Litclub.ge

ქუჩი
ბალახი ვარ მთისა, ერთის დიდის სალის კლდის შუა გვერდზედ მოსული. ჩემს გვერდით სხვა მცენარე ვერა ხარობს. განგებას მხოლოდ ჩემთვის დაუწერია: ქუჩო! კლდე იყოს შენი დედ-მამა, შენი ბედი და იღბალი, შენი წარსული და მომავალიო! 

- კლდეო! განა, რომ შენა ხარ ჩემი დედ-მამა, ჩემი მცველი და პატრონი? 

- მე ვარ, ნუ გეშინიან, შავ-ბნელო. 

გარშემო მარტყია მაგრად დაჭედილი ლოდები. ვინ იცის, სადამდე აქვთ გადგმული ძირი; ზოგი ამათგანი ყურსაც არ მიგდებს, თითქოს არც კი ვარსებობდე; ისინი თვალდაშტერებით დასცქერიან უფსკრულს. რას ეძებენ, რა დაუკარგავთ იქ? მე არ მეტყვიან, ათასჯერაც რომ ვკითხო, რაღასაც ფიქრობენ, უსაზღვროა იმათი ფიქრი, გამოუცნობელია იმათი გულის წადილი. ხანდახან კლდე ოხრავს, ალბათ, დარდი რამ აწუხებს. სხვაფრივ შეუდრეკელი და გულმაგარია ჩემი დედა; იმას როდი აშინებს ზვავი, რომელიც ზამთრობით ჭექა-ქუხილით თავზე დაგვაწვება ხოლმე, მოვა და გრიალით ჩავარდება უფსკრულში, დაეცემა და, თითქოს დაისვენაო, მძიმედ ამოიოხრებს. კლდე ხანდახან კიდეც სტირის. მეც ვსტირი მაშინ, დედის ცრემლებსა ვხედავ და იმიტომ. დედაჩემი თავის დახოცილს შვილებსა სტირის, რომლებიც მუდამ თვალ-წინ უწყვია; ბევრიც რომ უნდოდეს, თვალს ვერსაიდამ მოაცილებს. კლდის შვილები ლოდებია, დაბლა რომ ჰყრია ერთი-ერთმანერთზედ, კლდის ძუძუთგან მონაწყვეტი, იმის მკერდის ანაგლეჯი... 

აგერ, დაბლიდამ როგორ გულსაკლავად შემოსცქერიან თავის მშობლებს, თითქოს ეხვეწებიან, რატომ მანდ არ აგვიყვან, რატომ შენს ახლოს არა ვართო. ამაო იქნებოდა იმათი თხოვნა, იმათი ვედრება, კიდეც რომ შეეძლოთ ამის ნატვრა; მაგრამ რა შეუძლიანთ. მეც იმათ დავსცქერი თავზე და თითო-ოროლ წვეთობით ნამს ვასხურებ. იმათთვის ეს მეტად სასიამოვნოა. 

ნეტა ერთიც არის მეგობარი მომცა, ხანდახან მაინც გამოვესაუბრებოდი. ღმერთმა ყვავილებს უშველოთ, გაღმა მთის ფერდიდამ რომ გამომცქერიან. ტკბილად დუდუნებენ, ტკბილად მღერიან ნაზის, დაბალის ხმით; ისინიც, როგორც მე, ბედკრული, შესტრფიან პირიმზეს. ლამაზო პირიმზევ, როგორ შორსა ხარ ჩემზედ, მაგრამ მაინც როგორ მიკოდავ გულსა! 

მე როგორ შევსტრფი, თვალგულდამშეული შევსცქერივარ, თვალს ვერ ვარიდებ ერთს წუთას, ისე მიყვარს, და ის-კი ერთხელაც არ გადმომხედავს, რომ ჩემი მოკლული, დამწვარი გული გაცოცხლდეს; ის მზეს შესცქერის, იმას ეტრფის. პირიმზე მზის მოტრფიალეა. აღმოსავლეთიდამ დასავლეთამდე თვალს და პირს იმას აყოლებს; როცა მზე ჩავა, დაიქვითინებს, იწყენს სატრფოს განშორებას. პირიმზეს ტირილი მეც ამატირებს. გუშინ, ვგონებ, მეც გადმომხედა. არა, ის წმინდაა, უცოდველი, მე-კი უშნო და ცოდვილი. მე განა სისხლითა და ბურტყლით უნდა ვიყო შემურული?! ეს სულ იმ ბებერის არწივის ბრალია, ჩემს გვერდით რომ ბუდობს. გაიღვიძებს თუ არა დილით, მოჰყვება საზარელს ყეფას, ვიღაცას ემუქრება, აბრიალებს ი დიდრონს, სისხლის მოყვარულს თვალებს და მერე გასწევს სადავლოდ; ყველა ფრინველები გზას უთმობენ. მოიტანს ნანადირევს, დაჯდება ჩემს ზემოდამ ერთს ამოჩემებულს ლოდზედ, სწიწკნის, სისხლი ჩამოსდის და მე დამდის. საიდამ მოვერიდები? სისხლით წითლად ვილესები, მერე მზე დამხედავს და ახმობს ჩემს ტანზე ამ სისხლსა. იკურთხოს წვიმის გამჩენი! ხანდახან ის გამბანს ხოლმე. უთუოდ ამ სისხლის გამო მარიდებს პირიმზე თვალსა, თორემ ერთხელაც იქნებოდა დამიძახებდა: ქუჩო! კლდის შვილო, გამარჯობა შენიო! 

მიყვარს ეს ყვავილი... იმას კაცები პირიმზეს ეძახით, რადგან პირი და თვალები მუდამ მზისკენ აქვს მიპყრობილი, მზის მოტრფიალეა; როგორც შვილის თვალები თან დასდევს დედას და სცდილობს არსად დაემალოს დედა, ისე ამისი. მზე დედაა, პირიმზე - შვილია მზისა. 

ვინ იცის, თუ მე პირიმზე მიყვარს? მაინც რაა ასეთი სიყვარული? მე იმასთან ვერ მივალ, ის ჩემთან, ერთმანერთს ვერ ვაკოცებთ. ასეთი სიყვარული სასიამოვნო ტანჯვაა. მოუთმენლად ველი განთიადს, მაშინ დავინახავ ხოლმე ჩემს სატრფოს. როცა ზამთარი დადგება, ჩემი გულიც მაშინ ჩაშავდება და პირიმზეც მიწაში ჩადნება. ნეტავი მეც ჩავდნებოდე, რომ ეგებ ერთი ჩემი ნაწილი შეხვდებოდეს იმისას პირისპირ. დადგება გაზაფხული, პირიმზე ცოცხლდება და მეც მაშინ ვცოცხლდები. მავიწყდება ჩემს ქედზედ მოკიდებული ხავსი და ობი, თავი პირიმზე მგონია და გიჟივით ვამბობ: შენი ჭირიმე, ლამაზო, შენი! 

ნეტავ ვიცოდე, სად მიდიან ზამთრობით ყვავილნი? ვგონებ, ამას სიკვდილი ჰქვიან. ვინ მასწავლა მე სიტყვა სიკვდილი? აი ამ ლოდმა, ჩემს გვერდზე რომ ცხვირი წამოუშვერია და მრისხანედ დასჩერებია ქვეყანას. ამან და იმ ორასის წლის ბებერმა არწივმა. არა, სიკვდილი კარგი არ უნდა იყოს. გუშინ რომ მაგ დაუსვენარმა ბებერმა ერთი როჭო შეყლაპა. ჩემს თავზე, რამდენსა ჰკვნესოდა საბრალო და ის-კი შეუბრალებლად სწიწკნიდა, ჰგლეჯდა თავისის ალმასის ნისკარტით. 

- ქუჩო, ბენტერავ, მაგასა ჰქვიან სიკვდილიო! - წამომჩურჩულა ლოდმა. მე კაკბის სიბრალულით ვსტიროდი. თუ მართლა ესაა სიკვდილი, კარგი არ უნდა იყოს... 

ერთხელ საზარელი სანახავი ვნახე, ისიც სიკვდილსა ჰგავდა. აგერ დაბლა, შორს რომ დიდი მინდორი მოჩანს, იმ მინდორზედ მოჰხდა ეს ამბავი. ორპირად, ორის მხრითგან გამოჩნდა ხალხთა გროვა. ყველანი ლამაზები იყვნენ, ლამაზად ჩაცმულ-დახურულები; ცხენებზედ ისხდენ ტურფად, მოხდენით და ერთმანერთისკენ მიდიოდენ სისწრაფით. სიშორის გამო არ მესმოდა, რას ამბობდენ. დაერივნენ ერთმანერთს, იარაღის ბრჭყვიალს თვალს ვერ ვუსწორებდი, მწვავდა. ერთმანერთს ცხენებიდამ ჰყრიდენ, ჰქელავდენ, მახვილსა სცემდენ. 

ბოლოს დროს, თითქოს ჯანღი დაეხვიაო, დაიმალნენ ყველანი. ჯანღი რომ გადიკრიფა, საღამოხანიც მოახლოვდა. ვნახე, რომ მხედარნი თავის ცხენებითურთ ეყარნენ მინდორზე უსულოდ, როგორც აი ეს ლოდები. ეს სურათი ჩემთვის სატირელი სურათი იყო და ვიტირე კიდეც. სილამაზე, შვენება დაჰკარგოდათ. ეს მეწყინა და ამან ამატირა. 

მზეო, დამხედე! წვიმავ, დამნამე! კლდეო მაღალო, შეინახე ჩემი ფესვები, სიცოცხლეს ნუ დაუკარგავ, ნუ ამომთხრი, ნუ ამომაგდებ! 

პირიმზევ, ტურფავ, ლამაზო! შენის სილამაზის მზეს, ათასში ერთხელ მაინც გადმომხედე, მაღირსე შენი ღიმილი! საწყალი, ბეჩავი ქუჩი ვარ, შემიბრალე! ნიავო მთისავ, ბუნების მაცოცხლებელო სულო! დამბერე, გააგრილე ჩემი მხურვალე გული! 

არწივო, მედიდურო ფრინველო! თუ გწამს ღმერთი, ეცადე, რომ ჩემს თვალებს არ აჩვენო, როცა უცოდველად სულდგმულთა სისხლს აქცევ; ჩემს ყურებს ნუ გააგონებ იმათს კვნესას, რადგან იმათი კვნესა ჩემი კვნესაა, ჩემი გულის ოხვრა და ვაებაა. დამბადებელო, დამიფარე, შემინახე უნაყოფო კლდეზე დაკიდებული ქუჩი!.. 


1892 წ.