Litclub.ge

მემედ ბატონი
ქოხების ყორყში ამოსული ქართული სულის
დიდო პატრონო,
ვაზის ძირებში მიმალული ქართული ენის
დიდო პატრონო,
ტაძრის ზარებში შეყუჟული ქართული სიტყვის
დიდო პატრონო,
ლოდების ძირში შემოდებულ ქართული ძვლების
ძველო პატრონო,
დიდება შენი, დიდება და ცხონება შენი,
მემედ ბატონო!

რა საჭიროა, რომ გიხსენო სამასი წელი,
წელი წარსული,
გონიოს კართან ავბედითი სრიალი ცელის,
ძვლების ტკაცუნი,
მაჭახლის კართან დადებული ცული და კუნძი,
რჯულის სასწორი,
სიკვდილს კართან დუმილი და ღიმილი ძუნწი,
ძალა კაცობის,
ხიხანის თავზე მოხეთქილი ბებერი მუხა
ტოტებმაგარი,
ვისთვის სიკვდილი, ვისაც ქვეყნის სიცოცხლე უყვარს,
ვისთვის ზღაპარი.

და თუ ვახსენე, ნაოხრალმა მესხეთმა რა თქვას,
მემედ ბატონო,
და თუ ვახსენე, ნაოხრალმა კახეთმა რა თქვას,
მემედ ბატონო,
სისხლში დამხრჩვალმა ალაზანმა რა თქვას,
ბატონო,
კისერმა, კევრით დაღლეტილმა, რა თქვას,
ბატონო,
ძუძუმ _ დაჭეჭყილ-დაშეშხილმა, რა თქვას,
ბატონო,
რა თქვას ბატონო!

იყალთოს ტაძარს ენგრეოდა ტანი ტიტანი,
კახეთში ჩიტიც აღარ დარჩა ამბის მიმტანი.
მხოლოდ ყორნები ფარფატებდნენ ჩვეულ სისხარტით
და შავ ქოჩრებზე წმენდნენ სისხლში მოთხრილ ნისკარტებს,
აქ, კოლხეთში, რიონის თუ რუხის ნაპირთან,
რამდენი თავი ხორცის ნაგლეჯს გლეჯდა აკვნიდან.
გლეჯდა, ბორკავდა და მიჰყავდა მწითურ თათართან
და მაინც მაინც საქართველო აღარ გათავდა..
რა საჭიროა, რომ გიხსენო ეს ყველაფერი!
ზურნის ჭიჭყინი თუ ველური დაფი დაფების.
რა საჭიროა, ნახსენები ვახსენო სხვაგან
და ისიც ახლა, როცა სულ სხვა დროშა მპატრონობს.
და იმ ქართველმა, ვისაც კიდევ უღელი ადგას,
რა თქვას, ან რა ქნას, მემედ ბატონო!
ქოხების ყორყში ამოსული ქართული სულის
დიდო ბატონო,
ლოდების ძირში შემოდებულ ქართული ძვლების
ძველო პატრონო,
დიდება შენი, დიდება და ცხონება შენი _
მემედ ბატონო!