Litclub.ge

მუხრან მაჭავარიანს
მუხრან მაჭავარიანის ლექსი დღესავით ნათელია. მისი პოეზია შორს დგას ე.წ. „უსაგნო ლირიკისაგან!" 
ომის შემდგომ ქართულ პოეზიაში ბევრსარაფერს მიუპყრია იმდენი ყურადღება, რამდენიც მუხრან მაჭავარიანის სახელს მისმა პოეზიამ ახალი პერსპექტივები დასახა. ის მოგვევლინა მოულოდნელი, მანამდე თქვენთვის უცნობი, ერთი შეხედვით უჩვეულო ქართული ლექსით. უბოდიშობამდე მისული გაბედულება, ოცი წლის ჭაბუკისათვის შეუფერებელი აზრის სიმძიმე და რკინისებური ლოგიკა მსჭვალავდა იმთავითვე მის პოეტურ ფორმულებს და ცალკეულ სახელებს. მუხრან მაჭავარიანი ანგრევდა ძველ რიტმულ კონსტრუქციებს, ქმნიდა ახალ ჰარმონიებს, აახლებდა დიდი ხნით მივიწყებულ თავისუფალ ლექსს. პოეზიის მაშინდელ კანონმდებელთათვის გამაღიზიანებელიც კი იყო კლასიკურ ლექსთან მისი მოურიდებელი დამოკიდებულება და ჭეშმარიტი პოეზიის ხარისხში საკვირველი სიმსუბუქით 
აყვანილი მისი კატეგორიული განცხადებანი. 
სისხლ მოჭარბებულსა და ომახიან, მუხრან მაჭავარიანს თავდავიწყებით უყვარს მთელი კაცობრიობა 

„ოცნება ვრცელდება სინათლის სისწრაფით, 
მინდა არსებივით მკლავების გაშლა, 
ავრბივარ მთაზე და იქიდან ვიძახი: 
- ვაშა, სიცოცხლეო, ვაშა!" 

მშობლიური ქართული ყოფა, მშობელი ხალხის ჯვარცმული წარსული იპყრობს ჭაბუკის არსებას. მისი აზრით სამშობლო ქვეყნის სიყვარულია გენით, ჯიშით, სისხლით კოდირებული. რასაც მიუძლვნა პირველი წიგნი: „ვახტანგ მეფის ნანადირევი", „მოდის…მოდის…", „მინორული მეცხრამეტე საუკუნისა, ანუ იმერული ქელეხი", „საბა" – თავი და თავი მშვენება ჩვენი უახლესი ქართული პოეზიისა. 
დიახ, გრძელი ოცდაათი წელიწადია ჩავლილი „საბას" გამოქვეყნებიდან. მუხრან მაჭავარიანს პირველი გამოსვლისას, მწერალთა კავშირის ტრიბუნაზე, დარბაზსა და სალონს შუა კარი იყო ღია. უცნობი ახოვანი ჭაბუკი დარბაზში ლექსებს კითხულობდა. მწერლები სალონში ისხდნენ, ოღონდ კისრები წაეგრძელებინათ და მთელი არსებით დარბაზში იყვნენ, „ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა." „ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება, ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე…" მძლავრი, აღტკინებული ხმა გამოდიოდა დარბაზიდან სალონში „ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა, ოჰ…ოჰ…ოჰო, – თქვა და თითქოს კიდეც ინანა", დარბაზში ტევა არ იყო, სალონშიც ხალხი ემატებოდა. 

„მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა 
რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა 
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ " 

წონასწორობიდან გამოსული, ფრთებს მინდობილი კითხულობდა მუხრანი ლექსებს. კითხვა დასრულდა და დარბაზი ტაშით ინგრეოდა. სათითაოდ მახსოვს და თვალწინ მიდგას აღგზნებული, ნერვიული, განცვიფრებული სახეები. 

- „არ ვიცი! არ მესმის! – პოეზიის ვალი არ არის განგვაცვიფროს! პოეზიამ წყნარად, ნელ – ნელა უნდა გაგვმსჭვალოს!" – თქვა პრეზიდიუმიდან სალონში საჩქაროდ ჩამოსულმა ერთა ვეტერანმა. მუხრანის არგაგება – უგემოვნებას ნიშნავდა, გაგება და მაინც აუგის თქმა – ბოროტებას, დღემდე ვერ მივხმდარვარ, რომელ ვარიანტთან მქონდა საქმე… 

გავიდა წლები, გაფართოვდა გადიდდა მუხრან მაჭავარიანის სათქმელი ოცდაათი წლის გრძელ გზაზე. მკლავი გაშალა და დავაჟკაცდა, ძვირფასი ნაყოფით დაიტვირთა ახოვანი ხე პოეზიისა. 
ამ წერილს ოდნავი პრეტენზია არა აქვს, მუხრან მაჭავარიანის პოეზიის სრული სურათი გვიჩვენოს, ამას მეტი შრომა და ქაღალდის მეტი ფართიც დასჭირდებოდა ჩემი წერილი მიდის მოვალეობას ასრულებს წიგნის კარს უღებს მკითხველს, შეუძღვება პოეტის ქვეყანაში და იქვე დატოვებს ძვირფასეულობათა პირისპირ, სადაც ბევრი რამ მკითხველზე და მის უნარზეა დამოკიდებული.