Litclub.ge

თუბალ, გასჭედე
ზღვა _ მობრიალე სფინქსის თვალები,
მთები _ ნაჭედი, თითქო, ხალიბის
და ზედ, ვითარცა თეთრ ეტრატებზე
გადაწერილი სისხლის ხალები.
აქ წინაპარი ბრინჯაოს მკლავით
ისევ მიბელტავს ურარტუს მინდვრებს
და ვით სამშობლოს მარადი კვამლი _
სული მიბოლებს ძველთაძველ მითებს.

შეხსნა ურდული, თავგამეტებით
მქროლავმა ქარმა საუფლოს კარებს
და ბნელ ტყეებში მივეხეტები
გრძნობაშეშლილი ხეთური მთვარე.

მიმაქვს ცრემლები ადგილის დედის
და სინანული _ როგორც მძევალი,
თუბალ, გასჭედე შენ ჩემი ბედი,
თუბალ, დაარჭე აქ სატევარი! _

ჟამმილეული დიდების გვერდით
ყოფნა-არყოფნის ქრიან ქარები...
იცან სამშობლო! _ პირველი კერპი,
ცას შეალეწე რვალის ფარები!...