Litclub.ge

ქუდოვანი
სარდიონი ფრიად ამაყი და თავმომწონე კაცი იყო. დიამბეგობა რომ მიიღო, მაშინ უფრო თავი მოიწონა; სწორედ გაფხორილ მამალ ინდაურს დაემსგავსა. სარდიონმაც სხვა მოხელეებს მიჰბაძა და წვერი შუაზე გაიყო, მოიპარსა. ხელობა ისეთი ებარა, რომ ძლიერ საჭირო იყო ყველას შიში და კრძალვა ჰქონოდა მისი. 

სარდიონი დიდი კაცი იყო და დიდკაცურადაც ცხოვრობდა, სიმდიდრეც ჰქონდა, ძღვენიც ბლომად მოსდიოდა; რა გინდა, სულო და გულო, რომ იმის საკუჭნაოში არ მოიპოვებოდა: ერბოსი და ყველის გუდები, მსუქანი დედლები, ბატები, ინდაურები, გაფუფქული გოჭები და სხვ. და სხვ. 

გაზაფხულობით და ზაფხულობით ბაღჩაში განსვენება უყვარდა: დიდ ნიგოზ-ქვეშ იდგა სტოლი და მის გვერდით იყო გამართული ტახტი, ხალიჩაგადაფარებული; თუ ამინდი ხელს არ უშლიდა, დილა-საღამოთი დიამბეგი ჩაის აქ შეექცეოდა, აქვე ისადილებდა და აქვე წაიძინებდა ჩრდილ-ქვეშ. ეს ხასიათი ჰქონდა. მოჩივრებსაც აქვე მიიღებდა. 

ბედნიერი კაცი იყო სარდიონი და ბედნიერადაც ჰგრძნობდა თავს. მაგრამ მისმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. ვისი ბრალია? მე არ ვიცი, თქვენ თითონ განსაჯეთ. ვიტყვი მხოლოდ, რომ საბაბად კაჭკაჭის ქურდბაცაცობა გახდა... 


იქვე ბაღჩაში, ერთ ბებერ ჭერამზე კაჭკაჭმა ბუდე გაიკეთა: შიგ სამი კვერცხი ჩადო და სამი ბღარტი გამოჩეკა. როგორ უყვარდა კაჭკაჭს თავის შვილები! როგორ ეალერსებოდა, როგორ უფრთხილდებოდა, თავს ევლებოდა; გაფაციცებული აქეთ-იქით აწყდებოდა, რომ საზრდო არ დაეკლო შვილებისათვის; რა წამს იშოვიდა რასმე საჭმელს - მიურბენინებდა თავის ბღარტებს. უნდოდა დაესუქებინა, დაეშვენებინა შვილები, მაგრამ თან ეშინოდა კიდეც, რომ ბუდე არავის შეენიშნა, ამიტომ, როცა ბუდეში იჯდა, კრინტს არ დასძრავდა და შვილებსაც კი უშლიდა: ნუ ჟღურტულებთო. ისინი მაინც თავისას არ იშლიდნენ, ასტეხდენ ერთ ჟივილ-ხივილს, როცა-კი დაინახავდენ დედას, რომელიც იმათთან ბრუნდებოდა ნანადირევით. 

სარდიონმა არ იცოდა კაჭკაჭის დასახლება მის ბაღჩაში, რადგან იგი მაღლა არ აიხედავდა, იმდენად თავს არ შეიწუხებდა. ისიც კარგად იცოდა, რომ ღმერთი სწყალობდა მაინც-და-მაინც. მაშ რა საჭირო იყო მაღლა ცქერა? ხოლო კაჭკაჭი ყველაფერს ჰხედავდა, რაც ბაღში ხდებოდა. ადევნებდა თვალს დიამბეგის ქეიფს და განცხრომას. რამდენჯერ მოსვლია კაჭკაჭს პირწყალი, როცა დაუნახავს დიამბეგი ბატკნის ან ინდაურის კანჭის ხვრაში, და უთქვამს თავისთვის: “ახ, ნეტავი, ჩემ შვილებს მოუტანაო!” 

ერთხელ დილით, ჩაის შემდეგ, მსახური დიამბეგს საუზმეს უმზადებდა: გადაფინა სუფრა სტოლზე და მოიტანა დანა-ჩანგალი, პური, ყველი და გაბრუნდა სხვა სანოვაგის მოსართმევად. დიამბეგი ამ დროს გაფხორილი ხეივნის ქვეშ დასეირნობდა. კაჭკაჭმა დაინახა სუფრაზე ყველი და პური. სიმსუნაგემ სძლია და მასთან შვილების სიყვარულმა. ჩამოფრინდა, სტაცა კლანჭები ერთ ნაჭერ ყველს და მიურბენინა თავის შვილებს. ბღარტებს ძალიან გაეხარდათ. იამათ, მაგრამ ვერ ეყოფინათ. დედა ისევ გაფრინდა სხვა ნაჭრის მოსატანად. ის-იყო, დააფრინდა ყველის ნაჭერს, და დიამბეგმაც სწორედ ამ დროს არ შეასწრო თვალი! 

- სოსიკა, ზაქარა, ბერუა, თედუა! ყვიროდა გაბრაზებული სარდიონი: - ბიჭო, ბიჭო, მოდით აქ! ჩქარა მორჩით! არ გესმით, რომ გიბრძანებთ? 

და ვიდრე ბიჭები იახლებოდენ, დაუწყო თითონ ქვებსა და წიწკრებს სროლა, რა დაინახა ჭერამზე ბუდე, შიგ ბღარტები და მათ გვერდით კაჭკაჭი, მისი ყველის ქურდი. დედა არ ინძრეოდა, ვერა სტოვებდა შვილებს, თუმცა სარდიონის ნასროლი კენჭები ხან ბოლოში გაუბზრიალდებოდენ, ხან მხრებში... 

- ჰაი, შე წყეულო, შე შეჩვენებულო! - უყვიროდა დიამბეგი კაჭკაჭს: - ჩამოაგდე ყველი, გიბრძანებ, ჩამოაგდე! 

დიდკიზიროკიანი და ვეებერთელა-კაკარდიანი ქუდი უკან კეფაზე ჰქონდა გადაწეული და ძალაუნებურად კადრულობდა მაღლა ცქერას. რაკი ვერაფერი შეასმინა ძირიდან კაჭკაჭს, მოიწადინა მაღლა ასვლა. აბობღდა ხეზე, ბიჭებს აღარ უცდიდა, უნდოდა თავის ხელით დაესაჯა თავისი შეურაცხმყოფელი. 

საწყალმა კაჭკაჭმა რა იცოდა, თუ თავზე ასეთი უბედურება დაატყდებოდა?! რომ სცოდნოდა, ახლო-კი გაუვლიდა დიამბეგის სუფრას? არ ეგონა, თუ ეწყინებოდა სარდიონს ყველის მოტაცება, რადგან იცოდა, რომ სარდიონს ყველაფერი ბევრი ჰქონდა და დიდი კაციც იყო. რას იკადრებდა კაჭკაჭის დასჯას ერთი ნაჭერი ყველის გულისთვის! 

არ ეგონა, მაგრამ მოსტყუვდა. სარდიონი თითონ ვერ აბობღდა ხეზე, ჩამოვარდა დაბლა და კინაღამ თავპირიც დაიმტვრია, - უფრო ამაზე გაბრაზდა. ან კი რას ავიდოდა ხეზე მისი ფაშვის პატრონი? ქშინავდა დიამბეგი, შუბლზე წურწურით ოფლი ჩამოსდიოდა, ისე დაღალულიყო. 

დიაღაც არ ეგონა კაჭკაჭს, თუ სარდიონი თავის დიდკაცობას ამას აკადრებდა; ის ჰფიქრობდა, რომ დიამბეგი სულგრძელი იქნებოდა, და როგორც თვითონ ებრალებოდა თავის ბღარტები და უყვარდა, სარდიონიც ისე შეიბრალებდა. მაგრამ მოსტყუვდა. 

- მოდით, მოეთრიეთ ჩქარა!.. არ გესმისთ ჩემი ბრძანება, ბიჭო?! - ყვიროდა სარდიონი. - მოდით და როზგებიც მოიტანეთ თანა. 

უნდოდა კაჭკაჭი და მისი ბღარტები გაეროზგა ჯერ და მერე გაეჟლიტა. ბიჭები მოცვივდენ. 

- სადა ხართ, თქვე მ...ძ...ებო! - დაუყვირა იმათ სარდიონმა: - არ გესმით, რომ გეძახით!!. 

- რა ვქნათ, არ გაგვიგონია, ბატონო! - მიუგეს მსახურებმა: - რას გვიბრძანებთ? 

- იმას გიბრძანებთ, რომ ახვიდეთ აგე, იქ, მაღლა, - უჩვენა დიამბეგმა თითით ბუდეზე: - ბუდე დაშალოთ, კაჭკაჭი და მისი ბღარტები მე წარმომიდგინოთ. აბა, ჩქარა, მორჩით, ამ საათში! ვინძლო, დედა ცოცხალი შეიპყრათ!.. 

ბიჭები აცოცდენ ხეზე. კაჭკაჭს გააცივა და გააცხელა შიშისაგან. “ვაიმე, ეს არის, დავიღუპეო!” - ამბობდა თავისთვის. არც ტყუილად. ბიჭები აცოცდენ. ერთმა მათგანმა ხელი ჩაჰყო ბუდეში, დედა-კაჭკაჭმა ჩაუნისკარტა და უკან წააღებინა ხელი. მეორე ბოლოში სწვდა კაჭკაჭსა, ამოიყვანა ბუდიდან, მაგრამ კაჭკაჭი გაუსხლტა და მიეტანა მეორე მის ამხანაგს. იმას კიდევაც ამოეყვანა ორი ბღარტი და ხელში აწრიპინებდა. დედა-კაჭკაჭი ხელებში ახტებოდა, ეტანებოდა ჟივილ-ხივილით... უცბად ჩაფრინდა ისევ ბუდეში, იქ ერთი ბღარტი კიდევ ეგულებოდა, დასტაცა ფრთაში ნისკარტი და აიტაცა მაღლა ტოტზე. დაჯდა იქ დაღონებული, გულმოკლული და ადევნებდა თვალს თავის ბღარტების ბედსა. 

- ვინძლო დედაც დაიჭიროთ! - შეჰყვიროდა დაბლიდან დიამბეგი. 

- საიდან? არ შეიძლება, ბატონო, იქ კაცი ვერ ავა. - უპასუხებდნენ მაღლიდან ბიჭები. 

- მაშ, თოფით მოკვლა ხომ შეიძლება?! თოფი, თოფი, ჩქარა თოფი, მანამ გაფრინდება! მოიყვანეთ ეგ ბღარტები აქა! 

დიამბეგის მსახური ჩამოხოხდა ხიდან და მიაწოდა ბღარტები დიამბეგს. იმან ორივე დაბლა დააწყვიტა და თან თავმომწონედ კაჭკაჭს შეჰხედა... დახოცა ბღარტები. ამ დროს თოფიც მოართვეს. დიამბეგმა თოფი დაუმიზნა და ჩახმახი დასხლიტა. კაჭკაჭი საფანტებმა ცოტად ფრთაში და ბოლოზე გაკენწლა, მაგრამ შვილს, რომლის გადარჩენაც უნდოდა, მოჰხვდა ერთი საფანტი და ისიც მოკვდა. მაინც მკვდარს პირიდან არ უშვებდა. კაჭკაჭი აფრინდა და გაშორდა იქაურობას. მკვდარი შვილი წაიღო და შორს ღობის ძირას დამალა. ისევ მალე დაბრუნდა. მთელი დღე ვაი-ვაგლახით დაჰბრუნავდა თავს ბაღჩას, სადაც დახოცილი შვილები ეგულებოდა. ჰხედავს მაღლიდან თავის მკვდარს ბარტყებს, ჰხედავს თავის ბუდეს დაშლილს და მოსთქვამს საბრალოდ. დიამბეგიც ისევ ბაღჩაში სჩანს. სწყევლის, ჰქოლავს და ეუბნება: “რა დაგიშავე ისეთი, შე წაწყმენდილო, რომ შვილები ამომიწყვიტეო?!” 

წავიდა დიამბეგი თავის სახლში და კაჭკაჭმაც დრო იხელთა, ორივე ბღარტი წაიღო იქიდან და საცა სხვა მკვდარი ბარტყი დამალა, იქ მიიტანა. იმ ღამეს შვილებთან იყო და მწარედ დასტიროდა თავზე; მეტად შეწუხებული და გულნატკენი იყო. მოსთქვამდა და თან ჰფიქრობდა, როგორ ამოეყარა სარდიონის ჯავრი... 

დილაზე მეფესთან წასვლა და ჩივილი განიზრახა. უნდა წავიდე, შევჩივლო ჩვენს ხელმწიფეს ჩემი უბედურება. რის მეფეა, თუ-კი თავის ქვეშევრდომს მფარველობას არ გაუწევს? რათ შევხარიო იმის ძლიერებას, რათა ჰქვიან იმას არწივი? ტყუილი ყოფილა იმისი მეფობა, თუ ახლა მე დიამბეგის ჯავრს შემაჭმევს. არა მგონია. რო გაიგებს ჩემ დაღონებას, ჩემ ასე უსამართლოდ დასჯას, როგორ მრისხანედ დაატრიალებს თავის ლამაზ თვალებს, გაასწორებს მხრებს და გადმოსწევს წინ გაუტეხელ გულის ფიცარს. ის მიშველის, ისა!.. უეჭველად მიშველის!.. უნდა ვაცნობო ბარის სხვა ფრინველთა დაწიოკებაც, - როგორ უსამართლოდ გვეპყრობიან კაცნი, გვმუსრავენ, რის გამოც ვეღარა ვმრავლდებით, რომ გავაძლიეროთ არწივის სამეფო... თუმცა შორს არის მისი სატახტო ქალაქი, - ერთ უზარმაზარ, თოვლით გადალესილ მთაზე, სანით-სანამდე ვივლი, მანამ არ მივალ იმის სამფლობელოში... რა არის მარტო ბარად ყოფნა, ერთი მთის არე-მარესაც ვიხილებ?! 

ამას ამბობდა კაჭკაჭი თავისთვის და აპირობდა დილით მეფესთან საჩივლელად წასვლას. 


დილაზე ადრიანად შვილებს ზოგი ვაზისა, ზოგი კაკლის ფოთოლი მიაყარა. იტირა კარგა ხანს, გული მოიოხა და გაუდგა გზას. სოფლის ბოლოს მისი დეიდაშვილი მზექალი შემოხვდა; დაღონების, მგზავრობის ამბავი ჰკითხა. კაჭკაჭმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო. იმანაც მიუტირა უბედურება და აღუთქვა შემწეობა. 

- ღმერთმა შეაჩვენოს, ცისა და ქვეყნის დამაარსებელმა, - ამბობდა მზექალი: - შენზე და შენ შვილებზე რა ვაჟკაცობას იჩენდა, თუ ის კაცია და კაცობისა რამ აცხია?! ღმერთმა შენ დაღონებისად ნურა კარგი და კეთილი აჩვენოს. რას გემართლებოდა ის წყეულ-შეჩვენებული, რომ აგრე დაუღუპიხარ?! ნუ გეშინია. წადი, იჩივლე, წადი! ჩვენ მეფეს არ ესიამოვნება ეგ ამბავი და ჯავრსაც ამოგყრის შენი დამღონებლისას. მეც ვეცდები შევაგულიანო და გავამხნეო ფრინველნი სარდიონის წინააღმდეგ. 

გამოემშვიდობნენ ერთმანერთს და თავთავის გზაზე წავიდენ. კაჭკაჭმა ბევრი იფრინა, დაიღალა და მდინარის პირად დასვენება მოუნდა. მდინარე წყნარად მოკამკამებდა... 

- რა არი, რამ დაგაღონა, დობილო? - დაეკითხა მდინარე კაჭკაჭს: - შენ წინათაც ბევრჯელ მინახავხარ, მუდამ გახარებული და გალაღებული. არ ვიცი, ახლა რა დაგმართნია?... სჩანს უბედურება რამ შეგმთხვევია?! 

- უბედურება მეტი-ღა იქნება!.. დიამბეგმა დამღუპა, დობილო, დიამბეგმა, დაღუპოს ის ღმერთმა: ამომიწყვიტა შვილები და სახლ-კარიც დამინგრია; ამიკლო, ერთის სიტყვით, ამიკლო... 

- მე იმის ბაღჩას და ბოსტნეულსა ვრწყავ, - მიუგო მას მდინარემ: - კარგად ვხედავდი, როცა შენ ბუდეს აკეთებდი ჭერამზე. ვიცი, როგორც ან ბღარტები გამოსჩეკე, - სამი ბღარტი გყავდა. 

- ჰო, დობილო, ჰოო, მართალია, - მიუგო მას კაჭკაჭმა: - დღეს ერთიც აღარა მყავს ცოცხალი. 

- განა არა, მაშინვე ვამბობდი, რომ შენ ხეირს ვერა ნახავდი დიამბეგის ბაღჩაში, - ამბობდა მდინარე: - განა ჩემი ძალიან მადლობელია, თუმცა მისი ბაღჩა და ბაღეულობა ჩემგან ჰყვავის, ჩემგან არის მწვანედ გაღაღანებული. ცუდი კაცია, გულღრძუ, უმადლო, ალბათ დაუშავე კიდეც რამე. 

- ჩემი დანაშაული ის არის, ერთი ყველის ნაჭერი მოვპარე, დობილო, ერთადერთი, პაწაწკინტელა, - მიუგო კაჭკაჭმა. 

- ეგ ხომ მეც ვიცი. მაშინ მე ვარდებისა და იასამნის გვერდზე მოვწანწკარებდი. სხვა აღარაფერი ვიცი. ერთი ნაჭერი ყველის გულისათვის როგორ წაგახდინა იმ უღმერთომ?! რაკი აგრეა, შენ ნუ გეშინია, მე ამოგყრი დიამბეგის ჯავრსა. ერთი ჩემებურად ავდიდდები, ვეცემი იმის ბეღელ-მარანს, სარდაფს და სულ ველად გავიტან, გავაოხრებ და გავატიალებ. 

- მიშველე, მიშველე, შენი ჭირიმე, ერთი სიკეთე მიყავი! - ეხვეწებოდა კაჭკაჭი. - შვილებს აღარც-კი მოვიგონებ, თუ სარდიონს დაღონებულსა ვნახავ. ეხლა მე საჩივლელად ჩვენ მეფესთან მივდივარ და შენც მოემზადე. 

- უსათუოდ, უსათუოდ. მეც გული მეღრინება დიამბეგზე, - სთქვა მდინარემ. 

კაჭკაჭი გამოემშვიდობა მდინარეს და გასწია თავის გზაზე. ცოტა მანძილი რომ გაიარა, ველი გამოჩნდა. ველზე დაინახა თაგვთა აუარებელი გუნდი, მოდიოდა მწყობრად, ჟივილ-ხივილით, დაფ-ნაღარის ცემითა. თაგვთა ფარას ზოგი წინ მოუძღვებოდა როკვა-ცეკვითა. კაჭკაჭი მიხვდა, რაც ამბავი იყო; თაგვებს ქორწილი ჰქონდათ; რამდენიმე ნაცნობი თაგვი გამოუჩნდა, თითონ ნეფე კაჭკაჭის კარგი ნაცნობი და მეგობარი გამოდგა. ღვინო შეპატიჟეს. რა გაეწყობოდა? იმანაც დალია, ნეფე-დედოფალი ადღეგრძელა. მგზავრობის მიზეზი ჰკითხეს. კაჭკაჭმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო.

- ჰაი, ის წყეულ-შეჩვენებული! - იძახოდენ თაგვები: - კრიჟანგია, ცუდი კაცია. მაგის ყანას ერთ თავთავს ვერ ჩამორჩება ჩვენგანი ვერავინ. ათეულებს ერთ ღამეს არ დასტოვებს კარში, მაშინვე კალოზე მიარბენინებს. მაგრამ აქაც ვესტუმრებით ხოლმე. ის სტუმრობა არაფერი, ახლა გვიყუროს, რა სეირი დავაწიოთ, ჯერ ერთი ქორწილი მოვათავოთ! - სთქვეს თაგვებმა. 

- თქვენ გენაცვალეთ, თავს შემოგევლეთ, როგორც თქვენი იმედი მქონდეს, ისე გაისარჯეთ. - ეხვეწებოდა კაჭკაჭი. 

- გავისარჯოთო? გავირჯებით კი არა, ერთ ღამეს დავეცემით და სულ ბდღვირსა და ნაცარტუტას ავადენთ. რაც ხელში რამ ებადება, სულ ჩავჭრით და ჩავკემსავთ... 

გამოემშვიდობა იმათაც და წავიდა. გზა-გზა ყველას, ვინც-კი შეჰხვდა, თავის ამბავი უამბო, კითხულობდა აგრეთვე მეფის სატახტო ქალაქს. გაგონილი ჰქონდა, შორიდანაც ჰხედავდა, მაგრამ რაკი ტყეებსა და მთებს გაეკიდა, გზას კაჭკაჭი ვეღარ იგნებდა. ერთ მთის ფერდობზე, ტყეში, ერთ დიდ თელის ხმელ ტოტზე ძერა დაინახა, გაბურძგულ-გახეხილი იჯდა და დაბლა ავლებდა რაღაცას თვალს. 

- გამარჯობა, ძერიკო! - შეუძახა შორი-ახლოდან კაჭკაჭმა. 

- ჰა? ვინა ხარ? რა სულიერი ხარ? - შეაჩერა თვალები ძერამ და გაოცებული შეაცქერდა. 

- გამარჯობას გეუბნები და ბოდიშს კი არ იხდი? როგორ არ მიცნობ, ვინცა ვარ? ბარად არსად გინახავარ? - მიუგო კაჭკაჭმა. 

- ჰმ, ჰმ, - სთქვა ძერამ, - გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს! აქ რას დახეტიალობ ამ მთა-ღრეებში, რატომ ვენახებში არა სჭრიალებ? - სთქვა დაცინვის კილოთი ძერამ და თან თავი მაღლა აიღო, ყელი მოიღერა თავმომწონედ. 

- უბედურება მახეტებს, ძერიკო, უბედურება. ხომ გაგიგონია: გაჭირება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო. 

- რა გაგჭირებია ისეთი, რომ აქეთ გადმოვარდნილხარ? 

კაჭკაჭმა იმასაც უამბო თავისი უბედურება; ეგონა იმისაგანაც თანაგრძნობას გამოიწვევდა, მაგრამ მოსტყუვდა. 

- შენ ვითომ იმას ჰფიქრობ, მეფე უნდა აამხედრო დიამბეგზე შენი ღლაპების გულისათვის? ვინ მიგიშვებს, შე უბედურო, მეფესთან, სულ ტყავს გაგაძრობენ?! თუ არ დაგიშლია, ჩვენი მეფე ახლა მთიდამ ბარად წამოვა, არა? არ უვარგნია დიამბეგს, თორემ შენც უნდა ზედ მიეყოლებინე. თქვენგან ამოგდებულია ბარი, განა არ გიცნობთ, რა შვილებიცა ბრძანდებით! მინამ პატრონი იგემებს ხილებს, თქვენ ჩამოჰხოშავთ და დასტოვებთ კაცს ცარიელს, თქვე არამზადებო, თქვენა! ახლა მთაში წამოსულხარ, გინდა აქაურობაც აიკლო?!. ასე გაგიხდი საქმეს, შენი ცოდვით სულ ქვა იწვოდეს. 

- ოჰო, ბატონს ჩემს გაუმარჯოს! შე ტკიპებიანო, შენა! განა შენ სხვას უნდა უკიჟინებდე ავზნეობას? შენ რაღა ბეღელ-მარნები გიდგას სავსე? შენც ისე არა სცხოვრობ, როგორც სხვა ფრინველები? ჩვენი წესი ეს არის: თუ კაცს რასმე ვავნებთ და ვაზარალებთ, ას იმოდენასა ვრგებთ კიდევაც. რამდენ მავნე მწერს, ჭიას და სხვა ქვეწარმავალთა ვჟლეტავთ, რომელნიც კაცისათვის მავნებელნი არიან. არა, მე ჭკუა გამომლევია, რომ შენ საუბარი გაგიბი: ჯერ თავისათვის უნდა იყო, შემდეგ სხვასაც არგო. თავისათვის არა ხარ, სხვას რას არგებ? მაგ ჭკუით დაბერდი, მაგ ჭკუით, საცოდავო, საწყალო! - სთქვა კაჭკაჭმა და გაუდგა გზას. 

- საწყალო და ქურდო! - მიაძახა უკანიდან ძერამ, აფრინდა და მედიდურად დაიწყო ტრიალი, შორიდან არწივი ეგონებოდა კაცსა. 

მეორე დღეს დილა-ადრიან გაისმა თოვლიანი მთის არე-მარეში კაჭკაჭის ჭრიალი; კაჭკაჭის უნახავ კაცს ეგონებოდა, მთაში ურემი ამოუტანიათ და ისა ჭრიალებსო. გაოცებული შეჰყურებდა კაჭკაჭი ამ დიდრონ კლდეებს, ჩაღრმავებულ ხევებს, ზვავებით სავსეთა. ალაგ-ალაგ, სადაც გამშრალიყო, მწვანე ბალახს ეჩინა თავი, იგი ამ ბალახებს ვერ იცნობდა, ბარად არ ენახა: ბუერა, შუპყა, დიყი, ბრძამი და სხვ. გაოცებით შეჰყურებდა როჭოების და შურთხების გუნდსა. ლამაზი ფრინველები ყოფილანო, ამბობდა თავისთვის კაჭკაჭი. მაგრამ ჩვენებურ ხოხობს ვერა სჯობიან სილამაზითაო. როჭოები და შურთხებიც გაოცებით შეჰყურებდენ კაჭკაჭს, არ ენახათ არადროს და სიცილით იხოცებოდნენ მის ხმაზე, კაჭკაჭის ჭრიალზე... 

კაჭკაჭი ახლო იყო მეფის საბრძანებელზე. აგერ დაინახა კიდევაც სხვა კლდეებზე დიდი და მაღალი კლდე: შავად იყურებოდა და სულ მაღლა რაღაც რუხად (ლეგა) მოსჩანდა... ამ დროს კაკანით პირაღმა მორბენალი კაკაბი შეეფეთა წინ კაჭკაჭს. 

- ვინა ხარ, სადაური ხარ, ადამიანო? - ჰკითხა მან, - საიდან მოსულხარ? 

- ბარიდან გიახელით, დობილო, - მიუგო კაჭკაჭმა, - მეფის ნახვა მინდა. სწორედ არ ვიცი, სად მოვძებნო! მასწავლე, შენი შვილების ლხენასა. 

- რატომაც არ გასწავლი, რა ხვეწნა გინდა? - უთხრა მას კაკაბმა: - იმ დიდ შავ კლდეს ხომ ხედავ? კარგად დააცქერდი. 

- ვხედავ, ვხედავ! - მიუგო კაჭკაჭმა. 

- ჰხედავ ზედ კლდის წვერზე, მაღლა, შავად რომ მოსჩანს? 

- ვხედავ, როგორ არა, კარგად ვხედავ. 

- თუ ჰხედავ, ისა ბრძანდება თვით მეფე. რა საქმეზე გარჯილხარ? - ჰკითხა კაკაბმა ბოლოს დროს. 

- მაქვს საჩივარი მეფესთან. - კაჭკაჭმა უამბო იმასაც თავისი უბედურება. 

- ჩვენს საჩივარს კი არ იღებს, დობილო, და არ ვიცი, შენ რას გიზამს. - სთქვა კაკაბმა. 

- როგორ, თქვენცა გაქვსთ რამე საჩივარი მეფესთან? - ჰკითხა კვალად კაჭკაჭმა... 

- ჩვენც თუ აღარა გვაქვს, მაშ სხვას ვის ექნება? - მიუგო კაკაბმა. 

- თქვენ რაღასა სჩივით? 

- იმას, რომ მთის ქორები, შავარდნები და სხვანი მუსრს გვავლებენ, გვჟლეტავენ. მე რა გიყოთო, მეფე ამას გვიპასუხებს: მაშ რით იცხოვროს ჩემმა ლაშქარმაო? არ ვიცი, იქნება შენი საჩივარი შეიწყნაროს. 

კაჭკაჭმა პირდაპირ გასწია და შორიდანვე ამცნო თავისი მისვლა ხმაურობით. არწივი მედიდურად ბრძანდებოდა ტახტზე, დინჯად ასწია თავს მაღლა და თვალები გარშემო მიავლ-მოავლო. კაჭკაჭმა დიდი მოწიწებით სალამი მიართვა. მეფემ ნება დართო და ისიც იმის პირდაპირ კლდის კინჭუხზე ჩამოჯდა. არწივმა კარგა ხანს ხმა არ გასცა. 

- რაო? რა ამბავია, ჭრიალავ? - ჰკითხა ბოლოს არწივმა. 

- თქვენი სიცოცხლე და დღეგრძელობა, დიდებულო მეფევ! - სთქვა კაჭკაჭმა: - თქვენთან გიახელით, ვიცი თქვენი მეფური გულის ამბავი, რომ არ დამტოვებთ უნუგეშოდ და მომცემთ შემწეობას. ჯერ საერთოდ ბარის ფრინველები დაჩაგრულნი ვართ კაცთაგან: გვაწიოკებენ, გვდევნიან და მე ხომ დიამბეგმა სარდიონმა ამიკლო, ამომიწყვიტა შვილები და მეც მდევდა მოსაკლავად. 

- თუ აგეთი შეწუხება ადგათ ბარის ფრინველთა, რატომ არ მოდიან ჩემთან საჩივლელად?.. შენ რაღა დაუშავე დიამბეგს ისეთი, რომ მაგრე დაუწიოკებიხარ. 

- არაფერი, შენი რისხვა არა მაქვს. მხოლოდ ერთი პაწაწკინტელა ყველის ნაჭერი მოვტაცე, შვილები მეხოცებოდენ შიმშილითა, ისიც იმათ გულისთვის შევცდი... სხვებისა რა მოგახსენოთ, თავს შემოგევლე, ალბათ, ვერა ჰბედავენ; თქვენი ხათრი და რიდი აქვთ. მეც რის ვაი-ვაგლახით გავბედე თქვენი შეწუხება, - განა ადვილია მეფის წინაშე წადგომა და მისი თვალ-წარბში მზერა!.. შენ მძლავრ ნისკარტს და კლანჭებს ვენაცვალე, მეფე ბრძანდები, ჩვენი იმედი, ჩვენი ნუგეში, ვინძლო რომ ჩემი დაჩაგვრა არ შეარჩინოთ იმ უსამართლოს. სამაგალითოდ დასაჯოთ, რომ სხვამ აღარ გაბედოს ფრინველების უღვთოდ დევნა. 

- კარგი, კარგი! დავუძახებ ჩემ ლაშქარს და დავესხმი თავსა. თუ მეფეს არ ეცოდინება ქვეშევრდომთა შეწუხება, მისი რა ბრალია, რომ არ მიეშველოს! - სთქვა არწივმა და ნისკარტით მარჯვენა მხარი გაისწორა. 

არ გაუვლია დიდხანს, რომ მეფის ტახტის გარშემო მოიწყო მოდენა ფრინველთა გუნდმა: სად იყო ამდენი ფრინველი? ბევრს ამათგანს კაჭკაჭი ვერც კი იცნობს. საზარელი, დიდრონი ტანისა არიან: ყაჯირები, სვავები, გავაზები, შავარდნები და სხვანი. ასტყდა მეფის საბრძანებელში ფრინველთა საზარელი ყატყატი. ჰაერი ზღვასავით ელავდა იმათ ბოლო-ფრთათა ტყლაშა-ტყლუშით. გაეგოთ, მეფეს ვიღაც სტუმარი სწვევია ბარიდანაო. ყველას თითო რამ მოჰქონდა ბრჭყალებით მეფისათვის ძღვნად. ბევრმა იმათგანმაც ვერ იცნო კაჭკაჭი. არწივმა გამოუცხადა იმათ სტუმრის მოსვლის მიზეზი და აგრეთვე ისიც, რომ ხვალისთვის სალაშქროდ მომზადებულიყვნენ. 

- მზად იყავით ხვალისთვის ყველანი, - სთქვა არწივმა ზავთიანი და ბოხ-მაგვარის ხმით: - უნდა დიამბეგი სარდიონი დავლაშქროთ... შეატყობინეთ ყველას ჩემი ბრძანება. ჩემ ქვეშევრდომს არავის დავაჩაგვრინებ, მინამ ცოცხალი ვარ... - და უამბო კაჭკაჭის უბედურება. ფრინველთა ერთხმად თანხმობა გამოუცხადეს. 

- რა ჯურის ფრინველია, ოსტატი, ეშმაკი რამ კი უნდა იყოს! - ჰკითხავდენ ერთმანეთს გავაზები და შავარდნები. 

- ჩვენ ვიცნობთ კარგა მაგას. ბარელია, ბარელი... ბევრჯელ გადავურჩენივართ ფათერაკს. კაჭკაჭი ჰქვიან, - ამბობდენ სვავები: - ლეშზე ხშირად გვესტუმრება და ჩვენთან ერთად შეექცევა. თუ ეგ იქ არის, ადამიანი ადვილად ვერ მოგვეპარება სათოფედ. ერთს დაიჭრიალებს და ყველას ზეზე წამოგვშლის. ვნახავთ ბოლოს მაღლიდან, რომ ფლატეში ან ჯაგს უკან თოფიანი კაცია მიმალული... ძრიელ ყოჩაღი და ფხიზელი ფრინველია. 

- სმენა იყოს და გაგონება! სადილად ყველანი ჩემთან უნდა იყვეთ! - და აფრინდა არწივი. გაშალა თავისი განიერი, ღონიერი ფრთები. თითქო ცას მიეკრაო, ისე მაღლა აფრინდა. ფრინველთა წრე შემოავლეს. კარგა ხანს იტრიალეს და ბოლოს ისევ დაბლა დაეშვნენ. შემოუსხდენ გარშემო თავის მეფეს, მიიპატიჟეს კაჭკაჭიც, ჩაისვეს შუაში. მოიტანეს მრავალი ფრინველისა და ნადირის ხორცი და გამართეს ნადიმი... სადილზე ბევრი ისაუბრეს, თუ როგორ შეჰბრძოლებოდენ მტერსა... გათავდა ნადიმი და არწივმაც შიკრიკები გაგზავნა, რომ ვინც აკლდა, ისინიც მოსულიყვნენ. 

მეორე დილით იმდენი ფრინველთა გუნდი მოგროვდა, რომ მზის სხივები დაჩრდილა; ფრინველთა ყატყატისაგან მთელი არე-მარე ინძრეოდა. საზარელი და მასთან საყვარელი სანახავი იყო ეს ფრინველთა ბრბო, მათი მოძრაობა, ხმაურობა. ყველას ეტყობოდა, რომ რაღაც დიდი საქმისათვის ემზადებოდა. 

არწივმა ყველას თვალი გადაავლო, ლაშქარი გადაათვალიერა სათითაოდ და დაარიგა, ვინ როგორ მოქცეულიყო: 

- თქვენ, შავარდენნო, ქორნო და გავაზნო, ეცადეთ, რომ რამდენი კაციც ჩვენ ბრძოლას დაგვიწყებს, იმდენსვე ქუდი მოსტაცოთ. 

დაიძრა არწივი და მასთან ერთად ფრინველნი. მეფეს ახლო მოსდევდენ შავარდნები, მერე გავაზნი; იმათ მოჰყვებოდენ ქორები, მერე ალალნი და მიმინოები, შემდეგ ყორანნი; ყორნებს უკან ყაჯირები, ყაჯირებს მოსდევდენ სვავნი და სხვ. და სხვ. კაჭკაჭი სულ უკან დარჩა და სიხარულით აღარ იცოდა, რა ექნა. გზაზე ლაშქარს ბევრი მეომარი ემატებოდა. გუშინ რომ ბიაბროდ გახადა კაჭკაჭი, ის ძერაც აქ მოაფრატუნებდა მხრებსა, ფეხის ხმას აჰყვა ისიც. მელაც დაბლა მორბოდა, ეგები მეც რამ მერგოსო... 


წინა-ღამეს საკვირველი საქმე დაემართა სარდიონს. მდინარე მოვარდა, მისი მარანი, ბეღელი სულერთიანად წალეკა და წაიღო. ამ ფაცაფუცში რომ იყო სარდიონი თავის ბიჭებიანად, იმ დროს სახლს დაჰსხმოდა თაგვთა ჯარი და რაც რამე ძვირფასი ჰქონდა სახლში, ზოგი ნაძღვნევი, ნაფეშქაშარი თუ ნაყიდი, ყველა ჩაეჭრათ, ჩაეკემსათ... მეორე დილით ფრიად შეწუხებული სარდიონი თავის ბიჭებით გაბრაზებული დადიოდა ეზოში, გლოვობდა აუარებელ პურისა და ღვინის დაღუპვას, - სახლში ნივთებისა და ტანისამოსის გაოხრებას... ეზოში გაფენილიყო აუარებელი გუნდი ბატებისა, ინდაურებისა, ქათმებისა და სხვ... სარდიონმა არ იცოდა, თუ სხვა უარესი უბედურება მოელოდა... 

შორს დაინახა სარდიონმა უზარმაზარ შავ ღრუბელსავით რაღაცა; თითქოს ზღვა გადმოვარდნილა თავის ნაპირებიდანო, ისე მოჩანდა არწივის ლაშქარი. სარდიონს ეზარა ამ სურათის დანახვა. როცა გაარჩია ფრინველთა გუნდი, ბიჭი აფრინა სახლში თოფისათვის. აგერ მოახლოვდა ლაშქარი, თითქოს სეტყვა მოდისო, ჭექა-ქუხილი ისმოდა. შეუპოვრად მოცვივდენ და დაესხნენ ეზოში ბატების, ინდაურების, ქათმების გუნდს: ბდღვირს ადენდენ ყველას. ჯერ არწივისა, ქორ-შავარდნების ჯერი არ მოსულიყო. დიამბეგი და მისი ბიჭები უჩხაკუნებდენ თოფებს, მაგრამ არც ერთს არ გაუვარდა, - ეს თაგვების ბრალი იყო: თოფები “ჩაესველებინათ”, რომ აღარ გავარდნილიყვნენ, ყველას თოფები, განა თუ მარტო დიამბეგისა. დიამბეგმა ხმალსაც მიჰმართა, მაგრამ ხმლით რას გახდებოდა. ვინ მიუდგებოდა ახლო: აბა, ჰა, ხმალი შემომკარიო... არავინ. ხმალი გადააგდო. თოფს დაუწყო სინჯვა: ძველი ტყვია-წამალი ამოიღო და ახალი ტყვია-წამლით გატენა. სხვასაც ესევე უბრძანა. 

იმათ რომ თოფებს დაუწყეს შლა და კუდების გამოგდებინება, “დროაო!” - სწორედ ამ დროს უბრძანა არწივმა ქორ-შავარდნებსა და თითონ გაუძღვა წინ. დაუქროლა დიამბეგს პირველმა და გაჰკრა ბრჭყალი თავზე. მისი ვარსკვლავიანი ქუდი ბრჭყალებში შერჩა და დიამბეგსაც დაუკაწრა თავი. სისხლმა დაუწყო დენა. სხვებმა სხვებს მიჰმართეს. 

ერთ წუთში მოხდა ეს საქმე. და ყიჟინით გაემართნენ მაღლა. ყველას კლანჭებში ჯურა-ჯურა ქუდები ეჭირათ. დამარცხებული დიამბეგი და მისი ბიჭები პირდაღებულნი შესჩერებოდენ ამ ამბავს. კაჭკაჭი შორიახლოდან სეირს უყურებდა. სიხარულით აღარ იცოდა, რა ექნა. შვილები დაავიწყდა, ახლად დაიბადა. 

ფრინველნი ნადავლით თავის ბინაზე დაბრუნდენ, და დიამბეგმაც იმავე დღეს, შერცხვენილმა, ქალაქისაკენ გასწია ქუდისა და ტანისამოსის საყიდლად. ტახტრევანში ცხენები შეაბმევინა და გასწია გაცხარებულმა ლანძღვა-გინებით, შფოთით. 

გზაზე ერთ ადგილას ცუდი გასავალი იყო. დიდი ფლატე, ძირს - ღრანტობი... ამ ადგილს რომ მიუახლოვდა, ცხენები უცბად შეფრთხნენ და შუაგულ ღრანტობში ჩავარდენ. დიამბეგის “კუჩერმა” თვალი მოჰკრა მელას, რომელიც ფლატოდან ამოხტა და გაძრიალებული გარბოდა ტყისაკენ... 

ეს ამბავი მთელმა სოფელმა გაიგო. დიამბეგი მკვდარი წაასვენეს სახლში და მესამე დღეს დაასაფლავეს. ცხენები დახოცილიყვნენ. სარდიონის “კუჩერიც” თავგატეხილი ლოგინში იწვა და მწარედ გმინავდა... 

ფრინველნი გამარჯვებულნი დაბრუნდენ ნადავლით. ქუდებიც თან მოიტანეს. არწივმა სარდიონის ქუდი თავის საბრძანებელ კლდის კინჭუხზე ჩამოჰკიდა. სხვებმაც იმის ჩამოსწვრივ კლდეზე გაამწკრივეს ქუდები. 

მას აქეთ არწივის საბრძანებელს “ქუდოვანი” დაერქვა. მონადირენი და მწყემსნი, როგორც არაკს, ისე უამბობენ სოფლელთ “ქუდოვანის” ამბავს. ამბობენ: “აშკარად სჩანს ქუდები კლდეზე, ზოგი თეთრად, ზოგი შავად, სხვა წითლად და ლურჯადაო...” 

ფრინველთ გაიგეს მელიას გამარჯვება, სარდიონისა და იმის ცხენების დაღუპვის ამბავი, მთელი ერთი თვე კარგს დროებას ატარებდენ დიამბეგის ნაპატივარ ცხენების ლეშზე. 


1898 წ.