მჯერა მამულის მზე არ გამრიყავს,
გულში სათუთად რომ ვინახავდი.
დედის ჭაღარავ, ჩემო მარიკა,
ნახვამდის !..
ცაში ცეცხლია ლაჟვარდის ნაცვლად
და ყუმბარებით მთები იძვრიან.
არა, კალმის და წიგნების კაცად
მე დღეს დარჩენა არ შემიძლია.
ჩემი აკვანი აქ გადაირწა,
მუხების ჩრდილში სტრიქონს ვჩარხავდი.
ჩემი თამაზის საფლავის მიწავ,
ნახვამდის!..
გფიცავ, შავ სიკვდილს თვალში ჩავხედავ,
საზიზღარ მტერზე ხიშტშემართული,
მე ასე მზრდიდა სამშობლო-დედა,
მე ასე მზრდიდა მიწა ქართული.
მე თქვენს სიმწვანეს, მშობელო მთებო,
შემეძლოს,_ მკერდში დავიმარხავდი,
ჩემო ჭაღარა გოლიათებო,
ნახვამდის!
თუ მტერმა დამცეს ხმალგაბასრულმა,
დარდს ნუ მოიხვევთ ღრუბლის გუნდებად.
რა ვუყოთ, ომში ბევრი წასულა,
მაგრამ ყველა ხომ ვერ დაბრუნდება...
არა, სამშობლოს მზე არ გამრიყავს,
გულში სათუთად რომ ვინახავდი.
დედის ჭაღარავ, ჩემო მარიკა,
ნახვამდის!..
1943 წ