Litclub.ge

ჩემი მიწა
მომივლია ჩემი მიწა,
ცხრაჯერ ვიყავ ცხრა მთაში,
გაგანია სიცხეში და
ქარბუქიან ზამთარში.

ნაღვერდლები არ ჩამქრალა
ჩემი კერის ღადარში,
შენ, კვამლივით ლურჯო ვაზო,
ათას გრიგალს გადარჩი.

შენს ქართველურ საგალობელს
ვგალობ სხალთის ტაძარში
და ადგილის უკვდავ დედას
თავს ჩავუდებ კალთაში.

საწნახელო, ძველთაძველო,
ქვაში გამოკვეთილო
მასვი შენი სადღეგრძელო,
მასპინძელო, კეთილო!

ჰეი, დროო ავდრიანო,
კაი რომ არ დაგცალდა!
ძველო ქვევრო, მადლიანო,
დამარხულო ტაძართან.

შენს ძველ ღვინოს ვეწაფები
ცეცხლისფერად შენაფერს,
დრომ ვერ გიყო ვერაფერი,
ვერც დაგაკლებს ვერაფერს.

სხალთის ახლოს ვენახს გავსხლავ,
_ ვაზი აყვავილდება,
გამოისხამს ვაზი ვარსკვლავს
_ მტევნად დაეკიდება.

მომივლია ჩემი მიწა,
ცხრაჯერ ვიყავ ცხრა მთაში,
გაგანია სიცხეში და
ქარბუქიან ავდარში.

ნაღვერდლები არ ჩამქრალა
ჩემი კერის ღადარში,
შენ, ტაძარო სხალთიანო,
გამოგარჩევ ათასში.
და ადგილის უკვდავ დედას
თავს ჩავუდებ კალთაში.