მეთოვლია არ გეგონოთ თოლია,
მეთოვლია ყვავილია მთისა,
ყვავილია თოვლის მახარობელი,
დედობილი, თოვლის ნაზი ძიძა.
მზეს ყინულზე გაესეროს ცერი _
ასეთია მეთოვლიას ფერი.
საოცარი გუმანი აქვს ავდრისა,
მზეს რომ ჯერაც კარგი თვალი უცემს,
მეთოვლია მოფრინდება ალივით,
დაენთება მდელოზე და უცებ
გათოვებას _ დაზამთრებას გვაუწყებს
ყველას, ყველგან, გარეთაც და შინაც...
მეთოვლიავ, ნეტავ ზოგჯერ ყვაოდე
წუთისოფლის გაავდრების წინაც.
1986
ჭ ა ბ უ კ ი დ ა გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი
ყვავილებივით ფანტავენ
მზეგოგონები მზერას,
მაისთან ერთად ხატავენ
ზემელს, ვაკეს და ვერას.
ფეხზე დგას როგორც ჩახმახი
გული და ბრაზით ღელავს...
ქუჩა _ თავხედი ახმახი
რომ ამოსცქერის ყველას.
1972