Litclub.ge

მე ვცხოვრობ ცარიელ არათითზე
ქუჩაში გოგონა იებით, იოლად მიხვდებით მიჯნურია... 
გარბიან ხეები მითითებით...მოხუცი სიცოცხლეს ეფერება. 
ნიკაპის ორმოში ჩათესილი იმედი წუხელაც მაჯერებდა, 
რომ უნდა წავიდე, დავიმალო, ნერვები დარბიან ელფებივით. 
ბავშვობის საკერავ მანქანაზე ბედს ჩემი სიცოცხლე შევუკვეთე, 
მე ვცხოვრობ ცარიელ არათითზე, მესამე სართულზე ნაოჭიდან. 
დღის მთვარემ საღამო ამობურცა, ქალაქი გულივით შეიკუმშა, 
სარკიდან ამოძვრა ქედმაღალი ტკივილი და ჩემს თავს მევაჭრება. 
ორსული ქალივით გადაგორდა გზიდან მოყვითალო ავტობუსი, 
ხიდთან შემაჩერეს პატარებმა, დედამ დაგვტოვაო უსახლკაროდ, 
მალე უსათუოდ დაბნელდება, მთვარე შევა ზეცის სასტუმროში, 
მე კი ავუყვები ფიქრის უბანს, ბედი მომაკითხავს სამკითხაოდ.