Litclub.ge

მიქელანჯელოს "მოსე"
მზერაში უცხო სიბრძნის სხივია,
მოკვდავი ვერც კი ახსნის უბრალოდ,
მოსე თუ ასე ღვთაებრივია,
შენ რაღა უნდა იყო, უფალო.
და, აჰა, მოსემ აღმართა კვერთხი...
ამ დროს ან შიშობ ან გელოცება...
მოსეს რომ კვერთხად ღვთის ხელი ეპყრა,
შენიშნეს მხოლოდ ანგელოსებმა.
მუხლზე ეცემა ხალხი დევნილი
და სულს იბრუნებს ციურ მანანით
და კვერთხის წვერზე ბრმა ფრინველივით
თვლემს ჰორიზონტი და ქანაანი.
ეს რა ძალაა ან რა სულია
სათნოების თუ რისხვის მფრქვეველი?
ერთ არსებაში მოქცეულია
ჯოჯოხეთი და სასუფეველი.
ნახევრად ღმერთი, თანაც ტყის კაცი,
ზებუნებრივი, თანაც ველური:
შემწყნარებელი თავის სიმკაცრით
და შეწყნარებით გამკაცრებული,
შემზარავია მისი დუმილი,
იდუმალია და აუხსნელი,
მრავლისმთქმელია მისი დუმილი,
მაგიურია და მომნუსხველი.
დუმილით გიმზერს 
და უცნაურად
სულის კუნჭულებს გითვალიერებს.
ის, რაც სავსეა, როდი ხმაურობს,
ხმაურობს მხოლოდ სიცარიელე,
წინასწარმეტყველს თუ ესიზმრება
მესიის სიბრძნე და გზა ახალი?
მომავლის დიდი კატაკლიზმები
და უსასრულო გარდასახვანი?
კვერთხში მარხია ღვთის ნებისყოფა
ყოვლის აღმდგენი და შემმუსვრელი,
სტიქიონების მარადისობა,
მოკვდავის სულში შემოუსვლელი.
და ქვეყანაზე დიდი რაც კია _მეფის სკიპტრაა
თუ მხატვრის ფუნჯი,
თუ მოსეს კვერთხის მადლი არ სცხია,
რაღაც აკლია და რაღაც უჭირს.

მესმის საჭრეთლის ხმა სასურველი
და ოცნების დროს ამ ხმით ვენთები,
ამ ხმას მოჰყვება ლოცვის სურნელი,
სურნელი დაფნის და ლეგენდების.
შეგეკითხები გაუბედავად
და ნუ დამძრახავ მოკვდავს, გამჩენო,
რა იქნებოდა მოსე ნეტავი,
რომ არ შეექმნა მიქელანჯელოს.
ქვადქცეულ მოსეს ფიქრით ვეხები,
ვით შთაგონებას ჟამთან ნაომარს
და მარმარილოს თბილ ნატეხებით
თვალი ევსება არარაობას...