Litclub.ge

ისე უბრალოდ, როგორც მუხრანზე
ისე უბრალოდ, როგორც მუხრანზე 
გაზაფხულისთვის მოდის ბალახი; 
ისე უბრალოდ, როგორც არაგვზე 
ალაპლაპდება მზეზე კალმახი; 

ისე უბრალოდ, როგორც მერცხალი 
დაუბრუნდება შარშანდელ ბუდეს; 
ისე უბრალოდ, როგორც ფშაველ ბიჭს 
დილის ცისკარი სასთუმლად უდევს. 

ისე უბრალოდ, როგორც ნაგაზი 
სდარაჯობს ფარეხს და ცხვარის ფარას, 
როგორც დაწვება ნისლი მყინვარზე 
და ბრდღვიალა თერგს კალთით დაფარავს. 

ისე უბრალო და ისე სადა, 
როგორც ურმული გუთნის დედისა, 
როგორც გადიას დაკრული ქადა - 
ხმა მშობლიური მე დღეს მეღირსა. 

ისე უბრალოდ მინდა ვუმღერო 
ჩემ განახლებულ მშობლიურ მიწას; 
ლომისთვის იყო ის წილნაყარი, 
ეხლაც სამშობლოს მარჯვენას იცავს! 

15 სექტემბერი, 1937 წ.