პირმოღუშული სახითა
აქ მრავალს ჩაუვლია ...
შენ ამ ქალაქში რა გინდა,
პატარა თამუნია?!
ქალაქი - დიდი იმედის!
ქალაქი - ტყუპი მექის!
დადიან ბრძნული ხველებით
ვეტერანები ჭლექის ...
მთაში ირემი აყვირდა
ტირილი გაურია ...
შენ ამ ქალაქში რა გინდა,
პატარა თამუნია?!
სად უცხო ჭალაკი არი
და სად ვიწროში ბღავის
არაგვი - არაგვიანი,
იქ უნდა კრეფდე ყვავილს!...
პირმოღუშული სახითა
აქ მრავალს ჩაუვლია ...
შენ ამ ქალაქში რა გინდა,
პატარა თამუნია?!
ანანურზეით სოფელი ...
წელში გაჩრილი წალდით
ტყეს წავა მამა მშობელი -
მუშტისტოლაა დარდით ...
მთაში ირემი აყვირდა
ტირილი გაურია ...
შენ ამ ქალაქში რა გინდა,
პატარა თამუნია?!
1960