Litclub.ge

გულმა როგორ გაგიმეტოს
დადიხარ და
მირონივით
აკმევ სურნელს მკათათვის,
სუნთქვასავით მსუბუქი ხარ,
გრძნობას სული ვერ იტევს,
თვალებში მზე ჩაგდგომია,
სხეულს გიწვავს ბადაგი.
მომკალ თეთრი ღამეებით,
აწ ფიქრს გამოვერიდე,
გულმა როგორ გაგიმეტოს,
როგორ დაგთმოს სხვათათვის.
არაფერი არ ყოფილა
ცქერა ცის და მიწის,
სული სულთან თუ არ მივა,
გული თუ არ იწვის,
თუ არ გადაისარკება
ოცნებათა რკალი,
უცაბედად მოვარდნილი
სიყვარულის ქარით.
სინარნარე,
სინატიფე,
სინაზე თუ სითბო,
ითხოვს გრძნობის ამბოხებას,
მოფერებას ითხოვს.
თითქოს
მიწას გაეღვიძა
დიდთოვლობის მერე,
თითქოს
ზვავი გაირღვა და
დაიქუხა ღელემ,
სისხლი ამითამაშდება,
ყელს რომ მოიღერებ.
ვიტყვი,
სულს მოეფონება
საგალობლის დარად, -
ზევახ, გახსენ მიჯნურთათვის
ბროლის კოშკის კარი!
ავ თვალთაგან სიყვარულის
ფარი დაგვიფარავს,
სამოთხის გზას ვინ გასწავლის,
არ გეცვალოს მხარი!
ოხრად რჩება სიყრმე ჩემი,
ავდარიც და დარიც,
ზევახ,
გახსენ მიჯნურთათვის
ბროლის კოშკის კარი!