კაი ოცი წელია, წერს ცნობილი ტანდემი ჩემზე პასკვილებს. წერენ ხან ერთად, ხან ცალ-ცალკე! ერთი კარგა მოზრდილი წიგნი უნდა შეადგინოს წესით მათი თავაუღებელი გარჯის ნაყოფმა უნდა ვაღიარო: დამპალმა ნაყოფმა!
რას გადამეკიდნენ-მეთქი, მიფიქრია და მითქვამს! რას გადაეკიდნენო, უფიქრიათ და უთქვამთ სხვებს! რას გადავეკიდეთო, იქნება მათაც ეფიქროთ! მართლაც, არ არის საინტერესო? და აი, უცნობი მირეკავს, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზით გატაცებული მეცნიერი! გამეცნო, მერე კი, ალბათ ღიმილით, სწორედ ეს შეკითხვა მომცა, ნუთუ არ გაინტერესებთ, რას გადაგეკიდნენო! როგორ არ მაინტერესებს-მეთქი! რას გადაგეკიდნენ და, უყვარხართო! გიჟდებიან თქვენზეო, თქვენ მათი იდეალი ხართ ნამდვილი, თქვენში ხედავენ ხორცშესხმულს და განხორციელებულს ყველაფერს, რაზეც უფიქრიათ და უოცნებიათ, მაგრამ ამის მისაკუთრება, ამის მითვისება, ამის მოპარვა ან მიტაცება შეუძლებელია, და თქვენდამი ის სიყვარული აღსავსეა შურისძიების გრძნობით და, შეიძლება ითქვას, იმავე მასშტაბის სიძულვილით, რა სიყვარულითაც ისინი მთელი ცხოვრება გაკვირდებიან, გითვალთვალებენ, გსწავლობენ, ტკბებიან და... იტანჯებიანო! ჩემს სიცილზე ბატონი ფსიქოანალიტიკოსი, რომლის გვარსაც მისივე თხოვნით ჯერჯერობით არ ვასახელებ, იგი ამ თემაზე, როგორც ბრძანა, რაღაცის დაწერას აპირებს, ერთხანს დუმდა, მერე კი მხოლოდ ისა თქვა, გარდა სიცილისა, თუ ალტრუიზმისა და ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამოვალთ, ტირილიც შეიძლებაო.
აი, ახლა კი ნამდვილად გავგიჟდები-მეთქი, ნამდვილად დავუსტვენ-მეთქი! ესე იგი, ვუყვარვარ, ხომ-მეთქი! ისევ ამიტყდა სიცილი, მაგრამ გზადაგზა ვხვდებოდი, რომ მისი არგუმენტები იმაზე სერიოზული იყო, ვინემ აქამდე მე წარმომედგინა! კი მაგრამ, მეუბნება, რომ გიწერს, მაგალითად, ერთი მათგანი, შენი ყველაფერი წაკითხული მაქვს და შენს ყველა ნაწერს ზედმიწევნით კარგად ვიცნობო, რომ წაიკითხა, ვთქვათ, თქვენი ორი ან სამი წიგნი და დარწმუნდა, ხართ უნიჭო, უჭკუო, მოსაწყენი, უინტერესო და ასე შემდეგ, რაღას აგრძელებს ასე ბეჯითად თქვენს კითხვას, წაიკითხოს აგერ მრელაშვილის რობაიები, რას გადაგეკიდაო! მაგრამ საქმეც ის არის სწორედ, რომ მისი პასკვილები იმ უიღბლო სიყვარულის შესანიღბავად იწერება, მათი ნამდვილი გულისთქმის დამალვაა მიზანიო!
ახლა უკვე ერთად და შეთანხმებულად ვიცინოდით ორივენი, როგორც, ვთქვათ, ჩემი პასკვილანტები, და მე, ფსიქოანალიტიკოსის ახლად აყვანილი მოწაფე, ხუმრობით უკვე თვითონ ვაგრძელებდი თემას...
მართლაც, ლანძღავს აგერ ქალი გამუდმებით მაინცა და მაინც ერთ კაცს, რა საშინელებებს არ ჰყვება მის საქციელზე, თათხავს, დანახვა არ უნდა მისი, მზადაა, სიფათი ცემით ამოუნაყოს, სიამოვნებით ჩაუყრიდა ჩაიში, ამის საშუალება რომ ეძლეოდეს, კალიუმის ციანიდს, არადა... უყვარს! თურმე უყვარს...
რას გაიგებ, რა ხდება არაცნობიერის ოკეანეში, რა განძი იმალება მის ფსკერზე დაძირული გემების ტრიუმებში, რა საიდუმლოს იმარხავს ის რამდენიმე მილიარდი ნეირონი, არაცნობიერს რომ ეკუთვნის მისდა წილად! ეს ფროიდები და იუნგები ციდან კი არ ჩამოცვენილან, ყოველი ჩვენგანის ფიქრსა და ეჭვს ეყრდნობა მათი, ერთი შეხედვით დაუჯერებელი, ზღაპრული დასკვნა და სწავლება! ჰოდა, მეც დავუჯერო ამ ჩემს მკითხველს, ამ უცნაურ სწავლულს? მართლა შეიძლება, ჩემს პასკვილანტებს ჩემი ნაცოდვილარისადმი კარგი, სიყვარულს ნუ ვიტყვით, რაღაც სიმპათია გააჩნდეთ?
სასწაულია პირდაპირ!
ერთი სული მაქვს, რა გაგრძელება ექნება ჩემი პასკვილანტების შემოქმედებას! თუ ამ ტემპებით გააგრძელეს ჩემი ლანძღვა-გინება, მაშინ ისღა დამრჩენია, ვიფიქრო, რომ ჩემი კეთილისმყოფელი ფსიქოანალიტიკოსი მართალია და პასკვილანტების უნუგეშო სიყვარული ჩემდამი მართლაც უსაზღვროა! ან, იქნებ, ძვირფასი მეცნიერი თანაგრძნობისა და თანალმობის ნიშნად მესაუბრა!
რას გაიგებ ამ ცხოვრებისას ან შემოქმედისას!
რას ვიზამთ! იყოს ყველაფერი ისე, როგორც არის! ტანდემმაც წეროს პასკვილები! თუმცა მე არ ვკითხულობ, მკითხველი მაგათ უჩემოდაც ბევრი ჰყოლიათ! ამაში დამარწმუნა ცნობილი ფსიქოლოგის სატელეფონო საუბარმა!
მოუთმენლად ველი მის წერილს, თუ, რა თქმა უნდა, არ გადაიფიქრა!