Litclub.ge

სამშობლო
მთაც ლამაზი გაქვს, ბარიც ლამაზი, 
დიდხანს გადარეს მგოსნებმა ედემს. 
გახედავ, და თვალს აბრმავებს ვაზი, 
გახედავ, თვალი ვერ ატანს ქედებს! 

ღამეა - თეთრი ირმის ნაწველი, 
დღე - შვინდისფერი ვარაყიანი, 
ჩერქეზის ქალებს უჭირავთ ცელი, 
სუქდება მიწა ბარაქიანი!.. 

შენს “ანბანსა” და შენს „ხილთა ქებას“ 
უჭრელებია პერგამენტები. 
ვერ ნახავ ხის ტოტს, ხილი არ ებას, 
დასაკრეფადაც არ გვემეტები. 

დამდგარა ნისლი გომბორის მთაზე, 
ერთად ჰყვავიან დეკა და ღვია, 
მომხიბლავია ეს სილამაზე 
ვაჟა-ფშაველას ცრემლი ატყვია. 

ანბანის ქებას ვინ დაიქადებს, 
დღეს უანბანო არავინ არი, 
ასე მოადგა აჭარის ქედებს 
ჩაის ლაჟვარდის ცის ქარავანი. 

ასე მოადგა ლაგოდეხის ველს 
კამეჩიანი ურმების ურდო. 
რომელ ხილს აქებ, ან რომელ თაველს, 
თუნდ რუსთაველის ლექსი გაქურდო... 

შენ ფრიალო მთებს, შენ კლდესა და ღრეს, 
მტკაველი მიწა არ დარჩა მყარი - 
აბა, ყამირი სად არ აყარეს, 
რომელ უდაბნოს არ მისცეს ღარი? 

მაჩვენე კაცი, რომ არ იკადროს 
ეს ხელჩართული ფიცხელი ომი. 
მართლა მოელის წითელ ესკადრას 
წინათ გამსკდარი პალიასტომი. 

გაცრუვდა ყველა მემატიანე, 
ყველა ვახუშტი და ჰიპოკრატე. 
აბა საიდან მოიფიქრებდნენ, 
რომ ასეთ ამბავს ყურსა მოჰკრავდნენ! 

ამოიწურა რიონის ფშანი, 
ამ ჭაობის ფსკერს რა ამოთხრიდა? 
თუმც ოქროს ვერძის იყო ნიშანი, 
ეგულებოდათ ძველი კოლხიდა. 

ასე მგონია, ახლოს რომ იყოს, 
მოითხრებოდა თვით ატლანტიდა. 
დაჰკრეს წერაქვი... დაგუბდა წყალი, 
ნარინჯოვანი ამოდის ბაღი. 

აღარ აციებს კრუხებს კანკალით, 
კრიალებს ზეცის ლაჟვარდი თაღი. 
ხართ მეზობლები ახალი სოფლის, 
ჩვენი სამშობლოს ხართ ბინადარი, 

პატიოსნება გწამთ შრომის ოფლის, 
არ გააციეთ კერის ღადარი! 
ახედეთ მაღლა იალბუზის ბჭეს, 
არც მყინვარია მასზე დაბალი, 

მაგრამ ორივეს გადააბიჯებს, 
რაკი გაუხსნეს ხალხს მომავალი. 
ყოველი სული, მღილი, ბალახი, 
ვაზი - ხის წვერზე სუროთ ასული 

და მაღალ შტოზე გადატანილი - 
ფეთქავს ლენინის ძლიერი სულით. 
შირაქის ველი თვალუწვდენელი, 
ჭიაურის ტყე გზადაბურდული, 

ენგურის წყალი დაულეველი, 
სვანეთის მთების ზვავთა შურდული, 
წინანდლის ვარდი დაუჭკნობელი, 
ყვარელის ღვინო, კახეთის გული, 

ალადასტური და ოჯალეში, 
აჯამეთივით ამდგარი ყანა, 
არხით მორწყული ყველა სოფელი, 
მთა მყინვარისა, უშბა, უშგული 

ლოცავენ მიწას, თავის მწყალობელს, 
ჩვენთან მღერიან ერთ საგალობელს!.. 
ორმოცი წლის ვარ, კიდევ ორმოცის 
უფრო მტანჯველის რომ ვიყო მთვლელი, 

ვერ შემაჩერებს გათხრილი ორმოც, 
ვარ ყრმა უცადი და პირტიტველი. 
ჩემშიც გადმოდის, ჩემშიც იღვრება, 
ჩემი სამშობლოს ფენიქსის ბედი. 

არ უნდა კვესით გულს ამღერება, 
ცეცხლმიუდებლად იწვის აბედი!.. 
ეს ძველისძველი ამბავი არი, 
მაგრამ ამაზე ძველიც რომ იყოს, 

ძვირფასო, გვახსოვს შავი ზღაპარი, 
დაე, ერთ წუთად გამოიქროლოს! 
შენი გაზრდილი ვაჟი, ქალწული 
შენს კარ-მიდამოს ვეღარ იცავდა, 

გემის ანძაზე ხელგაბაწრული 
სტამბოლს მაჰმადის წვერსა ჰფიცავდა. 
ისმის სიმღერა იანიჩარის 
და ყრუ ქვითინი მამელუკისა, 

შინ დაბრუნებას გული იჩქარის - 
გზა დაბურდულა ყველა რუქისა. 
განა ეღირსა ვისმე იმათგანს 
კიდევ ენახა სამშობლო მხარე? 

მრუდეს ლესავდა ის იატაგანს, 
თან დასდიოდა ცრემლი მდუღარე, 
მონად გაყიდულს არა ჰყავს მხსნელი, 
ტყვილად ჭიხვინებს არაბის ცხენი!.. 

შამილის ბებერ და დამაშვრალ ძვლებს 
ვერ მოასვენებს მექა-მედინა, 
”სამოთხეშიაც“ სული ვეღარ ძლებს 
მჲურიდს სირცხვილის ცრემლი ედინა. 

ჩვენც კარგად გვახსოვს ლეკის ტყვეობა - 
გურამიშვილი და ლამისყანა, 
დღეს კი გაჩაღდა მთებში დღეობა 
და გულის ძგერით უსმენს ქვეყანა. 

თუ სხვას არ ახსოვს, შენ მაინც გახსოვს, 
ჩემო ტანჯულო სამშობლო მხარევ, 
თუ რა მდუღარე ცრემლი გედინა. 
გაშალე ყველა ძველი ეფუთი 

და ბედისწერის კარაბადინი, 
მაჩვენე სადმე, რომ ქართველ ხალხში 
ასეთი შრომის სუფევა იყოს? 
აბა, თუ გახსოვს, თუნდ ერთი წუთი? 

რომელ ერთს მეტყვი, დამისახელებ, 
ასეთ ბედნიერ მე ქორონიკონს. 
იყო ქალდეა და ბაბილონი, 
იქნება უფრო შორი გზაც გქონდა. 

გიცვალეს ბევრჯერ შუბლზე მირონი, 
შენი ბუმბული ნიავს გაჰქონდა! 
გიცვლიდნენ მიწას... ოფლში გაწურულს, 
რომ შეუცვლიან სიცხის სასთუმალს, 

და თუ არ გხედავთ ახლა გასუდრულს, 
ესეც ვუმადლოთ ჩვენს ბედს იდუმალს. 
ორმოცი წლის ვარ, კიდევ ორმოც წელს 
აღარ მომაკლებს ლექსი ჟრუანტელს, 

ოღონდ გხედავდეთ ასე ბედნიერს 
შენ და შენს გაზრდილ მსოფლიო ნათელს. 
გამოვიტანჯეთ ეგ შედარება, 
რამაც ბავშვობის გული განგმირა, 

ჩვენ კლდეს ყორანი არ ეკარება, 
დაულეწია ჯაჭვი ამირანს. 
ამ ამირანის სახელიც ვიცით, 
მთელი დუნია იხსენებს ფიცით!.. 

უთქვამთ, რომ ხალხებს ყრმა ისკანდერმა 
კავკასიონზე ესროლა ბადე. 
სალი გასტეხა კლდე-ხალხთა გრდემლმა, 
თავის მესია თვითონ დაბადეს. 

თვითონ დროშაა და ამ დროშის ტარს 
ვერავინ ნახავს დაღუნულს, დახრილს, 
მონათ დახსნის ხმა უფრო შორს ატანს, 
მაკედონელის გასცდება მახვილს!.. 

სულმოუთქმელი ასე ვიმღერი, 
ლექსი დაწმენდას ვეღარ მოუცდის, 
როცა დიდ გრძნობის გძირავს მეწყერი. 
ნათელი დღეა კონსტიტუციის, 

ხალხის დროშის ტარს ხელით ვატარებ, 
ყველა დამკვრელთა მე ვარ მგოსანი, 
მაგრამ დიდ პოეტს თავს არ ვადარებ, 
ბავშვიც კი მჯობნის ფრიადოსანი. 

ღამეა - თეთრი ირმის ნაწველი, 
დღე - შვინდისფერი და ნამიანი, 
გვთუთქავს ახალი გრძნობა დამწველი 
სულისდგმა ახალ ადამიანის. 

აბა პოეტი ვინ გაგიბედავს, 
ანდა თავხედი ვინ გაგაწბილებს; 
როცა სვანეთის მთას გადახედავს, 
სულმოუთქმელი რომ მღერის ”ლილეს“!.. 

მთაც ლამაზი გაქვს, ბარიც ლამაზი, 
და თუ არ იყო ქვეყნად ედემი, 
ეს შენი არის ზვარი და ვაზი, 
ცეცხლის ბრიალით გულს რომ ედება. 

ჩვენ თუ მეორედ დავიბადენით, 
- ეს შენი ვნახეთ ჩვენ დაბადება, 
რომ სიხარულის ცრემლის დადენით 
ახალი კაცის გავხდეთ ბადებად. 

ნუღარ ვახსენებთ დიდ ქალთა სახელს 
მედეას, ნინოს, თამარს, ქეთევანს. 
დიდ მგოსნებს ვხედავთ, იმათ ამსახველს, 
ვეღარ გაუძლებთ მათ შემოტევას, 

გთხოვთ, რუქაია, გვითხრა ზღაპარი 
ჩვენ ახალგაზრდა ქალიშვილისა, 
ქარხნის დამკვრელი წითელ თავსაფრის, 
და პარაშუტის გადაშლილისა... 

თქვი, რუქაია, ამის ზღაპარი... 
იაკობ ხუცესს, მიქელ მოდრეკილს, 
ლეონტი მროველს და ეფრემ მცირეს, 
მთაწმინდის ბერებს, სიცოცხლის მთმობელს, 

რომელთაც ქართვლის ენა მოპირეს, 
ჩახრუხაძესა და სარგის თმოგველს, 
სიტყვაულეველ თვითონ რუსთაველს. 

ორ დიდ თეიმურაზს და არჩილ მეფეს, 
გურამიშვილსა და საბა სულხანს, 
„ქართლის ცხოვრების“ მემატიანეს 
და მოკალმასე ბერ იოანეს - 

ყველას გეძახით, იყავით მოწმე 
დასტოვეთ თქვენი საფლავის დვირე - 
მე არ მრცხვენია დიდ ეპოქისა, 
ერთი საწყალი რომ ვარ მესტვირე. 

ასე მგონია, აღსდგება მარრი 
და ხელს დაადებს ის ახალ ხანძთელს, 
ერთი მერჩული დასტურ რა არი, 
როგორ გასწვდება ჩვენ გმირს აწინდელს? 

რომ აღიწეროს საქმე და ღვაწლი, 
რაც ჩვენ ცხოვრებას თან შეეზარდა, 
ათას ერთ ღამის ზღაპრის სანაცვლო 
ათას ერთი დღის შეჰერაზადა... 

6 ივლისი, 1935 წ.