Litclub.ge

გერონტი ქიქოძე
ჩვენი დაახლოება უსიამოვნებით დაიწყო... ამ ოცი წლის წინათ იძულებითი ლიტერატურული შესვენების შემდეგ ახალი პიესა დავწერე. ამ პიესას "ბახტრიონი" ერქვა და სათაურის ქვეშ მიწერილი იყო: "ვაჟას შთაგონებით". 
პიესა ვაჟა-ფშაველას პოემა "ბახტრიონის" გასცენიურების ცდა იყო. თუმცა უნდა ითქვას, რომ ვაჟას სიტყვიერი მასალა არ გამომიყენებია. დაწერილი იყო ლექსად. პიესა მოეწონა რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილს და განიზრახა მის დადგმა მარჯანიშვილის სახელობის თეტრში. 
ამ პიესისადმი ამჟამად ჩემი დამოკიდებულება სხვანაირია, მაშინ კი დიდ იმედებს ვამყარებდი. მის დადგმით ხელახლა უნდა გაღებულიყო ჩემთვის თეატრისა და მწერალთა კავშირის მძიმე რკინის კარი, რომელსაც მე თითქმის ათი წლის განმავლობაში ვუთვალთვალებდი. 
ხელოვნების საქმეთა სამმართველოსთან არსებულმა სარეპერტუარო საბჭომ, რომელშიც მწერლებიც შედიოდნენ, არ გაიზიარა რეჟისორისა და თეატრის არჩევანი, ჩემი პიესის წინააღმდეგ გამოვიდნენ გერონტი ქიქოძე და აკაკი ვასაძე. მე მაშინ სოფელში ვცხოვრობდი და იქ მაცნობეს ეს ამბავი. ჩემი იმედები იმსხვრეოდა. აღელვებული და შეწუხებული ჩამოვედი თბილისში. არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა, ვისთვის შემეჩივლა. გადავწყიტე, გერონტი ქიქოძემ მენახა და მეკითხა მაინც.. მხოლოდ მეკითხა. 
გერონტის ბავშვობიდან დიდ პატივს ვცემდი და შორიდან მიყვარდა. ვიცოდი, თავის აზრს უკან არ წაიღებდა, მაგრამ მასთან შეხვედრა და ლაპარაკი მაინც მინდოდა. გრიგოლ აბაშიძემ შემახვედრა. ისიც დაღონებული იყო ჩემი მდგომარეობით და გერონტის წინასწარ, ჩვენ შეხვედრამდე რამდენიმე სიტყვა უთხრა. 
კარგა მახსოვს, მზიანი დღე იყო რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს მუზეუმის წინ მივდიოდით და ვსაუბრობდით. გერონტი გულწრფელად იყო შეწუხებული, მან არ იცოდა, თუ პიესის დადგმას ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემი შემდგომი ბედისათვის... ამიტომ იყო შეწუხებული. თავის პრინციპულ მოსზრებას კი ამგვარი გასცენიურებების შესახებ მტკიცედ იცავდა და მარიგებდა: დაწერე შენი და შენი გზით იარეო. 
მას შემდეგ,როგორც ვთქვი, ოცი წელიწადი გავიდა, მაგრამ არ ყოფილა ორი წუთიც, რომელიც გერონტის მიმართ ჩემს მეხსიერებაში სამდურავად ან წყენად აღბეჭდილიყო. ამ შემთხვევამ ვერ წაშალა ის დიდი სიმპატია, რომელსაც იგი თავისი ადამიანური და მწერლულირ თვისებებით ბავშვობიდან მინერგავდა. 
პირიქით. 
მას აქეთ ჩვენი დამოკიდებულება უფრო გაღრმავდა. გერონტი საოცრად დაინტერესდა ჩემი ბედით და ჩვენი ყოველი შეხვედრა გულთბილი, შინაარსიანი და მეგობრული იყო. 
გერონტი ქართლის, მისი ისტორიის ძველი ტრფიალი იყო და სოფლიდან ჩამოსულს  თუ შემხვდებოდა, ყოველთვის მეკითხებოდა, როგორ ცხოვრობს შენი სოფელი, ქართლელი გლეხი, როგორი ქართული ისმის, ენა ხომ არ წახდაო. მე ვუმტკიცებდი, ქართლში ისევ კარგი ქართული ისმის-მეთქი. ეს ახარებდა და ამბობდა: ქართულის პირველი შემნახავი და დამცველი გლეხკაცობაა, მისი ენა არის ფუძე და ხერხემალი ლიტერატურული ენისაო. 
ბევრჯერ უთქვამს, შენს სოფელში ვყოფილვარ სტუმრად, მწერალ არჩილ ჯაჯანაშვილთან, კარგი დრო მიტარებია, ძლევსი ქედიდან თვალადიდისათვის გადამიხედავსო. 
ეს სიტყვები უბრალო, ზრდილობისათვის ნათქვამი ქათინაური როდი იყო. გერონტი ხომ საქართველოს დაუძინებელი მოყვარელ იყო, თითქმის მისი ყვლა კუთხეში ნამყოფი. 
მახსოვს, თავისი სიცოცხლის  უკანსკნელ წლებში როგორი ჭაბუკური ხალისით ჩაჯდებოდა ხოლმე უბრალო ტურისტულ ავტობუსში, სადაც მხოლოდ ახალგაზრდები ისხდნენ და გაშურებოდა ხან კახეთისაკენ - მშვენიერი გრემის სანახავად, ხან ქართლისაკენ - რკონის დასათვალიერებლად.. უფრო ადრე დაუზარებლად ჩაჯდა მანქანაში და გრძელი გზა- თბლისიდან სამეგრელოს შორეულ სოფლამდე, თავისი მეგობრის ლეო ქიაჩელის მშობლიურ ობუჩამდე და იქიდან უკან, დაუღალავად იმოგზაურა. 
გერონტი ქიქოძე თავის აზრებს მოკლედ, სხარტად და შთამბეჭდავად გამოთქვამდა და მის ნაწერში ყოველთვის იგრძნობოდა მშობლიური ენის პატივისცემა. მისი ენა და განსაკუთრებით ენის გამოყენების თავისებური სტილი დიდ გავლენას ახდენდა თანამედროვე პროზისა და საერთოდ  ქართული ენის განვითარებაზე. საინტერესოა მისი აზრი ქართული ენის მნიშვნელობისა და დაცვის გამო: "ქართული ენა უძველესი და უმდიდრესი ენაა და მან წარსულში სტიქიონური ძალების შემოტევას და ქარტეხილებს გაუძლო. მას ძალიან მაგარი ჩონჩხი აქვს. მისი შემწეობით ენერგიულად და ლაკონურად შეიძლება აზრის გადმოცემა. ამ ენის სახით ჩვენმა წინაპრებმა ეროვნული ვინაობის თავდაცვის იარაღი გვიანდერძეს, შეუდარებელი თავისი გამძლეობის თვალსაზრისით. მათ ამ ენაზე გამოთქვეს უღრმესი რელიგიური და ფილოსოფიური იდეები და უძლიერესი სიყვარულის გრძნობები. ამ იარაღის შეუბღალავი შენახვა, მისი დაცვა ყოველი ჟანგისაგან ჩვენი თაობის უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს". 
ეს მშვენიერი, ღრმა და შთამბეჭდავი სიტყვები, გამოთქმული აზრის სინათლე და მკაფიობა თავისთავად ბრწყინვალე დადასტურებაა ზემოთქმულისა. 

*

გერონტი ქიქოძე მწერლებს იშვიათად ეუბნებოდა ქათინაურებს, მით უფრო იშვიათად უწერდა. მკაცრი თვალსაზრისი და გემოვნება გულუხვობას და ხელგაშლილობს უკარძალავდა. თუ რომელიმე ახალგაზრდა მწერალს ქართული ენის სიყვარულს შეამჩნევდა, უსათუოდ დაინტერესდბოდა და აქეზებდსა. მეგობარ მწერალსაც კი თავის აზრს ხალ ნაწარმოებზე, რომელიც მოსწონდა, პირდაპირ არ ეტყოდა, საიდანღაც შორიდან მოუვლიდა და სათქმელს ისე იტყოდა, ვერ მიუხვდებოდით, თავის აზრს ამბობდა თუ სხვისას.
ერთხელ მითხრა, შენი ახალი ლექსები ერთ ჩემს განათლებულ ნათესავ ქალიშვილს წავუკითხე და ძალიან მოეწონაო. 
მე ვერ მივუხვდი და იმის გამოკითხვა დავუწყე, ვინ არის ის ქალიშვილი, დაეჯერება თუ არა მის გემოვნებას-მეთქი. 
გერონტი იდგა, თავს თავისებურად მიქნედა და იღიმებოდა.

*

ყველა ადამიანი არ იმსახურებს თავის ირგვლივ მყოფთა პატივისცემას. ამის მიღწევა შეუძლებელია ხელოვნური საშუალებებით და ძალდატანებით. გერონტის არც ერთი სჭირდებოდა და არც მეორე. ის არამც თუ პატივისცემას, მოკრძალებას და, თქვენ წარმოიდგინეთ, უნეურ კეთილშობილ შიშსაც კი იმსახურებდა. 
სიკეთესა და პრინციპულობის მაგალითის მიმცემი საზოგადოებაში ერთგვარ ხატად იქცევა, იგი სიმღერის დაწყებასა ჰგავს, წამქეზებელს ჰგავს და მთელი გუნდი მიჰყვება მის ომახიან ხმას თუ საქციელს, ეშინია, არ ჩამორჩეს, არ გადაუხვიოს, არ შეცდეს... ასეთი იყო გერონტი ქიქოძე. მის ნათელი პიროვნება სხვასაც ამაღლებდა, პირდაპირობის სურვილს უღვივებდა. იგი სულით წმინდა და გარეგნობით ფაქიზი პიროვნება იყო და ამით, ცოტა არ იყოს, ამაყობდა კიდეც. მაგარამ განა საკუთარი სიკეთის შეგნებით გამოწვეული სიამაყე დასაძრახისია? 
ხომ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიბინძურეს და ნაკლს ისე ეჩვევიან, რომ ამით ამაყობენ და ვერც ამჩნევენ, რომ ამაყობენ. 
ადამიანის ყველაზე დიდი სიბრძნე წარსულთან და მომავალთან გონივრული კავშირის დამყარებაში მდგომარეობს. წარსულის ახსნა და მომავლის გათვალისწინება არის ის გზაჯვარედინი, სადაც ბევრი ადამიანი იბნევა და გაურკვევლობის უღრანში მიაბიჯებს, ცდება და იტანჯება. 
გერონტი ქიქოძე იყო თანამედროვე კაცი, რომელსაც უყვარდა საქართველოს წარსული და სწამდა მისი მომავალი. პატივს სცემდა წინაპარ მწერლებს და იმედი ჰქონდა მომდევნო თაობებისა. ამიტომაც უყვარდათ იგი მომდევნოებს და პატივს სცემენ მის საფლავს. 
კონსტანტინე ჭიჭინაძეს უყვარდა ერთი ხუმრობა: როცა მომდევნო თაობის მწერლებს შორის ჩადგებოდა, ღიმილით   იტყოდა: 
- ჩვენ რა გვიშავს, კარგი დამმარხველები გვყავხართ, თქვენ იკითხეთ, ჯერჯერობით, საიმედო არაფერი გაქვთო! 
კონსტანტინეს ეს ხუმრობა გერონტისაც მოუსმენია. 
იდგა, თავს თავისებურად აკანტურებდა და მოჭუტული თვალებით იღიმებოდა. 
ისინი არ ცდებოდნენ მომდევნო თაობის სიყვარულის შეფასებაში, მაგრამ მათი იმედის მთვარი საფუძველი უფრო მათ ადამიანურ ღირსებაში უნდა ვეძიოთ. მათ ეს სიყვარული თავისი უანგარო მოღვაწეობით დაიმსახურეს. 
ბედნიერია ის, ვინც თავისი ცხოვრების დასასრულს უკან მოიხედავს და არ შეეკითხება თავის თავს - ვინ ვიყავი, რა ვიყავი და რას ვემსახურეო. 
გერონტი ქიქოძე ასეთ რამეს არ შეეკითხეოდა თავის თავს: მან იცოდა, ვინც იყო და რა საქმესაც ემსაუხრა.