Litclub.ge

ცხელი ივლისი
მზემ გაახილა ცხრანივე თვალი,
აუტყდა სიმინდს უწყვეტი ბნედა,
ბარბაცებს ჭალა ვით კაცი მთვრალი,
ძეწნის ტანივით ძირს იდრიკება.

თხმელის ფოთლებზე მწვანე კალიებს
დღეს გაუმართავთ სოლო კონცერტი,
ფრთა გაუშლიათ მზეზე ვარიებს,
დამსგავსებიან ჭირით მოთენთილს.

სკის ოჯახების საფრენთან დგანან
ფრთებმოფარფატე ფუტკართა რიგი,
გრილ ჰაერს სკაში უშვებენ მანამ,
სანამ საფუტკრეს არ ჰფარავს ბინდი.

ერთმანეთს ებრძვის სხივი და ქვიშა,
წყაროს გაუშრა ძარღვებში სისხლი,
ნეტავი დღეს მზე რამ გააგიჟა,
მისი მუქარის ხმა ყველგან ისმის.