Litclub.ge

მუსიკოსი
საღამო სწორედ ისეთი იყო, ჩვენ რომ გვიყვარდა.

ჩვენ დავდიოდით ლამაზ ქუჩებში – ვაბიჯებდით ხეების და ფოთლების ჩრდილებს. ფეხს ვურტყამდით პაპიროსის ნამწვავებს, ჩვენდაუნებურად მზერას ვაპარებდით განათებული ფანჯრებისაკენ. იყო სასიამოვნო სიჩუმე, და გვესმოდა მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა. ეს ხმა გვსიამოვნებდა, არ ვიცი, რატომ... შეიძლება იმიტომ, რომ ეს იყო 

ჩვენი ნაბიჯების ხმა. ხმისამოუღებლად მივდიოდით. ალბათ იმიტომ, რომ გვსიამოვნებდა სიჩუმე, შეიძლება იმიტომ, რომ ლაპარაკს არ დაეფარა ნაბიჯების ხმა. ჩვენ გვსიამოვნებდა რაღაც. ეს ,,რაღაც“ იყო ლამაზი ქუჩა და სწორედ ისეთი საღამო, როგორიც გვიყვარდა. ჩვენ ჩავუარეთ სახლს, საიდანაც ისმოდა როიალის ხმა. ბგერები ჯარისკაცებივით მწყობრად და რითმულად მიდიოდნენ ზევით და ქვევით. ჩვენ გავცდით სახლს.

- იცი, რა? - მითხრა ნუგზარმა. - როდესაც ოდესმე კიდევ ჩავუვლი ამ სახლს, მექნება მოლოდინი, რომ გავიგონებ გამებს...

მე არაფერი ვთქვი – ვერ შევარჩიე პასუხი. 
- შენც? - მკითხა მუგზარმა.
- ჰო, მეც... - ვთქვი მე. 

- იცი, მე ზოგიერთ ქუჩაზე უფრო ხშირად დავდივარ. ასეთ ქუჩაზე მე ვცხოვრობ, ვსწავლობ ან უბრალოდ მომწონს ქუჩა...და დავდივარ. იმ ქუჩაზეც ხშირად ვარ...

რომელზე?

ის რომ ცხოვრობს...

,,ის“ ერთი კარგი გოგოა, სიცილი და წითელი კაბა უხდება.

- იმ ქუჩებს კარგად ვიცნობ, - თქვა ნუგზარმა. - მივდივარ და ყოველი ფანჯრიდან მოველი იმის მოსმენას, რასაც მივეჩვიე. რომელიმე ფანჯრიდან ხშირად გამოდის სიმღერების ხმა, სხვა ფანჯარაში ჩანს რომელიმე ნახატი, ზოგიერთი ფანჯრიდან მოისმის მაგნიტოფონზე ჩაწერილი მსუბუქი მუსიკა, ზოგიერთიდან გამების დაკვრა ისმის. მივდივარ ნაცნობ ქუჩებში და ყოველი ფანჯრიდან მოველი იმის მოსმენას და დანახვას, რასაც მივეჩვიე. ხანდახან მიკვირს, რატომ არ ისმის სიმღერა... ჩემი სახლის წინაც დადიან, ალბათ, სხვები და ესმით... ზოგს მსუბუქი მუსიკა ურჩევნია გამების მოსმენას, ზოგს პირიქით... ის ხმა კი, ჩემი სახლიდან რომ მოისმის, არავის არ სიამოვნებს. არავის, გარდა იმისა, ვინც უკრავს და კიდევ იმისა, ვინც იცის, რაშია საქმე.

რაა ეგეთი? - ვკითხე მე.

მოგიყვე?

მომიყევი.

ჩამოვჯდეთ და მოგიყვები. 

ჩვენ რომელიღაც სახლის კიბეზე ჩამოვჯექით.

- ის ჩემი მეზობელია, - თქვა ნუგზარმა. - მაშინ ყველანი მუსიკოსს ვეძახდით. ამ დაძახებაში არ იგრძნობოდა ის პატივისცემა, რომელსაც რატომღაც იწვევენ მუსიკოსები. ალბათ იმიტომ იწვევენ რომ არის მათში რაღა ც ისეთი, რაც აიძულებთ იყვნენ მუსიკოსები და არა.ვთქვათ... რა ვიცი, რამდენი სხვა პროფესიაა... ჰო, ამ დაძახებაში პატივისცემა კი არა, დაცინვა იგრძნობოდა. ალბათ, იმიტომ, რომ იმ ინსტრუმენტზე უკრავდა.

რომელ ინსტრუმენტზე? - ვკითხე მე.

- ტუჩის გარმონზე უკრავდა... ჩვენ ყოველთვის ვბრაზდებოდით, როდესაც ის უკრავდა... რაღა რატომღაც – წარმოიდგინე ტუჩის გარმონზე გაუთავებელი დაკვრის მოსმენა... ამ ინსტრუმენტის ხმას მეზობლები სხვადასხვანაირად ვეძახდით – სოგი წრიპინს, ზოგი ჩხავილს, ზოგიც წრუპუნს... უფრო ეს სიტყვა მიგვაჩნდა შესაფერისად – წრუპუნი. მას შეეძლო დაუსრულებლად დაეკრა თავის ინსტრუმენტზე. ეტყობოდა, რომ ძალიან სიამოვნებდა ეს. ის რაღაც სხვანაირად უკრავდა. რატომღაც ყოველთვის ირჩევდა სევდიან მელოდიას. უკრავდა ხანგრძლივი ჩაბერვით. ყოველი შესუნთქვის დროს ქრებოდა დიდი ძარღვი მის კისერზე. მკრთალი ძარღვი შუბლზე. და ასე გაუთავებლად... 

ეზოში მეორე მუსიკოსიც გვყავდა, ნამდვილი მუსიკოსი. ის ვიოლინოზე უკრავდა. ის უფრო ხშირად უკრავდა, მაგრამ არავინ ბრაზდებოდა – ის ნამდვილი მუსიკოსი იყო. მეზობლებიდან ზოგს მართლა უყვარდა ვიოლინო, ზოგს არა, მაგრამ ხმამაღლა მაინც ვერ გამოხატავდა საყვედურს – იცოდა, რომ ვიოლინო აღიარებული ინსტრუმენტი იყო. სამაგიეროდ, ისიც ყველამ იცოდა, რომ ტუჩის გარმონი არ იყო ასეთი ინსტრუმენტი და ყველა იძახდა, რომ ყურისწამღები იყო ეს ,,გაუთავებელი წრუპუნი“. სიმართლე რომ ითქვას, ის არ უკრავდა ძალაინ ბევრს, არ უკრავდა გაუთავებლად :დაკვრა მაშინვე წყდებოდა, როდესაც გაისმოდა ვიოლინოს ხმა. ტუჩის გარმონის ხმა მაშინვე იკარგებოდა

ვიოლინოს გაგონებაზე, თითქოს იმალებაო. მევიოლინე უკრავდა გამებს, რთულ პასაჟებს, მერე ეტიუდებს და მთელ კონცერტებს. ჩვცენ ვიყურებოდით იქით, საიდანაც მოდიოდა ბგერები და გვეჩვენებოდა, რომ ფანჯარა უკრავდა. როდესაც მევიოლინე ამთავრებდა დაკვრას, ეზოში ათიოდე წუთით სიჩუმე იყო. მერე შემპარავად იწყებდა დაკვრას მუსიკოსი. ისმოდა ლამაზი, სევდიანი მელოდია, მაგრამ ჩვენ მაინც გვეჩვენებოდა, რომ მისი ფანჯარა ,,წრუპუნებდა“. ყველა იწყებდა ლაპარაკს: იძახდნენ, რომ მუსიკოსმა გააჭირა საქმე, რომ წაიღო ყურები, რომ აღარაა მისგან საშველი... ერთ დღეს ჩვენი ერთერთი მეზობელი შემოვიდა ეზოში და გაიგონა ტუჩის გარმონის ხმა. მეზობელს ვიოლინოც სძულდა. ის საერთოდ უკმეხი იყო და იმ დროს, მგონი, ცოტათი მთვრალიც. ,,შენ ეი, მუსიკოსო!“ - დაიღრიალა მან. ფანჯარაში მუსიკოსი გამოჩნდა. ,,რა გნებავთ?“ ,,გააჩერე რა, თუ ღმერთი გწამს, ნუ წაიღე ყურები“. ეს პირველად ხდებოდა, როდესაც მუსიკოსს პირში ეუბნებოდნენ საყვედურს. ,,რას გიშლით?“ - ჰკითხა მუსიკოსმა. ,,როგორ თუ რას!.. აღარაა მოსვენება“. მეზობელი ცოტათი მთვრალი იყო. ,,კიდევ კარგი, რომ მეორე ხელი არა გაქვს, თორემ ორ გარმონზე ერთად დაუკრავდი“, - თქვა მეზობელმა და მიმოიხედა – უნდოდა ჩვენს სახეებზე ამოეკითხა როგორ მივიღებდით მის ენამოსწრებულობას. ,,ერთი ხელითაც შემიძლია ორი გარმონის დაჭერა“, - სცადა ხუმრობა მუსიკოსმაც. ,,კიდევ კარგი, რომ მეორე ხელი არა გაქვს, თორემ ოთხი გარმონით დაუკრავდი!“ - დაიყვირა მეზობელმა, მოეწონა ნათქვამი და აღფრთოვანებით გამოიხედა ჩვენსკენ. პირველად ზოგს მოეწონა ხუმრობა, მთქმელიც კი. მუსიკოსი ნაწყენი ჩანდა და ცდილობდა ეთქვა რაიმე. ვერაფერი თქვა და შებრუნდა ოთახში.

იმ დღეს ყველანი ველოდით,როდის გავიგონებდით მისი ინსტრუმენტის ხმას, მაგრამ ფანჯარა დუმდა. მე ავედი მასთან და მორიდებულად დავაკაკუნე კარებზე. კარები მუსიკოსმა გააღო. მე შევედი ოთახში და ჩამოვჯექი სკამზე. ცოტა ხანს ჩუმად ვიყავით. ,,დაუკარით რამე, რა...“ - ვუთხარი მე. ,, მე არ მეგონა,“- თქვა მუსიკოსმა, - ,,რომ გაწუხებდით თქვენ... ალბათ იმიტომ, რომ ყველა ინსტრუმენტი მიყვარს“, ,,დაუკარით, რა,“- გავუმეორე მე. ,,ორივე ხელი რომ მქონდეს, ვიოლინოზე დავუკრავდი“, - თქვა მუსიკოსმა.

ჩვენ დიდხანს ვისხედით ჩუმად. 

,,მე არ შემიძლია არ დავუკრა“,- თქვა მუსიკოსმა. - ,,მე ძალიან მიყვარს მუსიკა. ისეთი კი არა, რომელსაც უსმენენ... ისეთი, რომელსაც თვითონ ჰქმნი“... მან დახედა ინსტრუმენტს: ,,ეს ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელზედაც შეუძლია დაუკრას ცალხელა კაცმა“.

,,დაუკარით, რა“, - კიდევ ვთქვი მე.

მუსიკოსმა აიღო გარმონი, მიიტანა ტუჩებთან და ჩაჰბერა. მუსიკოსი უკრავდა ნაღვლიან მელოდიას. უკრავდა გრძელი ჩაბერვებით. შესუნთქვის დროს ქრებოდა დიდი ძარღვი კისერზე, მკრთალი ძარღვი შუბლზე. მერე ისევ ჩაბერავდა და... ისევ იბერებოდა კისერზე დიდი ძარღვი, ისევ ჩნდებოდა წვრილი ძარღვი შუბლზე... ეს არ იყო ,,წრუპუნი“, არც ,,ჩხავილი“ და ,,წრიკინი“. ეს იყო ლამაზი ნაღვლიანი მელოდია და მე მომეჩვენა, რომ ეს იყო მელოდია მეორე ხელზე.

ნუგზარი გაჩუმდა.

- ახლა, როდესაც ვბრუნდები სახლში, შორიდანვე ვამახვილებ სმენას. მერე გავიგონებ, რასაც მოველი და მსიამოვნებს – ეს არის ტუჩის გარმონის ხმა.

- ახლაც უკრავს ნეტავ? - ვკითხე მე.

- ალბათ...

ჩვენ წამოვდექით. მივდიოდით ლამაზ ქუჩაზე – ვაბიჯებდით ხეების და ფოთლების ჩრსილებს. იყო სასიამოვნო სიჩუმე და გვესმოდა მხოლოდ ნაბიჯების ხმა. გვსიამოვნებდა ხმა, რომელიც იყო ჩ ვ ე ნ ი.

მე გამახსენდა მუსიკოსი და რატომღაც შემშურდა მისი. ალბათ, იმიტომ, რომ არ ვუკრავ არცერთ ინსტრუმენტზე...

იმ ღამეს, როდესაც მარტო ვბრუნდებოდი სახლში, მე ვსტვენდი... ეს იყო ნაღვლიანი მელოდია რომელიღაც კინოფილმიდან. მე მომეჩვენა, რომ ეს იყო მელოდია ჩემს ორ ჯანსაღ ხელზე, რომლებსაც არ შეეძლო დაკვრა...

მე მაინც მსიამოვნებდა სტვენა.