Litclub.ge

სპილენძის თუნგის ზღაპარი
სარჩევი
მოხუცი ცოლ-ქმრისა და
მელაკუდასზღაპარი;
სპილენძის თუნგის ზღაპარი;
კეთილი გოლიათი.
 
მოხუცი ცოლ-ქმრისა და მელაკუდას ზღაპარი
 
ერთ სოფელში მოხუცი ცოლ-ქმარი სახლობდა.
მოხუცებს სახლი ზედ ტყის პირას ედგათ. იქვე, ახლოს, პატარა სიმინდის ყანაც ჰქონდათ.
მოხუცები მთელ დღეებს შრომაში ატარებდნენ. ადრიან გაზაფხულზე რომ შევიდოდნენ ყანაში, გვიან შემოდგომამდე მუხლის მოხვრა რა იყო, არ იცოდნენ.
ხვნა-თესვის დადგომა იყო და, მოხუცებს პირველი კვალის გატარებას ვერავინ დაასწრებდა. მერე, მარგვლა-მოროდიო, აგერ, ჭალის აჭრა-აკონვაო, ბოლოს, მოსავლის მოვლა-დაბინავებაო...
მოგეხსენებათ, მიწამ ჯეროვნად იცის მშრომელი კაცის ოფლისა და ხარ-გუთნეულის ფასი. და აქაც, - იმდენ მოსავალს იმეტებდა მათსვის, რომ მოხუცები მთელი ზამთრის განმავლობაში მშვიდად ისხდნენ თბილ ბუხართან და კოპიტისა თუ წიფლის ნაკვერცხლებზე მთვარის გადაწურვამდე ტკბილად იფიცხებდნენ ნაჯაფარ ძვლებს. ასე გაჰყავდათ თავიანთი წუთისოფელი. დრო გადიოდა, დღეს ღამე მოსდევდა. დარს - ავდარი. გაზაფხულს - ზაფხული. შემოდგომას - ზამთარი...
ვნახოთ, გვიანი შემოდგომით ერთ დილით მოხუცებს მეტად საკვირველი რამ შეემთხვათ. წარმოიდგინეთ, იმაზე მეტად საკვირველი, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ზღაპრებში ხდება ხოლმე. ჰოდა, მეც ზღაპარივით გიამბობთ მას ამბავს.
არც რა იყო არაფრისა, არც რა ჰქონდათ არაფრისი, ამბავ იყო ზღაპრად თქმული, ამ მთისა და ამ ბარისი. შემოდგომის ერთ დილით, როცა სიმინდის ტარომ კარგა გვარიანად მოიხდინა ულვაში, მოხუცებმა ნამგალ-გოდრები მოიმარჯვეს და ყანას მიადგნენ. მათ შიშსა და გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა;
შუაგულ ყანაში, ერთი ვეებერთელა სამთავა დევი დახვდათ! ბართქა-ბურთქალი გაჰქონდა დევს სიმინდებში. ამტვრევდა ტაროებს და სულ ერთიანად იყრიდა პირში.
შემოიცეს მოხუცებმა ხელი პირ-სახეში,
_ მოგვსპო და დაგვაქცია ამ ოხერმაო!
მარტოოდენ მოთქმა-წიოკით რომ ვერას გახდნენ, აქეთ მოდგნენ, იქეთ მიდგნენ, რა ნაჯახი და რა წალდი, რა ნამგალი და რა ცული, რა კეტი და რა კომბალი...
არ იქნა! დევს ყანიდან ფეხი ვერ გადაადგმევინეს.
დაიმწუხრეს მოხუცებმა. ჩამოსხდნენ ყანის პირას, ჩამოიხმეს ლოყები მჯიღზე...
ვინ იცის, როგორ წავიდოდა მათი საქმე, ყანაზე ერთ მელაკუდას რომ არ ჩამოევლო.
შეხედა მელაკუდამ მოხუცებს და ჰკითხა:
- რა მოხდა, რა მწუხრი გჭირთ ეგეთიო?
- ასე და ასეა ჩვენი საქმეო...
- დევი ყანიდან რომ მოგაცილოთ, სანაცვლოდ რას მომცემთო?
- ოღონდ წლის მოსავალი დაგვირჩინე და რაც კი რამ გაგვაჩნია, სულ კაკალ-კაკალ დაგილაგებთ ხელისგულზეო, _ უთხრეს მოხუცებმა.
მელაკუდა მათგან ასეთ გულუხვობას არ მოელოდა. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს თქვა:
- ამ ზამთარს თქვენს კერაზე დამაყენეთო.
- კარგიო, - მოხუცებმაც.
რაკი დაყაბულდნენ, მელაკუდა მოხუცებს მიუბრუნდა:
- ამ საქმისთვის, ერთი ხუთფუთიანი ჩაფით ღვინო, ასი წველა ყველი, ასი ცხელკეცური და ერთიც ცარიელი გოდორი მჭირდებაო.
დაფაცურდნენ მოხუცები; კაცმა ქვევრებს მიაშურა, ქალმა კეც-ბუხარი გაახურა...
მელამ ხორაგი გოდორში ჩაილაგა, კაცს ღვინიანი ჩაფი ჩამოართვა და დევს ყანაში მიასტუმრა.
ვის-ვისა და, დევი მელაკუდას ნამდვილად არ ელოდა.
მელამ გოდორი მოიხსნა, იქვე სახელდახელოდ სუფრა გაშალა, სუფრას ღვინიანი ჩაფი მიუდგა და დევს მიესალმა.
გაკვირვებულმა დევმა მელაკუდას სალმითვე უპასუხა. ჰკითხა, მითხარი აქ რად მოსულხარო.
- შენ რა გულმავიწყი ყოფილხარ, როგორ, აღარ გახსოვს შარშან ამ დროს დღეობაზე რომ მსტუმრობდიო?
- არა, არ მახსოვსო.
- მაშ, ვინ იყო, ამოდენა ჩაფებს ერთი მიდგმით რო ყლურწავდაო?!
- მომკალი და არ მახსოვსო, - დევმა, - ალბათ ესენი თუ იყვნენო, - თქვა და ორ მძინარ სავთ გადახედა.
- უყურე ახლა ამას?!. ისევ სძინავთ, კაცოო! - წამოიძახა დევმა და მძინარ თავებს აქეს-იქედან ტორები შემოსცხო, გაიღვიძეთო.
არც იფიქროთ, დევის ორ მძინარ თავს ისეთი ძილქუში დასცემოდა, აქლემების ქარავანს რომ გაევლო მათ ყურზე, ვერ გაიგებდნენ.
- კი, კი ეგენი იყვნენო, - წამოიძახა გახარებულმა მელაკუდამ და დევს ღვინით სავსე თასი მიაწოდა, დამლოცე და დალიეო.
დევმა თასი ჩამოართვა და ტუჩზე მიიდგა.
- მოიცა, ეეე! ეგრე უსიტყვოდ რათა, არ უნდა დამლოცო?! - წამოიძახა მელამ.
- ჰო, აბა, კაცო... იხარე მელაკუდავ, იხარე და იმრავლე, მააშ! - დაიბობორიყა დევმა და ღვინო გადაყლურწა.
ეგემრიელა. იმდენი სვა, იმდენი, ვინემ ღვინით სავსე ჩაფი ბოლო წვეთამდე არ ჩააფსკერა.
(მელასაც სწორედ ეს უნდოდა!)
დევმა ცარიელი ჩაფი ყანაში მოისროლა, მერე, თავის ორ მძინარე თავს, თავი მიადო და მანაც ხვრინვა ამოუშვა. ერთი კი დაიბობორიყა, ამდენი ღვინო ჩემს დღეში არ დამილევიაო, ეს იყო და ეს.
რა ჰქნას ახლა მელაკუდამ? გაგდებულა მის წინ ამოდენა დევი თავის მძინარე სამი თავით და ხვრინავს და ხვრინავს...
აბა, მელა რისი მელაა, დევს რაიმე ფანდი თუ არ უყო?
ადგა, გოდორი გადააპირქვავა, დევს ფეხებზე წამოაცვა, მერე რის ვაი-გაჭირვებით გოდორი წამოსწია და ჰოპლაა, დევი შიგ ჩააბრძანა. ეგეც შენო! - შესძახა თავისი ოსტატობით გახარებულმა მელაკუდამ და გოდორი კლდისკენ გააქანა.
იარა, ბევრი იარა თუ ცოტა, _ საღამო კარგა ხნის გადასული იყო, კლდეს რომ მიადგა.
მელამ გოდორი მოიხსნა და კლდის ქიმზე ისე ჩამოდგა, რომ ერთი თითწკვინტილი და ფაფუუ, მოგჭამათ დევმა ჭირი.
შეჩერდა. კისერი წაიგრძელა და ხევს თვალი ჩააყოლა. უცებ, ხევმა ისეთი შემზარავი ხმით ამოუღრინა, რომ მელას შიშისაგან მუხლები აუცახცახდა. სწრაფად გაარიდა ხევს თვალი და გოდორს დახედა.
მელაკუდა დიდხანს იდგა ჩაფიქრებული... მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, სოფლის მშიშარა და წუწკი ძაღლები კლდის წვერზე გადმომდგარ მთვარეს რომ აუყეფდნენ.
ხმაურზე, მელა ფიქრებს გამოეყო და ახლა უფრო თვალხმიერი მზერით დახედა გოდორს.
დევს ისეთი იმედნეული ძილით ეძინა, თითქოს, მის თავს არც არაფერი ხდებაო...
მაშინ მელა ადგა და გოდორი კლდის ქიმს კარგა მანძილით გააშორა. მერე, გოდორთან ჩაცუცქდა, გოდორს თავი მიადო და სამთავა დევს სიზმრებში შეჰყვა...
გათენდა.
დღე ჩვეულებრივად მიილია.
ისევ დაღამდა... ისევ გათენდა...
და ასე; მეორედ, მესამედ, მეასედ...
ის დღე იყო და ის, მათ უკან მელაკუდა მოხუცების ეზო-კარზე აღარ გამოჩენილა.
არც სამთავა დევი უნახავთ სადმე.
საკვირველია სად გაუჩინარდნენ ასე უკვალოდ, ცამ წარიტაცა თუ მიწამ ჩაყლაპა, არავინ იცის...
ერთი კია;
იმ ღამით, როცა მელაკუდას დევიან გოდორზე თავმიდებულს მშვიდი ძილით ეძინა, ამბობენ; ძაღლი კატას დაუმეგობრდაო, მიმინო _ ბეღურა ჩიტს, მგელი _ ცხვარს, ტურა კიდევ-თხასო, ხოლო ღორს, ჯაგარი რწყილისთვის რკოს გარეშე მიუციაო, მააშ!
და კიდევ:
მოხუცი ცოლ-ქმარი კვლავინდებურად ისევ ისე შრომობს; გაზაფხულზე - გაზაფხულისას, შემოდგომაზე - შემოდგომისას.
ზამთრობით კი, ისევ მიუსხდებიან თბილ ბუხარს და ახალ-ახალ ამბებს შეთხზავენ ამა თუ იმ ცხოველებსა და ფრინველებზე.
ჰოდა, მერე ავდგები და ყველა მას მონათხრობ ამბავს მეც ზღაპრად გიამბობს.
ოღონდ ეს, მერე,
დღეისათვის კი, სულ ეს იყო...
სპილენძის თუნგის ზღაპარი
ერთ სოფელში მოხუცი ცოლ-ქმარი სახლობდა. მოხუცებს სახლი ზედ ტყის პირას ედგათ. იქვე ახლოს, პატარა სიმინდის ყანაც ჰქონდათ...
თუმცა, თქვენ ხომ უკვე იცით მას შესახებ. ისიც ხომ გახსოვთ, მოხუცები ზამთრის გრძელ და ცივ ღამეებს თბილ ბუხართან რომ ატარებენ, თან ახალ-ახალ ამბებსაც თხზავენ ამა თუ იმ ცხოველებსა და ფრინველებზე?
ეს ამბავიც სწორედ მათ მიამბეს, რათა თქვენთვის ზღაპრად გადმომეცა.
მოდით, დავიწყოთ:
ერთი სახლის პატრონს, ბევრ სხვა ნივთთან ერთად, ერთი ძველისძველი სპილენძის თუნგიც ჰქონდა. ერთ დღესაც მოიძველია თურმე კაცმა თუნგი. ადგა, ხელი დაავლო და სახლის ბნელ სარდაფში ჩაუძახა....
- უყურე შენ?! - წამოიძახა მოხუცმა კაცმა და ხელჯოხი ბრაზმორევით დაჰკრა ბუხრის პირს.
- რასაა ბერიკაცო რო შვები?! რავა, პირველად გესმის? - საქციელი დაუძრახა ცოლმა.
- არა, მარა... ადრე, ჩემო ბატონო...
- მაცალე ახლა! - გააწყვეტინა ცოლმა და მე მომიბრუნდა, - რას ვამბობდი, ნენა?.. ჰო, ადრე იცოცხლე, გაჰქონდათ და გამოჰქონდათ თუნგი თუ წყაროსა და, თუ ვენახში, თუ სახნავსა და, თუ სათიბში, კიდევ სადა და სად! თუნგსაც ყველგან ხალისით მიჰქონდა წყალი მწყურვალთათვის...
ბავშვებო, მოდით ეს ზღაპარი აქედან თქვენს ბებიებსა და ბაბუებს წააკითხეს, თორემ ჩვენი მოხუცები ისე გაუნაწყენდნენ სახლის პატრონს, ვინ იცის, ეს ამბავი ბოლომდე აღარც კი მოგვითხრონ. ოღონდ, მერე ჩვენც ვესტუმროთ მოხუც ცოლ-ქმარს და სულ წვრილ-წვრილად ვუამბოთ თუნგის შემდგომ ამბებზე. მას წინ ხომ ზამთრის ცივი და გრძელი ღამეები ელის...
გაზაფხულის ერთ დილით, სახლის სარდაფის ღია კარში მზის სხივმა შეიჭყიტა. სხივს, ეზოში მოთამაშე ბავშვების სიცილიც ჩაედევნა. ხმაურზე, თუნგს ძველი დრო გაახსენდა. გაახსენდა, თუ როგორ ჩაუყელწყალწყურვილებდა მინდვრად მობურთალ ყლუპდანატრულ ბიჭებსა და გვირილიანში ჩიტ-პეპელას დადევნებულ გოგო-გოგუცანებს...
თუნგს სარდაფში გულმა აღარ დაუტია, დაჰკრა ფეხი და კარში გავარდა. ეს ისე სწრაფად და მარდად გამოუვიდა, რომ თავადვე მოეწონა, - ყოჩაღ მეო! - შესძახა. მერე, ირგვლივ მიმოიხედა (ცოტა, კიდეც წაიკეკლუცა), - მაშ, როგორ?! სანამ ჟანგისგან ძირი სულ არ გამლევია, წავალ, ქვეყანას მოვივლი, ცოტაოდენ წყალს თვალსაც დავალევინებ და მწყურვალსაცო! თქვა და წყაროსკენ გასწია.
იარა, ბევრი იარა თუ ცოტა, ერთ წყაროს მიადგა. ადგა, ყელი ღარს შეუშვირა, მუცელი ცივი წყლის აივსო და გზას გაუდგა.
მიდის თუნგი, მიდის. არ იცის სად. მიდის...
ხედავს, ტრიალ მინდორზე ამოჰყო თავი. ირგვლივ ისეთი ხვატი ჩამდგარიყო, რომ მიწას ათასმხრივ მტკავლისწორზე ჩაეღო პირი. შეხერდა, მარტოოდენ ქვა-ღორღი ჩანდა თვალის განაწვდენზე. მზე ისე გამეტებით აჭერდა, რომ თუნგს სუნთქვა შეეკრა. მუცელში ნაგუბარმა წყალმა ხელი გაასავსავა,
- არა, შენი ჭირიმე, ამ პაპანაქებაში რა გამაძლებინებსო, - თქვა და დუღილი დაიწყო.
რა ვქნა, რა წყალს მივცე თავიო, ჩაფიქრდა თუნგი... ეჰ, რაც არის, არის, უნდა დავღვაროო, თქვა და მიწაზე გაგორდა.
უცებ, ქვიდან ხვლიკი გამოძვრა.
- ვინ ხარ, სახლ-კარს რატომ მისველებო?! - დაისივსივა.
თუნგი სწრაფად წამოდგა.
თავი ჩახარა და იქაურობას უსიტყვოდ გაეცალა.
- უსირცხვილო, განა ინანიებს?! - მიაძახა ხვლიკმა.
თუნგი შეხერდა, თავი იბრუნა და მუცელში ჩაიხედა, - უყურე ახლა, ორი-სამი ყლუპი დავღვარე, რაღა, - თქვა და გზა განაგრძო.
მიდის თუნგი, მიდის. არ იცის სად. მიდის...
ხედავს; ერთ მიწაღრმულში ოთხ-წვრილჩვილა დედა ღორი წევს. გოჭებს ისეთი ჭყვიტინი გაუბამს, რომ თუნგს გუნება წაუხდა. ადგა, ორმოსთან მივიდა და ღორებს ჰკითხა, - რა გჭირს, რად ჭყვიტინებსო?
დედა ღორმა თავი ასწია და თუნგს შეხედა. ერთი დაგენახათ ღორის გაოცებული სახე, როცა მის წინ მდგარ თუნგს მოჰკრა თვალი!
- შენა, წყალი ხომ არ გაქვს მანდო? - ჰკითხა გახარებულმა.
- მაქვსო.
- მიშველე, ცოტა ჩამომისხი, დამიწყდნენ შვილები უწყლოდო, - შეევედრა დედა ღორი.
- ესენი რომ არა, ვიცი, რა წყალსაც მოგცემდიო, - თუნგმა გოჭებს გადახედა, - არ გრცხვენია, ამოდენა ქვეყანაზე ერთი გუბე რით ვერ გიპოვნია?!. ადე, გაეცალე ორმოს!
თუნგმა ყელი ორმოში ჩაჰყო და ორმო წყლით აავსო.
გაიხარეს გოჭებმა, ო რა გაიხარეს?! ხტოდნენ, ჭყვიტინებდნენ, ჭყუმპალაობდნენ, თან კუკნა კუდებს კვისკვისით აქიცინებდნენ (კუდების ქიცინი მათ ენაზე მადლობას უნდა ნიშნავდეს!).
თუნგმა დიდხანს უყურა გახარებულ გოჭებს. მერე, გამოემშვიდობა მათ და კმაყოფილმა განაგრძო გზა.
მიდის თუნგი, მიდის. არ იცის სად. მიდის...
ხედავს, წყალნაგუბარში ჭიანჭველა ვეებერთელა (მისთვის ვეეებერთელა!) თხილის კაკალს ჩასჭიდებია და გუბეში უძრავად დგას.
თუნგი გუბესთან მივიდა.
- რას აკეთებ მანდო, - ჰკითხა ჭიანჭველას.
ჭიანჭველამ თუნგს მიმწუხრებული ხმის მიუგო, - დილიდან ძვრა ვერ ვუყავიო.
- მაგოდენა თხილის კაკალს შენ როგორ დასძრავო? - გაოცდა თუნგი.
- აბა, რა ვქნაო?
- დატოვე და ნაპირზე გამოდიო.
- რას ამბობ?! შინ სამი მშიერი ობოლი მელოდებაო.
- რა ვქნა, რა გიყო, კარგა ღრმა უნდა ჩანდეს ეგ შენი გუბე, მე კიდევ ცურვა არ ვიციო, - შეწუხდა თუნგი, - მოიცა, იქნებ როგორმე მოგწვდეო.
ჯერ, მარჯვენა მხრიდან მიადგა თუნგი გუბეს, მერე წინა მხრიდანაც სცადა.
- კი, უნდა დატოვო და როგორმე ნაპირს გამოხვიდე, სხვანაირად არ გამოვაო! - თუნგი მტკიცედ დადგა.
- არა, შვილებს ხელცარიელი ვერ დავენახებიო, - აქვითინდა
ჭიანჭველა და იმოდენა ცრემლი გადმოღვარა,
თუნგი თუ დროზე რამეს არ მოიფიქრებდა, ჭიანჭველას ვიღა ჩიოდა, ცრემლნაღვარი მასაც წალეკავდა.
- კარგი, იყავი მანდო, - თუნგი ხევს მიადგა, ყელი ხევში გადაჰყო და რაც მუცელში წყალი ედგა სულ თქრიალით გადაუშვა ხევში. მერე სწრაფად უკან გამობრუნდა და გუბიდან წყალი ერთიანად ამოხვრიპა.
- ვააა! ეს რა ჰქენიო, როგორ მოიფიქრეო, გმადლობთ, გმადლობთო! - იძახდა ჭიანჭველა და თხილის კაკალს შინ სიხარულით მიარბენინებდა.
როცა ჭიანჭველა თვალს მიეფარა, თუნგმა გზა განაგრძო...
მიდის თუნგი, მიდის. არ იცის სად. მიდის...
უცებ, ბაყაყის ყიყინი მოესმა.
შეჩერდა. ირგვლივ მიმოიხედა. არავინაა.
წავიდა. ხმაც გაჰყვა.
შეჩერდა. ხმაც შეწყდა.
გადადგა ორიოდე ნაბიჯი,- ბაყაყიც აყიყინდა.
შეჩერდა, ეს სადღაც აქ უნდა იყოსო, თქვა და მუცელში ჩაიხედა.
ჩაიხედა და, თქვენს მტერსა და ავს, - ერთი თვალებგადმოკარკლული ბაყაყი კი დაინახა!
- რაო, როგორ მოხვდი მანდო?! - ჰკითხა გაოცებულმა.
- აბა, რა გეგონა, გუბიდან წყალი სულ რომ ამოხვრიპეო?
- მერე და, ეგ წყალი განა შენთვის მაქვს მანდო?!
- აბა, ვისთვისო?
- ვისთვის და, ვისაც სწყურია, კიდევ, ვინც არ ყიყინებსო!
- მაშ მე რა ვქნა, გუბეში წვეთი წყალი რომ აღარ დამიტოვეო?
- კარგიო, - უთხრა თუნგმა, - იჯექი მანდო, ოღონდ იცოდე შენი ხმა არ გავიგონოო!
- არა, მასე არ გამოვაო, - ბაყაყმა, - ეგ წყალი ჩემია, ჰოდა, როცა მომინდება, მაშინ ვიყიყინებ, როცა არა, არაო!
თუნგს სხვა რა გზა ჰქონდა, სანამ ბაყაყი მუცელში ეჯდა, მის სურვილზე უნდა ევლო...
მიდის თუნგი, მიდის. არ იცის სად. მიდის...
უცებ, ერთ ბუჩქთან იხვის ჭუკებს მოჰკრა თვალი.
ადგა თუნგი და ჭუკებთან მივიდა.
- რას აკეთებს მანდო, - ჰკითხა ჭუკებს.
- აქაო? - დაფრთხნენ ჭუკები, - ცოტას წავიჩრდილებთ, მერე კი...
- მერე რა?
- რა და... ახლა თითო ყლუპი წყალი რომ მოგვცა, დედის დაუკითხავად ეზოდან ფეხს არ გადმოვდგამთო, - აყვიტყვიტდნენ ჭუკები.
- როგორ, შინიდან გამოიპარეთო?
- ჰოოვო, - მათაც.
- თუ ჰოო-ვო, ასე მოგიხდებათო!
ასე მოგიხდებათო და, მორთეს ჭუკებმა ტირილი. იმდენი იტირეს და იმოდენა ცრემლი ღვარეს, ერთ მიწაღრმულში რომ დაეგუბათ, რატო მთელ ზაფხულს არ იკმარებდნენ საჭყუმპალაოდ?!
- ჰოო, რა დღეში ხართ, აბა აქეთ მოდითო, - უთხრა თუნგმა და ჭუკებს წყალი ჩამოუსხა.
გახარებულმა ჭუკებმა ისეთი ყვიტყვიტი გააბეს, მათი ხმა ცხრა სოფელს, ცხრა დაბას, ცხრა მთასა და ცხრა ქალაქს მისწვდა.
როცა ჭუკებმა ჭყუმპალაობით გული იჯერეს, თუნგმა უთხრა:
- გეყოფათ, საცაა დაღამდება, წადით ახლა შინო.
სახლის ხსენებაზე ჭუკები გაისუსნენ და ერთმანეთს გახედეს.
- თქვენ რა, სახლის გზას ვეღარ იგნებთო? - იკითხა თუნგმა.
პასუხად, ჭუკებმა თავი ჩახარეს.
- ასეც ვიცოდი, რას გავს ეს?! - გაწყრა თუნგი - აბა, ჩქარა ზურგზე შემომასხედითო!
გახარებულმა ჭუკებმა ფრთები აიქნიეს და თუნგს ზურგზე შემოასხდნენ.
შემოასხდნენ და, ოჰო-ჰოო! სიხარულიცაა და სიხარულიც! აბა, რას წარმოიდგენდნენ იხვის ჭუკები, თუნგს მუცელი წყლით თუ ექნებოდა სავსე!
ხოლო, თუ რა დღეს დააწევდნენ იხვის ჭუკები იქ მყოფ ბაყაყს, თავად წარმოიდგინეთ.
იარა თუნგმა, იარა და იხვების სახლს მიადგა. მოვედითო, თქვა და ჭუკები მიწაზე ჩამოსხა.
- დარჩიო ჩვენსას, დედას ხომ უნდა ვუთხრათ შენზეო, - შეეხვეწნენ ჭუკები.
- არა ახლა არა, სხვა დროს იყოსო, - გამოემშვიდობა თუნგი ჭუკებს და გზას გაუდგა.
მიდის თუნგი, მიდის. არ იცის სად. მიდის...
უცებ, ტყიდან ერთი კურდღელი გამოხტა,
- წყალი, ჩქარა ცოტა წყალი მომაყლუპვინეო!
- რა გჭირს, რა მგელ-ტურა დაგედევნაო?
- წყალი, წყა...ლი ჩამო...მი...სხიო, - გაიმეორა კურდღელმა.
- აჰა, სვი რამდენიც გენებოსო, - თუნგმა ყელი მიუშვირა.
კურდღელი წყალს დაეწაფა.
- რასაა რო შვები, ნარბენზე ამდენი წყალი სად გაგონილაო?! - გაუწყრა თუნგი და ყელი გაარიდა.
კურდღელმა თუნგს ბრაზით შეხედა და პირიდან ნაგუბარი წყალი გადმოღვარა, - ფუჰ, რად გაქვს ასეთი აყროლებული წყალიო?!
- რა ვიცი, კარგა გვარიანად კი სვიო?!
- ჰო, ეგეც უკვდავებისა იყო, მააშო?! - ჩაიცინა კურდღელმა და ტყეში ჩაიბილიკა.
თუნგი დიდხანს იდგა. მერე თავი გადააქნია, - უყურე ახლა ამასო, თქვა და გზას გაუყვა.
მიდის თუნგი, მიდის. არ იცის სად. მიდის...
ის იყო ტყეს გასცდა და ჩაივაკა, რომ თავზე ღამეც წამოადგა. ამ წკვარამში სად ვიაროო, თქვა და ერთ ხის ძირში მიისაღამოვა...
*
ბავშვებო, დღეისათვის ჩვენც აქ დავამთავროთ. აბა, გაიხედეთ ფანჯრებში როგორ ბნელა. თანაც, ამდენი კითხვისაგან ბებიებსა და ბაბუებს ნუ გავანაწყენებთ, თორემ ხომ იცით, როგორი გაწყრომა (არა, გაბუტვა) იციან? აბა, საწოლში მოკალათდით და ერთმანეთს მშვიდი ძილი უსურვეს...
*
გაიღვიძეს?
დილა მშვიდობისა, ჩემო პატარებო!
წუხელ, ისე მალე ჩაგეძინათ (თქვენ არა, თქვენს ბებიებსა და ბაბუებს, თქვენ ხომ ძალზედ ყოჩაღები ხარს!), რომ ვეღარც კი მოვასწარი მეთქვა; ვინემ თუნგი ძილის გზას დაადგებოდა, რაც კი მუცელში ნაგუბარი წყალი ედგა, სულ ერთიანად დაუღვრია.
იცით მერე რა უთქვამს წყალს?
რაო და,
- წავალო, დავყვები გვირილიანს, ენძელიანშიც ჩავივლიო, ყვავილებს დავაწყლულებ და, დილით მინდვრის ბოლოს შევხვდეთო.
ჰოდა, ამდგარა და მინდვრებს რაკრაკით დაჰყოლია...
კეთილი გოლიათი
რომ გითხრათ, კეთილი გოლიათი ჩემი ბავშვობის მოგონებებს ცხადად შემორჩა და ზაფხულის არდადეგებს იმ სოფელში ვატარებდი, სადაც კეთილი გოლიათი ცხოვრობდა-თქო, ვიცი, არ დამიჯერებთ, რადგან ისეთი, როგორიც კეთილი გოლიათი გახლდათ, მხოლოდ ზღაპრებში გვხვდება, სანაც ქართულ ზღაპრებში. ამიტომ მის ამბავს, მეც ზღაპრად გიამბობთ:
რაჭის ერთ მაღალმთიან სოფელში სხვებთან ერთად, ერთი კაციც ცხოვრობდა. კაცი ისეთი ახოვანი გახლდათ, შიშით სათოფეზე სამთავა დევიც ვერ ეკარებოდა. ხელის მტევანი და თითები კი იმოდენა ჰქონდა, გულით რომ მოეწადინა, სამ-ოთხ თქვენნაირ ცუგრუმელას დაისვამდა ხელისგულზე.
ზრდილი და თავაზიანი გახლდათ კაცი. ტყუილ-უსამართლოდ არავის აწყენინებდა. მკლავ-მუხლი მუდამ შრომისთვის ჰქონდა შემართული. ყანა-ვენახი საკუთარი გააჩნდა და მინდვრად საკმარი ფრთა-ჩლიქიც დაუდიოდა.
თავის დღე-მოსწრებას თანასოფლელთა გვერდით ატარებდა. წისქვილ-მდინარე სოფლისთვის გააწყო და, უღელ-გუთანი სოფლელთათვის გამართა. მოხუცებსა და დავრდომილს მარგვლა-მოროდში ენაცვლებოდა. ქვრივ-ობოლსა ოჯახებს - ოთხ, ხუთ საჟენ შეშას მიუცლიდა ზამთრისპირს ჭიშკარზე.
პატარები უყვარდა კაცს. პატარებს ხომ უყვარდათ და უყვარდათ მათთან ყოფნა. კაცი, რა წამს თავისუფალ დროს დაიგულებდა, ადგებოდა, ეზოებიდან გამოიხმობდა პატარებს და სოფლის ველ-მინდვრებზე წაასხამდა სათამაშოდ.
ბავშვებსაც სხვა რა უნდოდათ; ხტოდნენ, ცელქობდნენ, დასდევდნენ ჩიტებსა თუ პეპლებს. მოკლედ, ბავშვები ზუსტად ისე იქცეოდნენ, როგორადაც თქვენ იქცევით, სოფელში ზაფხულობით ბებიებსა და ბაბუებთან თავს რომ დაიმარტოხელებთ. თამაშითა და ცელქობით დაქანცულ პატარებს კაცი გვერდით მოისვამდა და დიდხანს უყვებოდა სხვადასხვა ზღაპრებსა თუ ჩვენი ერის წინაპართა საბრძოლო და საგმირო ამბებს. გვიან საღამოს სოფელში დაბრუნებულ გოგო-ბიჭებს მინდვრის ყვავილების უზარმაზარი თაიგულები მიჰქონდათ შინ თავიანთი დედისა და დაიკოსთვის...
სოფელს შორიახლო, ერთი გაუვალი ტყე ერტყა. სოფლის მოხუცთა თქმით ტყეში ოდესღაც ერთ საშინელ გველეშაპს უცხოვრია. გველეშაპი ხშირად ესხმოდა თურმე სოფელს თავს. აწიოკებდა და ანადგურებდა ეზო-კარს, საძოვრებიდან იტაცებდა პირუტყვს. მერე და მერე, ბავშვების გატაცებაც კი დაუწყია ეზოებიდან.
აი, ეს ბოლო, მართალი იყო თუ ურჩი შვილიშვილების შესაშინებლად შეთხზეს მოხუცებმა, ვერ გეტყვით. ერთი კია, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, და აქაც - მათ დედებსა და მამებს, ბებიებსა და ბაბუებს თვალი სოფლის შარზე ჰქონდათ გადგმული და სულმოუთქმელად ელოდნენ თავიანთი პატარის შინ დაბრუნებას, როცა კაცს ბავშვები სოფლის ველ-მინდვრებზე გაჰყავდა სათამაშოდ.
იდგა ზაფხულის თბილი დღე. სოფელი მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა. ზოგი მინდვრად იყო გასული და ქერ-ხორბალს ლეწავდა. ზოგიც, ვენახსა თუ ყანაში ფუსფუსებდა. ჯოხ-ცხენებზე ამხედრებული ბავშვები მოუსვენრად დააჭენებდნენ სოფლის ორღობეებში თავიანთ ბედაურებს.
უცებ, სოფელი შემზარავმა ხმაურმა შესძრა. - რა მოხდა, რა ამბავიაო?! - გაისმა აქეთ-იქიდან.
მოხდა ის, რასაც ვერავინ იფიქრებდა. საიდანღაც გახნდა გველეშაპი, ერთ პატარა გოგოს ხელი დაავლო და ცაში გაუჩინარდა.
კაცმა, რა წამს შეიტყო მომხდარის შესახებ, საჩქაროდ აისხა პაპისეული ფარ-ხმალი, მშვილდ-ისარი მოიმარჯვა, ღმერთს შემწეობა სთხოვა და გველეშაპის საძებრად გაემართა.
იარა. ბევრი იარა თუ ცოტა, გველეშაპის სახლს მიადგა. გველეშაპს, ზედ კარის ბანდზე ეძინა. როცა კაცის ფეხის ხმას მიაყურადა, ზეზე წამოვარდა და ცივი ხმით დაიყვირა:
- შეჩერდი! ვინ ხარ, სთქვი, აქ რად მოსულხარო?!
- ვიდრე პირში სული მიდგას, სოფლიდან არავის მოგატაცებინებო! - შესძახა კაცმა და ხმალი მოიმარჯვა. ის იყო გველეშაპი ხმლით შუაზე უნდა გაეჩეხა, რომ გველეშაპმა პირიდან ცეცხლი ამოაფრქვია და კაცს იარაღ-აღჭურვილობა ფერხთით დაუფერფლნაცარა.
დარჩა კაცი შიშველი ხელით გველეშაპის პირისპირ. გველეშაპმა დრო იხელთა, ადგილს მოსწყდა და კაცს დაეძგერა. შეებნენ ერთმანეთს ხელდახელ. შეიქმნა საშინელი ბრძოლა. იწყო მიწამ ზანზარი.
მოისროლა გველეშაპმა კაცი და კლდეს მიანარცხა. წამოდგა კაცი, მივარდა გველეშაპს.
ახლა მან მიანარცხა გველეშაპი კლდეს. წამოდგა გველეშაპი, კვლავ მივარდა კაცს. ძალს კაცი, ძალს გველეშაპი. ბოლოს მიხვდა გველეშაპი, რომ კაცს ხელდახელ ბრძოლით ვერ დაამარცხებდა, გადაწყვიტა კვლავ ამოეფრქვია პირიდან ცეცხლი, რათა ისიც ფერფლად ექცია. უცებ, კაცმა დრო იხელთა და ისეთი ძალით ჩასცა მუშტი ღია ხახაში, რომ გველეშაპს სუნთქვა შეეკრა და გონდაკარგული დაენარცხა მიწაზე. კაცი გველეშაპს კისერში სწვდა და მთელი ხმით შესძახა, - სთქვი, სად გადამალე გოგონაო!
არ ვუთხრა, მომკლავს. ბავშვს, ხომ მაინც იპოვის. ვუთხრა, ეგებ, არ მომკლასო, - გაიფიქრა გველეშაპმა და კაცს თვალებით ანიშნა, ამიშვი და გეტყვიო.
- აბა, სთქვი ჩქარაო! - უთხრა კაცმა და გველეშაპს კისრიდან ხელი ააცალა.
- შინ შედი, დერეფნის ბოლოს, მარჯვენა კარი შეაღე. ოთახში სკივრი დგას, სკივრს თავი ახადე და გოგონაც იქ ზისო.
კაცმა გველეშაპს დახედა, - ახ, შე წყეულო, შენაო! - შესძახა და ისეთი ჩაუმუშტცხვირპირა, რომ გველეშაპი კისრამდე ჩაფლო მიწაში. კაცი წამოდგა, ჩქარი ნაბიჯით გაიარა დერეფანი და მარჯვენა კარი შეაღო. ოთახში უზარმაზარი სკივრი იდგა. კაცი სკივრთან მივიდა და თავი ახადა. მართლაც, სკივრში პატარა გოგონა იჯდა და ცრემლი ღაპა-ღუპით სდიოდა. კაცმა ბავშვი სკივრიდან ამოსვა და უკან გამობრუნდა.
გველეშაპი კვლავ მიწაზე იწვა და საზარელი ხმით ხრიალებდა. კაცმა სიბრაზისაგან თავი ვერ შეიკავა და კვლავ გველეშაპს მივარდა. - სთქვი, რისი ღირსი ხარ, რა გიყო ახლაო?! - შესძახა და ისეთი ძალით მოუღერა მუშტი, რომ გველეშაპმა ღრიალი მორთო:
- არა, ნუ იზამ მაგას!.. ხომ ხედავ ვკვდები, წადი შენი გზითო, - გველეთაპმა თავზე ხელი წაიფარა და თვალებიდან ცრემლი გადმოათქრიალღვარა.
კაცს შეებრალა გველეშაპი. ადგა, გოგონა მიიგულმკლავა და უსიტყვოდ გაბრუნდა სოფლისაკენ.
ის იყო, ოციოდ ნაბიჯი გადადგა, რომ გველეშაპმა პირიდან ცეცხლი ამოაფრქვია და ისეთი ძალით დასცა კაცს მარცხენა ბეჭში, რომ კაცს ტკივილისაგან თვალს დაუბნელდა და მიწაზე დაემხო...
როდის-როდის მოეგო გონს, კისერი იბრუნა, გველეშაპს გახედა და ჩუმი ხმით უთხრა, - რადა ჰქენი ეგო!
გველეშაპმა თავი წამოსწია, კაცს შეხედა, რაღაც უმსგავსი ხმით გადაიხარხარა და სული დალია.
კაცმა ძალა მოიკრიბა, წამოდგა და სოფლის გზას ბარბაცის დაჰყვა.
იარა. ბევრი იარა თუ ცოტა, სოფელს მიადგა. (დამეთანხმებით, რა ძნელია ამ ფურცელზე იმ სიხარულის გადმოცემა, რაც კაცისა და ბავშვის სოფელში გამოჩენას მოჰყვა). კაცი ბავშვით მშობლებთან მივიდა და შვილი გადასცა.
მოდით, ყველამ წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ბავშვის მშობლებისა და მათ თანასოფლელთა გვერდით და თუნდაც წუთით, ჩვენც გავხდეთ მათებრ ბედნიერნი!!!
ახლა, განვაგრძოთ:
კაცი ერთხანს უძრავად იდგა. მერე თავი მორცხვად დახარა და უხმოდ წავიდა შინისაკენ.
დილით ისევ ისე ამოვიდა მზე. ნახირმა ზარების წკარუნით აიარა სოფლის შარა. პეპლებმა და ფუტკრებმა კვლავ სისხამზე მიასტუმრეს მინდვრის ყვავილებს. ასობით პატარამ (არა მარტო პატარამ!) მოიყარა თავი კაცის ჭიშკარზე, რადგან ყველა მოუთმენლად ელოდა, თუ როდის მოუთხრობდა კაცი მათ გველეშაპთან ბრძოლის შესახებ.
მაგრამ არავინ იცოდა, რომ ოთახის დახურულ კარს მიღმა, ფანჯრის გაჭვარტლულ მინასა და კაცის ცივ სახეს ჩამავალი მთვარის თბილი ჩანაკვალი რომ შერჩენოდა მხოლოდ...
მწუხრმა ჭიშკარ-ჭიშკარ გადაიყურძახა, კურცხალმა, კურცხალი მოძებნა, ცრემლმა ლოყა ჩამოღარა და ცრემლნაწვეთი, პატარა ნაკადულად დაჰყვა სოფლის მინდორს...
- აქო, - სთქვეს ერთხმად, ცრემლნაგუბარში გაუთხარეს სამარე კაცს...
ცრემლსიჩუმე ტოროლების წკრიალმა გაარღვია. ტოროლებს ბულბულები შეეხმიანენ. ბულბულებს - იადონები. იადონებს - მერცხლები. მერცხლებს - გუგულები. გუგულებს - მოლაღურები... ბოლოს, ჩიტებს ხალხიც აჰყვა. და გალობდნენ, უსტვენდნენ, წკრიალებდნენ, მღეროდნენ ერთხმად.
ოღონდ, ამჯერზე ცრემლისას, მწუხრისას, ტკივილისას:
«... მოვა სიკვდილი უჩინო,
ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებს იმ ქვეყნად,
სხვას არა წაუღია რა...»
ჩამოღამდა. ხალხი უსიტყვოდ სტოვებდა კაცის საფლავს. მარტოდენ პატარა გოგონა იჯდა საფლავთან თავდახრილი. უნდოდა რაღაც ეთქვა, ხმა ჩაეწვდინა კაცისთვის. მაგრამ, თითქოს გველეშაპისოდენა ბურთი გასჩროდა ყელში და ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა...
როდის-როდის წამოდგა, მუხლებზე დაშივა, საფლავს ლოყა დაადო და ჩუმი ხმით ჩასჩურჩულა, - კეთილო კაცო, რად ჰქენი ეგო?..
აი, სულ ეს არის, რაც ამ ამბის შესახებ თქვენთვის უნდა მომეთხრო. მინდოდა, გოგონას შემდგომ ცხოვრებაზეც გამეგო ცოტა რამ და ორიოდ სიტყვით თქვენთვისაც მეამბნა, მაგრამ ის დღე იყო და ის, მას უკან სოფელში აღარ დავბრუნებულვარ...