებს ჰქონდათ. ნოვა იმდენად დაინტერესდა ჩემი საქმიანობით, რომ მომიახლოვდა და ერთი დიდი ტოტის მოტეხვაშიც დამეხმარა. ამან მე მეტად ამაღელვა, არტურ ლევენში კი იმდენად უკმაყოფილო ემოცია აღძრა, რომ იგი იქვე ბალახზე მიეგდო და ზურგი გვაქცია. რაც შეეხება პროფესორ ანტელს, ის უკვე კარგა ხნის ჩაძინებული იყო.
მეც მოვემზადე დასაძინებლად და საამისოდ სარეცელიც გავიმზადე; ნოვა კვლავ თვალს მადევნებდა და როგორც კი დავწექი, თითქოს ყოყმანობსო, ერთხანს მიყურა და შემდეგ ფრთხილი ნაბიჯებით მომიახლოვდა. მე სუნთქვა შემკრა და არ გავნძრეულვარ, რომ არ დამეფრთხო ეს მშვენიერი არსება... და ნოვა გვერდით მომიწვა. მე გაუნძრევლად ვიწექი, ნოვა კი მთელი სხეულით მომეკრა და ახლა ჩვენ არაფრით განვსხვავდებოდით ამ უცნაური ტომის სხვა წყვილებისაგან, რომლებიც ღამის გასათევად ემზადებოდნენ. იმ წუთს, მიუხედავად ნოვას მშვენიერებისა, მე მას, როგორც ქალს, არ ვუყურებდი. ისიც, ადამიანივით კი არა, თვინიერი შინაური ცხოველივით იქცეოდა, რომელიც პატრონს გასათბობად ეხუტება ხოლმე. მეც მსიამოვნებდა მისი სხეულის სითბო, მაგრამ არანაირ სურვილს იგი ჩემში არ აღძრავდა. ბოლოს, როგორც იქნა, ჩამეძინა ამ საოცრად მშვენიერი და საოცრად უგნური არსების გვერდით. ისე ვიყავი გადაღლილი, რომ ცალი თვალითაც არ გამიხედავს ხეებს შორის ამობრდღვიალებული იმ პლანეტის ღამეული თანამგზავრისკენ, რომელიც ჩვენს მთვარეზე უფრო პატარა იყო, მაგრამ ყვითლად მოციაგე შუქით მაინც კარგად ანათებდა ირგვლივ გადაშლილ ჯუნგლებს.
მერვე თავი
რომ გამომეღვიძა, ტოტებს შორის უკვე დღის სინათლე ილანდებოდა. ნოვას კვლავ ეძინა. მე მდუმარედ ვესიყვარულებოდი მას, მაგრამ უცებ გამახსენდა, თუ რა სისასტიკით მოეპყრო იგი ჩვენს საბრალო მაიმუნს და ღრმად ამოვიოხრე. ესეც რომ არა, ყველა ჩვენი უბედურება ხომ ამ ლამაზმანის გამოისობით დაიწყო. თავის თანამემამულეებს ხომ მან აცნობა ჩვენი არსებობის შესახებ. მაგრამ მაინც არ შემეძლო წყრომით მეცქირა მისთვის, რადგან მისი მშვენიერება მაგიურად მოქმედებდა ჩემზე.
უცებ ნოვა შეინძრა და თავი აწია. მის თვალებში უცებ შეძრწუნებამ გაიელვა და ტანზე ყველა ნაკვთი დაეძაბა. თუმცა ჩემმა უმოძრაობამ დააწყნარა ნოვა და თანდათანობით სახეც დაუმშვიდდა. როგორც ჩანს, მას რაღაც ახსოვდა, მაგრამ მაინც შეძლო ჩემი მზერისათვის წამიერად გაეძლო. მე ეს ჩემს პირველ გამარჯვებად ჩავთვალე და, სრულიად გადამავიწყდა რა სორორას მკვიდრთა რეაქცია დედამიწელთა ჟესტიკულაციისადმი, მეგობრულად გავუღიმე ქალს.
საბედნიეროდ, ამჯერად მისი რეაქცია არცთუ ისე მგზნებარე აღმოჩნდა. ნოვა აკანკალდა და მთლად დაიძაბა, თითქოს ნახტომისათვის ემზადებაო, მაგრამ მაინც ჩემს გვერდით დარჩა. წარმატებით გამხნევებულმა უფრო გულღიად გავუღიმე. იგი კვლავ დაიძაბა, მაგრამ უფრო მალე დაწყნარდა და საბოლოოდ სახეზე გაოცების გარდა აღარაფერი შერჩა.
ნუთუ შევძელი და მოვიჩვიე?! ახლა უფრო გაბედულად ავმოქმედდი და მხარზედაც კი დავადე ხელი. ნოვას სხეულზე თრთოლვის ტალღამ გადაურბინა, მაგრამ კვლავ არ შენძრეულა. წარმატებამ გამაბრუა და ეს გაბრუება აღტაცებამ შეცვალა, როცა შევნიშნე, რომ ნოვა ჩემი მოძრაობების გამეორებას აპირებდა.
დიახ, ეს ნამდვილად ასე იყო! იგი გაღიმებას ცდილობდა! ისიც ცხადად საგრძნობი იყო, რომ მას ეს მცდელობა უზარმაზარი ენერგიის ხარჯვის ფასად უჯდებოდა. მან რამოდენიმეჯერ გაიმეორა მშვენიერ სახეზე ერთი და იგივე გრიმასა, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაც მანჭვისმაგვარი თუ გამოუვიდა. მის მტანჯველ მცდელობებში, ასეთი უბრალო, მაგრამ მისთვის მიუწვდომელი ადამიანური გრძნობა რომ ასახვოდა სახეზე, იყო რაღაც გულის სიღრმემდე შემაძრწუნებელი. უცებ ვიგრძენი, თუ როგორ ჩამწყდა მთელი შიგნეულობა და როგორ გადაევლო ჩემს სულს სიბრალულის უზარმაზარი ტალღა; ასე მეგონა, უმშვენიერეს, მაგრამ გონებით დაჩლუნგებულ ინვალიდ ბავშვს ვუცქერდი. მე ალერსით მოვხვიე მხარზე ხელი, დავიხარე მისკენ და ფრთხილად ვეამბორე მის ბაგეებს... საპასუხოდ მან ცხვირი ცხვირზე მომითათუნა და ლოყა ამილოკა.
ამან მთლად გამაოგნა და არ ვიცოდი შემდგომ როგორ მოვქცეულიყავი. ყოველი შემთხვევისათვის მისი ქმედება გავიმეორე, თუმცა, სიმართლე თუ გინდა, არცთუ კარგად გამომივიდა ეს. ბოლოსდაბოლოს ხომ ჩვენ ვიყავით უცხოპლანეტელნი და საერთოდ უცხონი და ჩვენ ვიყავით ვალდებულნი დიადი ბეთელჰეიზეს საპლანეტო სისტემის მკვიდრთა ჩვეულებანი შეგვესწავლა. ნოვა თითქოს დაკმაყოფილდაო და ჩვენს ალერსს გაგრძელება არ მოჰყოლია. მე იმას ვშიშობდი, რომ ჩემს დედამიწიერ მანერებს რაიმე სახიფათო შედეგი არ მოჰყოლოდა და ფიქრში ჩავიძირე... უცებ გამაოგნებელმა გრუხუნმა და ზრიალმა გვაიძულა წამოვმხტარიყავით.
ერთხანს შეცბუნებულ-შეშინებული ვიდექი ჩემი ორი ამხანაგის გვერდით, რომელთა არსებობა კინაღამ გადამავიწყა ნოვასთან კოტრიალმა. ნოვა კი გაცოფებულივით აწყდებოდა აქეთ-იქით და მივხვდი, რომ ეს გრუხუნი მოულოდნელი იყო არა მარტო ჩვენთვის, არამედ იმ ტყის ბინადრებისათვისაც. ადამიანები თავის ბუდეებიდან ხტებოდნენ, ხშირ ბალახში დამალვას ცდილობდნენ და ეს აღარ იყო წინადღეს ნანახი მათი გართობანი - ამჯერად მათს ყვირილში უსაზღვრო შიში იგრძნობოდა.
ამ გრუხუნისგან, რომელიც მთელ ჯუნგლებს შიშის ზარს სცემდა, ჩვენც გაგვეყინა ძარღვებში სისხლი. ცხადად იგრძნობოდა, რომ ადამიანებს თავად ეს ხმები კი არ აშინებდათ, არამედ ისინი უფრო საშინელი განსაცდელის მოლოდინში იყვნენ. ხმაური ძლიერდებოდა. ეს იყო შემზარავი კაკოფონია, რომელშიც აღრეულიყო დაფდაფების ცემა, ფოლადის საგნების ზრიალი და უცნაური არსებების ყვირილის ხმები. ყველაზე მეტად სწორედ ამ ყვირილმა გაგვაოცა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად არ გვესმოდა ეს უცნაური ბგერები, აშკარად ვგრძნობდით, რომ მას დანაწევრებული მეტყველების მქონე არსებები გამოსცემდნენ.
ამომავალი ბეთელჰეიზე უკვე მთლიანად ანათებდა ირგვლივ შექმნილ ვითარებას: ტყისპირა მდელოზე სხვადასხვა მიმართულებით დაქროდნენ ქალები, კაცები, ბავშვები; ისინი ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ძირს ეცემოდნენ, დგებოდნენ და ისევ გარბოდნენ, ზოგი კი ხეზე აცოცებას და იქ დამალვას ცდილობდა. მცირე ხანში ხმები შესუსტდა და გარემოს მიყურადებული რამდენიმე ყველაზე გაბედული მამაკაცი მდელოს ცენტრში გაჩერდა. ხმაური შესუსტდა, მაგრამ იმ მხრიდან, სადაც ტყე ყველაზე უფრო დაბურული იყო, რაღაც არსებების მოახლოება იგრძნობოდა. ყოველივე ეს იმ მონადირეთა საქციელს წააგავდა, რომლებიც მსხვერპლს ყიჟინით აბრუებენ და მერე ალყაში აქცევენ ხოლმე.
ამასობაში ტომის ბელადებმა, მგონი, რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს და ერთგვარი წივილნარევი ხმებით, რაც აშკარად გარკვეული ბრძანებების შემცველი იყო, ხმაურის წყაროს საწინააღმდეგო მიმართულებით დაიძრნენ. მთელი ტომი აედევნა ბელადებს და ჩვენ დავინახეთ, თუ რა სიფრთხილით იკვალავდნენ ისინი გზას ხშირ ბუჩქნარში, უნებლიედ კაცს ირმების დამფრთხალი ჯოგი გაახსენდებოდა. ნოვა ჩვენკენ გამოიქცა, უფრო სწორად, როგორც მე მეგონა - ჩემკენ. მის ბაგეთაგან შიშნარევი კვნესა ამოიფრქვა, თითქოს ამით რაღაც გვანიშნაო და მერე მანაც ისკუპა ბუჩქნარისაკენ და გაუჩინარდა.
ხმაური კვლავ გაძლიერდა და ახლა უკვე ჩექმებქვეშ გამხმარი ტოტების მსხვრევის ხმა მოსწვდა ჩვენს ყურს. გამოგიტყდებით, მეც ძრწოლამ ამიტანა. ალბათ, უფრო გონივრული იქნებოდა ადგილზე გავჩერებულიყავით და ასე დავხვედროდით სორორას სხვა მკვიდრებს, რომლებიც აშკარად ადამიანური ენით ეხმიანებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ ყოველივე იმის შემდეგ, რაც წინადღეს გადავიტანეთ, ეს ხმაური და ყიჟინა საშინლად მოქმედებდა ჩემს ნერვებზე. ნოვას და მისი მსგავსი არსებების პანიკური შიში მეც გადმომედო. მე არ შემეძლო არც ფიქრი, არც განსჯა... არც რაიმე რჩევა მიკითხავს ჩემი ამხანაგებისთვის და ისე გადავეშვი ბუჩქებში სორორელი ლამაზმანის კვალდაკვალ.
ასე ვირბინე ასიოდე მეტრი, მაგრამ ქალს ვერ დავეწიე, სამაგიეროდ შევნიშნე, რომ არტურ ლევენიც უკან მომყვებოდა; როგორც ჩანს, პროფესორი ანტელი ჩამოგვრჩა, რადგან მის ასაკში ამგვარი სრბოლა წარმოუდგენელი იყო. ახალგაზრდა ფიზიკოსი რომ გამითანაბრდა, ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ და სირცხვილის ალმურმა სახე აგვიწვა. მე უკვე ვაპირებდი, მეთქვა ლევენისათვის, რომ დავბრუნებულიყავით ან უბრალოდ დაგვეცადა პროფესორისთვის, მაგრამ უცებ სრულიად განსხვავებულმა ხმებმა გვაიძულეს სიმწრით შევმხტარიყავით.
შეცდომა გამორიცხული იყო - ჯუნგლებში სროლის ხმა გაისმა... ერთი.. მეორე... მერე კიდევ და კიდევ, არათანაბარი პაუზებით, ხან თითო-თითო, ხან ორ-ორი... ზუსტად ისევე, როგორც ჩვენი მონადირეების თოფებს შეუძლიათ. სროლა საიდანღაც იქიდან ისმოდა, რომელ მხარესაც ბელადებმა თავისი ტომის წევრები წაიყვანეს. სანამ რამეს მოვისაზრებდით, მოალყეები ჩვენც მოგვიახლოვდნენ და კვლავ პანიკამ შეგვიპყრო. არ ვიცი - რატომ, მაგრამ სროლა ნაკლებად უფრო სახიფათოდ მეჩვენებოდა, ვიდრე ეს ჯოჯოხეთური კონცერტი. არც ახლა დავფიქრებულვარ და თავს გაქცევით ვუშველე, არტურ ლევენმაც მე მომბაძა.
ასე სირბილით მივაღწიეთ იმ ადგილს, საიდანაც სროლის ხმა ისმოდა. იქ შევდექი, დავიხარე და ხოხვით დავიწყე გადაადგილება. ლევენიც კვალდაკვალ მომყვა და ასე ავცოცდით პატარა ფერდობზე, რომლის ყველაზე მაღალ წერტილზე სულის მოსათქმელად შევჩერდით. ქვემოთ დაშვება რომ დავიწყეთ, წამიერად ბუჩქებიდან თავი ამოვყავი და... გავშეშდი! სანახაობა, რაც ჩემს თვალწინ გადაიშალა, იმდენად გამაოგნებელი იყო, რომ ჩვენს ადამიანურ გონებასაც არ შეეძლო მისი გააზრება...
მეცხრე თავი
იმაში, რაც მე დავინახე, ბევრი რამ იყო საოცარი და საშინელი, მაგრამ თავდაპირველად მთელი ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა არსებამ, რომელიც ჩემგან ოცდაათიოდე ნაბიჯზე გაუნძრევლად იდგა და ჩვენკენ იყურებოდა.
მე გაოცებისაგან ლამის ყვირილი აღმომხდა. დიახ, დიახ, მიუხედავად შექმნილი პანიკისა, მიუხედავად მთელი ჩვენი ტრაგიზმისა - ჩვენ ხომ მონადირეებსა და მათს მსხვერპლთა შორის აღმოვჩნდით - მიუხედავად ყოველივე ამისა, გაოცების გამაოგნებელმა გრძნობამ ჩემში ყველაფერი დათრგუნა, როცა დავინახე არსება, რომელიც მსხვერპლის გამოჩენას ჩასაფრებული ელოდა.
დიახ! ეს იყო უზარმაზარი ტანის გორილა!
ამაოდ ვცდილობდი დამერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ ჭკუიდან შევიშალე... არა, ჩემი გონება ნორმალურად მოქმედებდა და არაფერი შემშლია. გორილას ხილვა სორორაზე თავისთავად დიდი საოცრება არ გახლდათ, მაგრამ ჭკუიდან შესაშლელი ის იყო, რომ გორილა შესანიშნავად იყო ჩაცმული, თითქმის ისევე, როგორც ადამიანი, და ამ სამოსში ბუნებრივად და თავისუფლად გრძნობდა თავს. დიახ, სწორედ ამ ბუნებრივობამ იქონია ჩემზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება. თვალის პირველი შევლებისთანავე მივხვდი, რომ მაიმუნი ვინმესაგან საგანგებოდ ჩაცმულ-გაწვრთნილი არ გახლდათ. ტანსაცმელი ისეთივე საჭირო და აუცილებელი რამ იყო მისთვის, როგორც სიშიშვლე ნოვასა და მისი თანატომელებისათვის.
გორილას ისეთივე კოსტუმი ეცვა, როგორითაც ადამიანები იმოსებიან ხოლმე საგანგებოდ მოწყობილ ან ოფიციალური პირებისათვის გამართულ საჩვენებელ ნადირობაზე. კაცს ეგონებოდა, რომ მისი ყავისფერი კურტაკი პარიზის ატელიეში იყო შეკერილი, მის ქვეშ კი მოუჩანდა კუბოკრული პერანგი, როგორითაც ჩვენი სპორტსმენები იმოსებიან ხოლმე. ბრიჯები მაღალყელიან წინდებში ჰქონდა ჩატანებული და მსგავსება ამით მთავრდებოდა: ფეხსაცმელის ნაცვლად გორილას ფეხზე შავი, სქელი ხელთათმანი ჰქონდა წამოცმული.
დიახ, ეს იყო გორილა! საყელოს ზემოთ ჩანდა შავი ბალნით გაბანჯგვლული მახინჯი, წაწვეტებული თავი ამ არსებისა, რომელსაც ცხვირი ჩვეულებრივ მიჭეჭყილი ჰქონდა და ყბებზედაც უზარმაზარი ეშვები მოუჩანდა. გორილა ოდნავ წინ იყო გადმოხრილი, როგორც მსხვერპლის მომლოდინე მონადირეს სჩვევია, და გრძელ ხელებში თოფი ეჭირა.
უცებ გორილამ ყურადღება დაძაბა. მეც მომესმა ჩემგან მარჯვნივ ბუჩქებში ჩუმი შარიშური. გორილამ თავი აწია, იარაღიც შემართა და სასროლად მოემზადა. შევნიშნე, რომ ფერდობზე ერთ-ერთი ლტოლვილი ეშვებოდა და სურვილი გამიჩნდა დამეყვირა, გამეფრთხილებინა, რომ მაიმუნი მას უთვალთვალებდა. მაგრამ ვერ შევძელი და ვერც მოვასწრებდი ამას - ადამიანი ირემივით გამოხტა მდელოზე და სროლის ხმაც მაშინვე გაისმა. ადამიანი შეხტა, ძირს განერთხა და საშინელი კონვულსიებით აღმოხდა სული.
მე მოკლულს კი არა, გორილას შევცქეროდი და სულ უფრო მეტად მაოცებდა მის არსებაში აღმოჩენილი ჩვენთვის ნაცნობი შტრიხები. ამჯერად მე ამ მაიმუნის საოცრად მდიდარმა მიმიკებმა შემაძრწუნეს; მისი სახე ჯერ მოლოდინით იყო დაძაბული, შემდეგ ზუსტი გასროლის სიხარული გადაეფინა ვიწრო თვალ-წარბზე, თუმცა მთავარი ის გახლდათ, რომ ყოველ ამ გრძნობა-ემოციას გორილა წმინდად ადამიანური თავისებურებებით გამოხატავდა.
დიახ, ამ არსების შემზარავ იერსახეზე გონიერება სხივოსნობდა, რასაც სრულიად მოკლებულნი იყვნენ სორორელი ადამიანები. თუმცა გაოცების გრძნობა მალე შიშმა შეცვალა, რადგან საფრთხე მე თავად დამემუქრა. სროლის ხმა კიდევ რამოდენიმეჯერ განმეორდა და უნებლიედ კვლავ მოკლულისაკენ გავიხედე - მდელოზე უკვე ათიოდე უსულო გვამი მოჩანდა. მე აღარანაირი ილუზია არ შემრჩა, როცა პირველი გორილის სიახლოვეს მისი მსგავსი მეორეც დავინახე და საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ ჩვენ ალყაში ვიყავით მოქცეულნი; მაიმუნები ყიჟინის თანხლებით ნადირობდნენ ადამიანებზე და მეც მათი ერთ-ერთი პოტენციური ნანადირევი ვიყავი.
შიშით გონება დამიბნელდა და კვლავ იმ გორილას შევხედე, რომელიც ჩემს მოპირდაპირედ იდგა და გზას მიღობავდა. გორილა ოდნავ გვერდით გავიდა და მის ზურგსუკან დავინახე სხვა მაიმუნი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ამ შეიარაღებული არსების მსახური გახლდათ. ეს მსახური დაბალი ტანის შიმპანზე იყო, ჯერ კიდევ მცირე ასაკის... დიახ, დიახ, შიმპანზე! მისი სამოსი, მართალია, ისეთი დახვეწილი არ იყო, როგორც გორილასი, მაგრამ თავის უბრალო პერანგსა და შარვალში იგიც სრულიად ბუნებრივად გრძნობდა თავს. ამ შიმპანზეს მოვალეობანი ჩემთვის სრულიად ცხადი გახდა, როცა გორილამ მას თოფი გადასცა და სანაცვლოდ სხვა, ტყვიადატენილი მიიღო. შიმპანზემ კი პატრონაჟიდან მალევე ამოაძვრინა ბეთელჰეიზეს სხივებში ალაპლაპებული ტყვიები და პირველი თოფის დატენვას შეუდგა.
მთელი ეს სანახაობა მე წამიერად დამატყდა თავს, ვცდილობდი მის გაანალიზებას, არსებულ ვითარებაში გარკვევას, მაგრამ საამისოდ დრო აღარ მრჩებოდა. არტურ ლევენიც ჩემს გვერდით იწვა, მასაც შიშის ზარი დასცემოდა და მე ვერაფრით დამეხმარებოდა იმ წუთებში. ხიფათი კი ყოველ წამს სულ უფრო იზრდებოდა. მონადირეთა მიერ ატეხილი ხმაურის ატანა უკვე შეუძლებელი ხდებოდა; ამ გამაყრუებელი ყიჟინით ჩვენც ისევე ვიყავით გაოგნებულნი, როგორც სორორელი საბრალო ადამიანები, რომლებიც ჩვენს თვალწინ უაზროდ მიმორბოდნენ წინ და უკან. ამ ადამიანთა რაოდენობა კი ბევრად უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა, რადგან ბევრი მათგანი კვლავაც ცოცხალი იყო და ძლივს ახერხებდა ტყვიისაგან თავის არიდებას.
იმ ბორცვიდან, სადაც მე და ლევენი ვიმალებოდით, ნადირობის მთელი პერიპეტიები კარგად ჩანდა და ჩვენ ისიც შევნიშნეთ, რომ სორორელ ველურთა დიდი ნაწილი პანიკას არ იყო აყოლილი და იმ ნაცადი გარეული ტახებივით, რომლებიც მრავალ ნადირობას იყვნენ გადარჩენილნი, უძრავად იდგნენ ბუჩქებში და დროდადრო ფრთხილი მოძრაობით ინაცვლებდნენ ადგილს. ისინი იმასაც ახერხებდნენ, რომ გორილების მზერას არიდებოდნენ და რაწამს რომელიმე მონადირეთაგანი ყურადღებას სხვა მიმართულებით გადაიტანდა, მდელოზე გამორბოდნენ და მოპირდაპირე მხარეს გადაშლილ მაღალ შამბნარში გაუჩინარებით შველოდნენ თავს.
დიახ, ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსიც ეს იყო. მე ლევენს ვანიშნე, რომ გამომყოლოდა და ფრთხილად დავეშვით იმ მდელოსაკენ, რომლის გადალახვაც სიცოცხლის შენარჩუნებას ნიშნავდა. ბუჩქების უკანასკნელ წყებას რომ მივაღწიეთ, რაღაც ეჭვმა და სირცხვილმა დამიწყო გულის ღრღნა: ნუთუ მე - ადამიანი! - იმას უნდა ვცდილობდე, რომ როგორმე ეშმაკობით ვაჯობო მაიმუნს?! ეს ჩემს ღირსებას არაფრით ეთანხმებოდა! არა, მე უნდა ავდგე და ჯოხით ავუჭრელო გვერდები ამ გაცოფებულ ცხოველებს! მაგრამ გორილების მორიგმა ყიჟინამ მალევე გამომაფხიზლა და ეს უსარგებლო პატივმოყვარეობა კარგახნით გადამავიწყა.
ნადირობა დასასრულს უახლოვდებოდა და გამაყრუებელი ხმაური სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა გამარჯვებულთა ხორხოცს. ჩვენ უკვე მზად ვიყავით სასკვდილო ზონის გადასალახავად, რომ უცებ ჩემს ზურგსუკან უზარმაზარი გორილა დავინახე, რომელიც ყურისწამღებ ხმებს გამოსცემდა და თოფის ლულით ტოტებში იკვლევდა გზას. ეს გორილა თავის მონადირე თანამოძმეებზე ბევრად უფრო საშინელი რამ ჩანდა. ლევენი მთლად აცახცახდა, მე კი სუნთქვაშეკრული კვლავ ველოდი შესაფერის წამს, რომ მდელო გადამერბინა.
და ასეთ ვითარებაში ჩემმა საბრალო ამხანაგმა თავისი გაუაზრებელი ქმედებით მე გადამარჩინა... ლევენი უცებ წამოხტა და მდელოზე გაიჭრა, სადაც იგი პირველივე ჩასაფრებული მსროლელის თოფის ლულას გაუთანაბრდა; სროლის ხმაც მაშინვე გაისმა და, ლევენი, თითქოს ორად გაპობილი, მდელოზე ჩამწკრივებულ გვამებში ჩაიკარგა. მე მის დასატირებლად არც დრო მქონდა და არც საშუალება, ან რა უნდა მეშველა მისთვის?! დავძაბე ჩემი სხეულის ყოველი კუნთი და ველოდი იმ მომენტს, როცა გორილა თოფს დასატენად გადასცემდა თავის მსახურს; და რაწამს ეს მოხდა, გამოვვარდი ბუჩქებიდან და თვალის დახამხამებაში გადავსერე უმოკლესი მანძილი მდელოდან შამბნარამდე. სიზმარივით აღვიქვი ის მომენტი, გორილა რომ ზე წამოიმართა და იარაღს წაატანა ხელი, მაგრამ მან დამიზნება ვერ მოასწრო, რადგან მე უკვე მაღალ ბალახებში გავრბოდი. ჩემს ყურს მისი გინებისმაგვარი რეპლიკა მოსწვდა, მაგრამ მე წამითაც არ შევჩერებულვარ ამ მორიგი მოულოდნელობის გასააზრებლად.
დიახ, გორილას ჭკუით ვაჯობე და გავიმარჯვე! მე სიამაყის აღტაცება დამეუფლა, რაც იმ წამს ჩემს შელახულ თავმოყვარეობას სალბუნივით მოეფინა. გავრბოდი მთელი ძალით და ვგრძნობდი, რომ სულ უფრო ვშორდებოდი ხოცვა-ჟლეტის ადგილს. მალე მონადირეთა ყიჟინაც დაცხრა და მივხვდი, რომ სიკვდილს გადავურჩი.
გადავურჩი? ვაი, რომ ღირსეულად ვერ შევაფასე სორორელი მაიმუნების მზაკვრობა. ნაბიჯი ოდნავ რომ შევანელე, უცებ რაღაც ხაფანგს წამოვეგე, რომელიც შამბნარში იყო ჩადებული. თუმცა ეს ხაფანგი კი არა, მიწის ზედაპირზე გაფენილი გრძელი ბადე იყო, რომელშიც გავიხლართე და, როგორც აღმოჩნდა, მასში ჩემსავით არაერთი სორორელი ადამიანი ჩავარდნილიყო. ირგვლივი მიმოხედვა რომ შევძელი, გაირკვა, რომ ეს ბადე არამარტო შამბნარს, ტყის მთელ გაყოლებას ჰქონდა შემოვლებული და მასში ყველა ის საბრალო ველური გახლართულიყო, ვინც მდელოზე სიკვდილს გადაურჩა.
ცხოველურმა, ბრმა მრისხანებამ შემიპყრო, როცა ვიგრძენი, რომ გადარჩენის ყველა გზა მოჭრილი მქონდა. მრისხანება იმდენად ძლიერი იყო, რომ გონიერება მეც დამეკარგა და იმ ბადეში მოფართხალე უგნურ სორორელებს დავემსგავსე. ამის დასტური იყო ის, რომ მე ვაკეთებდი იმას, რაც უარეს მდგომარეობაში მაგდებდა - ვფართხალებდი, უაზროდ ვიქნევდი ხელფეხს და საბოლოოდ ისე გავიხლართე ბადეში, რომ განძრევაც აღარ შემეძლო.
...ისღა დამრჩენოდა, რომ გავყუჩებულიყავი და გორილების მოსვლამდე სიცოცხლის უკანასკნელი წუთები მეთვალა..
მეათე თავი
მალე მონადირეებიც გამოჩნდნენ და თვალნათლივ დავინახე, როგორ მიახლოვდებოდა სიკვდილი. მე მეტს არც ველოდი ამ საზარელი ქმნილებებისგან, რომელთა სისატიკე მთელი სიცხადით გამოჩნდა მდელოზე გამართული ხოცვაჟლეტის დროს.
წინა რიგში უკვე ნაცნობი გორილები იდგნენ და ახლოს რომ მოვიდნენ, შევნიშნე, რომ მათ ხელთ იარაღი აღარ ეპყრათ; სულში რაღაც იმედის სითბო ჩამეღვარა. გორილებს მათი მსახური შიმპანზეებიც მოსდევდნენ და მთელი ეს კომპანია ერთგვარი სიდარბაისლით იყო აღჭურვილი, რაშიც სისხლისღვრის გაგრძელების ზრახვები აღარ ილანდებოდა.
დიახაც, ამ პლანეტის პარადოქსების ჩემეული ცოდნაა საჭირო საიმისოდ, რომ ამგვარ აღლუმს სიდარბაისლე უწოდო, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო! - გორილები მართლაც რომ დარბაისელი არისტოკრატებივით მოირწეოდნენ ჩვენკენ. ისინი მხიარულად ებაასებოდნენ ერთმანეთს ჩემთვის გაუგებარი, მაგრამ სრულიად დანაწევრებული მეტყველების გამოყენებით. მათს სახეზე ასახული იყო ადამიანურ გრძნობათა ყველა ის შუქ-ჩრდილი, რომელთა მოძიებასაც ამაოდ ვცდილობდი ნოვას გამომეტყველებაში.
...ნეტავ რა დაემართა ნოვას?!
მდელოზე გამართული ხოცვა-ჟლეტა კვლავ გამახსენდა და კანკალმა ამიტანა. აი, ახლაღა მივხვდი, თუ რატომ მოეპყრო ნოვა ასე სასტიკად დედამიწიდან წამოყოლილ ჩვენს პატარა შიმპანზეს. აქ, სორორაზე, ადამიანებს და მაიმუნებს თურმე საშინლად სძულდათ ერთმანეთი. ამაში დარწმუნება სულ ადვილი იყო იმის შემხედვარე, თუ როგორ რეაგირებდნენ ბადეში ჩემთან ერთად გახლართული ტყვეები მონადირე მაიმუნების მოახლოებაზე. მათ შიშის ზარი იპყრობდათ, ფართხალებდნენ, დაოთხილნი ხტოდნენ, ცოფიანებივით აკრაჭუნებდნენ კბილებს და დუჟმორეული ტუჩ-კბილით ბადის გაღრღნას ცდილობდნენ.
ყოველივე ამას არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ გორილა-მონადირეები, რომლებსაც მე უკვე უნებლიედ ბატონებს ვუწოდებდი, და თავის მსახურებს რაღაც დავალებებს აძლევდნენ. ბუჩქებს უკან მიმალული გზიდან პატარა ზომის ტრაქტორები გამოჩნდნენ თავისი მისაბმელებით, რომლებზედაც გალიები იყო დადგმული. ჩვენ სწორედ ამ გალიებში ჩაგვყარეს, თითოში - დაახლოებით ათი-თორმეტი ტყვე - და ამ პროცესმა საკმაოდ დიდი დრო წაიღო, რადგან ადამიანები მაინც მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ სორორელ ბატონებს. ორი მსახური შიმპანზე, რომლებსაც კბენისაგან დასაცავად ხელებზე ტყავის გრძელი ხელთათმანები ჰქონდათ წამოცმული, სათითაოდ ხელებს უგრეხდნენ ბადეში გახლართულთ, გალიაში აგდებდნენ და სასწრაფოდ კეტავდნენ კარს; და მთელ ამ საქმიანობას ერთი გორილა-ბატონი ხელმძღვანელობდა, რომელიც უდარდელად იყო დაყრდნობილი ხელჯოხზე.
ჩემი რიგი რომ დადგა, ლაპარაკის წამოწყება მინდოდა ყურადღების მისაპყრობად, მაგრამ რაწამს პირი გავაღე, მაიმუნი თათით უმალ მწვდა ყბებზე და პირი მომიკუმა, ჩათვალა რა, რომ მეც კბენას ვაპირებდი. აბა, როგორღა დავილაპარაკებდი?! მეც ტომარასავით შემაგდეს გალიაში და ათიოდე სხვა ქალსა და კაცს შორის აღმოვჩნდი, რომლებიც იმდენად აღელვებულნი იყვნენ, რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავთ.
ყველა ტყვე საიმედოდ რომ განათავსეს გალიებში, მსახურმა მაიმუნმა რაღაც უთხრა თავის ბატონს, რომელმაც ხელი აიქნია და იქაურობა ძრავების გრუხუნმა გააყრუა. ტრაქტორებსაც და მის მისაბმელებსაც ასევე მაიმუნები მართავდნენ. მე კარგად ვხედავდი ერთი მძღოლის სახეს, რომელიც ჩვენს გალიას მოსდევდა, ეს იყო მამრი შიმპანზე, რომელსაც ლურჯი კომბინიზონი ეცვა; როგორც ჩანს, იგი მშვენიერ გუნება-განწყობაზე იყო, რაკიღა ვამჩნევდი, რომ ჩვენს მიმართ რაღაც ირონიულ ფრაზებს ისროდა და დროდადრო წამოიღიღინებდა ხოლმე კიდეც. ძრავების ხმა მცირედით რომ სუსტდებოდა, ჩემს ყურთასმენას ამ ღიღინის მელოდიაც სწვდებოდა, რაც არცთუ ურიგო რამ გახლდათ.
* * *
ჩვენი მოგზაურობის პირველი ეტაპი იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა, რომ მე აზრების მოკრებაც ვერ მოვასწარი. დანგრეულ გზაზე თხუთმეტიოდე წუთის ჭანჭყარის შემდეგ ჩვენი ქარავანი ქვით ნაშენები სახლის წინ გადაშლილ პატარა მოედანზე შეჩერდა. ეს ტყის განაპირი გახლდათ და მის იქით, სადამდეც თვალი მიმიწვდებოდა, მოჩანდა რაღაც უცხო მარცვლეული კულტურით დათესილი მინდვრები.
სახლი, რომელიც წითელი კრამიტით იყო გადახურული და მწვანე დარაბები ჰქონდა, ძალზედ წააგავდა საგზაო ფუნდუკს. ძნელი არ იყო იმის გააზრება, რომ ეს მონადირის სახლი გახლდათ. აქ მსახური შიმპანზეები დაელოდნენ თავის ბატონებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით, როგორც ჩანს, სხვა გზით წამოვიდნენ. სახლის სიახლოვეს, ჩვენი პალმების მსგავსი ხეების ჩრდილში ქალბატონი-გორილები იყვნენ თავმოყრილნი, უდარდელად ლაქლაქებდნენ და რაღაც-რაღაც სასმელებსაც სიამოვნებით მიირთმევდნენ.
ტრაქტორის მისაბმელები სადგომზე რომ ჩაამწკრივეს, ქალბატონი-გორილები მოგვიახლოვდნენ და ინტერესით დაუწყეს ნადავლს თვალიერება, განსაკუთრებულ ყურადღებას კი ისინი იჩენდნენ დახოცილი ნანადირევის მიმართ, რომლებიც ორი დიდი სატვირთო ავტომანქანით მოიტანს, მოსამსახურე მაიმუნებმა კი გვამები სწორედ იმ ქალბატონების სიახლოვეს, ხეების ჩრდილში ჩაამწკრივეს.
ნანადირევმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე! გვამების განთავსებისას მაიმუნები საოცარ წესრიგს იცავდნენ და მათ გულაღმა ისე ალაგებდნენ, გეგონებოდათ, ლარში გაჰყავთო. შემდეგ მდედრი მაიმუნების აღტაცებული შეძახილების თანხლებით გვამების გალამაზებაც კი დაიწყეს: მოკრუნჩხულ ხელებსა და თითებს უშლიდნენ და მუცლებზე უწყობდნენ, მუხლებს ოდნავ უმუშავებდნენ და ფეხებს უმართავდნენ, გვერდზე გადაგდებულ თავებს უსწორებდნენ... ერთი სიტყვით, ცდილობდნენ მსხვერპლთათვის ცოცხალი, ბუნებრივი სახე მიეცათ. არც თმების დავარცხნას ერიდებოდნენ და ეს განსაკუთრებით ქალების გვამებს სჭირდებოდა, რომლებიც ისევე იყვნენ მაიმუნების ხელში მოქცეულნი, როგორც ფრთებაწეწილი მინდვრის ფრინველები მონადირის ხელში.
ვაი, რომ არ ძალმიძს ზუსტად აღმოვთქვა ის გრძნობები, რაც ამ საშინელმა და ამავე დროს ძრწოლვამდე სასაცილო სანახაობამ წარმოშვა ჩემში. არ ვიცი, როგორ აღვწერო იმ მაიმუნი-ქალბატონების გამომეტყველებანი, რომლებიც ასევე სპორტულ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი, ოღონდ ბევრად უფრო მოხდენილსა და დახვეწილში; ქალბატონებისა, ნადავლის ირგვლივ რომ ხორხოცებდნენ და თითით მიანიშებდნენ ამა თუ იმ მსხვერპლის ღირსებებს თავის გორილა-კავალრებს. ან რა ვთქვა იმ სცენის შესახებ, როცა ერთმა ქალბატონმა ხელჩანთიდან პატარა მაკრატელი ამოიღო, ერთი ლამაზმანის გვამთან ჩაიმუხლა და, მას დააჭრა რა დალალები, შემდეგ ეს თმები საკუთარ შლაპაზე მიიმაგრა. ამის აღწერა ძნელია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ყველა დანარჩენმა მდედრმა გორილამ ხსენებული ქალბატონის მოქმედება გაიმეორა.
და აი, ნადავლი დაახარისხეს, გვამებიც აკურატულად ჩაამწკრივეს სამ რიგად და ყოველივე ამას მცხუნვარედ დაჰკაშკაშებდა ზღაპრული სილამაზის ბეთელჰეიზე! მე ავარიდე თვალი ამ სანახაობას და ახალი პერსონაჟი შევნიშნე - მაიმუნი, რომელიც რაღაც სამფეხას მოათრევდა მასზედ დამაგრებული ყუთით. ესეც შიმპანზე იყო. როცა მოგვიახლოვდა, მივხვდი, რომ ფოტოგრაფი გახლდათ, რომელიც თავისი სამაიმუნო შთამომავლობისათვის სახელოვანი ნადირობის დაფიქსირებას აპირებდა. მთელმა ამ რიტუალმა თხუთმეტიოდე წუთს გასტანა. ჯერ ბატონმა გორილებმა ინებეს ცალცალკე სურათის გადაღება, ზოგ მათგანს ნანადირევზე ფეხდადგმულსაც კი მოესურვა კადრში მოხვედრა. მერე ერთადაც შეჯგუფდნენ და გვამების ფონზე ფოტოგრაფს მოუღერეს ყელი. არც მდედრები მოაკლდნენ ამ საზეიმო განწყობას - თითქმის ყოველმა მათგანმა ინება სურათის გადაღება სისხლიანი ნადავლის ფონზე და თან ყოველი მათგანი ცდილობდა ახლად ნაშოვნი დალალები კარგად მოეხვედრებინა კადრში.
ამ ზეიმის შემხედვარე გაგიჟება შეიძლებოდა, მაგრამ ჩემი გაოგნება იმდენად დიდი იყო, რომ უგნურებას და გონიერებას შორის ვერანაირ ზღვარს ვერ ვგრძნობდი. ერთხანს მდუმარედ ვიყავი, თუმცა სისხლი ტვინში შადრევანივით მიჩქეფდა, მაგრამ როცა ერთ-ერთი მდედრი ჩამოჯდა გვამზე, რათა უფრო ეფექტური პოზით აღბეჭდილიყო ფირზე და როცა დავაკვირდი მოკლულის ნაკვთებს, რომელიც მსხვერპლთა საერთო რიგში იწვა, ნაკვთებს, რომლებსაც თავისი ყმაწვილური იერი კვლავაც შერჩენოდათ, მე ნერვებმა მიმტყუნეს... ეს არტურ ლევენი იყო! ჩემი გრძნობები კვლავ უკიდურესად უგნურად ამოიფრქვნენ და ამ ერთდროულად საშიში და სასაცილო სცენის ხილვისას ისტერიული სიცილი დამაწყებინეს.
ვაი, რომ არ მიფიქრია, ვისთან ერთადაც ვიმყოფებოდი გალიაში! მაგრამ მაშინ საერთოდ შემეძლო რამეზე ფიქრი?! მაგრამ იმ პანიკამ, რაც ჩემს მეზობლებს შორის ატყდა, მალევე მიმახვედრა, რომ იმწამს ჩემთან ერთად გალიაში მყოფნი ბევრად უფრო საშიშნი იყვნენ ჩემთვის, ვიდრე მაიმუნების მთელი ეს ხროვა. ყოველი მხრიდან ჩემკენ დაკუნთული ხელები გამოიშალა; აშკარა იყო, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დამუქრა და სახეზე ხელები ავიფარე, რომ როგორმე სიცილი შემეგუბებინა. ალბათ, ეს არას მიშველიდა და ტყვექმნილი ადამიანები დამახრჩობდნენ, რომ არა ჩვენი მომვლელი მაიმუნები, რომლებიც მალევე მოცვივდნენ და წვეტიანი ჯოხებით ჩვენს გალიაში წესრიგი აღადგინეს. ამასობაში საგზაო ფუნდუკში ზარი ააწკრიალეს და ტრიუმფატორი გორილები სადილზე მიიწვიეს. ბატონები დინჯი ნაბიჯით ჯგუფ-ჯგუფად დაიძრნენ ქვის სახლისკენ, შიმპანზე-ფოტოტოგრაფმაც აკეცა თავისი აპარატი და გაუჩინარდა.
გორილებს არც ჩვენ, ადამიანები, დავვიწყებივართ. მაშინ არ ვიცოდი, რას გვიმზადებდნენ ისინი ჩვენ, ცოცხლადდარჩენილებს, მაგრამ სათანადო ზრუნვას და ყურადღებას რომ გვითმობდნენ, ცხადი გახლდათ. სანამ სადილად შევიდოდნენ, ერთმა ბატონმა გორილამ მითითება მისცა მსახურ მაიმუნს, რომელიც, როგორც ჩანს, იქაურობის პატრონი იყო. ეს უკანასკნელი მაშინვე გამოეშურა ბრძანების შესასრულებლად და მალე ლაქიებმა გალიებში რაღაც სალაფავით სავსე ლითონის ჭურჭლები დაგვიდგეს. შიმშილის გრძნობა არ მაწუხებდა, მაგრამ მაინც დავიწყე სხვებთან ერთად ჭამა, რათა როგორმე ძალა შემენარჩუნებინა. რომ მივუახლოვდი სალაფავის ჭურჭელს, რომლის გარშემოც უკვე თავი მოეყარათ ჩემს მეზობლებს, მეც გავიშვირე საჭმლისკენ ხელი. მათ ერთი კი შემომხედეს მრისხანე თვალებით, მაგრამ აგრესია აღარ გამოუჩენიათ, რადგან საჭმელი საკმარისზე მეტი იყო. სალაფავი საკმაოდ გემრიელი ფაფა აღმოჩნდა, თუმცა რამოდენიმე ლუკმა მაინც ძალდატანებით გადავყლაპე.
ჩვენმა პატრონება არც დესერტი დაიშურეს. ეს საშინელი მონადირენი, რომლებიც ორიოდე საათის წინ შიშის ზარს გვცემდნენ, ახლა საკმაო კეთილგანწყობით გვეპყრობოდნენ, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენც კარგად ვიქცეოდით. გალიის მცველები წინ და უკან დაიარებოდნენ და დროდადრო ჩვენკენ რაღაც ხილს ისროდნენ და დიდად ერთობოდნენ იმ ზედახორის ხილვით, რაც მათი ნაწყალობევის ხელში ჩაგდებას მოსდევდა ადამიანთა მხრივ. ამ დროს ერთ საინტერესო სცენას შევასწარი თვალი, რამაც ძალზედ დამაფიქრა. პატარა ტყვე გოგონამ ჰაერშივე დაიჭირა ნასროლი ტკბილი ნაყოფი და მას წასართმევად ერთი მოზრდილი კაცი ეძგერა, მაგრამ საქმეში მაიმუნი ჩაერია, რომელმაც ხელი შემოყო გალიაში, კაცი განზე გააგდო და შეშინებულ გოგონას პირდაპირ ხელში მეორე ნაყოფიც ჩაუდო. ასე გაცხადდა ჩემთვის, რომ სორორელი მაიმუნებისათვის არც სიბრალულის გრძნობა ყოფილა უცხო.
დაპურების პროცესი რომ დასრულდა, იქაურობის ხელმძღვანელმა ტყვეების გადაადგილება დაიწყო გალიიდან გალიაში. როგორც ჩანს, ისინი ჩვენ გვახარისხებდნენ, თუმცა, ვერ გავიგე - რა პრინიციპით. მეც დიდხანს მატარეს და ბოლოს ყველაზე ლამაზი კაცებისა და ქალების გალიაში შემაგდეს და მივხვდი, რომ ჩვენი მოდგმის საუკეთესო წარმომადგენელთა შორის ამოვყავი თავი. ეს, კაცმა რომ თქვას, მესიამოვნა კიდეც, რომ მაიმუნებმა მე ადამიანურ იერსახეთა ელიტას მიმაკუთვნეს.
დიდი გაოცებითა და სიხარულით აღმოვაჩინე, რომ რჩეულთა შორის იყო ნოვაც! ისიც გადარჩენოდა სიკვდილს და მადლობის ნიშნად ბეთელჰეიზეს ციური თაღებისაკენ ავაპყარი მზერა. თურმე მთელი ამხნის მანძილზე მოკლულთა შორის სწორედ ნოვას დავეძებდი მზერით და ქვეცნობიერად იმის შიში მქონდა, რომ გვამებს შორის, შესაძლოა, მისი მშვენიერი სხეულიც დამენახა. ასე მეგონა, ხანგრძლივი განშორების შემდეგ სატრფო ვიპოვე-მეთქი და მისკენ კვლავ თავდავიწყებით გავიწიე. ასე ხელგაშლილი და გაღიმებული რომ დამინახა, მივხვდი, კიდევ ერთ უგნურებას ვჩადიოდი. ჩემმა ჟესტებმა იგი გააშმაგეს. ნუთუ... ნუთუ მას აღარ ახსოვდა წუხანდელი ღამე?! ნუთუ ამ მშვენიერ სხეულში სულის ნატამალი არ იყო?! მე ყველა ძალა და იმედი წამერთვა, როცა დავინახე, რომ ჩემს მიახლოებას იგი კლანჭებშემართული ელოდა და მზად იყო დასახრჩობად ყელში მწვდომოდა. და, ალბათ, ასეც მოხდებოდა, თუ არ შევჩერდებოდი.
ადგილზე გავქვავდი და ნოვაც მალევე დამშვიდდა. იგი გალიის კუთხეში მიიყუჟა და მეც მას მივბაძე. მალე იმ გალიაში მყოფი ყველა ტყვე ჩამოჯდა და აშკარად ეტყობოდათ სახეებზე, რომ ასე დათრგუნვილ-დაღლილნი საბოლოოდ შეგუებოდნენ თავის ხვედრს.
მაიმუნები კი ამასობაში გასამგზავრებლად მოემზადნენ. ჩვენს გალიას ბრეზენტი გადააფარეს, რომელიც ნახევრად ფარავდა მას და თავისუფლად შემეძლო გზის თვალიერება. გაისმა ბრძანებები, ამუშავდა ძრავები და რომელიღაც მიმართულებით აწ უკვე მეტი სისწრაფით გაგვაქანეს.
მე კი ვიწექი და ვცდილობდი წარმომედგინა, თუ კიდევ რა განსაცდელს მიმზადებდა ეს პლანეტა სორორა?
მეთერთმეტე თავი
თავს მთლიანად დაცემულად და გადათელილად ვგრძნობდი. უკანასკნელი ორი დღის მოვლენებმა ფიზიკურადაც გამტეხეს და ჩემი გონება ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩაძირეს, რომ არ შემეძლო არც მეგობრების დატირება და არც ბოლომდე წარმოდგენა იმისა, თუ რას ნიშნავდა ჩემთვის ჩვენი კოსმოსური კატარღის განადგურება. ამიტომაც თითქმის შვებით შევხვდი საღამოს ბინდს და მის კვალდაკვალ ჩამოწოლილ სიბნელეს, რომელმაც თითქოს საკუთარ თავთან მარტო დამტოვა და იმასღა ვგრძნობდი, რომ მთელი ღამის განმავლობაში არ შევჩერებულვართ. ვცდილობდი მცირეოდენ მაინც გამეაზრებინა შექმნილი სიტუაცია. ეს აუცილებელი იყო ჩემთვის: მე უნდა მეფიქრა, მეფიქრა, მეფიქრა, რომ ჩემს შორიახლოს ჩასაფრებული უგნურების მსხვერპლი არ გავმხდარიყავი. უნდა მეფიქრა და დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ვიყავი ადამიანი, დედამიწელი ადამიანი, ანუ მოაზროვნე არსება, რომელიც ჩვეული იყო ყველა უკიდურესად ფანტასტიური მოვლენის ლოგიკურად გაანალიზებას, და არა ცხოველი, რომელიც მაღალგანვითარებული მაიმუნების ნანადირევი შეიქნა.
მე ყველა იმ წვრილმანს ვიხსენებდი, რაც ჩემს გონებაში ცნობიერად თუ ქვეცნობიერად დაგროვდა. მთელ ამ ინფორმაციაში კი მთავარი ერთი რამ გახლდათ: ყველა ეს მაიმუნი, მამრი თუ მდედრი, გორილა თუ შიმპანზე, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყურებოდა ვინმეს ნებაზე გაწვრთნილ-ნავარჯიშებ არსებად.
ჩვენთან დედამიწაზე შლაპიანი შიმპანზე აუცილებლად სიცილს გამოიწვევს, აქ კი არანაირი მსგავსი სურვილი არ გამჩენია. თავსაბურავები უხდებოდათ კიდეც მაიმუნებს, სამოსი ტანზე კარგად ჰქონდათ შემოდგმული და ნებისმიერი მათი მიმოხვრა ბუნებრივად გამოიყურებოდა. მდედრი გორილა, რომელიც რაღაც სასმელს წრუპავდა, ნამდვილი ქალბატონის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ერთ-ერთმა მონადირემ კი - ისიც გამახსენდა - ჯიბიდან ჩიბუხი ამოიღო, რაღაც ბალახით დატენა და დინჯად, ძალზედ ბუნებრივად გააბოლა. გაოგნებული ვიხსენებდი და ვფიქრობდა ამგვარ გაუგონარ ამბებზე და არანაირი სანუგეშო დასკვნის გამოტანა არ შემეძლო. მთელი ამ ხნის გამავლობაში, მგონი, პირველად ვინანე მწარედ, რომ ჩემს გვერდით არ იყო პროფესორი ანტელი. მისი სიბრძნე და განსწავლულობა, ალბათ, დამეხმარებოდა ამგვარი პარადოქსული ფაქტების გააზრებაში. ნეტავი რა დაემართა ანტელს? დახოცილთა შორის მისი გვამი არ ჩანდა... ეგებ ისიც ბადეში გაიხლართა? ეს სავსებით დასაშვები იყო, რადგან რამოდენიმე გალია ჩემი თვალთახედვიდან მოშორებით იდგა. იმის გაფიქრება კი, რომ პროფესორი იქ, ტყეში მონადირეებს გადაურჩა, არც მსურდა და არც შემეძლო.
ასე რომ, საკუთარ თავთან დარჩენილმა, ჩემი თეორის შეთხზვა დავიწყე, რაც არცთუ ძალიან მაკმაყოფილებდა. ეგებ ამ პლანეტის ბინადარნი ის ცივილიზირებული არსებები არიან, რომლებმაც კოსმოსური კატარღიდან დანახული ქალაქები ააგეს და რომლებმაც ისე შეძლეს ამ მაიმუნების გაწვრთნა-მოშინაურება, რომ ისინი თაობიდან თაობამდე გონიერ არსებებად იქცნენ?! ჩვენთან, დედამიწაზეც ხომ ყოფილა შემთხვევა, როცა შიმპანზეს გასაოცარი უნარი და გონიერება გამოუჩენია! თვით ის ფაქტიც, რომ სორორელ მაიმუნებს მეტყველება შეეძლოთ და საკუთარი ენაც ჰქონდათ, მაშინ დიდ ვერაფერ საოცრებად მიმაჩნდა. მე გამახსენდა ამ სფეროს ერთ ცნობილ სპეციალისტთან საუბარი, რომელმაც მითხრა, რომ დედამიწაზე სავსებით სერიოზული მეცნიერები უკვე დგამენ პირველ ნაბიჯებს, რათა პრიმატებს ლაპარაკი დააწყებინონ. ისინი თვლიან, რომ მაიმუნების ფიზიკური აგებულება არაფრით ეწინააღმდეგება ამას. აქამდე ყველა მათი მცდელობა უშედეგოდ იყო დასრულებული, მაგრამ მეცნიერები უკან არ იხევენ, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ წარუმატებლობის ერთადერთი მიზეზი მაიმუნების უუნარობა კი არა, მათივე სიზარმაცეა პრობლემების დაძლევის პროცესში. ჰოდა, ხომ შეიძლება, რომ ამ სორორელმა მაიმუნებმა ერთხელაც დაძლიეს სიზარმაცე და ალაპარაკდნენ? ამის შედეგად კი პლანეტის ნამდვილმა ბატონ-პატრონებმა მაიმუნები შავი სამუშაოებით დაასაქმეს, რომელთა შორის ნადირობაცაა გათვალისწინებული?!
მე სწორედ ამ სასოწარკვეთილ ჰიპოთეზას ჩავეჭიდე და იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რომ ჩემს საფიქრალს სხვა, ბევრად უფრო მარტივი განმარტება შეიძლება ჰქონოდა. იმისათვის რომ არ გავგიჟებულიყავი, მე უნდა შემემუშავებინა რწმენა, რომ ამ პლანეტაზე არიან ჭეშმარიტად მოაზროვნე არსებები, ანუ ადამიანები, ისეთივე ადამიანები, როგორიც მე თავად გახლდით და რომ მათთან კონტაქტს დავამყარებ.
ადამიანები! მაშ, ეს საბრალო არსებები ვიღა არიან, რომლებსაც მაიმუნები ხოცავენ და გალიებში ამწყვდევენ? განვითარებას ჩამორჩენილი ველურები? ტყიურთა ტომი? და თუ ასეა, ნუთუ პლანეტის ნამდვილი მეპატრონენი მათ მიმართ განხორციელებულ სისასტიკეს ასე გულგრილად უმზერენ და თავადვე ხელმძღვანელობენ?
ამ მწარე ფიქრებში რომ ვიყავი, ვიღაც დაოთხილი მომიახლოვდა. ეს ნოვა იყო. სხვა ტყვეები უკვე კარგახნის ჩაძინებულნი იყვნენ. მცირე ხნის ყოყმანის შემდეგ ნოვა წინაღამისავით მომეკრა და მომეხუტა. მე კვლავ მსურდა მის მზერაში თუნდაც ნაპერწკალი დამელანდა მეგობრობისა და, გნებავთ, სიყვარულისა, მაგრამ ამაოდ. ნოვა გადაბრუნდა და ძილს მისცა თავი. მიუხედავად ამისა, მაინც დავმშვიდდი, მისი სიახლოვე მაგიურად მოქმედებდა ჩემზე და მალე მეც ჩავთვლიმე, რათა გამოუცნობ ხვალინდელ დღეზე ფიქრით აღარ გამეწამებინა გონება.
მეთორმეტე თავი
თავდაცვითმა რეფლექსმა გამომიხსნა მეტისმეტად მწარე და დამთრგუნველი ფიქრებისაგან და დილამდე აღარ გამღვიძებია. მართალია, სიზმარეულმა ზმანებებმა გამაწამეს, რადგან ნოვას ცხელი სხეული ჩემს ტანზე შემოხვეულ საზარელ გველად მეჩვენებოდა, მაგრამ განთიადამდე მაინც მშვიდობიანად მივაღწიე. ნოვას ჩემზე ადრე გაღვიძებოდა, იქვე ჩემს სიახლოვეს იჯდა და სახეზე შიში და უგნურება დასთამაშებდა.
ჩვენმა ფურგონმა სვლა შეანელა და შევნიშნე, რომ ქალაქში შევდიოდით. ტყვეები გალიის კიდეებს მიაწყდნენ და ირგვლივ დაფეთებულნი იმზირებოდნენ. მეც მივადე სახე გალიის გისოსებს, რათა უკეთ დამენახა სორორას ცივილიზირებული ქალაქი.
ჩვენ საკმაოდ ფართო ქუჩაზე მივდიოდით, რომელსაც ორივე მხარეს ტროტუარი გასდევდა. ვუყურებდი გამვლელ-გამომვლელს და სული ძრწოლით მევსებოდა - ქუჩაში ყველა მაიმუნი იყო. სადღაც მოშორებით ვაჭარი დავინახე, რომელიც თავისი ფარდულის დარაბას მაღლა სწევდა და დიდხანს იმედით ვიმზირებოდი მისკენ, მაგრამ მობრუნდა და... ისიც მაიმუნი აღმოჩნდა. ვცდილობდი გვერდით ჩავლილი მანქანების მძღოლები და მათი მგზავრები დამენახა, ვათვალიერებდი მთელ არემარეს, მაგრამ ყველგან მაიმუნები... მაიმუნები... ადამიანურად ჩაცმული მაიმუნები ჩანდნენ.
ჩემი უკანასკნელი იმედი, რომ სორორაზე სხვა გონიერ არსებებს გადავეყრებოდი, კვამლივით გაქრა და მთელი დანარჩენი გზა უკვე მთლად სასოწარკვეთილმა გავატარე. მცირე ხანში მანქანებმა კვლავ შეანელეს სვლა. მხოლოდ ახლაღა შევნიშნე, რომ გასული ღამის განმავლობაში ჩვენი ქარავანი საკმაოდ შეთხელებულიყო; დარჩა მხოლოდ ორი მისამბმელი, ყველა დანარჩენი კი სადღაც გაუჩინარებულიყო. ჩვენს წინ ყრუ ჭიშკარი გააღეს და ეზოში შევედით. მაიმუნებმა უმალ ალყაში მოგვაქციეს, რადგან ტყვეებმა შფოთვა დაიწყეს და მათი დამშვიდება მხოლოდ წვეტიანი ჯოხებით თუ შეიძლებოდა.
ეზოს ყველა მხრიდან ერთნაირი ფანჯრების მქონე მრავალსართულიანი შენობა ეკრა გარს. აქაურობა ყველაზე მეტად საავადმყოფოს წააგავდა და ეს შთაბეჭდილება მით უფრო გაძლიერდა, როცა ჩვენს შესახვედრად სრულიად ახალი სახეები გამოეშურნენ. მათ ეცვათ ხალათები და თავზედაც პატარა ქუდები ეხურათ სწორედ ისე, როგორც ჩვენს სანიტრებს სჩვევიათ, თუმცა ისინიც მაიმუნები იყვნენ.
დიახ, ყველა მათგანი მაიმუნი - გორილა ან შიმპანზე - იყო! მცველებთან ერთად მათ გალიების დაცარიელება დაიწყეს. ტყვეები სათითაოდ გამოჰყავდათ, ტომრებში ტენიდნენ და შენობისაკენ მიჰყავდათ. მე წინააღმდეგობა არ გამიწევია და მალე ორმა უზარმაზარმა გორილამ მეც ჩამტენეს ტომარაში. მერე დიდხანს სადღაც მიმათრევდნენ, ვგრძნობდი, რომ ჯერ კიბეზე ამიყვანეს და მერე რაღაც უსასრულო დერეფნებში მატარეს. ბოლოს საკმაოდ უხეშად გადმომაგდეს ტომრიდან და სხვა გალიაში შემაგდეს, რომელიც ერთ ადგილზე იყო დამაგრებული, ჩალის საფენებიც ჰქონდა დაგებული და... მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი. გორილა-სანიტარმა ჩემი გალიის კარები საგულდაგულოდ ჩაკეტა დიდი კლიტით.
ირგვლივ, მთელი დერეფნის გაყოლებაზე, ჩემი გალიის მსგავსი საპყრობილეები იყო განლაგებული. ყველა გალია დაკავებული იყო, რომლებშიც ზოგი ჩემსავით ახლადმიყვანილი ტყვე იჯდა, უფრო მეტი კი დიდი ხნით ადრე მოთავსებული ჩანდა იქ. ამ უკანასკნელთა გამორჩევა შეიძლებოდა იმ მძიმე და დაუძლურებული იერით, რაც მათს შეგუებაზე მეტყველებდა. ისინი გულრილად იმზირებოდნენ ჩვენკენ და არც არანაირ რეაქციას არ გამოხატავდნენ, თუ რომელიმე ახლადმიყვანილი ზედმეტ აგრესიულობას გამოავლენდა ტყვეობასთან შეუგუებლობისა გამო. გარდა ამისა, შევნიშნე, რომ ახალი მოსახლენი ყველა კენტ-კენტად განათავსეს მაშინ, როცა ძველები წყვილწყვილად ისხდნენ გალიაში. გალიის გისოსებს თავი მივადე და დერეფნის ბოლოში შევნიშნე უფრო დიდი და ფართო გალია, სადაც მხოლოდ ბავშვები იყვნენ შეყრილნი. უფროსებისაგან განსხვავებით, პატარა ადამიანები ჩვენს მიყვანას დიდი აურზაურით შეეგებნენ. ისინი ხტოდნენ, ყირაზე გადადიოდნენ, გალიის კედლებს ეჯაჯგურებოდნენ, თითქოს გარეთ გამოქცევა სურთო... ერთი სიტყვით, ზუსტად ისე იქცეოდნენ, როგორც ჩვენს ზოოპარკებში პატარა მაკაკები.
მალე ორი გორილა ისევ გამოჩნდა, რომლებიც მორიგ ტომარას მოათრევდნენ და ამ ტომრიდან ჩემს მზერას კვლავ მშვენიერი ნოვა მოევლინა. იგი ჩემს მოპირდაპირე გალიაში შეაგდეს და ამ გამოუცნობ სამყაროში ეს იყო ჩემი ერთადერთი ნუგეში. თავად ნოვა კი გაშმაგებული აწყდებოდა გალიის კედლებს, იგი ყველანაირად ცდილობდა, რომელიმე გორილას მისწვდომოდა ხელით და სახე ჩამოეფხაჭნა მისთვის. მცირე ხანში ისიც დაწყნარდა, თუმცა ისეთი საბრალო კვნესა ამოსდიოდა, რომ სული მეყინებოდა. თავი რომ აწია, მე დამინახა და გაქვავდა... მერე კისერი მოიღერა და დიდხანს მიმზერდა, როგორც დამფრთხალი პატარა გოშია. მე ფრთხილად გავუღიმე მას, მერე ხელიც დავუქნიე და როცა მან უნებლიედ დააპირა იმავე ჟესტის გამეორება, სულში რაღაც სითბო ჩამეღვარა!
ჩვენი იდილიური ყოფა ორი თეთრხალათიანი გორილის გამოჩენამ შეწყვიტა. როგორც ჩანს, ტყვეების გადმოტვირთვა დაესრულებინათ, რაკიღა მათ ახალი აღარავინ მოიყოლეს. სამაგიეროდ ამჯერად ისინი საკვებითა და წყლით დატვირთულ ურიკას მოათრევდნენ, რის დარიგებამაც უმალ დააშოშმინა ყველა მეამაბოხე ტყვე.
მალე ჩემი რიგიც დადგა. ერთი გორილა გალიის კართან გაჩერდა, მეორე კი შემოვიდა და წინ ფაფით სავსე ჯამი დამიდგა, იქვე წყლის ჭურჭელიც და რამოდენიმე ტკბილი ნაყოფიც დადო. მე უკვე საბოლოოდ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში მაიმუნებთან კონტაქტი დამემყარებინა, რადგან, როგორც დავრწმუნდი, ამ პლანეტაზე სწორედ ისინი იყვნენ ერთადერთი გონიერი არსებანი. გალიაში შემოსული გორილა საკმაოდ მშვიდი და კეთილი არსება ჩანდა; ჩემი წყნარი და უშფოთველი სახე რომ შენიშნა, მან მხარზე მეგობრულადაც კი მომითათუნა ხელი. მე კი მას პირდაპირ თვალებში შევხედე, მერე მკერდთან მივიტანე ხელი და თავაზიანად დავუკარი თავი. თავი რომ ავწიე, შევნიშნე, გორილა შოკში ჩავარდნილიყო. ესეც არ ვაკმარე მას და გავუღიმე ისე, როგორც ყველაზე ახლობელ ადამიანს შეუძლია გაუღიმოს ადამიანმა. გორილამ ორიოდე ნაბიჯი გადადგა უკან, თითქოს გაქცევა უნდაო, მაგრამ გაოცებისაგან ძალა წაერთვა და ადგილზე გაქვავდა. როგორც იქნა შემნიშნეს! იმისათვის, რომ ჩემი წარმატება განმემტკიცებინა და ყველა უნარი ერთიანად გადმომეფრქვია, მე საკმაოდ სულელურად წარმოვთქვი ენაზე მომდგარი პირველივე ფრაზა:
- ხომ კარგად ბრძანდებით? მე დედამიწელი ვარ, დედამიწა კი ძალზედ შორსაა აქედან.
აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა. საკმარისი იყო მხოლოდ ლაპარაკი, რათა მაიმუნებს გაეგოთ, თუ ვისთან აქვთ საქმე. მიზანი მიღწეულ იქნა. ალბათ, არსად არასოდეს არცერთ მაიმუნს არ ჰქონია ისეთი გამოთაყვანებული სახე, რაც მათ იმწამს აღებეჭდათ დრუნჩებზე! გალიაში მყოფი გორილა და მისი მეწყვილე გაოცებისაგან გაშეშდნენ და ამოსუნთქვისაც ეშინოდათ. ბოლოს, როგორც იქნა, ხმადაბლა დაიწყეს რაღაცაზე ლაპარაკი, თუმცა მათი პატარა თათბირი სრულიად მოულოდნელი შედეგით დასრულდა. გორილამ ერთხელაც ეჭვით შემომხედა, შემდეგ გალიიდან გავარდა და სასწრაფოდ და საგულდაგულოდ ჩარაზა კარი. მერე მაიმუნებმა ერთმანეთს გადახედეს და უცებ თავშეუკავებელი ხარხარი აუტყდათ. როგორც ჩანს, მე მართლაც უნიკალურ მოვლენას წარმოვადგენდი, რადგან ისინი დიდხანს ვერ ახერხებდნენ დამშვიდებას. სიცილისაგან თვალებზე ცრემლებიც კი მოადგათ, ერთმა გორილამ კი ფაფით სავსე ბადია დაბლა დადგა და ჯიბიდან უზარმაზარი ცხვირსახოციც კი ამოიღო.
წყენამ და იმედგაცრუებამ იმდენად დამიბნელეს გონება, რომ ლამის სიგიჟე დამეწყო. მრისხანებისაგან მეც სორორელი ადამიანებივით გალიის გისოსებს ვეჯაჯგურებოდი და ჩემთვის ცნობილ ყველა ენაზე ვლანძღავდი და ვაგინებდი ამ საძაგელ მაიმუნებს. ლანძღვა-გინების მარაგი რომ ამომეწურა, ღრიალი დავიწყე და დროდადრო სრულიად გაუაზრებელი წამოძახილებით ვუხმობდი საშველად ყველას და ყველაფერს. საბოლოოდ გორილებმა მხოლოდ ზიზღით აიჩეჩეს მხრები და სანამ წავიდოდნენ, კვლავაც რამოდენიმეჯერ შემომხედეს და ყურადღებით ამათვალ-ჩამათვალიერეს.
ასეა თუ ისე, მათი ყურადღება მივიპყარი და როცა ძალაგამოცლილმა უაზრო ყვირილი შევწყვიტე, ერთმა გორილამ ჯიბიდან ბლოკნოტი ამოიღო, ჩემს გალიაზე მიმაგრებულ პატარა დაფას შეხედა და რაღაც ჩაიწერა.
გორილები წავიდნენ. ტყვეები, რომლებიც ჩემს გამძვინვარებას გაოცებულნი უმზერდნენ, კვლავაც მიუბრუნდნენ საჭმელს. არც მე მქონდა სხვა საქმე, უნდა მეჭამა, დამეძინა და ჩემი კეთილშობილური ადამიანური არსების გამოვლენისათვის სხვა დროსა და საშუალებას დავლოდებოდი. გორილების მორთმეულ სალაფავს მეც შევექეცი და მერე ის რაღაც წვნიანი ხილიც დავაყოლე. ჩემს მოპირდაპირე გალიაში მყოფი ნოვა კი დროდადრო წყვეტდა თავისი ულუფის თქვლეფას და ჩემსკენ ალმაცერად იმზირებოდა.
მეცამეტე თავი
დღის ბოლომდე აღარავის შევუწუხებივართ. არც სინათლე აუნთია ვინმეს ჩვენთვის და მთელი ღამე უძილოდ გავატარე, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ბალახ-ბულახზე ძილს ჩვეული არ ვიყავი, უბრალოდ მთელი ღამე გეგმებს ვაწყობდი, თუ როგორ დამემყარებინა მაიმუნებთან კონტაქტი და როგორ მელაპარაკა მათთან. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ბრმა მრისხანებას მოვთოკავდი და დიდი მოთმინებით გამოვიყენებდი ყველა ხელსაყრელ მომენტს საკუთარი გონიერების გამოსავლენად. დარაჯი გორილები, რა თქმა უნდა, იქ მომუშავე პერსონალს შორის ყველაზე შეზღუდული არსებები იყვნენ; ბუნებრივია, ისინი სათანადოდ ვერ შეაფასებდნენ ჩემს განზრახვას, მაგრამ ხომ უნდა არსებულიყვნენ ამ ორგანიზაციაში უფრო კულტურული მაიმუნები?!
დილით დავრწმუნდი, რომ ჩემი ვარაუდი სწორი ყოფილა. რომ გამოვიღვიძე, შევნიშე, ჩემი მეზობელი ტყვეები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც დედამიწაზე არსებული ზოოპარკების ბინადარნი, თუმცა მთავარი ისაა, რომ ორიოდე საათის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ინსტინქტურად მეც მათსავით ვმოქმედებდი და ლამის კვლავ დეპრესიაში ჩავვარდი, მაგრამ მალევე მოვეგე გონს, გისოსებთან ჩამოვჯექი და უკიდურესად ჩაფიქრებული ადამიანის პოზა მივიღე. ამ დროს კარი გაიღო და დარაჯი გორილების თანხლებით მდედრი შიმპანზე გამოჩნდა. დარაჯები მას ელაქუცებოდნენ და მივხვდი, რომ ეს ქალბატონი საკმაოდ გავლენიან არსებად ითვლებოდა იმ დაწესებულებაში.
დარაჯებს, რა თქმა უნდა, ნათქვამი ჰქონდათ ჩემი ამბავი, რაკიღა შემოსვლისთანავე შიმპანზემ რაღაც იკითხა და დარაჯებმაც ჩემი გალიისაკენ გამოიშვირეს თათები. შიმპანზე პირდაპირ ჩემკენ გამოეშურა.
სანამ იგი მიახლოვდებოდა, მე მისი შეთვალიერება მოვასწარი. მასაც თეთრი ხალათი ეცვა, ოღონდ ბევრად უფრო ელეგანტურად ჰქონდა მორგებული ტანზე, ვიდრე დარაჯებს. ყველაზე მეტად კი მისმა საოცრად ჭკვიანმა და ცოცხალმა თვალებმა გამაოცეს; ასე მეგონა, რომ ეს სიკეთის მომასწავებელი იყო ჩემთვის. შიმპანზე ძალზედ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე მასაც ჰქონდა ტიპიურად მაიმუნისათვის დამახასიათებელი ნაოჭები. ხელში მას ტყავის საქაღალდე ეჭირა.
მდედრი შიმპანზე ჩემს გალიასთან შეჩერდა და ყურადღებით დამიწყო თვალიერება. პარალელურად საქაღალდიდან რაღაც რვეულებსაც იღებდა.
- დილა მშვიდობისა, მადამ! - ვუთხარი და თავი დავუკარი.
შევეცადე, რომ ხმაში, რაც შეიძლება მეტი, ალერსი ჩამექსოვა. შიმპანზეს პატარა დრუნჩზე უზომო გაოცება აესახა, მაგრამ მან სერიოზულობა შეინარჩუნა და ხელის აქნევით დარაჯი გორილების დადუმებაც მოასწრო, დარაჯები კი კვლავ ხორხოცის დაწყებას აპირებდნენ.
- მადამ თუ მადმუაზელ?! - განვაგრძე წარმატებით გახალისებულმა - მე გულწრფელად მწყინს, რომ იძულებული ვარ ამგვარ სიტუაციაში წარმოგიდგინოთ თავი... დამიჯერეთ, მე არ ვარ ის ადამიანი...
და ასე ვლაპარაკობდი და ვლაპარაკობდი ათასგვარ სისულელეს და ერთადერთი მიზანი მქონდა, რომ ჩემი სიტყვები ჰარმონიულად შერწყმოდნენ დახვეწილ და თავაზიან ტონს, რომლის დაცვაც აუცილებელ პირობად დავისახე. როცა ლაპარაკი დავასრულე, უკიდურესი კეთილგანწყობით გავუღიმე შიმპანზეს, რომელსაც გაოცება აშკარა გაოგნებითა და გაშტერებით შეცვლოდა. მცირე ხანში მას თვალები კვლავ აუციმციმდა, შუბლის ნაოჭები გაეხსნა და ცხადი შეიქნა, რომ იგი რაღაც ურთულესი ამოცანის ამოხსნას ცდილობდა. საბოლოოდ მანაც ნაზად გამიღიმა და გულში იმედის სითბო ჩამეღვარა - რაღაც სინათლე გამოჩნდა ჩემს სამომავლო არსებობაში.
მთელი ამ სცენის განმავლობაში ჩემი მეზობელი ტყვეები აღარ ავლენდნენ იმ აგრესიას, რასაც ადრე მათში ჩემი გონივრული ქმედებანი იწვევდნენ. პირიქით, ახლა ისინი ერთგვარი ინტერესითაც გვიმზერდნენ; სორორელი ადამიანები გალიის გისოსებზე იყვნენ მომწყდარნი და ცდილობდნენ ჩვენი ურთიერთობისათვის თვალი ედევნებინათ. მხოლოდ ნოვა ვერ მშვიდდებოდა და გააფთრებული ეხლებოდა გალიის კედლებს.
მდედრმა შიმპანზემ ხალათის ჯიბიდან კალამი ამოიღო და რვეულში რაღაც ჩაიწერა. შემდეგ აწია თავი და სახეზე მღელვარება რომ შემატყო, ნაზად გამიღიმა. ამან გაბედულება შემმატა და კიდევ ერთი მეგობრული ჟესტის გამოვლენა ვცადე. გალიიდან გავყავი ხელი და შიმპანზეს თათის გამოწოდებას დაველოდე. დარაჯი გორილები შეშინდნენ და საშველად გამოიწიეს, მაგრამ შიმპანზემ მოკლე ბრძანებით დააშოშმინა ისინი, თავს მოერია, თვალი თვალში გამიყარა და ოდნავ აკანკალებული თათი გამომიშვირა. მე არ ვინძრეოდი, შიმპანზე ჩემს ხელს შეეხო და ვიგრძენი, როგორ შეაჟრჟოლა მისი ტანი ამ შეხებამ... მე კვლავ არ ვინძრეოდი, რომ არ დამეფრთხო ეს ქალბატონი, რომელიც წამიერადვე მოეგო გონს, ხელზე საოცრად გრძელი თითებით მომეფერა კიდეც და თავისი ასისტენტებისაკენ აღფრთოვანებული მზერა ტყორცნა.
სიხარულისაგან სული შემეგუბა. გულში იმედის ნაპერწკალი ამიკიაფდა, რომ იგი ბოლოსდაბოლოს ჩემში გონიერების არსებობას დაადასტურებდა. ხოლო როცა შიმპანზემ რაღაც მკაცრი ბრძანება გასცა გორილების მიმართ, მე გიჟურმა აზრმაც კი გამიელვა - აი, ახლა გალია გაიხსნება და მე ბოდიშის მოხდით გამათავისუფლებენ! ვაი, რომ ეს აზრადაც კი არ მოსვლია არავის. ერთ-ერთმა დარაჯმა ჯიბეები მოიქექა, საიდანაც რაღაც თეთრი კუბი ამოიღო და თავის უფროს ქალბატონს გადასცა. ამ უკანასკნელმა კი საოცრად თბილი და მეგობრული ღიმილით ეს კუბი ხელში ჩამიდო.
ეს შაქრის ნატეხი იყო!
შაქრის ნატეხი! ოცნებით სულ სხვა რამ მქონდა წარმოდგენილი და ამ ქმედებამ საოცარი იმედგაცრუება გამოიწვია ჩემში. ეს დამამცირებელი წყალობა იმდენად ამაზრზენად მეჩვენა, რომ ლამის სახეში ვესროლე გაღიმებულ შიმპანზეს. მაგრამ დროზევე გამახსენდა, რაც საკუთარ თავს შევფიცე და ნერვები დავიოკე. ავიღე შაქარი და ღრღნა დავუწყე, ოღონდ ვცდილობდი ესეც გონივრულად გამეკეთებინა.
ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა. მდედრ შიმპანზეს, როგორც მოგვიანებით გავიგე, ერქვა ზირა. იგი იყო იმ განყოფილების გამგე, სადაც მე მომათავსეს. მიუხედავად იმედგაცრუებისა, მე სათანადოდ შევაფასე მისი გონიერება და დავიტოვე იმის იმედი, რომ მომავალში მაინც შევძლებდი მასთან კონტაქტის დამყარებას.
ზირა დიდხანს ესაუბრებოდა დარაჯებს და, როგორც მივხვდი, ჩემთან დაკავშირებით საგანგებო მითითებებს აძლევდა. შემდეგ იგი სიღრმისაკენ წავიდა, რათა სხვა ტყვეები დაეთვალიერებინა.
შიმპანზე დიდხანს ათვალიერებდა ახლადმოყვანილ ადამიანებს და თითოეული მათგანის შესახებ რაღაც შენიშვნებს იწერდა და, რა თქმა უნდა, არცერთ მათგანთან ახლოსაც კი არ მიდიოდა. რომ მიახლოებოდა, მე, ალბათ, ეჭვის გრძნობაც კი გამიჩნდებოდა. ჩემთვის საკმაოდ საამო იყო იმის შეგრძნება, რომ პრივილეგირებული პატიმარი ვიყავი და შიმპანზეს განსაკუთრებულ ყურადღებას მხოლოდ მე ვიმსახურებდი. და როცა ზირა ბავშვების გალიასთან შედგა და მათაც შაქრის ნატეხები გადაუყარა, მეც ისეთივე მრისხანება დამეუფლა, როგორც ნოვას, რომელიც ჩემი და ზირას ურთიერთობის ხილვისას აგრესიულად აღრჭენდა კბილებს და ბოლოს გალიის კუთხეში ჩვენთან ზურგშემოქცეული მიიყუჟა.
მეთოთხმეტე თავი
მეორე დღემაც ისევე ჩაიარა, როგორც პირველმა. მაიმუნები ყურადღებას არ მაქცევდნენ და მხოლოდ საჭმელი მოჰქონდათ. მე ვცდილობდი გამეგო, მაგრამ ვერაფერი მომეაზრებინა იმის შესახებ, თუ ამ უცნაურ დაწესებულებას რა დანიშნულება ჰქონდა. მესამე დღეს კი ჩვენთან მთელი რიგი ტესტების ჩატარება დაიწყეს, რომელთა გახსენებისას დღემდე დამამცირებელ შეგრძნებას განვიცდი. თუმცა მაშინ ამ ტესტებმა, სხვა თუ არაფერი, მცირეოდენ მაინც გამართეს.
პირველი ტესტი დასაწყისში ძალზედ სულელურად მომეჩვენა. ერთ-ერთი დარაჯი გორილა მომიახლოვდა, მეორე კი მოპირდაპირე გალიასთან გაჩერდა. ჩემი დარაჯი ერთი ხელით ზურგსუკან რაღაცას მალავდა, მეორეში კი სასტვენი ეჭირა. გორილა დიდხანს მიყურებდა, რომ ჩემი ყურადღების კონცენტრირება მოეხდინა, მერე სასტვენი პირთან მიიტანა და თითქმის ერთი წუთის განმავლობაში ყურისწამღებად უსტვენდა. შემდეგ გორილამ საგანგებოდ ნელა წამოიღო წინ მეორე ხელი და მასში ის ბანანისმაგვარი ნაყოფი შევნიშნე, რაც სორორელი ადამიანების საყვარელი საკვები იყო. დარაჯს ჩემკენ ჰქონდა ბანანი მოშვერილი და ყურადღებით მითვალთვალებდა.
მე ხელი გავიშვირე ბანანის გამოსართმევად, მაგრამ გორილა მოშორებით იდგა და ნაყოფს ვერ მივწვდი. როგორც ჩანს, იგი ჩემგან სხვა რეაქციას ელოდა და მე იმედი გავუწბილე. მცირე ხნის შემდეგ მან ბანანი ისევ ზურგსუკან დამალა და კვლავ სტვენა დაიწყო. მე ვღელავდი, ამ კომედიის აზრს ვერ ვწვდებოდი და ლამის კვლავაც დამეკარგა მოთმინება, როცა დარაჯმა ხელმეორედ გამოიშვირა ბანანი და ისეთ მანძილზე შეაჩერა, რასაც ვერ მივწვდებოდი. ძლივსძლივობით შევიკავე თავი და გონების მოკრებას შევეცადე. აშკარა იყო, რომ დარაჯი რაღაცის მიღწევას ცდილობდა, რადგან ყოველი მორიგი რიტუალის ჩატარებისას მისი გაოცება სულ უფრო მატულობდა - ესე იგი მე ისე არ ვიქცეოდი, როგორც მათს წარმოდგენაში ადამიანი უნდა მოქცეულიყო. მთელი ეს ცერემონია დარაჯმა ექვსჯერ თუ შვიდჯერ ჩაატარა და ბოლოს იმედგაცრუებულმა მეზობელ გალიასთან გადაინაცვლა.
მე გავოცდი, როცა დავინახე, რომ ჩემმა მეზობელმა პირველი მცდელობის შემდეგვე მიიღო ბანანი. ყურადღებით დავაკვირდი მეორე გორილას, რომელიც იგივე ტესტს ატარებდა მოპირდაპირე გალიებთან. დარაჯი ამჯერად ზუსტად ნოვას გალიასთან იდგა და მე ყველა დეტალი დავინახე იმისა, რაც დარაჯმა და ნოვამ მოიმოქმედეს. დარაჯმა დაუსტვინა და ქალს ბანანი აუთამაშა. ნოვა აკანკალდა, ყბები აუცახცახდა და...
თვალის დახამხამებაში ჩემთვის ყველაფერი გაცხადდა. ნოვამ, ამ სხივმოსილმა არსებამ, ტკბილი ნაყოფის ხილვისას პირი გააღო და იქიდან უხვად გადმოაფრქვია ნერწყვი ისევე, როგორც პატარა მშიერ გოშიას სჩვევია ხოლმე შაქრის ნატეხის დანახვაზე. სწორედ ამას აღწევდა დარაჯიც და ნოვას ხელში ბანანი რომ ჩაუდო, იგივე ექსპერიმენტის ჩასატარებლად გვერდით გალიასთან გადაინაცვლა.
ასე რომ, ყველაფერი გავიგე და ამან სიამაყის გრძნობაც კი მომგვარა! თავის დროზე ბიოლოგიას ვსწავლობდი და პავლოვის ნაშრომებსაც გავეცანი. მივხვდი, რომ აქ ადამიანების რეფლექსებს სწავლობდნენ ისევე, როგორც პავლოვი ცდილობდა ამის გაკეთებას ძაღლებზე დაკვირვებით. მე, რა თქმა უნდა, იმედი გავუწბილე დამკვირვებლებს! სამაგიეროდ ახლა უკვე გავიაზრე ამ ექსპერიმენტების დანიშნულება და იმის გარკვევაც შემეძლო, თუ რა მოჰყვებოდა მას. რამოდენიმე დღის განმავლობაში მაიმუნები იგივე ქმედებას ჩაატარებდნენ: დაიწყებდნენ სტვენას, მერე რამე ტკბილს დაანახებდნენ ექსპერიმენტის ობიექტს, რათა მათი ნერწყვდენა გამოიწვიონ და საბოლოოდ ადამიანებს სასტვენის დანახვაზევე დაეწყებოდათ ნერწყვდენა ანუ, მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, მათ გამოუმუშავდებოდათ პირობითი რეფლექსი.
ჩემმა მიხვედრილობამ თავადვე აღმაფრთოვანა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო - საჭირო იყო იმის დამტკიცება, რომ ეს ყველაფერი მეც მესმის. როცა დარაჯმა გორილამ ყველა გალია შემოიარა, უკან წამოვიდა და მე მისი ყურადღების მიპყრობას შევეცადე. გალიის გისოსებს თავს ვახლიდი, ხელებს ვიქნევდი და პირს ვუღებდი მას მანამ, სანამ მან კვლავ არ ინება ექსპერიმენტის განმეორება. და მაშინ მე პირველივე დასტვენის შემდეგ, ვიდრე იგი ბანანს დამანახებდა, დავიწყე გაშმაგებით და ნიშნის მოგებით ნერწყვის ყლაპვა; მე, ულის მერუ, მთელი ჩემი არსებით ვცდილობდი ნერწყვი დამენახვებინა გორილასათვის, თითქოს ამაზე ჩემი სიცოცხლე იყო დამოკიდებული. აი, ასეთი აღტაცებითა და შთაგონებით ვცდილობდი ჩემი გონიერების დემონსტრირებას!
და მართლაც ჩემს დარაჯს გაოცება დაეტყო სახეზე. მან თანამეწყვილეს უხმო და მათ წინა დღესავით ხანგრძლივი თათბირი გააბეს. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ რაზე ბაასობდნენ ეს გონებაჩლუნგები: აი, ადამიანი, რომელსაც მცირე ხნის წინ არანაირი რეფლექსი არ გააჩნდა და უცებ, გაურკვეველი მიზეზებისა გამო, პირობითი რეფლექსი გამოუმუშავდა. არადა, სორორელ ადამიანებში ამგვარი რეფლექსის გამოსამუშავებლად დიდი დრო და მოთმინებააო საჭირო.
მართალი რომ გითხრათ, ეს გულუბრყვილო ბრიყვები შემეცოდა კიდეც. მათი სუსტი გონება არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ერთ რაიმე დასკვნამდე მისულიყვნენ: ამგვარი პროგრესი აიხსნება ერთადერთი მიზეზით - ესე იგი ექსპერიმენტის ობიექტს გონიერება გააჩნია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ზირა მათს ადგილზე ყველაფერში გაერკვეოდა.
თუმცა მთელმა ჩემმა სიბრძნემ და ზედმეტმა შთაგონებამ ის შედეგი არ მოიტანა, რასაც ველოდი. გორილები ისე წავიდნენ, რომ ბანანი არ მომცეს, ჩემმა დარაჯმა თავად შესანსლა ჩემი კუთვნილი ხილი. ან რისთვის უნდა გავენებივრებინე, თუკი მისმა ექსპერიმენტმა ჯილდოს გარეშეც სათანადო შედეგი გამოიღო.
მეორე დღეს გორილები სხვა ხელსაწყოებით აღჭურვილნი მოვიდნენ. ერთს ზანზალაკები მოჰქონდა, მეორე კი ურიკას მოათრევდა, რაზედაც რაღაც აპარატი იყო დამაგრებული. ამჯერად უკვე ვიცოდი, რა სახის ექსპერიმენტსაც ჩაატარებდნენ და ამ საგნების დანიშნულებაში მანამდე გავერკვიე, სანამ მათ გორილები აამოქმედებდნენ.
მათ საქმე ნოვას გვერდით მყოფი მაღალი, თვალებჩაბნელებული ყმაწვილისაგან დაიწყეს. ეს ყმაწვილიც ჩვენსავით გისოსებზე იყო ჩაბღაუჭებული და გორილებისკენ იყურებოდა. პირველმა გორილამ ზარის რეკვა დაიწყო, რასაც საკმაოდ დაბალი ხმა ჰქონდა, ამასობაში მეორემ აპარატის სადენები გალიაზე მიამაგრა. როცა ზარის ხმა შეწყდა, მეორე გორილამ აპარატის სახელური გადაატრიალა, რამაც ნოვას მეზობელი ყმაწვილი ელდანაკრავივით მოსწყვიტა რკინის გისოსებს და საბრალოდ ააყმუვლა.
ეს ცდა იმავე ყმაწვილზე რამოდენიმეჯერ გაიმეორეს, ცდის დაწყებამდე კი ექსპერიმენტის ობიექტს ბანანს აჩვენებდნენ და აიძულებდნენ გალიის გოსოსებს ჩაბღაუჭებოდა. ამგვარი ცდის მიზანი ჩემთვის კარგად იყო ცნობილი: გორილები ცდილობდნენ ყმაწვილისთვის ახალი პირობითი რეფლექსი გამოემუშავებინათ, რათა იგი გალიის სიღრმეში გაქცეულიყო ზარის ხმის გაგონებისთანავე მანამ, სანამ ელექტრული ძალის დარტყმას იგრძნობდა. მაგრამ იმ დღეს გორილებმა სასურველი შედეგის მიღწევა ვერ შეძლეს, ამ ყმაწვილის ფსიქიკა თითქმის განუვითარებელი იყო და მას არაფრით შეეძლო დაედგინა კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის.
მე ჩემი რიგის დადგომას ველოდი და შინაგანად დავცინოდი ამ ვაი-ექსპერიმენტატორებს. ერთი სული მქონდა მეჩვენებინა მათთვის, თუ რა სხვაობაა ინსტინქტსა და გონიერებას შორის. როგორც კი ზარი აწკრიალდა, მე მაშინვე ვუშვი ხელი გისოსებს და უკან დავიხიე. ამასთან ერთად ვუყურებდი გორილებს და დამცინავად ვუღიმოდი მათ. დარაჯები მოიღუშნენ. ახლა ისინი ვეღარ დამცინოდნენ. მგონი, მათაც მშვენივრად იგრძნეს, რომ ახლა მე ვამასხარავებდი მათ.
მიუხედავად ამისა, მათ მაინც განაგრძეს ექსპერიმენტი, მაგრამ ახალწვეულთა გამოჩენამ ხელი შეუშალა მათს საქმიანობას.
მეთხუთმეტე თავი
დერეფანში სამი არსება გამოჩნდა: ზირა და ორი სხვა მაიმუნი, რომელთაგან ერთი, როგორც ჩანს, ძალზედ დიდი უფროსი იყო. ეს მამრი ორანგუტანი გახლდათ, პირველი ორანგუტანი, რომელიც სორორაზე ვნახე. ის სიმაღლით გორილაზე დაბალი იყო და წელშიაც საკმაოდ მოხრილი გახლდათ. ამ ორანგუტანს იმდენად გრძელი ხელები ჰქონდა, რომ სიარულისას ხშირად მიწაზედაც აყრდნობდა, რასაც არცერთი სხვა სორორელი მაიმუნი არ აკეთებდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ იგი ორ ჯოხზე დაყრდნობილი მოძრაობდა. მისი მხრებში ჩავარდნილი თავი ჟღალი ბალანით იყო დაფარული, დრუნჩზე კი ბებერი პედანტის გაქვავებული იერი აღბეჭდვოდა. მთელი თავისი არსითა და მიხრა-მოხრით ეს ორანგუტანი წლებით დამძიმებული დარბაისელი ღვთისმსახურივით გამოიყურებოდა. კოსტუმიც ყველასაგან განსხვავებული ეცვა, ეს იყო კარგახნის გაუწმენდავი შავი რედინგტონი, რომელსაც ალისფერი ვარსკვლავი ამშვენებდა, ქვემოთ კი ასევე მტვრით გატენილი თეთრზოლიანი შავი შარვალი მოუჩანდა.
ორანგუტანს პატარა ტანის მდედრი შიმპანზე მოსდევდა, რომელსაც ხელთ მძიმე პორტფელი ეჭირა. მისი ქცევიდან გამომდინარე ძნელი არ იყო მიხვედრა, რომ იგი ორანგუტანის მდივანი გახლდათ.
ამ სტრიქონების მკითხველს, ალბათ, აღარ აღიზიანებს, რომ ყოველი ახალი პერსონაჟის ქცევისა და სახის გამომეტყველების აღწერას ვცდილობ. ვფიცავ, რომ ნებისმიერი დედამიწელი ამ წყვილში ღრმადპატივცემულ მეცნიერსა და მის ხელქვეით მდივანს შეიცნობდა. მათმა გამოჩენამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ სორორელ მაიმუნებს შორის არის საკმაოდ მძლავრი იერარქია. ზირაც მეტისმეტი მოკრძალებით ეპყრობოდა ამ ახლადმოვლენილ მოგვს. დარაჯმა გორილებმა კი უმალ ანებეს საქმიანობას თავი და მათთან შესახვედრად ლამის მიწაზე განრთხმულნი გაემართნენ. ორანგუტანმა კი მხოლოდ მოწყალების ნიშნად ოდნავ დაუქნია გორილებს თათი.
სტუმრები უმალ ჩემი გალიისაკენ გამოეშურნენ. და ეს არცაა გასაკვირი - მე ვიყავი ყველაზე საინტერესო ექსპონატი ახალ ტყვეებს შორის. მაღალჩინოსან არსებებს მე გულღია ღიმილით დავხვდი და თითქმის გაზუთხული ტექსტით მივესალმე:
- ძვირფასო ორანგუტანო! - წარმოვთქვი მე - შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა ბედნიერი ვარ, რომ ბოლოსდაბოლოს შევხვდი არსებას, რომელიც სიბრძნითა და გონიერებითაა აღვსილი. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთმანეთს კარგად გავუგებთ.
"ძვირფასი ორანგუტანი" კი ჩემი ხმის გაგონებისთანავე ნაკბენივით შეხტა. შემდეგ მან ყურის ფხანა დაიწყო და თან ჩემს გალიას ყურადღებით ათვალიერებდა, თითქოს იქ რაიმე მისტიფიკაცია ბუდობდა. შემდეგ მას ზირა გამოელაპარაკა და დიდხანს უკითხავდა თავის ბლოკნოტში გაკეთებულ ჩანაწერებს ჩემი ქცევის შესახებ. ზირა ცდილობდა რაღაცაში დაერწმუნებინა ორანგუტანი, მაგრამ მას არაფრის გაგონება არ სურდა. რამოდენიმეჯერ შეაწყვეტინა მან ზირას სენტენციები, თან მხრებს იჩეჩავდა, თავს აქნევდა და ბოლოს ზურგზე შემოიწყო თათები, გალიის წინ ბოლთის ცემა დაიწყო და დროდადრო ჩემკენ ეჭვნარევ მზერასაც ისროდა. დანარჩენი მაიმუნები კი გაიყურსნენ და ორანგუტანის გადაწყვეტილებას გაშეშებულნი ელოდნენ.
თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეს პატივისცემა მხოლოდ გარეგნულად შეიმჩნეოდა. მე კარგად დავინახე, რა გრიმასებსაც უცვლიდნენ ერთმანეთს დარაჯი გორილები და მივხვდი, რომ გულის სიღრმეში დასცინოდნენ შეფ-ორანგუტანს. გასაგები გახდა, რომ ორანგუტანის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება არსებობდა და მეც გადავწყვიტე ერთი სცენის გათამაშება, რათა როგორმე მასაც ღირსეულად დაეფასებინა ჩემი გონიერება. მეც შემოვიწყე ზურგზე ხელები და ორანგუტანივით მოღუშულმა და ჩაფიქრებულმა გალიაში ბოლთის ცემა დავიწყე.
გორილები კინაღამ სიცილით გაიგუდნენ, მდივანმა ქალმა პორტფელში ჩაყო დრუნჩი და სიცილის ძლივს იკავებდა, თვით ზირასაც გაუბრწყინდა თვალები და ჩემს ოხუნჯობას აღტაცებული შესცქეროდა. ჩემი იმპროვიზირების უნარმა მეც კარგ გუნებაზე დამაყენა და ვერც-კი წარმოვიდგენდი, რომ ამას შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყოლოდა. ორანგუტანმა ჩემი მიმიკა შენიშნა და სახეზე მძვინვარება გამოეხატა. ორანგუტანის მიერ წარმოთქმულმა რამოდენიმე მკაცრმა ფრაზამ წესრიგი უმალ აღადგინა, შემდეგ იგი ჩემი გალიის წინ შეჩერდა და მდივანს რაღაცის კარნახი დაუწყო.
ეს პროცესი საკმაო ხანს გაგრძელდა, რასაც დროდადრო მრავალაზროვანი პაუზები წყვეტდა.
მე ძალიან მალე მომბეზრდა ამ ორანგუტანის თვითკმაყოფილი სიბრიყვე და გადავწყვიტე კვლავ გამომემჟღავნებინა ჩემი შესაძლებლობანი. მისკენ ხელი გავიშვირე და მარცვალ-მარცვალ წარმოვთქვი ორი სიტყვა:
- მი ზაიუს!
მე დავაფიქსირე, რომ ყველა ხელქვეითი ორანგუტანს ამ სიტყვებით მიმართავდა, მოგვიანებით კი გავიგე, რომ "ზაიუსი" ამ განსწავლული მაიმუნის სახელი იყო, ხოლო "მი" - მისი საპატივცემლო ტიტული.
მაიმუნებმა გაოცებისაგან ხახა დააფჩინეს; ახლა მათ სასაცილოდ აღარ ჰქონდათ საქმე, მით უმეტეს ზირას, რომლისკენაც თითი გავიშვირე და იმავე შთაგონებით წარმოვთქვი:
- ზირა!
ეს სიტყვაც დაფიქსირებული მქონდა და ვხვდებოდი, რომ ის საკუთარ სახელს ნიშნავდა და სხვას არაფერს.
რაც შეეხება ზაიუსს, იგი საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან და გალიებს შორის სირბილი დაიწყო. ბოლოს, როგორც იქნა, მოიკრიბა გონიერება და ბრძანება გასცა, რომ ჩემთვის უკვე ნაცნობი ექსპერიმენტები მისი თანდასწრებით ჩაეტარებინათ. მე სიამოვნებით დავყევი ამ ნებას. რაწამს სასტვენის ხმას გავიგებდი, უმალ ნერწყვს ვყლაპავდი. ზარის დაწკრიალებისთანავე გალიის გისოსებს ვშორდებოდი; ეს მეორე ექსპერიმენტი ზაიუსმა გორილებს ათჯერ გაამეორებინა და გამუდმებით რაღაც შენიშვნებს კარნახობდა მდივან შიმპანზეს.
მე არც ეს ვაკმარე მეცნიერ-ექსპერიმენტატორებს, სულ უკანასკნელად ზარი რომ ააწკრიალეს, მშვიდად მივედი სადენებთან, რითაც ელექტრობა გისოსებზე გადადიოდა, მოვხსენი ისინი და ორანგუტანს ფერხთით დავუყარე. ამის შემდეგ მშვიდად ჩავჭიდე გისოსებს ხელი და ღრმად პატივცემულ მეცნიერს თვალი თვალში გავუყარე.
ჩემმა გამოგონებამ სიამაყეც კი მომგვარა, რადგან ის უტყუარი დადასტურება იყო იმისა, რომ ამის შემოქმედი გონიერი არსება გახლდათ. და მართლაც, ზირაზე ყოველ შემთხვევაში, ჩემმა საქციელმა შესაბამისი შთაბეჭდილება მოახდინა. მან თვალი თვალში გამიყარა და პატარა თეთრ დრუნჩზე ვარდისფერი ალები გადაეკრა, რაც, როგორც მოგვიანებით შევიტყე, შიმპანზეებში მღელვარების უტყუარი დასტური იყო. აი, ზაიუსს კი მღელავრების ნასახიც არ დასტყობია. როგორ არ ეცადა ზირა მისთვის ჩემი უცნაურობის ფაქტი გაეცნობიერებინა, ეს წყეული ორანგუტანი მაინც მხოლოდ მხრებს იჩეჩავდა და ჩემკენ იჭვნეულად იყურებოდა. ეს განსწავლული მაიმუნი, როგორც ჩანს, იმ კლასიფიკატორ არსებათა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთათვისაც მშრალი ფაქტები არაფერს ნიშნავს. მან გორილებს კვლავ რაღაც უბრძანა და ამჯერად ისინი წინა ორი ექსპერიმენტის ნაზავი ვარიანტის შესრულებას შეუდგნენ.
ამგვარი ცდის შესახებაც მქონდა წარმოდგენა და ერთ-ერთ ლაბორატორიაში ნანახიც კი მქონდა, როცა მას ძაღლებზე ატარებდნენ. მისი მიზანი იყო ცხოველის მდგომარეობიდან გამოყვანა და ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რეფლექსით მასში ნერვული აშლილობის გამოწვევა. ამრიგად პირველმა დარაჯმა გორილამ სტვენა დაიწყო, რითაც თითქოს ბანანს მპირდებოდა, მეორემ კი ზარი ააწკრიალა, რითაც უბედურების სიგნალს ავრცელებდა. მე ერთი გამოჩენილი ფიზიოლოგის დასკვნები გამახსენდა ამგვარ ცდასთან დაკავშირებით - იგი ამბობდა, ამგვარ ცდებს სრულიად ადვილად შეუძლიათ ცხოველი იმ ზომამდე მიიყვანონ, რასაც ადამიანური ნევროზი ჰქვიაო და, შესაძლოა, საბრალო ცხოველის გაცოფებაც გამოიწვიონო.
ვიცოდი რა ეს ყველაფერი, შევეცადე ხაფანგისთვის თავი დამეღწია. ექსპერიმენტატორებს დავანახე, თითქოს სასტვენს და ზანზალაკს თანამიმდევრულად ვუსმენ, შემდეგ გალიის შუაში ჩამოვჯექი, ნიკაპქვეშ ხელი ამოვიდე და მოაზროვნის პოზაში გავქვავდი.
ზირამ თავი ვერ შეიკავა და ტაში შემოჰკრა. ზაიუსმა ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და შუბლი მოიწმინდა. სახეზე მას ოფლი წურწურით მოსდიოდა, მაგრამ მის გაოჩნებულ სიჯიუტეს არაფრის დათმობა არ სურდა. ამის გარკვევა ძნელი არ იყო იმ მოკლე საუბრიდან, რაც მან შიმპანზეს გაუმართა. შემდეგ ზაიუსმა კიდევ რაღაც-რაღაცები უკარნახა თავის მდივანს, საგულდაგულო მითითებანი მისცა ჩემს შესახებ ზირას, რომელიც თავმოდრეკით ისმენდა ამას, და ბოლოს წასვლაც ინება; წასვლის წინ კი მეტად ბოღმიანი მზერა ტყორცნა ჩემს მხარეს.
ზირა კი დარაჯ გორილებს მიუბრუნდა და, როგორც მივხვდი, მათ უბრძანა, რომ ჩემთვის დღეს მაინც დაენებებინათ თავი, რაკიღა გორილებმა მთელი თავისი ხელსაწყოები აკეცეს და გაუჩინარდნენ. ზირა მარტო დარჩა ჩემთან, მომიახლოვდა და თვალი თვალში გაყრილი დიდხანს მიმზერდა. უცებ იგი ჩემკენ გადმოიხარა და მეგობრულად გამომიშვირა თათი, არც მე ჩამოვრჩი მას თავაზიანობაში, ხელი გავუშვირე და კვლავ ჩავილაპარაკე - "ზირა". შიმპანზეს სახე კვლავ რომ აელეწა, მივხვდი, მისი სული უსაზღვროდ იყო აფორიაქებული.
მეთექვსმეტე თავი
ზაიუსი მხოლოდ რამოდენიმე დღის შედეგ გამოჩნდა და უმალ ბრძანა ჩვენს სექციაში მთელი დღის წესრიგი შეეცვალათ. თუმცა ჯერ ის მაქვს საამბობი, თუ ამ გასული დღეების განმავლობაში როგორ მოვახერხე მაიმუნების წინაშე თავის გამოჩენა.
ორანგუტანის პირველი ვიზიტის მომდევნო დღეს ჩვენ სხვა ექსპერიმენტებიც ჩაგვიტარეს. ყველაფერი საკვების მიღებისას დაიწყო. იმის ნაცვლად, რომ გალიაში ჩვეულებრივ შემოეყარათ ხილი, ზორამმა და ზანამმა - ეს იმ ორი დარაჯი გორილას სახელი იყო - საკვები კალათებში ჩააწყეს, გალიის თავზე, შუაგულში კაუჭზე ჩამოკიდეს, შემდეგ გალიებში ოთხი დიდი ზომის კუბის ფორმის ხის ყუთი შემოგვიტანეს, კარი გაიხურეს და თვალთვალი დაგვიწყეს.
ჩემს ყველა მეზობელს სახეზე ისეთი იმედგაცრუება გამოეხატა, რომ, მათს შემხედვარეს, გული მოუკვდებოდა კაცს. ისინი კალათამდე ახტომას ცდილობდნენ, მაგრამ ვერაფრით ახერხებდნენ ამას. ზოგი მათგანი გალიის გისოსებზე აცოცებას ახერხებდა, მაგრამ ხილის კალათამდე ხელის მიწვდენა მაინც შეუძლებელი იყო მათთვის. ეს ადამიანები ისეთი ბრიყვები აღმოჩნდნენ, რომ მთელი ჩემი მოდგმის ნაცვლად მე შემრცხვა. რაც შემეხება მე, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა უმარტივესად გადავწყვიტე. ხის ყუთები ერთმანეთზე დავალაგე, ავძვერი ზედ და სრულიად მშვიდი სახით კაუჭიდან კალათა ჩამოვხსენი. ჩემმა გონიერებამ ზორამი და ზანამიც აღაფრთოვანეს და, მგონი, ჩემდამი კეთილგანწყობის გრძნობაც კი გაუჩნდათ.
მე ხილის ჭამა დავიწყე და თან დროდადრო ზიზღით ვიცქირებოდი ჩემი მეზობლებისაკენ, რომლებმაც, ჩემს მიერ ნაჩვენები მაგალითის მიუხედავად, მაინც ვერ მოისაზრეს კალათის ჩამოხსნის საშუალება გამოეყენებინათ. თვით ნოვამაც ვერ შეძლო იმ დღეს ამ ოპერაციის გამეორება, თუმცა კი რამოდენიმეჯერ, სულ ნაწილ-ნაწილ ვაჩვენე მას ყუთების ერთმანეთზე დადების აუცილებლობა. არა, ნოვა ამის გაგებას ცდილობდა მაინც, ეს ლამაზმანი აშკარად გამოირჩეოდა გონიერებით დანარჩენ თანატომელთაგან. მან სცადა ყუთები ერთიმეორეზე დაედგა, მაგრამ არათანაბარი ნაგებობა გამოუვიდა და როცა ის პირველი შეხებისთანავე ჩამოინგრა, გაბუტული ნოვა კუთხეში მიიყუჟა. ეს გოგონა შესაშურად მარჯვე და მოხდენილი იყო, მისი ყოველი მოძრაობა მსუბუქი და ჰარმონიული გახლდათ, მაგრამ ნებისმიერ საგანთან ურთიერთობისას იგი საოცარ მოუხეშავობას ავლენდა. თუმცა მეორე დღის ბოლოსათვის ნოვამ მაინც მოახერხა ყუთების ერთმანეთზე თანაბრად დაწყობა.
იმ პირველ დილას კი ნოვა შემეცოდა და მას რამდენიმე ბანანი გადავუგდე. ამ საქციელით დავიმსხურე ზირას ალერსიანი შემოხედვაც, რომელმაც სწორედ მაშინ შემოყო დრუნჩი ჩვენს სექციაში, ბანანს რომ ვისროდი. ზირა მომიახლოვდა, ბალნიანი თათი მხრებზე მომითათუნა და მე ლამის კატასავით კრუტუნი დავიწყე, რასაც ვერ ვიტყვით ნოვაზე, რომელიც ამის შემხედვარე გალიის კედლებს სიმწრით აწყდებოდა და სმენის გამყინავად წიოდა.
ასე და ამგვარად, სხვა ტესტებშიაც გამოვიჩინე თავი, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, გულდაგულ მივაყურადე სმენა მაიმუნების საუბარს და მათი ენის რამდენიმე მარტივი სიტყვის გაცნობიერებაც მოვახერხე. მე ყოველ ახლადშესწავლილ სიტყვას ვეუბნებოდი ზირას, როცა იგი ჩემს გალიასთან ჩაივლიდა და ამით მისი გაოცება სულ უფრო იზრდებოდა. აი, სწორედ ამ ვითარებაში ზაიუსმაც ინება ჩვენთან მოსვლა.
ისევე, როგორც პირველი ვიზიტისას, ზაიუსს თავისი მდივანი შიმპანზე ახლდა თან, თუმცა ახლა მის გვერდით მოდიოდა კიდევ ერთი ორანგუტანი, მასავით დინჯი და დარბაისელი და მკერდზედაც ზაიუსის მსგავსად ვარსკვლავი უბრჭყვიალებდა. ორანგუტანები ერთმანეთში ისე საუბრობდნენ, როგორც თანასწორი თანასწორთან და მე მივხვდი, რომ ზაიუსმა კონსულტაციისათვის თავის კოლეგა მეცნიერს უხმო, რათა ჩემთან დაკავშირებული პრობლემა გაერკვიათ. ორანგუტანები ჩემს გალიასთან გაჩერდნენ და დაუსრულებელი დისკუსია გამართეს, რაშიც დროდარო ზირაც ერთვებოდა ხოლმე. ზირას ყოველი ჩართვა საუბარში ახალი მღელვარებისა და შეხლა-შემოხლის მიზეზი ხდებოდა, კარგად მესმოდა, რომ იგი მე მიცავდა და გამუდმებით ჩემს გასაოცარ გონიერებას უმტკიცებდა ორანგუტანებს, რაშიც, მგონი, მათაც აღარ ეპარებოდათ ეჭვი, თუმცა ეს ორი ბებერი მაიმუნი ირონიისა და უნდობლობის ღიმილს მაინც ვერ იშორებდნენ სახიდან.
ამ ორი მოგვის თანდასწრებით მე კვლავ ჩამიტარეს ის ექსპერიმენტები, რომელთა შესრულება აღარანაირ სირთულეს აღარ წარმოადგენდა. მათ სხვა ამოცანის შესრულებაც დამავალეს: მომცეს ყუთი, რომელიც ცხრა სხვადასხვაგვარი საკეტით იყო დაკეტილი და დაელოდნენ იმას, შევძლებდი თუ არა მათს გახსნას. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ამგვარი ექსპერიმენტი ერთხელ დედამიწაზე ფიზიოლოგმა კინემანმა ჩაუტარა მაიმუნებს; ამოცანა რთული იყო, მაგრამ, კინემანის თქმით, ზოგიერთმა მაიმუნმა მაინც მოახერხა ყუთის გახსნა. როგორც ჩანს, სორორაზე მეც იგივე როლში აღმოვჩნდი; ყუთის გახსნას ჩემი მომავლისათვის, მგონი, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
საგულდაგულოდ ჩაკეტილი ცხრასაკეტიანი ყუთი თავად ზირამ გამომიწოდა და თან ისეთი მზერა გამოაყოლა, თითქოს მის გახსნაზე მთელი მისი სამეცნიერო კარიერა იყო დაფუძნებული. მე მთელ ჩემს სიმარჯვეს მოვუხმე და საკეტები ერთმანეთის მიყოლებით ფრთხილად გავხსენი. ესეც არ ვიკმარე, ყუთში ჩადებული ბანანი ამოვიღე და თავაზიანი ღიმილით გავუწოდე ზირას. შიმპანზემ ჩემი საჩუქარი სიხარულით მიიღო და მისთვის ჩვეული ალმური კვლავ აუელვარდა პირისახეზე. აწ უკვე დროისა და შანსის დაკარგვა არ შეიძლებოდა და მთელი ჩემი სიტყვიერი მარაგი მაიმუნთა ენისა უმალ ამოვაფრქვიე, თან იმ საგნებისაკენაც ვიშვერდი ხელს, რასაც მათი ენის ესა თუ ის სიტყვა აღნიშნავდა.
ასე მეგონა, ამის შემდეგ აღარავის დააეჭვებდა ჩემი ჭეშმარიტი ბუნებრივი მონაცემების არსებობა. ვაი, რომ მაშინ არ ვიცოდი, თუ რა ბრმა თვითდაჯერებით იყვნენ აღვსილნი ეს საძაგელი ორანგუტანები. მათს დრუნჩებზე ისევ ის სკეპტიკური ღიმილი გამოისახა, რამაც ლამის წონასწორობა დამაკარგვინა. მათ ზურგი აქციეს ზირას და კვლავ დაუსრულებელ დისკუსიაში ჩაეფლენ. მე რომ ვლაპარაკობდი, ისინი ისე მისმენდნენ, როგორც თუთიყუშს. ვგრძნობდი, რომ ორანგუტანები მთელ ჩემს მონაცემებს ინსტინქებს და ზედმეტად განვითარებულ მიმბაძველობას უკავშირებდნენ. როგორც ჩანს, ისინი იმავე დოქტრინას უჭერდნენ მხარს, რაც ერთმა დედამიწელმა მეცნიერმა, გ.ლ. მორგანმა, შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:
"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევაფასოთ ესა თუ ის ქმედება, როგორც უმაღლესი ფსიქიური უნარის გამოვლინება, თუ ამ ქმდების ახსნა შეიძლება ფსიქიურ უნართა გამოვლენის უფრო დაბალი ნიშნით".
ეს ორანგუტანები, ალბათ, რაღაც ამის მსგავსის შესახებ მსჯელობდნენ თავისი მეცნიერული ჟარგონებით, მე კი სიმწრისგან მხოლოდ კბილების კრაჭუნიღა დამრჩენოდა. შესაძლოა, მეტი ვეღარ მომეთმინა და ყვირილი დამეწყო, რომ არა ზირას გამამხნევებელი მზერა, რომელიც მაგრძნობინებდა, რომ იგი არ ეთანხმებოდა ორანგუტანებს და რცხვენოდა, რომ ისინი ამგვარი სისულელეებით ცდილობდნენ ჩემი ფენომენის ახსნას.
მალე ზაიუსის კოლეგა-მეცნიერმა თავისი კატეგორიული მოსაზრებანი ჩამოაყალიბა და თვითკმაყოფილი სახით წავიდა. ზაიუსმა კი ახალი ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო. მანამდე კი მთელი შენობა შემოიარა და თითოეული გალიის ტყვე საგულდაგულოდ შეისწავლა. დროდადრო იგი რაღაც მითითებებსაც იძლეოდა და ზირა ყველაფერს რვეულში იწერდა. მდედრი შიმპანზეს დრუნჩის ცვლილებეს თუ დავუჯერებდით, ყოველ ჩვენგანს რაღაც ახალი განსაცდელი ელოდა. მე ძალიან მალე მივუხვდი ზაიუსს ჩანაფიქრს და იმაშიც გავერკვიე, თუ რა მითითებებს იძლეოდა იგი ამა თუ იმ ქალის თუ კაცის შეფასებისას.
და არ შევმცდარვარ. ზირამ თავის შეფის მითითებები დარაჯ გორილებს გადასცა და მათაც ბრძანების შესრულება დაიწყეს. ჩვენ წყვილებად დაგვახარისხეს, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი რას გვიპირებდნენ მაიმუნები. კიდევ რა ადამინური გამოვლინების შესწავლა სურდათ ამ განსწავულ პრიმატებს?! თუმცა ამის პასუხიც მალე მოიძებნა, როცა გამახსენდა, რომ ნებისმიერი მეცნიერისათვის, ვინც ინსტინქტებსა და რეფლექსებს სწავლობს, სქესობრივი ინსტინქტის შესწავლა უპირველეს ინტერესს წარმოადგენს.
დიახ, საქმე სწორედ ამაში იყო! ამ საძაგელ მაიმუნებს სურდათ შეესწავლათ ჩვენი, მათ შორის ჩემიც, რაკიღა ადამიანთა ამ ჯოგში მეც ვერიე, დიახ, ჩემი სასიყვარულო ინსტინქტებიც, ანუ მამრის და მდედრის ურთიერთლტოლვა არაბუნებრივ პირობებში, ტყვეობაში.
მაიმუნების განზრახვა რომ გავიგე, საკუთარ თავს შევფიცე, რომ მიჯობდა მოვმკვდარიყავი, ვიდრე მათი საზიზღარი ექსპერიმენტის ობიექტი გავხდებოდი. მე ჯერ არასოდეს განმეცადა ამგვარი დამცირება! მართალია, ჩემი გადაწყვეტილება მტკიცე იყო, მაგრამ ხასიათი ოდნავ გამომიკეთდა, როცა დავინახე ქალი, რომელსაც მეცნიერი ორანგუტანი ჩემს მეწყვილეობას უპირებდა. ეს, რა თქმა უნდა, ნოვა იყო. ამგვარი არჩევანისათვის მე მზად ვიყავი ბებერი ყბედი ზაიუსისათვის მეპატიებინა კიდეც და არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, როცა ზორამმა და ზანამმა უხეშად მტაცეს ხელი და ჩანჩქერის ნიმფას გალიაში შემაგდეს.
მეჩვიდმეტე თავი
არ მინდა დაწვრილებით იმის მოყოლა, თუ რა ხდებოდა მეზობელ გალიებში მომდევნო დღეების განმავლობაში. როგორც ვვარაუდობდი, მაიმუნებს სურდათ ადამიანთა სექსუალური ქცევის ყველა მხარე დეტალურად შეესწავლათ და ამ საქმეს მათთვის დამახასიათებელი მეთოდურობით შეუდგნენ.
თავად მეც ვაწარმოებდი ერთხანს დაკვირვებას, მაგრამ მალე ყველაფერი მომბეზრდა, რადგან ახალი არაფერი აღმომიჩენია. არაფერი, თუ არ ჩავთვლით კაცის უცნაურ ქცევას, სანამ იგი ქალს მიუახლოვდებოდა. ეს რაღაც ცეკვას წააგავდა, რაც დედამიწაზე ზოგიერთი მამალი ფრინველის სატრფიალო რიტუალში შეინიშნება. კაცი ქალის გარშემო ნელინელ იარებოდა, ნაბიჯებს აცაბაცა ადგამდა და, თან თითქოს როკავსო, უახლოვდებოდა ქალს, რომელიც ამ წრის ცენტრში უძრავად იჯდა და მხოლოდ მზერას აყოლებდა კაცის სასიყვარულო თამაშს. ამგვარი რამ ბევრჯერ ვნახე და დასკვნად ის გამოვიტანე, რომ ყოველი წყვილი თითქმის იდენტურად ასრულებდა ერთსა და იმავე ქმედებებს, მცირეოდენი ვარიაციებით.
ჩემთვის კი ყველაზე შემაძრწუნებელი მაიმუნების ქცევა იყო, რომლებიც დიდი გულისყურით ადევნებდნენ თვალს ადამიანთა კონტაქტის ყველა წვრილმანს და სათანადო ჩანაწერებსაც აკეთებდნენ.
მაგრამ როცა ისინი მე მომიახლოვდნენ, საქმე სულ სხაგვარად წარიმართა. შენიშნეს რა, რომ მე არ ვაპირებდი სასიყვარულო ალერსის გაბმას, დარაჯმა გორილებმა ძალით მოისურვეს ჩემი ჩათრევა სიყვარულში. მათ წვეტიანი ჯოხები მოიმარჯვეს და მე, ულის მერუს, რომელიც ღვთის სახედ და ხატად ვიყავი შექმნილი, ცხოველივით მიბიძგებდნენ, რომ მდედრს მივახლოვებოდი. მე მთელი არსებით ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ არც გორილები ცხრებოდნენ თავის მხრივ და არავინ იცის, რას დამმართებდნენ, რომ არა ზირას გამოჩენა.
როცა დარაჯებმა მას ჩემი უცნაური ქცევის ამბავი მოახსენეს, ზირა ჩაფიქრდა. შემდეგ მოვიდა გალიასთან, შემომხედა თავისი ჭკვიანი თვალებით, თავზე ხელი გადამისვა და გამომელაპარაკა. მე მგონი, მისი სიტყვები დაახლოებით ამას ნიშნავდა:
- საბრალო სასაცილო კაცუნა! რა უცნაური ხარ?! განა ნორმალური კაცები ასე იქცევიან? შეხედა შენს მსგავს კაცებს; მოიქეცი ისე, როგორც ისინი და შენც მიიღებ რამე ტკბილეულს.
ამის თქმაზე ზირამ ჯიბიდან შაქრის ნატეხი ამოიღო და გამომიწოდა. ჩემს გაწბილებას კი საზღვარი არ ჰქონდა. ესე იგი, ზირაც ცხოველად მთვლის, უბრალოდ ცოტათი უფრო გონიერ ცხოველად, ვიდრე დანარჩენები არაინ. ბოღმისაგან აკანკალებულმა წყალობის მიღების უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და გალიის კუთხეში სიმწრით მივიყუჟე, ნოვა კი მიყურებდა და ვერც ვერაფერს გრძნობდა და არც არაფერი ესმოდა.
ალბათ, ყველაფერი ამით დასრულდებოდა, უცებ ის გადაღრძუებული ზაიუსი რომ არ გამოჩენილიყო. იმ დღეს ორანგუტანი თვითკმაყოფილებითა და ცინიზმით ზომაზე მეტად იყო აღვსილი. მან ექსპერიმენტების შედეგების გაცნობა ინება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემი ქცევით დაინტერესდა. ზირა იძულებული იყო ჩემი სიჯიუტის ფაქტი ეუწყებინა უფროსისთვის.
იმედგაცრუებულმა ორანგუტანმა ჩემს გალიასთან დაიწყო ბოლთის ცემა, მაგრამ მალევე გამოერკვა ფიქრებიდან და დარაჯებს კატეგორიული ტონით რაღაც უბრძანა. ზორამმა და ზანამმა გალია გააღეს და ნოვა წაიყვანეს ჩემგან. წყეულმა ზაიუსმა თავისი ბრიყვული პედანტიზმითა და მეცნიერული ზეპატიოსნებით ერთადერთ ახლობელ არსებასთან განმაშორა!
შეძრწუნებულმა დავინახე, თუ როგორ შეაგდეს ნოვა ჩემს მოპირდაპირე გალიაში, სადაც ერთი მხარბეჭიანი ახმახი იჯდა, რომელიც ნოვას დანახვაზე წამოხტა და ირგვლივ ტრიალი დაუწყო ჩემს მიერ უკვე აღწერილი სასიყვარულო თამაშის და რიტუალის წესების დაცვით.
როგორც კი იმ ახმახის განზრახვა გავიაზრე, მე ყველა ჩემი ფიცი და პირობა გადამავიწყდა, გონება დამიბნელდა და მეც იმ პლანეტის ადამიანებივით ყმუილი დავიწყე, დუჟმორეული ტუჩკბილით გალიის გისოსების გადაღრღნას და გარეთ გამოსვლას ვცდილობდი, მერე მთელი ძალით ვეხეთქებოდი კარს, რომ როგორმე გამომენგრია და... ერთი სიტყვით, ნამდვილი ცხოველივით ვიქცეოდი.
მაგრამ უფრო მოულოდნელი ამ ჩემი უეცარი აფეთქების შედეგი აღმოჩნდა. ჩემს გაშმაგებას რომ შეესწრო, ზაიუსმა გაიღიმა და, მგონი, პირველად იგრძნო კმაყოფილება ჩემი ქცევისა გამო. ბოლოსდაბოლოს მას ტიპიურად ადამიანური გრძნობები გადაეშალა თვალწინ. მისი თეორია სწორი აღმოჩნდა, ორანგუტანს საამო განწყობა დაეუფლა, ზირას დაეთანხმა კიდეც და თავისი განზრახვა ბოლომდე არ მიიყვანა. დარაჯმა გორილებმა ნოვა ჩემს გალიაში მანამდე დააბრუნეს, ვიდრე ახმახი სორორელი მას ხელს დააკარებდა. მაიმუნებმა უკან დაიხიეს, მაგრამ შორიდან მაინც ყურადღებით გვადევნებდნენ თვალს.
სხვა რა ვთქვა? მთელმა ამ მღელვარებამ მე საბოლოოდ დამთრგუნა. ისღა დამრჩენოდა, რომ ორანგუტანის სატანურ ნება-სურვილს დავყოლოდი; ის კი მოშორებით იდგა და გამარჯვებას ზეიმობდა. ასე და ამრიგად ნოვა გალიის ცენტრში მოვაქციე და პირველი გაუბედავი "საცეკვაო ილეთი" შევასრულე.
დიახ, მე - ბუნების მეფემ - სასიყვარულო როკვა დავიწყე ჩემი უმშვენირესი "საპატარძლოს" წინაშე. ამ მაიმუნების მთელი ხროვის თვალწინ, რომლებიც წამითაც არ გვაკლებდნენ ყურადღებას, ბეხრეკი ორანგუტანის მზერის თანხლებით, რომელიც მდივან ქალს კვლავაც რაღაცას კარნახობდა, გაყურსული მდედრი შიმპანზეს ცნობისმოყვარეობისა და დარაჯი გორილების ქირქილის ფონზე, მე ადამიანმა, ათასწლოვანი ცივილიზაციის მწვერვალმა, რომელიც ლაჩრულად იმართლებდა თავს, რომ ყოველივე ამაში უგზოუკვლო კოსმოსური ხეტიალია დამნაშავე, მამალი ფარშევანგივით აქოჩრილმა და აღგზნებულმა რამოდენიმეჯერ გარს შემოვუარე თვალსა და ხელს შუა უფრო გალამაზებულ ნოვას და... სასიყვარულო რიტუალი ბოლომდე მივიყვანე!
მეორე ნაწილი
პირველი თავი
უნდა გამოვტყდე, რომ გალიაში ცხოვრებას ძალზედ მალე და ადვილად მივეჩვიე კიდეც. მატერიალური თვალსაზრისით, კაცმა რომ თქვას, სამდურავი არ მეთქმოდა: დღისით მაიმუნები ჩემს ნებისმიერ კაპრიზს ასრულებდნენ, ღამღამობით კი სარეცელს სამყაროთაშორისი სივრცის ერთ-ერთ ულამაზეს ქმნილებასთან ვინაწილებდი. მე იმდენად შევეგუე ჩემს ყოფას, რომ ამგვარი არსებობის უაზრობასა და დამამცირებლობას ვეღარც კი ვგრძნობდი და თითქმის მთელი თვის განმავლობაში აღარაფერი მიცდია არსებული მდგომარეობის შესაცვლელად. ყველაზე დიდი, რის გაკეთებაც ამ ხნის განმავლობაში მოვახერხე, მაიმუნების ენის რამოდენიმე სხვა სიტყვის შესწავლა იყო. განვლილი დროის განმავლობაში აღარც კი მიცდია ზირასთან კონტაქტის დამყარება და თუ ადრე იგი ჩემში გონიერ არსებას ხედავდა, ახლა, როგორც ჩანს, დაეთანხმა ზაიუსს და ჩემში თავისი პლანეტის მსგავს ადამიანსღა აფიქსირებდა ანუ ისეთ ცხოველს, რომელიც მთლად უგნური არ იყო, მაგრამ ინტელექტის ნაკლებობას მაინც განიცდიდა.
იმ უპირატესობას, რაც მე სხვა ტყვეებთან შედარებით გამაჩნდა, მაინცადამაინც არ ვამჟღავნებდი, რათა დარაჯი გორილები არ დამეფრთხო, სამაგიეროდ უკვე გამომჟღავნებული უნარის წყალობით მთელი იმ კვლევითი ინსტიტუტის სიამაყედ და ძალზედ მნიშვნელოვან პერსონად ვიქეცი. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ ზემოთქმულის გაცნობიერება ერთგვარად მმატებდა პატივმოყვარეობას და ერთხანს ვამაყობდი კიდეც ჩემს მიმართ გამოვლენილი ზედმეტი მზრუნველობის გამო. ზორამი და ზანამიც მეგობრულად მეპყრობოდნენ, ისინი ყოველთვის კარგ გუნებაზე დგებოდნენ, როცა გავუღიმებდი, ვხარხარებდი ან მათს ენაზე რომელიმე სიტყვას ვეტყოდი ხოლმე. გასული დროის განმავლობაში ყველა კლასიკური ცდა ჩამიტარეს რა, ახლა სულ ახალ-ახალ და რთულ ექსპერიმენტებს იგონებდნენ და როცა მათს მიერ დასმული ამოცანების გადაწყვეტას იოლად ვახერხებდი, ყველა ერთად ვიცინოდით და გვიხაროდა ეს. მათ არც ტკბილეულის მოტანა ავიწყდებოდათ და მე ამ საშუალებით მაინც ვახერხებდი ჩემი გულისსწორის, ნოვასათვის, საჩუქრის შოვნას და მისი კეთილგანწყობის დამსახურებას. ჩვენ, მე და ნოვა, პრივილეგირებულ წყვილად ვითვლებოდით და ამგვარ ეიფორიაში ისიც კი მეგონა, რომ ნოვა თავისი კარგი მდგომარეობისა და კარგი კვების ამბავს ცხადად იაზრებდა და ყოველივე ამას ჩემს ნიჭიერებას უმადლოდა... ჰოდა, მქონდა კიდეც იმის საფუძველი, რომ სატრფოს წინაშე უკანასკნელი ფანფარონივით გავჯგიმულიყავი.
* * *
მაგრამ გავიდა რამოდენიმე კვირა და უცებ ვიგრძენი, რომ ეს ყველაფერი უკვე გულისრევას იწვევდა ჩემში. შესაძლოა, ამაში ნოვას თვალები იყო დამნაშავე, რომლებიც ერთ დილას განსაკუთრებით უაზროდ მეჩვენა, შესაძლოა, ეს იმ ნაწყალობევი შაქრის ნატეხის გამოც მოხდა, რომელიც ზირამ მომართვა... ის შაქარი უცებ მწარედ მეჩვენა და სირცხვილისაგან სახე ამეწვა იმის გაცნობიერებით, რომ მე ცხოველის ყოფას შევეგუე.
რას იფიქრებს ჩემს შესახებ პროფესორი ანტელი, რომელიც, შესაძლოა, გადარჩა და ერთ მშვენიერ დღეს გალიაში მიხილავს? ამის გაფიქრებაც კი აუტანელი შეიქნა ჩემთვის და იმ დღიდან გადავწყვიტე მოვქცეულიყავი ისე, როგორც ცივილიზირებულ ადამიანს შეეფერებოდა.
ერთხელ, მადლობის ნიშნად ზირას ხელზე ხელს რომ ვუთათუნებდი, ფრთხილად და შეუმჩნევლად მის ბლოკნოტსა და საწერ კალამს დავეუფლე. ზირამ საყვედური გამოთქვა ამის გამო, მაგრამ მე ყურადღება არ მიმიქცევია, თივაზე ჩამოვჯექი და ნოვას ხატვას შევუდექი. ერთდროს ხატვის ნიჭიც მქონდა, გარდა ამისა, ასეთ მოდელს ნებისმიერი უნიჭო მხატვრის შთაგონება შეეძლო და მეც საკმაოდ კარგი ჩანახატის შექმნა მოვახერხე, რომელიც შიმპანზეს გავუწოდე.
ზირას კვლავ გაუჩნდა ეჭვები ჩემი გონიერების მიმართ და მის სახეს ისევ ძველებურმა ალმურმა გადაჰკრა. შემდეგ პატარა დრუნჩიც გაუფითრდა და აკანკალებული მომაშტერდა. მისი მღელვარებით დრო ვიხელთე და მბრძანებლური იერით თითი ბლოკნოტისაკენ გავიშვირე; ამჯერად მან ბლოკნოტი საკუთარი ნებით მომცა. ვფიქრობდი და ვერაფრით ამეხსნა, თუ მანამდე რატომ არ მივმართე გონიერების გამოვლენის ასეთ მარტივ ხერხს?!
გეომეტრიის მთელი სასკოლო პროგრამის გახსენება დამჭირდა საიმისოდ, რათა პითაგორას თეორემის საილუსტრაციო ფიგურა დამეხაზა. ამგვარი არჩევანი არ იყო შემთხვევითი, ყმაწვილობისას რაღაც სამეცნიერო-ფანტასტიური ნაწარმოები მქონდა წაკითხული, სადაც ერთმა მეცნიერმა გეომეტრიული ფიგურების წყალობით მოახერხა უცხო სამყაროთა გონიერ არსებებთან კონტაქტის დამყარება. ბეთელჰეიზესკენ რომ მოვფრინავდით, ეს მეთოდი პროფესორ ანტელს გავუზიარე და მანაც დადებითი შეფასება მისცა მას. მახსოვდა, რომ ანტელმა ასეთი რამეც თქვა - ევკლიდეს გეომეტრია ნებისმიერი სამყაროსათვისააო მისაღები.
ასეა თუ ისე, ჩემმა ნახაზმა ზირა გააოგნა. მან ველურივით შეჰკივლა და სახე მთლად აუღაჟღაჟდა. ამის შემხედვარე ზორამი და ზანამი მისცვივდნენ ზირას, მაგრამ მდედრმა შიმპანზემ შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა და დარაჯები განიშორა. ახლა კი ზირა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უცნაურად მოიქცა: ქვეშ-ქვეშად გამოიხედა ჩემკენ და ჩემი ნახატები და ნახაზები საგულდაგულოდ დამალა უბეში. მან რაღაც უბრძანა გორილებს და ისინი შენობიდან გარეთ გაისტუმრა, შემდეგ მოვიდა ჩემს გალიასთან, ხელი ჩამომართვა და ვიგრძენი, რომ ეს ჟესტი სულ სხვა დამოკიდებულების გამოვლენა იყო იმასთან შედარებით, რაც ადრე ხდებოდა, როცა იგი ხელის ჩამორთმევას აღიქვამდა, როგორც სიმპათიური ცხოველის საოცარ საზრიანობას. ახლა უკვე თავად იგი მიწვდიდა ვედრების სახით ბლოკნოტსა და კალამს და მოუთმენლად ცდილობდა ჩემთან გონივრული კონტაქტის დამყარებას.
მე გულში პითაგორას მიმართ მადლობის სიტყვები აღვავლინე და კვლავ ხაზვას შევუდექი. ერთ გვერდზე დიდი გულმოდგინებით გამოვსახე სამი კონუსური ქმნილება შესაბამისი წვეროებითა და მიმართულებით - ელიფსი, პარაბოლა და ჰიპერბოლა; მეორე გვერდზე ნამდვილი კონუსი დავხაზე და შესაბამისი მითითებებით შევეცადე მიმენიშნებინა შიმპანზესათვის, რომ პირველ გვერდზე ნაჩვენები სამი ფიგურა კონუსთან უშუალო კავშირში იყო.
ზირამ ბლოკნოტი ხელიდან გამომტაცა და მეორე კონუსი დახაზა იმის ნიშნად, რომ ჩვენ იმწამს ერთგვარად ვაზროვნებდით. ამან ჩემშიაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, თვალთაგან ცრემლებიც კი გადმომცვივდა და მეტისმეტი მღელვარებისაგან სხვა ვეღარაფერი მოვიფიქრე და შიმპანზეს თათს მოყვარული მამრივით მოვეალერსე. სადღაც გალიის სიღრმიდან კი უცებ ნოვას მრისხანე კბილისღრჭენა მომესმა, იგი, ალბათ, ინტუიციით გრძნობდა, რაც ხდებოდა მის თვალწინ. აი, ასე და ამგვარად, გეომეტრიის წყალობით ჩემსა და ზირას შორის სულიერი სიახლოვე დამყარდა, უფრო მეტიც - მე რაღაც ფიზიკური სიამეც კი მომგვარა ამ სიახლოვემ და ვგრძნობდი, რომ მდედრი შიმპანზეც მსგავს განცდებს შუა იყო გახლართული.
უცებ მან გამომტაცა ხელიდან თავის პატარა თათი და სულმოუთქმელად გავარდა ჩვენი სექციიდან. არცთუ დიდი ხნით მიმატოვა ზირამ, მაგრამ მე ეს დრო მთელ საუკუნედ მეჩვენა, თავდახრილი ვიჯექი გალიის კუთხეში, თვალს ვერ ვუსწორებდი გაშმაგებულ ნოვას, რომლის წინაშეც რატომღაც თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და ეს ყველაფერი სიზმარი მეგონა.
ზირა რომ დაბრუნდა, დიდი სახატავი დაფა და მასზე დამაგრებული სუფთა ფურცელი მომიტანა. მცირე ხნის ყოყმანის შემდეგ ყველაფრის თქმა და გამჟღავნება დავაპირე.
ქაღალდის ერთ კუთხეში ბეთელჰეიზეს სისტემა გამოვსახე ისე, როგორც ჩვენ ის დავინახეთ ვარსკვლავთმფრენიდან: ცენტრში უზარმაზარი ბეთელჰეიზე და მის გარშემო მბრუნავი ოთხი პლანეტა დავხატე. განსაკუთრებული სიცხადით სწორედ სორორა გამოვსახე თავისი პატარა თანამგზავრით და მისი ადგილმდებარეობაც ზუსტად მივუთითე. შემდეგ თითი რამოდენიმეჯერ დავადე სორორას და თან ზირას ვუყურებდი, რომელმაც მანიშნა, რომ ყველაფერი მშვენივრად ესმის.
შემდეგ ქაღალდის მეორე კუთხეში ჩვენი მშვენიერი მზის სისტემა მოვხაზე თავისი ძირითადი პლანეტებით რომელთა შორის დედამიწა საგანგებო მინიშნებით აღვჭურვე და მასზე თითის დადებით მეორე ხელი მკერდზე მივიდე.
ამჯერად ზირა დაეჭვდა. დედამიწაზე მანაც მიმითითა და შემდეგ კითხვის ნიშნად ხელი ცისკენ აიშვირა. მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. შიმპანზე აშკარად გაოგნების ზღვარზე მივიდა და თავს ძალას ატანდა, რომ ეს ფაქტი გაეაზრებინა. იმისათვის, რომ ამ გააზრების პროცესი გამეადვილებინა, მე დედამიწა და სორორა წყვეტილი ხაზით შევაერთე და ამ ხაზზე შესაბამისი მასშტაბით ჩვენი ვარსკვლავთმფრენი დავხატე.
ეს ზირასათვის იგივე იყო, რაც სინათლე გვირაბის ბოლოს!
მომენტალუარდ ყველა ეჭვი გაიფანტა: ახლა მან იცოდა, ვინ ვიყავი და საიდანაც მოვხვდი აქ. ზირა მომიახლოვდა, მაგრამ უცებ დერეფნის ბოლოში ზაიუსი გამოჩნდა. მისმა გამოჩენამ ზირას შიში მოჰგვარა და მას თვალები დაუვიწროვდა; მან უმალ დაკეცა ქაღალდი, ბლოკნოტთან ერთად უბეში ჩაიდო და ვიდრე ორანგუტანი მოგვიახლოვდებოდა, ტუჩებთან თითის მიტანით მანიშნა, აღარაფერი გაამხილოო. მივხვდი, რომ მირჩევდა ზაიუსისათვის არაფერი მეგრძნობინებანა და მეც დავყევი მის ნებას, თუმცა-კი კარგად არ მესმოდა, თუ რა საჭირო იყო ეს გასაიდუმლოება. ის კი კარგად მესმოდა, რომ დღეის შემდეგ ზირა ჩემი მეკავშირე იყო და ორანგუტანს კვლავ ჭკვიან ცხოველად მოვაჩვენე თავი.
მეორე ნაწილი
მეორე თავი
ამ დღის შემდეგ ზირას წყალობითა და დახმარებით დიდ წარმატებებს მივაღწიე მაიმუნთა ენისა და მათი კულტურის შესწავლაში. ახალი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ექსპერიმენტების ჩატარების მომიზეზებით ზირა თითქმის ყოველდღე ახერხებდა ჩემთან განმარტოებას და საათობით მაიმუნთა ენის გაკვეთილების ჩატარებას, თავის მხრივ კი ისიც საოცარი სიმსუბუქით ითვისებდა ჩემგან ფრანგულ ენას. დაახლოებით ორი თვის შემდეგ ჩვენ უკვე თავისუფლად შეგვეძლო საუბარი ნებისმიერ სასურველ თემაზე. ნელინელ ჩემს თვალწინ სორორას მთელი სულიერი სამყარო, მისი უცნაური ცივილიზაციის ყველა ამბავი გადაიშალა, რის აღწერასაც შევეცდები თუნდაც ზოგად ჩარჩოებში.
* * *
როგორც კი შევძელი ზირასთან სამეტყველო კონტაქტის სათანადო დონეზე დამყარება, მაშინვე ვკითხე ის, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მაწუხებდა და რაც ჩემთვის უმთავრესი პრობლემა იყო:
- ნუთუ მაიმუნები ამ პლანეტის ერთადერთი გონიერი არსებანი არიან?
- მაშ როგორ?! - გაოცდა ზირა - რა თქმა უნდა, მაიმუნი ერთადერთი გონიერი არსებაა, რომელსაც არა მარტო გონი, არამედ სულიც აქვს. ჩვენი პლანეტის თვით ყველაზე თავგამოდებული მატერიალისტებიც კი აღიარებენ მაიმუნების სულის ღვთიურ განჩინებას.
ყოველი ამგვარი განმარტების შემდეგ გადახარხარება მინდოდა, თუმცა-კი დრო იყო მივჩვეოდი საკითხის ასეთ გაშუქებას.
- მაშ, ადამიანები?! ვინ არიან ისინი, ზირა?
მე უკვე ვთქვი, რომ ზირა უფრო ადვილად დაეუფლა ჩემს ენას, ვიდრე მე მაიმუნისას, ამიტომ პირველ ხანებში ჩვენ მხოლოდ ფრანგულად ვსაუბრობდით და თავიდანვე ინტუიტიურად "შენობით" ვარჩიეთ ლაპარაკი. დასაწყისში ჩვენთვის ძნელი იყო იმასთან შეჩვევა, რომ სიტყვებს - "ადამიანი" და "მაიმუნი" - ჩვენთვის სრულიად განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა, რადგან სორორაზე ეს ორი ცნება აბსოლუტურად დიამეტრალური ელფერით იყო მოსილი, ვიდრე ჩვენთან, დედამიწაზე, მაგრამ მალე ამაშიაც გავერკვიეთ. ყოველთვის, როცა იგი ამბობდა - "მაიმუნიო", მე ვიაზრებდი - უმაღლესი არსება, ევოლუციის მწვერვალი. ხოლო როცა ადამიანებს ახსენებდა, ვიცოდი, რომ იგი ცხოველებს გულისხმობდა, რომლებსაც მიმბაძველობითი უნარი საოცრად ჰქონდათ განვითარებული და მაიმუნებთან ერთვარი ანატომიური მსგავსებით ხასიათდებოდნენ.
- უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში - მიხსნიდა ზირა - ჩვენ საოცარ წარმატებას მივაღწიეთ სახეობათა შესწავლის საქმეში. ადრე ითვლებოდა, რომ სახეობები არ იცვლებიან, რომ ყოველი მათგანი იყო და დარჩება ისეთად, როგორებადაც ისინი ყოვლადძლიერმა შემოქმედმა შექმნა. მაგრამ ბევრი დიდი მეცნიერის მცდელობით, რომელთაგან ყველა შიმპანზე იყო, ჩვენ იძულებულნი გავხდით ეს საკითხი სხვაგვარად გაგვეაზრებინა. ახლა ჩვენ ვიცით, რომ სახეობები ევოლუციას განიცდიან და, შესაძლოა, მახლობელ სახეობებს ერთი საერთო წინაპარიც ჰყავდათ.
- ესე იგი მაიმუნი ადამიანისგან წარმოიშვა?
- ზოგი მეცნიერი ასე ფიქრობს, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა. მაიმუნი და ადამიანი ევოლუციის ერთ გარკვეულ ეტაპზე დაშორდა ერთმანეთს, რომელთაგან ერთი განვითარდა და გონიერების მწვერვალებს მიაღწია, მეორე კი ცხოველურ დონეზე დარჩა. თუმცა ზოგიერთი ორანგუტანი ახლაც უარყოფს ამ ჭეშმარიტებას:
- ზირა, შენ თქვი - ბევრი დიდი მეცნიერი... ყველა მათგანი შიმპანზე იყოო...
მე ვცდილობ ჩვენი საუბრების ყველაზე საინტერესო საკითხები გავიხსენო, რომელთა ახსნა-განმარტებასაც ზირა საკმაო ხანს ანდომებდა.
- თითქმის ყველა დიდი აღმოჩენა განხორციელდა ჩვენი, შიმპანზეების მიერ - აღფრთოვანებით მიხსნიდა ზირა.
- სულ რამდენგვარი მაიმუნი არსებობს?
- არსებობს სამი განსხვავებული რასა - მათი გარჩევა უკვე შენც შეგიძლია, რადგან თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებული ნიშან-თვისება აქვს, ესენია: გორილები, ორანგუტანები და შიმპანზეები. ამჟამად ჩვენს შორის ყველა რასობრივი ბარიერი მოსპობილია და ჩვენი ურთიერთსიძულვილი წარსულს ჩაბარდა და ესეც შიმპანზეების წყალობით მოხდა. დღეს ყველა რასა, პრინციპში, თანაბარი უფლებებით სარგებლობს.
- მაგრამ ყველა დიდი აღმოჩენა ხომ შიმპანზეებს ეკუთვნით? - მე მაინც ვცდილობდი ზირას გამოწვევას.
- დიახ, ასეა.
- გორილები ვინღა არიან?
- მუქთამჭამელები... სხვა არაფერი! - თქვა ზირამ ზიზღით - ოდესღაც ისინი პატარ-პატარა ფეოდალები იყვნენ და ბევრ მათგანს შემორჩა სურვილი სხვებზე ბატონობისა. მათი მთავარი საქმე ნადირობა და ბუნებაში ხეტიალია, მათ შორის უღარიბესნი კი მძიმე ფიზიკური შრომით ირჩენენ თავს.
- ორანგუტანებზე რაღას იტყვი?
ზირამ ყურადღებით შემომხედა და მერე გადაიხარხარა.
- ორანგუტანები ოფიციალური მეცნიერების ქურუმები არიან. შენ ამაში უკვე დარწმუნდი და ვაი, რომ კიდევ არაერთხელ დარწმუნდები. მათ იციან ყველაფერი, რის ამოკითხვაც წიგნში შეიძლება, ყოველ მათგანს ჩინ-მედლებით აქვს მკერდი მოჭედილი, ზოგიერთი მათგანი უთვალსაჩინოეს მოღვაწედაც ითვლება ამა თუ იმ სფეროში, სადაც საგანგებო მეხსიერებაა საჭირო... სხვა დანარჩენად კი...
ზირამ ზიზღით ჩაიქნია ხელი. აღარც მე დამიტანებია ძალა, რადგან მჯეროდა, რომ ამ საკითხს კვლავაც არაერთხელ განვიხილავდით. მანამდე კი უფრო ზოგად საკითხებს მივუბრუნდი. ჩემი თხოვნით ზირამ მაიმუნების გენეალოგიური ხე დამიხატა ისე, როგორც ეს მათი მოწინავე მეცნიერების მიერ იყო გააზრებული. ეს ყოველივე ძალზედ მსგავსი აღმოჩნდა სახეობათა ევოლუციის ჩვენეული წარმოდგენებისა. იმ საერთო ღეროდან, რომლის ძირი გაურკვევლობაში იყო ჩანთქმული, თანდათანობით ვითარდებოდა განშტოებები: მცენარეები და ერთუჯრედიანი ორგანიზმები; უფრო ზემოთ განლაგებულნი იყვნენ თევზები, ქვეწარმავლები და ბოლოს - ძუძუმწოვრები. შემდეგ მოდიოდა კლასი, რომელიც ჩვენს ადამიანისებრთა ოჯახს შეესაბამება. სწორედ აქედან გადიოდა ახალი განშტოება - ადამიანისა, მაგრამ ეს შტო მოკლე და გვერდულა იყო; მთავრი ღერო კი მიდიოდა ზემოთ და მრავალ ისეთ პრეისტორიულ მაიმუნად იშლებოდა, რომელთა სახელებს მე ახლაც ძნელად წარმოვთქვამ. ღეროს გვირგვინში იყო სიმიე საპიენს სამი განსხვავებული ევოლუციით, ანუ შიმპანზეს, გორილას და ორანგუტანის რასით და ყველაფერი ეს ძალზედ ლოგიკურად გამოიყურებოდა.
– მაიმუნის ტვინი - მიხსნიდა ზირა - ვითარდებოდა, რთულდებოდა და ბოლოს აზროვნების ორგანოდ იქცა მაშინ, როცა ადამიანის ტვინმა არავითარი ევოლუცია არ განიცადა.
- რატომ მაინცადამანიც მაიმუნის ტვინი? - ვიკითხე მე.
- რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი როლი მეტყველებამ შეასრულა. და მაინც რატომ ამეტყველდნენ მაიმუნები და არა ადამიანები? ამ საკითხში მეცნიერთა აზრი იყოფა. ერთნი ამაში უზენაესი შემოქმედის იდუმალებას ხედავენ, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ მაიმუნების ტვინმა ევოლუცია ოთხი მოქმედი კიდურის წყალობით განიცადა. ადამიანი თავისი ორი ხელითა და მოკლე თითებით - განგრძობდა ზირა - თავიდანვე წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა; მას არ შეეძლო პროგრესირება, რადგან არ შეეძლო სწორი აზრი ჰქონოდა მის ირგვლივ არსებული გარემოს შესახებ. ამავე მიზეზის გამო, ადამიანები ვერასოდეს ახერხებდნენ დანიშნულებისამებრ მოეხმარათ ესა თუ ის იარაღი... თუმცა, შესაძლოა, ოდესღაც ისინიც დგამდნენ გაუბედავ ნაბიჯებს იარაღების ათვისებაში... ოდესღაც, ისტორიის გარიჟრაჟზე... სხვათა შორის, ახლახან საინტერესო საგნები იქნა აღმოჩენილი და ახლა გაცხარებული კვლევა მიდის ამასთან დაკავშირებით. თუ ეს ყოველივე გაინტერსებს, მე კორნელიუსს გაგაცნობ. იგი ამ საკითხებში ჩემზე უკეთ ერკვევა და თქვენ შეძლებთ საერთო ენის გამონახვას.
- კორნელიუსს? ვინ არის კორნელიუსი?
- ჩემი საქმრო - მორცხვად ჩაილაპარაკა ზირამ - იგი ნამდვილი, დიდი მეცნიერია.
- შიმპანზეა?
- რა თქმა უნდა!... შიმპანზეა!... - და ზირამ კვლავ განაგრძო - ...მე თავადაც დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენმა ოთხხელობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს ცივილიზაციაში. ამან ჩვენ საშუალება მოგვცა ხეზე ავსულიყავით და გარემოს სამი განზომილება გაგვეცნობიერებინა მაშინ, როცა მიწაზე მიჯაჭვული ადამიანი, თავისი არასრულყოფილი ფიზიკური აგებულებისა გამო, ერთ სიბრტყეზე განაგრძობდა თავის უბადრუკ არსებობას. მალე სხვადასხვა იარაღის ათვისებაც შევძელით და ესეც ჩვენი ოთხი ხელის გამოისობით მოხდა... ასე დაიწყო პროგრესი, რომლის შედეგადაც მაიმუნებმა განვითარების უმაღლეს საფეხურებს მიაღწიეს.
* * *
დედამიწაზე ხშირად მსმენია, თუ როგორ ცდილობენ მეცნიერები ადამიანის უპირატესობათა ახსნას და საამისოდ სრულიად საპირისპირო არგუმენტები მოჰყავთ, თუმცა, როცა საკითხს ღრმად ჩავუკვირდი, მივხვდი, რომ ზირას არგუმენტებიც ისეთივე ლოგიკური იყო, როგორებადაც დედამიწელ მეცნიერთა მტკიცებულებანი მეჩვენებოდა.
ამგვარი საუბრების გაგრძელება უსასრულოდ შემეძლო, რადგან გონებაში უამრავი სხვა კითხვა მიტრიალებდა, მაგრამ ყოველთვის ვწყვეტდით ჩვენს პოლემიკას, როგორც კი ზორამი და ზანამი საღამოს საკვებს მოიტანდნენ ხოლმე. ასეთ დროს ზირა ჩურჩულით მისურვებდა ხოლმე მშვიდობიან ღამეს და მიდიოდა.
ასე ვრჩებოდი საღამოობით გალიაში ნოვასთან მარტო. ჩვენ საკვებს ვიღებდით, გორილები შუქს აქრობდნენ და გადიოდნენ, შენობაში მხოლოდ ერთი ნათურა ენთო, რომელიც საკუთარ თავსაც ძლივს ანათებდა. მე ვუყურებდი ნოვას და ვფიქრობდი ყველაფერ იმაზე, რაც ზირასაგან შევიტყე. ნოვას, რა თქმა უნდა, სძულდა ზირა და ჩემი საუბრები ამ მდედრ შიმპანზესთან ყოველთვის მისი გაცოფების მიზეზი ხდებოდა. პირველხანებში ნოვა ჩვენი საუბრის შეწყვეტასაც ცდილობდა და თავისებურად ახერხებდა უკმაყოფილების გამოხატვას - შუაში გვიდგებოდა, გალიაში წინ და უკან ხტოდა, შიმპანზეს თივას აყრიდა თავზე და ასე შემდეგ; ასეთ შემთხვევებში მის დასაწყნარებლად ბევრჯერ ძალის გამოყენებაც დამჭირდა და თითოროლა გამეტებული წკიპურტის შემდეგ ნოვა კუთხეში მიყუჟვას ინებებდა ხოლმე. ჩემი ამგვარი საქციელის გამო თავიდან სინდისი ქენჯნას ვგრძნობდი, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ ნოვას არსებაში ჩემი ძალადობა არანაირ წყენას არ იწვევდა და მეც პატარა გოშიასავით ვსჯიდი ხოლმე მას.
მესამე თავი
ამ დღეს მე მთელი არსებით ველოდი. ზირა, როგორც იქნა, დაჰყვა ჩემს თხოვნას და დამთანხმდა, უმაღლესი ფიზიოლოგიის ინსტიტუტიდან (ასე ერქვა იმ დაწესებულებას) ქალაქში სასეირნოდ გავეყვანე.
მან ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მიიღო. მიუხედავად ჩვენი ხანგრძლივი კონტაქტისა, მას მაინც დასჭირდა იმაში საბოლოო დარწმუნება, რომ ნამდვილად გონიერი არსება ვარ და ქალაქში გამვლელ-გამომვლელს არაფერს დავუშავებდი. სანამ იგი ჩემთან საუბრობდა, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ რაწამს მშორდებოდა, მას კვლავ ეჭვები უღრღნიდნენ გულს და ეს ჩემთვის სრულიად გასაგები იყო. აბა, წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილზე! ჩემმა საუბრებმა დედამიწელი ადამიანების და განსაკუთრებით დედამიწელი მაიმუნების შესახებ ზირა სულის სიღრმემდე შეაძრწუნეს და სხვაგვარად არც შეიძლებოდა მომხდარიყო. მოგვიანებით იგი გამომიტყდა, რომ დიდხანს იყო იმ აზრზე, რომ ერჩია ჩემი მონათხრობი შარლატანობა ან ჯადოქრობა ყოფილიყო, ვიდრე რეალური ფაქტები. ასეა თუ ისე, იგი იძულებული გახდა ჩემი საფუძვლიანი მტკიცებულებების მოხმობის შემდეგ ამ ფაქტების სიმართლეში დარწმუნებულიყო. ბოლოსდაბოლოს ზირა აბსოლუტურად მომენდო და მალე ჩემი გათავისუფლების გეგმის შედგენასაც შეუდგა, რაც, როგორც იმ დღეს განმიმარტა, არცთუ ადვილი საქმე იყო მის გარემოცვაში. სრულ გათავისუფლებამდე კი ჩვენ ქალაქში გასეირნება დავგეგმეთ და საამისოდ ზირა ნაშუადღევს გამოცხადდა ჩემთან.
იმის გაფიქრებაც კი, რომ თავსზემოთ კვლავ ვიხილავდი ლაჟვარდოვან ცას სხეულში სისხლს მიჩქეფებდა, მაგრამ ეს აღფრთოვანება გარკვეულად დამიცხრა, როცა დავინახე, რომ ზირა ჩემს გაყვანას ქალაქში ჯაჭვზეგამობმულს აპირებდა. გორილებმა გალიიდან გამომათრიეს, ნოვას ცხვირწინ მიუჯახუნეს კარი და კისერზე ტყავის საბელი წამომაცვეს, რომელზედაც მსხვილი, გრძელი ჯაჭვი იყო გამობმული. ზირა დასწვდა ჯაჭვის ერთ ბოლოს და ჩვენ გასასვლელისაკენ გავემართეთ; ამ მსვლელობას კი ნოვას გამყინავი კივილი გასდევდა აკომპანემენტად. ერთი კი მოვიხედე უკან და ნოვას ვანიშნე დამშვიდებულიყო, მაგრამ ამან თავის მხრივ მდედრი შიმპანზე გაანაწყენა, მან მძლავრად მოქაჩა ჯაჭვს და გასასვლელისაკენ წამათრია...
საოცარია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ზირა დარწმუნდა, რომ მე მაიმუნის მსგავსი გონიერების მქონე არსება ვიყავი, მას სულ უფრო მეტად აღიზიანებდა და შოკში აგდებდა ჩემი ნაზი დამოკიდებულება სორორელი ლამაზმანი ნოვას მიმართ.
ზირას ცუდი ხასიათი გამოუკეთდა, როცა ჩვენ ნახევრად ჩაბნელებულ, ცარიელ ტალანში მარტონი დავრჩით.
- ალბათ, დედამიწელი ადამიანები არა არიან ჩვეულნი იმას, რომ ასე, ჯაჭვზე გამობმულები ასეირნონ ისინი მაიმუნებმა? - მკითხა მან სიცილით.
მე დავარწმუნე იგი, რომ ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო. ზირამ ბოდიში მომიხადა და განმიმარტა, რომ ზოგიერთ სორორელ ადამიანს მას შემდეგ, რაც მოიშინაურებენ, დაბმულებს დაატარებენ ხოლმე ქუჩებში და არც რაიმე ჯარიმის ან უსიამოვნების ეშინიათ. ასე რომ, არც ჩვენ უნდა დაგვერღვია ეს წესი, თუმცა იმასაც დამპირდა, რომ, როცა ჩემს გონიერებაში საბოლოოდ დარწმუნდება, შესაძლოა, ჯაჭვის გარეშეც გავსულიყავი ქუჩაში.
მერე, როგორც ჩანს, დაავიწყდა, ვინ ვიყავი სინამდვილეში და ასეთი რჩევა-დარიგებანი მომცა:
- ქუჩაში რომ გავალთ, გამვლელებს კბილები არ დაუკრაჭუნო და დასაფხაჭნად არ გაიწიო მათკენ... თუ ვინმე ბავშვმა ხელის შევლება დაგიპირა, მორჩილად დასჯერდი ამას... მე შენ პირი არ აგიკარი, რადგან....
(მსგავსი დამცირება ჩემს ცხოვრებაში არ განმიცდია!)
...უცებ ზირა შეჩერდა და გადაიხარხარა:
- ო, მაპატიე! - შეიცხადა მან - სულ მავიწყდება, რომ შენ მაიმუნივით ჭკვიანი და გონიერი ხარ.
მან მეგობრულად მომითათუნა მხარზე ხელი და ამით მობოდიშების ცერემონია დაასრულა. მისმა სიცილმა და კეთილგანწყობამ ჩემშიც ჩაახშო მრისხანების ტალღა, რადგან ძალზედ მიყვარდა ზირას სიცილის ყურისგდება. უცებ კვლავ ნოვა გამახსენდა, რომელიც ვერაფრით ახერხებდა ჩვეულებრივი, ადამიანური სიხარულის სათანადოდ გამოხატვას, და მძიმედ ამოვიოხრე. წამიერად მეც გადმომედო შიმპანზეს მხიარული განწყობა. ჩაბნელებულ ტალანში ზირას თითქმის არ მოუჩანდა პირი-სახე, მე მხოლოდ მის ლამაზ, ამ გასეირნებისათვის საგანგებოდ შეკერილ კაბას და თავზე წამოცმულ პატარა ქუდს ვხედავდი, რომელიც მთლიანად ფარავდა მის მაიმუნურ ყურებს. რაღაც მომენტში გადამავიწყდა კიდეც, რომ ეს ადამიანი არ იყო და მას ხელი მოვხვიე. ეს საქციელი, მგონი, მასაც მოეწონა, რაკიღა წინააღმდეგობა არ გაუწევია. ასე ჩახვეულებმა ვიარეთ დერეფნის ბოლომდე, სადაც პატარა სარკმელი იყო დატანებული; ამ სარკმელს რომ გავუსწორდით, ზირამ ჩემი ხელიდან თავი გაითავისუფლა და განზე გადგა.
- არ შეგშვენის ასეთი საქციელი - სევდიანად მითხრა მან - ჯერ ერთი - მე დანიშნული ვარ...
- დანიშნული?! მერე რა...
ჩემი ამგვარი რეპლიკის უაზრობა წამიერად ორივემ გავიაზრეთ და შესაბამისად გამოვხატეთ უხერხულობა: მე დამნაშავესავით დავხარე თავი, ზირას კი პატარა დრუნჩი მთლად აუელვარდა.
- უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ არავინ უნდა იცოდეს, თუ ვინ ხარ შენ სინამდვილეში. გარწმუნებ, ეს შენსავე ინტერესებშია!
მე მორჩლად ამოვიოხრე და მის მიერ მოქაჩულ ჯაჭვს ავედევნე. მალე შენობიდან გავედით, ინსტიტუტის კარისკაცმა, მუნდირში გამოწყობილმა ახმახმა გორილამ, მოკრძალებული თავდახრით გააცილა შიმპანზე, მე კი ირონიული მზერით ჩამათვალიერა.
ქუჩაში რომ გავედი, ლამის წონასწორობა დავკარგე. სამი თვის განმავლობაში გალიაში ჯდომის შემდეგ ქუჩის ხმაურმა და ბეთელჰეიზეს სიკაშკაშემ თავბრუ დამხვია. მთელი მკერდით ვსუნთქავდი საამო თბილ ჰაერს და თან, საკუთარი სიშიშივლის გამო, სირცხვილს განვიცდიდი. მე ჩემს შიშიშვლეს შეგუებული ვიყავი, მაგრამ აქ, ქუჩაში, ასობით გამვლელი მაიმუნის თვალწინ, რომლებიც თავით ფეხამდე მათვალიერებდნენ, ძალზედ უხერხული და უამური გრძნობები დამეუფლა. ზირამ კატეგორიული უარი განმიცხადა სამოსის მოცემაზე, რადგან ეს ეჭვს გამოიწვევდა მის თანამოქალაქეებში და იგი, რა თქმა უნდა, მართალი იყო. გამვლელები იმიტომ კი არ მიმზერდნენ, რომ მე შიშველი ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ ადამაიანი გახლდით და არც ეს იყო გასაკვირი; აბა, წარმოიდგინეთ საფრანგეთის რომელიმე ქალაქში ჯაჭვზე გამობმული შიმპანზეს გამოყვანა! - ასეთივე შთაბეჭდილებას ვახდენდი მეც. უფროსები ღიმილით გვიქცევდნენ მხარს, მაიმუნის ბავშვები კი ამ უფასო სეირმა გაახალისეს და მათი მთელი ჯგრო აგვედევნა კვალში.
როგორც იქნა მივაღწიეთ ავტოსადგომამდე, სადაც ზირას მანქანა გველოდებოდა. შიმპანზემ მე უკანა სავრძელზე დამსვა, თავად კი საჭეს მიუჯდა და ჩვენ ნელი სვლით გავუყევით ქალაქის ქუჩებს.
* * *
ეს ქალაქი, რომელიც იმ დიდი რეგიონის ცენტრად ითვლებოდა, მე თვალის ერთი შევლებით გალიიდანაც შევათვალიერე და უკვე აღარ მიკვირდა, რომ ირგვლივ მხოლოდ მაიმუნ-მძღოლებს, მაიმუნ-ვაჭრებს, მაიმუნ-საქმოსნებს თუ წესრიგის დამცველ მუნდირიან მაიმუნებს ვხედავდი. რომ არა ეს მაიმუნური პანორამა, ქალაქი თავისთავად სხვა არაფრით გამოირჩეოდა. სახლები ჩვენი სახლებივით იყო ჩამწკრივებული, ქუჩაშიაც ჩვენებურად ეყარა ნაგავი, არც ავტომობილები იყო რაიმე განსაკუთრებული ნიშნით აღჭურვილი; ერთადერთი, რამაც გამაოცა, მაიმუნების მიერ ქუჩის გადაკვეთა იყო. ჩვენებური გადასასვლელების ნაცვლად, აქ თითქმის მთელი ქუჩის გაყოლებაზე ბაგირები იყო გაბმული, რომლებზედაც მაიმუნები ოთხივე თათით ეკიდებოდნენ და ასე გადადიოდნენ ქუჩის მეორე მხარეს.
მცირე ხანს ქალაქის ქუჩებში ვიტრიალეთ, რათა მე წარმოდგენა შემქმნოდა არსებულ გარემოზე და მალე რკინის მესერთან გავჩერდით, რომლის მიღმა ყვავილებით მოფენილი მდელოები მოჩანდა.
- ეს ჩვენი პარკია, - განმიმარტა ზირამ - სადაც მე და შენ გავისეირნებთ; მე მინდოდა შენთვის ჩვენი მუზეუმებიც მეჩვენებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჯერ შეუძლებელია.
მადლიერების გრძნობით დავუქნიე შიმპანზეს თავი და ვუთხარი, რომ სიხარულით გავისეირნებდი იქ.
- და კიდევ - დაამატა ზირამ - ამ პარკში არავინ შეგვაწუხებს და ჩვენ შევძლებთ სერიოზულად მოვილაპარაკოთ.
მეორე ნაწილი
მეოთხე თავი
- შენ ვერც-კი წარმოიდგენ, რა ხიფათი გელის ჩვენს საზოგადოებაში - დაიწყო ზირამ სერიოზული საუბარი.
- ზოგი რამ უკვე ვნახე და განვიცადე, მაგრამ, მე მგონი, ახლა, როცა შემიძლია მათს ენაზე ვიმეტყველო და სათანადო არგუმენტებიც წარმოვადგინო, აქ ჩემში უეჭელად შეიცნობენ გონიერ არსებას!
- აი, ამაში კი ნამდვილად ცდები... მისმინე ყურადღებით...
ჩვენ გავუყევით გაუკაცრიელებულ ხეივანს, სადაც დროდარო გამოჩნდებოდნენ ხოლმე ერთმანეთში ჩაწნულ-ჩაგრეხილი შეყვარებული მაიმუნების წყვილები, რომლებიც მე არანაირ ყურადღებას არ მაქცევდნენ, მე კი მათ ყურადღებით ვათვალიერებდი, რათა სორორელი მაიმუნების ცხოვრების ყველა დეტალი შემესწავლა.
შეყვარებულები ნელა მიირწეოდნენ პარკის ბილიკებზე და გრძელი ხელები ისე ჰქონდათ ერთმანეთის სხეულებში ჩახლართული, რომ ძნელად განარჩევდი, თუ რომელი რომელს ეკუთვნოდა. რაწამს ჩათვლიდნენ, რომ ვერავინ ხედავდა მათ, მაშინვე ბაგეებით იწევდნენ ერთმანეთისკენ, ზოგი მათგანი კი ხეების დაბლა დაშვებულ ტოტებსაც ეჭიდებოდნენ, გარკვეული მიზნით მაღლა აცოცებას იწყებდნენ და ფოთლებს შორის უჩინარდებოდნენ.
- მისმინე - განაგრძო ზირამ - თქვენი კოსმოსური კატარღა, უფრო სწორად მისი ნარჩენები უკვე აღმოჩენილია. სპეციალისტებმა აღიარეს, რომ ამგვარი კატარღის აგება სორორაზე არ მოხდებოდა.
- თქვენ თუ გაქვთ ამგვარი საფრენი აპარატები?
- გვაქვს, მაგრამ ასეთი სრულყოფილები არა. თუ შენს მონათხრობს დავუჯერებთ, კოსმოსის ათვისებაში ჩვენ ჯერ ჩამოგრჩებით თქვენ, თუმცა ჩვენ უკვე გავუშვით რამდენიმე ხელოვნური თანამგზავრი, ერთ მათგანში კი ადამიანიც ჩავსვით, რომლის უკან დაბრუნება ვეღარ შევძელით და მისი აფეთქება მოგვიხდა.
- გასაგებია - ვუთხარი დაფიქრებულმა - ესე იგი თქვენც იყენებთ უგნურ არსებებს ანუ თქვენს ადამიანებს ამგვარი ექსპერიმენტებისათვის...
- ასე გამოდის... ერთი სიტყვით, თქვენი კატარღა აღმოაჩინეს.
- ის თუ იცით, ჩვენი კოსმოსური ხომალდი უკვე მეოთხე თვეა თქვენი პლანეტის გარშემო რომ დაფრინავს?
- ამის შესახებ ჯერ არაფერი მსმენია. როგორც ჩანს, ჩვენს ასტრონომებს ჯერ არაფერი შეუმჩნევიათ... და ყოველ წამს ნუ მაწყვეტინებ სიტყვას! მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ შენი კატარღა ჩვენი სისტემის სხვა პლანეტიდან მოფრინდა და რომ მასში მგზავრებიც ისხდნენ. ამის გარდა, მათთვის არაფერია ცნობილი; მათ აზრადაც არ მოსდით, რომ კატარღის მგზავრები შეიძლება ადამიანები იყვნენ.
- ჰოდა, ვუთხრათ! - წამოვიძახე - მომბეზრდა ეს ტყვეობა! აღარ შემიძლია გალიაში ჯდომა... რატომ მმალავ? რატომ არ გინდა ყველას უთხრა ჩემი საიდუმლო?!
ზირა შეჩერდა, მიმოიხედა და მხარზე ხელი დამადო:
- რატომ? შენივე სიკეთისათვის! ზაიუსს ხომ იცნობ?
- რა თქმა უნდა! მის შესახებაც მინდოდა საუბარი, მაგრამ რა შუაშია ახლა ზაიუსი?
- გახსოვს, როგორ აღიქვა მან შენი პირველი მანჭვა-გრეხა, როცა ცდილობდი მისთვის საკუთარი გონიერება გეჩვენებინა? მას შემდეგ მე ასჯერ მაინც ვცადე დამერწმუნებინა იგი ან თუნდაც მიმეხვედრებინა, რომ მიუხედავად გარეგნობისა, შენ მთლად ცხოველი არ ხარ.
- კი, ვიცი, რომ თქვენი აზრები განსხვავდება ერთმანეთისგან
- ზაიუსი ჯიუტია როგორც ვირი და უტვინოა როგორც ადამიანი! - ვეღარ შეიკავა თავი ზირამ - მაგრამ რა ვქნათ? ორანგუტანები ასეთები არიან; მან ერთხელ და სამუდამოდ დაასკვნა, რომ შენი ყველა უნარი სხვა არაფერია, თუ არა კარგად განვითარებული ცხოველური ინსტინქტი და ახლა ვეღარაფრით შეაცვლევინებ ამ აზრს. სამწუხაროდ, მან უკვე შეთხზა მთელი დისერტაცია შენს შესახებ, სადაც ამტკიცებს, რომ შენ გაწვრთნილი ადამიანი ხარ, ანუ ის ადამიანი, რომელიც სადღაც ერთხელ უკვე ნამყოფია ტყვეობაში და ძველი პატრონისაგან ბევრი რამ აქვს შესწვლილი.
- ბრიყვი მაიმუნი!
- გეთანხმები! მაგრამ ახლა იგი წარმოადგენს ოფიციალურ მეცნიერებას და დიდი გავლენით სარგებლობს ჩვენს საზოგადოებაში. ინსტიტუტში მას ძალზედ მაღალი თანამდებობა უჭირავს და ნებისმიერი ჩემი ნაშრომი მხოლოდ მისი ნებართვით იღებს შემდგომ მსვლელობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც კი შენს შესახებ სიმართლის თქმას დავაპირებ, ზაუსი მაშინვე მამხელს მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებაში. მე გამათავისუფლებენ, მაგრამ უბედურება ეს არ არის. იცი, რა მოგივა შენ?
- ამაზე უარესი რა უნდა მომივიდეს?
- უმადური ხარ შენ! იცი, რამდენი წვალება დამჭირდა იმისათვის, რომ ენცეფალურ ლაბორატორიაში არ გადაეყვანე?! ზაიუსი აუცილებლად წაგიყვანდა იქ, რომ გაეგო, რომ შენ ნამდვილად გონიერი არსება ხარ.
- ენცეფალური ლაბორატორია რაღაა? - დაშინებულმა ვიკითხე მე.
- ეს არის ლაბორატორია, სადაც ჩვენ ცოცხალ ტვინზე ვატარებთ ურთულეს ოპერაციებს. იქ ხდება ქსოვილთა გადანერგვა, ნერვული სისტემის გაღიზიანება და სხვა ქირურგიული ჩარევანი.
- და ყველაფერ ამას ადამიანებზე ატარებთ?!
- რა თქმა უნდა! ადამინის ტვინი, მისი ანატომია ყველაზე უფრო ახლოსაა ჩვენთან, ჩვენ ნამდვილად გაგვიღიმა ბედმა, რომ ჩვენს პლანეტაზე ჩვენი მსგავსი, ოღონდ უგნური, არსება ბინადრობს, რომელთა მეშვეობით ჩვენი საკუთარი ფიზიოლოგიის შეცნობა შეგვიძლია. ადამიანებზე ჩვენ სხვა ექსპერიმენტებსაც ვატარებთ, მაგრამ ამას მოგვიანებით შეიტყობ. დიდი დრო არაა გასული, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი გამოკვლევები დავიწყეთ...
- ... რაც ადამიანების დიდ რესურსებს მოითხოვს, არა?
- დიახ, ასეა! სწორედ ამით აიხსნება, რომ ჩვენ ჯუნგლებში ვნადირობთ ადამიანებზე. სამწუხაროდ, ეს გორილების საქმეა და ჩვენ არ შეგვიძლია ავუკრძალოთ მათ ნადავლის დიდი ნაწილის დახოცვა, რის გამოც მეცნიერებას ეკარგება საექსპერიმენტო ნედლეულის გარკვეული რაოდენობა.
- დიახ, მართლაც სამწუხარო ფაქტია - კბილების ღრჭენით ვთქვი მე - თუმცა ისევ ჩემს ამბავს დავუბრუნდეთ...
- ახლა ხომ გესმის, რატომ ვცდილობ ყველაფრის საიდუმლოდ შენახვას?
- ნუთუ მთელი ჩემი ცხოვრება გალიაში უნდა ვიჯდე?
- არა! თუმცა ჯერ ჩემი გეგმის განხორციელებაა საჭირო. შენ არ უნდა გამოამჟღავნო საკუთარი უნარი, სანამ არ დადგება შესაფერისი დრო, ანუ სანამ ყველა კოზირი ჩვენს ხელთ არ იქნება მოქცეული. აი, რას გთავაზობ: ერთი თვის შემდეგ ბიოლოგთა ყოველწლიური კონგრესი იწყებს მუშაობას. ეს დიდი მოვლენაა, სადაც უამრავი მაიმუნი მოიყრის თავს და სადაც ყველა მნიშვნელოვანი გაზეთის წარმომადგენელი ინებებს მოსვლას. ჩვენთან კი საზოგადოებრივი აზრი ძალზედ დიდ როლს თამაშობს და მას არათუ ზაიუსი, არამედ ყველა ორანგუტანი და გორილა უწევს ანგარიშს. აი, ამ ხელსაყრელი ვითარებით უნდა ისარგებლო შენ და მთელი კონგრესის წინაშე გამოაშკარავო საკუთარი საიდუმლო. კონგრესს კი შენ აუცილებლად დაესწრები, რადგან იქ ზაიუსი თავად მიგიყვანს საკუთარი დისერტაციის საილუსტრაციოდ. დაიმახსოვრე: როცა ზაუსს მისცემენ სიტყვას, შენ უნდა დაასწრო მას და ყველაფერი თავად განუცხადო კონგრესში მონაწილე მეცნიერებს. ეს ისეთი სენსაცია იქნება, რომ ზაიუსი ვეღარაფრით შეგიშლის ხელს. დანარჩენი შენზეა დამოკიდებული. უნდა ილაპარაკო ცხადად და კონკრეტულად, რათა მეცნიერები, ჟურნალისტები და პუბლიკა ისევე დაარწმუნო, როგორც დამარწმუნე მე.
- ის მეცნიერებიც ზაიუსივით რომ გაჯიუტდნენ?
- იქ იქნებიან მდიდარი გორილებიც, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს დიდად სწყალობენ და ამ იდიოტებს ადგილზე დასვამენ. სხვათა შორის, ყველა ორანგუტანი ზაიუსივით ბრიყვი არ არის და, გარდა ამისა, იმ მეცნიერებს შორის იქნება რამდენიმე შიმპანზეც, რომელთაც უკვე მიანიჭეს აკადემიკოსების ტიტულები, რადგან მათი აღმოჩენების მნიშვნელობას ვერსად გაექცნენ. იქ იქნება ჩემი საქმრო - კორნელიუსიც. მას მე ყველაფერი ვუამბე და კონგრესზე სწორედ იგი იქნება შენი დამცველი. თუმცა მანამდე მას შენი გაცნობა სურს, რათა თავად დარწმუნდეს იმაში, რაც შენს შესახებ ვუამბე. დღემდე მას ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის გამოვლინებად მიაჩნია და სწორედ ამიტომ მოვედით დღეს ჩვენ აქ...
* * *
კორნელიუსი ჩვენ გიგანტური გვიმრების ჩრდილში გველოდებოდა. ეს იყო სიმპატიური შიმპანზე, ასაკით ბევრად უფროსი, ვიდრე ზირა, მაგრამ აკადემიკოსობისათვის მაინც ახალგაზრდა არსება. შეხვედრისთანავე გამაოცა მისმა საოცრად ღრმა გამოხედვამ და აზროვნების სიცხადემ.
- როგორ მოგწონს? - ჩამჩურჩულა ზირამ ფრანგულად.
ამგვარი კითხვა იმის ნიშანი იყო, რომ საბოლოოდ მოვიპოვე ამ მდედრი შიმპანზეს ნდობა და მეც სანაცვლოდ აღტაცებული ფრაზების კორიანტელი არ დავიშურე კორნელიუსის შესაქებად.
სიძე-საპატარძლო ისევე გადაეხვივნენ ერთმანეთს, როგორც ამ პარკში განმარტოებული შეყვარებულთა წყვილები. კორნელიუსი ისე ეფერებოდა ზირას, რომ ჩემკენ გამოხედვა არც გახსენებია. ცხადი იყო, რომ მიუხედავად ჩემს შესახებ მიღებული ინფორმაციისა, კორნელიუსიც მხოლოდ გაწვრთნილ ცხოველად მთვლიდა. მგონი, ზირასაც გადავავიწყდი და მალე ამ ორი მოყვარული არსების ბაგეები ხანგრძლივი კოცნით ჩაეწებნენ ერთმანეთს. თუმცა მოულოდნელად ზირა გონს მოეგო, ჩემკენ გამოიხედა და ანაზდად დარცხვენილმა დახარა თვალები ძირს.
- რა გემართება, ძვირფასო? - გაოცდა კორნელიუსი - ჩვენ ხომ მარტონი ვართ?!
- მაპატიეთ, მაგრამ აქ მეც ვიმყოფები - წარმოვთქვი მე მაიმუნთა ენის მთელი დახვეწილების მოშველიებით.
- რაო?! - შეხტა მამრი შიმპანზე და ბალახში გადაგორდა.
- მე ვთქვი, რომ აქ მეც ვიმყოფები. სამწუხაროდ, იძულებული გავხდი თავად შემეხსენებინა ეს თქვენთვის. თქვენი ხვევნა-კოცნა ჩემთვის არავითარ უხერხულობას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს თქვენთვისვე იქნება უხერხული, როცა ჩემს ვინაობას შეიტყობთ.
- ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს!... - აბურტყუნდა აკადემიკოსი და ნელინელ ფეხზე წამოდგა.
ზირამ კი გულიანად გადაიკისკისა და ჩვენ ერთმანეთი გაგვაცნო:
- დოქტორი კორნელიუსი, აკადემიის წევრი - მერე ჩემკენ გამოიშვირა ხელი - ულის მერუ, მზის სისტემის ერთ-ერთი პლანეტის, უფრო სწორად - დედამიწის წარმომადგენელი.
- მოხარული ვარ თქვენი გაცნობის - კვლავ ჩავერთე საუბარში - ზირამ ბევრი რამ მიამბო თქვენს შესახებ. თქვენ შესანიშნავი საცოლე გყავთ! მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა თქვენს გაბედნიერებასთან დაკავშირებით.
გაცნობის ნიშნად ხელი გავუწოდე კორნელიუსს, მაგრამ იგი გველნაკბენივით კვლავ უკან გადახტა.
- მაშ, ეს ყველაფერი სიმართლეა?! - ძლივს ჩაიდუდუნა აკადემიკოსმა და გაოგნებული მზერა მიაპყრო ზირას.
- განა ოდესმე მითქვამს შენთვის ტყუილი, ძვირფასო?! - წაიკეკლუცა ზირამ, კორნელიუსი კი მალევე მოერია თავს და, როგორც ნამდვილ მეცნიერს შეეფერება, შეუცნობლობის გასააზრებლად ხელი მანაც გამომიწოდა.
- როგორ ბრძანდებით? - მკითხა მან.
- გმადლობთ! ოღონდ პატიებას ვითხოვ ჩემი `ჩაცმულობისა~ გამო.
- აი, მხოლოდ ეს ანაღვლებს! - სიცილით დააკონკრეტა ზირამ - მას ვერც-კი წარმოუდგენია, რას დაემგვანება, როცა ტანსაცმელს ჩაიცვამს.
- ესე იგი თქვენ მართლა იქიდან... რა ჰქვია?
- დედამიწიდან!
- ჰო... დედამიწიდან ჩამოფრინდით?
- დიახ, მზის სისტემის პლანეტა დედამიწიდან
როგორც ჩანს, აქამდე კორნელიუსი ნაკლებად ენდობოდა ზირას მონათხრობს და ყველაფერი მისტიფიკაცია ეგონა, ახლა კი ტყვიასავით მომაყარა კითხვები. ჩვენ დინჯი ნაბიჯით მივსეირნობდით პარკში; შიმპანზეები წინ მიდიოდნენ, მე კი ჯაჭვგამობმული უკან მივდევდი, რომ არავისში ეჭვი არ აღგვეძრა და ასე ვსაუბრობდით. ჩემი ახსნა-განმარტებანი იმდენად აღელვებდა კორნელიუსს, რომ იგი დროდადრო ჩერდებოდა, თავისი სატრფოს არსებობა ავიწყდებოდა და ჩემთან ოთხივე კიდურით იწყებდა კამათს. მე სხვა არაფერი გამაჩნდა და ხეივნის გასწვრივ გაბნეულ ქვიშაზე ნაირგვარი ნახაზების გამოსახვით ვცდილობდი მისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. ზირა კი, წყენის ნაცვლად აღფრთოვანებით შესცქეროდა თავის მიჯნურს და გულწრფელად უხაროდა, რომ ჩემით ასე დაინტერესდა.
კორნელიუსს, როგორც მეცნიერს, რა თქმა უნდა პირველ რიგში აინტერესებდა დედამიწაზე ადამიანთა მოდგმის ევოლუციასთან დაკავშირებული დეტალები. მან რამოდენიმეჯერ გამამეორებინა ყველაფერი, რაც ამის შესახებ ვიცოდი, რის შემდეგაც იგი ღრმა ფიქრებში ჩაეფლო. ბოლოს, გონს რომ მოეგო, მითხრა, რომ ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ფასდაუდებელია მისთვის და მით უმეტეს ახლა, როცა იგი მაიმუნების წარმომავლობასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლას შეუდგა. როგორც დავადგინე, იგი ამ საკითხს კვლავაც ბუნდოვნად მიიჩნევდა და არ ეთანხმებოდა იმ საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს, რასაც ოფიციალური მეცნიერება აღიარებდა. თუმცა, როცა საუბარი შეეხო მის საკუთარ მოსაზრებებს, მას ერთგვარი თავშეკავებულობა დაეტყო და ბოლომდე არ გამოთქვა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა. აღარც მე დამიტანებია ძალა, რადგან მივხვდი, რომ მის თვალში დიდი პატივისცემა დავიმსახურე და, ალბათ, იგი მთელ თავის ქონებას და შესაძლებლობას გაიღებდა, ოღონდ როგორმე თავის ლაბორატორიაში გადავეყვანე.
შემდეგ ჩემს მდგომარეობაზე და ზაიუსზე ვისუბრეთ; ამ უკანასკნელის სიბრიყვე და სიჯიუტე კი კორნელიუსისათვისაც საკმაოდ კარგად იყო გაცნობიერებული. კორნელიუსმა ზირას გეგმა მოიწონა და იმასაც კი შემპირდა, რომ კონგრესზე ჩემი გამოსვლისათვის ნიადაგს შეამზადებდა და ამ მიზნით თავის კოლეგებსაც მცირეოდენ ინფორმაციას ჩააწვეთებდა ჩემს შესახებ.
როცა ვშორდებოდით ერთმანეთს, კორნელიუსმა უკვე უყოყმანოდ გამომიწოდა ხელი, თუმცა მანამდე მიმოიხედა, რომ ვინმეს უცხო თვალს არ დაენახა ეს, მის მხრივ, უცნაური საქციელი.
* * *
- რა კარგი შიმპანზეა! - ვუთხარი ზირას, როცა მანქანისაკენ გამოვეშურეთ.
- და უდიდესი მეცნიერი! - დააყოლა ზირამ - მე მჯერა, რომ მისი დახმარებით კონგრესის დარწმუნებას შეძლებ.
- ზირა - ჩავჩურჩულე ყურში, როცა ჩემთვის განკუთვნილ უკანა სავარძელზე მოვთავსდი - შენ ხარ ჩემი გადამრჩენელი!
ახლაღა გავაცნობიერე, თუ რამდენი რამ გააკეთა ჩემთვის ამ მდედრმა შიმპანზემ მას შემდეგ, რაც გალიაში მოვხვდი. მის გარეშე ვერასოდეს შევძლებდი მაიმუნთა სამყაროსთან კონტაქტის დამყარებას. ზაიუსი, ალბათ, უყოყმანოდ ამომკვეთდა ტვინს, რათა დაემტკიცებინა საკუთარი მოსაზრებანი იმის შესახებ, რომ მე აზროვნება არ გამაჩნია. ზირას წყალობით კი მე მოკავშირები შევიძინე და ახლა გარკვეული ოპტიმიზმით შემეძლო მომავლისაკენ გახედვა.
- ეს ყველაფერი მეცნიერების სიყვარულით გავაკეთე - ჩაიდუდუნა დამორცხვებულმა ზირამ - შენ უნიკალური მოვლენა ხარ და უნდა გადამერჩინე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს.
არ ვიცოდი, როგორ გადამეხადა მადლობა მისთვის. ამ შიმპანზეს ჭკვიანი თვალების შემხედვარე, ვეღარც-კი ვამჩნევდი მის მაიმუნურ დრუნჩს და ჩემი ხელი თავად დაესვენა მის ბანჯგვლიან თათს, ზირას ტანში გააჟრჯოლა და მის გამოხედვაში თანაგრძნობა და სინაზე ამოვიკითხე.
...ინსტიტუსკენ უკან მომავალ გზაზე ჩვენ ერთი სიტყვაც აღარ გვითქვამს ერთმანეთისთვის.
მეხუთე თავი
ზირამ ჩუმად ელექტროფანარი მომიტანა და ახლა წიგნებითაც მამარაგებს, რომლებსაც თივის ქვეშ ვმალავ. ახლა მე უკვე ასე თუ ისე ვკითხულობ მაიმუნების ენაზე და ყოველღამე, საათობით, სორორას ცივილიზაციას ვსწავლობ. დასაწყისში ნოვა მემდუროდა, კბილებს მიღრჭენდა, წიგნებს საშიში ცხოველივით სუნავდა, მაგრამ საკმარისი იყო მისკენ ფანრის სინათლე მიმემართა, რომ იგი კუთხეში იყუჟებოდა და შიშისაგან თრთოდა. მას შემდეგ, რაც ფანარი მაქვს, ჩემს გალიაში მბრძანებელი გავხდი და ახლა ნოვას დასამშვიდებლად ნაირგვარი არგუმენტების მოშველიება აღარ მჭირდება. ვგრძნობ, რომ მას ჩემდამი ღვთიური შიში გააჩნია; ასეთივე რიდით მიყურებენ სხვა გალიების მკვიდრნიც. ჩემი პრესტიჟი ბოლო ხანს საოცრად ამაღლდა და ხშირად ამით ბოროტად ვსარგებლობ; გავიშვერ ხოლმე უმიზეზოდ ნოვასკენ ფანარს და სრული სიმშვიდე გარანტირებული მაქვს, თუმცა ეს ველური ლამაზმანი მალევე მოეგება ხოლმე გონს და ჩემკენ საალერსოდ იწევს...
შესაძლოა, თავს ვიტყუებ, მაგრამ მაიმუნების პლანეტის შესახებ, მგონი, საკმაო ინფორმაცია დავაგროვე.
* * *
სორორელი მაიმუნები ეროვნებებად არ არიან დაყოფილნი. მთელ პლანეტს მინისტრთა კაბინეტი მართავს, რომელსაც სათავეში ტრიუმვირატი უდგას ერთი გორილას, ერთი ორანგუტანის და ერთი შიმპანზეს შემადგენლობით. ამ მთავრობის პარალელურად არსებობს პარლამენტიც, რომელიც სამი - გორილების, ორანგუტანების და შიმპანზეების - პალატებისაგან შედგება. ყოველი პალატა საკუთარი რასის ინტერესებს იცავს.
არსებითად ამ სამ რასად დაყოფა პირობითია სორორაზე, რადგან ყოველი რასის წარმომადგენელი თანაბარი უფლებებით სარგებლობს და ნებისმიერ პოსტზე შეუძლია დაინიშნოს, მაგრამ, როგორც ეს ჩვენთანაც ხდება ხოლმე, სინამდვილე ცოტა შორსაა თეორიისაგან და ყოველი რასა საკუთარ სფეროში სპეციალიზირდება.
შორეულ წარსულში ამ პლანეტაზე გორილები ბატონობდნენ, რაც მათი ფიზიკური ძალით იყო განპირობებული. მას შემდეგ დიდმა დრომ გაიარა, მაგრამ გორილები ახლაც წარმოადგენენ ყველაზე ძლიერ კლასს. ისინი არ ერევიან მასაში, არ დააბიჯებენ დემონსტრანტთა ბრბოებში, უპირატესად განცალკევებულ ცხოვრებას ეწევიან და ყველა უმთავრესი საწარმოს ხელმძღვანელებადაც ისინი ითვლებიან. მთლიანობაში გორილები ბრიყვები და გაუნათლებელნი არიან, მაგრამ ფლობენ ერთ საგანგებო უნარს, რაც ქვეშევრდომთა ცოდნისა და გამოცდილების საკუთარ ინტერესებში გამოყენებას გულისხმობს. ყველაზე მეტად მათ უყვართ საერთო მითითებების მიცემა, გენერალური მიმართულებების მონიშვნა ანუ, ზოგადად, მბრძანებლობა. როცა რომელიმე სპეციალისტი გააკეთებს საინტერესო აღმოჩენას, ვთქვათ გამოიგონებს მანათობელ ამპულას ან საწვავის ახალ სახეობას შექმნის, ამ გამოგენების ექსპლუატირებას საკუთარი თავისათვის მაქსიმალური სიკეთით ჯერ გორილები ახდენენ. მართალია, დიდი ჭკუა არ გააჩნიათ, მაგრამ ორანგუტანებს ეშმაკობითა და საზრიანობით მაინც სჯობნიან გორილები. ამ ბრიყვი ორანგუტანების პატივმოყვარეობის გამოყენებით გორილები მათ აკეთებინებენ ყველაფერს, რაც მოესურვებათ. ასე მაგალითად, ჩვენი ინსტიტუტის სათავეში ზაიუსი დგას, რომელსაც სამეცნიერო ხელმძღვანელის პოსტი უკავია, მაგრამ მას ხელმძღვანელობს გორილა-დირექტორი, რომელსაც თითქმის ვერავინ ხედავს. ჩვენს განყოფილებაში ეს გორილა ერთხელ შემოვიდა და ჩემკენ ისეთი `გენერალივით~ გამოიხედა, რომ ლამის გავძახე იქაურობას - `სწორდით-მეთქი~. ამ გორილას წინაშე ზაიუსი მონასავით კანკალებდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზირაც საოცრად ბრმა მორჩილებას ამჟღავნებდა.
გორილები, რომლებსაც ბედმა ბატონობა არ არგუნა, როგორც წესი, შავ სამუშაოს ასრულებენ, რაც ფიზიკური ძალის გამოყენებასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ზორამი და ზანამი მხოლოდ მეორეხარისხოვან საქმეს აკეთებენ და, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან წესრიგის აღსადგენად თავისი ბუმბერაზული ძალაც გამოიყენონ.
და ბოლოს - ბევრი გორილა ნადირობით ირჩენს თავს. არსებითად ეს მათს პრივილეგიასაც წარმოადგენს; მათ ევალებათ გარეული მხეცების, და მათ შორის ადამიანების, მოკვლა ან დაჭერა. უკვე ვთქვი, რომ მაიმუნები დიდი რაოდენობით ატარებენ ექსპერიმენტებს, რასაც შესაბამისად დიდი რაოდენობის ადამიანური რესურსები სჭირდება, თუმცა ის გაუგებარია, თუ რატომ ანიჭებენ მაიმუნები ამგვარ ექსპერიმენტებს სასიცოცხლო მნიშვნელობას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მაიმუნების ერთი მესამედი სორორაზე ბიოლოგია-ფიზიოლოგიის პრობლემებითაა დაკავებული, თუმცა ამ საკითხს ჩვენ მომავალში მივუბრუნდებით. ერთი სიტყვით, ადამიანური რესურსების მოპოვება საკმაოდ რთულ საორგანიზაციო ღონისძიებებთან და დიდ მომსახურე პერსონალთანაა დაკავშირებული. მსროლელების, მათი ლაქიების თუ სატრანსპორტო მუშაკების მთელი არმია სამონადირეო ფირმებშია გაერთიანებული, რასაც სათავეში აუცილებლად გორილა უდგას. ამ ფირმების საქმიანობა, როგორც ჩანს, დიდ მოგებებს იძლევა, რადგან ადამიანების ფასები განუწყვეტლივ მატებაშია.
გორილების გვერდით - მე ვიტყოდი, გორილების ქვემოთ, თუმცა ფორმალურად ასეთი იერარქია არ არსებობს - დგანან ორანგუტანები და შიმპანზეები. ორანგუტანები რაოდენობრივად ნაკლებნი არიან და, როგორც ზირამ განსაზღვრა, ისინი მხოლოდ ოფიციალურ მეცნიერების მსახურებად ითვლებიან.
გარკვეულწილად ეს სინამდვილეს შეეფერება, მაგრამ თითო-ოროლა ორანგუტანს მაინც შეხვდებით პოლიტიკაში, ხელოვნებასა თუ ლიტერატურაში და ნებისმიერ სფეროში, სადაც მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი თვისებებით განირჩევიან სხვებისაგან. ისინი პედანტური, პატივმოყვარე, თვითდაჯერებული და ყოველგვარი სიახლის მოწინააღმდეგე არსებანი ბრძანდებიან, სამაგიეროდ მზად არიან პირზე დუჟმორეულებმა ნებისმიერი ძველი და დაკანონებული - შტამპები, ბანალური ჭეშმარიტებანი თუ მზამზარეული ფორმულირებები - დაიცვან. ორანგუტანები უმრავლესი სამეცნიერო აკადემიის ძირითად კონტიგენტს შეადგენენ. ფლობენ რა საოცარ მეხსიერებას, მათ შეუძლიათ დაიზეპირონ წიგნების განუსაზღვრელი რაოდენობა. შემდეგ, დაზეპირებული ინფორმაციის გადაადგილება-ვარირებით, თავად წერენ წიგნებს და თავისივე კოლეგა-ორანგუტანების აღიარებას იპოვებენ. შესაძლოა, ჩემზე ზეგავლენა იქონია ზირასა და მისი საქმროს დამოკიდებულებამ ორანგუტანების მიმართ, რაც ზოგადად ზიზღით განისაზღვრება, მაგრამ გორილებიც ხომ ქედმაღლურად დასცქერიან მათ და ხომ იყენებენ მათს სიბრიყვეს საკუთარი სარგებლისათვის?! თითქმის ყოველი ორანგუტანის ზემოთ გორილა ან გორილების საბჭო ზის, რომლებიც წარმართავენ თავისი ქვეშევრდომის მოღვაწეობას, აძლევენ ცოდნის მიღების საშუალებას, ეხმარებიან სამსახურეობრივი კარიერის შექმნაში და, რაც მთავარია, ორანგუტანებისათვის სათაყვანებლი ორდენებითა და ჩინ-მედლებით აჯილდოებენ მათ. თუმცა ყოველივე ეს ერთ გარკვეულ მომენტამდე გრძელდება, ვიდრე გორილები არ ჩათვლიან, რომ მათს პროტეჟეს სარგებლის მოტანა აღარ შეუძლია და ასეთ შემთხვევაში ორანგუტანს უმალ ათავისუფლებენ სამსახურიდან და მის ნაცვლად იმავე ჯიშის მაიმუნს ნიშნავენ.
რაც შეეხება შიმპანზეებს: მე როგორც გავიგე, ისინი პლანეტის ინტელიგენციას შეადგენენ. ზირა ტყუილად კი არ ტრაბახობდა, როცა ამბობდა, რომ ყველა დიადი აღმოჩენა შიმპანზე-მეცნიერების მიერააო განხორციელებული. შესაძლოა, ეს ხელოვნური განზოგადებაცაა, რადგან მას საკმაო ოდენობის გამონაკლისი გააჩნია, მაგრამ სხვადასხვა თემაზე შექმნილი საინტერესო წიგნების უმრავლესობა სწორედ შიმპანზეების მიერაა დაწერილი. ჩემი აზრით, შიმპანზეებს მეტისმეტად აქვთ მოძალებული ძიებისა და კვლევის სულისკვეთება.
უკვე ვთქვი, როგორ თითხნიან თავის შრომებს ორანგუტანები, მაგრამ, როგორც ზირა ჩივის ხოლმე, საშინელება ისაა, რომ ორანგუტანები ასევე ბრიყვულად თხზავენ სახელმძღვანელოებს, რითაც ახალგაზრდობის უმრავლესობას გონებას უმრუდებენ. გავრცელებულია აზრი, რომ სორორა მთელი სამყაროს ცენტრს წარმოადგენს, თუმცა თვით საშუალო მონაცემების მაიმუნებსაც კი არ სჯერათ ამ სისულელისა, თუნდაც იმიტომ, რომ მრავალი ათასწლეულის წინ სორორაზე ცხოვრობდა ორანგუტანი, სახელად არისტასი, რომელიც უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობდა და ისეთ იდეებს ქადაგებდა, რასაც მისი შთამომავალი ორანგუტანები დღემდე შეუბღალავ ჭეშმარიტებად თვლიან. გავიგე რა, რომ არისტასის სწავლების თანახმად, სული მხოლოდ მაიმუნს შეიძლება ჰქონდეს, მე უკეთ გავიაზრე ზაიუსის ჩემდამი დამოკიდებულების არსი. საბედნიეროდ, შიმპანზეებს ბევრად უფრო კრიტიკული აზროვნება აქვთ და, როგორც შევიტყე, უკვე მრავალი წლის განმავლობაში ისინი აქტიურად ესხმიან თავს გაბატონებულ შეხედულებებს და შორეული წარსულის კერპის დამხობასაც ცდილობენ.
რაც შეეხება გორილებს, ისინი თხზვასთან საკმაოდ მწყრალად არიან, თუმცა ნებისმიერი მათი ნაშრომი ყველანაირ მოაზრებულ ქება-დიდებას იმსახურებს. ზოგი ასეთი წიგნი მეც წავიკითხე და დღემდე მახსოვს მათი სათაურები: `სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა - საწარმოს ორგანიზების საფუძველი~, `საზოგადოებრივი სექტორის უპირატესობანი~ ან, ვთქვათ - `ადამიანებზე დიდი ნადირობის მოწყობა მწვანე კონტინენტის ფარგლებში~. ამ წიგნებში, როგორც წესი, უამრავი დოკუმენტია მოხმობილი და მას მხოლოდ საგანგებო სპეციალისტები წერენ. წიგნებში ბევრი დიაგრამები, ცხრილები და ლამაზი ფოტოებია მოთავსებული.
მთელი პლანეტის ერთიანობა, ომების არარსებობა და, აქედან გამომდინარე, არც საომარი ხარჯების ქონა - სორორაზე არ არის არმია, არის მხოლოდ პოლიცია - ერთი შეხედვით, მაიმუნური ცივილიზაციის თავბრუდამხვევ პროგრესს უნდა განაპირობებდეს, მაგრამ ასე არ ხდება. როგორც ჩანს, სორორა ასაკით დედამიწაზე ხნოვანია, მაგრამ მისი ბინადარნი საკმაოდ ჩამორჩებიან ჩვენი პლანეტის ადამიანებს.
სორორელებს აქვთ ელექტროსადგურები, წარმოება, ავტომობილები, მაგრამ კოსმოსის ათვისების საკითხში ისინი ჯერ კიდევ ხელოვნური თანამგზავრების გაშვების დონეზე არიან და ერთ ადგილს ტკეპნიან. თეორიულ მეცნიერებებშიც, ანუ უსასროლოდ დიდის და უსასრულოდ პატარის შესწავლაშიც ბევრს ვერაფერს დაიკვეხნიან სორორელები. კაცმა რომ თქვას, ეს ჩამორჩენა ხელოვნურ შთაბეჭდილებას ტოვებს და მალე აუცილებლად დაეწევიან ისინი დედამიწას. ამაზე მეტყველებს მათი საოცარი შრომისუნარიანობა და შიმპანზეების გამძაფრებული სურვილი კვლევა-ძიებისა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მაიმუნების განვითარების ისტორიაში იყო უძრაობის ბნელი ხანა, რაც ძალზედ დიდხანს, უფრო მეტი დროის განმავლობაში ვიდრე ჩვენთან, გაგრძელდა და სულ ახლახან მოახერხეს დიადი აღმოჩენების ეპოქაში ფეხის შედგმა.
მათი სამეცნიერო კვლევა - მე ეს კვლავაც საგანგებოდ უნდა აღვნიშნო - ბიოლოგია-ფიზიოლოგიის სფეროში მიმდინარეობს და მაიმუნების მოდგმის ყოველმხრივ შესწავლას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნებისათვის გამოიყენებიან ადამიანები, რომლებიც მაიმუნების ცხოვრებაში, მართალია, მათთვის მთლად უნუგეშო, მაგრამ მაინც სასარგებლო საქმეს ემსახურებიან. კიდევ კარგი, რომ სორორაზე ჯერ კიდევ დიდია ადამიანური რესურსები! ერთი მეცნიერის მტკიცებით, ამ პლანეტაზე ადამიანების რიცხვი მაიმუნების რაოდენობას აჭარბებს კიდეც. მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, მაიმუნები სულ უფრო მრავლდებიან, ადამიანებს კი საერთო განადგურება ემუქრებათ. ამიტომაცაა, რომ ბევრი მეცნიერი უკვე სერიოზულად ფიქრობს საკუთარი ლაბორატორიებისათვის ადამიანთა საგანგებო ფერმების შექმნასაც კი.
თუმცა ამაში მაინც არ მდგომარეობს მაიმუნთა ევოლუციის საიდუმლოება. ან ეგებ საერთოდ არც არსებობს ამგვარი საიდუმლოება? ეგებ მათი განვითარებაც ისევე ბუნებრივად მოხდა, როგორც ჩვენი? არა, არ მინდა ამის დაჯერება! მით უმეტეს, რომ ჩემს ყურამდეც მოაღწია იმ ამბავმა, რომ ევოლუციის მწვერვალზე მაიმუნების აღზევების სპონტანურობაში სორორელ მეცნიერებსაც ეპარებათ ეჭვი. ამ მეცნიერთა რიცხვს მიეკუთვნება კორნელიუსიც და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას მრვალი ნათელი და მაძიებელი გონება უჭერს მხარს.
მაიმუნებმა ჯერაც არ იციან საიდან წარმოიშვნენ, საიდან მოვიდნენ და სად მიდიან და, როგორც ჩანს, ამ გაუგებრობისაგან დიდად იტანჯებიან. შესაძლოა, ეს გრძნობაცაა იმის მიზეზი, რომ ისინი გაათმაგებული ენერგიითა და სიჩქარით წარმართავენ ბიოლოგიურ კვლევა-ძიებას?
მთელი ღამეების განმავლობაში მიტრიალებდა თავში ეს ფიქრები და ამ გადაუჭრელი პრობლემების თანხლებით დილამდე ძლივს ვახერხებდი გამოძინებას.
მეექვსე თავი
ზირას ხშირად დავყავდი სასეირნოდ პარკში. იქ ზოგჯერ კორნელიუსი გვხვდებოდა და ჩვენ ერთად ვამზადებით სიტყვას, რითაც მე უნდა წარვმდგარიყავი ბიოლოგთა კონგრესის წინაშე. ამ ღონისძიების გახსნის დღე სულ უფრო ახლოვდებოდა და ჩემი მღელვარებაც პარალელურად მატულობდა. ზირა მარწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, კორნელიუსს კი სურდა მალე გავეთავისუფლებინა ზაიუსის კლანჭებიდან, რათა თავად მას მისცემოდა ჩემი ბიოლოგიური აგებულების კვლევის საშუალება.
...იმ დღეს კი კორნელიუსმა მოსვლა ვერ შეძლო და ზირამ შემომთავაზა ზოოპარკი დაგვეთვალიერებინა, რომელიც ჩვენი სასეირნო ადგილების გვერდით მდებარეობდა. მე, რა თქმა უნდა, თეატრში ან მუზეუმში ვარჩევდი წასვლას, მაგრამ ამგვარი გართობანი ჩემთვის კვლავაც აკრძალული იყო. რაღაც წარმოდგენა მაიმუნთა ხელოვნების შესახებ უკვე მქონდა, ოღონდ მხოლოდ წიგნების მეშვეობით; მე აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი მაიმუნი მხატვრების კლასიკური ნახატების ხილვისას, რომლებზედაც ვნებიანი მდედრი მაიმუნები ჰაერში მოფარფატე ამურის მსგავსი არსებების ფონზე იყვნენ გამოსახულნი. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ბატალური სცენების ამსახველი რეპროდუქციებიც, სადაც საშინელი გორილების ნადირობის სცენები იყო აღბეჭდილი. თუმცა, როგორც ვთქვი, ეს ყველაფერი მე ჩემი გალიის გისოსებს შიგნით, წიგნებში, ელექტროფანარის განათებით ვნახე და ამოვიკითხე.
მე, შიშველს, არ შემეძლო თეატრში შესვლა, ამიტომაც ზირა მხოლოდ ღია ცის ქვეშ განლაგებულ სანახაობებსა თუ სპორტულ მოედნებზე დამატარებდა. ასე ვნახე თამაში, რომელიც ძალიან წააგავდა ჩვენს ფეხბურთს, დავესწარი კრივის საშინელ ორთაბრძოლას, რაშიც ორი გოლიათი გორილა მონაწილეობდა, ერთხელ კი სიამოვნებით ვადევნე თვალი მძლეოსანთა შეჯიბრს, სადაც ჭოკით მხტომელი მაიმუნები ფანტასტიურ შედეგებს აჩვენებდნენ.
იმ დღეს კი ზოოპარკში გადავწყვიტეთ წასვლა.
პირველად იქ ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოვაჩინე; სორორელი ცხოველები ძალზედ ჰგავდნენ დედამიწელ ნადირ-მხეცებს, აქ იყვნენ მტაცებლებიც და ხორთუმიანებიც, მცოხნელებიც და ქვეწარმავლებიც, ფრინველებიც და თევზებიც; არც სამკუზიანი აქლემებს გავუკვირვებივარ და არც თხისრქებიან გოჭებსა თუ მათს მსგავს არსებებს, რადგან მე უკვე მივეჩვიე სორორას ყველანაირ სიურპრიზს.
ჩემი გაოცება დაიწყო მაშინ, როცა ადამიანების გალიებს მივუახლოვდით. ზირა შეეცადა გვერდი აგვექცია იქაურობისთვის და, მგონი, ინანა კიდეც იქ რომ მიმიყვანა, მაგრამ ჩემი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ თავად წავათრიე ზირა იმ სექციისაკენ.
პირველ გალიაში ორმოცდაათამდე ქალი, კაცი თუ ბავშვი იყო დამწყვდეული, რომლებსაც პირღია მაიმუნები დიდი გატაცებით უჭვრეტდნენ. ადამიანები ცოფიანებივით ხტოდნენ, ყირაზე გადადიოდნენ და ნაირგვარი ოინბაზობით ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ. ღმერთმანი, ეს განსაცვიფრებელი სანახაობა იყო!
ყოველი ტყვე პატარა მაიმუნების კეთილგანწყობის დამსახურებას ცდილობდა, ეს უკანასკნელნი კი გალიაში ხილის ან კანფეტის სროლით გამოხატავდნენ ამა თუ იმ ადამიანისადმი სიმპათიას. როცა რომელიმე ქალი თუ კაცი განსაკუთრებით სასაცილო ტრიუკს მოიმოქმედებდა ხოლმე - ვთქვათ, ოთხ კიდურზე ან ორ ხელზე დაიწყებდა ხოლმე სიარულს - ეს ზოოპარკის სტუმრებში ენით აუწერელ აჟიოტაჟს იწვევდა და ისინიც უხვად ისროდნენ გალიაში ტკბილეულს, რომლის ხელში ჩაგდებასაც ადამიანების გააფთრებული კბენა-ღრენა და კინკლაობა მოსდევდა.
ზოგიერთი ასაკოვანი ადამიანი ზედახორაში არ ერეოდა. ისინი გალიის განაპირას ისხდნენ და რაწამს შენიშნავდნენ, რომ პაწაწა მაიმუნი ჯიბეში ტკბილეულის ამოსაღებად იყოფს თათს, უმალ ჩოჩქოლს იწყებდნენ და მავედრებელი სახით იშვერდნენ მათკენ ხელს. მაიმუნ-ბავშვებს ბებერი ადამიანების ყურადღება აფრთხობდათ, ზოგი ტირილსაც იწყებდა, მაგრამ უფროსების სიცილითა და გამხნევებით მაინც აწვდიდნენ ბანანს ან კანფეტს გალიიდან საბრალოდ მომზირალ მოხუცს.
ზოოპარკის ტერიტორიაზე ჯაჭვზე გამობმული ადამიანის გამოჩენამ სენსაცია გამოიწვია როგორც მაიმუნებს, ასევე ადამიანებს შორისაც. გალიის ტყვეებმა ერთხანს შეწყვიტეს თავისი ოინბაზობა და ეჭვით დამიწყეს თვალთვალი. მაგრამ, რაკიღა მე არანაირ ემოციას არ ვამჟღავნებდი და არც წყალობის მოპოვების ნიშნად ვიშვერდი მაიმუნებისაკენ ხელს, მალევე მიმანებეს თავი და ამით საშუალება მომეცა კარგად დავკვირვებოდი ორივე მხარის ერთმანეთთან ქცევის წესს. ადამიანების ცხოველური ქმედებანი ჩემში საოცარი სირცხვილის გრძნობას იწვევდა და ეს მით უმეტეს სამარცხვინოდ აღსაქმელი ხდებოდა, რაც უფრო ვრწმუნდებოდი იმაში, რომ გარეგნულად ჩემსა და მათ შორის არანაირი სხვაობა არ იყო.
სხვა გალიებშიაც ასეთივე დამამცირებელი სპექტაკლები მიმდინარეობდა. ზირამ უკვე რამდენიმეჯერ მოქაჩა ჯაჭვს და მანიშნა, რომ ჩვენი წასვლის დრო იყო, რასაც დავჯერდი კიდეც, მაგრამ უცებ ისეთი რამ დავინახე, რომ ლამის ცხოველური ღრიალი მეც აღმომხდა. ერთ-ერთ გალიაში, ველური ადამიანების ბრბოში დავინახე ჩემი კოსმოსური თანამგზავრი, სახელოვანი მეცნიერი, პროფესორი ანტელი, რომელიც ჩვენი ექსპედიციის სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი გახლდათ. როგორც ჩანს, ისიც ჩემსავით ხაფანგში გაება, მაგრამ ჩემგან განსხავებით, არ გაუმართლა და იგი ზოოპარკში გაყიდეს.
ბედნიერების ისეთი გრძნობა დამეუფლა, როცა ანტელი ცოცხალი და ჯანმრთელი ვნახე, რომ თვალთაგან ცრემლებიც კი გადმომცვივდა. უმალ გავიაზრე, თუ რა საშინელ პირობებში უხდებოდა პროფესორს აქ ყოფნა და ტანი სიცივის ჟრუანტელმა ამიძაგძაგა. მაგრამ გრძნობათა ქარიშხალი მალე დამიცხრა, როცა შევნიშნე, რომ დიდი მეცნიერი ამ ბრბოში ისევე იქცევა, როგორც გალიის ყველა დანარჩენი ბინადარი. ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ იძულებული ვიყავი დამეჯერებინა საკუთარი თვალებისათვის. პროფესორი ანტელი ასაკის გამო კინკლაობაში ვერ მონაწილეობდა და მხოლოდ შესაბრალისი სახით იშვერდა ხელს გალიასთან შეკრებილი მაიმუნებისაკენ. ვუყურებდი მას და ვრწმუნდებოდი, რომ ახლა იგი არაფრით განსხვავდებოდა სორორელი ადამიანებისაგან. ერთმა პაწაწა მაიმუნმა მას ბანანი გაუწოდა, პროფესორმა გამოართვა, ფეხი ჯვარედინად მოირთხა და მადიანად დაუწყო ნაწყალობევს ჭამა თან თვალს არ აშორებდა გულუხვ მაიმუნს, თითქოს იმის იმედი ჰქონდა, რომ კიდევ მიიღებდა რამე ტკბილეულს. ამ სცენის ხილვამ მე უაზრო ცრემლდენა კი არა, გააზრებული ტირილი დამაწყებინა. გაოცებულ ზირას ჩურჩულით ავუხსენი ამგვარი ყოფის მიზეზი და ვთხოვე გალიასთან ახლოს მივსულიყავით, რათა პროფესორს გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ ზირამ კატეგორიული უარი განმიცხადა. მე ვერაფრით დავეხმარებოდი მაშინ ანტელს, ჩვენი კონტაქტი კი ზოოპარკის სტუმართა შორის სკანდალს გამოიწვევდა, რაც ჩემთვისაც და ზირასათვისაც მხოლოდ ავისმომასწავებელი მომავლის დასაწყისი გახდებოდა.
- ჩვენ ანტელთან კონგრესის შემდეგ მოვალთ, როცა შენს გონიერებას აღიარებენ და ჩვენს საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრად მიგიღებენ - დამამშვიდა ზირამ.
იგი ამჯერადაც მართალი იყო და მე გამაოგნებელი ტკივილით მივყევი მის ჯაჭვს.
მანქანისაკენ რომ მივდიოდით პროფესორი ანტელის შესახებ ყველაფერი ვუამბე ზირას, ავუხსენი, რომ იგი განუზომელი ავტორიტეტით სარგებლობს დედამიწელ მეცნიერთა შორის და ზირაც დამთანხმდა, რომ ყოველ ღონეს იხმარდა ანტელის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად. გზაში ოდნავ დავწყნარდი, მაგრამ როცა გორილებმა საღამოს საკვები მოგვიტანეს, არავის და არაფრის დანახვა არ მსურდა და ჭამაზე უარი ვთქვი.
მეორე ნაწილი
მეშვიდე თავი
კონგრესამდე ერთი კვირით ადრე ზაიუსმა ჩემთან სიარულს მოუხშირა და სრულიად უაზრო ცდებით თავი მომაბეზრა. მისი მდივანი შიმპანზე ამ ბრიყვი ორანგუტანის შენიშვნების ჩაწერას ვერ ასწრებდა, მე კი ბევრად უფრო უგნურად ვიქცეოდი, ვიდრე მეცნიერ მაიმუნს ჰქონდა ჩემს შესახებ წარმოდგენა შექმნილი.
კონგრესი, როგორც იქნა დაიწყო, ოღონდ პირველი ორი დღე თეორიულ დისკუსიებს დაეთმო და ჩემს წასაყვანად მხოლოდ მესამე დღეს გამოცხადდნენ. ზირას წყალობით ამ მიმდინარე მეცნიერული ღონისძიების შესახებ ყველაფერი ვიცოდი. ზაიუსს უკვე მოესწრო იქ გამოსვლა, სადაც ჩემს შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში უთქვამს, რომ მე ვარ საოცრად განვითარებული ინსტინქტების და უკიდურესად შეზღუდული გონების მქონე ადამიანი. კორნელიუსს მისთვის რამდენიმე მზაკვრული კითხვა დაუსვამს ჩემი ამა თუ იმ უნარის ახსნის მიზნით, რასაც სხდომისათვის საოცარი სიმძაფრე მიუცია და საბოლოო ჯამში მეცნიერები ორ ბანაკად გაყოფილან: ერთნი ამტკიცებდნენ, რომ ცხოველს არ შეიძლება ჰქონდეს სული, მეორენი კი იმ აზრზე დამდგარან, რომ სხვაობა მაიმუნის და ადამიანის ფსიქიკას შორის არის მხოლოდ რაოდენობრივი ცნება და არა ხარისხობრივი. რა თქმა უნდა, ამ კამათის წარმოშობის ჭეშმარიტი მიზეზი, ზირასა და კორნელიუსის გარდა არავინ იცოდა, მაგრამ ზაიუსის მოხსენებაში მოტანილ ფაქტებს მაინც საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია დამსწრეებზე. ამის გამოისობით მთელ ქალაქში გავრცელებულა ხმები ერთი ვიღაც უჩვეულო და სენსაციური ადამიანის შესახებ.
გალიიდან რომ გავყავდი, ზირამ ყურში ჩამჩურჩულა:
- ძალიან ბევრი ხალხი იქნება, როგორც რომელიმე პრემიერაზე, ჟურნალისტებზე აღარაფერს ვამბობ... ეს შენს საქმეს უწყობს ხელს, ასე რომ - გამაგრდი!
ზირას მორალური მხარდაჭერა ჩემთვის აუცილებელი იყო, რადგან ვგრძნობდი, რომ ნერვები სათანადოდ არ მქონდა მოწესრიგებული. კონგრესზე წარმოსათქმელ სიტყვას მთელი ღამე ვკითხულობდი და ზეპირადაც კი შევისწავლე. ჩემს სიტყვას ყველაზე ბრიყვი და გაჯიუტებული ორანგუტანებიც კი უნდა დაერწმუნებინა, რომ მოაზროვნე არსება ვიყავი, მაგრამ მთავარი საშიშროება იმაში მდგომარეობდა, რომ, შესაძლოა, ჩემთვის სიტყვის თქმის უფლება საერთოდ არ მოეცათ.
გორილებმა საბარგო მანქანაზე დამაგრებულ საგანგებო გალიაში შემაგდეს, სადაც ჩემს გარდა, კონგრესზე წასაყვანი კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო, რომლებიც, მეცნიერთა აზრით, ნორმიდან გადახრას ავლენდნენ და ამდენად მიმდინარე ღონისძიებაში მონაწილეთათვის საინტერესონი უნდა ყოფილიყვნენ. მცირე ხნის მგზავრობის შემდეგ ერთ მაღალგუმბათიან შენობას მივუახლოვდით. დარაჯებმა ჩვენ მთავარი შენობის გვერდით განლაგებულ დამხმარე ნაგებობაში შეგვიყვანეს და რკინის გალიებში ჩაგვკეტეს. ჩვენ აქ უნდა მოგვეცადა, ვიდრემდე სწავლული მაიმუნები ჩვენს ნახვას არ ინებებდნენ. დროდადრო ჩვენ გალიებთან ერთი უზარმაზარი, შავ მუნდირში გამოწყობილი გორილა მოდიოდა და ამა თუ იმ ნომრის ამოძახების შემდეგ ჯაჭვზე გამობმული ადამიანი შეჰყავდა მთავარ დარბაზში. ამ შავმუნდირიანი შვეიცარის ყოველ გამოჩენაზე გული ისეთი სიშმაგით მიწყებდა ძგერას, რომ მკერდიდან ამოხტომას აღარაფერი აკლდა. იმ მთავარ დარბაზში კი ისეთი გაცხარებული კამათი მიმდინარეობდა, რომ ერთმანეთში არეული ნაირგვარი ხმები და აპლოდისმენტები ჩემს სმენამდეც კი აღწევდა.
ყველა იმ ადამიანს, რომელიც კონგრესს წარუდგინეს, დაუყოვნებლივ აბრუნებდნენ ინსტიტუტში და ვიდრე მე მეცნიერ-მაიმუნთა წინაშე წარმოსათქმელ სიტყვას კიდევ ერთხელ ვიმეორებდი გონებაში, გალიებში აღარავინ დარჩა, ჩემს გარდა; ასე რომ, როცა შვეიცარი შემოვიდა, ჩემი ნომრის გარდა, დასაძახებელი აღარ ჰქონდა და მეც წინასწარ გავემზადე წასასვლელად და ჯაჭვი თავადვე მივიმაგრე კისერზე გამოდებულ საბელზე.
ორი გორილის თანხლებით ამაყად შევაბიჯე კონგრესის დიდ დარბაზში და, როგორც კი ფეხი შევდგი იქ, გაოგნებისაგან ერთ ადგილზე გავქვავდი.
* * *
სორორაზე მოხვედრის დღიდან ბევრი უცნაური და განსაცვიფრებელი სცენა მქონდა ნანახი; ასე მეგონა, რომ მაიმუნებსა და მათს ცხოვრების წესს ისე მივეჩვიე, რომ აღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ იმ ზღაპრულ გრანდიოზულობას და ამაოებას, რაც ჩემს თვალწინ გადაიშალა კონგრესზე შესვლის შემდეგ, ვერაფერი შეედრებოდა ბეთელჰეიზეს ცისქვეშეთში. ირგვლივ გადაშლილმა სანახობამ თავბრუ დამხვია და მე - ვინ იცის მერემდენედ - ვკითხე საკუთარ თავს - კოშმარული სიზმარი ხომ არ არის-მეთქი ეს ყველაფერი?
მე გიგანტური ამფითეატრის ფსკერზე აღმოვჩნდი; ეს ამფითეატრი, ჩემი სულელური შედარების თანახმად, დანტეს ჯოჯოხეთს წააგავდა, სადაც ყველა სკამი, ჩემს ირგვლივ და ჩემს ზემოთ, ათასობით მაიმუნის მიერ იყო დაკავებული. არა, ათასობით კი არა, ათი ათასობით! ცხოვრებაში ჯერ არასოდეს მენახა ერთად თავშეყრილი ამდენი მაიმუნი.... დედამიწელი ადამიანის ყველაზე ავადმყოფურ წარმოსახვასაც კი არ შეეძლო წარმოედგინა ამგვარი ბრბო პრიმატებისა, რამაც მე საოცრად დამთრგუნა და... მგონი, მეტყველების უნარიც კი დამაკარგინა.
თავბრუსხვევასთან ჭიდილში ვცდილობდი ამ მაიმუნურ ჯოჯოხეთში გზა გამეკვლია, მაგრამ სანამ თავად მოვახერხებდი ამას, გორილებმა დარბაზის ცენტრისაკენ წამათრიეს და ცირკის არენის მსგავს მოედანზე დამაყენეს, რომელზედაც მომხსენებლისათვის კათედრაც კი იყო გამზადებული. თვალი მოვავლე მთელ დარბაზს და შევნიშნე, რომ მაყურებელთა დარბაზის რიგები თვალისათვის მიუწვდომელ სიმაღლემდე იყო აღმართული.
ქვედა რიგებში კონგრესის წევრები ისხდნენ; ყოველი მათგანი სახელოვან მეცნიერად ითვლებოდა და სამოსითაც განირჩეოდნენ ისინი - მათ ზოლიანი შარვლები და მუქი რედინგტონები ეცვათ და ყველას ნაირგვარი ჩინ-მედლები უბრწყინავდათ მკერდზე; თითქმის ყოველი მათგანი დაბრძენებული ასაკის ორანგუტანი გახლდათ, თუმცა თითოოროლა გორილა და შიმპანზეც მოჩანდა მათ შორის. შევეცადე კორნელიუსი დამენახა ამ მეცნიერთა შორის, მაგრამ იგი არსად იყო.
კონგრესის წევრთა ზურგსუკან, ბარიერის იქით, საგანგებოდ იყო მოწყობილი ადგილები ნაირგვარ თანაშემწე-ასისტენტთათვის. ამავე დონეზე იყო განლაგებული ლოჟები პრესის წარმომადგენლების და ფოტორეპორტიორებისათვის. უფრო ზემოთ კი, მეორე ბარიერის მიღმა, აურაცხელი მაყურებელი იჯდა. იმ მოულოდნელობით გაჯერებული გუგუნიდან გამომდინარე, რაც ჩემს გამოჩენასთან ერთად დარბაზს მოედო, სიტუაცია უკიდურესობამდე იყო დაძაბული.
შევეცადე ზირა დამელანდა ასისტენტებს შორის, რადგან მისი ერთი გამოხედვაც კი ძალასა და მხნეობას შემმატებდა, მაგრამ აქაც იმედგაცრუება მელოდა - ამ სატანური სახეების უზარმაზარ ბრბოში არცერთი ჩემთვის ნაცნობი მაიმუნი არ მოჩანდა.
ასეა თუ ისე, თავი ხელში ავიყვანე და მეცნიერების ქურუმებსაც შევავლე თვალი. რიგითი მაყურებლისაგან განსხვავებით ეს პატივცემული მოგვები წითელი ხავერდით გადაკრულ სავარძლებში ისხდნენ. ყოველი მათგანი წვეთი წყალივით ჰგავდა ჩემს ნაცნობ ზაიუსს. ისინი პიუპიტრებზე თითქმის თავდაყრდნობილნი, გრძელი თათებით და ბრძნული სახით რაღაცას წერდნენ... ან ეგებ პატარა ეშმაკუნებსაც ხატავდნენ... ვინ იცის?! ეს არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ, მრავალრიცხოვანი აფორიაქებული მაყურებლისაგან განსხვავებით, მათ ბრიყვულად გაქვავებული სახეები მოუჩანდათ, თუმცა რაწამს დამინახეს მე, არენის ცენტრში მდგომი, მათაც მღელვარება დაეტყოთ, რადგან რადიოს მიერ წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი ჩემი უცნაურობების შესახებ. უფრო მეტიც - სამი ორანგუტანი ადგილიდანაც კი წამოხტა და ისეთი გაოგნებული თვალებით დამიწყეს მზერა, თითქოს ღრმა ძილიდან ვიღაცამ ძალით მოაბრუნაო ამქვეყნად.
ერთი სიტყვით, თვლემისათვის აღარავის ეცალა. როგორც ჩანს, მე იმდღევანდელი პროგრამის მთავარი პირი ვიყავი... ათიათასობით მაიმუნის თვალი უკვე ჩემკენ იყო მომართული და მოლოდინით აღსავსე დუმილიც ნელინელ ისადგურებდა დარბაზში.
ლაქია გორილებმა მაიძულეს პატარა ფიცარანგზე ავსულიყავი, რომლის ცენტრშიც უზარმაზარი მამრი გორილა იჯდა. ზირას ნათქვამი ჰქონდა, რომ ახალი წესების თანახმად კონგრესს ხელმძღვანელობდა არა რომელიმე მეცნიერი ორანგუტანი, არამედ გორილა-ადმინისტრატორი და ეს იმით იყო გამოწვეული, რომ საკუთარ ნებას მინდობილი სწავლულები გაუთავებელ დისკუსიებს მართავდნენ და რაიმე საერთო დასკვნამდე ვერასოდეს მიდიოდნენ. შემზარავი გორილას მარცხნივ მისი მდივანი შიმპანზე იჯდა, რომელიც წერით იყო გართული, მარჯვნივ კი ცარიელი სავარძელი იდგა, რომელშიც რიგრიგობით მომხსენებლები იკავებდნენ ადგილს. ამჯერად ზაიუსს უხმეს და იგი აპლოდისმენტების თანხლებით თავისუფალი სავარძლისაკენ გაეშურა. მძლავრი მიკროფონებისა და პროჟექტორების წყალობით თვით უკანასკნელ რიგებში მჯდომი მაყურებელიც მშვენივრად ერკვეოდა იმაში, რაც ცენტრალურ ესტრადაზე მიმდინარეობდა.
თავმჯდომარე გორილამ ზარი ააწკარუნა და სრული სიჩუმის დადგომის შემდეგ გამოაცხადა, რომ სიტყვა ეძლეოდა ღრმადპატივცემულ აკადემიკოს ზაიუსს, რათა კონგრესისათვის წარედგინა ადამიანი, რომლის შესახებაც უკვე გაკეთებული ჰქონდა მოხსენება. მეცნიერი ორანგუტანი წამოდგა, თავაზიანად დაუკრა თავი კონგრესის მონაწილეებს და ალაპარაკდა. სანამ იგი თავის აზრებს აფრქვევდა, მე ვეცადე მაქსიმალურად თავდაჭერილი ვყოფილიყავი და მხოლოდ ჟესტებით გამომემჟღავნებინა საკუთარი გონიერება. ასე მაგალითად, როცა ზაიუსმა პირველად მახსენა, მე მკერდზე მივიდე ხელი და პატივისცემის ნიშნად თავი დავუხარე აუდიტორიას, რამაც განუზომელი სიცილ-ხარხარი გამოიწვია დამსწრეთა შორის. კვლავ აწკარუნდა თავმჯდომარის ზანზალაკი და კვლავ ნელინელ დამყარდა წესრიგი, რამაც მიმახვედრა, რომ ამგვარი ჟესტებით სასიკეთოს ვერაფერს მივაღწევდი - ნებისმიერი ჩემი გონივრული ქმედება აღიქმებოდა, როგორც კარგი გაწვრთნის შედეგი. ამიტომაც ზაიუსის მოხსენების დასრულებამდე ოდნავადაც აღარ შევტოკებულვარ.
ზაიუსმა ბოლოს საკუთარი დასკვნებით შეაჯამა სიტყვა და განაცხადა, რომ ახლა ჩემი ნაირგვარი შესაძლებლობის დემონსტრირებას მოახდენდა. მისი საძაგელი ექსპერიმენტებისათვის კი ამასობაში უკვე მოემზადებინათ ყველა ინვენტარი. ზაიუსმა ისიც აღნიშნა, რომ მე, ზოგიერთი ფრინველის მსგავსად, ცალკეული სიტყვების წარმოთქმაც შემეძლო და ახლა შეეცდებოდა ეს ტრიუკიც წარმოეჩინა აუდიტორიისათვის. შემდეგ მან ნაირგვარი საკეტით ჩაკეტილი ყუთი აიღო და მე გამომიწოდა, მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ სწრაფად გამეღო ეს რაზა-კლიტეები, სულ სხვაგვარად მოვიქეცი.
ნანატრი წუთი დადგა! მე აღვმართე ხელი, მიკროფონს მივუახლოვდი და კონგრესის თავმჯდომარეს მივმართე:
- ღრმადპატივცემულო თავმჯდომარე! - წარმოვთქვი და შევეცადე მაიმუნების ენის ყველაზე უფრო სწორი და გამრთული ფორმებით მემეტყველა. - მე დიდი სიამოვნებით გავხსნი თქვენთვის ამ ყუთის სხვადასხა საკეტს და პროგრამის ყველა ნომერსაც სიამოვნებით შევასრულებ, მაგრამ ვიდრე ამას მოვიმოქმედებ, გთხოვთ ერთი განცხადების უფლება მომცეთ, რაც, ჩემი აზრით, დიდად გააოცებს თქვენს სამეცნიერო საზოგადოებას.
თავმჯდომარე ბრიყვული სახით მიცქერდა და ვერაფერი გაეგო, ზაიუსი კი ელდანაკრავივით თრთოდა...
- ბატონო თავმჯდომარე! - ძლივს ამოღერღა ორანგუტანმა - მე პროტესტს ვაცხადებ...
მაგრამ ცხადი შეიქნა, რომ ზაიუსი ვერაფერს გახდებოდა ჩემთან დავაში და დადუმება არჩია. ვიხელთე დრო და განვაგრძე სიტყვა:
- ბატონო თავმჯდომარე! მე დიდი პატივითა და ღირსებით ვეპყრობი ჩვენი ინსტიტუტის ხელმძღვანელს, მაგრამ მაინც გავბედავ და გავაკეთებ ჩემს განცხადებას, რომლის შემდეგაც ბატონი ზაიუსის მიერ მომზადებულ ნებისმიერ ტრიუკს პირნათლად შევასრულებ.
წამიერი დუმილის შემდეგ დარბაზში ქარიშხალი ამოვარდა. პუბლიკა გაოგნებული ყვიროდა! მაიმუნები ისტერიული `ვაშას~ თუ რაღაც სხვა გამამხნევებელი სიტყვების ძახილით ან უბრალოდ პანიკური შიშის გამოხატვით, ეგებ სიცილ-ხარხარითაც, ჩემი სიტყვის გაგრძელებას ითხოვდნენ. ორიოდ წუთში ფოტორეპორტიორებიც მოეგნენ გონს და მათი აპარატებიდან მომდინარე შუქმა დარბაზი ცეცხლმოდებულ ორმოს დაამგვანა. ასე გრძელდებოდა ხუთიოდე წუთის განმავლობაში, ვიდრემდე თავმჯდომარე გორილა უაზროდ მომშტერებოდა და როცა იგიც მოეგო გონს, თავადვე ინება და დარბაზის დასამშვიდებლად ზარს სწვდა.
- მ-მ-მ-აპატიეთ! არ ვიცი, რო-გ-გ-გ-ორ მოგმართოთ?! - ენის ბორძიკით გამომელაპარაკა გორილა.
- უბრალოდ "მუსიე"! - ვუპასუხე.
- დიახ, მ-მ-მ-მ... მუსიე! მე მგონი, ეს ისეთი საგანგებო შემთხვევაა, როცა სამეცნიერო კონგრესი ვალდებულია მოისმინოს თქვენი განცხადება!
ამ ბრძნულმა გადაწყვეტილებამ აპლოდისმენტების ახალი ქარიშხალი წარმოშვა. სწორედ ეს მინდოდა მეც, დავდექი ესტრადის შუაგულში, მიკროფონი ჩემს სიმაღლეზე დავაყენე და შემდეგი სიტყვა წარმოვთქვი.
მერვე თავი
"- ბატონო თავმჯდომარე!
კეთილშობილო გორილებო!
ბრძენო ორანგუტანებო!
ღირსეულო შიმპანზეებო!
დიდსულოვანო მაიმუნებო!
ნება მიეცით ადამიანს, მოგმართოთ თქვენ!
ვიცი, რომ სასაცილოდ გამოვიყურები, ვიცი, რომ ჩემი ცხოველური გამომეტყველება შეურაცხმყოფელია თქვენი მზერისათვის, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ახლა მივმართავ ყველაზე ცნობილ, ყველაზე ბრძენ მაიმუნებს, რომელთა გონებას შეუძლია შეგრძნებათა პირობითობაზე ამაღლდეს და შეიცნოს გონიერი არსება ჩემს ამგვარ არაესთეტურ გამომეტყველებაში".
ამგვარი მაღალფარდოვანი და თვითდამამცირებელი შესავალი სიტყვა ზირას და კორნელიუსის ძალდატენებით წარმოვთქვი, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ ეს ორანგუტენების კეთილგანწყობას მომაპოვებინებდა. და სრულ სიჩუმეში ჩემი ძირითადი სათქმელიც ვთქვი:
- "მომისმინეთ, მაიმუნებო! მომისმინეთ, რადგან მე შეგნებულად ვმეტყველებ და არ ვარ რომელიმე თუთიყუში ან ხელოვნური ავტომატი. მე ვაზროვნებ და ისე ვმეტყველებ და ისევე კარგად მესმის თქვენი, როგორც თქვენ გაგეგებათ ჩემი ნაუბარი. როცა ჩემს სიტყვას დავასრულებ, თქვენი პატივცემული მეცნიერების ნებართვით ვუპასუხებ ყველა კითხვას, რაც ჩემდამი გაგიჩნდებათ.
მანამდე კი მე თქვენ ერთი გასაოცარი ჭეშმარიტება უნდა გითხრათ. მე არამხოლოდ გონიერი არსება ვარ, რომელიც ადამიანურ სხეულშია მოქცეული, არამედ შორეული სამყაროდან გახლავართ მოსული, ანუ იმ სამყაროდან, რასაც პლანეტა დედამიწა ჰქვია და რომელიც ბუნების გაუცნობიერებელი ფანტაზიის წყალობით ადამიანთა საბრძანებლადაა ქცეული. შევეცდები ჩემი პლანეტის ადგილმდებარეობა მოგახსენოთ"....
მივუახლოვდი შავ დაფას და რამოდენიმე ნახაზის საშუალებით შევეცადე მზის სისტემის ადგილმდებარეობა მეჩვენებინა მთელ გალაქტიკაში. ეს ახსნა-განმარტებანი კვლავაც დაძაბული სიჩუმით მოისმინა დარბაზმა. მაგრამ როცა ხაზვა დავასრულე და ცარცის ჩამოსაბერტყად ხელისგულები ერთმანეთს შემოვკარი, ზემოთა რიგებში ენით აუწერელი ხმაური გაისმა. მე კვლავ მოვავლე აუდიტორიას თვალი და უფრო მეტი დამაჯერებლობით განვაგრძე:
"- ასე რომ, ჩვენს პლანეტაზე გონიერების მქონენი არიან მხოლოდ ადამიანები. ეს სრული ჭეშმარიტებაა და თქვენ უნდა დამიჯეროთ! ჩვენთან ევოლუციას განიცდიდნენ ადამიანები მაშინ, როცა მაიმუნები ველურ დონეზე დარჩნენ, რაც ახლა, როცა თქვენს უზარმაზარ ცივილიზაციას გავეცანი, ჩემში დიდ გაოცებას იწვევს. დიახ, დედამიწაზე ტვინი განუვითარდა მხოლოდ ადამიანს; ამიტომაც სწორედ ადამიანებს აქვთ უნარი მეტყველებისა, უნარი ცეცხლის მოპოვებისა თუ სხვა გონივრული საქმიანობისა. ადამიანები გახდნენ დედამიწის ბატონ-პატრონები და გარკვეულად სახეც კი უცვალეს ამ პლანეტას; ადამიანებმა შეძლეს იმგვარი სრულყოფისათვის მიეღწიათ, რაც თითქმის თქვენი პლანეტის ბინადართა დონეს უტოლდება და ზოგ საკითხში ასწრებს კიდეც მას... ო, ბრძენო მაიმუნებო!"
აქ უკვე ჩვენი ცივილიზაციის მიღწევათა მაგალითების მოხმობა დავიწყე; აღვწერდი ჩვენს ქალაქებს, ქარხნებს, საკომუნიკაციო საშუალებებს, ვახასიათებდი ჩვენს ქვეყნებს, მთავრობებს, ადათ-წესებსა თუ კანონებს და არც გართობის თავისებურებანი დამვიწყებია. შემდეგ ორანგუტანებს მივმართე და ვთხოვე ყურადღებით მოესმინათ ჩემი მონათხრობი დედამიწის მეცნიერული მიღწევების შესახებ. მე ვლაპარაკობდი და ვგრძნობდი, რომ ხმაში სიმტკიცე მემატებოდა და ვემგვანებოდი იმ მილიონერს, რომელიც თავისი ქონება-სიმდიდრით ტრაბახობს.
შემდეგ ჩვენი კოსმიური მოგზაურობის ამბები გავიხსენე. დეტალურად აღვწერე, თუ როგორ ჩამოვაღწიეთ ბეთელჰეიზეს სისტემამდე და როგორ დავეშვით სორორაზე; როგორ აღმოვჩნდით ადამიანების ტყვეობაში და როგორ ვცდილობდი ღრმადპატივცემულ ზაიუსთან კონტაქტის დამყარებას და როგორ ვერ შევძელი ეს და ამაში, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი დავადანაშაულე. ბოლოს ზირას საოცარი საზრიანობის ამბავიც მოვყევი და არც ის დამვიწყებია, თუ რაოდენი დახმარება გამიწიეს მან და დოქტორმა კორნელიუსმა. ჩემი გამოსვლა კი ასე დავასრულე:
- აი, ყველაფერი, რის თქმაც მინდოდა... ო, მაიმუნებო! თავად გადაწყვიტეთ, მთელი ამ მონათხრობის შემდეგ სამართლიანი იქნება თუ არა ჩემი, როგორც ნადირის დატოვება გალიაში. ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ჩვენ აქ არანაირ ცუდ ზრახვებს არ ჩამოვუყვანივართ და მხოლოდ შეუცნობლის შეცნობის სურვილი გვამოძრავებდა. მას შემდეგ კი, რაც თქვენი ენა შევისწავლე, მე სულ უფრო მხიბლავს აქაურობა და გულწრფელად ვარ აღფრთოვანებული თქვენით. უკანასკნელ ხანს მე ერთი გეგმაც კი შევიმუშავე, რასაც სიამოვნებით გავუზიარებ თქვენი პლანეტის პატივცემულ მეცნიერებს და ვიმედოვნებ, რომ საერთო ძალისხმევით დედამიწასთან კონტაქტს დავამყარებთ! დიახ, თუ ადამიანები და მაიმუნები ხელიხელჩაკიდულნი გავლენ ამ უკიდეგანო სამყაროში, მათ ვეღარანაირი ძალა და შეუცნობლობა ვეღარ დაუდგებათ წინ!
ამ სიტყვებზე სული ყელში მომებჯინა და ძლივსღა დავასრულე სათქმელი. მივუბრუნდი თავმჯდომარეს, რათა მისი რეაქცია დამენახა, მან კი ისღა შეძლო, რომ წყლით სავსე ჭიქას დასწვდა და ერთი ყლუპით გადასანსლა. დარბაზი თითქოს ამას ელოდა, ისე გამაოგნებლად აყაყანდა, რომ ცნება "ბაკქანალიის" მნიშვნელობა მთელი სიცხადით იქ გავიაზრე. ვხვდებოდი, რომ გამარჯვება ჩემს მხარეს იყო, მაგრამ დარბაზის მიერ გამოხატული ამგვარი პანიკისა და ჩოჩქოლისათვის ნამდვილად მზად არ ვიყავი. მართალია, თითქმის დაყრუებული და დაბრმავებული აღვიქვამდი ამ ქაოსს, მაგრამ მალევე გავიაზრე, რომ ასეთი დონის ხმაურის მიზეზი იყო სხვა არაფერი გარდა იმისა, რომ მაიმუნები ემოციებს ოთხი კიდურის მეშვეობით გამოხატავდნენ. ათიათასობით სატანური არსება ისეთი ძალით ამოქმედებდა თავის ხელ-ფეხს, რომ შენობის გუმბათი ჩამოქცევამდე იყო მისული. მთელი ამ შთაბეჭდილებების ფონზე მაინც შევძელი შემენიშნა ზაიუსი, რომელიც ადგილიდან წამომხტარიყო და გამწარებული სცემდა ესტრადაზე ბოლთას, როგორც მაშინ, გალიასთან პირველად რომ დაუპირისპირდა ჩემს ინტელექტს. ეს იყო ჩემი უკანასკნელი გააზრებული ხილვა და მე სმენისწამღები ოვაციების თანხლებით ძალა გამომეცალა და უგონოდ დავეცი არენაზე.
მეცხრე თავი
გონზე კი კარგახანს ვერ მომიყვანეს. თვალი რომ გავახლე, უცნობ ოთახში ვიწექი; ზირა და კორნელიუსი თავს დამტრიალებდნენ, გორილა-პოლიციელები კი ძლივს აკავებდნენ ოთახში შემოჭრის მსურველ რეპორტიორებს.
- ეს დიდებული იყო! - ჩამჩურჩულა ზირამ. - შენ გაიმარჯვე!
- ულის! - მითხრა კორნელიუსმა - ჩვენ დიადი საქმეები გველის!
მან ისიც მაცნობა, რომ მცირე ხნის წინ სორორას დიდი საბჭოს სხდომა დამთავრებულიყო, სადაც მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მე გამათავისუფლეს.
- მავანნი წინააღმდეგნი იყვნენო - დააკონკრეტა კორნელიუსმა - მაგრამ საღმა აზრმა მაინც გაიმარჯვა! - შემდეგ მკითხა, თანახმა ვიყავი თუ არა მათთან მეთანამშრომლა და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კმაყოფილებით მოიფშვნიტა თათები.
- თქვენ აქ იცხოვრებთ - განაგრძო კორნელიუსმა - იმედია, ბინა მოგეწონებათ. მეც აქვე ვცხოვრობ და საერთოდ - ამ სართულზე მხოლოდ ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ცხოვრობენ.
მე კი გაოგნებული ვიცქირებოდი აქეთ-იქით და თავი კვლავ სიზმარში მეგონა. ოთახი საოცრად მოხერხებული იყო. დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ერა. მე დიდი გულმოდგინებით ვისწრფვოდი ამ ცვლილებისაკენ, მაგრამ ახლა რატომღაც მოწყენილობა დამეუფლა; ჩემი მზერა ზირას გამოხედვას გადაეჯაჭვა და საზრიანი მდედრი, მგონი, ჩაწვდა ამ მოწყენილობის მიზეზს.
- დიახ - ჩაილაპარაკა ზირამ ორაზროვანი ღიმილით - აქ, რა თქმა უნდა, ნოვა არ გეყოლება.
მე მხრები ავიჩეჩე, მგონი, წამოვწითლდე კიდეც, წამოვიწიე და წამოვჯექი. კვლავაც ვიგრძენი სხეულში ძალა და მალევე მსურდა ახალი ცხოვრების ორომტრიალში ჩაბმა.
- როგორ გრძნობ თავს? - მკითხა ზირამ - პატარა წვეულება ხომ არ დაგღლიდა? ამ დიადი დღის აღსანიშნავად საღამოს მეგობარი შიმპანზეები მოვიწვიეთ...
- ეს ჩემთვის სიამოვნება იქნება-მეთქი - ვუთხარი და თან დავამატე, რომ შიშვლად სიარული მეტისმეტად მომბეზრდა და ახლაღა შევნიშნე, რომ ტანზე უკვე რაღაც პიჟამო მეცვა, რომელიც კორნელიუსის გარდერობიდან ნათხოვარი აღმოჩნდა.
- ხვალიდან შენს ჩაცმულობაზე სერიოზულად ვიზრუნებთ - დამამშვიდა ზირამ - დღეისათვის კი სახელდახელო კოსტუმს შეგიკერავენ... აი, მკერავიც!
ოთახში პატარა შიმპანზე შემოვიდა და პატივისცემის ნიშნად თავი დამიკრა. გაირკვა, რომ სანამ გონს მოვიდოდი, ყველაზე ცნობილ მკერავებს შორის დავა ყოფილა გამართული ჩემი სამოსის შეკერვის შესახებ. გაუმარჯვია ამ პატარა შიმპანზეს, რომელიც თურმე უმაღლესი ჩინის გორილებსაც უკერავს ტანსაცმელს. თერძის ხელოვნებამ აღმაფრთოვანა. რაღაც ორიოდ საათში მან საკმაოდ კარგი კოსტუმი შემიკერა, მაგრამ მისი ჩაცმა იმდენად უხერხული აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ზირამაც კი იგრძნო ეს და თვალებგადმოკარკლული მომაშტერდა. ამასობაში კორნელიუსმა ჟურნალისტებიც შემოიყვანა ოთახში და მე კვლავ ყურადღების ცენტრში მოვექეცი. რეპორტიორებმა კითხვები სეტყვასავით დამაყარეს და სულ უფრო მეტი პიკანტური ამბის შეტყობა მოიწადინეს დედამიწის შესახებ. თავადაც ხომ ჟურნალისტი გახლავართ და ამიტომაც მორჩილად ვაძლევდი ინტერვიუს, რადგან მშვენივრად მესმოდა, თუ რა მნიშვნელობის საკბილო ვიყავი მე მათთვის. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ პრესას უზარმაზარი დახმარების გაწევა შეეძლო ჩემთვის.
როგორც იქნა, ამოიწურა ჟურნალისტთა ცნობისმოყვარეობა და ჩვენ კორნელიუსის მეგობრებისაკენ გავეშურეთ. მაგრამ რაწამს ოთახიდან გამოვედით, ჩვენ ზანამმა შეგვაჩერა. როგორც ჩანს, მას გაეგო ბოლოდროინდელი ამბები და ამიტომაც ლამის მიწაზე განერთხა ჩემს წინაშე... მანვე გვაცნობა, რომ თურმე ჩემი ხანგრძლივი არყოფნისა გამო ნოვა ისე გაცოფებულა, რომ ვერავის დაუწყნარებია; უფრო მეტიც, მისი მღელვარება სხვა ტყვეებსაც გადასდებიათ თურმე და ახლა ვეღარანაირი ჩხვლეტითა და სხვა საშუალებით ვეღარ აწყნარებენ მათ.
- ახლავე მოვალ - უთხრა ზირამ დარაჯ გორილას, ჩვენ კი იქ მოცდა გვირჩია, მაგრამ ჩემს მუდარით აღსავსე თვალებს რომ წააწყდა, მითხრა - თუ გინდა, შენც წამოდი. შენ ახლა თავისუფალი ადამიანი ხარ... და, ალბათ, შენ უფრო შეძლებ მის დაწყნარებას, ვიდრე მე.
ზირასთან ერთად ტყვეების გალიებისაკენ გავეშურე და რაწამს დამინახეს ადამიანებმა, მაშინვე დაწყნარდნენ და გაუაზრებლად მიიყუჟნენ კუთხე-კუნჭულებში. მათ, სამოსის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მიცნეს, თუმცა იმის გააზრება კი არ ძალუძდათ, თუ რამ გამოიწვია ასეთი ფერისცვალება. აკანკალებულმა ნოვას გალიამდე მივაღწიე, უფრო სწორად - ჩემს გალიამდე. მივედი ახლოს, გავუღიმე ქალს, გამოველაპარაკე კიდეც და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ მას ჩემი ესმის და სადაცაა პასუხსაც გამცემს. ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდა, უბრალოდ ჩემმა დანახვა იგი სხვებივით დაამშვიდა; ნოვამ შაქარიც კი გამომართვა და დამძიმებული გულით დიდხანს ვუსმენდი, თუ რა სიამოვნებით ღრღნიდა იგი ჩემს საჩუქარს.
* * *
ის საღამო, რომელიც კორნელიუსმა ჩემს საპატივცემლოდ ერთ-ერთ მოდურ კაბარეში გამართა, სამუდამოდ დარჩება ჩემს ხსოვნაში, რადგან მაშინ პირველად ვიგრძენი თავი მაიმუნების საზოგადოების სრულუფლებიან წევრად.
დასაწყისშივე საამო გრძნობები დამეუფლა, რადგან ალკოჰოლისაგან ხანგრძლივი თავშეკავების შემდეგ ჩემმა ორგანიზმა, როგორც იქნა, მიიღო სასურველი დოპინგი. აქვე უცნაური გრძნობაც დამეუფლა, რაც შემდგომშიც არაერთხელ მიგრძვნია, მაგრამ მასში გარკვევას ვერასოდეს ვახერხებდი. ამას შეიძლება ეწოდოს ასეთი რამ - ჩემს ცნობიერებაში თანდათანობითი წაშლა იმ ზღვარისა, რაც ჩემსა და მაიმუნებს შორის არსებობდა. ახლა მე მათში გორილებს, ორანგუტანებს ან შიმპანზეებს კი არა, ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენელ გონიერ არსებებს ვხედავდი. მაგალითად, მეტრდოტელი, რომელიც იმ წვეულებაზე კაბარეს კარებში მედიდურად შემოგვეგება, ჩემთვის მამრი გორილა კი არა, ჩვეულებრივი მეტრდოტელი იყო. ხოლო როცა ზირასთან მომიხდა ცეკვა, მე იმას კი ვერ ვიაზრებდი, რომ ეს ქალბატონი შიმპანზე გახლდათ, არამედ ხელით მისი მოქნილი წელის მშვენიერებას ვგრძნობდი.
აღარ აღვწერ დაწვრილებით იმას, თუ რა შთაბეჭდილება მოვახდინე მე მაიმუნებზე; ბუნებრივია, რომ ყურადღების ცენტრში ვიყავი და ორი დარაჯი გორილა, რომლებიც კორნელიუსმა საგანგებოდ მოიწვია, ძლივს აკავებდნენ სამივე რასის მდედრ მაიმუნებს, რომლებსაც ჩემგან ავტოგრაფის მიღება ეწადათ.
გვიან ღამემდე ვისხედით და უცებ პროფესორი ანტელი გამახსენდა; ამან საზიზღარი გრძნობები აღძრა ჩემში და სირცხვილისაგან ლამის ავღრიალდი - მე აქ განცხრომაში ვიყავი, პროფესორი კი ზოოპარკის გალიის თივის ზვინში იყო შეყუჟული. ზირამ ჩემი მღელვარების მიზეზი რომ გაიგო, განაცხადა, რომ პროფესორიც უნდა გაეთავისუფლებინათ, რასაც დამსწრე საზოგადოებაც დაეთანხმა და ჩვენ დაყოვნებლივ გავეშურეთ ზოოპარკისაკენ.
შუაღამე გადასული იყო, ზოოპარკის დირექტორი რომ გავაღვიძეთ, რომელსაც უკვე სმენოდა ჩემი ამბავი. კორნელიუსმა მას განუმარტა პროფესორ ანტელის ვინაობა, მაგრამ მან დილამდე ისურვა მოცდა, რათა რაღაც ფორმალობები შეესრულებინა, თუმცა ანტელთან გასაუბრების ნება იმავე ღამეს დამრთო. უკვე თენდებოდა, პროფესორის გალიასთან რომ მივედით, სადაც იგი სხვა ტყვეებთან ერთად ცხოველურ პირობებში ცხოვრობდა. ადამიანებს წყვილ-წყვილად ეძინათ, მაგრამ დირექტორმა შუქი რომ აანთო, ყველამ თვალი გაახილა.
მე მაშინვე დავინახე ჩემი მეგობარი; ისიც სხვებივით თივის ზვინში იყო მოკუნტული, მის გვერდით კი საკმაოდ ახალგაზრდა ქალი იწვა. ამ სანახაობამ თვალთაგან ცრემლიც კი გადმომადინა და გალიის გისოსებთან მივვარდი; ტყვეებს არანაირი რეაქცია არ გამოუმჟღავნებიათ, რადგან კარგად იყვნენ გაწვრთნილნი და უბრალოდ ყირაზე გადასვლა დაიწყეს ტკბილეულის მოლოდინში. დირექტორმა მათ ნამცხვრის ნაჭრები გადაუყარა და უმალ გაიმართა ზედახორა, რაშიც ასაკოვანი ადამიანები არ მონაწილეობდნენ და მხოლოდ საბრალოდ იშვერდნენ ჩვენკენ ხელს. ამ მათხოვართა შორის იყო პროფესორი ანტელიც; იგი დირექტორისაკენ იმზირებოდა და შემზარავი სიბრალულით ითხოვდა საკვებს. ამგვარმა დამცირებამ აღმაშფოთა და პროფესორს მივუახლოვდი; თვალი თვალში გავუყარე მას, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ვერ მცნობდა; უფრო მეტიც - მე მის თვალებში გონიერების ნატამალსაც ვეღარ ვხედავდი. შეძრწუნებულმა გავიაზრე ის, თუმცა... დავატანე თავს ძალა და პროფესორს გამოველაპარაკე:
- პროფესორო!... მეტრ!... ეს მე ვარ, ულის მერუ. ჩვენ გადავრჩით... - მაგრამ წამიერად გაოგნებული დავდუმდი; ჩემი ხმის გაგონებაზე პროფესორი ანტელი სორორას ადამიანებივით შეშინდა და კუთხეში მიიყუჟა - პროფესორო! პროფესორო! - ვევედრებოდი - მე ვარ, ულის მერუ, თქვენი მეგობარი. მე თავისუფალი ვარ და რამოდენიმე საათში თქვენც გაგათავისუფლებთ. ეს მაიმუნები ჩვენი მეგობრები არიან და დაგვეხმარებიან...
პროფესორმა კი ერთი სიტყვაც არ მითხრა. მას ჩემი არაფერი გაეგებოდა და მხოლოდ შიშს მატებდა ჩემი გაუთავებელი ვედრება. მე სასოწარკვეთილებამ შემიპყრო და იქ მყოფი მაიმუნები მეტისმეტად გააოცა ამან, მხოლოდ კორნელიუსი მოიღუშა; მგონი, რაღაცას ხვდებოდა იგი... მე ისიც კი ვიფიქრე, ეგებ პროფესორი მაიმუნების შიშით თავს იკატუნებს და არ ლაპარაკობს-მეთქი. ამიტომაც ვთხოვე მაიმუნებს უკან გამდგარიყვნენ და კვლავ გამოველაპარაკე პროფესორს:
- მეტრ! - შევღაღადე მას - მესმის თქვენი სიფრთხილე. ვიცი, რა საფრთხეც ელით დედამიწელებს ამ პლანეტაზე, მაგრამ ახლა მარტონი ვართ და გარწმუნებთ, ყველა განსაცდელი დასრულდა. ამას გეუბნებით მე, ულის მერუ, თქვენი მოსწავლე, თქვენი მეგობარი!...
ანტელი კი უფრო მეტი შიშით მიმზერდა და უკიდურესი იმედგაცრუებისაგან ვეღაფერს ვეუნებოდი... უცებ პროფესორმა პირი გააღო!
ნუთუ დავითანხმე?! სუნთქვაშეკრული ველოდი, თუ რას მეტყოდა, მაგრამ იმან, თუ როგორ გამოხატა მან თავის გრძნობები, ჭკუიდან შემშალა... დიახ, პროფესორმა პირი გააღო და იქიდან ისეთივე ღრიალი ამოიფრქვა, როგორსაც სორორელები გამოსცემენ ხოლმე დიდი შიშის ან სიამის განცდისას...
მესამე ნაწილი
პირველი თავი
მთელი ღამე ვბორგავდი და ადრიანად გამეღვიძა; სანამ ავდგებოდი, დიდხანს ვიწრიალე ლოგინში და თვალებსაც გულმოდგინედ ვიფშვნეტდი, თუმცა გონს მოსვლა მაინც გამიჭირდა. აგერ უკვე ერთი თვე შესრულდა, რაც ცხოვრების ცივილიზირებულ წესს მივდევდი, მაგრამ მასთან შეგუება ვერაფრით მოვახერხე - ყოველ დილით იმის უამური შეგრძნება მაწუხებდა, რომ გამხმარი თივის შარიშური ჩემს სმენას აღარ სწვდებოდა და აღარც ნოვას თბილი სხეული მეკვროდა ტანზე.
ახლა ინსტიტუტში ერთ-ერთი საუკეთესო შენობა იყო გამოყოფილი ჩემთვის; მაიმუნებმა დიდი გულუხვობა გამოამჟღავნეს: მე მქონდა აბაზანიანი ოთახი, ტანსაცმელი, წიგნები, ტელევიზორიც კი. შემეძლო მეკითხა ყველა ახალი გაზეთი, მქონდა მონიჭებული აბსოლუტური თავისუფლება და ამიტომაც ხშირად დავდიოდი ქალაქში და ნაირგვარ სანახაობებსაც ვესწრებოდი. ჩემი გამოჩენა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოველთვის იწვევდა პუბლიკის ცნობისმოყვარეობას, თუმცა პირველი დღეების აჟიოტაჟი თანდათან ცხრებოდა. ახლა ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელობა კორნელიუსს დაევალა, ზაიუსი გაათავისუფლეს, თუმცა სხვა მნიშვნელოვან პოსტზე გაამწესეს, მის ადგილზე კი სწორედ ზირას საქმრო დანიშნეს. შედეგად მოხდა სამეცნიერო კადრების გაახალგაზრდავება და მეცნიერი შიმპანზეების რიცხვის ზრდა, რამაც უმალ იჩინა თავი თითოეული რგოლის მოღვაწეობის გააქტიურებაში. ზირას კი ახალი ხელმძღვანელის სწავლული მდივნობა დაეკისრა.
რაც შემეხება მე, ახლა კორნელიუსის ექსპერიმენტებში ვმონაწილეობდი არა როგორც ცდების ობიექტი, არამედ როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორი. უნდა ითქვას, რომ ამის მისაღწევად კორნელიუსს დიდი შეხლა-შემოხლის გადატანა დასჭირდა დიდ საბჭოსთან, რადგან სორორას ოფიციალური მთავრობა ჯერაც ეჭვის თვალით უყურებდა ჩემს გონიერებას.
* * *
და აი, გალიების ოთახში ისე დავაბიჯებ, როგორც ამ პლანეტის ერთ-ერთი ბატონ-პატრონი. განა გასაკვირია, რომ სორორელ ადამიანებთან მე უფრო ხშირად დავაირები, ვიდრე ამას სამეცნიერო კვლევა-ძიება ითხოვს? არის მომენტები, როცა მაიმუნების საზოგადოება თავს მაბეზრებს და აქ მოვდივარ სევდის განსაქარვებლად.
ყველა ტყვე მშვენივრად მცნობს და მცირეოდენი წინააღმდეგობის გარეშე მემორჩილება. ნეტავი გრძნობენ ან ესმით მათ, რომ ჩემსა და აქაურ მაიმუნებს შორის დიდი სხვაობაა? ვეჭვობ, რომ ამ სხვაობას აფიქსირებდნენ, მაგრამ მაინც მაქვს ამის დიდი იმედი. აგერ, უკვე თვეზე მეტია, მათთან ვმუშაობ და ვერაფრით შევძელი მესწავლებინა იმაზე მეტი, ვიდრე ეს კარგად მოთვინიერებულმა და გაწვრთნილმა ცხოველმა იცის. მიუხედავად ამისა, ინტუიციით ვგრძნობ, რომ უნდა შეძლონ ბევრად უფრო მეტი!
მე ვცდილობ, ისინი ავამეტყველო, ეს ჩემთვის ღირსების საკითხიცაა. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არაფერი გამომდის, უფრო სწორად - თითქმის არაფერი: ზოგიერთი ტყვე ახერხებს ჩემთან ერთად ორი-სამი მარტივი ბგერა გაიმეოროს, მაგრამ ამას დედამიწაზე შიმპანზეებიც ხომ ახერხებენ?! დიახ, ეს ძალზედ ცოტაა, მაგრამ მაინც არ ვაპირებ უკან დახევას, რადგან ძალასა და იმედს მმატებს ის დაჟინება, რასაც ახლა სორორელი ადამიანები ჩემი მზერის დაჭერაში ავლენენ. უკანასკნელი დროის განმავლობაში მათი თვალები თითქოს შეიცვალაო და მგონია, რომ მათში ცნობისმოყვარეობაც კი მოჩანს, რაც აშკარად განსხვავდება ნადირის უგნური თვალთა ბრიალისაგან.
აუჩქარებლად დავდივარ გალიების დერეფანში და ყოველი ადამიანის წინ დიდხანს ვჩერდები. ვესაუბრები ტყვეებს, ველაპარაკები დიდი მოთმინებითა და სიყვარულით. ახლა ისინი მიეჩვივნენ იმას, რომ ჩემგან, მათი მსგავსი არსებისაგან დანაწევრებული მეტყველების ბგერები ესმით. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი მე მისმენენ. მე ვლაპარაკობ ორიოდე წუთს, შემდეგ ვჩერდები და ცალკეულ სიტყვებს ვამბობ... ვიმეორებ ამ სიტყვებს არა ერთხელ და ორჯერ და ველოდები, რომ პასუხიც მოვისმინე. აი, ადამიანი წვალებით წარმოთქვამს ერთ მარცვალს, მაგრამ მეტს ვეღარ ახერხებს; იგი ძალზედ მალე იღლება და იატაკზე ისე ენარცხება, როგორც მთელი დღის დამქანცველი შრომის შემდეგ ძალაგამოცლილი მუშა. იმედგაცრუებას ვერ ვმალავ და მეორე გალიასთან გადავდივარ; ასე თანდათანობით მივდივარ იმ გალიამდე, სადაც მოწყენილი ნოვა ზის. ყოველ შემთხვევაში მე, დედამიწელ ადამიანს, მეჩვენება, რომ იგი მოწყენილია და ვცდილობ ეს გრძნობა მის მშვენიერ, მაგრამ უმეტყველო სახეზე დავინახო.
ხშირად ვფიქრობ ნოვას შესახებ მიჭირს მასთან გატარებული დღეების დავიწყება, მაგრამ კონგრესის შემდეგ მასთან აღარ შევსულვარ გალიაში, რადგან ეს ადამიანური ღირსების შელახვად მიმაჩნია. ნოვა ხომ, სხვა არაფერია, თუ არა პირუტყვი! ახლა მე უმაღლეს ინტელექტუალურ წრეებში მიხდება ყოფნა და ამგვარი კონტაქტი უგნურ არსებასთან წარმოუდგენელიც კია ჩემთვის. სირცხვილის ალმურიც კი გადამკრავს ხოლმე, როცა ჩვენი ინტიმური ურთიერთობა მახსენდება; მას შემდეგ, რაც გონიერ არსებათა ბანაკში გადავინაცვლე, ნოვას ისევე ვეპყრობი, როგორც მის მსგავს სხვა არსებებს და არ ვაძლევ თავს უფლებას, რომ მის მიმართ საგანგებო ყურადღება გამოვიჩინო.
და მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიარო, რომ ნოვა პირველხარისხოვანი საექსპერიმენტო ობიექტია და გულის სიღრმეში მახარებს კიდეც ეს. ამ ქალბატონმა ბევრად გაასწრო თავის თანაპლანეტელებს გონიერებისაკენ მავალ გზაზე. ჩემს დანახვაზე იგი გისოსებთან მოდის და მის სახეზე რაღაც ისეთი გრიმასა აისახება ხოლმე, რასაც ძნელად თუ დაარქმევ ღიმილს. ვიდრე მე დავიწყებ ლაპარაკს, ნოვა თავად მეუბნება ათიოდე გაზეპირებულ მარცვალს და დღითიდღე სულ უფრო უკეთ ახერხებს ამას. არის ეს თუ არა იმის ნიშანი, რომ იგი სხვებზე უფრო მეტი ნიჭიერებითაა დაჯილდოებული? ან იქნებ ჩემთან ხანგრძლივმა კონტაქტმა დაამყარა ჩვენს შორის ტელეპათიური კავშირი, რამაც ჩემი გაკვეთილები უფრო გასაგები გახადა მისთვის? ეს უკანასკნელი ვარაუდი უფრო მომწონს მე, რადგან ის ჩემს პატივმოყვარეობას სალბუნივით ედება.
მე ვამბობ ჩემს სახელს, შემდეგ მის სახელს, ჯერ საკუთარ მკერდზე ვიდებ ხელს, შემდეგ მას ვადებ; ნოვა იმეორებს ჩემს ჟესტს, მაგრამ უცებ სახეზე ცოფიანი ნადირის მრისხანება აღებეჭდება, კბილებს მიღრჭენს და... ზურგსუკან ჩუმი სიცილი მესმის. ეს ზირაა, რომელიც დროდადრო ჩემს ექსპერიმენტებს აკვირდება, მისი გამოჩენა კი ნოვას არსებაში რაღაც ეჭვიანობის მაგვარ გრძნობას ბადებს. ზირასთან ერთად ხშირად კორნელიუსიც მოდის. მას ძალზედ აღელვებს ჩემი ექსპერიმენტების შედეგები და საბოლოო რეზულტატსაც იმედიანად ელის. თუმცა დღეს კორნელიუსი სხვა მიზნით მოვიდა, სახეზევე ეტყობა, რომ ძალზედ აღელვებულია:
- ულის, ჩემთან ერთად მოგზაურობაზე უარს ხომ არ იტყოდით?
- მოგზაურობაზე?
- ეს ძალზედ შორეული მოგზაურობა იქნება, ჩვენ პლანეტის მეორე მხარეს მოგვიწევს წასვლა. არქეოლოგებმა იქ რაღაც გათხარეს, რაც, საერთო აზრით, ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ გათხრებს ორანგუტანი ხელმძღვანელობს და ძნელი დასაჯერებელია, რომ მან საჭირო დასკვნები გამოიტანოს. ისინი განსაცვიფრებელ გამოცანას წააწყდნენ, რომლის სწორი ამოხსნაც ჩემს გამოკვლევებს გადამწყვეტ მნიშვნელობას მიანიჭებს. აკადემია იქ საგანგებო მივლინებით მაგზავნის და ვფიქრობ, რომ თქვენი წამოსვლა ძალზედ სასარგებლო იქნება ჩემთვის.
მე ჯერ არ მესმის, თუ რა სარგებლის მოტანა შემიძლია, მაგრამ დაუფიქრებლად და დიდი სიხარულით ვთანხმდები, რადგან დიდი ხანია სორორას სხვა რეგიონების ხილვა მსურს.
მე და კორნელიუსი მის კაბინეტში შევდივართ სათათბიროდ. იმ დღეს დაგეგმილი მოვლენების ამგვარი შემობრუნება კმაყოფილებას იწვევს ჩემში; გეგმით პროფესორ ანტელს უნდა შევხვედროდი, რომლის მდგომარეობა კვალავაც დამთრგუნველია და ყოველი შეხვედრა მასთან უკვე საოცრად მძიმედ გადასატანი ხდება ჩემთვის. ჩემი თხოვნით პროფესორი ცალკე პალატაში მოათავსეს, მაგრამ დღემდე ვერაფრით მოვახერხე მასში მეხსიერების გაღვიძება - იგი არანაირ თხოვნას და ბრძანებას არ ემორჩილება და ისე იქცევა, როგორც ნამდვილი ცხოველი.
მეორე თავი
ჩვენ ერთი კვირის შემდეგ გავემგზავრეთ. ზირაც ჩვენთან ერთად გამოფრინდა, მაგრამ მალევე მოუწია უკან დაბრუნება, რათა კორნელიუსის არყოფნაში ინსტიტუტის საქმეებისათვის მიეხედა. თავად კორნელიუსი კი გათხრების რეგიონში ბევრად უფრო მეტხანს აპირებდა დარჩენას, თუ, რა თქმა უნდა, ნაპოვნი ექსპონატები ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდება.
ჩვენ საგანგებო თვითმფრინავი გამოგვიყვეს, რომელიც ძალზედ წააგავდა ჩვენს ძველ რეაქტიულ თვითმფრინავებს, მაგრამ მაიმუნების საფრენი აპარატი ბევრად უფრო კომფორტაბელური აღმოჩნდა. აქ ჩვენ განგვათავსეს სპეციალურ პატარა სალონში, სადაც არანაირი გარეშე ხმა არ შემოდიოდა და ჩვენ თავისუფლად შეგვეძლებოდა საუბარი. ამ სალონში, როგორც ვთქვი, ჩვენთან ერთად ზირაც იმყოფებოდა.
თავს ბედნიერად ვგრძნობდი, რადგან ამგვარ მოგზურობას დიდი ხანია ველოდი და, ბუნებრივია, აღარ გამკვირვებია, როცა თვითმფრინავის შტურვალთან პილოტი შიმპანზე დავინახე. საოცარი სანახავი იყო ციდან დანახული სორორას პეიზაჟები და უფრო საოცარი იყო ამომავალი ბეთელჰეიზეს თვალთვალი. ჩვენ დაახლოებით ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე მივფრინავდით, ჰაერი იყო საოცრად გამჭვირვალე და მთელი სისრულით მოჩანდა, თუ როგორ შორდებოდა ჰორიზონტის ხაზს გიგანტური ვარსკვლავი, რაც ისეთივე ზომით მოჩანდა, როგორც ჩვენი მზე - დიდი ლინზების მქონე ჭოგრიტში. ჩემთან ერთად ზირაც აღტაცებული უმზერდა ამ სანახაობას.
- თქვენს დედამიწაზეც ასეთი ლამაზია ალიონი? - მკითხა ზირამ. - ნუთუ თქვენი მზე შეიძლება ჩვენსას შეედაროს?!
მე ვუთხარი, რომ მზე ასეთი წითელი და დიდი არ არის, მაგრამ მისი მშვენიერება ჩვენ სავსებით გვაკმაყოფილებს და სანაცვლოდ ნიშნი იმით მოვუგე, რომ ჩვენი მთვარე ბევრად უფრო დიდი და კაშკაშაა, ვიდრე სორორას ღამეული თანამგზავრი.
ჩვენ ისე ვმხიარულობდით, როგორც არდადეგებზე წასული სკოლის მოსწავლეები და მე ზირას ისე ვეხუმრებოდი, როგორც ძველ, კარგ ნაცნობს. მოგვიანებით, ჩვენს საუბარს კორნელიუსიც რომ შემოუერთდა, მგონი, გამანაწყენა კიდეც ამან, რადგან ქალთან მუსაიფში ხელი შემიშალა. კორნელიუსს რაღაც აწუხებდა. კაცმა რომ თქვას, მთელი ეს უკანასკნელი კვირა იგი აშკარად ნერვიულობდა. იმისათვის, რომ წამოწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა, მას ძალზედ დიდი მუშაობის ჩატარება უხდებოდა, ზოგჯერ საამისოდ მთელი დღეების განმავლობაში უწევდა ლაბორატორიაში გამოკეტვა. თავისი საქმიანობის შესახებ იგი ლაპარაკს ერიდებოდა და ზირამ, მგონი, ჩემზე მეტი არაფერი იცოდა ამ საკითხებისა. მე კი ვიცოდი მხოლოდ ის, რომ კორნელიუსს მაიმუნების წარმოშობის პრობლემა აღელვებდა და რომ ამ მეცნიერი-შიმპანზეს დასკვნები სულ უფრო შორდებოდა სორორაზე გაბატონებულ თეორიებს. იმ დილით კორნელიუსმა პირველად გამაცნო თავისი ნააზრევის ზოგიერთი მხარე და მივხვდი, თუ რატომ აღელვებდა ჩემი, როგორც მოაზროვნე ადამიანის, პიროვნება აგრერიგად. მან საუბარი იმავე თემით დაიწყო, რის შესახებაც ათასჯერ მაინც გვისაუბრია:
- ულის, თქვენი ნაამბობიდან ვიცი, რომ დედამიწაზე მაიმუნები ჩვეულებრივი ცხოველები არიან, ხომ? რომ ადამიანებმა, მათგან განსხვავებით, ცივილიზაციის ისეთ დონეს მიაღწიეს, რაც ჩვენსას უტოლდება და ზოგ საკითხში სჯობნის კიდეც მას? დიახ, საკითხის ამგვარი წარმოჩენა ჩემს პატივმოყვარეობას არ ლახავს - მეცნიერებისათვის ჭეშმარიტება მეტს ნიშნავს, ვიდრე თავმოყვარეობა.
- დიახ, ბევრ სფეროში ჩვენ გაჯობეთ, ეს ფაქტია! და ამის ნათელი დადასტურებაა ჩემი ჩამოფრენა თქვენს პლანეტაზე, თქვენ კი, როგორც ვიცი, კოსმოსის ათვისებაში იმ სტადიაზე ხართ...
- ვიცი, ვიცი - ფიქრიანი თვალებით შემაწყვეტინა კორნელიუსმა - ამის შესახებაც გვისაუბრია. ჩვენ ახლა ვწვდებით იმ სიღრმეებს, რაც თქვენ ასეულობით წლის წინ აითვისეთ... ეს ყველაფერი ვიცი - განაგრძო კორნელიუსმა და პატარა სალონში ბოლთის ცემას მოჰყვა. - უბრალოდ ამ ბოლო დროს ერთი საშინელი აზრი, არა აზრი კი არა, ვარაუდი ამეკვიატა, რასაც ბევრი კონკრეტული ფაქტი ადასტურებს. მე მგონია, რომ სამყაროს აგებულების იდუმალება ჩვენს პლანეტაზედაც იქნა ამოცნობილი, ოღონდ ძალიან დიდი ხნის წინ... სხვა მოაზროვნე არსებების მიერ!...
მე შემეძლო მისთვის მეპასუხა, რომ ამგვარი ვარაუდი თუ შთაბეჭდილება, როცა გგონია, რომ ეს ყველაფერი უკვე ოდესღაც იყო, დედამიწელი მეცნიერებისათვისაც ნაცნობია; რომ ეს გრძნობა უნივერსალურობის იერის მქონეა, რომ სწორედ მასზეა დაფუძნებული წარმოდგენა ღმერთის არსებობის შესახებ, მაგრამ კორნელიუსის აზრთა დინების შეწყვეტა ვერ გავბედე, რადგან იგი, როგორც ჩანს, ამ საუბრისათვის კარგახანია ემზადებოდა და ყოველ სიტყვას დიდი სიფრთხილით ამბობდა:
- ...სხვა მოაზროვნე არსებების მიერ! - ნიშნეულად წარმოთქვა მეცნიერმა. - და, სრულიად დასაშვებია, რომ ისინი სულაც არ იყვნენ...
უცებ იგი დადუმდა. მას ისეთი ნაწამები სახე ჰქონდა, როგორც ადამიანს, რომელიც ხელის ცეცებით უახლოვდება მისთვის მიუღებელ და შემზარავ ჭეშმარიტებას.
- თქვენ ისიც მითხარით, დედამიწაზე მაიმუნებს კარგად აქვთ განვითარებული მიმბაძველობითი ინსტინქტი, ხომ ასეა?
- მათ შეუძლიათ მოგვბაძონ ყველაფერში... ყველაფერ იმაში, რაც საგანგებო გააზრებას არ მოითხოვს. ეს მათ იმ დონეზე შეუძლიათ, რომ ზმნა `მაიმუნობა~ ჩვენთან ლამის `მიბაძვის~ სინონიმადაა ქცეული.
- ზირა - მიმკვდარებული ტონით ჩაიბურტყუნა კორნელიუსმა - ხომ არ გეჩვენება, რომ ამგვარი `მაიმუნობა~ ჩვენთვისაც მეტისმეტად ჩვეულ მოვლენად იქცა?
და, არ მისცა რა საშუალება საცოლეს თავის მოძმეთა დასაცავი სიტყვის თქმისა, კორნელიუსმა კვლავ მღელვარე ტალღაზე გადაიყვანა საუბარა:
- ეს ადრეული ბავშვობიდან იწყება. მთელი ჩვენი სწავლების მეთოდი მიმბაძველობაზეა დაფუძნებული.
- შენც ხომ მშვენივრად იცი, რომ ეს ორანგუტანები...
- დიახ, დიახ, მათი ბრალია, რადგან ახალგაზრდობა მათი წიგნებით იზრდება. ისინი მაიმუნების მომავალ თაობას აიძულებენ, რომ გაიმეორონ წინაპართა ყველა შეცდომა. სწორედ ამით აიხსნება ჩვენი პროგრესის დაბალი რიტმი. აგერ, უკვე ათი ათასი წელია, ჩვენ ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს წინ და ერთ ადგილს ვტკეპნით.
აქ მე უნდა ჩავურთო ორიოდ სიტყვა მაიმუნების ცივილიზაციის დაბალი ტემპის შესახებ. ამან მეც გამაოცა, როცა მათს ისტორიას ვსწავლობდი, და სწორედ ამაში დავინახე ძირითადი სხვაობა ჩვენსა და მათ შორის. მართალია, დედამიწაზეც გვქონდა სრული უმოქმედობის პერიოდები, ჩვენც გვყავდა ჩვენი `ორანგუტანები~, რომლებიც იდიოტურ პროგრამებს ქმნიდნენ, რომლებიც ახალგაზრდებს აბრიყვებდნენ და რომელი პერიოდებიც საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, მაგრამ არა იმდენხანს, როგორც აქ, სორორაზე. უმოქმედობის ბნელი ხანა, რაზედაც ჩიოდა მეცნიერი-შიმპანზე, სორორაზე უკვე ათი ათასი წელი გრძელდებოდა. ამ დროის მანძილზე არცერთ საკვანძო საკითხში არ მოხდა ძვრა, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ მეორეხარისხოვან სფეროს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ამაში ის იყო, რომ მათი პირველი ლეგენდები, პირველი მატიანეები, პირველი მოგონებები მოგვითხრობდნენ რომელიღაც მაღალგანვითარებულ ცივილიზაციაზე, რაც თავისი არსით თითქმის არ განსხვავდებოდა დღეს არსებულისაგან. ათი ათასი წლის წინანდელი უძველესი დოკუმენტები ადასტურებდნენ იმას, რომ იმ შორეული წარსულის ცოდნათა და მიღწევათა საერთო ჯამი პრაქტიკულად ამჟამად არსებულის ტოლფარდი იყო, ხოლო იმის შესახებ, რაც უფრო ადრე არსებობდა, არ შემორჩა არანაირი ზეპირი თუ წერილობითი ფაქტი, არანაირი ძეგლი ამ ცივილიზაციამდელი ეპოქისა... ეს საკითხი სრული სიბნელითა და სიცარიელით იყო მოცული. ერთი სიტყვით, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მაიმუნების საზოგადოება უცებ წარმოიშვა ათი ათასი წლის წინ და მას შემდეგ არანაირი ცვლილება არ განუცდია. ამ პლანეტის რიგით წევრებს სავსებით აკმაყოფილებდათ საკითხის ამგვარი გაშუქება და არც არაფრის შესახებ სურდათ დაეჭვება, კორნელიუსის მსგავს მაძიებელ არსებებს კი არ შეეძლოთ ასეთ იდუმალებასთან შეგუება და მთელი არსებით ცდილობდნენ მასში ჩაწვდომას.
- მაგრამ ხომ არიან მაიმუნები, რომლებსაც არა მხოლოდ მიბაძვა, არამედ შექმნაც შეუძლიათ?! - პროტესტი გამოთქვა ზირამ.
- დიახ, გამოჩნდნენ ასეთებიც, განსაკუთრებით უკანასკნელ ათწლეულში. როგორც იქნა, აზრი ქმედებაში გადაიზარდა და ვერც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ ევოლუციის გარდუვალ კანონს... მე კი, ზირა, მე... მე ის მინდა გავიგო, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი!... ახლა უგნურებად აღარ მიმაჩნია ის საკითხი, რომ მთელი ჩვენი ცივილიზაციის საფუძველში მიმბაძველობის იდეა დევს...
- კი მაგრამ ვის და რას ვბაძავთ?!
აქ კორნელიუსმა ენას კბილი დააჭირა და ნიშნეულად გაჩერდა, თითქოს ნანობსო, რომ ამ საკითხზე საუბარი დაიწყო.
- მე საბოლოო დასკვნამდე ჯერ არ მივსულვარ - განაგრძო შიმპანზემ მცირე ხნის შემდეგ. - საამისოდ დამამტკიცებელი ფაქტები მჭირდება და ეგებ ეს ფაქტები იმ ნამარხ ქალაქში მოვიძიოთ, საითაც ახლა მივეშურებით. გათხრების წინასწარი შედეგების თანახმად ეს ქალაქი არსებობდა არა ათი ათასი წლის წინ, არამედ ბევრად უფრო ადრე, იმ ეპოქაში, რის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს.
მესამე ნაწილი
მესამე თავი
კორნელიუსი გაჩუმდა. ეტყობოდა, რომ ამის შესახებ ლაპარაკი უჭირდა და უთქმელობაც არ შეეძლო. მისი ნააზრევი ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის. არქეოლოგების მიერ უდაბნოში აღმოჩენილი ქალაქის ნაშთი, ქვიშის სქელი ფენის ქვეშ მოყოლილი მისი ნანგრევები ბევრ საიდუმლოს მოიცავდა და მე შევფიცე საკუთარ თავს, რომ ამ იდუმალებაში გავერკვეოდი. ამაში ვერაფერ შეუძლებელს ვერ ვხედავდი და გონიერი ადამიანისათვის სავსებით შესაძლებლად მიმაჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით ორანგუტანზე, რომელიც ამ გათხრებს ხელმძღვანელობდა და რომელმაც კორნელიუსი დიდი პატივით მიიღო ამ უკანასკნელის მაღალი სამეცნიერო პოსტის გამოისობით, თუმცა აშკარად იგრძნობოდა, რომ ორანგუტანი ზიზღით აღიქვამდა ახალგაზრდა შიმპანზეს მიღწევებს და, მით უმეტეს, იმ იდეებს, რაც ხანდახან წამოსცდებოდა ხოლმე კორნელიუსს საუბრისას.
ჭეშმარიტად ღვთიური მოთმინება უნდა გქონდეს, ამ უსასრულო ქვიშაში გათხრები რომ აწარმოო, როცა ფეხი განუწყვეტლივ გეფლობა ფხვიერ სიცარიელეში. თითქმის თვეა, რაც ჩვენ ამ არემარეში ნამარხი ქალაქის ქუჩებს ვწმენდთ; ზირამ, როგორც ვთქვი, მალევე მიგვატოვა და მე კორნელიუსთან დამტოვა, რომელიც ჯიუტი თავდაჯერებით ეძებს თავისი თეორიების დასტურს. ისიც და მეც მუხლჩაუხრელად ვშრომობთ და ვიმედოვნებთ, რომ სწორედ აქ, ამ უძველეს ნანგრევებში იმალება ისტორიის დიადი გამოცანა, რაც ორივეს ძალზედ გვაწუხებდა და გვაინტერესებდა.
მე კვლავაც აღფრთოვანებაში მოვყავარ კორნელიუსის ცოდნის სიღრმესა და მრავალმხრივობას. იგი თავად ცდილობს ქალაქის ასაკის დადგენას. მაიმუნები ასეთ შემთხვევაში სარგებლობენ მეთოდით, რაც ჩვენსას ჰგავს და დაფუძნებულია ექსპონატების გეოლოგიურ და ქიმიურ ანალიზზე. კორნელიუსმა მარტოდმარტომ ჩააატარა ყველა ეს ანალიტიკური ღონისძიებანი და ვალდებულია დაეთანხმოს ოფიციალური მეცნიერების აზრს, რომ: ქალაქი მართლაც ძალიან-ძალიან ძველია; რომ ის ათი ათას წელზე მეტი ხნის წინ არსებობდა და არის ის უნიკალური ძეგლი, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ მაიმუნთა ახლანდელი ცივილიზაცია ცარიელ ადგილზე, რაღაც ზებუნებრივი ძალით არ წარმოქმნილა...
რაღაც უკვე არსებობდა სორორაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრემდე ეს ისტორიული ეპოქა დაიწყო, მაგრამ რა?
გავიდა ერთი თვე თავდაუზოგავი შრომა-ძიებისა და ჩვენ არაფერი მოგვიტანა, გარდა იმედგაცრუებისა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ისტორიამდელი ქალაქიც დიდად არაფრით განსხვავდებოდა თანამედროვეთაგან. ჩვენ ვიპოვეთ სახლების ნანგრევები, საწარმოო დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები, რომლებიც ამტკიცებდნენ იმას, რომ უძველესი ქალაქის ბინადრებს ჰქონდათ ავტომობილები და თვითმფრინავები, როგორც ახლა... ასე რომ, გონიერთა არსებობა კიდევ უფრო ადრე, საუკუნეთა წყვდიადში დაწყებულა, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო ის, რასაც ეძებდა კორნელიუსი და რასაც ველოდი მე.
* * *
იმ დილით კორნელიუსი ჩემზე ადრე გაეშურა გათხრებისაკენ. მუშებს წინადღეს გაეთხარათ რკინაბეტონის შედარებით სქელკედლებიანი შენობა, რომელიც, ერთი შეხედვით, სხვებზე უკეთ იყო შემონახული. თუმცა ამ შენობაშიც ყველაფერი ქვიშით და ნაგვით იყო ამოვსებული და არქეოლოგები, შეიძლება ითქვას, `საცერში ცრიდნენ~ მთელ ნაგებობას. ჯერ ვერც აქ ნახეს რაიმე საინტერესო, აქაც მხოლოდ რაღაც მილების მონაჭრები ან საოჯახო ნივთების და ჭურჭლის ნატეხები იპყრობდნენ ყურადღებას.
მე ჩვენი კარვის პირას ვიჯექი და შორიდან ვუმზერდი, თუ როგორ ხელმძღვანელობდა გათხრებს მოხუცი ორანგუტანი. კორნელიუსი აღარსად ჩანდა, თუმცა მცირე ხნის წინ მუშებთან ერთად ნიჩბით მუშაობდა. იგი ასე ხშირად იქცეოდა, რადგან მუშებს არ ენდობოდა და ეშინოდა რაიმე ექსპონატი, დაუდევრობის გამო, არ დაეზიანებინათ მათ. უცებ შევნიშნე, რომ კორნელიუსი ნანგრევის სიღრმიდან გამოვიდა და მაშინვე მივხვდი, რომ მან რაღაც გასაოცარი იპოვა. მას ორივე ხელით ეჭირა საგანი, რომლის შორიდან განჭვრეტა ვერ შევძელი. კორნელიუსმა უცერემონიოდ მოიშორა ორანგუტანის გაწვდილი ხელი, რომლიც ნაპოვნის გამორთმევას ლამობდა, და ეს საგანი ქვიშაზე ფრთხილად დაასვენა. შემდეგ ჩემსკენ გამოიხედა და თავისთან მიმიხმო. ახლოს რომ მივედი, მისმა ენითაუწერელმა მღელვარებამ გამაოცა.
- ულის! - ძლივს ლუღლუღებდა იგი - ო, ულის!
ამ მდგომარეობაში მე იგი არასოდეს მენახა; მას ხმა უწყდებოდა, სუნთქვას ძლივს იკავებდა და მთლად გაფითრებული იყო. ირგვლივ შემოკრებილი იყო მუშა მაიმუნების ხროვა, რაც ძირითადად გორილების რასისაგან შედგებოდა. ისინი ქვიშაზე დასვენებული საგნისაკენ ხელს იშვერდნენ და ისტერიულად ხარხარებნენ. კორნელიუსმა გაყარა მუშები და კვლავ დამიძახა:
- ულის!
- რა მოხდა?
ახლა მეც დავინახე ძირს დასვენებული საგანი და კორნელიუსის აღელვებული სიტყვებიც ჩამესმა:
- თოჯინა, ულის, თოჯინა!
დიახ, ეს იყო ფაიფურისაგან გაკეთებული ჩვეულებრივი თოჯინა. სასწაულის წყალობით ეს თოჯინა პრაქტიკულად არ იყო დაზიანებული და მას პარიკი და სამოსიც თითქმის უვნებლად შემონახვოდა. პირველად ვერ ჩავწვდი მეცნიერი შიმპანზეს მღელვარების მიზეზს და მხოლოდ ორიოდე მტანჯველი წუთის შემდეგ გავიაზრე... მეც გავიგე! გავიგე და ამან სულის სიღრმემდე შემაძრწუნა. დიახ, ეს იყო ადამიანის გარეგნობის მქონე თოჯინა, დედამიწელი ადამიანის გარეგნობის მქონე თოჯინა! ვერ ვიჯერებდი ამას, რადგან ყოველივე მეტისმეტად ფანტასტიურად ჩანდა. ვიდრემდე სასწაულს გამოვაცხადებდით, ყველა ვარიანტი უნდა გაგვეთვალა... შესაძლოა, ამას მეტისმეტად ბანალური ახსნაც ჰქონდა? თუმცა ისეთი მეცნიერი, როგორიც კორნელიუსი იყო, ნამდვილად გრძნობდა და იაზრებდა, რომ საქმე ჭეშმარიტად სასწაულებრივ მოვლენასთან გვქონდა.
რა თქმა უნდა, მაიმუნების ბავშვებსაც აქვთ თოჯინები და მათ შორის არაიშვიათია ცხოველების და ადამიანის მსგავსი ფიგურების არსებობაც, ასე რომ, ეს `ფაიფურის ქმნილება~ არ უნდა გამხდარიყო ბრძენი შიმპანზეს მღელვარების მიზეზი, მაგრამ ჯერ ერთი: მაიმუნები ამგვარ ფიგურებს ფაიფურისაგან არ აკეთებენ და მეორე - თოჯინებს პრაქტიკულად სამოსს არ აცვამენ; ეს თოჯინა კი, გეფიცებით, ზუსტად ისე იყო ჩაცმული, როგორც ჩვენთან, დედამიწაზე გამოპრანჭავენ ხოლმე გოგონები თავის საყვარელ სათამაშოებს.
ფიგურას ტანზე ჰქონდა პატარა სალტეები, რაც აშკარად კორსაჟის ნარჩენები იყო, რაზედაც თავის მხრივ ქვედა კაბა და ბლუზა იყო წამოცმული. თოჯინას ძალზედ აკურატულად და გემოვნებით ეცვა, როგორც ამას დედამიწელი ადამიანის შვილი თავის მსგავსს აცმევს ხოლმე; სორორელი მაიმუნების ნაშიერებიც ასევე კაზმავენ თავიანთ თოჯინა მაიმუნებს, მაგრამ არც დედამიწაზე და არც აქ, არცერთი ბავშვი არ ჩააცმევდა ცხოველად მიჩნეულ არსებას გონიერი არსებისათვის განკუთვნილ სამოსს. ახლა კი მივხვდი, რამაც ააღელვა ჩემი გონიერი მეგობარი შემპანზე.
მაგრამ სხვა რამ უფრო საინტერესო აღმოჩნდა, რამაც არა მარტო გორილები, არამედ პირქუში ორანგუტანიც კარგ ხასიათზე დააყენა. აღმოჩნდა, რომ თოჯინას ლაპარაკი შეეძლო. კორნელიუსმა შემთხვევით დააჭირა კვლავაც მოქმედი მექანიზმის ღილაკს თითი და თოჯინა ალაპარაკდა. რა თქმა უნდა, მან მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა - `მა-მა... მა-მა!~ - და ამ სიტყვას იმეორებდა დაუსრულებლივ, ვიდრე კორნელიუსს ღილაკზე ეჭირა ხელი. ეს ბაგისმიერი ბგერები ნაცნობია დედამიწის ყველა ენაზე მეტყველისათვის და ნაცნობი აღმოჩნდა მაიმუნთა ენაზე მოლაპარაკეთათვისაც; და სერთოდ, მთელ სამყაროში, თუკი ვინმე სადმე მეტყველებს, მშობელს ბაგისმიერი ბგერებით მოიხსენიებენ.
კორნელიუსმა განზე გამიხმო:
- ჩამოყალიბებული ბრიყვი! - მივხვდი, ვის შესახებაც ამბობდა ამას კორნელიუსი; ბებერმა ორანგუტანმა ამ სათამაშოში პაწაწა მაიმუნების გასართობის მეტი არა დაინახა რა და სხვა არც არაფრის გაგონება ეწადა. კორნელიუსს არც უცდია, რაიმე განემარტა იმ ბრიყვისათვის, რადგან ეს ექსპონატი იმდენად წარმოუდგენელი მნიშვნელობის რამ იყო, რომ მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას არ ჩქარობდა ჩემი მეგობარი. მან მეც კი არ გამიზიარა ყველაფერი ბოლომდე, თუმცა მიხვდა, რომ ჩემთვის ისედაც ნათელი იყო ამ თოჯინის არსი და მნიშვნელობა.
იმ დღის ბოლომდე ჩვენ კრინტიც კი არ დაგვიძრავს საოცარი თოჯინის შესახებ. მე ისიც კი შევნიშნე, რომ კორნელიუსი ერთგვარმა მეცნიერულმა ეგოიზმმა შეიპყრო და ნანობდა იმას, რომ გამანდო საკუთარი თეორიის ძირითადი მოსაზრებანი.
არ ვიცი, იყო თუ არა ეს ეგოიზმი ან სხვა რამ, მაგრამ მეორე დღეს კორნელიუსმა სრულიად მოულოდნელად განმიცხადა, რომ ჩემს ყოფნას გათხრებზე აღარ თვლის მიზანშეწონილად, რომ ჩემი დაბრუნება ინსტიტუტში უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ მომენტში და ოცდაოთხი საათის შემდეგ თვითმფრინავი ჩემს განკარგულებაში იქნებოდა.
მეოთხე თავი
...დავუშვათ - ვფიქრობდი ჩემთვის - რომ ოდესღაც ადამიანები იყვნენე სორორას ბატონ-პატრონები; ვივარაუდოთ, რომ ათი ათასი წლის წინ ამ პლანეტაზე ადამიანთა ცივილიზაცია ყვაოდა, როგორც დედამიწაზე....
დიახ, ახლა ეს უკვე უსაფუძვლო ჰიპოთეზა კი არა, პირიქით სინამდვილე გახლდათ! საბოლოოდ ჩამოვაყალიბე რა ჩემი აზრი, ისეთი განსაკუთრებული აღგზნება დამეუფლა, როგორც მზვერავს, რომელიც ათასობით დამაბნეველი სიტუაციიდან მოძებნის ხოლმე ერთს... ნამდვილად გადამრჩენელს! მეც ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ჩემი დასკვნები მაიმუნთა ცივილიზაციის იდუმალების საბოლოო ახსნა იყო და სიამაყის გრძნობაც კი დამუფლა, რადგან ამ პლანეტაზე მოხვედრის დღიდან გუმანი სწორედ ამგვარი ჭეშმარიტებისაკენ მიბიძგებდა.
* * *
...დედაქალაქში კორნელიუსის პირად მდივანთან ერთად ვბრუნდები; ეს არის სიტყვაძუნწი შიმპანზე, რომელიც ყურადღებას არ იჩენს ჩემდამი და არც მე გამაჩნია საუბრის სურვილი.
თვითმფრინავში ყოველთვის მიყვარდა ფიქრი, რთული პრობლემების განსჯა... ამაზე უკეთესი სიტუაცია აღარც მომეცემოდა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამეფიქსირებინა ჩემი დამოკიდებულება არსებული ვითარების მიმართ.
...დიახ!... წარმოვიდგინოთ, რომ უხსოვარ დროში სორორაზე ჩვენი მსგავსი ცივილიზაცია არსებობდა. განა შესაძლოა, რომ უგნურ არსებებს გაეგრძელებინათ ეს ცივილიზაცია მხოლოდდამხოლოდ საკუთარი ინსტინქტების მეშვეობით? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ განა სხვა რამ უფრო სარწმუნო ვარიანტი არსებობს? დედამიწაზეც ხშირად მიფიქრია იმის შესახებ, რომ ჩვენს ცივილიზაციას სამემკვიდრეოდ სრულყოფილი რობოტები მიიღებდნენ; საკითხის ამგვარ დასმას მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ ფანტასტები და პოეტები, არამედ საზოგადობის ყველა ფენის წარმომადგენლები, თუმცა მსგავსი იდეა მაინც აღიზიანებდა ელიტარული ინტელიგენციის წარმომადგენლებს; ალბათ, იმიტომ, რომ მასში მწარე სიმართლის ჩანასახიც ერია, დიახ, მხოლოდ ჩანასახი, რადგან მანქანა ყოველთვის მანქანად დარჩება, ხოლო ყველაზე სრულყოფილი რობოტი ყოველთვის რობოტი იქნება. მაგრამ ხომ არსებობენ ქმნილებები, რომლებსაც, მაიმუნების მსგავსად, გონიერების რაღაც მინიშნება გააჩნიათ? ხომ აქვთ მათ მაღალგანვითარებული მიმბაძველობითი ინსტინქტი? ასეთ შემთხვევაში....
მე თვალები დავხუჭე, ყური მივუგდე ძრავების გრუხუნს და მცირე ხნით გამოვეთიშე საფიქრალს....
არა! უნდა ვიფიქრო, უნდა გავისიგრძეგანო ყველა საკითხი, რათა საბოლოოდ ჩამოვაყალიბო საკუთარი პოზიცია მაიმუნების საზოგადოებაში!
...მაინც რა არის ცივილიზაციის განმასხვავებელი ნიშანი? რაიმე საგანგებო სულისკვეთება? იქნებ გენიალურობა? საეჭვოა!... უფრო სწორი იქნებოდა, თუ ამას ყოველდღიურ ცხოვრებას დავარქმევდით; კი ბატონო, სულიერი კულტურის ქონაც აუცილებელია; დავუშვათ, რომ ეს ხელოვნებაში გამოიხატება, უმეტესწილად კი - ლიტერატურაში... დიახ, დიახ, ეს უკანასკნელი ნამდვილად მიუწვდომელია ყველაზე უფრო გონიერი ადამიანისებრი მაიმუნებისთვისაც... მაინც რისგან შედგება ჩვენი ლიტერატურა? მხოლოდ შედევრებისაგან? ვაი, რომ - არა! ერთ-ორ საუკუნეში შეიძლება გამოჩნდეს კიდეც ერთი კარგი წიგნი და მთელ დანარჩენ მწერლებს მის მიბაძვაში ამოსდით სული; იბეჭდება ათასობით და ასი ათასობით წიგნი, ნაირგვარი სათაურებითა და შინაარსებით, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც, სახეცვლილი ფრაზების კომბინაციით, ლაპარაკია იმ ერთადერთზე, რაზედაც ათასწლეულის წიგნის ავტორმა ერთხელ უკვე ილაპარაკა. ამგვარი ლიტერატურის შექმნა მაიმუნებსაც შეეძლებათ, თუ მათი ამეტყველების პრობლემა გადაიჭრება, რადგან ისინი უფრო უკეთ შეძლებენ მიმბაძველობას, ვიდრე ის ასიათასობით მწერლები, რომლებიც თხზავენ და ვერ კი ხვდებიან, რომ მათი ნააზრევი მხოლოდ მიბაძვაა იმ ერთი დიადისა.
ასე რომ, ცივილიზაციის ერთადერთი განმასხვავებელი ნიშან-თვისება შეიძლება იყოს ენა... მეტყველება. ოღონდ აქაც სიფრთხილეა საჭირო! მაიმუნებს სულაც არ სჭირდებათ იმის გააზრება, რომ ისინი უბრალო გადამწერები არიან იმ ერთადერთი წიგნისა ახალ ტომებად. ამის გააზრებას არც ჩვენ ვცდილობათ მაინცდამაინც. ისევე როგორც ჩვენთვის, მათთვისაც სრულიად საკმარისია ადრე გაგონილი ფრაზების გამეორება. მთელი დანარჩენი ლიტერატურული პროცესი კი შიშველ ტექნიკამდე დაიყვანება; და აქ ფიზიოლოგთა გარკვეული ნაწილის მოსაზრებანი კოლოსალურ მნიშვნელობას იძენს. ისინი თვლიან, რომ არანაირი ანატომიური დაბრკოლებანი არ უშლის ხელს მაიმუნებს ამეტყველებაში და თუ მოისურვეს, იმეტყველებენ კიდეც! ასე რომ, სრულიად დასაშვებია, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათ ამის სურვილი გაუჩნდათ, თუნდაც რაიმე მოულოდნელი მუტაციის გამოისობით...
გაირკვევა, რომ მოლაპარაკე მაიმუნების მონაწილეობა ჩვენი ლიტერატურული პროცესის განვითარებაში სულაც აღარ იქნება დაუშვებელი. ვივარაუდოთ, რომ თანდათანობით ზოგიერთი მაიმუნი-ლიტერატორი დღევანდელი აზროვნების დონემდე ამაღლდება. როგორც ჩემი მეცნიერი მეგობარი კორნელიუსი ამბობს, აზრი ქმედითობას იძენს - ამ შემთხვევაში სიტყვის მექანიზმის საშუალებით - და მაიმუნთა საზოგადოებაში წარმოიშობა ორიგნალური იდეები, თუნდაც ერთი ორიგინალური იდეა ასწლეულში... ისევე, როგორც ჩვენთან.
* * *
ზემოთმოყვანილი ჰიპოთეზისადმი სულ უფრო თამამი მიდგომის შედეგად მივედი იმ რწმენამდე, რომ კარგად გაწვრთნილ ცხოველებს შეუძლიათ შექმნან ნახატებიც და ქანდაკებებიც, რომლებიც სორორას დედაქალაქის სამხატვრო მუზეუმში ვნახე; და საერთოდ, მათ შეუძლიათ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ ადამიანურ ხელოვნებათა ნებისმიერ სფეროში, მათ შორის ჩვენს თეატრსა და კინოშიც.
დასაწყისში გონიერების უმაღლესი ფორმის ზოგად გამოვლინებებში რომ გავერკვიე, შემდგომ უკვე ადვილად ვწვდებოდი აზროვნების ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებულ პრობლემებს. თუნდაც მაღალგანვითარებული ინდუსტრია ავიღოთ. ჩემთვის უკვე სრულიად ცხადი შეიქნა, რომ დროში მისი არსებობისათვის არანაირი პირადი ინიციატივა საჭირო არ არის. მის საფუძველში უბრალოდ დევს იმ მუშაკთა შრომა, რომლებიც ერთსა და იმავე მოძრაობებს სულ უფრო და უფრო მაღალ დონეზე იმეორებენ და მათი შეცვლა მაიმუნებს სულ ადვილად შეუძლიათ, რისთვისაც უბრალოდ შესაბამისი პირობითი რეფლექსების გამომუშავებაა საჭირო. რაც შეეხება მართვისა და ადმინისტრირების უმაღლეს სფეროებს, იქ მაიმუნობა, მე რომ მკითხოთ, აუცილებელიცაა. იმისათვის, რომ გორილებს თავისი სისტემის მართვა ესწავლათ, ხომ საკმარისი აღმოჩნდა ერთი არსების მიბაძვა და მისი რამოდენიმე პოზისა და ფრაზის დამახსოვრება. ასე და ამრიგად, სულ სხვა თვალით შევხედე ადამიანური მოღვაწეობის ნაირგვარ გამოვლინებებს, უბრალოდ `ადამიანის~ ნაცვლად ვხმარობდი სიტყვა `მაიმუნს~. სიამოვნებითაც კი ჩავერთე წარმოსახვის ამგვარ თამაშში და არანაირ სულიერ ქენჯნას არ ვგრძნობდი. გამახსენდა ის მრავალრიცხოვანი პოლიტიკური თუ ჩვეულებრივი თავყრილობანი, სადაც, როგორც ჟურნალისტს, მიწევდა ხოლმე დასწრება; თვალწინ დამიდგა ერთი ის სასამართლო პროცესი, რომლის გაშუქებაც მომიხდა გამოფრენამდე რამოდენიმე წლით ადრე. იმ პროცესზე იყო ადვოკატი, რომელიც იურისპრუდენციის ერთ-ერთ მანათობელ ვარსკვლავად ითვლებოდა... და აი! - ახლა არ მესმის, რატომ - ისიც გორილასებრი არსების სახით წარმოდგა ჩემს წინ, ისევე როგორც ამავე პროცესის არანაკლებ სახელგანთქმული პროკურორი. რატომ მომეჩვენა ახლა მათი ქცევები და საუბრები მხოლოდ პირობითი რეფლექსების გამოვლინებად, რეფლექსებისა, რომლებიც ხანგრძლივი წვრთნის შედეგად ჩამოყალიბდა? რატომ გადაიქცა ჩემს ცნობიერებაში იმ სასამართლოს თავმჯდომარე ორანგუტანად, რომელიც მექანიკურად წარმოთქვამდა გაზუთხულ ფრაზებს და რეფლექსურად რეაგირებდა მოწმეების თუ პუბლიკის რეპლიკებზე?
რატომ?
* * *
მთელი მგზავრობის მანძილზე ვერაფრით მოვიშორე ამგვარი ფიქრები. რატომღაც გამახსენდა ჩვენი ფინანსურ-საქმოსნური წრეების მაღალი ფენებიც და კვლავ მაიმუნური სახეები დამიდგა თვალწინ, ალბათ, იმიტომ, რომ უკვე ნანახი მქონდა სორორას შესაბამისი ფინანსური დაწესებულება, სადაც კორნელიუსის ერთმა მეგობარმა სულ ძალით შემიყვანა. ვიდრემდე თვითმფრინავი დაეშვებოდა, დრო კიდევ მქონდა და ამ საკითხსაც მივუძღვენი ჩემი აზრთა დინება.
სორორას საფინანსო ბირჟა უზარმაზარი შენობა აღმოჩნდა; მის მისადგომებთან უკვე ისმოდა ყრუ და გაურკვეველი გუგუნი, რაც მიახლოებასთან ერთად სულ უფრო ძლიერდებოდა, ვიდრემდე ყურისწამღებ კაკოფონიაში არ გადაიზარდა. შევედით დარბაზში და უმალ ზედახორის ცენტრში აღმოვჩნდით. მე კოლონის უკან შევიყუჟე, რადგან, მართალია, ცალკეულ მაიმუნებთან კონტაქტს უკვე ჩვეული ვიყავი, მაგრამ მათს ხროვაში რომ ამოვყოფდი ხოლმე თავს, მაინც უხერხული გრძნობები მეუფლებოდა. აქ კი მართლაც ხროვა იყო და თანაც რა ხროვა! მასთან შედარებით ადრე უკვე აღწერილი სამეცნიერო კონგრესი კეთილშობილ ქალთა პანსიონის მოსწავლეთა რომანტიულ გაბაასებად მოჩანდა.
აბა, წარმოიდგინეთ გიგანტური ფართობისა და თვალმიუწვდენელი სიმაღლის დარბაზი, სადაც აურაცხელი რაოდენობის მყვირალა, აღრიალებული, აწრიალებული და აბობოქრებული მაიმუნია თავშეყრილი, რომლებიც ისტერიული ქმედებების გამოისობით არა მარტო იატაკზე გორავენ, არამედ კედლებზედაც ახერხებენ აცოცებას და თავბრუდამხვევი სიმაღლიდან დაშვებული თოკებით კვლავ იატაკზე ერჭობიან. დიახ, ამგვარ შენობებში ყველა მიმართულებითაა გაჭიმული თოკის კიბეები, ტრაპეციები, ბადეები, ბაგირები თუ ხის ლატანები, რათა ემოციამოძალებულ პრიმატებს გრძნობების განსაქარვებლად სამივე მიმართულებით შეეძლოთ გადაადგილება.
მაიმუნები ამ დახშულ სივრცეში დაფრინავდნენ - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - და საჭირო მომენტში ყოველთვის ასწრებდნენ რაღაცაზე ხელის ჩავლებას, ვიდრემდე ძირს ტომარასავით დაენარცხებოდნენ. და ყოველივე ეს ჯოჯოხეთური ხმაურის, შეძახილების, კითხვა-პასუხის თუ უბრალოდ გონიერებას მოკლებული ღრიალის ფონზე ხდებოდა; იქ იყვნენ მაიმუნები, რომლებიც ყეფდნენ... დიახ, დიახ! - ყეფდნენ და ამას ვერაფერს სხვას ვერ დაარქმევდით - ხოლო დაყეფის შემდეგ თოკს ეჭიდებოდნე და დარბაზის საწინააღმდეგო მხარეს გადადიოდნენ ყეფის გასაგრძელებლად...
- ოდესმე სადმე გინახავთ ასეთი სიდიადე? - სიამაყით მკითხა კორნელიუსის მეგობარმა.
მე სიამოვნებით აღვნიშნე, რომ არ მინახავს, თუმცა დიდხანს ვცდილობდი იმ კარგი ნიშან-თვისებების გახსენებას, რაც ზოგადად გააჩნდათ მაიმუნებს, რათა ჩემს ცნობიერებაში აღდგენილიყო ის აზრი, რომ ესენი გონიერი არსებები არიან. ამგვარ ბირჟებზე მოხვედრილი კაცი კი აუცილებლად იფიქრებდა, რომ ეს არის გონებადაბნელებული ადამიანების ან გაცოფებული ცხოველების ბრბო, სადაც ყველა ერთმანეთს ჰგავს და ყველას სახეზე სიგიჟის ერთი და იგივე ნიღაბია აფარებული.
მახსენდებოდა ეს და სიმწრის ოფლი მასხამდა, რადგან ახლა, დედამიწელი ადამიანების მაიმუნების სახით წარმოდგენის ნაცვლად, სორორელი ორანგუტანები და გორილები მედგნენ თვალწინ, ოღონდ ადამიანური იერით გარემოსილნი. ჩემს წარმოსახვაში უკვე ადამიანები ხტოდნენ და ღრიალებდნენ ბირჟის დარბაზში, ასე მეგონა დედამიწასა და სორორას შორის ყოველგვარი ზღვარი წაიშალა. სულ უფრო ახალ-ახალი სცენები რიალებდნენ ჩემს წარმოსახვაში ხან დედამიწის და ხან სორორას ცხოვრებიდან...
ამგვარმა ჰალუცინაციამ თავი მხოლოდ მაშინ დამანება, როცა ნებისყოფის დაძაბვის წყალობით, როგორც იქნა, დავუბრუნდი მაიმუნთა საზოგადოების წარმოშობის თეორიაზე ფიქრს, რომელიც საბოლოოდ ჩამომიყალიბდა დედამიწისა და სორორას საფინანსო-საქმოსნური წრეების იდენტურობაში დარწმუნების შემდეგ.
* * *
თვითმფრინავი დასაჯდომად დაეშვა. მე კვლავ დედაქალაქში ამოვყავი თავი. აეროპორტში ზირა მოვიდა ჩემს შესახვედრად. შორიდანვე შევნიშნე მისი სტუდენტურად გვერდზე მოქცეული ქუდი და გულში სიამის და სიახლოვის გრძნობა ჩამეწვეთა. როცა ყველა საბაჟო-სატრანსპორტო ფორმალობანი დასრულდა და ზირას პირისპირ აღმოვჩნდი, თავი ვეღარ შევიკავე და გადავეხვიე მას...
მეხუთე თავი
დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ თითქმის მთელი თვე ლოგინად გავატარე, რადგან გათხრებზე რაღაც ინფექციური დაავადება შემეყარა. ჩემს ავადმყოფობას ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა ახასიათებდა და მალარიას წააგავდა. მე არანაირ ფიზიკურ ტკივილს არ ვგრძნობდი, გონება კი თითქოს ცეცხლში მქონდაო გახვეული: დღენიადაგ და განუწყვეტლივ მიტრიალებდა ფიქრებში უეცრად გამხელილი საშინელი საიდუმლოს ყველა წვრილმანი. აღარანაირი ეჭვი აღარ დამრჩა იმისა, თუ რა ცივილიზაცია არსებობდა სორორაზე მაიმუნთა გაბატონებამდე, - ეს იყო ადამიანთა ცივილიზაცია და ეს ფაქტი თავბრუს მხვევდა და გამაოგნებლად მოქმედებდა ჩემს ცნობიერებაზე.
რამდენიც არ უნდა მეფიქრა, მაინც ვერ ვიაზრებდი, თუ რაგვარი დამოკიდებულება უნდა მქონოდა მე აღნიშნულ ფაქტთან, რადგან ერთდროულად მეუფლებოდა უსაზღვრო სიამაყისა და დამცირების დამთრგუნველი გრძნობები. სიამაყე იმისა გამო, რომ მაიმუნებს საბოლოო ჯამში არაფერი არ ჰქონდათ თავად შექმნილი და მხოლოდ მიმბაძველები აღმოჩნდნენ, დამცირება კი იმიტომ, რომ იმავე მაიმუნებმა ასეთი სიმსუბუქით აითვისეს ადამიანური კულტურის მიღწევები.
როგორ შეიძლებოდა, მომხდარიყო ეს? ავადმყოფობისას ხშირად ვბოდავდი და გამუდმებით ვუსვამდი ასეთ შეკითხვებს საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, ყველა ცივილიზაცია, და მათ შორის ჩვენიც, მოკვდავია, ეს დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ მაინც - ადამიანთა მოდგმის ასეთი სრული და უკვალო გაქრობა სორორაზე ჩემს გონებას მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი? უეცარი სიკვდილი? კატაკლიზმი? ან იქნებ თანდათანობითი დეგრადაცია ადამიანებისა და განვითარება მაიმუნებისა? მე ამ უკანასკნელ ჰიპოთეზას ვუჭერდი მხარს, რასაც სორორაზე მიმდინარე ცხოვრების მრავალი დეტალი ადასტურებდა კიდეც.
ავიღოთ თუნდაც ის უზარმაზარი მნიშვნელობა, რასაც მაიმუნები ბიოლოგიისა და ფიზიოლოგიის მიმართულებით განხორციელებულ გამოკვლევებს უთმობენ. აი, ახლა ვხვდები, რომ უხსოვარ წარსულში მაიმუნები ადამიანის კვლევის საგანნი იყვნენ ლაბორატორიებში და პირველი, რაშიც მათ მიბაძეს თავის მბრძანებლებს იყო ის, რომ ბიოლოგიური კვლევა-ძიებანი გააგრძელეს.
თავად ადამიანებს რაღა დაემართათ?
კმარა მაიმუნებზე ფიქრი! აგერ, უკვე ორი თვეა, ჩემი მოდგმისანი აღარ მინახავს, რომლებიც კვლავაც ტყვეობაში ჰყავთ ინსტიტუტის სარდაფში. დღეს თავს უკეთ ვგრძნობ, ციებცხელების შემოტევასაც აღარ განვიცდი. გუშინ ზირას ვუთხარი - ზირა კი მთელი თვეა, ჩემს საწოლს არ მოშორებია - ვუთხარი, რომ მსურს მის განყოფილებაში განვარძო მუშაობა. მას, მგონი, არ მოეწონა ეს ამბავი, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია.
დროა, ჩემი მოდგმის არსებებს ვეწვიო!
და აი, მე კვლავ გალიების დერეფანში მივაბიჯებ. საოცარი გრძნობა პარმაღზევე მიპყრობს. ახლა ამ არსებებს სულ სხვა თვალით ვუმზერ. ვიდრე დავენახვები მათ, ერთი ეჭვი მიღრღნის გონებას - ნუთუ ვეღარ მიცნობენ ორი თვის განშორების შემდეგ?
...და მათ მიცნეს!
ასობით თვალი შესვლისთანავე მომაშტერდა და ახლა უფრო მეტი მოკრძალება ილანდებოდა მათს მზერაში. ვგრძნობ, რომ ახლა ისინი სხვაგვარად, რაღაც განსაკუთრებული ინტერესით მიყურებენ... არა, ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ცდუნებაა! და მაინც - ტყვეების თვალებში ცნობისმოყვარეობის ნაპერწკლებს ვხედავ, ეს რაღაც შორეული წარსულის გაელვება ხომ არ არის, ეგებ გაირღვა უგნურების ათიათასწლოვანი წყვდიადი და... გამოჩნდა სუსტი, მაგრამ მაინც შესაცნობი გაელვება იმედისა?!
ასე მგონია, რომ განგებამ მე დამაკისრა მათი გამოყვანა წყვდიადიდან. ამის მხოლოდ გაფიქრებაც კი აღტაცებული მღელვარების საფუძველი ხდება მთელ ჩემს არსებაში. ნუთუ მე, სწორედ მე, ულის მერუს, რომელიც ბედის ირონიით ამ მიყრუებულ პლანეტაზე აღმოვჩნდი, მევალება ადამიანური მიდგმის აღორძინება?!
...და ჰა, როგორც იქნა, გავიაზრე, თუ რა იდუმალი აზრი მაწუხებდა ამ უკანასკნელი თვის განმავლობაში. ღმერთი კამათელს არ აგორებს - როგორც ეს ერთმა ცნობილმა ფიზიკოსმა თქვა. სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. ჩემი ფრენა ბეთელჰეიზეს სისტემისაკენ უზენაესი გონების მიერ წინასწარ იყო განპირობებული. და ახლა მე უნდა გავამართლო ჩემზე დამყარებული იმედები და გავხდე ახალი მხსნელი ამ დეგრადირებული კაცობრიობისა.
კვლავაც ნელინელ დავაბიჯებ გალიების დერეფანში. თავს ძლივს ვიკავებ და გიჟივით არ გავრბივარ ნოვას გალიისაკენ. განგებისაგან წარმოგზავნილს არ აქვს უფლება ვინმე გამოარჩიოს. მე ყველას უნდა დავუთმო სათანადო ყურადღება... ისინი ამეტყველდებიან, დღეს არა, მაგრამ ამეტყველდებიან, ამ იმედს მაინც არ ვკარგავ. მთელ ცხოვრებას მივუძღვნი ჩემი ღვთიური მისიის აღსრულებას და ავამეტყველებ ამ ადამიანებს!
საქმიანი თავდაჯერებით ვუახლოვდები იმ გალიას, სადაც თავად ვიჯექი მცირე ხნის წინ და ალმაცერად ვიყურები იქით. მაგრამ ვერ ვხედავ ჩემკენ გამოწვდილ ნოვას ხელებს, არ მესის მისი აღტაცებული ყიჟინა; ცუდი წინათგრძნობა მეუფლება, თავს ვეღარ ვიკავებ და გავრბივარ გალიისკენ... გალია ცარიელია...
მკერდიდან შემაძრწუნებელი ხავილი ამომდის და დარაჯებს ვუხმობ ამბის გასაგებად. მორბის ზანამი, რომელსაც მაინცადამაინც არ მოსწონს ჩემი ხელქვეითობა, მაგრამ ზირას ბრძნებას ემორჩილება და ჩემს მითითებებს უსიტყვოდ ასრულებს.
- სად არის ნოვა? - ვეკითხები მკაცრად.
ზანამი მოღუშული სახით მეუბნება, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. ერთხელ გაუყვანიათ ნოვა და მისთვის არაფერი უთქვამთ. ძალას ვატან მას, მაგრამ უშედეგოდ. საბედნიეროდ მორიგი შემოვლისათვის შემოდის ზირა. იგი ყველაფერს ხვდება, მაგრამ არც მას სურს ნოვას ამბავი მითხრას და სხვა საკითხზე მელაპარაკება:
- კორნელიუსი დაბრუნდა. შენი ნახვა სურს.
მაგრამ ახლა კორნელიუსიც, ყველა შიმპანზეც, გორილაც, ორანგუტანიც და საერთოდ ეს ურჩხულები, ამ პლანეტაზე რომ ცხოვრობენ, ყველა ფეხებზე მკიდია. თითს ვიშვერ გალიისკენ და ვეკითხები:
- სად არის ნოვა?
- ნოვა ავადაა - მპასუხობს მდედრი შემპანზე. - იგი საგანგებო განყოფილებაში გადაიყვანეს.
ზირა რაღაცას მანიშნებს და გალიების დერეფნიდან გავყავარ.
- მე დირექციას სიტყვა მივეცი, რომ არაფერს გეტყოდი - მეჩურჩულება ზირა - მაგრამ მაინც უნდა გითხრა...
- ავად არის?
- არაფერი ისეთი... მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი ისეთი მნიშვნელობისაა, რომ ჩვენი ხელმძღვანელობა შეშფოთებულია... ერთი სიტყვით, ნოვა მაკედაა...
- ნოვა... რაო?
- უკაცრავად, მინდოდა მეთქვა, რომ ფეხმძიმედაა - მეუბნება ზირა და ასმაგი ყურადღებით მაშტერდება...
მეექვსე თავი
გაოცებისაგან ადგილზე გავშეშდი და ჯერ ვერაფრით წარმომედგინა, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ყოველივე ამას. თავდაპირველად ტვინში ყველანაირ წვრილმანთან დაკავშირებული აზრები ამიწრიალდა და ყველაზე მეტად იმან აღმაშფოთა, რომ აქამდე არავინ არაფერი მაცნობა. ზირამ არ მომცა ამ აღშფოთების სიტყვიერი გამოხატვის უფლება და თითქოს მომიბოდიშაო:
- მე თვითონაც ორი თვის წინ გავიგე ეს ამბავი, არქეოლოგიური გათხრებიდან რომ დავბრუნდი, მაშინ... გორილებმა ვერაფერი გაიგეს, მე კორნელიუსს ვაცნობე და მას ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა განმკარგულებელ დირექტორთან ამის შესახებ. ისინი შეთანხმდნენ, რომ აჯობებდა ეს ამბავი დაემალათ შენთვის, საერთოდ კი ეს ვიცით მე, კორნელიუსმა და დირექტორმა... ნოვა ახლა საგანგებო გალიაში ზის და მე თავად ვუვლი მას...
კორნელიუსის ამგვარი დუმილი ღალატად მივიჩნიე და არც ზირას მოვუწონე საქციელი; რატომღაც მეგონა, რომ ზურგსუკან რაღაც სიავეს მიმზადებდნენ.
- ნუ ღელავ - ჩემს დამშვიდებას შეეცადა ზირა - ნოვას კარგად ეპყრობიან, მას ყველაფერი აქვს; პირადად მე ვხელმძღვანელობ მასზედ მზრუნველობას... ჯერ არასოდეს არავის ასეთი ყურადღება არ გამოუჩენია მაკე... უკაცრავად.... ფეხმძიმე მდედრი ადამიანის მიმართ.
ზირას დამცინავი თვალების შემხედვარემ ცელქობაში გამოჭერილი სკოლის მოსწავლესავით ჩავღუნე თავი. შიმპანზე გამამხნევებელი ტონის შენარჩუნებას აპირებდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ იგიც საკმაოდ აღელვებულია. მე ადრევე ვხვდებოდი, რომ ჩემი ფიზიკური სიახლოვე ნოვასთან ზირასთვის არასასიამოვნო ფაქტი შეიქნა მას შემდეგ, რაც მან ჩემში გონიერი არსება შეიცნო, მაგრამ ახლა მის თვალებში ვხედავდი არა ზიზღს, არამედ რაღაც სხვას და ეს უფრო შინაგან მღელვარებასთან იყო გაიგივებული. როგორც ჩანს, ნოვასთან დაკავშირებული იდუმალება არც მე მიქადდა რამ სასიკეთოს. ვგრძნობდი, რომ ზირამ სათქმელი ბოლომდე არ თქვა; როგორც ჩანს, დიდი საბჭოც იყო ჩაყენებული საქმის ყურში და ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე იწვევდნენ საგანგებო სხდომებს.
- როდის უნდა იმშობიაროს ნოვამ? - ვიკითხე მე.
- სამი-ოთხი თვის შემდეგ.
და უცებ სიტუაცის ტრაგიკომედიურობა მთელი სისრულით გაცხადდა ჩემთვის. მე ბეთელჰეიზეს სისტემაში მამა გავხდები! მე მეყოლება შვილი პლანეტა სორორაზე, რომელსაც შობს ქალი, ვის მიმართაც ენითაუწერელ ფიზიკურ ლტოლვას განვიცდი; ვისთან დაკავშირებითაც სიბრალულის გრძნობაც გამაჩნია და ვისაც პირუტყვის ტვინი უდევს თავში?! ალბათ, მთელ სამყაროში არცერთი გონიერი არსება ჯერ არ იყო მოხვედრილი მსგავს ვითარებაში. მე სიცილიც მინდოდა და ტირილიც!...
- ზირა, მე უნდა ვნახო ის!
ზირას უცნაური გრიმასა გამოესახა სახეზე:
- ვიცოდი, რომ ამას მოისურვებდი. მე უკვე ველაპარაკე კორნელიუსს და მე მგონი, იგი უარს არ გეტყვის. ახლა კორნელიუსი სწორედ შენ გელოდება კაბინეტში.
- კორნელიუსმა მიღალატა... მომატყუა!
- შენ არ გაქვს უფლება ასე ილაპარაკო. კორნელიუსი საშინელ ეჭვებშია ჩავარდნილი: მას მეცნიერული ჭეშმარიტების მიკვლევაც სურს და, ამავე დროს, არ უნდა, რაიმე ზიანი მიაყენოს მაიმუნთა მოდგმას. შენ უნდა გაიგო, რომ ნოვას ფეხმძიმობა ჩვენთვის ძალზედ სერიოზული და, შესაძლოა, სახიფათო მოვლენაცაა...
მივყვებოდი ზირას ინსტიტუტის გრძელ დერეფნებში და გამოუცნობი შიში სულ უფრო მატულობდა ჩემს არსებაში. მე ვხვდებოდი, რაც აღელვებდათ სორორელ მეცნიერებს: მათ აშინებდათ ახალი რასის წარმოშობა, რომელიც... დალახვროს ეშმაკმა!
...და უცებ ცხადად გამიელვა იმ აზრმა, თუ როგორ უნდა აღვასრულო ჩემი ღვთიური მისია!
* * *
კორნელიუსი საკმაოდ თავაზიანად შემხვდა, თუმცა უკვე თავადაც გრძნობდა, რომ ბოლო დროს ჩვენს შორის სიტუაცია დაიძაბა. ხანგამოშვებით იგი ისეთ ალმაცერ მზერას მტყორცნიდა ხოლმე, რომ ცხადი იყო - მას რაღაც აშინებდა ჩემს არსებაში. მე ყველანაირად ვცდილობდა, არ დამეწყო საუბარი იმ თემის შესახებ, რაც ყველაზე მეტად მაღელვებდა, ამიტომაც ჯერ ვიკითხე, თუ როგორ იმგზავრა და რა შედეგებით დასრულდა უდაბნოში აღმოჩენილი ქალაქის გათხრები.
- შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! გამოცოცხლდა იგი! - ახლა მე ხელთ მაქვს სრულიად უტყუარი საბუთები!
კორნელიუსს პატარა თვალები გამოუცოცხლდა და გაუბრწყინდა. მას არ შეეძლო მეცნიერული წარმატებების შესახებ ჩემთან არ ეტრაბახა. ზირამ მართალი თქვა, კორნელიუსს ნამდვილად სტანჯავდა ორი რამ: მეცნიერებისადმი სიყვარული და მოვალეობა მაიმუნთა მოდგმის წინაშე. ახლა მე მეცნიერი მელაპარაკებოდა, რომლისთვის მთავარია ჰიპოთეზის ცხოველმყოფელობა... უფრო სწორად, ცხოველმყოფელობა ჭეშმარიტებისა!...
- არქეოლოგიური გათხრებისას ჩვენ ჩონჩხებიც ვიპოვეთ - მახარა კორნელიუსმა - ერთი კი არა, ბევრი ჩონჩხი და თანაც ერთმანეთის გვერდზე მიწყობილი, რაც იმის დასტურია, რომ ეს სასაფალაო იყო. ამ ფაქტმა ყველაზე გონებამრუდე არსებაც შეიძლება დააეჭვოს, მაგრამ ჩვენს ორანგუტანებს, რა თქმა უნდა, არაფრის გაგონება არ სურთ და ყველაფერს რაღაც შემთხვევითობით ხსნიან.
- მაინც რა ჩონჩხებია?
- მაიმუნების ჩონჩხები არ არის!
- გასაგებია.
ჩვენ ერთმანეთს თვალებში შევხედეთ. უცებ კორნელიუსის ენთუზიაზმი დაცხრა და უფრო მშვიდი ტონით, სიტყვების აწონვით განაგრძო:
- არ დავმალავ... ეს ადამიანების ჩონჩხებია!
ზირას არანაირი განცვიფრება არ გამოუთქვამს, როგორც ჩანს მან ყველაფერი იცოდა; მე და კორნელიუსმა კვლავ თვალი თვალში გავუყარეთ ერთმანეთს. ასე ხმაამოუღებლად ვუმზერდი მას, ველოდებოდი და კორნელიუსმა, როგორც იქნა, სათქმელი პირდაპირ მითხრა:
- ახლა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პლანეტის ბატონ-პატრონები ოდესღაც ადამიანები იყვნენ; ისინი ისევე კარგად აზროვნებდნენ, როგორც დედამიწელი ადამიანები, მაგრამ შემდგომში ადამიანთა რასამ დეგრადაცია განიცადა და ისინი ცხოველებად იქცნენ... მე კიდევ მაქვს ამ მოსაზრების დამამტკიცებელი საბუთები.
- კიდევ?
- დიახ. ეს მასალა ენცეფალური განყოფილების ერთმა თანამშრომელმა, დიდი მომავლის მქონე მეცნიერმა შიმპანზემ მოიპოვა; ის, რაც მან გააკეთა, შეიძლება გენიალურადაც ჩაითვალოს... აღარ უნდა ვიფიქროთ, რომ მაიმუნები მხოლოდ მიმბაძველები იყვნენ - განაგრძო კორნელიუსმა ერთგვარი ირონიით - ჩვენ არაერთი სიახლე შევიტანეთ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში და განსაკუთრებით ტვინის მოქმედების შესწავლის საქმეში. თუ მექნება შესაძლებლობა, ამ შიმპანზეს გამოკვლევების შედეგებს გაგაცნობთ. დარწმუნებული ვარ, გაოცებული დარჩებით.
* * *
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ კორნელიუსი უფრო საკუთარი თავას დარწმუნებას ცდილობდა იმაში, რომ მაიმუნები გენიალური არსებები არიან და რაღაც ნიშნის მოგებითაც ამიტომ მელაპარაკებოდა. მაგრამ განა მე ოდესმე მქონია სურვილი, რომ მაიმუნების შესაძლებლობებში ეჭვი შემეტანა?! რაღაც ორიოდე თვის წინ კორნელიუსი თავად შემომჩიოდა, რომ მაიმუნებს მხოლოდ მიმბაძველობითი უნარი აქვთ სათანადოდ განვითარებული, ახლა კი ერთგვარი ქედმაღლობით მიმტკიცებდა:
- დამიჯერეთ, დადგება დრო, როცა ჩვენ ყველა საკითხში ვაჯობებთ ადამიანებს; ტყუილად ხომ არ ვართ ჩვენ ადამიანური კულტურის მემკვიდრენი - აქ არანაირი შემთხვევითობა არ არსებობს. ეს ევოლუცის ნორმალური სვლის შედეგად მოხდა. მოაზროვნე ადამიანის ბატონობის ხანა დასრულდა და მის შემცვლელად მოვიდა უფრო სრულყოფილი არსება, რომელსაც ადამიანთა მიღწევების შენარჩუნება, მათი ცივილიზაციის შემდგომი სრულყოფა და ახალი მიჯნების დალაშქვრა ევალება!
საკითხის ამგვარი კუთხით წარმოჩენა, ჩემთვის სიახლე გახლდათ. მე შემეძლო მეთქვა კორნელიუსისთვის, რომ ბევრი დედამიწელი ფილოსოფოსი წინასწარმეტყველებდა იმას, რომ ადამიანის შემცვლელად ოდესმე აუცილებლად მოვიდოდა უფრო მეტად სრულყოფილი არსება, მაგრამ არცერთ მეცნიერსა და პოეტს წამითაც არ მოსვლია აზრად, რომ ეს სრულყოფილი ქმნილება მაიმუნი იქნებდა. მე მაშინ უბრალოდ არ მსურდა კამათის გაგრძელება და თავი იმით დავიმშვიდე, რომ აზროვნების უნარი შენარჩუნებულ იქნა, ხოლო რა არსებაში მოხდა მისი შემონახვა, პრაქტიკულად უმნიშვნელოდ მეჩვენებოდა იმწუთს, რადგან სულ სხვა რამ მაწუხებდა და ეს ნოვას მდგომარეობა გახლდათ. კორნელიუსს ვკითხე მისი ამბავი და მან დამამშვიდა:
- ნუ ღელავთ! ყველაფერი კარგად იქნება... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი, როგორებიც სორორაზე მრავლადაა.
- მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვი იმეტყველებს! - ეს სიტყვები ისეთი მრისხანებით წარმოვთქვი, რომ ზირამ შუბლი შეიკრა და მზერით მანიშნა - დავდუმებულიყავი.
- მე თქვენს ადგილზე ბავშვს ამას არ ვუსურვებდი - ბრაზმორეულმა მიპასუხა კორნელიუსმა - ეს არც მის და არც თქვენს ინტერესებში არ შედის.
მცირე პაუზის შემდეგ კი უფრო მეგობრული ტონით დაამატა:
- ის ბავშვი თუ ამეტყველდა, ვეჭვობ, რომ კვლავაც შევძლო თქვენი დაცვა, რასაც აქამდე ვაკეთებდი. თქვენ, მგონი, არ გსურთ იმის დაჯერება, რომ დიდი საბჭო თქვენს მიმართ გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამს. მე მაქვს უმკაცრესი მითითება, რომ ბავშვის დაბადება საიდუმლოდ შევინახო. თუ ხელისუფლება გაიგებს, რომ თქვენ ყველაფერი იცით, მე დაუყოვნებლივ გამათავისუფლებენ ამ თანამდებობიდან, ზირასაც გაათავისუფლებენ და თქვენ დარჩებით...
- მტრების პირისპირ?
კორნელიუსმა თვალი ამარიდა. ესე იგი, სწორად გავიგე: მე კვლავაც მაიმუნთა რასის პოტენციურ მტრად მთვლიდნენ; ასეა თუ ისე, მაინც სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ კორნელიუსის სახით, მეგობარი თუ არა, მოკავშირე მაინც მყავდა ამ პლანეტაზე. ზირა კი ბევრად უფრო დიდ კეთილგანწყობას ამჟღავნებდა ჩემს მიმართ და ახლაც მის ნებას ვერ შეეწინააღმდეგა კორნელიუსი და მე ჩუმად ნოვას ნახვის უფლება მომცეს.
* * *
ზირამ პატარა იზოლირებული სახლისაკენ წამიყვანა, რომლის გასაღები მხოლოდ მასთან ინახებოდა. ჩვენ პატარა ოთახში შევედით. იქ სამი გალია იდგა, ორი ცარიელი იყო. მესამეში ნოვა იჯდა. მან კარის გაღების ხმა გაიგონა და რაღაც მეექვსე გრძნობით მიხვდა, რომ მე მივედი, რადგან ჯერაც დანახული არ ვყავდი, რომ უკვე მისი ნაცნობი ძახილი შემომესმა. ახლოს რომ მივედი, თავზე ხელი გადავუსვი და სახე სახეზე მივადე; ზირამ ზიზღით აიჩეჩა მხრები, მაგრამ გალიის გასაღები მაინც მომცა, თავად კი დერეფანში გავიდა საყარაულოდ. რა კეთილი გული აქვს ამ მდედრ შიმპანზეს! რომელი სხვა ქალი იქნებოდა ასეთი გამგები?! ზირა მიხვდა, რომ მე და ნოვას ბევრი რამ გვქონდა ერთმანეთთან სათქმელი და ამიტომაც დაგვტოვა!...
ბევრი სათქმელი?! ვაი, რომ კვლავ დამავიწყდა, ვისთანაც მქონდა საქმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შევვარდი გალიაში, მოვეხვიე ნოვას და ისე დავუწყე ლაპარაკი, როგორც დიდი ხნის უნახავ ვინმე დედამიწელ ქალბატონს მოვეპყრობოდი.
ნუთუ ახლაც ვერაფერი გაიგო?! ნუთუ მას იმ დიდი მისიის წინათგრძნობაც კი არ ჰქონდა, რაც ჩვენ განგებამ გვარგუნა და რის წინაშეც იგი ისევეა პასუხისმგებელი, როგორც მე!
მე წამოვწექი ნოვას გვერდით თივაზე და მსურდა ჩვენი სიყვარულის ნაყოფის არსებობა როგორმე შემეგრძნო. რატომღაც მომეჩვენა, რომ ფეხმძიმობამ ნოვაში ღირსების გრძნობა შვა, ერთგვარი ინდივიდუალურობაც შესძინა მას, რაც ადრე არ ჰქონია. როცა მის მუცელს შევახე ხელი, ნოვა ათრთოლდა, მზერაშიც რაღაც სხივი ჩაუდგა... დიახ, დიახ, ეს ასე იყო! და უცებ ნოვამ დამარცვლით წარმოთქვა ჩემი სახელი! ესე იგი ჩემმა გაკვეთილებმა შედეგი გამოიღეს! სული განუსაზღვრელი სიამაყით აღმევსო!... ნოვამ კი, როგორც ჩანს, ეს საკმარისად ჩათვალა, ჩემს მიერ მიტანილი ხილისკენ შებრუნდა და მადიანად დაუწყო ჭამა.
...მალე ზირაც შემოვიდა. ჩვენი წასვლის დრო იყო. გამოვედით იმ სახლიდან, გზად არაფერი გვითქვამს, მაგრამ ზირა ხვდებოდა, რა ქარიშხალიც ტრიალებდა ჩემს არსებაში და ამიტომ ჩემს ოთახამდე მიმაცილა, იქ კი ვეღარ მოვითმინე და პატარა ბავშვივით ავტირდი:
- ო, ზირა, ზირა!
... და გავიმეორე ამ შიმპანზესთან ყველაფერი ის, რაც ნოვასთან ვთქვი, მსურდა ეს სიტყვები გაეგო გონიერ მდედრს, ვინც სათანადოდ შეაფასებდა მათ...
მერვე თავი
კორნელიუსმა პატარა ოთახში შემიყვანა და თავდაპირველად იქ ვერაფერი განსაკუთრებული ვერ შევნიშნე, რაც ამგვარი გასაიდუმლების მიზეზი უნდა ყოფილიყო. აპარატურა ისეთივე იყო, რაც სხვა ოთახებში ვნახე - იგივე გენერატორები, ტრანსფორმატორები, ელქტროდები. აქ იყვნენ ქალი და კაცი, რომლებიც პარალელურად დადგმულ ტახტებზე იწვნენ და ზედ ღვედებით იყვნენ დამაგრებულნი.
რომ შევედით სორორელმა ადამიანებმა ისეთი მზერა შეგვავლეს, რამაც თავისი სიღრმითა და დამაჯერებლობით გამაოცა.
მსახური-გორილა რაღაც ყმუილით შემოგვეგება და ჰელიუსს მასთან ყრუ-მუნჯთა ენაზე მოუხდა გამოლაპარაკება, რათა დაემშვიდებინა. ეს იყო საოცარი სანახაობა - გორილა და შიმპანზე, რომლებიც თითებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს! არ ვიცი - რატომ, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთ სისულელედ მომეჩვენა, რომ ლამის გადავიხარხარე.
- ყველაფერი რიგზეა - თქვა ჰელიუსმა - შეგვიძლია დავიწყოთ ექსპერიმენტი.
- რა ხდება? აღარ მეტყვით?! - ვეღარ შევიკავე თავი.
- დიახ, ეს თქვენთვის სიურპრიზი იქნება - ჩაიქირქილა კორნელიუსმა.
მსახურმა-გორილამ ქალსაც და კაცსაც ნარკოზი გაუკეთა და როცა მათ მშვიდად დაიძინეს, ნაირგვარი აპარატურის მომართვა დაიწყო. ჰელიუსი მიუახლოვდა კაცს, ფრთხილად შეხსნა თავზე წაკრული დოლბანდი და თავის ქალაზე საგანგებოდ მონიშნულ ადგილზე ელექტროდი მიუერთა. კაცი უძრავად იწვა, მე კითხვის თვალებით შევხედე კორნელიუსს და ამ დროს მოხდა საოცრება...
კაცი ალაპარაკდა!
მისი ხმა ისე მოულოდნელად გაისმა საოპერაციოში, რომ მე ადგილზე შევხტი. არა, ეს არ იყო ჰალუცინაცია - იგი ხმამაღლა ლაპარაკობდა და გენერატორის ზუზუნსაც კი ახშობდა თავისი ხმით. იგი მაიმუნების ენაზე მეტყველებდა, როგორც დედამიწელი ადამიანი ან, უფრო სწორად, როგორც სორორელი მაიმუნი.
ორივე შიმპანზეს დრუნჩებზე აღტაცების ალმურმა გადაჰკრა. მათ შემომხედეს და ჩემი გაოცებით მათ ნეტარების ჟრუანტელი ჩაუდგათ სხეულებში, თვალთაგან კი სიამაყისა და თვითკმაყოფილების ნაპერწკლები სცვიოდათ. თავს ვეღარ ვიკავებდი, მინდოდა მეყვირა, მაგრამ მაიმუნებმა მირჩიეს, რომ ყურადღებით მომესმინა სორორელი ადამიანისთვის.
ის, რასაც კაცი ლაპარაკობდა, იყო სრული უაზრობა და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. როგორც ჩანს, დიდი ხანია, რაც ინსტიტუტში იმყოფებოდა, რადგან გაუთავებლად იმეორებდა ფრაზებს, რასაც აქაური მეცნიერები და მსახურები წარმოთქვამდნენ. მცირე ხანში კორნელიუსმა ექსპერიმენტის შეწყვეტა ბრძანა.
- სხვას საინტერესოს ვეღარაფერს მოვისმენთ, თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ იგი ლაპარაკობს!
- წარმოუდგენელია! - ძლივსღა ამოვღერღე.
- არა, თქვენ ჯერ ყველაფერი არ გინახავთ - შენიშნა ჰელიუსმა - კაცი ლაპარაკობს, როგორც თუთიყუში, აი, ამ მდედრმა კი უფრო დიდ წარმატებებს მიაღწია....
- უფრო დიდ წარმატებებს?
- დიახ, მისგან ჩვენ ვიღებთ ათასჯერ მეტ ინფორაციას - დააკონკრეტა რატომღაც აღელვებულმა კორნელიუსმა - მომისმინეთ, ეს ქალიც ლაპარაკობს და ახლა თქვენ გაიგონებთ მის მეტყველებას, მაგრამ იგი კი არ იმეორებს ფრაზებს, რაც ტყვეობაში ისწავლა, არამედ საგანგებო მნიშვნელობით მოსავს ნათქვამ სიტყვებს. ელექტრომექანიკური ზემოქმედების გენიალური კომბინაციის წყალობით ჰელიუსმა ამ ქალის ტვინს შესძინა არა მარტო მეტყველების უნარი, არამედ მასში გაიღვიძა ხსოვნამაც... ელექტროდენის ზემოქმედებით ეს ქალი იხსენებს მისი შორეული წინაპრების ამბებს, ანუ იღვიძებს ატავისტური ხსოვნა, რაც ადამიანთა რასაში იქნა ჩადებული ასი ათასობით წლის წინ... გესმით, ულის?!
* * *
ასე მეგონა, რომ დიდი მეცნიერი კორნელიუსი შეიშალა, რადგან მისი სიტყვები განუზომლად და შემზარავად დაუჯერებელ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. სხვათა შორის, მაიმუნებში, და განსაკუთრებით ინტელიგენტ მაიმუნებში, საკმაოდ ხშირია ჭკუიდან შეშლის ფაქტები... ვიდრე ამ ეჭვებს ვებრძოდი, ჰელიუსმა და ლაქია-გორილამ მოასწრეს ქალის თავის ქალასთან ელექტროდების მიერთება; ერთხანს ქალი, როგორც მანამდე მისი მეზობელი მამაკაცი, სიცოცხლის არანაირ ნიშან-წყალს არ ავლენდა, მაგრამ უცებ ღრმად ამოიოხრა დ ალაპარაკდა. ისიც მაიმუნების ენაზე ლაპარაკობდა, სორორელთა ენაზე, ხმა ყრუ და მკერდისმიერი ჰქონდა და დროდადრო ტონალობასაც იცვლიდა; გეგონებოდა, რომ მისი ბაგეებით სხვადასხვა ადამიანები მეტყველებდნენ.
ყოველი მისი სიტყვა ჩემს გონებას სამარადისოდ ჩაეჭედა!...
- მაიმუნები, ისევ ეს მაიმუნები - ამბობდა ქალი - უკანასკნელ ხანს ისინი საოცარი სისწრაფით მრავლდებიან, თუმცა სულ ახლახან ყველა დარწმუნებული იყო, რომ მათი მოდგმა გადაშენდებოდა. თუ ასე გაგრძელდეა, მალე ისინი ჩვენზე მეტნი იქნებიან... მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, რომ ისინი სულ უფრო თავხედები ხდებიან; მათ უკვე შეუძლიათ ადამიანებს თვალი თვალში გაუყარონ. ჩვენ შევცდით, როცა ისინი იმ დონეზე გავწვრთენით, რომ მათ მოსამსახურის მოვალეობათა შესრულება შეეძლოთ. ამასწინათ ქუჩაში ლაქია შიმპანზე დამეჯახა და როცა აღვმართე ხელი, რომ თავში ჩამერტყა მისთვის, მან ისეთი აგრესიით და ბოღმით შემომხედა, რომ ვეღარ გავბედე მისი დასჯა. ჩემი მეგობარი ანა, რომელიც ლაბორატორიაში მუშაობს, მეუბნება, რომ მათთანაც ბევრი რამ შეიცვალა. ახლა უკვე იგი გალიაში მარტო ვეღარ შედის და იმასაც ამტკიცებს, რომ ღამღამობით მაიმუნების გალიიდან ჩურჩული და სიცილი ისმის. ერთ-ერთი გორილა ინსტიტუტის დირექტორსაც კი ბაძავს სიარულში და საოცარი სიზუსტით აკეთებს ამას.
ქალი მცირე ხნით დადუმდა, რამოდენიმეჯერ ღრმად ამოიოხრა და განაგრძო:
- ამასაც მოვესწარით! ერთი მაიმუნი ალაპარაკდა კიდეც და ეს სრული სიმართლეა; ამის შესახებ `ქალთა გაზეთშიც~ ეწერა, სადაც მოლაპარაკე ახალგაზრდა შიმპანზეს ფოტოც კი იყო დაბეჭდილი.
- შიმპანზე!... პირველი!... მე ამაში დარწმუნებული ვიყავი! - აღტაცებით წამოიძახა კორნელიუსმა.
- ახლა კი სხვებიც ალაპარაკდნენ - განაგრძო ქალმა. - გაზეთები ყოველდღე იუწყებიან ასობით მაიმუნის ამეტყველების შესახებ. ზოგიერთი მეცნიერი ამას დიდ სამეცნიერო მიღწევად თვლის. ნუთუ მათ არ ესმით, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამან?! როგორც გავიგე, ერთ-ერთი ასეთი მოლაპარაკე შიმპანზე საზიზღრად იგინება. პირველი, რისთვისაც მათ მეტყველების უნარი გამოიყენეს, საკუთარი პატრონების ლანძღვაა; ზოგი მათგანი უკვე მორჩილებაზედაც უარს აცხადებს...
ქალი ერთხანს დადუმდა და შემდეგ მამაკაცის ხმით ალაპარაკდა, რომელიც თითქოს მოხსენებას აკეთებსო:
- ის, რაც ჩვენ დაგვემართა, ძნელი საწინასწარმეტყველო არ იყო. ჩვენ აზრობრივი სიზარმაცე მოგვერია. ახლა აღარავინ აღარაფერს კითხულობს; თვით უმარტივესი რომანტიული დეტექტივებიც კი გონების დამღლელ ნაწარმოებებად მიგვაჩნია. აღარავინ აღარაფერს თამაშობს, უწყინარი პასიანსის გაშლაც კი სულიერად თრგუნავს მოთამაშეს. თვით საბავშვო ფილმებიც გადაჭარბებულ სიბრძნედ გვეჩვენება... ამასობაში კი მაიმუნები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან გონებრივი საქმიანობით, მით უმეტეს, რომ მეტყველებასაც სათანადოდ დაეუფლნენ. მართალია, ისინი ჯერ ჩვენთან არ საუბრობენ და მხოლოდ თითოოროლა ბოღმანარევ რეპლიკას გვესვრიან ხოლმე, მაგრამ ღამღამობით ერთმანეთში დიდი სჯა-ბაასი აქვთ გამართული და მთელი დღის მიღებულ შთაბეჭდილებებს აქტიურად განიხილავენ.
...მორიგი პაუზის შემდეგ სორორელი ადამიანი შეშინებული ქალის ხმით ამეტყველდა:
- მე ასე ცხოვრება აღარ შემეძლო. მივატოვე სახლ-კარი და ყველაფერი ჩემს მსახურ გორილას დარჩა. გორილა უკვე რამდენიმე წელია ჩემთან ცხოვრობს და ერთგულად მემსახურება. მაგრამ თანდათანობით მისი ცხოვრების წესი შეიცვალა; საღამოობით სადღაც უჩინარდებოდა და, როგორც გაირკვა, მაიმუნთა საიდუმლო თავყრილობებს ესწრება. ლაპარაკიც უკვე ჩვენსავით შეუძლია და ვამჩნევ, რომ ბრძანებების შესრულება აღარ სურს. ერთი თვის წინ განმიცხადა, რომ საჭმელიც თავად გამეკეთებინა და ჭურჭელიც თავად დამერეცხა, თვითონ კი ჩემს ადგილზე დაჯდა და ჩემი თეფშიდან დაიწყო ჭამა. ერთი კვირის წინ საკუთარი საძინებლიდანაც გამომაძევა და მთელი ღამე დერეფანში დავდიოდი; ვცადე, აღარც დამეტუქსა და აღარც ბრძანების კილოთი მელაპარაკა მასთან და ყველაფერი ურთიერთგაგების ვითარებაში მომეგვარებინა, მაგრამ ამან უფრო მეტად გაათავხედა იგი. ბოლოს დადგა დრო, როცა წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შევძელი და საკუთარი სახლიდან წავედი... მე შევუერთდი ქალების ბრბოს, რომლებიც ასევე გამოაძევეს საკუთარი საცხოვრებლიდან; ჩვენ რამოდენიმე მამაკაციც შემოგვიერთდა და ახლა ქალაქგარეთ, სადაც მოგვიხერხდება, იქ ვათევთ და ვაღამებთ და იმითაც კმაყოფილები ვართ, რომ სიცოცხლე შევინარჩუნეთ. ერთმანეთთან სათქმელი თითქმის აღარაფერი გვაქვს, თითოეული ჩვენთაგანი მხოლოდ ყოველდღიური საკვების მოპოვებაზე ზრუნავს...
ქალი ისევ დადუმდა; მცირე ხანში კი კაცის ხმით ამეტყველდა:
- ასე მეგონა, რომ კიბოს საწინააღმდეგო საშუალება გამოვიგონე; ამ ახლადაღმოჩენილი მედიკამენტის გამოცდასაც ისევე ვაპირებდი, როგორც ადრე ვაკეთებდი ხოლმე, მაგრამ ვეღარაფრით ვახერხებ ამას, რადგან მაიმუნები წინააღმდეგობას მიწევენ ექსპერიმენტის ჩატარებისას. ამიტომ, ვიდრე მამრი შიმპანზე ჟორჟის გალიაში შევიდოდი, ასისტენტებს ვთხოვე, რომ იგი დაებათ; მივუახლოვდი მაიმუნს, მოვიმარჯვე ნემსი, რითაც მის სხეულში კიბოს გამომწვევი ნივთიერება უნდა შემეყვანა, რათა შემდეგ მკურნალობა დამეწყო. ჟორჟი თითქოს დამმორჩილდაო, მაგრამ მის ეშმაკურ თვალებში ვამჩნევდი, რომ ჩემს ზურგსუკან რაღაც მზადდებოდა. წამლის შეყვანა დაწყებულიც კი არ მქონდა, რომ გორილების ღრიალი მომესმა. ექვსი გორილა, რომლებიც სათადარიგო ცდებისათვის მყავდა გალიაში დამწყვდეულები, გარეთ გამოიჭრნენ... ეს ნამდვილ შეთქმულებას ჰგავდა! მაიმუნებმა გაგვთოკეს, ჟორჟი ჩვენს ენაზე იძლეოდა მითითებებს. მან ბრძანა, რომ ჩვენ, ადამიანები, საოპერაციო მაგიდაზე დავებით. გორილებმა წამში შეასრულეს ეს ბრძანება; შემდეგ შიმპანზემ აიღო შპრიცი და ჩვენს ძარღვებში სასიკვდილო სითხე შეიყვანა. სხეულში მომწამლავი სითხის მთელი დოზა რომ შემიყვანა, ჟორჟმა მოფერებით მომითათუნა ლოყაზე ხელი, როგორც თავად მე ვაკეთებდი ხოლმე ექსპერიმენტის ჩატარებისას ამას, რადგან მაიმუნებთან ურთიერთობისას, მუქარისა და დაშინების ნაცვლად, მეგობრულ დამოკიდებულებას ვარჩევდი.
ასე რომ, ახლა კიბოთი ვარ დაავადებული... განკურნების მეთოდი ჯერ ბოლომდე შემუშავებული არ მაქვს, ამიტომაც გადარჩენის არანაირი იმედი არ არსებობს....
რამოდენიმე დღის შემდეგ, გალიაში, სადაც დამამწყვდიეს, სნეულების პირველი სიმპტომები შევიგრძენი. ეს ჟორჟმაც შეიტყო და ყური მოვკარი, თუ როგორ ეუბნებოდა სხვა მაიმუნებს, რომ მკურნალობის დაწყების დროაო. ამან გამაოგნა, რადგან ყველაზე უკეთ მე ვიცოდი, რომ მკურნალობა შედეგს არ გამოიღებდა, რადგან გამოკვლევები ბოლომდე მიყვანილი არ მქონდა. იმავე ღამით გალია გამოვამტვრიე, გავიქეცი და მეც შევუერთდი ქალაქგარეთ მოწანწალე ბრბოს... ორიოდე თვის სიცოცხლე კიდევ დამრჩენია და მას აქ გავატარებ...
კვლავ პაუზა და კვლავ ქალის ხმა:
- მე მომთვინიერებელი ვიყავი, ჩემს ნომერში თორმეტი გაწვრთნილი ორანგუტანი მონაწილეობდა, ახლა კი თავად მე ვზივარ გალიაში ცირკის რამოდენიმე სხვა თანამშრომელთან ერთად.
სიმართლე უნდა ითქვას - მაიმუნები კარგად გვეპყრობიან და საჭმელსაც არ იშურებენ ჩვენთვის, თივა როცა გვიჭუჭყიანდება, ორანგუტანები დროულად გვიცვლიან მას. ისინი არანაირ სიმკაცრეს არ იჩენენ და საკმაოდ თბილად გვეპყრობიან; სჯიან მხოლოდ მათ, ვინც წინააღმდეგობას უწევთ და არ სურს შეისწავლოს ის ტრიუკები, რომელთა შესწავლა ჩვენ რატომღაც სავალდებულოდ გაგვიხადეს ორანგუტანებმა. არადა, რა სასაცილო ტრიუკებს გვასწავლიან! მე ვცდილობ, გავაკეთო ყველაფერი, რასაც ჩემგან ითხოვენ და კარგ დამოკიდებულებასაც ვიმსახურებ მათგან. თავს სულაც არ ვგრძნობ უბედურად; ახლა აღარც რაიმე საფიქრალი მაქვს, არც რაიმე პასუხისმგებლობა მაკისრია და აღარც ვინმეს წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ბევრი ჩვენთაგანი ძალზედ მალე მიეჩვია ცხოვრების ახალ წესს...
ქალი კვლავ დადუმდა და დუმილმა ამჯერად საკმაო ხანს გასტანა. მთელი ამ ხნის განმავლობაში კორნელიუსი თვალს არ მაშორებდა. მე მშვენივრად მესმოდა, თუ რის თქმა სურდა მას ამ დაჟინებული მზერით - რადგან ადამიანთა მოდგმა ისე დასუსტდა, რომ თავადვე თქვა უარი პალანეტის ბატონ-პატრონობაზე, განა სამართლიანი არ არის, რომ მათს შემცვლელებად სორორაზე უფრო სიცოცხლისუნარიანი და კეთილშობილი მოდგმა მოვიდა? სახეზე ალმურმა გადამკრა და კორნელიუსს ავარიდე მზერა. ამასობაში ქალი საოცრად შესაბრალისი ხმით ალაპარაკდა:
- ახლა მათ მთელი ქალაქი დაიპყრეს. ჩვენს თავშესაფარში ასიოდე ადამიანი დარჩა და ყოველი ჩვენთაგანი განწირულია დასაღუპავად. ეს ადამიანთა უკანასკნელი დასახლებაა ქალაქის სიახლოვეს, თუმცა მაიმუნები მათ სიახლოვეს ასე თავისუფალი ცხოვრების უფლებას აღარ გვაძლევენ. სხვა სადგომებიდან ბევრი გაიქცა და ტყეს შეაფარა თავი, ზოგი მაიმუნებს ჩაბარდა, ემსახურებიან მათ და საკვებსაც იღებენ ამის სანაცვლოდ, ჩვენ კი ჯერაც ქალაქგარეთა სადგომში ვართ, აღარაფერზე ვფიქრობთ და აღარანაირი სურვილი არ გაგვაჩნია, დროს საჭმლის ძებნაში და ძილში ვკლავთ....
სწორედ ამის მეშინოდა! ბარბაროსული კაკოფონია ყურთასმენას გვიხშობს. ეს რაღაც პაროდიაა სამხედრო აღლუმისა... ღმერთო, გადაგვარჩინე! მაიმუნები მოდიან! ისინი ყოველი მხრიდან ალყაში გვაქცევენ; მათ ჩვენი საყვირები უპყრიათ ხელთ, ტანზე ჩვენი მუნდირები აცვიათ, იარაღი? არა, იარაღს ვერ ვხედავ... ჰოი, რა სირცხვილია, რა შემზარავი დამცირებაა! აგერ, ჩვენკენ მაიმუნების რაზმი მოეშურება და ისინი მათრახებით არიან შეიარაღებულნი!
მეცხრე თავი
ჰელიუსის მიერ წარმოებული ექსპერიმენტების შესახებ ინფორმაციამ მაინც გაჟონა. შესაძლოა, ამაში თავად მეცნიერი-შიმპანზე იყო დამნაშავე, რომელმაც თავი ვერ შეიკავა და სადღაც ვიღაცასთან დაიტრაბახა საკუთარი მიღწევების შესახებ. ქალაქში ხმა დადის, რომ ვიღაც მეცნიერმა ადამიანი აალაპარაკაო. უდაბნოში აღმოჩენილი ნამარხი ქალაქის შესახებ წარმართული დეზინფრმაციული ცნობების მიუხედავად კი, საზოგადოება მაინც ღელავს და რაღაცას გრძნობს. ზოგიერთი ჟურნალისტი ლოგიკური მსჯელობის შედეგად ჭეშმარიტებაში წვდომასაც კი ახერხებს. ყოველივე ეს მაიმუნებში შიშისა და საფრთხის გრძნობას აღძრავს და მთლიანობაში ყველაფერი ჩემს არსებობას უკავშირდება. მაიმუნები მე ეჭვის თვალით მიყურებენ და სულ უფრო იძაბება სიტუაცია ჩვენს შორის.
კორნელიუსს ბევრი მტერი ჰყავს. ამიტომაც იგი ვერ ბედავს, პირდაპირ განაცხადოს სიმართლე თავისი აღმოჩენების შესახებ. თუმცა არც სურს ამის გაკეთება, რადგან წინასწარ იცის, თუ რას მოიმოქმედებს სორორაზე გაბატონებული ხელისუფლება. ორანგუტანების კლანი, რომელსაც ზაიუსი ხელმძღვანელობს, კბილებს ილესავს. უკვე მიდის ლაპარაკი მაიმუნების მოდგმის წინააღმდეგ არსებულ შეთქმულებაზე. გორილებს ჯერ არანაირი ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მაგრამ ისინი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგნი იქნებიან ყველაფერი იმისა, რაც არსებული სტაბილური წყობის საზიანოდ იქნება მიმართული.
* * *
დღეს მომხდარმა ამბავმა ჩემი არსება ერთიანად ააფორიაქა და შეაზანზარა. მოხდა ის, რასაც ამდენი ხანი მოუთმენლად ველოდით. ჯერ განუზომელმა სიხარულმა შემიპყრო, მაგრამ შემდეგ, უკეთ რომ გავიაზრე ეს ფაქტი, მომავალი საფრთხისა გამო, შიშმა შემიპყრო.
...ნოვამ ბიჭი გააჩინა!
ასე რომ, მე უკვე მყავს შვილი, პლანეტა სორორაზე ჩემი ვაჟი დაიბადა!
...უკვე მოვასწარი კიდეც შვილის ნახვა, თუმცა ამის გაკეთება არც ისე ადვილი საქმე აღმოჩნა. საიდუმლოს მკაცრად შენახვისათვის ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ ნოვას ათობით მეთვალყურე მიუჩინა და მშობიარობამდე ერთი კვირის განმავლობაში ვეღარაფრით მოვახერხე მისი ნახვა. მშობიარობის მშვიდობიანად დასრულება ზირამ მაცნობა; ეს ერთადერთი მაიმუნია სორორაზე, ვინც ბოლომდე მიერთგულა. ჩემი დიდი მღელვარება რომ შენიშნა, ზირა თავად შემპირდა, რომ ჩემი ოჯახის ახალ წევრთან შემახვედრებდა, თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ შეძლო და თანაც შუაღამისას, რადგან დღისით ბავშვს წამითაც არ აშორებენ თვალს.
დიახ, მე ის ვნახე! იცით, რა საოცარი ბავშვია! იგი თივაზე იწვა დედის გვერდით, როგორც ახლადშობილი ანგელოზი. ბიჭი მე მგავს, თუმცა დედის სილამაზეც საკმაოდ გამოჰყვა. სხვათა შორის, კარი რომ შევაღე, ნოვა მრისხანე ღრენით შემხვდა. ისიც გრძნობს საფრთხეს და ღელავს. სანამ დამინახავდა, იდგა და კლანჭებმომარჯვებული საფრთხის დახვედრას ელოდა, მაგრამ მალევე მიცნო და დაწყნარდა. დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ იგი რამოდენიმე საფეხურით ამაღლდა ევოლუციის კიბეზე. მის თვალებში მოციმციმე გონიერება ახლა უკვე მობრიალე კოცონად გადაიქცა. აღტაცებითა და სინაზით ვკოცნიდი ჩემს შვილს და არ მსურდა იმ შავ ღრუბლებზე მეფიქრა, ჩვენს თავსზემოთ რომ იქუფრებოდა.
იგი ადამიანი იქნება, ნამდვილი ადამიანი! - ამაში არანაირი ეჭვი არ მეპარება მის ყოველ ნაკვთში გონიერება გამოჭვივის. მე შევძელი გონიერების ღვთიური ცეცხლის დანთება! ჩემი წყალობით ამ პლანეტის ადამიანთა მოდგმა კვლავ აღორძინდება და აყვავდება. როცა ჩემი შვილი გაიზრდება, იგი ახალი, გონიერი შთამომავლობის მამამთვარი იქნება...
როცა ჩემი შვილი გაიზრდება?!
ახლა იგი უშფოთველად წევს გალიაში, თივაზე და არ იცის, რამდენი წინააღმდეგობა დახვდება ცხოვრების გზაზე... მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ, სამივე ერთად შევეჭიდებით თავსდატეხილ საფრთხეს და გადავრჩებით; ახლა ნოვაც ჩვენს ბანაკში გადმოვიდა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია თვალყური ადევნო, თუ როგორ დასტრიალებს თავს ბავშვს; მართალია, ისიც სორორელი დედებივით ლოკავს თავის ნაშიერს, მაგრამ ამას სავსებით გააზრებული სახით აკეთებს.
ბავშვი თივაზე დავაწვინე; ახლა მე მისი ბედი არ მაშინებს - ის ნამდვილი ადამიანია! მართალია, ჯერ ვერ ლაპარაკობას, მაგრამ... თუმცა, ღმერთო ჩემო, როგორ ილაპარაკებს?! - ჯერ ხომ სულ სამი დღისაა, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად ამეტყველდება. ახლა ბიჭუნა მხოლოდ ტირის, დიახ - ტირის, როგორც დედამიწელი ბავშვი; იგი ცხოველის ნაშიერივით არ წკმუტუნებს. ნოვასაც მშვენივრად ესმის ეს და ბავშვს აღტაცებულ მზერას ვერ აშორებს.
ზირამაც იგრძნო, რომ ბავშვი ნამდვილი სასწაულია, მოგვიახლოვდა, ბალნიანი ყურები დაცქვიტა და დიდხანს და ყურადღებით დასცქეროდა ყრმას. შემდეგ მანიშნა, რომ წასვლის დროა. აქ ვინმე გარეშეს რომ დავენახე, ეს ყველა ჩვენთაგანისათვის სავალალოდ დასრულდებოდა. ზირა დამპირდა, რომ ჩემს შვილზე საგანგებოდ იზრუნებდა და მჯერა, რომ შეასრულებს თავის სიტყვას. ჩემთვის ახლა ისიც ცნობილია, რომ თავად ზირასაც ეჭვის თვალით უყურებენ და ჩემს თანამზრახველობას სწამებენ. მე შიში მიპყრობს იმის გაფიქრებაზე, რომ იგი შეიძლება გაათავისუფლონ და, შესაძლოა, არც ეს აკმარონ. არა, მე არ მაქვს უფლება, ზირა ასეთი განსაცდელის წინაშე დავაყენო!
დედაშვილს ალერსით ვემშვიდობები და გასასვლელისკენ მივდივარ. გასვლამდე უკან ვიყურები და ვხედავ, რომ მდედრი შიმპანზე კვლავ მიდის ახლადშობილ ადამიანთან, ჩემს მიერ შექმნილ ადამიანთან, მაიმუნური ბაგეებით ფრთხილად ეხება მის შუბლს და ისიც გასასვლელისაკენ მოდის. ნოვას კი პროტესტიც კი არ გამოუხატავს! მან თავისი შვილისადმი გამოვლენილ სითბოში სრულიად ბუნებრივი საქციელი დაინახა. მე კი გამახსენდა, თუ რა მტრული თვალებით უმზერდა იგი ადრე ზირას და ეს ყოველივე ნამდვილ სასწაულად აღვიქვი.
ოთახიდან გამოვედით. მე მთელი არსებით ვთრთოდი და იმასაც კარგად ვხედავდი, რომ ზირაც ჩემზე არანაკლებ ღელავდა.
- ულის! - შესძახა უცებ მან და თვალზე ცრემლი მოიწმინდა - ზოგჯერ მგონია, რომ ეს ჩემი შვილიცაა!...
მეათე თავი
დროდადრო თავს ძალას ვატან და პროფესორ ანტელის მოსანახულებლად დავდივარ, მაგრამ ყოველი მისვლის შემდეგ ამგვარი ვიზიტები სულ უფრო დამთრგუნველი ხდება ჩემთვის. პროფესორი კვლავაც ინსტიტუტშია, მაგრამ იძულებულნი გავხდით იგი კომფორტული ოთახიდან, სადაც ჩემი თხოვნით მოათავსეს, სხვაგან გადაგვეყვანა. ოთახში ანტელს რაღაც ფსიქიური შეტევები ემართებოდა და სანიტრებისათვის საშიში ხდებოდა, იგი იწევდა მათკენ და ერთხელ კბენაც კი დაუპირა. ამის გამო კორნელიუსმა მისი გადაყვანა ბრძანა თივითმოფენილ ჩვეულებრივ გალიაში და ზოოპარკიდანაც ის ლამაზმანი მოუყვანეს, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით ეხუტებოდა ჩვენი პროფესორი. ანტელი იმ ქალბატონის გამოჩენას ზრდასრული მხეცის ყმუილით შეხვდა და მის ქცევას უმალ სიმშვიდე და უშფოთველობა დაეტყო. მის ცხოვრებას კვლავ მიეცა აზრი.
აი, ასეთ გარემოცვაში და ასეთ ყოფაში ვხვდები მას ყოველთვის, როცა გალიასთან მივდივარ. ასე მგონია, რომ პროფესორი ბედნიერია. ყოველ შემთხვევაში მოსუქდა და გაახალგაზრდავდა კიდეც. რაღას არ ვიგონებ, რომ მასთან კონტაქტი დავამყარო, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ. აი, დღესაც კიდევ ერთი უშედეგო ვიზიტი განვახორციელე. პროფესორს ღვეზელით სავსე პაკეტი რომ გავუწოდე, უმალ გამომართვა, მადიანად შეექცა მათ და ჭამას რომ მორჩა თავის გულისსწორის გვერდით გაიშოტა, იმ `ჩვენმა რძალმა~ კი პროფესორს ტუჩები აულოკა....
- ხედავთ, გონების არა მარტო ამოქმედება, არამედ დაკარგვაც შეიძლება - ამბობს ვიღაც ჩემს ზურგსუკან. ვიხედები და კორნელიუსს ვხედავ. თურმე ის დამეძებდა, ოღონდ პროფესორ ანტელის შესახებ საუბრის გაბმა სულაც არ იყო მისი მიზანი. მას ჩემთან უკიდურესად სერიოზული საქმე აქვს. მივყვები მას კაბინეტში, სადაც ზირა გველოდება. ზირას დაწითლებული, დასიებული თვალები აქვს, როგორც ტირილის შემდეგ სჩვევიათ ხოლმე ქალებს. როგორც ჩანს, შიმპანზეებმა ჩემს შესახებ ძალზედ ცუდი ამბავი შეიტყეს, მაგრამ საუბრის დაწყებას ვერცერთი მათგანი ვერ ბედავს.
- ჩემს შვილს ხომ არ დაემართა რამე? - ვეღარ ვიკავებ თავს.
- არა, ის შესანიშნავად გრძნობს თავს - ნაჩქარევად მპასუხობს ზირა.
- დიახ, საჭიროზე უფრო `შესანიშნავად~ - ბუზღუნით ამატებს კორნელიუსი.
მე მათზე უკეთ ვიცი, რომ შესანიშნავი შვილი მყავს, მაგრამ თითქმის თვეა, ვერაფრით მოვახერხე მისი ნახვა. მაიმუნები უფრო მეტი სიმკაცრით ინახავენ საიდუმლოს. ზირასაც ეჭვის თვალით უმზერენ და ახლა ინსტიტუტის ხელმძღვანელობა მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს.
- დიახ, საჭიროზე უფრო `შესანიშნავად~ - იმეორებს კორნელიუსი. - ის იღიმება, ის ტირის, როგორც მაიმუნის შვილი და... უკვე ლაპარაკსაც იწყებს?!
- სამი თვის ასაკში?!
- არა, ეს ჯერ ჩვილის ტყიპტყიპია, რაც იმის ნიშანია, რომ იგი იმეტყველებს, მაგრამ, რაც მთავარია, ბავშვი საოცარი სისწრაფით ვითარდება.
მე სიამაყით ვშლი მხრებს, მაგრამ ზირას ჩემი გამომეტყველება ბედნიერი მამიკოსი აღაშფოთებს.
- ნუთუ არ გესმის, რომ ეს კატასტროფაა? - თავს ვეღარ იკავებს ზირა - ახლა მას არასოდეს არაფრის დიდებით არ მისცემენ თავისუფალი ცხოვრების უფლებას.
- ჩემთვის სარწმუნო წყაროდან ცნობილი გახდა, - მშვიდად მეუბნება კორნელიუსი - რომ ორი კვირის შემდეგ დიდი საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება, რათა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თქვენს შვილთან დაკავშირებით.
- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება?
- უაღრესად მნიშვნელოვანი. მის განადგურებაზე ლაპარაკი ჯერ არ არის, ვიმეორებ - ჯერ არ არის, მაგრამ დედასთან განშორება კი მოუწევს.
- მე? მე შევძლებ მის ნახვას?
- თქვენ ეს პირველ რიგში გეკრძალებათ... თქვენთვის ეს გამორიცხულია! - შეუბრალებლად მიხსნის შიმპანზე. - მაგრამ დამაცადეთ, ჩვენ აქ იმისათვის არ შევიკრიბეთ, რომ სინანული გამოვთქვათ, ჩვენი ვალია სამოქმედო გეგმა შევიმუშავოთ. აი, რა ინფორმაცია გამაჩნია: თქვენს შვილს საგანგებო საპყრობილეში მოათავსებენ, სადაც მასზე ორანგუტანები აწარმოებენ დაკვირვებას. დიახ, ზაიუსს დიდი ხანია აინტერესებს გონიერ ადამიანზე დაკვირვება და ახლა, შესაძლოა, აისრულოს კიდეც ეს სურვილი.
კორნელიუსმა უცემ მრისხანედ მომუჭა მუშტები და კბილებში ისეთი სიტყვები გამოსცრა, რასაც არც წერენ და არც ბეჭდავენ. შემდეგ განაგრძო:
- უნდა ითქვას, რომ დიდ საბჭოს შესანიშნავად მოეხსენება, თუ რად ღირს ეს კრეტინი, როგორც მეცნიერი, მაგრამ ყველა თავს იკატუნებს და ამტკიცებს, რომ იგი უკეთ შეისწავლის ამ გამონაკლის შემთხვევას, ვიდრე მე; სინამდვილეში კი ყველას ის აღელვებს, რომ ამგვარი გამონაკლისი შემთხვევა მაიმუნების მოდგმისათვის საფრთხეს წარმოადგენს. დიდი საბჭოს ქურუმებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ზაიუსი შეძლებს ამ პრობლების აღმოფხვრას.
მე გავქვავდი! ნუთუ ჩემი შვილი ამ სასტიკი და უმეცარი არსების ხელში ჩავარდება?! თუმცა კორნელიუსს ჯერ დასრულებული არ ჰქონდა თავისი სათქმელი:
- ყველაზე შემზარავი კი ისაა, რომ საფრთხე დაემუქრა არა მარტო თქვენს შვილს...
თავზარდაცემულმა შევხედე ზირას და მან თვალი ამარიდა:
- ორანგუტანებს თქვენ სძულხართ, რადგან თქვენ მთელი მათი ეგრეთწოდებული მეცნიერული თეორიების მცდარობის ცოცხალი დადასტურება ბრძანდებით, გორილები კი ძალზედ საშიშ არსებად გთვლიან და მიაჩნიათ, რომ თავისუფლება თქვენთვის ზედმეტი ფუფუნებაა. მათ აშინებთ ის, რომ თქვენ ჩვენს პლანეტაზე ახალი ადამიანური მოდგმის მამამთავარი არ გახდეთ. ამგვარი შესაძლებლობა რომ გამოვრიცხოთ კიდეც, ისინი ფრთხილობენ, რომ თქვენმა არსებობამ სორორელი ადამიანების ამბოხი არ გამოიწვიოს. სხვათა შორის, უკვე დავაფიქსირეთ, რომ ის ადამიანები, რომლებთანაც თქვენ ექსპერიმენტებს ატარებდით, საოცრად აღგზნებულნი არიან.
დიახ, ეს სრული სიმართლეა! უკანასკნელად რომ ვეწვიე გალიების დარბაზს, შევნიშნე, რომ ტყვეების ქცევა სრულიად სხაგვარი გახდა. ასე მეგონა, რომ მათ რაღაც იდუმალმა ინსტინქტმა უკარნახა პლანეტაზე ახალი ადამიანის დაბადება. ტყვეები მე აღფრთოვანებული და გადამდები შეძახილების მთელი კონცერტით შემეგებნენ.
- მოკლედ რომ ვთქვათ, - მკაცრი ტონით განაგრძო კორნელიუსმა - მე საკმაოდ საფუძვლიანად ვწუხვარ, რომ ორი კვირის შემდეგ დიდი საბჭო გამოიტანს დასკვნას თქვენი განადგურების ან ტვინის ნაწილობრივი ამოკვეთის შესახებ. რაც შეეხება ნოვას, ალბათ, მასაც მოსპობენ, რადგან იგი ძალზედ დიდხანს იმყოფებოდა თქვენთან კონტაქტში.
არა, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა! მე ხომ უკვე დავრწმუნდი საკუთარ ღვთიურ მისიაში და უცებ... წამიერად ციდან მიწაზე დამანარცხეს და ყველაზე უბედურ ქმნილებად მაქციეს. მთელ ჩემს არსებას გამოუვალი სასოწარკვეთილება დაეუფლა.
- კორნელიუსი სწორად მოიქცა, რომ არაფერი დაგიმალა - ზირამ მხარზე დამადო ხელი და განაგრძო - მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა. მაგრამ კორნელიუსს არ უთქვამს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს თქვენ სამივე გადაგარჩინოთ და ამაში ჩვენი მეგობრები, მამაცი შიმპანზეები დაგვეხმარებიან.
- კი მაგრამ, რა შემიძლია მე, გონიერ ადამიანთა ერთადერთ წარმომადგენელს ამ პლანეტაზე?! - უიმედოდ ვკითხე უფრო საკუთარ თავს, ვიდრე მათ.
- უნდა გაიქცე. უნდა მიატოვო ეს პლანეტა, სადაც ჯობდა, რომ სულ არ ჩამოფრენილიყავი. დაბრუნდი შენს დედამიწაზე, ეს ერთადერთი საშუალებაა შენი და შენი შვილის გადარჩენისა.
ზირას ხმა აუკანკალდა, თითქოს ტირილს აპირებსო. მართალი უნდა ითქვას, რომ იგი ჩემს მიმართ ბევრად უფრო მეტი სიმპათიით იყო განწყობილი, ვიდრე მეგონა. მეც შემაძრწუნა მისმა მღელვარებამ და იმან, რომ სორორადან წასვლის შემდეგ ვეღარასოდეს ვნახავდი ზირას.
- კი მაგრამ, როგორ უნდა გავიქცე თქვენი პლანეტიდან? - ვიკითხე, როგორც იქნა.
პასუხი კორნელიუსმა გამცა:
- ზირა მართალია; მე მას შევპირდი, რომ აქედან გაქცევას მოგიწყობდით და გავაკეთებ კიდეც ამას, თუნდაც ეს საკუთარი კარიერის ფასად დამიჯდეს. ამასთანავე ამით ჩემს მაიმუნურ მოვალეობას აღვასრულებ! - თუ თქვენ რაიმე საფრთხეს წარმოადგენთ ჩვენი პლანეტისათვის, ეს საფრთხე აღმოიფხვრება, როცა დედამიწისაკენ გაგამგზავრებთ... თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ თქვენი კოსმოსური ხომალდი კვლავ მწყობრშია და ის შეძლებს კვლავაც დედამიწაზე დაგაბრუნოთ, ხომ ასეა?
- სრული სიმართლე გახავთ - ვუპასუხე - ვარსკვლავთმფრენზე საკმაო რაოდენობითაა საწვავიც, ჟანგბადიც და ყველანაირი სხვა მარაგიც იმისათვის, რომ გალაქტიკის ნებისმიერ პლანეტამდე ვიფრინოთ. მაგრამ საკითხავი ისაა, ვარსკვლავთმფრენამდე როგორ მივაღწიოთ?
- ის კვლავაც სორორას გარშემო ბრუნავს. ერთმა ჩემმა მეგობარმა-ასტრონომმა აღმოაჩინა ვარსკვლავთმფრენი და მისი ორბიტის ყველა ელემენტი გამოთვალა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მიაღწიოთ იქამდე... მისმინეთ ყურადღებით! ზუსტად ათი დღის შემდეგ ჩვენ ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას ვაპირებთ, სადაც ცოცხალი არსებები, რა თქმა უნდა, ადამიანები იქნებიან, რომლებზედაც გამოსხივების ზოგიერთი სახეობის ზეგავლენის შესწავლას ვაპირებთ... ნუ მაწყვეტინებთ! პროგრამის თანახმად ფრენაში მონაწილეობა უნდა მიიღოს სამმა არსებამ: კაცმა, ქალმა და ბავშვმა...
ახლა კი გავიგე, რაში მდგომარეობდა კორნელიუსის გეგმა. არ დავმალავ და შემშურდა კიდეც მისი გამჭრიახობისა და უმალ წარმოვიდგინე, რამდენი დაბრკოლება დამხვდება წინ.
- ზოგიერთი მეცნიერი, რომლებიც ხომალდის გაშვებაზე აგებენ პასუხს - განაგრძო კორნელიუსმა - ჩემი ახლო მეგობარია და შევძელი მათი გადმობირება. თანამგზავრი თქვენი ვარსვლავთმფრენის ორბიტაზე იქნება გაშვებული, გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, თანამგზავრი მართვას ემორჩილება. ფრენისათვის მომზადებულმა ადამიანებმა წარმატებით განვლეს რეფლექსების გამოსამუშავებელი პერიოდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მათზე ბევრად უკეთ მოახერხებთ ხომალდის მართვას. ასე რომ, გეგმა ასეთია: თქვენ სამნი იმ სამ ადამიანს შეცვლით. აქ დიდი პრობლემები არ არსებობს; როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ საიმედო მოკავშირეები გვყავს, რადგან ყოველი ჩვენთაგანი შიმპანზეა და ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარი აზრი მკვლელობისა, რასაც თქვენ გიპირებენ. ერთი სიტყვით, ვინც არაფერი იცის, თქვენი შეცვლის ამბავს ვერაფრით შეიტყობენ.
მართლაც გასაოცარი გეგმა გახლდათ! - სავარაუდო გაჭირვებანი და სიძნელეები კი უკვე აღარაფრად მიმაჩნდა. უცებ, საოცარი სევდა შევიგრძენი იმის გამო, რომ სამუდამოდ უნდა მიმეტოვებინა სორორა, მიმეტოვებინა ზირა და ჩემი თანამოძმეები, დიახ ამ პლანეტაზე მობინადრე ჩემი ადამიანი თანამოძმეები. მათ მიმართ თავს ერთგვარ დეზერტირადაც კი ვთვლიდი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა - უნდა გადამერჩინა ჩემი შვილი და ნოვა. მაგრამ მე დავბრუნდები! დიახ, დავბრუნდები - შევფიცე საკუთარ თავს, რადგან გამახსენდა გალიებში ჩასმული საბრალო ტყვეები - დავბრუნდები მოგვიანებით, როცა ყველა სადავე ჩემს ხელში იქნება.
მღელვარებისაგან დამავიწყდა, სად ვიმყოფებოდი და უკანასკნელი სიტყვები ხმამაღლა წარმოვთქვი.
კორნელიუსმა გაიღიმა.
- ჩემო მამაცო კოსმონავტო, ეს მოხდება თქვენი პირადი დროის ხუთი-ექვსი წლის შემდეგ - თქვა კორნელიუსმა - ოღონდ ჩვენი ლოკალური დროის ათასი წლის შემდეგ; ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენც ვიცნობთ ფარდობითობის თეორიას და ამის გამო... ერთი სიტყვით, მე და ჩემმა მეგობარმა შიმპანზეებმა ყველა საკითხი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ რისკზე წავიდეთ.
ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მეორე დღისათვის დავთქვით შეხვედრა. ზირა გავიდა გარეთ და მე დრო ვიხელთე, რომ კორნელიუსისათვის მხურვალე მადლობა გადამეხადა. გულს კი ის ეჭვი მიღრღნიდა, თუ რატომ აკეთებს იგი ყველაფერს ამას... ნუთუ ჩემი გულისთვის? კორნელიუსმა თითქოს ამოიკითხაო ჩემი ეჭვები და მითხრა:
- მადლობა მე კი არა, ზირას ეკუთვნის. თქვენს გადარჩენას მას უნდა უმადლოდეთ. რომ არა ზირა, არ ვიცი, წავიდოდი თუ არა ამგვარ რისკზე, რაც ბევრ უსიამოვნებას მიქადის მეც და ჩემს კარიერასაც. მაგრამ ამ მკვლელობის უნებლიე თანამონაწილეც რომ გავხდე, ზირა არასოდეს მაპატიებს ამას... გარდა ამისა...
კორნელიუსს ენა დაება. დარწმუნდა რა იმაში, რომ ზირა შორსაა და ვერაფერს გაიგებდა, ჩემკენ გადმოიხარა და სწრაფად და ჩუმად მითხრა:
- გარდა ამისა, მისთვისაც და ჩემთვისაც უკეთესი იქნება, რომ რაც შეიძლება მალე გაუჩინარდეთ ამ პლანეტიდან.
კორნელიუსმა დერეფანში გამომაცილა და კარი მიიხურა. მე და ზირა ბნელ ტალანში მარტონი დავრჩით. რამოდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგით, ჩავიჩურჩულე:
- ზირა!
გავჩერდი და მდედრი ჩემკენ მოვიზიდე. ის ჩემზე ნაკლებად არ ღელავდა და მთელი სხეული უცახცახებდა. ვიდრე ასე ჩახუტებულები ვიდექით, პატარა დრუნჩზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. ღმერთო ჩემო, მერე რა რომ ჩემს ხელებში მისი არსების მახინჯი გარსი იყო მოქცეული! თვალები დავხუჭე, რომ მისი კარიკატურული სახე არ დამენახა, რომელიც მღელვარებისაგან უფრო დასჭყანვოდა, და ვგრძნობდი, მისი ნაზი სხეული როგორი თრთოლვით მომეკრა ტანზე. ისე მივიხუტე მისი ლოყა, რომ არანაირი ძალდატანება არ დამჭირვებია, მაგრამ იმ წამს, როცა უკვე მზად ვიყავით, ვნებიანი შეყვარებულებივით გვეკოცნა ერთმანეთისთვის, ზირა უცებ ელდანაკრავივით დაფრთახა და მთელი ძალით მიბიძგა.
ვიდექი გაოგნებული და არ ვიცოდი, რა მომემოქმედებინა. მან კი, ამ მათხოჯმა მდედრმა შიმპანზემ, თავისი დაჭყანული სახე ბალნიან თათებში ჩამალა და სასოწარკვეთილებისა და ცრემლებისაგან სულშეგუბებულმა ძლივს ამოღერღა:
- არა, ძვირფასო, არა, ჩემო საყვარელო.... ეს შეუძლებელია! მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია, რადგან... რადგან შენ... შენ ძალიან მახინჯი ხარ!
მეთერთმეტე თავი
და ჰა - აღსრულდა! მე კვლავ კოსმოსში ვარ, ჩვენს ვარსკვლავთმრენში ვიმყოფები, რომელიც კომეტასავით მიქრის მზის სისტემისაკენ. აქ მე მარტო არ ვარ. ჩემთან ერთად არიან ნოვა და სირიუსი - ჩვენი ვარსკვლავთშორისი სიყვარულის ნაყოფი. იგი უკვე წარმოთქვამს "მამას", "დედას" და ბევრ სხვა სიტყვას. გარდა ამისა, ჩვენთან ერთად მოფრინავენ ორიოდე ქათამი, კურდღლები და ნაირგვარი ბურღულეული თუ მარცვლეული კულტურები, ანუ ყველაფერი ის, რაც მეცნიერებმა მოათავსეს თანამგზავრში, რათა კოსმოსურ გამოსხივებათა ზეგავლენა შეესწავლათ ნაირგვარ ორგანიზმებსა და მცენარეებზე. ეს ყველაფერი ფრენისას ჩვენც გამოგვადგება.
კორნელიუსის გეგმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე განხორციელდა. ჩვენ საექსპერიმენტოდ გამზადებული სამეული ისე შევცვალეთ, რომ ვერავინ ვერაფერი შენიშნა. ქალმა ნოვას ადგილი დაიკავა ინსტიტუში, ბავშვი კი ზაიუსს გადაეცა; ასე რომ მეცნიერი ორანგუტანი ადვილად დაამტკიცებს, რომ ბავშვს მეტყველების უნარი არ გააჩნია და ჩვეულებრივი ცხოველი გახლავთ. ალბათ, აღარც ჩემში დაინახავენ საშიშროებას და თავს დაანებებენ იმ კაცს, რომელიც მე შევცვალე კოსმოსურ ხომალდში. ორანგუტანებს კი საერთოდ არ ძალუძთ ერთი ადამიანი მეორისაგან გარეგნობით განასხვავონ. ზაიუსი გამარჯვებას იზეიმებს, კორნელიუსი, შესაძლოა, გარკვეულ პრობლემებს წააწყდეს, მაგრამ ეს მალე ყველას დაავიწყდება. მალეო?! ყველაფერი უკვე კარგახნის დავიწყებულია, რადგან ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში, რაც ვარსკვლავთმფრენში ვართ, სორორაზე საუკუნეებმა ჩაიქროლეს. თვით ჩემს ხსოვნასაც ბინდი ეფინება იმის კვალობაზე, თუ დრო-სივრცის რა სიღრმის უფსკრულით ვშორდებით ზეგიგანტურ მანათობელ ბეთელჰეიზეს, რომელიც დღითიდღე პატარავდება ჩვენს თვალწინ: ის ჯერ ბურთს ჰგავდა, შემდეგ ფორთოხალს დაემსგავსა და ბოლოს ცის თაღზე მანათობელ ერთ-ერთ ვარსკვლავად იქცა... ასევე დაემართა ჩემს მოგონებებსაც მაიმუნების პლანეტაზე.
გიჟი უნდა ვყოფილიყავი, სინდისის ქენჯნას რომ შევეწუხებინე. მე შევძელი და ჩემი ორი უძვირფასესი ადამიანი გადავარჩინე. სხვა რა მქონდა დასანანი? დამრჩა სორორაზე ვინმე? ზირა? დიახ, ზირა! მაგრამ ჩვენს შორის არსებულ გრძნობას ხომ სახელი არ გააჩნია არც სორორაზე, არც დედამიწაზე და არც სადმე სხვაგან კოსმოსში. ჩვენი განშორება გარდუვალი იყო... ზირა, ალბათ, მალე გაერკვა თავის გრძნობებში, ცოლად გაჰყვა კორნელიუსს და თავისი მსგავსი პაწაწა შიმპანზეები მოავლინა ქვეყნიერებას. პროფესორი ანტელი? ეშმაკებსაც წაუღია პროფესორი! მე მისთვის ვეღარაფერს გავაკეთებდი, თავად მან კი, როგორც ჩანს საკუთარი ბედნიერების მწვერვალი სწორედ სორორაზე, იქაურ ლამაზმანთან გალიაში გამოკეტილმა მოიძია. დროდადრო კი ცივი ოფლი მასხამს იმის წარმოდგენაზე, რომ ზირას დახმარების გარეშე, მეც ისეთსავე დეგრადირებას განვიცდიდი, რაც ანტელს დაემართა.
თანამგზავრისა და ვარსკვლავმფრენის შეპირაპირება წარმატებით განხორციელდა. დამატებითი რაკეტების მანევრირებით, მოვახერხე ჩვენს ხომალდთან მიახლოება და თანამგზავრის შეყვანა ანგარში, რაც ღიად იყო დატოვებული იქ კოსმოსური კატარღის დასაბრუნებლად. ამის შემდეგ ავტომატურმა მოწყობილობამ ჩაკეტა ანგარის კარი და კოსმოსური სივრცისაგან იზოლირებულნი აღმოვჩნდით. ჩვენი ვარსკვლავთმფრენის ხელსაწყო-დანადგარები კვლავაც შესაშური სიზუსტით ამოქმედდნენ, ელექტროგამომთვლელმაც თავად განსაზღვრა ფრენის დრო და მიმართულება. სორორაზე კი ჩვენმა მეგობრებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ თანამგზავრი ვერ გავიდა დასახულ ორბიტაზე და საჭირო შეიქნა მისი აფეთქება.
* * *
ლოკალური დროით უკვე წელიწადზე მეტია, რაც მივფრინავთ. ვარსკვლავთმფრენმა სინათლის სიჩქარეს მიაღწია, რამოდენიმე საათში დაფარა უზარმაზარი მანძილი და ახლა ვიწყებთ დამუხრუჭებას, რაც კიდევ ერთ წელიწადს გასტანს. ჩვენ ჩვენი პატარა სამყარო გვაქვს; მე აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ჩემი ოჯახის შემხედვარე.
ნოვა მშვენივრად შეეგუა ფრენის პირობებს. იგი სულ უფრო გონიერი არსება ხდება. დედობამ მასზე სასწაულებრივი ძალით იმოქმედა. ნეტარებითმოსილი ღიმილით დასცქერის იგი საკუთარ შვილს, რომელიც უკეთესი მასწავლებელი აღმოჩნდა, ვიდრე მე. სიტყვებს, რომლებსაც ბიჭუნა წარმოთქვამს, ნოვაც უშეცდომოდ იმეორებს. ჩემთან ლაპარაკს იგი ჯერ ვერ ახერხებს, მაგრამ ჩვენ შევიმუშავეთ ჟესტების სისტემა, რითაც ერთმანეთთან კონტაქტს ვამყარებთ. ასე მგონია, რომ ნოვას მთელი ცხოვრება ვიცნობდი და სულ მასთან ვცხოვრობდი. რაც შეეხება სირიუსს, იგი ნამდვილი მარგალიტია მთელი სამყაროისა. იგი უკვე წლინახევრისაა. მიუხედავად დიდი მიზიდულობისა, იგი ადვილად დააბიჯებს ხომალდში და გაუთავებლად ლაპარაკობს. ერთი სული მაქვს, სანამ მას დედამიწელებს ვაჩვენებ.
* * *
ამდილით საოცარი მღელვარება დამეუფლა, როცა შევნიშნე რომ ჩვენი მზე გამოკვეთილ ფორმებს იღებდა. ახლა ის ბილიარდის ბურთისოდენად მოჩანს, რომელსაც თანდათანობით ეძლევა ყვითელი ფერი. მე დავანახე მზე სირიუსს და ნოვას და ავუხსენი, რომ ეს მათი ახალი სამყაროს მანათობელია. სირიუსს ლაპარაკში აღარც ნოვა ჩამორჩება, მან ჩვენს შვილთან ერთად ამოიდგა ენა. ო, რა სასწაულებრივი ძალა ჰქონია დედობას, ძალა, რომლის გაღვიძებაც მე მხვდა წილად განგებისაგან! მართალია, არ მომეცა საშუალება, რომ სორორას ყველა ადამიანი გამომეყვანა ცხოველური აპათიიდან, სამაგიეროდ ნოვასთან ეს ექსპერიმენტი შესაშური წარმატებით განვახორციელე.
მზე უკვე ყოველ საათში იზრდება. ახლა პლანეტების დალანდვასაც ვახერხებ ტელესკოპის საშუალებით. აქ ყველაფერი ნაცნობია ჩემთვის და ადვილად ვახერხებ ორიენტირებას. აგერ, იუპიტერი, სატურნი, მარსი... და დედამიწა... დედამიწა!!!
თვალები ცრემლით მევსება. ნუთუ წელიწადზე მეტი უნდა მეცხოვრა მაიმუნების პლანეტაზე, რომ ამგვარი სიყვარული შემეცნო მისდამი?! ვიცი, რომ დედამიწაზე შვიდას წელზე მეტმა გაიარა, რომ იქ აღარ დამხვდებიან აღარც ახლობლები და აღარც მეგობრები, მაგრამ ნამდვილ ადამიანებს ხომ ვნახავ!...
ილუმინატორიდან უკვე კარგად ვამჩნევთ დედამიწის კონტურებს, შეუიარაღებელი თვალით მატერიკებიც მშვენივრად მოჩანს, ჩვენი ხომალდი მუდმივ ორბიტაზე გადადის და უკვე ჩვენი უმშვენიერესი მშობლიური პლანეტის გარშემო ვბრუნავთ. აგერ, ჩემს ქვემოთ მიცურავს ავსტრალია, ამერიკა, შემდეგ ევროპა... და ბოლოს - საფრანგეთი! სიხარულის ცრემლები თავისით ჩქეფენ თვალთაგან...
ჩვენ მეორე კოსმოსურ კატარღაში ვსხდებით და ვარსკვლავთმფრენს ვშორდებით. ყველა გამოთვლა წინასწარ იყო ჩატარებული, რათა ზუსტად ჩემს სამშობლოში დავშვებულიყავით. იმედი მაქვს, რომ სადმე პარიზის სიახლოვეს დავჯდებით...
* * *
ატმოსფეროში შევედით. სამუხრუჭო რაკეტები მოქმედებას იწყებენ. ნოვა ღიმილით შემომცქერის... დიდი ხანია, მან ისწავლა ღიმილი და კიდევ, რაც ქალისთვის მთავარია, ტირილი.... ჩემი ბიჭუნა აღტაცებული თვალებით იშვერს ხელს თავისი მშობლიური ქვეყნისკენ. ჩვენს ქვემოთ პარიზი მოჩანს. თვით ეიფელის კოშკიც კი თავის ადგილზე დგას.
ხელით მართვაზე გადავდივარ, რათა მაქსიმალური სიზუსტით მივუახლოვდე პარიზს. ჰოი, ტექნიკის საოცრებავ! შვიდსაუკუნოვანი განშორების შემდეგ მე ორლის აეროპორტის განაპირა მხარეს, შენობებიდან ძალზედ მოშორებით ვეშვები. შეუძლებელია, რომ არავის დავენახე და ახლა ისღა დამრჩენია, რომ მომსახურე პერსონალს დაველოდო. ვერ ვიტყოდი, რომ აქ კვლავაც იგრძნობა ფრენის სიხშირე. ვაითუ, აეროდრომი დაკეტილია?! თუმცა არა! აგერ, ერთი თვითმფრინავი მოჩანს კიდეც... ღმერთო ჩემო, როგორ ჰგავს ის შვიდასი წლის წინანდელ საფრენ აპარატს?!
აეროპორტის შენობას ავტომობილი გამოსცდა ჩვენი მიმართულებით წამოვიდა. მე ვაჩერებ ძრავებს. მოუთმენლობისაგან ცახცახი მიპყრობს. რომ იცოდნენ ჩემმა დედამიწელმა ძმება, რა ამბები უნდა ვუამბო მათ! ალბათ, ჯერ არ დამიჯერებენ, მაგრამ მე თან დამამტკიცებელი საბუთები - ნოვა და სირიუსი - მახლავს.
მანქანის სილუეტი სულ უფრო იზრდება. ეს საკმაოდ ძველი მოდელის გადახურული ფურგონია ოთხი ბორბლით და აშკარად შიგაწვის ძრავით. მთელ ამ წვრილმანებს ავტომატურად ვაფიქსირებ. ასე წარმომედგინა, რომ ამგვარი ავტომობილები მუზეუმების საცავებში თუღა იქნებოდა შემორჩენილი.
მართალი რომ ვთქვა, საზეიმო შეხვედრისათვისაც ვემზადებოდი... ჩვენს შესაგებებლად კი მხოლოდ ორი ადამიანი მოდის... ე-ე-ე-ე... მგონი, ჭკუა შემერყა! აბა, საიდან უნდა სცოდნოდათ დედამიწაზე ჩემი დაბრუნების ამბავი? მაგრამ როცა ამას გაიგებენ!....
დიახ, დამხვდური მხოლოდ ორია. მე მათ ცუდად ვხედავ, რადგან ჩამავალი მზე მათი ავტომობილის ჭუჭყიან მინებზე ირეკლება. წინა სავარძელზე მძღოლი და მგზავრი სხედან, რომელსაც სამხედრო მუნდირი აცვია. ეს ოფიცერია, რადგან მის სამხრეებზე არეკლილ სხივებს შევასწარი თვალი. უეჭველია, რომ ეს აეროპორტის კომენდანტი გახლავთ, სხვები, ალბათ, მოგვიანებით მოვლენ.
პატარა ფურგონი ჩვენგან ორმოცდაათიოდე მეტრის მოშორებით ჩერდება. ვიყვან ჩემს შვილს ხელში და კატარღიდან გავდივარ. ნოვა ერთგვარი სიფრთხილით მომდევს უკან. მას შიში ეტყობა სახეზე და ეს გასაგებიცაა... მალე ისიც შეეჩვევა აქაურობას.
მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან, მაგრამ ჩემთან ზურგშექცევით დადგა. ასაფრენი ზოლის კიდეზე ამოსული მაღალი ბალახი ნახევრად ფარავს მის სილუეტს. აი, მძღოლმა გააღო კარი, რომ მგზავრს გადმოსვლის საშუალება მისცემოდა. დიახ, არ შევმცდარვარ, ეს ოფიცერია, სულ ცოტა მაიორი მაინც. აგერ, იგი გადმოხტა მანქანიდან და ჩვენს შესახვედრად გამოეშურა... როცა მისი მთელი ტანით დანახვა შევძელით, ნოვამ უცებ შემზარავად შეჰკივლა, ხელიდან ბავშვი გამომტაცა და კატარღის კაბინაში შევარდა, მე კი გავქვავდი ადგილზე, ვეღარც რამ ვთქვი და ვეღარც რამ მოვიმოქმედე...
ჩემს წინ... გორილა იდგა.
მეთორმეტე თავი
ფილისმა და ჯინმა ერთდროულად აწიეს ხელნაწერისაკენ დაშვებული თავები და დიდხანს, მდუმარედ უყურებდნენ ერთმანეთს.
- შემზარავი მისტიფიკაციაა! - წარმოთქვა ბოლოს ჯინმა და უდარდელად გაღიმება სცადა.
მაგრამ ფილისი დიდხანს ვერ გამოერკვა ფიქრებიდან. ამ უცნაური მონათხრობის ზოგიერთმა ეპიზოდმა, როგორც ჩანს, ძალზედ ააღელვა იგი - მასში ჭეშმარიტების მარცვალიც ჩანდა. ფილისმა ეს ეჭვები გაანდო თავის მეგობარს, მაგრამ მან არ გაიზიარა:
- ეს ამტკიცებს ერთადერთს - რომ პოეტები ამ სამყაროს ყველა კუთხე-კუნჭულში არიან და თანაც ხუმარა პოეტები.
ფილისი კვლავ ჩაფიქრდა. ეს სიტყვები მას დამაჯერებლად არ ეჩვენა, მაგრამ ვერც ვერაფერი საწინააღმდეგო მოუძებნა მათ:
- მართალი ხარ, ჯინ. მეც ასე ვფიქრობ. გონიერი ადამიანები?! სიბრძნით მოსილი ადამიანები?! ადამიანები, რომლებსაც აქვთ სული, რომლებიც აზროვნებენ?! არა, ეს შეუძლებელია... ხელნაწერის ავტორს მართლაც რომ უსაზღვრო ფანტაზია ჰქონია! არადა, საწყენია, ნამდვილად საწყენი!
- სავსებით გეთანხმები - შეეპასუხა ჯინი - ახლა კი დროა დავბრუნდეთ...
მან მთელ სიმაღლეზე გაშალა აფრა, მთელი მისი ზედაპირი სამივე მზის სხივთა ნაკადისაკენ მიმართა, შემდეგ სამართავი პულტის აურაცხელი ღილაკებისა და სახელურების გადართვა-გადმორთვას შეუდგა და საამისოდ ოთხივე კიდურს მშვენივრად ხმარობდა, ფილისმა კი ენერგიულად გაიქნია ბალნიანი ყურები, რათა უკანასკნელი ეჭვები გაეფანტა გონებიდან, ჩანთიდან სარკე ამოიღო, და რადგან უკვე პორტს უახლოვდებოდნენ, პატარა ფუმფულა ბამბით ვარდისფერი ფხვნილი მიიყარა მდედრი შიმპანზეს მშვენიერ დრუნჩზე...