Litclub.ge

შენ თუ გიპოვე

   შენ თუ გიპოვე, მე ვილოცებ პილიგრიმივით

   ყველას ჯვარცმაში და ტანჯვაში ღამეგანათევს,

   მათ სისხლიანი ცრემლით ჩამქრალ სანთლებს ტირილით

   ყრმობის ტაძარში მივიტან და შენთვის ავანთებ.

 

   აცდენილ გულებს, შემშლელ სიზმრებს, ლამაზ ხეიბრებს,

   დღეს დავიწყების მორევებში დაქანებულებს,

   ათას განდობას და დანდობას, გიჟურ დრეიფებს

   იმედთა ზღვაში, ოცნება რომ დამისნეულეს,

 

   ყველა სიხარულს, ყველა ელდას, ყველა სიყვარულს,

   მთვარით შეღებულ ღამეებს და ცისკრის ანთებას,

   კესანესფერი სიჭაბუკის ველზე სიარულს

   შემოგწირავ და შევავედრებ დიად ღვთაებას.

 

   შენ თუ გიპოვე, მე ვიწამებ ზღაპრულს ესოდენ

   ყველა გმირობას, თავგანწირვას, ყველა სასწაულს,

   მივხვდები, ცოცხლად რომ იწოდნენ, როგორ მღეროდნენ,

   როგორ უძლებდნენ, როცა ცლიდნენ ამგვარ საწყაულს;

 

   მივხვდები, საით გადავწიო სამყაროს ფარდა,

   რად ააყვავა ეს ვარდები აპრილის დენთმა,

   რად არის მშვიდი ყველაფერი სიცოცხლის გარდა,

   რად გააჩინა ქვეყანაზე პოეტი ღმერთმა;

 

   რად არ კვდებიან ასწლეულთა ბნელ ნანგრევებში

   ძველი ჰიმნები, ჩუქურთმები, ძველი ვნებანი,

   რად გვაღელვებენ გალაქტიკის შორ ღამეებში

   უცნობ ვარსკვლავთა შეტოკება-განათებანი;

 

   შენ თუ გიპოვე, როცა Dდავთმობ ყველა სადაოს,

   როცა სიკვდილი მომაკითხავს ვერცხლისთმებიანს,

   ვეტყვი : “არა სთქვა  ჩემთან შეყრის გეშინოდაო,

   შენი კი არა, მე სიცოცხლის არ მშინებია.”

 

                                         1974