Litclub.ge

სერენადა ბათუმს
შენს ქუჩებში ფეხაკრეფით დავდივარ,
შენით ვლაღობ, ვთამადობ და ვთამამობ,
სიყვარულში მეც შენსავით ნაღდი ვარ,
სიმღერის და პოეზიის ქალაქო.

სუსტი ვარ და გაორებაც მჩვევია,
შენს სიყვარულს მხოლოდ ქალთან ვღალატობ.
თუ ეს გრძნობა არაერთხელ მწვევია,
ისევ შენით, ლურჯთვალება ქალაქო.

ხან ცუდი ვარ, ხანაც მეტად კარგი ვარ,
ვთამამობ და შემოქმედთან ვკამათობ.
სიყვარულის მომღერალი ბარდი ვარ,
კვლავაც შენით, ოცნებების ქალაქო.

ჩემი დარდის შენ ხარ მესაიდუმლე,
ტკივილების ერთადერთი მალამო.
შენს მეოხედ, შენს მეხოტბედ მიგულე,
შენდობის და მიტევების ქალაქო.

შენ მაღალი თავდადება გჩვევია,
ერის სიბრძნევ, სიწმინდევ და ამაგო,
გრძნობა შენი ჩემთვის ყველაფერია,
ლოცვავ ჩემო, ჩემო ბათუმ-ქალაქო.