Litclub.ge

სიზმრის ქორწილი
დღეს ქორწილია დანიშნული, ჩემი ქორწილი,
დამფოფინებენ დობილები, ყვავილებს კრეფენ,
ერთად მეწვევა გაოცებაც, სევდაც ორწილი,
მოვა და სადღაც გამაქროლებს ლამაზი ნეფე!
ჩამაცვეს კაბა, თეთრი ფიფქით ამოქარგული,
დამხურეს ფატა მოელვარე ციცაქალათი,
და სიყვარულის მომლოდინე მღელვარე გულით
დავტოვე ჩემი საყვარელი ციცქნა ქალაქი!
გავსწიეთ ცისკენ, იყო გზები მაღალი, შორი,
ხელებს მიწვდიდნენ სახემკაცრი ჭიუხ-ქარაფნი,
ვიყავი სავსე სიამაყით, ლალით და ბროლით,
როგორც დედოფალთ-დედოფალი მეფის ქარავნის!
და, ჰა, გამოჩნდა მოკაზმული სახლი და ეზო,
მუსიკის ხმაზე ნარნარებდნენ ნაძვები თეთრი,
და მთვარეს სავსეს იდუმალს და დიდებულს ეგზომ,
ჰქონდა ქათქათა ყელი და მკერდი!
ღიმილი, ცრემლი, სიხარული, ღელვა და ქარი,
გადაგვატარეს თავზე ელვარ ხანჯლების ჯვარი!
და სიზმარ-ცხადში არეული ოქროსფერ ქნარით
რძისფერ სახლისკენ მიმიძღოდა მეუფე _ ქმარი!
იქ დაფარდაგულ-დაყართული დამხვდა ჩითები,
და დაფარული დაეჭვება: ასეთი ციცქნა ოჯახის ქალად?
და სევდის ხმაზე მოღუღუნე ჩემი ლექსები
მზითვად არავინ არ ჩამითვალა!
ღიმილის ნაცვლად სახე ჩემი გაბრწყინდა ცრემლით!
აღარც ვახსოვდი დიონისით პყრობილ მაყრიონს!
და თუმც მეწყვილემ საიმედოდ ჩამჭიდა ხელი,
მაინც მარტოკა მივეგებე მწუხრის დაფიონს!..
იყო ნადიმი, თრობა ღვინით იქ ბევრეულით,
ჭირხლი ეფარა მთათა ფერდობთ ვით თეთრი ფარა,
კი ჰგავდა ქორწილს ის ქორწილი სიზმარეული,
ნაოცნებარს კი არა და არა!