Litclub.ge

ვლადიმერ სიჭინავა კოლხური
კარგა  ხანია საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა ქართული დამწერლობის საწ-ყისის საკითხის კვლევას, როგორც ქართულ, ისე ამ პრობლემით დაინტერესებულ უცხოურ ისტორიოგრაფიაში. ინტერესი მის მიმართ ძალიან დიდია და მკვლევართა დასიც მრავალფეროვანი, როგორც საკვლევ თემასთან დამოკიდებულების, ისე საგნის  წვდომის თვალსაზრისით.
ამ საკითხზე მუშაობისას თავისი საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური მოსაზრებანი ჯერ კიდევ 1949 წელს დააფიქსირა ცნობილმა ბათუმელმა მკვლევარმა ვლადიმერ სიჭინავამ ნაშრომში_კოლხური კირბების (კირიბიშის) ადგილისათვის ქართული დამწერლობის ისტორიაში [1], რომელსაც გვქონდა საშუალება ავტორისეულ ხელნაწერში გავცნობოდით.
აღნიშნულ ნაშრომში ვ.სიჭინავას მოჰყავს სხვადასხვა ასპექტში გამოთქმული ცნობილ მეცნიერთა ივანე ჯავახიშვილის [2], სიმონ ჯანაშიას [3], კორნელი კეკელიძის [4], ბ. კუფტინის [5], ვ. ლატიშევისა [6] და სხვათა მოსაზრებანი ქართული ენის, დამწერლობისა თუ კულტურის ძეგლთა შესახებ.
ვლადიმერ სიჭინავა ნაშრომში აღნიშნავს, –`ივანე ჯავახიშვილი ავითარებს აზრს, რომ ქართული დამწერლობა მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ტრადიციის მატარებელია და დასაშვებად მიაჩნია, ქართული ფონეტიკური დამწერლობის ისტორიის ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნიდან დათარიღება [2, 227].. მოჰყავს ს. ჯანაშიას მოსაზრებაც, რომ `ქართული ანბანი წარმოშობილი  უნდა იყოს არაუგვიანეს VII საუკუნისა ჩვენს წელთაღრიცხვამდე. საერთო ისტორიული პირო¬ბე¬ბის მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ, სწორედ ამ დროს უნდა მიეტოვებინათ ქართველებს თავისი ძველი იეროგლიფური და ლურსმული დამწერლობა და ფონეტიკურ დამწერლობაზე გადასულიყვნენ” [4,  94]. აქვე ამბობს, რომ აკადემიკოს ნ. მარის მტკიცებით `თავდაპირველი ენა, რომელზედაც ითარგმნა ბიბლია, არის სონ–მესხური, რესპ., სვან–მესხური; ეს ენა შეიცავდა ელემენტებს, ერთი მხრით ჭანურ–მეგრულისა (ჩვენი აზრით, უფრო მართებულია სანურ–ზანურ–მეგრულისა–უ.ო.) და მისი მონათესავე  სვანურისა (სონ–სან–ზან–უ.ო.), მეორე მხრით, მესხურისა. პროფ. კ.კეკელიძე მთლიანად იზიარებს აკად. ნ.მარის აქ მოყვანილ მოსაზრებას [5, 27].–აღნიშნავს ვ. სიჭინავა და იქვე განაგრძობს, –“ბიბლიის ძველ თარგმანებში შემონახული მეგრული ენის კვალი... იმის შედეგი უნდა იყოს; რომ ამ დროისათვის მეგრული და ქართული ძალზე ახლო ყოფილან ერთმანეთთან” [1, 1]. ჩვენის მხრით ამას დავუმატებდით, რომ სრული საფუძველია ვიფიქროთ, სწორედ ეს უძველესი სონ–მესხურია  ქართულისა  და  მისი დიალექტების  წარმომშობი  დედა ენა. სონ–მესხური (სონსანზან), ყველა ესენი ერთი დედა ენის შვილებია, დღესაც სიცოცხლე შენარჩუნებულნი და უდიდესი ისტორიული განვითარების ქარტეხილებში გამოვლილი სახეცვლილებით ქართული  დიალექტების უმდიდრეს პლასტებში შემორჩენილი. აქედან გამომდინარე ქართველთა საერთო შემაკავშირებელი უძველესი  ენა,  ეს  წინარე ქართული დედა ენა იყო, რომელიც თავის  მხრივ  ასაზრდოებდა სვანურ–ჭანურ–მეგრულ–მესხურს,  დღეს კი  ქართული ენის ამავე დიალექტებშია განზავებულ–განფენილი.
ავტორი იზიარებს ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას, რომ `მეგრელებს აფხაზებსა და სვანებს) დამწერლობა არასოდეს ჰქონიათ, მაგრამ მათ ქართულ სამწერლობო ენის შექმნა–შემუშავებაში თავიანთი წვლილი აქვთ შეტანილი”[3, 106].
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ენისა და დამწერლობის ისტორიას მეტად საინტერესო ნაშრომები და სტატიები მიუძღვნეს ქართველმა მეცნიერებმა: რამაზ პატარიძემ [8], თამაზ გამყრელიძემ [9], შოთა ძიძიგურმა [10], ვახტანგ ლიჩელმა [11], ნოდარ კანდელაკმა და გურამ ცერცვაძემ [12], რამაზ  ზარნაძემ [13], ბესიკ ხურცილავამ [14], ზურაბ ქაფიანიძემ [16], თეიმურაზ მიბჩუანმა [17], მირიან ქართველმა [18], გია კვაშილავამ [19] და სხვებმა (მათ შორისაა ჩემი _ ო ცნების შემეცნება, ანუ საკრალური პოეზია, ბათუმი, 2008).
ამავე ნაშრომში ავტორი საუბრობს აპ. როდოსელის `არგონავტიკაში” მოხსენიებული `კირბების” შესახებ, რომლის მიხედვით კოლხებს “შენახული ჰქონიათ მამებისაგან დაწერილი (ლატიშევის მიხედვით «Записи свойх отцов»)  კირბები (მეგრულად იქნება `კირიბიშ”, რაც ქართულად კრავისას ნიშნავს, სადაც წყლისა და ხმელის ყველა საზღვარია  მოგზაურობისათვის ნაჩვენები” [20,  161].
აქვე ვლ. სიჭინავა აღნიშნავს, რომ `კირბები”, `კირიბიში” ძველი კოლხური (ლაზურ–ჭანურ–მეგრული) სიტყვაა, რაც კრავს ნიშნავს. ამ სიტყვას მეგრულში გააჩნია სამი სახესხვაობა, ესენია: `კირიბი”, `კრიბი~, `კარიბ”. ქართული `კრავის” მეგრულად ითქმის `კირიბიშ”. აპ. როდოსელის ცნობის ჩვენეული ამოკითხვა, ვფიქრობთ, სწორი უნდა იყოს შინაარსეულადაც, _ შენიშნავს მკვლევარი  და იქვე განაგრძობს, – როგორც ცნობილია, საუკეთესო ხარისხის საწერი მასალა, რომელმაც ევროპაში ჯერ  პერგამენტს, ხოლო უფრო გვიან ეტრატის სახელწოდება მიიღო, მხოლოდ ტყავისაგან და უმთავრესად კრავის ტყავისაგან მზადდებოდა  [1, .4].
ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ ძეგლში მოხსენიებული ოქროს საწმისიც ამ კრავის  ტყავზე  დაწერილი საკრალური სიბრძნის მატარებელ საიდუმლოებათა ჩანაწერია,  რომლის შესახებ ცოდნაც საბერძნეთში, მაშინდელ პელაზგთა ქვეყანაში  დაიკარგა (პელაზგი: პე–ლაზ–გი = პე–ლაზ–ხი და ისეთივე წარმოებულია, როგორც მე–გრე–ლი, კო–ლ–ხი, მე–ს–ხი და სხვა).
ეხება რა მაშინდელი კოლხეთის უაღრესად დაწინაურებულ ყოფასა და კულტურას, ავტორი განსაკუთრებით მიანიშნებს, რომ `ამ პერიოდის ძეგლებში წმინდა ორიგინალურ კოლხურ მიმდინარეობაზე დაბეჯითებით მიუთითებენ ამ საგნის ცნობილი სპეციალისტები [21,  88;  6,  137].
აქვე ივ. ჯავახიშვილის იმ მოსაზრებაზე დაყრდნობით, რომ `საქართვე-ლო¬ში ძველად ყველა სხვა სახის მასალაზე უფრო ტყავი ყოფილა გამოყენებული... ძველ სააქართველოში,  V-VI საუკუნეებშიც ეს საწერი მასალა საკმაოდ მოი¬ძებ¬ნე¬ბოდა, XI-XII საუკუნემდე ეტრატს ქართულ სამწიგნობრო ხელოვნებაში მეტოქე არ უჩანს და ყველა ხელნაწერი ეტრატზეა დაწერილი [2, 33-35], –აკეთებს საკმაოდ თამამ და შორსმიმავალ დასკვნას, რომ `აზრთა სხვადა¬სხვაო¬ბის მიუხედავად ისტორიაში გაბატონებული შეხედულება წიგნთხელოვნების გამოგონებას ბერძნული კულტურის დამსახურებად თვლის, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს” [1, 6], რომელიც საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება და თუ გავითვალისწინებთ ავტორის მიერ ნაშრომში მოტანილი მასალის საერთო ანალიზის შედეგს, მას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. ავტორის აღნიშნულ დასკვნას მხარს უმაგრებს აქვე გამოთქმული მისი მოსაზრებანი, რომ `ისე როგორც ჩვენში, ევროპაშიც, საწერ ეტრიტს  ცხვრის, კრავის ტყავისაგან აკეთებდნენ. ტყავის ამ გამზადებულ ფურცლებს ბერძნები `ქარტეს” უწოდებდნენ, ხოლო ლათინურად ცჰარტა ეწოდებოდა...
ბერძნულ ქარტას, ლათინურ  ხარტას და კოლხურ კირიბ – კირიბიშს ერთი და იმავე სიტყვის ფუძე უდევს სარჩულად; ეს სიტყვებია ქართულში კრიბი, კირიბი–კრავი, ხოლო ბერძნულში  `Kύþβεıს”, – აღნიშნავს მკვლევარი და იქვე განაგრძობს, `სიტყვა `კირბის” აზრი და მნიშვნელობა სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე სწორად არ იყო გაგებული. ამიტომ ამ მეტად ძვირფასი ცნობის შესახებ დღემდე გამოთქმული მოსაზრებანი არ შეიძლება გაზიარებული იქნეს. საქმე იმაშია, რომ სიტყვა `კირბები”–`კირიბიშის” მნიშვნელობა, როგორც ბიზანტიელ კომპილატორებს, აგრეთვე სხვადასხვა ლექსიკოგრაფებსაც ამოკითხული აქვთ ისე, რომ მათი გაგებით თითქოს კირბები (კირიბიში) – ეს იგივე დაფები, ან ქვისაგან აღმართული მაღალი ბოძებია დაფების გასაკრავად, სადაც გეოგრაფიულ–კარტოგრაფიული ხასიათის ცნობები და ზოგჯერ სახელმწიფო კანონებიც უნდა ყოფილიყო ჩაწერილიო [20, .228], მაგრამ როგორც ეს ზემოთაც აღნიშნული გვაქვს, ამჟამად ასეთი მოსაზრება მოძველებული და მცდარია... ჩვენი აზრით, კირბები – კირიბიშ, ეს იგივე ეტრატებია (პერგამენტია, წიგნია), სადაც ზოგჯერ კარტოგრაფიულ–გეოგრაფიული მასალებიც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩაწერილი. ეს მოსაზრება საშუალებას გვაძლევს მთელი რიგი სადავო საკითხები გადავჭრათ სხვანაირად. ჩვენი მოსაზრების სასარგებლოდ ლაპარაკობს აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ცნობილი ბერძენი სახელმწიფო მოღვაწენი და მწერლები–ქსენოფონტე, არიანე და სხვები, თავიანთი რთულ და, მეტადრე სწრაფი მოგზაურობის დროს კოლხეთის შესახებ სხვადასხვა საინტერესო ცნობებთან ერთად იძლეოდნენ ცალკეული ადგილმდებარეობისა და პუნქტების დაწვრილებით გეოგრაფიულ აღწერილობას [22, 211-212]. სხვაგვარად ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუ არა იმით, რომ თავიანთი მასალები არ ამოუწერიათ ე.წ. `კირიბიშიდან”, რომელსაც ჩვენ ზემოთ ეტრატის თუ წიგნის გაგება მივეცით~,–ჩვენი აზრით სრულიად სამართლიანად ასკვნის ავტორი და იქვე შენიშნავს: `ასეთი გაბედული განცხადების უფლებას გვანიჭებს ქართული და ქართველური ენების ლექსიკური ანალიზი. ასეთი სიტყვებია: კარი, კარადა, კალამი, კარტა,  ანუ ქარტაE–ქარტა,  კერია, კარდილა, კარე და სხვა.
ყველა აქ ჩამოთვლილი სიტყვის ფუძე სიტყვა `კირიბი”, `კარიბი”, `კირიშიშიდან~ – წარმოშობილი ჩანს. ეს მოსაზრება დასტურდება არა მარტო წმინდა ფონეტიკურ–ენობრივი მსგავსების საკვირველი იშვიათობით, არამედ თვით ამ სიტყვების სახელწოდების სოციალ–ისტორიული ეტიმოლოგიითა და მასთან დაკავშირებული მატერიალური კულტურის ზოგიერთ ძეგლებზე დაკვირვებითაც” [1, 7-8], – აღნიშნავს მკვლევარი და შემდეგ აკეთებს საკმაო მასალის მეცნიერულ ანალიზს მისი ამ მოსაზრების მხარდასაჭერად, თუმცა მის მიერ მოხმობილი სიტყვების ნაწილი ქართული სულაც არაა, მაგ. კალამი.
ამასთან ჩვენ აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ძველბერძნული ქარტა, ლათინური ხარტა და ძველ ქართული ქარტაÉ–ქარტა სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ძალიან ახლოს დგას ჩვენი სამშობლოს სახელის ძირთან `ქართა”, და ქარტა–ხარტას ფორმით მისი ამ უძველეს ენებში დაფიქსირება ზემოთ აღნიშნული მნიშვნელობით, ამ ქარტას სამშობლოზეც შეიძლება მიუთითებდეს (ე.ი. ქართ–ლ–ზე, საქართ–ველო–ზე). და ის, რომ ძველი ბერძნები ყველა საწერ მასალას ამ სახელით მოიხსენიებდნენ, მისი წარმოშობის ქართულ პრიორიტეტზე  შეიძლება  მიგვანიშნებდეს. ავტორიც ნაშრომში ეწინააღმდეგება ქარტის და საერთოდ ქარტოგრაფიული ხელოვნების გამოგონებას ბერძენთაგან მომდინარეობის თეორიას და აღნიშნავს, რომ `უცნაური და დაუჯერებელია ბერძნები–დაწინაურებული და განათლებული აღმოსავლეთის მოწაფეები, როგორ შეიძლებოდა ერთსა და იმავე დროს თავიანთი მასწავლებლების მასწავლებლები ყოფილიყვნენ? ასეთი მოსაზრებისათვის საფუძველი არ არსებობს, რადგან ქართველთა წინაპრებს ბერძნებამდე სულ ცოტა სამი ათასი წლით ადრე მაინც უნდა ჰქონოდათ საკუთარი დამწერლობა. ვინც პირველად დამწერლობა შექმნა იმისგან უნდა იყოს კაცობრიობა დავალებული საწერი მასალისა და იარაღის გამოგონებითაც [1, 13-14] - ასკვნის ავტორი და იქვე მოჰყავს ცნობილი ამერიკელი მკვლევარის  კილ დიურანის შემდეგი მოსაზრება: `წერილობითი ისტორია აღწევს ექვსი ათას წელს, არა ნაკლებს. ამ ხნის ნახევრის განმავლობაში, ადამიანთა საქმეების ცენტრი იყო ახლო აღმოსავლეთი... მთელი ჩვენი ცივილიზაცია, ევროპული და ამერიკული, მისგან გვაქვს მიღებული, ჯერ კრიტების და მერე საბერძნეთის და რომის საშუალებით; არიელებს არ შეუქმნიათ ცივილიზაცია, იგი გამოდის მესოპოტამიასა და ეგვიპტისაგან. მით უფრო არ დაუწყია ცივილიზაცია საბერძნეთს. მას ამ დარგში მეტი აქვს მიღებული – ვიდრე მოცემული. საბერძნეთი ბედნიერი მემკვიდრე იყო, რომელმაც ისარგებლა ძველი ათასი წლის ხელოვნება და ცოდნა, მის ქალაქებში შემოტანილი  შემთხვევით ან ომების შემწეობით. ჩვენ რომ ახლო აღმოსავლეთს ვეცნობით და პატივს მივაგებთ, მხოლოდ ვალს ვუხდით ევროპისა და ამერიკის ცივილიზაციის ჭეშმარიტ დამაარსებელთ” [23, ციტატა ამოღებულია აღნიშნული წიგნიდან] კაცობრიობის ამ ჭეშმარიტ პროგრესში და ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში თავიანთი საგრძნობი წვლილი და ღვაწლი მიუძღვის ქართველთა წინაპრებს, რასაც განგებ  აფუჩეჩებენ, ყრუდ უვლიან გვერდს...
ბერძნები ძალზე გვიან ეზიარნენ აღმოსავლეთის ცივილიზაციას. მთელი სამი ათასი წლით ადრე იცოდა აღმოსავლეთმა, ბერძენთა მასწავლებელმა, წერა–კითხვა; ამიტომ ბუნებრვია, რომ მათ გააჩნდა არა მარტო დამწერლობა, არამედ ამ დამწერლობასთან დაკავშირებულ ტექნიკური მოწყობილობა, საწერი მასალა და სხვა იარაღები – შენიშნავს ვ. სიჭინავა და აქვე მოტანილი აქვს ნიკო მარისეული თვალსაზრისი სიტყვა კალმის ქართული წარმოშობის შესახებ ივ. ჯავახიშვილის წიგნიდან–ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ  პალეოგრაფია [2, 44] და აქვე აკეთებს დასკვნას რომ `კალმის პირველად გამოგონება (სიტყვა კალამი) და მისი პირველად გამოყენება საწერ იარაღად, მხოლოდ იმ ხალხს შეეძლო, რომელიც ტყავის პირველ ეტრატმკეთებელი იქნებოდა (ავტორს `ქაღალდმკეთებელი” უწერია–უ.ო.). ამ მოსაზრების ლოგიკური გზას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ წიგნთხელოვნების ბერძენთა მასწავლებლები, მხოლოდ ქართველები, ან ქართველთა წინაპრები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ [1, გვ. 16]. თავისი ამ მოსაზრების განსამტკიცებლად ავტორი  იმოწმებს ქართველი ავტორის ა. ჭყონიას ნაშრომიდან მოტანილ ისტორიული გეოგრაფიის ცნობილი მკვლევარის კარლ რიტტერის მოსაზრებას, რომ `კარტოგრაფიული ხელოვნების გამოგონების პატივ-დიდება  სრულიადაც არ ეკუთვნის მცირე აზიის ბერძნებს. იგი ბევრად უფრო ადრე ხმარებაში ყოფილა კოლხეთის მოგზაურ ვაჭართა შორის” [25,  124].
და ბოლოს არ შეიძლება არ აღინიშნოს ავტორისეული ხაზგასმა `რუსი მეცნიერისა და კრიტიკოსის”, როგორც თავად უწოდებს, ნიკოლოზ ჩერნიშევსკის მოსაზრებებზე, სადაც იგი სასტიკად ილაშქრებს საბერძნეთის ისტორიული წარსულის გაზვიადებულად წარმომდგენი ტენდენციური დასავლეთ ევროპული ისტორიოგრაფიის წინააღმდეგ “საკმარისია გავიხსენოთ, – ამბობს ჩერნიშევსკი, – რომ თვით  `ილიადასა” და `ოდისეაში” ბერძნებმა ჯერ კიდევ არ იციან წერა–კითხვა. ბერძნებში მითების ფორმით შემონახულ გადმოცემათა გარჩევისას ჩვენ სავსებით ველური ყოფაცხოვრების ნიშნებს ვხედავთ” [26, .27]. ვ. სიჭინავა შენიშნავს, რომ ანალოგიური თვალსაზრისი აქვს გატარებული ს. ყაუხჩიშვილს თავის `ბერძნული ლიტერატურის ისტორიაში [27,  IX], შემდეგ კი იქვე განაგრძობს: `შემთხვევით არ უნდა იყოს, რომ ჩვენი მშობლიური მითოლოგიური აზროვნების ბრწყინვალე ძეგლი, ქართული ამირანი, როგორც ამას თვით ჰომეროსი გვიმოწმებს `ილიადასა” და `ოდისეას” თქმულებაზე უფრო უძველესია, მაგრამ ამასთანავე, მიუხედავად ამ გარემოებისა, `ამირანის” გმირებმა წერა–კითხვა ჩინებულად იციან. უფრო მეტიც, ისინი ისეთი განსწავლულნი და განათლებულები არიან, რომ სიკვდილის წინ ანდერძსაც კი სტოვებენ (ცამცუმის ანდერძიმ და სხვა). იციან ფარმაცია, ადამიანის სხეულის ბალზამირება (მაგ. ცამცუმს `ათასნაირი ბანგით  გაუსპეტაკეს ნაწლავი”) მიცვალებულის საფლავის შემკობა და მოპირკეთება. ამგვარად ქართული განათლებული რაინდების (მხედველობაში გვაქვს  `ამირანის” გმირები) გვერდით, ჰომეროსის მიერ ხოტბა შესხმული და სინამდვილეზე უფრო უკვდავყოფილი გმირებიც კი შესამჩნევად  იჩრდილებიან” [1,  14] – აღნიშნავს მკვლევარი.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიკოსსა და მკვლევარს ვლადიმერ სიჭინავას თავის ამ ნაშრომში უძველესი ქართული დამწერლობის შესახებ, გამოთქმული აქვს მეტად გაბედული და შორს მიმავალი შეხედულებანი, რომელთა გამაგრებასაც ცდილობს მის მიერ ოსტატურად მოხმობილი ისტორიული მასალის საფუძვლიანი ანალიზის საშუალებით და რომლითაც ქმნის საჭირო ფონს მათგან გამომდინარე აუცილებელი დასკვნების შესამზადებლად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დასკვნების სითამამე და მათში გამოხატული შორსმიმავალი მოსაზრებანი, კომუნისტური იდეოლოგიის ბატონობის პერიოდში, სრულად მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოთა ისტორიოგრაფიისათვის და ამიტომაც ვ.სიჭინავა ამ საკითხს თავის ისტორიულ კვლევებში სამწუხაროდ, აღარ მიბნურებია. თუმცა, როგორც მისი ყოფილი სტუდენტები იგონებენ, მას უდიდეს სიამოვნებას გვრიდა საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე საუბარი.

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები

1. სიჭინავა ვ., ქართული `კირბების” (კირიბიშის) ადგილისათვის ქართული დამწერლობის ისტორიაში, ბათუმი, 1949 (ავტორისეული ხელნაწერი).
2. ჯავახიშვილი ივ., ქართული მამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბ., 1926
3. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წიგნი I, თბ., 1928
4. ჯანაშია ს., საქართველოს ისტორია, ნაწ. I, თბ., 1946
5. კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი I, თბ., 1941
6. Куфтин В.А., Археологические раскопки в Триалет, М., 1941
7. Латишев В.В,. Вестник древней истории, III, М., 1947
8. პატარიძე რ., ქართული ასომთავრული, თბ., 1980
9. გამყრელიძე თ., წერის ანბანური სისტემა და ძველი  ქართული დამწერლობა, თბ., 1989; რა ენაზე მეტყველებდა მეფე აიეტი? გაზ. `ლიტერატურული საქართველო”, 2003, 16.05.
10. ძიძიგური შ., საენათმეცნიერო ეტიუდები [(ნარკვევები)?], თბ., 1974
11. ლიჩელი ვ., კოლხეთისა და იბერიის კულტურის საკითხები (პროტოქართული დამწერლობა), თბ., 2001
12. კანდელაკი ნ., ცერცვაძე გ., ქართული დამწერლობის თარიღის დადგენისათვის, ჟურნ. `მნათობი”, #5–6, 1993, გმ. 180–191
13. ზარნაძე რ., სიტყვა ინახავს საიდუმლოს, წიგნი I, ქართული ანბანი მოგვითხრობს,თბ., 2003
14. ხურცილავა ბ., ქართული ასომთავრულის შექმნის ეპოქის, გარემოებებისა და ავტორთა ვინაობის საკითხისათვის, თბ., 2002
15. ხურცილავა ბ., დიდი ბაკური–ქართული დამწერლობის ფუძემდებელი, თბ., 2003
16. ქაფიანიძე ზ., შუმერი–კაცობრიობის პირველი ანბანი შუმერულ–ქართული ასომთავრული, თბ., 2002
17. მიბჩუანი თ, შუმერულ–ქართული პარალელები, თბ., 2002
18. მირიან ქართველი, ქრისტე საბნელიდან  სინათლისაკენ მოგვიხმობს, თბ., 2006
19. კვაშილავა გ., ქართული ენა და სახელმწიფოებრიობა 4 ათასი წლისა (გაზ. `ასავალ-დასავალი~, #46 (636), 13-19 ნოემბერი, გვ. 23
20. აპ. როდოსელი, არგონავტიკა, აკ.ურუშაძის თარგმანი, თბ., 1948
21. ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორიაბ თბ., 1944
22. Максимова М.К., К «Анабасису Ксенофонта, журн. «Вестник древней истории, III, 1947
23. ფირცხალავა ს., ქართველთა წინაპრები და მათი მონათესავე ტომები წინა აზიაში 40–6 ს.ს. ძვ.წ. თბ., 1948
24. ჭყონია ა., ისტორიული ნარკვევები ანუ ქრესტომათია საქართველოს ისტორი¬ი¬სათ¬ვის, თბ., 1890
25. ჩერნიშევსკი ნ., რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი (ქართული თარგმანი), თბ., 1945
26. ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული  ლიტერატურის ისტორია, თბ., 1949.