არასდროს არ დამავიწყდება სალიტერატურო საღამო, რომელშიდაც პირველად გამოვდიოდი. ხუმრობა იყო? სცენაზე ლექსი უნდა წამეკითხა!
დილიდანვე რაღაც საშინელების გრძნობამ შემიპყრო... შიშმა სრულიად დამიმონა...
ერთიც ვნახოთ, დამავიწყდა ლექსი! მაშინ?.. საზოგადოება დაინტერესებულია „ახალგაზრდა მგოსნით“, იგი გაფაციცებით თვალყურს გადევნებს, მაგრამ იგი სრულიადაც არ შესწუხდება, თუ შენ ლექსი დაგავიწყდა და შუა ადგილას გაყინდი... რომელიმე დაურიდებელი პირი შემდეგ საყვედურით გეტყვის:
– Публика страдала из-за вас!
მე ძალზე გავიზეპირე ლექსი...
ამ დღეს სალიტერატურო საღამოში მონაწილეობას იღებდნენ:
აკაკი, პეტრე გელეიშვილი, პ. ცახელი, იასონ ნიკოლაიშვილი, ვარლამ რუხაძე. იყვნენ სხვებიც. საღამო გელეიშვილის ლექციით დაიწყო, იგი მუსრს ავლებდა ახალგაზრდა მწერლებს. ახალგაზრდა მწერლები კი იქვე ისხდნენ აკაკის ირგვლივ. დათიკო მესხმა მეორე დღესვე ამ თემაზე იუმორისტული შენიშვნა დაწერა. ლექციის შემდეგ აკაკიმ თავისი კლასიკური ლექსები წაიკითხა, აკაკის შემდეგ კი ჩემი რიგი იყო.
მე დავიწყე, მაგრამ ხმა მიკანკალებდა. უეცრად აკაკის დაჟინებული შემოხედვა ვიგრძენი... აკაკი მიცქეროდა და...
ლექსი დამავიწყდა, უნდა გავჩერებულიყავი...
ცივმა ოფლმა დამასხა...
ბედად იმ რითმაზე, რომელზედაც გავჩერდი, მომაგონდა სრულიად ახალი რითმა, ექსპრომტად ავადმყოფური თავგანწირულებით ვქმნიდი ახალ სიტყვებს, ახალ აზრებს, რომელშიდაც საერთოდ არა იყო რა, მაგრამ ემ მსურდა სიტყვების კორიანტელით ამეხვია თვალი მაყურებლებისათვის. ცდა საუკეთესოდ დაგვირგვინდა. არც ერთს დამსწრეს არ შეუტყვია და არ უგრძვნია ჩემი კრიტიკული მდგომარეობა.
საღამო გათავდა. მე დავიფიცე, რომ ამ დღიდან სალიტერატურო საღამოში არ გამოვალ.
„რა სიბრიყვეა, უკითხო ხალხს ლექსები. თუ ასე ძალიანა სურთ, იკითხონ გაზეთებში“, - ვფიქრობდი მე.
აკაკის შემოვერტყით გარშემო. აკაკი საუბრობდა ნიკო ნიკოლაძის გაზეთზე - „ნოვოე ობოზრენიეზე“, სადაც მუდმივ თანამშრომლად ითვლებოდენ აკაკი და გ. თუმანიშვილი. შემდეგ საუბარი საღამოს ირგვლივ ტრიალებდა.
ილია ბახტაძემ – რომელმაც იმ საღამოს მერეჟკოვსკის „საკიამუნი“ წაიკითხა – აკაკის უთხრა:
– არ ვიცი, გახსოვთ, თუ არა, ბ. აკაკი, მე თქვენს იუბილეზე ლექსი ვთქვი. აკაკის, ალბათ ეგონა, რომ ილ. ბახტაძე ლექსებსაც სწერს და ოდნავი ღიმილით სთქვა:
– მე ილია ბახტაძე მახსოვს... იგი პუბლიცისტი იყო, მაგრამ ილია ბახტაძე, რომ ლექსებსაც წერდა, ეგ კი აღარ ვიცოდიო!