ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამქვეყნიურს,
სიყრმითგან ვეტრფოდი.
და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ მე – არ ვეტრფო
არ ოდენ ფერსა სხვას.
თვალებში მშვენიერს,
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.
ფიქრი მე სანატრი
მიმიწევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.
მოვკვდები – ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს,-
მის მაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!
სამარეს ჩემსა როს
გარს ნისლი მოეცვას,-
იგიცა შესწიროს
ციაგმა ლურჯსა ცას!
1841 წ.