Litclub.ge

აბოს წამება
წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი რომელი იწამა ქართლს შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქმული იოვანე, ძისა საბანისი. ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლსა კათალიკოზისაჲთა
 
 
მე, სამოელ, ქრისტჱს მიერ ქართლისა კათალიკოზი, უფალსა იოვანეს საბანის-ძესა, სულიერად შვილსა წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა და საყუარელსა ჩუენსა, ლოცვით უფლისა მიერ მოგიკითხავ; მშჳდობაჲ იყავნ შენ ზედა და ყოველთა სახლისა შენისა კრებულთა ქრისტჱს მიერ!
ჩუენ თჳთ უწყით წადიერებაჲ შენი ღმერთის-მსახურებისათჳს და ღმრთივ-მიმადლებული შენი მეცნიერებაჲ საღმრთოთა წიგნთაჲ და გულს-მოდგინებაჲ შენი კეთილთა საქმეთა მოღუაწებისათჳს. შენ თჳთ უწყი სანატრელისა ამის ახლისა მოწამისა ჰაბოჲსი, რომელი დღეთა ამათ ჩუენთა იმარტჳლა მეოხად ქრისტჱს მიმართ ჩუენდა და ყოვლისა ამის სოფლისა ჩუენისა ქართლისათჳს.
მნებავს, რაჲთა დაიწეროს სანატრელისა ამისცა მარტჳლობაჲ, ვითარცა პირველთა მათ ქრისტჱს მოწამეთაჲ, და დაიდვას იგიცა წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა შინა მოსაჴსენებელად ყოველთა, ვინ იყვნენ შემდგომად ჩუენსა. ამისთჳცა მოვავლინე წიგნი ესე ჩემი ჴელითა ხსართან მღდელისა ჩემისაჲთა.
აწ მიიღე წიგნი ესე ჩემი და ლოცვაჲ ჩემი და ჯუარისა დაწერაჲ ჴელითა ჩემითა და შეწევნითა ღმრთისა მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲთა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და წმიდათა მოციქულთაჲთა და მოწამეთაჲთა ჴელ-ყავ გამოთქუმად სრულიად ჭეშმარიტად, ვითარ-იგი იყო და ვითარცა შენ თჳთ უწყი, და აღწერე მარტჳლობაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი და აღწერილი ჩუენ მოგჳძღუანე, რაჲთა უმეტჱსად ლოცვა ვყოთ შენთჳს. მადლი უფლისა იყავნ შენ ზედა. ამჱნ!
პასუხი წიგნისაჲ იოვანჱს მიერ
მარადის საწადელი და თაყუანის-საცემელი ბრძანებაჲ ღმრთივპატიოსნისა მამფლისა და უფლისა ჩემისაჲ მოვიღე ჴელითა სიწმიდის მოყუარისა ხსართა მღდელისაჲთა, რომლისათჳსცა აღპყრობითა ჴელთა ჩემთაჲთა მადლი შეწირა უღირსებამან ჩემმან ყოვლად-ძლიერისა და ქველის მოქმედისა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა, რომელმან არა დავიწყებულ-ყო სიმდაბლჱ ესე ჩემი ღმრთივ-შეწყნარებულთა წმიდათა ლოცვათა თქუენთა, რომელთაცა ესე ღირს ვიქმენ მე მიმთხუევად. და უფროჲსღა ვაქებ და ვაკურთხევ მე მოწყალებასა ღმრთისასა, რომელმან დაჰნერგა გულსა მამფლისასა ესევითარისა ამისთჳს ბრძანებად, რომელი სარგებელ და ნაყოფ სულისა და სიქადულ და სიხარულ ჴორცთა მექმნების მე სუკუნოდ მიმართ და სოფელსაცა ამას.
აწ რაჲ მოვაჴსენო უფლებასა თქუენსა? მძიმე არს ჩემდა ორკერძოვე; უკუეთუ ურჩ ვექმენე ბრძანებასა თქუენსა, წერილ არს: “შვილი ურჩი წარსაწყმედელსა მიეცესო”, და თუ ვისწრაფო მორჩილებად, მისთჳსცა იტყჳს: “უდარჱსსა შენსა ნუ გამოეძიებო და უძლიერჱსსა შენსა ნუ განიკითხავო”. ამისთჳს შიშმან და ზრუნვამან შემიპყრა მე და შეშფოთნა გონებაჲ ჩემი და დავეცი და მოვაკლდი მეცნიერებისაგან. არამედ უმჯობჱსად შევრაცხე მორჩილ-ყოფად თავი ჩემი ბრძანებასა უფლისა ჩემისასა, რომლითა კუალად განვძლიერდი და აღვემართე ღმრთის სათნოჲთა წმიდითა ლოცვითა თქუენითა და მარადის ძღუნის მიმპყრობელისა ღმრთისა მარჯუენისა თქუენისა ჯუარისა წერითა ჩემ უღირსსა ზედა და რამეთუ ვისწავეცა ბრძენთა-მთავრისა მის სოლომონის მიერ თქმული, ვითარმედ “ჰბაძევდ ჯინჭველსა, მედგარო, და იქმენ მუშაკ მსგავს მისა”. ვითარცა იგი მან თჳსსა უდიდჱსსა მარცუალსა მას იფქლისასა შებმა-უყვის გულს-მოდგინედ, ვიდრემდის აღიღის და წარიღის საზრდელად თჳსა.
მეცა გულს-მოდგინე ვიქმენ უძლიერჱსსა ჩემსა აღებად და წადიარებაჲ გულისა ჩემისაჲ აღავსო უფალმან, და აღვწერე უღირსისაგან გონებისა ჩემისა შემოკრებული მარტჳლობაჲ, ჭეშმარიტი და უტყუელი, წმიდისა მოწამისაჲ მადლითა და მეოხებითა ნეტარისა ჰაბოჲსითა და მოგიძღუანე უფალსა ჩემსა, რომლისათჳს კუალად ვითხოვ ვედრებით: სათნო-ყავნ უფალმან გულსა თქუენსა და გულსა ყოვლისა ქრისტჱს მოყუარისა ერისა მორწმუნისასა, რომელნი აღმოიკითხვიდენ, რაჲთა ზიარ ლოცვათა თქუენთა იქმნეს კუალად და მერმეცა უღირსებაჲ ჩემი.
საკითხავნი წმიდისა ჰაბოჲსნი, თავნი დ
პირველი თავი: ღმრთის-მსახურთა და მარტჳლთ-მოყუარეთა კრებულისათჳს თხრობაჲ და მოძღურებაჲ და ახლისა ამის მოწამისა ჰაბოჲს ჴსენებაჲ.
მეორჱ თავი: ქართლად შემოსლვაჲ და ნათლის-ღებაჲ ნეტარისა ჰაბოჲსი.
მესამჱ თავი: მარტჳლობაჲ წმიდისა ჰაბოჲსი.
მეოთხჱ თავი: ქებაჲ სანატრელისა წმიდისა ჰაბოჲსი.
პირველი თავი
ღმრთის-მსახურებისათჳს შეკრებულთა მათ უწყებაჲ და
მარტჳლთ-მოყუარეთა მათ სწავლაჲ და ახლისა
ამის მოწამისა მოჴსენებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი
საყუარელნო მამისანო და მეგობარნო და მონანო ქრისტჱს, ძისა ღმრთისანო, და სამკჳდრებელნო სულისა წმიდისანო! გხედავ თქუენ, ვითარცა ღმრთივ-ცნობილთა და ღმრთისა მცნობელთა, ამისთჳსცა გარქუ თქუენ მონად და მეგობრად ქრისტჱსა. მონად ამის გამო, რამეთუ “პატიოსნითა სისხლითა მისითა სყიდულ ხართ” თქუენ, ხოლო მეგობრად ამისთჳს, რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი და სიყუარულითა მისითა ნათელ გჳღებიეს.
აწ გლოცავ თქუენ ქრისტჱს მიმართ სურვიელითა გულითა: მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროჲსღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქუენისანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა, - რამეთუ ქრისტჱსთჳს არიან და სანატრელთა მისთა მოწამეთათჳს, - შეიწყნარეთ კარავსა გუამისა თქუენისასა და სავანჱ განუმზადეთ. რამეთუ უფალსა ჰნებავს დამკჳდრებად ასოთა შინა თქუენთა, ვითარცა თქუა წმიდამან მოციქულმან პავლე, მოძღუარმან ეკლესიათამან, ვითარმედ “ტაძარნი ხართ ღმრთისანი და სული წმიდაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის”; და უფალი იტყჳს წინაჲსწარმეტყუელისა მირ: “მე მოვიდე და დავიმკჳდრო თქუენ შორის”, და წმიდასა შინა სახარებასა იტყჳს, ვითარმედ “სასუფეველი ღმრთისაჲ გულთა შინა თქუენთა არს”.
ამისთჳს, საყუარელნო, ნუ გეწყინებინ სმენად სიტყუათა ამათ, რაჲთა არა ცუდად დავშურეთ: მე სიტყჳთა და თქუენ სმენითა, - რაჲთა ერთობით მოგუცეს ჩუენ უფალმან სასყიდელი შრომათა ჩუენთაჲ.
და არა თუ ხოლო ჩემდა მარტოჲსა საძიებელ არს სმენად საწადელი ესე მარტჳლობაჲ წმიდისა ამის მოწამისაჲ, არამედ ყოველთაჲ ჯერ-არს თქუენდაცა დაკჳრვებად ჩემ თან, რომელნი ესე შემოკრებულსა ამას ჟამსა მეშჳდესა დარსა ზედა ვდგათ, რომლისა ჟამისათჳსცა უფალი იტყჳს, ვითარმედ “მრავალნი სცთებოდიან და მრავალთა აცთუნებდენ”; და მოციქული პავლე მისწერს ტიმოთესა, ვითარმედ “მოვალს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღურებასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის-თქუმისაებრ თჳსისა თავით თჳსით შეიკრებდენ მოძღურებასა ქავილითა ყურთაჲთა და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი გარე-მიიქცინენ და ზღაპრებსა მიექცენ”, რომელიცა ესე აწ ჟამსა ამას აღესრულების ჩუენ შორის.
რამეთუ რომელნი ესე ვართ ყურესა ამას ქუეყანისასა, სასტიკებისაგან და სივერაგისა, მანქანებითა მით საცთურებისაჲთა, ზედამდგომელთა ამათ ჩუენთა, მფლობელთა ამის ჟამისათა, ზაკულებითა მოძღურებისაჲთა, თჳთ თავით თჳსით შჯულის-დებისაჲთა, განდგომილთა ქრისტჱსგან, მრავალნი შეაცთუნნეს და გარდადრიკნეს გზისაგან სიმართლისა და ჭეშმარიტებასა ქრისტჱს სახარებისასა შეეცოდნეს რომელნი ხუთასის წლისა ჟამთა და უწინარჱსღა შჯულ-დებულ ყოფილ [არიან] წმიდითა მადლითა ნათლის-ღებისაჲთა.
მიერითგან და ვიდრე აქამომდე ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნნეს: რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკუვარებით. და სხუანი, რომელნი ესე ვართ მორწმუნენი, მძლავრებასა ქუეშე დამონებულ[ნი] და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი, ძჳრ-ძჳრად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა, არამედ ქრისტჱს სიყუარულითა და შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჭირთა მოთმინებითა. არა განეშორებიან მხოლოდ-შობილსა ძესა ღმრთისასა.
ესევითარსა ჟამსა შინა გამოჩნდა ახოვნად წმიდაჲ ესე მოწამჱ; არა თუ პირველითგანვე ჩუენგანი იყო, არამედ უმეცარი, სარწმუნოებისაგან ჩუენისა უცხოჲ, უცხოჲთა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, შეემეცნა, რომლისათჳსცა დღეს კუალად ახალმან ამან დღესასწაულმან და კრებამან წმიდისა და ახლისა მოწამისამან გჳრგჳნოსან-ყო ეკლესიაჲ, და ყოველი კრებული ქრისტეანეთაჲ ერთბამად განანათლა, და ყოველინივე პირნი ღირს იქმნნეს ამას დღესა გარდამეტებულისა მადლისა შეწირვად ქრისტჱს მიმართ, ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა.
რამეთუ მრჩობლ იქმნა დღესასწაული ესე ღმრთის-გამოცხადებისაჲ და მადლმან ღმრთისა მამისამან, გამოჩინებითა მით ჩუენდა საყუარელისა ძისა თჳსისაჲთა და გარდამოსლვითა სულისა წმიდისა მისისაჲთა, სარწმუნოებითა შეთხზული იგი გჳრგჳნი მარტჳლთა თჳსთაჲ დაადგა თავსა ზედა ეკლესიასა, რომლისაგანცა სიმრავლჱ იგი დღესასწაულთაჲ, ვითარცა გჳრგჳნი, გარემოადგეს და ღმრთისმოყუარეთა მათ ჩვეულებაჲ აქუს მარადის შემოკრებად მას შინა საღმრთოჲსთჳს დიდებისა.
რამეთუ ერთად შეკრებითა მით მათითა მრავალი ღმრთის-მსახურებაჲ აჩუენიან, არა თუ ცუდთა განცხრომათა და ჭამადთა ნაყროვნებისა უძღებებაჲ შორის მათსა იპოვის, არამედ ყლველთა წილ საჭმელთა გემოვანთა ძალი იგი საღმრთოთა სიტყუათა ტკბილადი გამოვალნ პირსა მათსა, რამეთუ სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ ოხრინ შორის მათსა, ვითარმედ: “ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფალო, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა”. რამთუ შეკრებასა მას ჭამადთასა განძღებაჲცა აქუს, ხოლო ღმრთისა სიტყუათა მოჴსენებასა არა არს განძღებაჲ ღმრთის-მოყუარეთა სულთაჲ.
და კულად: “წმიდათა მათ მარტჳლთა ჴსენებითა ვინმემცა განძღა მარტჳლთ-მოყუარჱ?” და ერთგულებაჲცა აქსუ უფლისა მიმართ, რამეთუ ეტყჳს უფალი წმიდათა მისთა: “რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარა”; ამისთჳს უფროჲსღა გულს-მოდგინედ საღმრთოთა მათთჳს არნ შეკრებაჲ იგი მათ; მუნ შუვა წარმოიხუნიან სიტყუანი იგი ცხორებისანი, მუნ სამებისა წმიდისა იგი სარწმუნოებაჲ აღორძნდებინ, მუნ სწავლანი იგი სიტკბოებისანი, მუნ მოძღურებანი იგი მადლისანი, მამათ-მთავართა იგი შუენიერებაჲ, წინაჲსწარმეტყუელთა იგი დიდებანი, მოციქულთა ქადაგებანი, მოწამეთა მათ მოღუაწებაჲ, ქრისტჱსი იგი თავს-დებაჲ, ჩუენთჳს ვნებაჲ.
რამეთუ სიმტკიცე და სიხარულ ექმნის ჭაბუკთა მოთხრობითა მით სიმჴნჱ იგი ქრისტჱს-მოღუაწეთაჲ და სიქადულ და მხიარულება მოხუცებულთა ჴსენებაჲ იგი ღუაწლისა მის მარტჳლთაჲსაჲ. და საწადელ და სასურველ მღდელთა და ყრმათა მათ მოწაფეთა და შვილთა ეკლესიისათა კრებაჲ იგი დღესასწაულისა მის წმიდათაჲსაჲ.
და ემსგავსნიან შორის ეკლესიასა ჴმანი იგი მათნი ანგელოზთა მათ გალობის შემსხმელთა და სული წმიდაჲ იხარებნ შორის მათსა თავყუანის-ცემული, და მამაჲ იდიდებინ და კაც-მოყუარებაჲ იგი და ქველის-მოქმედებჲ ძისაჲ იქადაგებინ. რამეთუ ყოვლისა მპყრობელმან ღმერთმან და დიდად უხუმან უფალმან, რომელმან არა უგულებელს-ყო ურვაჲ კაცთაჲ და სიყუარულისათჳს კაცთაჲსა ქალწულისაგან წმიდისა ჴორცნი შეიმოსნა, წმიდითა მით ჴორცითა მისითა სამოთხით გამოვრდომილსა მას კაცსა დაცემულსა ზეცად აღუწოდა და მოუწდომელსა მას საიდუმლოსა ღირს-ყო, რომელ-იგი არა იყო, და დაადგრა, რომელ-იგი იყო, დიდებაჲ მაცხოვრისა ჩუენისაჲ, იესუ ქრისტჱსსა მას დამდაბლებასა ჩუენთჳს.
რამეთუ დამდაბლდა და მიჴსნნა ჩუენ, აღმაღლდა ზეცად, ვინაჲცა გარდამოჴდა, და მიწისაგანი ესე კაცებაჲ თანა-აღიყვანა და მარჯუენით მამისა მჯდომარე არს, რომელი იგი საკჳრველად განგებულებით შეიერთა ღმრთეებამან, რომელიცა-იგი ორითავე მით სახელითა, - ერთი ძჱ ღმერთად და კაცად, თჳნიერ განყოფისა, - იქადაგების, იგივე “სახელით ენმანუელ - ჩუენ თანა ღმერთი” და კაცი, “რაჲთა, სახელისა მიმართ მისისა ყოველი მუჴლი მოდრკეს, ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აღუაროს” სახელსა მისსა.
რამეთუ საშინელ და წმიდა არს და ყოვლად ძლიერ და საკჳრველ და უფალ და ყოვლისა-მპყრობელ არს სახელი მისი; ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ მიწდომად სიმდიდრესა მას სახელისა მისისასა, არამედ უძლურებისაებრ ჩემისა და გულს-მოდგინებისა თქუენისა ვიწყო თხრობად თქუენდა, საყუარელნო: კარ, გზა, ტარიგ, მწყემს, ლოდ, მარგალიტ, ყუავილ, ანგელოზ, კაც, ღმერთ, ნათელ, ქუეყანა, მარილ, მატლ, მარცუალ მდოგჳს, მზე სიმართლის, ძე მამის უკუდავის და ერთ ღმერთ გარდაუქცეველ და განუქარვებელ და უცვალებელ.
რამეთუ უქცეველ და განუქარვებელ არს შემდგომად ჴორცთა შესხმისა და შეერთებისა ღმრთეებისა იგი ბუნებაჲ, რომლისათჳვს, უკუეთუ შემძლებელ ვიქმნეთ, თითოეულის ამის სახელისათჳს, ჭეშმარიტად უწყებად თქუენდა. გარნა მადლითავე მისითა გაუწყო თქუენ, ქრისტჱს-მოყუარეთა.
კარ ეწოდა, რამეთუ თქუა: “მე ვარ კარი ცხოვართაჲ”, რამეთუ ჭეშმარიტად მორწმუნენი მისნი მის გამო, ვითარცა კარსა მას სასუფევლისასა შევალთ.
გზა ეწოდა, რამეთუ თქუა: “მე ვარ გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ”, რამეთუ ზეცად აღმავალთა გუექმნების ჩუენ გზა.
ტარიგ ეწოდა, “რამეთუ ჩუენთჳს დაიკლა” და მარადის ცხოველ არს და ჴორცთა და სისხლთა მისთა ჩუენდა განყოფითა ცხორებასა საუკუნესა მოგუანიჭებს.
მწყემს ეწოდა, რამეთუ თქუა: “მე ვარ მწყემსი კეთილი”, ჭეშმარიტად ცხოვარნი შეცთომილნი მოგუაქცინა და მტერი იგი ჩუენი ლომი არგნითა ჯუარისაჲთა მოკლა და მისგან დაჴსნილი იგი გუამი პირველ-შექმნულისაჲ მის ძალითა ღმრთეებისაჲთა კუალად განაცოცხლა და ნაკბენი იგი გესლიანისა მის მგელისაჲ წყლულებითა თჳსითა განკურნა და გესლი იგი მომაკუდინებელი წამლითა მით ღმრთეებისა თჳსისაჲთა განაქარვა და აღასრულა სიტყუაჲ იგი, წინაჲსწარმეტყუელისა მიერ თქუმული, ვითარმედ: “იწყლა იგი, ცოდვათა ჩუენთათჳს და წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით”.
ლოდ საკიდურ ეწოდა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რამეთუ ესე არს, რომელი-იგი შეურაცხ და განგდებულ იქმნა მღდელთ-მოძღუართა მათგან და მწიგნობართა ნათესავისა ჰურიათაჲსა იერუსალჱმს, არამედ ესე თავ ყოველთა ცის-კიდეთა იქმნა.
მარგალიტ ეწოდა, რამეთუ იგი, ვითარცა მარგალიტი, შორის ორთა მათ ფიცართა, სულისა და ჴორცთაჲსა, ღმრთეებით გამობრწყინდების, რომელსა ღმრთისმოყუარენი იგი ვაჭარნი სასუფეველისანი, ვითარცა ღმერთსა არა შიშუელსა და კაცსა არა ლიტონსა, არამედ ვითარცა ღმერთსა და კაცსა, სარწმუნოებით ეძიებენ და მოიყიდიან მხოლოსა მას მრავალ-სასყიდელსა ყოვლისა სოფლისა წარგებითა და სისხლთა თჳსთაცა დათხევითა.
მარილ ეწოდა, რამეთუ ცოდვითა განრყუნილთა ამათ ჴორცთა ჩუენთა მოგუეახლა და სიმყრალჱ იგი კერპთ-მსახურებისაჲ განგუაშორა და სულნი ჩუენნი სარწმუნოებითა ღმრთის-მსახურებისაჲთა სულნელად შეზავნა.
ყუავილ ეწოდა, რამეთუ ძირისაგან იესჱსისა ყუავილად აღმოსცენდა ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან ჴორციელად, ხოლო სულნელებითა მით ღმრთეებისაჲთა სული იგი მადლისაჲ მოჰფინა ჩუენ ზედა.
ანგელოზ ეწოდა, რამეთუ ერქუმის მას წინაჲსწარმეტყუელისა მიერ “დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკჳრველი”, რომელი მამისა მიერ ჩუენდა მჴსნელად მოვიდა.
კაც ეწოდა, რამეთუ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: “კაცი არს და ვინ იცნას იგი”; ჭეშმარიტად სრული კაცებაჲ შეიმოსა, თჳნიერ ცოდვისა, და ღმრთეებაჲ თჳსი ჩუენ გამოგჳცხადა.
ღმერთ ეწოდა, ვითარცა თქუა ნეტარმან იოვანე მახარებელმან, ვითარმედ “ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი და ყოველივე მის მიერ შეიქმნა, რაჲოდენი რაჲ იქმნა”.
ნათელ ეწოდა მის მიერვე, რამეთუ თქუა: “იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად”.
ქუეყანა ეწოდა, ვითარცა თქუა დავით: “ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თჳისი, მაკურთხენინ ჩუენ ღმერთო, ღმერთო ჩუენო!” ჭეშმარიტად ქუეყანისა დამბადებელი იგი ქუეყანად მოვიდა და ქუეყანით მიწისაგან შექმნულთა მათგან მიწისა ბუნებისა იგი ჴორცნი, ვითარცა შუენიერი ჯეჯლი, აღმოსცენდა ქუეყანით და ნაყოფად გამოიხუნა წმიდანი თჳსნი მოციქულნი და მოწამენი და მართალნი და დაწყეული იგი ქუეყანაჲ ნაყოფითა კურთხევისაჲთა აღავსო.
მარცუალ მდოგჳს ეწოდა, რამეთუ დაიკნინებს თავსა თჳსსა და მოგუემსგავსების ჰასაკსა ჩუენსა, რაჲთა ურნატსა სულისა ჩუენისასა, დაენერგოს და ღრმად ძირნი დაიბნეს და რტოთა მათ ზედა ჯუარისა მისისათა შეგუკრიბნეს და აღამაღლდეს და ჩუენ აღგუამაღლნეს მის თანა.
მატლ ეწოდა, რამეთუ თქუა: “მატლ ვარ და არა კაცი”, გამობრწყინვებითა ღმრთეებისაჲთა, ვითარცა სამჭედური მატლსა შინა, ეგრჱთ ჴორცთა შინა თჳსთა დაფარა და ღმრთეებაჲ იგი თჳსი და უფსკრულთა ამის სოფლისათა შთააგდო და აღმოიქუა, ვითარცა კეთილმან მეთევზურმან, რომლისთჳსცა იტყჳს: “შეიპყრა ვეშაპი იგი სამჭედურითა და განუღო დანდალი ყბასა მისსა და ხარტუკი ცხჳრსა მისსა”, ესე იგი არს ეშმაკი, რომელი შეიპყრა, და შემუსრნა მანქანებანი მისნი, რომლისათჳს წამებს მეფსალმუნჱ დავით: “შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპისაჲ მის”.
მზე სიმართლის ეწოდა, რამეთუ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: “და გამოგიბრწყინდეს თქუენ, მოშიშთა სახელისა მისისათა, მზჱ იგი სიმართლისაჲ, რომელსა აქუს კურნებაჲ ქუეშე ფრთეთა მისთა”; რამეთუ იგი არს, რომელი ჰფარავს და განატფობს და არარაჲ არს, რომელი დაეფაროს სიცხესა მისსა.
ხოლო ესე არათუ რაჲმე თვით თჳსით განგიმარტე თქუენ, საყუარელნო და ქრისტჱს-მოყუარენო და სწავლის-მოღუაწენო, არამედ წამებითა წიგნთაგან საწინაჲსწარმეტყუელოთა და მოციქულთა ქადაგებისაებრ, - წმიდათა სახაერებათა წერილნი და ნეტართა მამათა მოძღუართა მიერ განსაზღვრებული სარწმუნოებაჲ. რამეთუ უეჭუელი სარწმუნოებაჲ საუნჯე დიდ არს მორწმუნეთათჳს, მამაო ზეცათაო, ღმერთო და უფალო ცხოვრების მომცემელო, შენ მიერ მიღებითა მადლისაჲთა, რამეთუ ქრისტეანეთა სარწმუნოებაჲ დიდ მოძღურება არს! ამით მადლითა თავყუანის-გცემენ შენ მართალნი, გაკურთხევნ შენ წმიდანი, აღგიარებენ შენ მარტჳლნი და შენთჳს დევნულებად ღირს იქმნებიან, რომელმან ივნე ჩუენთჳს ქრისტე ღმერთო, მოწამე არიან შენდა და შენ შეგევედრებიან, და ცთომასა მას ეშმაკისასა და მსახურთა მისთა მძლავრებასა შეურაცხ-ჰყოფენ!
რამეთუ არა ხოლო თუ ბრძენთა სარწმუნოებაჲ ესე ღმრთისა მიერი მოიპოვეს, არამედ ჩუენცა, შორიელთა ამათ მკჳდრთა, ვითარცა წამებს უფალი და იტყჳს: “მოვიდოდიან აღმოსავალით და დასავალით და ინაჴ-იდგმიდენ წიაღთა აბრაჰამისთა, ისაკისათა და იაკობისთა”.
აჰა ესერა ქართლისაცა მკჳდრთა აქუს სარწმუნოებაჲ და წოდებულ არს დედად წმიდათა, რომელთამე თჳთ აქა მკჳდრთა და რომელთამე უცხოთა და სხჳთ მოსრულთა ჩუენ შორის ჟამად-ჟამად, მოწამედ გამოჩინებითა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ.
მეორჱ თავი
ქართლად შემოსლვაჲ და ნათლის-ღებაჲ წმიდისა
მოწამისა ჰაბოჲსი
რამეთუ იყო ჟამი, ოდეს ერის-მთავარი იგი ქართლისაჲ სახელით ნერსე, ძჱ ადარნესე კურაპალატისა და ერის-მთავარისაჲ, მიწოდებულ იქმნა ქუეყანად ბაბილოვნისა მფლობელისა მისგან მის ჟამისა სარკინოზთაჲსა ამირა მუმნისა აბდილაჲსგან, რომელი იყო ქალაქსა მას დიდსა ბაღდადს, რომელიცა იგი მან აღაშჱნა.
ხოლო შესმენითა ბოროტთა კაცთაჲთა საპყრობილესა შეაგდო მან ნერსე, ერისთავი ქუეყანისა ამის ქართლისაჲ, და პყრობილ იყო იგი მუნ ჟამადმდე სამისა წლისა, ვიდრემდის ბრძანებითა ღმრთისაჲთა მოკუდა აბდილ[ა] ამირა მუმნი და დაჯდა მის წილ ძჱ მისი მაჰდი. ხოლო ქველის-მოქმედმან ღმერთმან არწმუნა გულსა მაჰდი ამირა მუმნისასა განტევებაჲ ნერსჱსი და გამოიყვანა იგი მწარისა მისგან საპყრობილისა და განუტევა იგი კუალად ერის-მთავრობით აქა, ქუეყანადვე თჳსა.
მნებავს აწ, ქრისტჱს-მოყუარენო, ამიერითგან წმიდისა და სანატრელისა მოწამისა ამის ჰაბოჲსთჳს, რაჲთა გაუწყო, ვითარ ანუ რაბამ იყო, ანუ ვინაჲ მოიწია აქა.
ესე ნაშობი იყო აბრამეანი, ძეთაგან ისმაელისთა, ტომისაგან სარკინოზთაჲსა, და არა თუ უცხოჲსაგან თესლისა, არცა ხარჭისაგან შობილი, არამედ ყოვლადვე არაბიელთა თესლი, მამულად და დედულად, რომლისაჲ მამაჲ მისი და დედაჲ მისი და ძმანი და დანი მისნი იყვნეს მუნვე ქალაქსა მას შინა ბაღდადს ბაბილოვნისასა. და ესე იყო ყრმა, ჭაბუკ, ვითარ ათრვამეტის წლის, გინა უკნინჱს - აჩჳდმეტის წლის. ამან ინება წარმოსლვაჲ თჳსი აქა ერის-მთავრისა მის ნერსჱს თანა და შეეყო იგი მსახურად მისა. და იყო იგი ჴელოვან, კეთილად-შემზავებელ სულნელთა მათ საცხებელთა, და სწავლულ იყო მწიგნობრებითა სარკინოზთაჲთა, ძეთა ისმაელისთა, ძეთა აბრაჰამისთა, ნაშობთა აგარისთა.
ხოლო ამიერ ჩუენდა სოფლად გამოსლვაჲ იგი არა თუ თჳთ თავით თჳსით განიზრახა, არამედ ვითარცა იგი უფალმან ჰრქუა ნეტარსა მას აბრაჰამს მასვე ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, ვითარმედ “გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა მას, რომელი მე გიჩუენო შენ”; ეგრჱთვე ესე კუალად ნაშობი აბრაჰამისი არა თუ თჳსით გონებით, არამედ წამის-ყოფითა ღმრთისა მიერითა იწჳა ესეცა და დაუტევა მამა და დედა და ძმანი და ნათესავნი და მონაგებნი და აგარაკები, და, ვითარცა იგი უფალი იტყჳს წმიდასა სახარებასა შინა, წარმოვიდა აქა ნერსჱს თანა მგზავრ ქრისტჱს სიყუარულისათჳს.
და რაჟამს მოვიდა იგი ქართლდ, ცხომდებოდა იგი ნერსე ერისთვისა თანა და თჳსითა სათნოებითა იქმნა იგი საყუარელ ყოვლისა ერისა და შესძინა სწავლად ქართულისა მწიგნობრებისა და ზრახვისა ჴსნილად. მაშინ იწყო ზედა-მიწევნად და სწავლად წმიდათა საღმრთოთა წიგნთა ძუელისა და ახლისა შჯულისათა, რომეთუ უფალი მეცნიერ-ჰყოფდა მას. და მოვიდის იგი წმიდად ეკლესიად და მარადის ისმენნ წმიდათა სახარებათაგან და საკითხავთა მათ საწინაჲსწარმეტყუელოთა და მოციქულთა და მრავალთაგან შჯულის-მეცნიერთა იკითხავნ და ისწავებნ. ხოლო რომელთამე რეცა-თუ ცილობით წინააღუდგებიან, არამედ მიზეზ სწავლისა ექმნებინ მას, და ესრეჱთ სრულ იქმნა იგი ყოვლითა მოძღურებითა, რომელი აქუს წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა ქრისტჱს მერ.
მაშინ უდებ-ყო შჯული იგი მაჰმედისი და წესი იგი მამულისა მის ლოცვისაჲ დაუტევა და შეიყუარა ქრისტე ყოვლითა გულითა და გამოირჩია იგი სიტყჳვთა ამით, ვითარმედ “მითხრეს მე უშჯულოთა ზრახვაჲ, ხოლო არა ეგრე იყო, ვითარ შჯული შენი”. არამედ ვერ განიცხადებდა თავსა თჳსსა სრულიად ქრისტეანედ, ხოლო ფარულად იმარხავნ და ილოცავნ ქრისტჱს მიმართ და ეძიებდა ადგილსა კრძალულსა, სადამცა მოიღო ნათელი ქრისტჱსი, რამეთუ ეშინოდა სოფლისა მპყრობელთა ამათ ზედამდგომელთა ჩუენთა სარკინოზთაგან.
და იყო დღეთა მათ შინა კუალად განრისხებაჲ ჴელმწიფეთა მათ სარკინოზთაჲ ნერსე ერისთავსა ზედა, და ივლტოდა იგი, რამეთუ სასტიკად ჰბრძოდეს მას სარკინოზთა ერი; და უფალმან დაიცვა იგი ჴელთაგან მათთა, და განვლო მან კარი იგი ოვსეთისაჲ, რომელსა დარი-ალან ერქუმის. და რაჟამს განვიდა, იყო მის თანა ერისაგან მისისა ვითარ სამას ოდენ მამაკაც და მათ თანავე იყო სანატრელიცა ესე მონაჲ ქრისტჱსი ჰაბოჲ.
ხოლო ნერსე, ვლტოლვილი ქუეყანით თჳსით, შევიდა ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, სადა-იგი არს სადგური და საბანაკჱ ძეთა მაგოგისთაჲ, რომელ არიან ხაზარნი, კაც ველურ, საშინელ პირითა, მჴეცის ბუნება, სისხლის მჭამელ, რომელთა შჯული არა აქუს, გარნა ღმერთი ხოლო შემოქმედი იციან. და რაჟამს მივიდა ნერსე ერისთავი მეფისა მის ხაზართაჲსა, შეიწყნარა იგი უცხოებისათჳს და ვლტოლვილებისათჳს მტერთა მისთაჲსა და სცა მას და ყოველსა ერსა მისსა საზრდელი და სამოსელი.
მაშინ, ვითარცა იხილა ნტარმან ჰაბო, რამეთუ განშორებულ არს შიშისაგან და მძლავრებისა და სარკინოზთაჲსა, ისწრაფა მან მიახლებად ქრისტჱსა და ნათელ იღო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა ჴელითა პატიოსანთა მღდელთაჲთა; რამეთუ მადლითა სულისა წმიდისაჲთა მრავალ არს ქალაქები და სოფლები ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, რომელნი სარწმუნოებითა ქრისტჱსითა ცხომდებიან უზრუნველად. მიერითგან უფროჲსღა სავსჱ მადლითა ქრისტჱსითა ნეტარი ჰაბო შეეყო მარხვასა და ლოცვასა დაუბრკოლებელად.
მაშინ, შემდგომად რავდენისამე ჟამისა, ევედრა ნერსე მეფესა მას ჩრდილოჲსასა, რაჲთა განუტეოს იგი მიერ ქუეყანად აფხაზეთისა, რამეთუ პირველადვე წარეგზავნნეს მას დედაჲ და ცოლი და შვილნი და მონაგები და ყოველნი სახლისა მისისანი, რამეთუ კრძალულ იყო ქუეყანაჲ იგი შიშისაგან სარკინოზთაჲსა. ხოლო ღმერთმან მოამშჳდა პირი მეფისა მის ჩრდილოჲსაჲ და განუტევა ნერსე მრავლითა ნიჭითა. და წარემართნეს იგინი სიხარულითა და მადლობითა ღმრთისაჲთა და განვლეს ქუეყანაჲ იგი წარმართთაჲ, რომელთა ყოვლადვე არა იციან ღმერთი, და უშიშად ვიდოდეს დღჱ და ღამჱ სამისა თთჳსა გზასა.
ხოლო ნეტარი ჰაბო ეგოდენთა ამათ დღეთა მგზავრ ილოცვიდა და იმარხვიდა და არა დასცხრებოდა იგი ფსალმუნებითა. და ვითარცა მიიწინეს იგინი ქუეყანად აფხაზეთისა, მთავარმან მის ქუეყანისამან შეიწყნარა ნერსე ყოვლით ერით მისითურთ. ვითარცა იხილა ნერსე დედოფალი, დედაჲ თჳსი, და ცოლი და ძენი თჳსნი, სიხარულითა ყოველნივე აკურთხევდეს ღმერთსა ცოცხლებით და მშჳდობით შეკრებისა მათისათჳს.
მაშინ, ვითარცა ეუწყა მთავარსა მას აფხაზეთისასა ნეტარისა ჰაბოჲსთჳს, რამეთუ ახალ ნათელ-ღებულ არს, განიხარა ფრიად ყოვლით ერით მისითურთ; და მოუწოდეს მას მთავარმან მან და ეპისკოპოსმან და მღდელთა და აკურთხევდეს და ნუგეშინის სცემდეს და უთხრობდეს მას სიტყუათა ცხოვრებისათა და ახარებდეს ქრისტჱსთჳს, და საუკუნოჲსა მის ცხოვრებისათჳს. ხოლო იგი თავით თჳსით მიუგებდა მათ მადლობით სიტყუათა მათ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისათა, ვიდრემდის უკჳრდაცა მათ და ადიდებდეს ღმერთსა.
და ნეტარი ჰაბო უფროჲსღა ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ იხილა მან ქუეყანაჲ იგი სავსჱ ქრისტჱს სარწმუნოებითა და არავინ ურწმუნოთაგანი მკჳდრად იპოვების საზღვართა მათთა. რამეთუ საზღვარ მათდა არს ზღუაჲ იგი პონტოჲსაჲ, სამკჳდრებელი ყოვლადვე ქრისტეანეთაჲ, მისაზღვრადმდე ქალდიაჲსა, ტრაპეზუნტიაჲ მუნ არს, საყოფელი იგი აფსარეაჲსაჲ და ნაფსაჲს ნავთ-სადგური. და არს ქალაქები იგი და ადგილები საბრძანებელად ქრისტჱს-მსახურისა იონთა მეფისა, რომელი მოსაყდრე არს დიდსა მას ქალაქსა კონსტანტინეპოვლისასა.
ხოლო წმიდამან და ნეტარმან ჰაბო, ვითარცა იხილა კაცთა მის ადგილისათა გარდამეტებული ღმრთის-მოყუარებაჲ და ლოცვაჲ ყოვლისა მის ერისაჲ დაუცადებელი, შური საღმრთოჲ აღიღო, რამეთუ მოიჴსენა მან სიტყუაჲ იგი წმიდისა მოციქულისაჲ, ვითარმედ “კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის”. იწყო მანცა დღეთა მათ ზამთრისათა, თთჳსა მის იანვარისასა, აჩჳდმეტსა მის თთჳსასა, ჴსენებესა წმიდისა მამისა ანტონისსა, აღიღო მანცა ფიცხელი იგი შრომაჲ და შორის ქალაქსა, ვითარცა უდაბნოსა ზედა, ეწყვებოდა მტერსა მას ეშმაკსა; და დუმილითა და მარხვითა მოაუძლურებდა იგი ჴორცთა მათ სიჭაბუკისა თჳსისათა, “რაჲთა შეუძლოს ყოველთა მათ ისართა ეშმაკისათა განჴურვებულთა დაშრეტად”. მოიჴსენა მან მაცხოვრისა ჩუენისაჲ, ვითარ-იგი შემდგომად წმიდისა მის ნათლისღებისა უდაბნოდ განსრულმან, მზაკუვარსა მას განმცდელსა სძლო, ეშმაკსა, ლოცვითა მით და მარხვითა წმიდითა ორმეოც დღე.
ეგრეჱთვე ნეტარი ესე ჰაბო არცაღა ერთსა რას სიტყუასა იტყოდა კაცთა შორის, გარნა ღმერთსა ხოლო ჰზრახავნ წმიდასა შინა ლოცვასა თჳსსა. ეგრჱთ განვლო სამ თთუე და დაადგრა მარხვით და დუმილით. ხოლო წმიდათა მათ დღეთა დიდისა მის მარხვისათა, შჳდთა მათ შჳდეულთა კჳრიაკესა და დღესა შაბათსა ხოლო მი-რაჲ-იღის წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ, ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი, მაშინღა ნაკლულევანად მიიღის საზრდელი, ვიდრემდის მიიწია იგი წმიდასა მას დღესა, დიდსა დღესასწაულსა აღვსებასა, აღდგომასა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა; მაშინღა დააცადა ფიცხელი იგი მარხვაჲ და განჴსნა ენაჲცა თჳსი უტყუებისაგან და ადიდებდა ღმერთსა.
ხოლო იყო შემდგომად სივლტოლისა მის ნერსჱსისა ქართლით, წარმოავლინა მაჰდი ამირა მუმნმან ბრძანებითა ღმრთისაჲთა სტეფანოზ, ძჱ გურგენ ერისთვისაჲ, დისწული ნერსჱსი, ნაცვალად დედის-ძმისა თჳსისა ნერსჱსა, ერის-მთავრად ქუეყანასა ამას ქართლისასა. მაშინ მხიარულ იქმნა ნერსე, რამეთუ უფლებაჲ იგი სახლისა მისისაგან არა განაშორა უფალმან. ესეცა წადიერ იქმნა უფროჲსღა გულს-მოდგინედ და წარმოავლინნა მოციქულნი და ითხოვა ჴელმწიფეთაგან ამირათა ამის ქუეყანისათა, რაჲთა უშიშ-ყონ იგი ბოროტისაგან და გამოვიდეს ჴსნილად ყოვლით ერით მისითურთ.
და ვითარცა წარმოემართნეს იგინი ქუეყანით აფხაზეთით, მაშინ ნეტარსა ჰაბოს მიუწოდა მთავარმან მან აფხაზეთისამან და ჰრქუა: “ნუ განხუალ შენ ამიერ ქუეყანით, რამეთუ ქუეყანაჲ იგი ქართლისაჲ სარკინოზთა უპყრიეს და შენ ხარ ბუნებით სარკინოზ, და არა გიტეონ შენ ქრისტეანობით მათ შორის; და მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა ნეფსით, გინა უნებლებით, და ესოდენი შრომაჲ შენი წარსწყმიდო”. ხოლო ნეტარმან ჰაბო ჰრქუა: “სადაღა შემიწყნარა მე ქრისტემან და განმაშორა ჩემგან ბნელი იგი პირველისა მის უმეცრებისა ჩემისაჲ და ღირს მყო მე ნათელსა მას მისსა, არასადა უვარ-ვყო მე სახელი მისი, დაღათუ ბევრეული ოქროჲსაჲ და ვერცხლისაჲ მომცენ მე, გინა თუ ტანჯვითა და გუემითა განმიკითხონ მე, ვერ განმაშორონ მე სიყუარულსა უფლისა ჩემისასა. და აწ შენ ნუ დამაყენებ მე, ღმრთისმსახურო, რამეთუ რაჲ მადლ არს ყოფაჲ ჩემი აქა, სადა არა არს შიში, არცა სიკუდილი ქრისტჱსთჳს? აწ გევედრები, განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტეანობაჲ ჩემი ქრისტჱს-მოძულეთა მათ, რამეთუ მესმა მე წმიდისა სახარებისაგან თქუმული იგი მაცხოვრისა ჩუენისა მიერ, ვითარმედ “არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ჴჳმირსა, არამედ ზედა სასანთლესა გადგიან, რაჲთა ენთებოდის ყოველთა; ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა”. და აწ მე რაჲსათჳს დავფარო ჭეშმარიტი ესე ნათელი, რომლითა განმანათლა მე ქრისტემან? არასადა დავემალო მე შიშისაგან სიკუდილისა, რამეთუ ვისწავე მე წმიდისა მისგან მოციქულისა, ვითარმედ “არცა ჩუკენთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ”; ამისთჳს არა მეშნის მე სიკუდილისაგან, რამეთუ მე სასუფეველსა ვეძიებ ქრისტჱსგან”. და ესრჱთ არწმუნა მთავარსა მას და განუტევა.
და გამოვიდა იგი ნერსჱს თანა ქუეყანად ქართლდ და შემოვიდა ქალაქსა ტფილისს, და იქცეოდა იგი განცხადებულად ქრისტეანედ. და ვითარცა იხილეს იგი ქრისტეანედ მუნ მყოფთა მათ სარკინოზთა, რომელთა იცოდეს იგი პირველად, რომელნიმე ჰყუედრიდეს, რომელნიმე აგინებდეს, რომელნიმე აშინებდეს, რომელნიმე სდევნიდეს, რომელნიმე მშჳდობისა სიტყჳთა შეაჯერებდეს.
ხოლო იგი განმტკიცებულ იყო ქრისტჱს მიმართ და არავისგან შეძრწუნდებოდა. არამედ სამისა წლისა ჟამთა იქცეოდა ქალაქსა მას შინა და გარემოჲს ყოველსა სოფლებსა განცხადებულად ქრისტეანედ, არამედ “ვერვინ მიყვნა ჴელნი მას ზედა ბოროტებით, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი”. ხოლო კაცნი ქრისტჱს-მოყუარენი, რომელთა იცოდეს ღმრთისა მიმართ სათნოებაჲ მისი, იღუწიდეს მას საზრდელითა და სამოსლითა.
მესამჱ თავი
წამებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი
რომელნი ხართ ქრისტჱს-მოყუარენი და მარტჳლთ-მოყუარენი, მიიღეთ ჩემგან სანატრელი ესე სმენაჲ წმიდისა მოწამისა და ქრისტჱს-მოღუაწისაჲ, რომელი სიმჴნითა და დიდებითა გჳრგჳნოსან იქმნა ქრისტჱს მიერ!
სუფევასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა, წელიწადსა ვნებითგან და მკუდრეთით აღდგომით, მეფობასა კოსტანტინეპოვლის. ქალაქსა მას დიდსა, ქრისტეანეთა ზედა კონსტანტინჱსსა, ძისა ლეონისსა, სარკინოზთა შორის მეფობასა მოსე ამირა-მუმნისასა, ძისა მაჰდისსა, ქართლს შინა კათალიკოზობასა სამოელისსა, ერის-მთავრობასა სტეფანოზისსა, ძისა გურგენისსა, დასაბამით გარდასრულთა ექუს ათას ოთხას ოცდამეოთხსა წელსა, თთუესა იანვარისასა ექუსსა, დღესა პარასკევსა, განცხადებასა, შევისწავეთ მარტჳლობაჲ წმიდისა და ნეტარისა ამის მოწამისა და კეთილად-მოღუაწისა ჰაბოჲსი ქალაქსა ტფილისს. ხოლო იყო ესრე სახედ:
რამეთუ მცირედ უწინარჱს-რე დღეთა ამათ შეიპყრეს ნეტარი ესე მოწამჱ ქრისტჱსი და მიიყვანეს იგი მსაჯულისა მის, რომელ იყო ამირად ქალაქსა ტფილისს, და ქრისტჱს აღსარებისათჳს შეაყენეს იგი საბყრობილესა, ხოლო შემდგომად რავდენთამე დღეთა გამოითხოვა იგი სტეფანოზ, ერისთავმან ქართლისამან, და გამოიყვანა საპყრობილით და განუტევა.
და შემდგომად მცირედთა დღეთა კუალად აღიძრნეს შემასმენელნი წმიდისა ამის მოწამისანი, განრისხებულნი და აღბორგებულნი, სავსენი შურითა ქრისტეანეთაჲთა შეიზრახნეს შეთქუმით წმიდასა მას ზედა და შევიდეს წინაშე მსაჯულისა მის, რამეთუ სხუაჲ მსაჯული ამირაჲ შემოსრულ იყო ქალაქსა ტფილისს, და ჰრქუეს მას: “არს ქალაქსა ამას შინა ჭაბუკი ერთი, რომელი იყო ბუნებით სარკინოზ და განზრდილ და ცხორებულ შჯულითა მით, რომელი მომცა ჩუენ მაჰმედ, მოციქულმან ჩუენმან; და აწ დაუტევებიეს შჯული ესე ჩუენი და იტყჳს თავსა თჳსსა ქრისტეანედ და უშიშად ვალს ქალაქსა შინა და მრავალთა ასწავებს ჩუენგანთა ქრისტეანე-ყოფად. აწ ბრძანე შეპყრობაჲ მისი და შეაგდე იგი სატანჯველსა და გუემასა, ვიდრემდის არა აღიაროს შჯული მაჰმედ მოციქულისა ჩუენისაჲ; უკუეთუ არა, მოკუედინ იგი, რაჲთა არა მობაძავ იქმნენ მისა მრავალნი სიტყჳთა მისითა”.
ამას რაჲ შეასმენდეს, ესმა ვიეთმე ქრისტეანეთა კაცთა და მივიდეს მწრაფლ და უთხრეს ნეტარსა ჰაბოს, ვითარმედ “აწ ესერა გეძიებენ შენ შეპყრობად, ტანჯვად და გუემად”; და შეაჯერებდეს მას, რაჲთამცა მიჰრიდა და დაემალა. ხოლო მან ჰრქუა მათ: “მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებული ვარ ქრისტჱსთჳს, არამედ სიკუდიდცა”. და გამოვიდა იგი სიხარულით და იქცეოდა შორის უბანთა განცხადებულად. მაშინ მოვიდეს მსახურნი იგი მის მსაჯულისანი და შეიპყრეს ნეტარი ჰაბოჲ და შეიყვანეს იგი წინაშე მსაჯულისა მის.
და ჰრქუა მას მსაჯულმან მან: “რაჲ არს, რომელი ესე მესმის შენთჳს, რამეთუ ხარ შენ ნათესავით და ტომით სარკინოზ და დაგიტევებიეს მამული შჯული და ქრისტეანეთა თანა შეცთომილ ხარ? აწ განემზადე და ილოცე შჯულითა მით, რომლითა განგზარდეს მშობელთა შენთა”! ხოლო ნეტარი ჰაბო განძლიერდა ქრიტჱს მიერ და აღივსო სულითა სარწმუნოებისაჲთა და ჰრქუა მსაჯულსა მას ამირასა: «ეგე კეთილად სთქუ, რამეთუ ვარ მე ბუნებით სარკინოზ, შობილვე მას შინა მამულად და დედულად; განსწავლულ ვიყავ შჯულითა მით მაჰმედისითა და ვცხომდებოდე მას შინა, ვიდრე უმეცრებასა შინა ვიყავ. ხოლო ოდეს სათნო-ყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე ძმათა და ნათესავთა შორის ჩემთა და მიჴსნა მე იესუ ქრისტჱს მერ, ძისა მისისა და ღმრთისა ჩემისა, და გულისჴმა მიყო მე უმჯობჱსი იგი კეთილი, მაშინ დაუტევე მე პირველი იგი კაცთა ჴელოვნებითა შეთხზული შჯული და ზღაპრობისა სიბრძნითა ღონისძიებული რწმუნებაჲ, და აწ შეუდეგ მე ჭეშმარიტსა ქრისტჱს მიერ მომადლებულსა სარწმუნოებასა სამებისა წმიდისა, - მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, - და ამით ნათელ მიღებიეს და ამასცა თაყვანის-ვსცემ, რამეთუ ესე არს ღმერთი ჭეშმარიტი, და აწ ქრისტეანე ვარ თჳნიერ ყოვლისა ცილობისა”.
ჰრქუა მას მსაჯულმან მან: “დაუტევე სიცოფისა ეგე განზრახვაჲ და უკუეთუ ნაკლულევანებისა შენისათჳს შედგომილ ხარ ქრისტეანეთა, მე უფროჲსღა ნიჭი და პატივი აწვე მიგცე შენ”.
ჰრქუა მას ნეტარმან ჰაბო: “ოქროჲ და ვერცხლი შენი შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად თავისა შენისა; მე პატივსა კაცთაგან არა ვეძიებ, რამეთუ მაქუს მე ნიჭი ქრისტჱს-მიერი, გჳრგჳნი ცხოვრებისა და უხრწნელებისაჲ და პატივი საუკუნოჲ ცათა შინა”.
მაშინ უბრძანა მსაჯულმან მან ჴელით და ფერჴით შეკრვაჲ მისი ბორკილითა რკინისაჲთა და ეგრეჱთ შთააგდეს იგი საბყრობილესა. ხოლო ნეტარსა მას უხაროდა და ჰმადლობდა უფალსა და იტყოდა: “გმადლობ შენ, უფალო და მაცხოვარო ღმერთო ჩუენო, იესუ ქრისტე, რამეთუ ღირს მყავ მე განკითხვასა და პყრობილებასა სახელისა შენისათჳს წმიდისა”.
და იყო ესე თთუესა დეკენბერსა ოცდა შჳდსა, დღესა სამშაბათსა, ჴსენებასა ქრისტჱს მოციქულისა, პირველ-დიაკონისა და პირველ-მოწამისა და ერის-მთავრისა მის ყოველთა მოწამეთაჲსა წმიდისა სტეფანჱსსა, წესვე და შუენიერ ესრჱთ იყო, რაჲთა იღუწიდეს მისთჳს ერისთავი იგი ყოველთა მარტჳლთაჲ მის თანა მათ თანა ყოველთა მოწამეთა, რაჲთა არა დაბრკოლდეს უკუანაჲსკნელიცა იგი მოწამჱ ქრისტჱსი თანაშერაცხად ახოვნებასა მათსა.
და იყოფოდა ნეტარი ჰაბოჲ საბყრობილესა შინა მარხვითა და ლოცვითა და ფსალმუნებითა ღამჱ და დღჱ განუსუენებლად და ჰყოფდა იგი ქველის საქმესა: რამეთუ განყიდა მან ყოველი, რაჲცა აქუნდა მას, და ჰზრდიდა იგი მშიერთა და ნაკლულევანთა მის თანა პყრობილთა მათ. ხოლო ცრუ-მოძღუარნი იგი შემასმენელნი შევიდიან მისა და ეტყჳედ რომელნიმე რეცა სიტყჳთა ლიქნისაჲთა: “შვილო, ნუ განიწირავ თავსა შენსა, ნუცა სიჭაბუკესა შენსა განჰვაჭრი ქრისტეანედ და ნუცა ძმათა და ნათესავთა შენთა განეშორები, რაჲთა არა შეამთხჳო ძჳრი თავსა შენსა და შეგუაწუხნე ჩუენ ყოველნი”. და რომელნიმე მათგანნი აშინებედ მას და ეტყჳედ: “რაჲ სარგებელ გეყოს შენ ქრისტე იგი შენი, ანუ ვინ გიჴსნეს შენ ჴელთაგან ჩუენთა, რამეთუ ცეცხლი და სატანჯველი აწვე განგჳმზადებიეს შენთჳს არა თუ მოიქცე ჩუენდავე”.
ხოლო ნეტარი იგი არა ისმენნ მათსა, არამედ ილოცავნ და უღარღილოდ ფსალმუნებნ გონებითა თჳსითა; და შემდგომად მრავლისა სიტყჳსა მათისა ჰრქუა მათ: “ჩემდამო ნურას იტყოდეთა, რამეთუ მე, ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა და ვითარცა უტყუმან რაჲ არა აღაღის პირი თჳსი; ვიყავ მე, ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ, რამეთუ მე უფალსა ვესავ. განმეშორენით მე, უკეთურნო, და გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი”! და ვითარცა ვერ შეძრეს მართალი იგი, გამოვიდეს მიერ სირცხჳლეულნი.
და იყო ნეტარი იგი საპყრობილესა შინა ცხრა დღე, და დღე ყოველ იმარხავნ და ღამის-თევით დაადგრის განთიადადმე. ხოლო დღესა მას მეცხრესა ჰრქუა ყოველთა მათ მის თანა პყრობილთა ქრისტეანეთა და სხუათაცა, ვითარმედ “ხვალე განსლვაჲ არს ჩემი ჴორცთაგან და მისლვაჲ უფლისა ჩემისა და ღმრთისა იესუ ქრისტჱს თანა”, რამეთუ ესე უფალმან გამოუცხადა თჳსსა მას მოწამესა. და მაშინ განიძარცუა მან სამოსელი თჳსი და განსცა იგი სავაჭროდ, რაჲთა უყიდონ მას სანთელად კერეონები და საკუმეველი, და წარსცა ყოველთა მათ ეკლესიათა ქალაქისათა, რაჲთა აღანთონ. და მიავლინა ყოველთა მღდელთა ვედრებით, რაჲთა ლოცვა-ყონ მისთჳს, რომლითა არა დაბრკოლდეს სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა და ღირს იქმნეს მოღუაწებასა მას ქრისტჱს მოწამეთასა.
ხოლო მან ღამესა მას წმიდისა მის დღესასწაულისასა, ღამისთევასა მიიხუნა ორნი სანთელნი დიდნი ჴელთა თჳსთა და დადგა იგი შორის საპყრობილესა და დაადგრა მდგომარჱ ზედა ფერჴთა თჳსთა, ვიდრე განთიადამდე, ყოვლადვე დაუჯდომელად, ვიდრემდე აღასრულნა ფსალმუნნი და სანთელნი დაიწუნეს ჴელთა შინა მისთა, რკინითა შეჭედილთა ზედა ქედსა მისსა; და იტყოდა მდგომარჱ იგი შეუძრველად, ვითარმედ “წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა”, და შემდგომნი იგი სიტყუანი.
და რაჟამს განთენა მეათჱ იგი დღჱ დღესასწაულისა მის მაცხოვრისა ნათლისღებისაჲ, რომელ არს თთუესა იანვარსა ექუსსა, იყო დღჱ იგი პარასკევი; და თქუა ნეტარმან მან: “დიდ არს ჩემდა დღჱ ესე, რამეთუ ვხედავ ორ-კერძოვე ძლევასა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსსა, რამეთუ დღესასწაულსა ამას შთაჴდა მდინარესა მას იორდანისასა განშიშულებული ნათლის-ღებად და სიღრმესა მას შინა წყალთასა დამალულისა მის ვეშაპისა თავები ძალით ღმერთებისაჲთა შემუსრა. ჯერ-არს ჩემდაცა დღესა ამას, რაჲთა განვიძარცო შიში ჴორცთა ამათ ჩემთაჲ, რომელნი სამოსელ არიან სულისა ჩემისა, და შთავჴდე, ვითარცა სიღრმესა ზღჳსასა, შორის ქალაქსა ამას და ნათელ ვიღო სისხლითა ჩემითა და ცეცხლითა დ სულითა, ვითარცა ქადაგა წინამორბედმან იოვანე, და მერმე კუალად შთავჴდე წყალთაცა და კუალად განვნათლდე, რამეთუ დღეს გარდამოსლვაჲ არს სულისა წმიდისაჲ ყოველთა ზედა წყალთა, რომლითა ნათელ იღებენ ქრისტჱს მორწმუნენი სახედ იორდანისათა მათ მდინარეთა, და განშიშულებითა ჴორცთა ჩემთაჲთა მტერისა მის მზაკუარისა მანქანებანი, რომელ იზრახნა ჩემთჳს, განვბასრნე და დავტკებნნე ფერჴითა ჩემითა შორის ქალაქსა ამას.
და კუალად დღესა ამას პარასკევსა ვნებითა თჳსითა უფალმან ჩემმან იესუ ქრისტემან ჯუარსა მას ზედა განპყრობითა ჴელთა თჳსთაჲთა განაქიქა და თითისა საჩუენებელ-ყო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მტერი იგი ყოვლისა სოფლისაჲ. აწ მეცა თანა მაც, რაჲთა განუჴდე ბრძოლად მტერსა მას ქრისტეანეთასა და ქრისტჱსჳთს დათხევითა სისხლთა ჩემთაჲთა საცინელ და საკიცხელ ვყო იგი ყოველთა ქრისტეანეთა, რამეთუ ჰგონებდა იგი, ვითარმცა შიშითა სიკუდილისაჲთა განმაშორა მე სიყუარულსა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსსა. ხოლო მე საყუედრელ-ვყო განზრახვაჲ იგი მისი და ვსძლო მას ქრისტჱ-მიერითა შეწევნითა და ორ-კერძოჲვე იგი თანანადები უფლისა ჩემისაჲ გარდავიჴადო”.
მაშინ მოითხოვა წყალი და დაიბანა პირი თჳსი და იცხო ზეთი თავსა თჳსსა და თქუა: “მაშინ სადამე ვიყავ თჳთ მენელსაცხებელე, კეთილად შემმზადებელ სულნელთა მათ საცხებელთა, ხოლო ესე საცხებელი დღედ დაფლვისა ჩემისა არს, ამიერითგან არღარა ვიცხო განქარვებადი ესე მწირობისა ჩემისა ზეთი, არამედ, ვითარცა “ქებასა შინა ქებათასა” ბრძენმან სოლომონ მასწავა მე: “სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი” ქრისტე, რომელმან აღმავსე მე განუქარვებელითა მით სულნელებითა სარწმუნოებისა და სიყუარულისა შენისაჲთა. იცი შენ, უფალო, რამეთუ შეგიყუარე შენ უფროჲს თავისა ჩემისა!” და ესე რაჲ თქუა, წარავლინა წმიდად ეკლესიად და მოჰგუარეს მას წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ, ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი.
იყო ჟამი იგი მესამჱ დღისა მის დიდისა დღესასწაულისაჲ, და ვითარცა მოიღო მან ჭეშმარიტი იგი და განმაცხოველებელი საიდუმლოჲ, თქუა: “გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო, იესუ ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრების მომანიჭებელი ჴორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცებლად ჩემდა პატიოსანი სისხლი შენი! აწ უწყი, რამეთუ არა დამიტევე მე, არამედ ჩემ თანა დადგრომილ ხარ და მე შენ თანა. ამიერითგან არღარა მივიღო სხუაჲ საზრდელი, რომლითა კუალად მშიოდის და არცა სხუაჲ სასუმელი, რომლითა კუალად მწყუროდის, არამედ კმა არს ესე ჩემდა ცხოვრებად საუკუნოდ; აწ “დაღათუ ვიდოდი მე შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩემ თანა ხარ”.
და ესე ვითარცა თქუა, მყის მოიწინეს მსახურნი იგი მსაჯულისანი, და იჯმნა ყოველთა მათგან პყრობილთა ქრისტეანეთა და ჰრქუა მათ: “ლოცვასა მომიჴსენეთ მე, რამეთუ არღარა მიხილოთ მე საწუთროსა ამას სოფელსა”! და გამოიყვანეს იგი ეგრჱთვე ბორკილითა ფერჴთა და ჴელთაჲთა; და მიჰყვანდა იგი შორის ქალაქსა და რომელნი ჰხედვიდეს მას ქრისტეანენი და მეცნიერნი მისნი, ცრემლოოდეს მისთჳს. ხოლო წმიდამან ჰაბო ჰრქუა მათ: “ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშჳდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ”!
ხოლო იგი მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკუდარსა, ეგრე ხედვიდა თჳსსა მას გუამსა; და სულითა თჳსითა მოგზაურ ქმნული თჳთ იტყოდა ფსალმუნსა ამას ას და მეათრვამეტესა: “ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან რჯულსა უფლისასა”, და საგალობელად მუჴლისა მისთქჳს შემდგომად სიტყუაჲ იგი ნეტარისა მის ავაზაკისაჲ: “მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა”!
და ესრჱთ მიიწია იგი კარსა მას მსაჯულისა მის ამირისასა; და რაჟამს მიიწია, კადნიერად დასწერა ჯუარი კარსა მას და თჳთცა დაიბეჭდა ჯუარი. და წარადგინეს იგი წინაშე მსაჯულისა მის, და ჰრქუა მას მსაჯულმან: “რაჲ არს, ჭაბუკო, რაჲ განიზრახე თავისა შენისაჲ”? ხოლო წმიდაჲ მოწამჱ აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მას: “მე განვიზრახე და ქრისტეანე ვარ!”
ჰრქუა მას მსაჯულმან მან: “არა დაგიტევებიეს სიცოფჱ იგი და უგუნურებაჲ შენი”? ჰრქუა მას ნეტარმან ჰაბო: “უკუეთუმცა უმეცრებასა და უგუნურებასა შინა ვიყავ, არამცა ღირს ვიქმენ შედგომად ქრისტჱსა»! ჰრქუა მას მსაჯულმან მან: “არა გიცნობიესა, რამეთუ სიტყუანი ეგე შენნი მომატყუებელ სიკუდილისა გექმნებიან შენ”? ჰრქუა მას წმიდამან ჰაბო: “უკუეთუ მოვკუდე, მრწამს მე, რამეთუ ქრისტჱს თანა ვცხომდე, ხოლო შენ რასა განაგრძობ? რაჲ გეგულების ჩემ ზედა, იქმოდე, რამეთუ მე, ვითარცა კედელსა მაგას, რომელსა მიყრდნობილ ხარ, ეგრე არა მესმიან ცუდნი ეგე სიტყუანი შენნი. რამეთუ გონებაჲ ჩემი ქრისტჱს თანა არს ზეცას”!
ჰრქუა მას მსაჯულმან მან: “რაჲ ეგოდენი სიტკბოებაჲ გაქუს ქრისტჱს შენისაგან, რომლითა სიკუდიდცა არა გეწყალის თავი შენი”? ჰრქუა მას წმიდამან ჰაბო: “უკუეთუ გნებავს ცნობად სიტკბოებაი მისი, შენცა გრწმენინ ქრისტე და ნათელი იღე მისა მიმართ და მაშინღა ღირს იქმნე ცნობად სიტკბოებისა მისისა”!
მაშინ განრისხნა ამირაჲ იგი და უბრძანა განყვანებაჲ მისი გარე და მოკუეთაჲ თავისა მისისაჲ. ხოლო მსახურთა მათ გამოიყვანეს გარეშე კართა, ეზოსა მას ტაძრისასა, და განჰჴსნეს იგი ჴელით და ფერჴით საკრველთა მათგან რკინისათა. ხოლო ნეტარმან მან თავით თჳსით მწრაფლ განხეთქა სამოსელი იგი, რომელ ემოსა, და განშიშულებულმან დაიბეჭდა ჯუარითა პირი და გუამი თჳსი და თქუა: “გმადლობ და გაკურთხევ შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ ღირს მყავ მე მიმთხუევად ღუაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა! და ესე რაჲ თქუა, უკუნ ისხნა ჴელნი თჳსნი ჯუარის სახედ ზედა ზურგსა თჳსსა და მხიარულითა პირითა და კადნიერითა სულითა ღაღად-ყო ქრისტჱს მიმართ და მოუდრიკა ქედი თჳსი მახჳლსა.
და სცეს მას მახჳლითა სამ-გზის, რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ შიშითა სიკუდილისაჲთა განაშორონ იგი ქრისტესა; ხოლო წმიდაჲ იგი მარტჳლი დუმილით მჴნედ მიითუალვიდა მახჳლსა, ვიდრემდის შეჰვედრა სული თჳსი უფალსა.
და ვითარცა იხილეს ქრისტჱს მბრძოლთა მათ შემასმენელთა წმიდისა მის მოწამისათა, რამეთუ სრულ იქმნა ნეტარი იგი ქრისტჱს მიმართ და ღუაწლი კეთილი მოიღუაწა და სარწმუნოებითა და მოთმინებითა სძლო მათსა მას სიბორგილესა, უფროჲსღა აღივსნეს შურითა და შევიდეს წინაშე მძლავრისა მის და ჰრქუეს: “ჩუენ ვიცით, რამეთუ ჩუეულებაჲ არს ქრისტეანეთაჲ ესრე სახედ: თუ ვინმე თავი მოიკლის ქრისტჱს მათისათჳს, მოიპარიან გუამი მისი და პატივს-სციან მას დაფლვითა, ტყუვილითა რეცა თუ სასწაულსა და კურნებასა რასმე განსთქუმედ ერსა შორის, და სამოსელსა და თმასა თავისა მისისასა და ძუალსა მისსა განიყოფედ, რეცა საცოდ სნეულთათჳს, და ამით სახითა მრავალნი უცებნი შეიტყუვნიან. აწ ბრძანე გუამი მისი მოცემად ჩუენდა, რაჲთა განვიღოთ და დავწუათ იგი ცეცხლითა და განვაქარვოთ იგი და აღვჴოცოთ საცთური ქრისტიანეთაჲ, რაჲთა იხილონ ყოველთა და შეეშინოს და რომელნიმე მათგანნი მოიქცენ ჩუენდა და ჩუენგანთა ეშინოდის და არღარა შეუდგენ სწავლასა ქრისტეანეთასა”. ამას დაღათუ ქრისტეანეთა შურისათჳს იტყოდეს, არამედ ჭეშმარიტსა და მართალსა წამებდესა, ვითარცა იგი არიან ქრისტჱს მოწამენი მკურნალ და მეოხ ყოველთათჳს, რომელნი მიეახლნენ მათ ქრისტჱსმიერითა სიყუარულითა და სარწმუნოებითა. ხოლო ჰრქუა მათ მსაჯულმან: “წარიღეთ ვიდრეცა გნებავს და ყავთ, ვითარცა თჳთ იცით”!
მაშინ გამოვიდეს და აღიღეს ქუეყანით პატიოსანი იგი გუამი მისი და შთადვეს იგი გუალაგსა მას აღსაკიდებელსა სამოსლით მისითურთ და სისხლი იგი დათხეული მართლისა მის აღმოთხარეს ქუეყანით და რაჲთურთით არარაჲ დაუტევეს ქუეყანასა და იგიცა შთადვეს ჭურჭელსა შინა. და დადვეს წმიდაჲ იგი ურემსა ზედა, მსგავსად მჴნეთა მათ წმიდათა ორმეოცთა, რამეთუ, სადა-იგი მოჰკუეთეს თავი წმიდასა მას მოწამესა, კართა ზედა იყო წმიდისა ეკლესიისათა, რომელი სახელად წმიდათა ორმეოცთა დაფუძნებულ იყო, წესვე იყო, რაჲთა ემსგავსოს იგი ახოვანთა მათ წმიდათა მოწამეთა ორმეოცთა.
და ვითარცა გამოიღეს წმიდაჲ იგი გუამი წმიდისა მის გარეშე ქალაქსა და აღიღეს ადგილსა, რომელსა საგოდებელ ეწოდების, რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათაჲ, მუნ გარდამოიღეს იგი ურმისა მისგან და დადვეს იგი ქუეყანასა. და მოიღეს შეშაჲ და თივაჲ და ნაფთი და დაასხეს გუამსა მას ზედა წმიდასა და დააგზნეს ცეცხლი, ვიდრემდის დაწუნეს ჴორცნი იგი წმიდისა მოწამისანი ადგილსა მას, რომელ არს აღმოსავლით ციხესა მას ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან სადილეგო, პირსა ზედა კლდისასა, რომელ არს კბოდჱ, კლდჱ მდინარისა მის დიდისაჲ, რომელი განჰვლის აღმოსავალით ქალაქსა, ესე არს სახელით მტკუარი, ხოლო ადგილსა მას არავის აუფლეს მისლვად ქრისტეანეთაგანსა, ვიდრემდის აღასრულეს დაწუვაჲ იგი ჴორცთა მათ წმიდისა მოწამისათაჲ.
ხოლო ძუალნი იგი წმიდისა მოწამისანი, რომელთა ვერღარა უძლეს დაწუვაჲ, შთაკრიბნეს ტყავსა ცხოვრისასა და შეკერნეს მტკიცედ და მიიხუნეს და შთაყარნეს დიდსა მას მდინარესა, ქუეშე ჴიდსა მას ქალაქისასა, რომელსა ზედა აღმართებულ იყო პატიოსანი ჯუარი ჴიდისაჲ. და იქმნა წყალი იგი მდინარისაჲ მის წმიდათა მათ ძუალთა სამოსელ გარეშეხუევითა მით და სიღრმჱ იგი წყალთაჲ საფლავ წმიდისა მის მარტჳლისა, რაჲთა არავინ უდებად მიეხოს მათ. ქრისტჱს-მბრძოლთა მათ ესრჱთ ყვეს და ესრჱთ ღუაწლი კეთილი მოიღუაწა ნეტარმან მან.
მაშინ იწყო სიმრავლემან ქალაქისამან ქრისტიანეთამან და განაგდეს შიში მძლავრთაჲ მათ და განვიდოდეს ყოველნივე ადგილსა მას, სადაცა დაწუნეს ჴორცნი იგი წმიდისა მოწამისანი. მოხუცებულნი მირბიოდეს კუერთხებითა თჳსითა, მკელობელნი ვლდომით, ვითარცა ირემნი, ჭაბუკნი სრბით, ყრმანი ჴდომით ურთიერთას, დედანი მსგავს იყვნეს წმიდათა მათ მენელსაცხებლეთა, რომელთა სრბით მიაქუნდა სულნელები იგი წმიდასა მას ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა საფლავსა; ნანდჳლვე იყვნეს ესენიცა მსგავს მათა, რამეთუ რბიოდეს ცრემლითა და მიაქუნდა მათ თანა სანთლები და საკუმეველი ჴელითა თჳსითა. ყოველნივე სიხარულითა და მადლობითა ქრისტჱსითა მივიდოდეს და აღიღებდეს მიწასაცა მის ადგილისასა, და მრავალნი სენთაგან შეპყრობილნი მიჰყვანდეს და მასვე დღესა შინა განიკურნებოდეს. ხოლო ყოვლად ძლიერმან ღმერთმან უფროჲს გამოაჩინა ძალი თჳსი და პატივ-სცა თჳსსა მას მარტჳლსა და აჩუენა სასაწაული საკჳრველი, რაჲთა უწყოდიან ყოველთა, რამეთუ ქრისტჱს მოწამე არს.
ვითარცა შემწუხრდა დღჱ იგი და იყო ჟამი პირველი ღამისაჲ მის, გარდამოავლინა უფალმან ადგილსა მას ზედა ვარსკულავი მოტყინარჱ, ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ, რომელი მყოვარ-ჟამ დგა ადგილსა მას, სადა დაწუვეს ნეტარი იგი მოწამჱ ქრისტჱსი. და დგა იგი ზე ჰაერთა, ვიდრე სამ ჟამადმდე, გინა უმეტჱს, ღამისა მის, და გამოუტევებდა ბრწყინვალებასა არა თუ ვითარცა ცეცხლი ესე ქუეყანისაჲ, არამედ ვითარცა საშინელებაჲ ელვისაჲ, რომელსა ჰხედვიდეს ყოველნი მოქალაქენი, მსაჯულიცა იგი და ყოველი ერი და მკჳდრნი იგი ქრისტეანეთანი და ყოველნი სარკინოზნი და მწირნი, სხჳთ მოსრულნი; მყოვარ-ჟამ ჰხედვიდეს გუგაჲთა თუალისაჲთა, ვიდრემდის ჰკდემებოდაცა მძლავრთა მათ. და მი-ვინმე-ვიდეს ხილვად ადგილსა მას მსახურთაგანნი მსაჯულისა მის ამირისანი, რამეთუ ჰგონებდეს, ნუუკუე ქრისტიანეთა აღანთეს სანთელი ადგილსა მას. და ვითარცა მიეახლებოდეს ადგილსა მას, იხილეს, რამეთუ აღმაღლდებოდა ვარსკულავი იგი ზე ჰაერთა, და ვერ მიეახლნეს ადგილსა მას, რამეთუ შეიპყრნა იგინი შიშმან საღმრთომან.
ხოლო კუალად მეორესა ღამესა უმეტჱსღა წყალთა გამოსცეს განსაკჳრვებელი ნათელი; რომელთა-იგი საუცარ ეგონა ქუეყანასა ზედა და ჰაერსა ქუეშე ცეცხლი იგი ზეცისაჲ, უნდა დაფარვად საკჳრველებათა მათ, კუალად წყალთა ვერვე დააყენეს და ვერცა დაშრიტეს ფიცხელთა მათ მფოფინარეთა ღელვათა და სიღრმეთა. სადა-იგი შთაყარნეს ღმრთივ-პატივცემულნი იგი ძუალნი სანატრელისა მის მოწამისანი, ჴიდსა მას ქუეშე, აღმობრწყინდეს ნათელნი სუეტისა მსგავსად, ვითარცა ელვანი, რომელნი კუალად მყოვარ-ჟამ დგეს და განათლებულ იყო გარემოჲს კიდეთა მის მდინარისათა კლდჱ-იგი და კბოდენი და ჴიდი იგი, ზჱთგან ვიდრე ქუედმდე, რომელსა ეგრევე ყოველი სიმრავლჱ ქალაქისაჲ ჰხედვიდა, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს, რამეთუ ჭეშმარიტად იესუ ქრისტჱს, ძისა ღმრთისა მარტჳლ არს, და გულისხმა-ყონ ყოველთა ქრისტეს მორწმუნეთა და ურწმუნოთა, რამეთუ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ “მე თუ ვინმე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან, რომელ არს ცათა შინა”.
უკუეთუ ჴორცთა მათ განჴრწნადთა ესოდენი პატივი აწვე აჩუენა, რავდენ უფროჲს უჴრწნელად აღდგომასა მას მართალთასა დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსანი იხილონ შორის ანგელოზთა და ჰრცხუენოდის უგუნურად სიბორგილისა მათისათჳს. რომელთა ქრისტე უვარ-ყვეს და წმიდათა მისთა ჰგუემდეს და სდევნიდეს და მოსრვიდეს, ხოლო უფალი შეიწყნარებდა ცათა შინა!
ხოლო აწ, საყუარელნო, ჯერ არს ჩუენდაცა ამიერითგან უმეტჱსადღა შეწყნარებად პირველთა მათ სანატრელთა მოწამეთა, რაჲთა ხილულისა ამისგან ახლისა მოწამისა პირველთაჲცა მათი გურწმენეს და ვთქუათ სიტყუაჲ იგი ნეტარისა დავითისი: “პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ”, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ!
მეოთხჱ თავი
ქებაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი
აწ მოვედით, ქრისტჱ-მორწმუნენო, და ვდღესასწაულობდეთ ჴსენებასა ახლისა ამის წმიდისა მოწამისასა, რომელი ყოველსა ამას სოფელსა ჩუენსა ქართლისასა მეოხად ჩუენდა ქრისტემან მოგუანიჭა, და სიხარულითა მრავლითა განვახუნეთ საუნჯენი გულთა და გონებათა ჩუენთანი და მხიარულითა პირითა და განმარტებულითა ენითა ვაქებდეთ კეთილად-მოღუაწებასა მისსა და ვიტყოდით:
გიხაროდენ, სანატრელო მოწამეო, უფლისა მიერ! რამეთუ შენ, უკუანაჲსკნელი ესე მუშაკი მაცხოვრისა ჩუენისაჲ მეათერთმეტისა ჟამისაჲ მდღევრთა მათ თანა აღმსთობილთა მიეწიფე და მათ თანა სასყიდელსა მათსა არა დააკლდი!
გიხაროდენ, მოწამეო, უფლისა მიერ! რამეთუ შენ მიემსგავსე უკუანაჲსკნელსა მას მოციქულსა პავლეს მამულთა მათ შჯულთა და მოძღურებათა განგდებითა, და ქრისტჱს, ძისა ღმრთისა, აღსარებითა მსგავსადვე მისა თავი მოგეკუეთა.
აწ ვინ-მე ღირსად გაქებდეს შენ, ჭეშმარიტად საქებელსა? მნებავს ქებად შენდა, ყოვლად-ქებულო ქრისტჱს მოწამეო, არამედ ვერ ვიკადრებ, რამეთუ უფროჲს გონებისა ჩემისა აღმაღლდა ქებაჲ სათნოებათა შენთაჲ. და კუალად მეშინის მე დადუმებად, რამეთუ სანატრელითა მით ქრისტჱს-მიერითა სიყუარულითა შემიყუარე მე, ვიდრე იყავღა სოფელსა ამას შინა ჩუენსა. აწ ნუ უკუე დაყენებითა ენისა ჩემისაჲთა ქებასა შენსა დაეყენოს ჩემთჳსცა მოღუაწებაჲ მეოხებისა შენისაჲ ქრისტჱს მიმართ! აწ შენ-მიერვე მოღებითა მადლისა მის ქრისტჱსისაჲთა, მსგავსად ძალისა ჩემისა, გაქებდე შენ, შუენიერებითა შემკულო უფლისა მიერ!
გიხაროდენ, გიხაროდენ, სანატრელო მოწამეო, უფლისა მიერ! რამეთუ შენ თუალით მხილველთა მათ და ჴელით მსახურთა წმიდათა მოციქულთა ქრისტჱსთა უხილავად სარწმუნოებითა და სიმჴნითა აღსარებითა ნეტარებაჲ მოიგე!
რამეთუ შენ მამამან ზეცათამან მხოლოდ-შობილისა ძისა თჳსისა მიერ გჳრგჳნოსან გყო და სულისა წმიდისა მადლითა აღგავსო!
შენ ძემან მამისა მიერ შეგიწყნარა და სულმან წმიდამან გადიდა!
შენ სულმან წმიდამან შეგიყუარა და მამისა და ძისა თანა ერთობითა თჳსითა პატივ-გცა და ღუაწლისა მძლედ გამოგაჩინა!
შენ ზედა განუკჳრდა ანგელოზთა წესსა, რამეთუ ვითარცა უჴორცომან დაითმინე სიკუდილი ქრისტჱსთვს!
შენ ზედა მამათ-მთავარნი იხარებენ, რამეთუ ნეტარმან აბრაჰამ თჳსთა ნაშობთაგანი შეგიწყნარა წიაღთა თჳსთა ქრისტჱსთჳს, რომელ-იგი კარავსა თჳსსა შეიწყნარა და მისგან მრავალთა ნათესავთა გამოჩნდა მამად.
შენ ქრისტჱს მოწამეთა მათ ნაყოფ ექმენ და მოციქულთა მოწაფე!
შენ მოწამეთა მათ შორის ზეცისა მეუფისა მას მატიანსა სახელით დაიწერე და მარტჳლთა თან გჳრგჳნოსან იქმენ!
შენ აღმსარებელთა მათ თანა განეწესე და მართალთა თანა დიდებული ხარ!
შენთჳს ფრიად დამიკჳრდების ჩუენ, წმიდაო მოწამეო, რამეთუ ჟამსა ამას ოდენ მეფობისა ისმაიტელთა დიდებისასა შენ ნეფსით სიმდაბლჱ ქრისტჱსთჳს აღირჩიე და მახჳლითა პყრობილი იგი შჯული განაგდე და ჭეშმარიტი იგი აღიარე და ჯუარ-ცუმულსა მას თავყანის-ეც უფლად და ღმრთად!
ვინაჲ ანუ ვისგან ისწავე ქრისტჱსთჳს ესოდენი ცნობაჲ? რომელმან საკჳრველებამან აღგიყვანა შენ დიდებასა მას სასუფევლისასა?
შენ ჭეშმარიტად მარჯუენითსა მას ავაზაკსა ემსგავსე, რამეთუ გაქუნდა შენცა ერთი შენ თანა პყრობილთაგანი, ნაშობი ქრისტეანეთაჲ, რომელი განდრეკილ იყო ქრისტჱსგან და მიდევნებულ სჯულსა უცხოსა, ხოლო კუალად ქრისტჱს აღსარებისათჳს შენ თანა განიკითხვოდა, არამედ საწყალობელსა მას კუალადცა უბრკუმა და დაეცა. რამეთუ შიშისაგან სიკუდილისა საწუთროჲ ესე შეიყუარა და საუკუნოჲ იგი წარწყმიდა, მტერმან ბოროტმან აღიტაცა და ცხოვარი იგი ქრისტჱსი ნამგლევ იქმნა. რამეთუ მწყემსსა მას კეთილსა განეშორა და არგანი იგი ქრისტჱს ძლიერებისაჲ განაგდო ჴელთაგან თჳსთა, ამისთჳსცა იძლია და განვარდა სამწყსოჲსაგან პირმეტყუელთა მათ ცხოვართაჲსა. ხოლო შენ, სანატრელო მოწამეო, კუერთხითა მით, ჯუარითა თჳსითა, დაგიცვა ქრისტემან მსგავსად ძლიერისა მის სარწმუნოებისა შენისა მისა მიმართ.
შენ ავაზაკსა მას ესწორე სარწმუნოებითა და სამოთხესა განეწესე!
შენ კარი იგი სამოთხისაჲ განაღე ჯუარითა ქრისტჱსითა და მცველთა მათ ქერობინთა ცეცხლის მსგავსთა ვერ განგიკითხეს, ვითარმედ ვინ ხარ!
და რაჲ-ღა-მე ვთქუა უფროჲს, რამეთუ “უფალმან ივნო ჩუენთჳს, უბრალომან ბრალეულთათჳს” დასთხია სისხლი თჳსი უბიწოჲ, ხოლო შენ გარდაიჴადე თანანადები, რამეთუ შენცა დასთხიე სისხლი თჳსი სიყუარულისა მისისათჳს. ამისთჳსცა ძლევისა გჳრგჳნითა შეგამკო შენ და სასუფეველსა მას მამისა მისისასა მკჳდრად გამოგაჩინა!
შენ გამო, წმიდაო, მოწამეო, სიყუარული იგი ქრისტჱსი ჩუენდამი და სარწმუნოებაჲ ჩუეუნი მისა მიმართ კუალად განახლდა, რამეთუ აღვერიენით ერსა, უცხოსა შჯულითა, განდგომილსა ქრისტჱსგან, ნათესავსა საწუთროჲსა ამის მოყუარესა, თესლსა ურწმუნოსა ძისა ღმრთისასა, სარწმუნოებისა ჩუენისა მაგინებელთა, რომელთაგან ვისწავენით საქმენი მათნი და ვჰმონებდით გულისთქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვებითა მათითა, ვითარცა უსასონი ქრისტჱსგან და დამვიწყებელნი საუკუნოჲსა ცხორებისანი. ხოლო აწ შენ მიერ მოგუეახლა ქრისტე და ჩუენ გულისხმა ვყავთ კუალად შიში მისი და სიყუარული მისი, და მადლსა მისსა ღირს ვიქმნენით და სიყუარულსა მისსა და წყალობასა დღითი-დღედ მრავალთა სასწაულთა და კურნებათა ჩუენ შორის გამოჩინებითა!
შენ უგუნურთა მათ შემწირველთა შენთა მახჳლითა და ცეცხლითა უმეტჱს ალისა განგაბრწყინვეს; ვერ გულისხმა-ყვეს უგულისხმოთა მათ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ “იყოს ყოველმან, რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა”. ჵ უგუნურებაჲ და უმეტჱს უგუნურებაჲ იგი მათი, რამეთუ რომელ იგი პირველ არავინ გიცოდა, ვითარმედ ვინ ხარ, ანუ რომლისა ნათესავისაგან, ანუ რომლისა ერისაგან, ანუ რომლითა შჯულითა სცხომდებოდე, აწ ესერა უნებლებით წარმოგაჩინეს საცნაურად ქრისტჱს აღმსარებელად, და მარტჳლად ყოველთა შეგისწავლეს.
შენ ყოველთა დაბადებულთა პატივ-გცეს, რამეთუ ცაჲ მოწამე არს სიმართლესა შენსა უცხოჲსა ცეცხლისა გარდამოვლინებითა ადგილსა მას ზედა, რომელსა, ვითარცა კრავი უმანკოჲ, შეიწირე, შემწუარი ცეცხლითა.
შენ ქუეყანამან მსხუერპლად წმიდად და სათნოდ მიგიპყრა ღმერთსა, მას ზედა დაწუვითა პატიოსნისა გუამისა შენისაჲთა, რამეთუ გექმნა შენ, ვითარცა საკურთხეველ იგი აბელისი, ენუქისი, აბრაჰამისი და ელიაჲსი, რომელნი-იგი მრგულიად დასაწუველთა მათ ტარიგთა შესწირვიდეს ღმრთისა, და კუალად ადგილი იგი სამსხუერპლოჲსა შენისაჲ ემსგავსა ბერვასა მას აჰრონისსა და ზაქარიაჲსსა, მღდელთასა, რამეთუ ნაკუერცხალსა მას ზედა ცეცხლისასა აღვიდოდა, ვითარცა სულნელებაჲ საკუმეველთაჲ, სულნელებაჲ ჴორცთა მაგათ შენთაჲ წინაშე უფლისა, წმიდასა მას წმიდათასა, ზეცისა საკურთხეველსა!
შენ მდინარეთა მაგათ შეგიწყნარეს, ვითარცა ქრისტჱს მარტჳლი, ხოლო ქრისტემან ღმერთმან სიღრმეთა მათ სიბნელჱ ზეცისა ნათლითა განაბრწყინავა.
შენ ნათესავთა შენთა უცხო და განგდებულ გყვეს, ხოლო ქრისტემან ისმაიტელთა შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან, გამოგარჩია და მიგიპყრა თჳსსა მას ეკლესიასა!
შენ, ველური ეგე ზეთის ხილი, მოგიღო ქრისტემან და მტილსა მას შინა თჳსსა სამკჳდრებელსა ნაყოფად კურთხევისად დაგნერგა, და ნაყოფითა მით სარწმუნოებისა შენისაჲთა ახარა ეკლესიასა, რომელსა შინა იშუებენ ქრისტჱს-მორწმუნენი და ჰნატრიან შენსა მას დიდებულებასა, შენსა მას მოღუაწებასა, შენსა მას სიმჴნესა, შენსა მას მარტჳლობასა, შენსა მას გჳრგჳნოსნებასა!
ვითარ-მე გაქებდე შენ, ღუაწლის მძლეო წმიდაო მოწამეო? რამეთუ შენ, ახალი ეგე ქრისტჱს მორწმუნჱ, მოძღუარ ჩუენდა იქმენ, სწავლულნი უფროჲს გულისხმიერ ჰყვენ, შერყეულნი უფროჲს განამტკიცენ, განმტკიცებულნი განამხიარულენ, წარმართნი წადიერ ჰყვენ ქრისტჱს მონებად, საჴსენებლი მარტჳლობისა შენისაჲ ჩუენ დაგჳტევე, სახელისა შენისა მოთხრობად ყოველთა ქადაგ ვიქმნენით!
აწ ვევედრებით ყოველნი შენსა ქრისტჱს-მოყუარებასა, მეოხმცა ხარ წინაშე მაცხოვრისა ყოველთაჲსა ჩუენ ყოველთათჳს, რომელნი შენ მიერ ითხოვენ წყალობასა ქრისტჱს ღმრთისაგან, რომლისა არს დიდებაჲ და პატივი და ძლიერებაჲ თანა მამით და ყოვლად-წმიდით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ!