Litclub.ge

სიმღერა გვიმრაზე
ამოიზარდა ეზოში გვიმრა, ის უსაშველოდ იყო მაღალი,
ტოტები ისეQჰქონდა გაშლილი, რომ იმ უხსოვარ დროს მაგონებდა,
როს ბუმბერაზი, ტანაშოლტილი ცასა წვდებოდა...
წუთები წუთებს ენაცვლებოდა
და დრო თავისას ამბობდა სათქმელს _
ახალა ერა იბადებოდა...
მე მომაგონდა შუაღამე ბნელი:
მიწა იძვროდა და ცახცახებდა,
ცადარტყორცნილი ხეები უცებ
ისე ჩაყლაპა უფსკრულის ხახამ, რომ დაყვირებაც ვერ მოვასწარი...
ბევრის მნახველს და ბევრის გამგონეს სამყაროს ხელა მგონია თავი,
ამქვყნიური განსაცდელები არ დამკლებია ჟამიდან ჟამდე,
ნეოლითიდან გამოვაღწიე და ჩემს სიმღერას სიყვარულს ვარქმევ....
როს იმედები მიცრუვდებოდა,
მაშინ ოცნებებს ვუხმობდი გზნებით,
მაგონდებოდი ტანაშოლტილი,
ფესვებმაგარი, ტოტებძლიერი,
სულ სხვა იყავი,
უცხო ნათელი ისე გშვენოდა მწვანეკაბიანს,
რომ მე ცოცხალი მეგონე კაცი,
უბოროტო და კეთილაღნაგი.
და სიყვარული უკიდეგანო (მთელი შესაქმის თავი და ბოლო),
მე მავიწყებდა დღეებს სევდიანს,
უბედურებით ყელამდე სავსეს,
ვნატრობდი მნათობს, სხივებკაშკაშას
და ამოვსებას სამყაროს შენით...
გავშალე ფრთები ვითარც ფრინველმა
და შენს ტოტებზე ჩამოვისვენე...
დრო, დრო გაჩერდა, წამი იყო უზეშთაესი.