რას მიყურებ აგრე გაკვირვებითა,
ნუთუ სახე არ გინახავს მუშისა?
მკერდი ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი,
ფერით რკინა, კისერჩაჟანგებული,
კაცი გულით, დაჩაგრული ბედითა,
სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილი,
ვის სიცოცხლე ტანჯვად გადაჰქცევია
შოვნისათვის მხოლოდ ლუკმა-პურისა!..
ან რა გიკვირს? — ჩემ შუბლზედა ღარები,
წვერ-ულვაში უდროდ გათეთრებული,
ნიშანია გულში ღრმათა ტკივილთა,
დიდთა შრომათ, ღრმათ ფიქრებთა მწარეთა,
უიმედოდ, უნუგეშოდ ყოფნისა!..
ჰსჩანს არ იცი, რომ არიან ღარიბნიც,
არის სადმე სიმწარითა ცხოვრება!..
ნუ გიკვირს კი, ჰსჯობს ჩემ გულში ჩახედო,
წაიკითხო სიმწარისა ამბები:
ძმის ღალატი, მოყვასთაგან დაჩაგვრა,
მეგობრისგან იუდასი ამბორი,
საყვარლისგან — წყეული სიყვარული,
ნაზის ხელით გულს დასმულნი დაღები!
სოფლის გარე უწყალოდ განდევნილსა
დამავიწყდა რაცა ვიყავ ოდესმე!..
და აწ მხოლოდ დამშთა ესე ჩემს ბედად:
ტანჯვით შრომა, ოფლით ძებნა ლუკმისა...
და მიდის დღე, მიდის ღამე ამ ყოფით!
ნუ მიყურებ ასე გამწარებულსა,
სიღარიბე მეტად ძნელი ყოფილა...
მე ვმუშაობ... სხვანი კი იმღერიან!..
ბედნიერნი, გულითა უზრუნველნი!..
ბაღით მესმის ჭიანურის, ლხინის ხმა,
სავათნავას გულ-დამწველი სიტყვები...
გულით მინდა მეც აქედან ხმა მივჰსცე,
მარამ მრცხვენის: მე მათი რა ტოლი ვარ?
და ღრმად ვჰმალავ გულში სიმწარის ოხრვას,
მალვით ვიწმენდ თვალში მორეულ ცრემლსა...
ეჰ, ვის ესმის, თუ სადღაც მუშა ჰკვნესის?..
მაშ ვინა ვარ, რა მჰქვიან ამ სოფელში,
თუ სიამის ერთი დღეც არ მახსოვდეს?
სიჭაბუკე ტანჯვით შრომამ წაიღო
და ვერ ვჰხედავ მომავალშიც ნუგეშსა,
მცირედ სხივსა სიხარულის ნათლისას...
წყეულ იყოს, ვინცა მუშა აკურთხა,
მოკლებული ყოველ-გვარის შვებასა,
კაცთა შორის კაცად არ მიჩნეული!..
რას მიყურებ დაღონებულს, ფერ-მიხდილს?
მოვჰხუცდი და რა მაქვს მოსაგონებლად,
თუ არ ჩემი ვაებითა ცხოვრება?
რა მიამა? რომ მოვკვდე რა ვინანო?..
როგორც მოველ, ისე განვალ ამ სოფლით,
სიცოცხლისვე დროსა დავიწყებული!..
რად ვიშობე, თუ ეს ბედი თან დამჰყვა?
ვინ ვადიდო, ვინ დავსწყევლო? — არ ვიცი!
მაგრამ ჩემთვის დღე სიმწარით ღამდება...
რათ მიყურებ აგრე გაოცებული?
ნუთუ მართლა კაციც არა გგონივარ,
რადგანაც ვარ სიღარიბის სამოსლით,
არა მქონდეს კეთილისა გრძნობაცა!..
მაშა მღვდელი ლაპარაკს რომ დამიწყებს,
ყურს რათ ვუგდებ გონება მიზიდული?
მის სიტყვები ზოგჯერ თუმცა არ მესმის,
მაგრამ გულს კი უხარიან მათ სმენა!
სულს მიმაგრებს ძალი ნუგეშ-ცემისა,
ზეციურის მადლით განათებული.
გულში ჰქრება ღელვა სიბოროტისა...
ვჰგრძნობ სიმშვიდეს... ლოცვაებსა ვიგონებ...
მაგონდება დღენი ყმაწვილობისა,
ხმა დედისა, მისა ტკბილი ალერსი...
თვალ-წინ ვჰხედავ დიდხანს დავიწყებულთა...
და აღარ ვჰსწყევ ჩემ შობის დღეს, ჩემს ბედსა!..
მაშინ შრომაც დიდად მიადვილდება,
და მას ღამეს მძინავს ისე მშვიდობით,
თითქოს ჩემ ქოხს დაჰფრინვენ ანგელოზნი...
განცხრომის ძევ, ნებიერად გაზრდილო,
ეს ქვეყანა შენთვის არის შექმნილი!
ველთ სიმწვანე, ცის ლაჟვარდი, მზის შუქი,
გაზაფხული, სუნნელების ნიავით,
შენ გეტრფიან, გახარებენ, გატკბობენ!
შენთვის ჰბრწყინვენ თვით ლამაზნი თვალებიც;
ნაზი წელი რხევით შენსკენ რონინებს;
მიმოჰქრიან შენთვის ზღვაში ხომალდნიც,
ხელოვნების ძვირთ საუნჯეთ მზიდველნი.
თვით მეც, მუშა, ჩემის ღონით, ოფლითა,
შენთვისა ვარ დაბადებით მსახურად:
დილითვე ვგვი ქუჩის უწმინდურებას,
რომ მის სუნი არ ეწყინოს შენს ცხვირსა,
და შორით გმზერ, კრძალვით მლოდე წყალობის...
შენ ხარ მეფე... მე ძაღლადაც არ მაგდებ!..
რაღა გითხრა, ნუთუ ეხლაც ვერ მიხვდი,
რა ძნელია შოვნა ლუკმა-პურისა?
როგორ ახდენს სიღარიბე კაცის გულს
და აბნელებს სულის სხივსა, გონებას?
ეჰ, ძმავ, წადი, შენ შენს გზაზე სიმღერით...
მე ჩემს ბარგსა როგორმე იქ მოვიხსნი,
სად მე და შენ ვიქნებით თანასწორნი,
საუკუნოს განსასვენსა ალაგსა!..
1877 წ.