ერთ ტყეში ერთი სპილო ცხოვრობდა სვიანად. ტურები შურის თვალით შესცქეროდნენ მის ბედნიერებასა და ფაშფაშა სხეულს. თანაც ნატრობდნენ: თუ ბედმა მოგვხედა და როგორმე ჩავაძაღლეთ ეგ მუზმუზელა, მთელს ჩვენს ჯილაგს ეყოფაო საძიძგნად.
ერთ დღეს შეგროვდნენ ტურები და თათბირი გამართეს:
რა ვიღონოთ ისეთი, რომ ამ სპილოს მოვუსწრაფოთო სიცოცხლე!
ერთი ახალგაზრდა ტურა წამოდგა და ასეთი რამ სთქვა:
შარშან ერთ სპილოს ყურში ჩავუძვერი, როცა მას არხეინად ეძინა ხეზე მიყუდებულს, ყვრიმალი გამოვსჭამე და მოვკალიო.
თუ მიბრძანებთ ამ სპილოსაც ბოლოს მოვუღებო.
ტურებმა სიცილი დააყარეს მკვეხარას.
ახლა მეორე, უკვე ხანდაზმული და დაბრძენებული ტურა წამოდგა.
მე თუ დამაკისრებთ ამ საქმეს, უთუოდ მოვაშთობო ამ ლეშს. ტურების კრებულმა ერთხმად მიანდო ამ მრავალნაცად ტურას ეს საპატიო საქმე. ბოლოს ეს ტურა წავიდა იმ ტყეში, სადაც სპილო ცხოვრობდა, ფერხთით დაუვარდა, ლიქნა დაუწყო და შეჰღაღადა:
ერთადერთი სათხოვარი მაქვს შენო მეუფებავ შენს წინაშე, მხოლოდ ერთი შემოხედვა მაღირსეო როგორმე...
სპილომ მოწყალების თვალით გადმოხედა ამ დალეულს და ჰკითხა:
ვინა ხარ და საიდან მოთრეულხარო?
ტურამ მლიქვნელურად შესციცინა სპილოს და მოახსენა:
"მე ერთი საწყალი ტურა გახლავართ, ძველთაძველი შენი თაყვანისმცემელი, ამ ტყის ბინადართ მოციქულად წარმომგზავნეს შენთან და შემოგითვალეს: ჩვენ საჭმელიც ბევრი გვაქვს და სასმელიცა, მაგრამ ერთადერთი რამ გვაკლია ცხოვრებაში: სახელდობრ შენებრ სახელოვანი პატრონი. ამიტომაც გემუდარებით: ეგებ გვიკადრო და მობრძანდეთ ჩვენთან, რათა ტყეთა მეფედ აგირჩიოთ დაუყოვნებლივ".
"სად არიან მერმე ის წვრილფეხა მხეცები" - იკითხა სპილომ.
"შენსა მზესა ვფიცავარ, ჩვენო პატრონო, სულ ახლოს, ასიოდე ნაბიჯის მანძილზე", - მიუგო ტურამ.
ქებისაგან თავბრუდასხმული სპილო აცუნდრუკდა, დანდობილად გაჰყვა თავის მეხოტბეს.
იარეს,
იარეს.
იარეს.
სამი ბექობი გადალახეს, სამი ველი გადაიარეს, ბოლოს დაიქანცა სპილო და შეეკითხა მეგზურს:
- რა შორს მიგყავარ, ცანცარავ, ნუთუ ეგ არის შენი ასი ნაბიჯი?
ენამოშაქრული ტურა არ დაიბნა და ლიქნას შეუდგა კვლავ:
"მე ჩემს ნაბიჯს როდი ვგულისხმობდი შენო მეუფებავ, არამედ შენსას, რადგან შენა ბრძანდები უდიდესი არსება ამ ქვეყნად, ამიტომაც დიდი ნაბიჯებით დაბრძანდები."
ბოლოს ლიქნითა და ქებით იმდენი იტყუა და ატარა ის გულუბრყვილო სპილო ტურამ, უკვე შესაღამოვდა, ამასობაში ერთ ჭაობს მიადგნენ კიდევაც, და მოხდა ასე, რომ სწორედ ამ ჭაობში ჩაეფლო სპილო.
როცა ძლიერ მისჭირდა საქმე, ყურებპანტურა გოლიათი შეევედრა თავის მეგზურს:
მიშველეო რამე.
ტურამ უკანალი შეაქცია ლაფში ჩაფლულ სპილოს და უთხრა:
"ახლა ამას გირჩევ, შენო მეუფებავ, ჩემს კუდს მოეკიდო როგორმე ხორთუმით".
ბოლოს ჭაობში ჩაფლულ სპილოს სული ამოძვრა, ხოლო მხცოვანმა ტურამ თავის ჯილაგს შეუსრულა დანაპირები.
ამ იგავის მორალი ყველასათვის ცხადია: სწორედ ქებას დანატრებულთ მოგელით უდიდესი საფრთხე ამ ქვეყნად.