Litclub.ge

ის
მუდამ ის... ყოველგან ის... ყოველისფერში ის... 

ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას! 

ღრუბლის ნაფლეთები მისცურავს ცაზე, ერთმანეთს ასწრებს, ჯგუფდება და - საკვირველია! - ნათლად, ცოცხლად, ათასნაირად, გარკვეულად მიხატავს... მას. 

ბალღის ტიტინში მის უმანკოებას ვხედავ; ვაჟკაცის გულმკერდში - მისსა მხნეობას. 

ზღვის უფსკრული - მისი გონების სიღრმეა; ჩანჩქერი - მისი აზრის სიმკვირცხლეა. 

ამომავალი, მილეული მთვარე - მისი სინაზეა; მზე - გამაცოცხლებელი ძალაა მისი. 

ქაცვს, ეკალს ხელით ვგლეჯ - მეშინია არ გაუკაწროს მას პატარა ლამაზი ფეხები; ვარდს, იას ვრგავ, ვრწყავ - იქნებ ოდესმე დაყნოსოს იმან. 

ის მეუბნება ნანას. ძილშიაც მეცხადება... ის მაღვიძებს... 

მუდამ ის... ყოველგან ის... ყოველისფერში ის... 

ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას! 


1909 წ.