Litclub.ge

ნანა
ნანა, შვილო, ნანინა!
ნეტა რამ შეგაშინა?
რაზედ შეჰრთი, მტირალნი
რისთვის მომაპყარ თვალნი?
ჯერედ რომ შენი ბედი,
გრძნობა წინამორბედი
არ უხატავს მაგ შენს თვალს
ქართველთადმი ღვთიურს ვალს!..
   მაშ, რაღამ შეგაშინა?
   ნანა, შვილო, ნანინა!

ჯერ, მინამ ხარ ყმაწვილი,
მინამ დრო მოგესწრება,
ისწრაფვე, შვილო, ძილი,
ისწრაფვე განსვენება!
მოვა დრო, გაიზრდები,
მკლავი გაგიმაგრდება,
შვილო, ყრმობის სიზმრები
ბრძოლაზედ გაგეცვლება.
   არ შემიდრკე მაშინა,
   ნანა, შვილო, ნანინა!

გაიგებ მამულისას,
ბედქვეშ დაჩაგრულისას,
კვნესის ხმასა მწუხარეს,
შველის ძახილს მმუდარეს;
დალოცვილსა ჩემგანა
გული აგიღელდება,
შვილო, დედისა ნანა
ხმლის ჟღერად შეგეცვლება.
   არ შემიდრკე მაშინა,
   ნანა, შვილო, ნანინა!

ჰნახავ ჩვენ ბედშაობას,
ჩვენს ერთობას დაკარგულს,
ჩვენსა წამხდარს გმირობას
და მამულს დაობლებულს...
აინთე ცეცხლით გული,
მტერსა დაეცი მეხად
ან, ვით შვილი ერთგული,
დააკვდი მამულს მსხვერპლად!
   არ შემიდრკე მაშინა,
   ნანა, შვილო, ნანინა!

დედათა გული ჩჩვილი
მამულისთვის მაგრდება,
რად მინდა იგი შვილი,
თუ მისთვის არ მოჰკვდება!
ვისაც ძე არ შეუკლავს,
როს მამულს სჭირებია,
შვილო, იმ ვაგლახ დედას
შვილი არ ჰყვარებია!
   მე ისე არ წავხდები,
   ნანა, შვილო, ნანები!

ჩემის მამულისათვის
მე ჩემს ძუძუს გაწოვებ,
მისის სიკეთისათვის
გაგწირავ და გაბრძოლებ...
მას დედის ძუძუ ტკბილი
შხამადაც შერგებია,
მამულისთვის სიკვდილი
ვისაც დაზარებია!
   შენ ისე არ წახდები,
   ნანა, შვილო, ნანები!

იცოდე, ეგ სიკვდილი
მეტი დიდი რამ არი!
უკვდავი არის შვილი
მამულისთვის მომკვდარი!
მამულს მიგცა ზეცამა
და თუ ზედ დააკვდები,
ნუგეშ იცეს დედამა,
რომ კაცი კაცად ჰკვდები.
   ნუგეშს ვიცემ მაშინა,
   ნანა, შვილო, ნანინა!

სიკვდილის წამში მამულს,
შვილო, შენ გაუღიმებ,
რომ სისხლს, მისგან მოცემულს,
მასვე გმირებ უბრუნებ.
აღსრულდები ღიმილით,
რომ მამულს არ უმტყუნე
და შენ შენის სიკვდილით
მის სიკვდილი დასთრგუნე.
   გაიხარებ მაშინა,
   ნანა, შვილო, ნანინა!

თუ ეგრე შენ მოჰკვდები,
ნუ გინდა ნუცა ძეგლი,
ისეც უკვდავ იქნები,
ვით დედის შენის ცრემლი!
ჩემი ნანა ეს არი,
შვილო, მას უერთგულე:
რაც მე სიტყვით გითხარი,
შენ საქმით აღმისრულე!
   ნანა, მამულის მსხვერპლო,
   პაწაწინა ქართველო!

[1859 წელსა, 6-სა აპრილს,
ს. პეტერბურგი; 13 აპრილს,
1859-სა წელსა, ს. პეტერბურღი]