Litclub.ge

იცხოვრო, რათა მოჰყვე
თავი I
   
(ფრაგმენტი)

დედამ მთხოვა, სახლის გასაყიდად გავყოლოდი. დილით ბარანკილიაში იმ მიყრუებული სოფლიდან ჩამოვიდა, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა, და ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მომძებნიდა. აქა-იქ ნაცნობებში მკითხულობდა, როცა მიასწავლეს, რომ ჩემს ნახვას მხოლოდ წიგნების მაღაზია ,,მუნდოში’’ ან ახლომდებარე კაფეებში შეძლებდა, სადაც მეგობარ მწერლებთან ერთად სასაუბროდ დღეში ორჯერ დავდიოდი. ამასთან, დედა გააფრთხილეს კიდეც: ,,ფრთხილად იყავით, საბოლოოდ შეიშალნენ.’’ ზუსტად თორმეტ საათზე გამომეცხადა. თავდაპირველად საგამოფენო წიგნებით სავსე მაგიდებს შორის მარდად დააბიჯებდა, შემდეგ უეცრად ჩემს წინაშე ადგილზევე გაშეშდა, თვალებში ჩვეული, ეშმაკური ღიმილით ჩამხედა და, სანამ გონს მოვეგებოდი, მითხრა:
-დედაშენი ვარ.
ერთი შეხედვით ვერც კი შევიცანი. თითქოს ეს ქალი რაღაცამ შეცვალაო: ორმოცდახუთი წლის ასაკში თერთმეტ მშობიარობას, ორსულობის ათ წელიწადსა და ჩვილების გამოკვებაში გატარებულ ამდენივე წელს ითვლიდა. სრულიად უდროოდ გაჭაღარავებულიყო, სათვალიდან კი გაცილებით ფართო და განცვიფრებული თვალები უჩანდა. ეტყობოდა, დედას ჯერ კიდევ გლოვობდა, თუმცა ქორწინების სურათზე აღბეჭდილი რომაული სილამაზის კვალი ისევ შერჩენოდა. სანამ გადამეხვეოდა, ჩვეული მოკრძალებით მითხრა:
-მოვედი, რომ გთხოვო, სახლის გასაყიდად გამომყვე.
განმარტებაც კი ზედმეტი იყო, რამეთუ ამქვეყნად ჩვენთვის მხოლოდ ერთი სახლი არსებობდა: წინაპართა ძველი სახლი არაკატაკაში, სადაც ღვთის წყალობით დავბადებულვარ და რვა წლის ასაკამდე ვიზრდებოდი. ის-ის იყო ექვსი სემესტრის გასრულებისთანავე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი მივატოვე. გულმოდგინედ ვკითხულობდი ყველაფერს, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა, და ესპანეთის ოქროს საუკუნის განუმეორებელ პოეზიასაც ზეპირად ვსწავლობდი. წაკითხული მქონდა ყველა იმ წიგნის თარგმანი, წერის ტექნიკის ასათვისებლად რომ ვითხოვე. გაზეთის ,,დამატებაში’’ ექვსი მოთხრობაც გამოვაქვეყნე, რამაც ჩემი მეგობრების აღტაცება და ზოგიერთი კრიტიკოსის ყურადღებაც დაიმსახურა. მომდევნო თვეს ოცდასამი წელი მისრულდებოდა. სამხედრო სამსახურის კანონდამრღვევი და ორჯერ გონორეამოხდილი ვეტერანი, ყოველდღიურად ბარბაროსული თამბაქოს სამოც ღერს ვეწეოდი. მოცალეობისას დროს ბარანკილიასა და კარტახენა დე ინდიასში, კარიბის ზღვის სანაპიროზე ვატარებდი, თავს კი იმით ვირჩენდი, რასაც ,,ელ ერალდოში’’ ყოველდღიური უწყებებისთვის მიხდიდნენ. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში იქ მეძინა, სადაც მიღამდებოდა. 
უფრო სიმწირის, ვიდრე გემოვნების გამო, მოდას ოცი წლით გავუსწარი: ველური ულვაშები, გაწეწილი თმა, ჯინსები, ორაზროვანი ყვავილებით შემკული პერანგები და პილიგრიმის სანდლები. ერთხელ, ჩემმა მეგობარმა გოგონამ ჩაბნელებულ კინოდარბაზში ვერ შემნიშნა, როცა ვიღაცას გადაულაპარაკა: ,,საწყალი გაბიტო, მთლად წყალწაღებულია.’’ ასე რომ, დედაჩემის თხოვნას, სახლის გასაყიდად გავყოლოდი, დაუყოვნებლივ დავთანხმდი.
ყოვედღიურ ,,უწყებანში’’ სამ პესოს მიხდიდნენ, ოთხს კი იმ მოწინავე სტატიაში, რომელიმე რედაქტორის არყოფნის შემთხვევაში თუ დავწერდი. ეს თანხა ძლივს მყოფნიდა. ვცადე ფული მესესხა, მაგრამ გამგემ შემახსენა, რომ ჩემი ვალი ორმოცდაათ პესოს აღემატებოდა. სწორედ იმავე საღამოს ბოროტმოქმედების ჩადენა განვიზრახე, რასაც, ალბათ, ვერცერთი ჩემი მეგობარი ვერ შესძლებდა. კაფე ,,კოლუმბიის’’ გასასვლელში, წიგნების მაღაზიასთან, კატალონელ წიგნებით მოვაჭრეს, მოხუც მაესტრო დონ რამონ ვინიეს წამოვეწიე და ათი პესო ვთხოვე, თუმცა მას მხოლოდ ექვსი აღმოაჩნდა.
ვერც მე და, რა თქმა უნდა, ვერც დედაჩემი ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ის ორდღიანი, გულმოდგინე გასეირნება ისეთი გადამწყვეტი და ხანგრძლივი გამოდგებოდა ჩემთვის, დროც რომ არ მეყოფოდა მოსაყოლად. ახლა კი, სამოცდათხუთმეტს გადაცილებულმა, კარგად ვიცი, რომ ეს ჩემი სამწერლო მოღვაწეობის, უკეთ რომ ვთქვათ, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.
მოზარდის მეხსიერება უფრო მეტ ინტერესს წარსულის კი არა, მომავლისადმი იჩენს. ასე რომ, იმხანად ჩემი სოფლის მოგონებანი ჯერ კიდევ არ იყვნენ ნოსტალგიით იდეალიზებულნი. მახსენდება საცხოვრებლად ხელსაყრელი ადგილი კამკამა მდინარის პირას, რომელიც ისტორიამდელი კვერცხის მსგავს უზარმაზარ ქვიან კალაპოტში ჩაედინებოდა, ის ადგილი, სადაც ყველა ერთმანეთს სცნობდა. შებინდებისას, განსაკუთრებით დეკემბერში, როცა წვიმები გადაივლიდა და ჰაერიც გრილდებოდა, სანტა მარტას სიერა ნევადა თეთრი მწვერვალებით თითქოს, მოპირდაპირე მხარეს გაშენებულ ბანანის პლანტაციებს ერწყმოდა. მოჩანდნენ მთაგრეხილიდან მწყობრად მომავალი, ჯანჯაფილით დატვირთული ინდიელი არუაკები, კოკაინის ღეჭვით ცხოვრების შემსუბუქებას რომ ლამობდნენ. მარადიული თოვლის დანახვისთანავე ბავშვებს გუნდაობის, ხოლო სიცხისაგან გავარვარებულ ქუჩებში კი ,,ომობანას’’ თამაშის სურვილი გვამოძრავებდა. აუტანელი სიცხის გამო, განსაკუთრებით სიესტის დროს, უფროსები ჩივილს ისე მოჰყვებოდნენ, თითქოს ეს მათთვის ყოველდღიური სიურპრიზი იყო. ჩემი გაჩენის დღიდან მესმოდა, რასაც დაუღალავად იმეორებდნენ რომ ,,იუნაითიდ ფრუთ კომპანის’’ ბანაკები და რკინიგზაც ღამით აუშენებიათ, რადგან დღისით, მზეზე გავარვარებული ხელსაწყოების გამოყენება შეუძლებელი ყოფილა.
ბარანკილიადან არაკატაკაში მისაღწევად ერთადერთი გზა არსებობდა: კოლონიის პერიოდში ტყვეთა ხელით გაჭრილი საზღვაო არხი ჯერ მოტორიანი დაშლილი ნავით უნდა გადაგელახათ, შემდეგ მღვრიე, გამოცარიელებული და ვეებერთელა ჭაობნარის გზით ,,სიენაგას’’ მისტერიულ დასახლებამდე მიაღწევდით, საიდანაც ჩვეულებრივი მატარებელი, იმხანად ქვეყანაში საუკეთესოდ რომ ითვლებოდა, ბანანის უზარმაზარი პლანტაციების, მტვრით დაფარული სოფლების, განმარტოებული სადგურების ბაქნებზე ამაო გაჩერებების შემდეგ ფინალურ მგზავრობას ასრულებდა. სწორედ ამ გზას დავადექით მე და დედა 1950 წლის 18 თებერვლის, შაბათ საღამოს შვიდ საათზე. ჩვენი მგზავრობა კარნავალის წინადღეს, კოკისპირული წვიმის ფონზე წარიმართა. ჯიბეში სულ 32 პესო გვქონდა და, თუ სახლი წინასწარი გათვლით არ გაიყიდებოდა, ეს თანხა უკან დასაბრუნებლადაც არ გვეყოფოდა.
სამდინარო პორტში იმ ღამით ქარი ისე მძვინვარებდა, რომ დედა დიდი თხოვნის შემდეგ გემით მგზავრობაზე დამთანხმდა. ეს ნიუ-ორლეანის გემის იმიტაცია იყო, საწვავზე მომუშავე მოტორით, რომლის წყალობით ყველაფერი ციებცხელებიანივით ცახცახებდა. პატარა სალონში ჰამაკის ჩამოსაკიდებელ სხვადასხვა სიმაღლის საბრჯენებსა და ხის საზურგიან სკამებზე იდაყვდაყრდნობილი მგზავრები ცოცხალი ღორებით, ქათმის გალიებითა თუ ნავაჭრით დატვირთული ჩემოდნებიანად შექუჩებულიყვნენ. დახუთულ კაიუტებში, როგორც ყაზარმებში, ორ-ორი საწოლი იდგა, სადაც უღირს მეძავებს თითქმის ყოველთვის შეეძლოთ ,,სასწრაფო დახმარების’’ აღმოჩენა. რაკი ცარიელი ადგილი ვერ ვიპოვეთ და არც ჰამაკები გვქონდა, მე და დედამ ცენტრალური დერეფნის ორი რკინის სკამი იერიშით ავიღეთ და ღამის გასათევად მათზე მოვკალათდით.
დედაჩემის შიში ამაო არ გამოდგა. ქარიშხლისაგან აღელვებული ზვირთები ჩვენს გემს ეხეთქებოდა. გადავცურეთ მდინარე მაგდალენაც, რომელიც ოკეანის ტემპერამენტით გამოირჩეოდა. იაფფასიანი სიგარეტი და თუთუნი პორტშივე მქონდა მომარაგებული და მოწევასაც ჩვეული მანერით შევუდექი. უილიამ ფოლკნერის ,,აგვისტოს ნათელის’’ ხელმეორედ გადაკითხვით გართული, სიგარეტს სიგარეტზე ვაბოლებდი. უილიამ ფოლკნერი იმხანად ჩემს მფარველ ყველაზე ერთგულ დემონად მიმაჩნდა. უეცრად დედა თავის კრიალოსანს ჩაებღაუჭა და ღმერთს საკუთარი თავისთვის არაფერი, სამაგიეროდ თერთმეტი მიუსაფრის ხანგრძლივი სიცოცხლე და იღბალი შესთხოვა. მისი ვედრება უფალმა ნამდვილად შეისმინა, რადგან არხში შესვლისთანავე წვიმამ იკლო, სიოც ხანდახან, მოსკიტების დასაფრთხობად თუ დაუბერავდა. დედამ კრიალოსანი შეინახა და დიდი ხნის მანძილზე მდუმარედ აკვირდებოდა ჩვენს ირგვლივ ატეხილ ცხოვრებისეულ ალიაქოთს.
მართალია, დედაჩემი მოკრძალებულ სახლში დაიბადა, სამაგიეროდ, ბანანის კომპანიის ეფემერული დიდების ფონზე გაიზარდა. მდიდარი გოგონას მსგავსად, სანტა მარტას ღვთისმშობლის სახელობის კოლეჯში შესანიშნავი განათლების მიღებაც მოასწრო. საშობაო არდადეგების დროს მეგობრებთან ერთად ფანჯრის რაფაზე ქარგავდა, საქველმოქმედო ბაზრობებზე კლავიკორდზე უკრავდა, ხოლო მდიდარ მამიდასთან ერთად, ადგილობრივი, ღვთისმოშიში არისტოკრატიის ყველაზე უმწიკვლო ცეკვებს ესწრებოდა. ამის მიუხედავად, მშობლების ნება-სურვილს მაინც წინაღუდგა, როცა სოფლის ტელეგრაფისტზე დაქორწინდა. თავიდანვე იუმორის გრძნობა და რკინის ჯანმრთელობა მოსდგამდა, რომელსაც ხანგრძლივი ცხოვრების გზაზე დაგებული მახეები ვერაფერს აკლებდა. გასაოცარი იყო, რომ ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული, შიშისმომგვრელი ძალის შენიღბვას როგორ ახერხებდა, სწორედ ამ თვისების დამსახურებით, სამზარეულოდან, მზის სისტემის მსგავსად, წვრილი ხმითა და თვალის დაუხამხამებლად მატრიარქატული ძალაუფლება დაამყარა, რომელიც ყველაზე შორეულ ნათესავზეც კი ვრცელდებოდა.
დედა ყოველგვარი აღელვების გარეშე, მოთმინებით იტანდა იმ ულმობელ მგზავრობას, და მე საკუთარ თავს ვეკითხებოდი, როგორ შეძლო ასე სწრაფად სიღატაკის უსამართლობას დამორჩილებოდა. სხვა თუ არაფერი, იმ ავადმოსაგონარი ღამის გახსენებაც კმარა: სისხლმოწყურებული მოსკიტები, სულის შემხუთავი და გულისამრევი სიცხე, უძილო მგზავრთა გაუთავებელი ბორიალი, საკუთარ ტყავში უცხოდ რომ გრძნობდნენ თავს და უფრო თბილი ადგილისათვის ჩხუბსაც არ თაკილობდნენ. დედაჩემი გაუნძრევლად იჯდა და იმ დაქირავებულ გოგონებს აკვირდებოდა, რომელნიც გვერდითა კაიუტებში კარნავალის წყალობით ხან მამაკაცის, ხანაც მადრიდელი ქალბატონის სამოსში გადაცმულნი, შემოსავალს იღებდნენ. ერთ-ერთი მათგანი სხვადასხვა კლიენტთან ერთად კაიუტაში უამრავჯერ შევიდა. თავდაპირველად მეგონა, რომ დედას ის არც კი შეუმჩნევია, მაგრამ მეოთხე თუ მეხუთე ჯერზე გამოსულს კორიდორის ბოლომდე სიბრალულით მიადევნა თვალი და:
- საბრალო გოგონებიო,- ამოიოხრა. _ის, რითაც თავი უნდა ირჩინონ, მუშაობაზე უარესია.
ეს ყველაფერი შუაღამემდე გაგრძელდა. კორიდორის მკრთალი სინათლისა და აუტანელი ჯანჯღარის გამო კითხვით დაღლილმა მოწევა გადავწყვიტე. გასულ წელს უნივერსიტეტი უგუნური ილუზიის წყალობით მივატოვე, მეგონა ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის ხარჯზე თავის რჩენას უსწავლელადაც შევძლებდი. ამასთანავე ბერნარდ შოუს ფრაზაც მამხნევებდა: ,,სკოლაში რომ წავსულიყავი, პატარაობიდანვე განათლების მიღება შევწყვიტე.’’ შეუძლებლად მიმაჩნდა ამ თემაზე დისკუსია მომეწყო, რადგან ისედაც ნათელი იყო, რომ ჩემი არგუმენტები მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე გასამართლებლად თუ გამომადგებოდა. მშობლები, რომლებმაც ამხელა იმედი დაამყარეს ჩემზე და ამდენი ფული დამახარჯეს, მსგავს სიგიჟეს ნამდვილად ვერ შეეგუებოდნენ. განსაკუთრებით მამაჩემი, რომელიც ყველაფერს მაპატიებდა, კედელზე ჩამოკიდებული დიპლომის გარდა, თვითონ ვერასდროს რომ ვერ მოიპოვა. ჩვენ ურთიერთობა გვქონდა გაწყვეტილი. თითქმის ერთი წლის შემდეგ მის მონახულებას ვაპირებდი, რათა ყველაფერი დამესაბუთებინა, ამ დროს დედაც გამოჩნდა და მთხოვა, სახლის გასაყიდად გავყოლოდი. შუაღამემდე დედა საქმეზე არ დამლაპარაკებია. მხოლოდ ხელსაყრელი მომენტის წყალობით შეძლო გულახდილად გამსაუბრებოდა., რითაც მგზავრობის ჭეშმარიტ მიზანსაც ნათელი მოჰფინა. ჩვენი დიალოგი ზომიერების ფარგლებში წარიმართა, რამაც ცხადყო, რომ დედას სათქმელი გამომგზავრებამდე დიდი ხნით ადრე, უძილობით დაღლილს, მარტოობაში მოუმწიფდა.
- მამაშენი ძალიან დაღონებულია,- თქვა.
ამ სიტყვების გაგონებას ჯოჯოხეთს ვამჯობინებდი. დედას ყოველთვის ასე სჩვეოდა: საუბარს მაშინ იწყებდა, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდი, და თან ისეთი მშვიდი ხმით, რომ წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ამიტომაც მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვკითხე: 
- ვითომ რატომ?
- სწავლა რომ მიატოვე.
- არ მივატოვე, მხოლოდ პროფესია შევიცვალე.  
დისკუსიამ დედას განწყობა აუმაღლა.
- მამაშენი ამბობს, რომ ეს ერთი და იგივეა. აშკარად ვგრძნობდი, ცრუობდა და ამიტომაც ვუთხარი:
- მამაჩემმაც ხომ მიატოვა სწავლა, ვიოლინოზე რომ დაეკრა.
- ეს სულ სხვა რამ იყო,- მკვირცხლადვე შემეკამათა დედა. ვიოლინოზე მხოლოდ დღესასწაულებისა და სერენადების დროს უკრავდა. სწავლა კი იმიტომ მიატოვა, რომ პურის ფულიც არ ჰქონდა. ტელეგრაფიის შესასწავლად ერთი თვეც არ დასჭირვებია. იმხანად ეს ყველაზე ხელსაყრელი პროფესია იყო, განსაკუთრებით არაკატაკაში.
- მეც გაზეთებში სტატიების გამოქვეყნებით ვსულდგმულობ,- ვუპასუხე.
- ამას იმიტომ მეუბნები, საბოლოოდ რომ არ გამანადგურო,- თქვა მან. - თუმცა გასაჭირს კაცი შორიდანვე მიგიხვდება. წიგნების მაღაზიაში რომ დაგინახე, ვერ გიცანი.
- ვერც მე გიცანით, დედა.
- სულ სხვა მიზეზის გამო,- თქვა მან. მე კი გლახაკს მიგამსგავსე. 
- ჩემს გაცვეთილ სანდლებს გადმოხედა და დასძინა: - წინდაც არ გაცვია.
- ასე გაცილებით მოსახერხებელია,- ვუთხარი. ორი პერანგი და ორი საცვალი: თითო ჩასაცმელად და თითო გასაშრობად ჩამოკიდებული. მეტი რა საჭიროა?
- უფრო ღირსეულად მოქცევა გმართებს,- მითხრა მან და მაშინვე ტონი შეარბილა: _ ყოველივე ეს შენდამი უსაზღვრო სიყვარულმა მათქმევინა.
- ვიცი, მაგრამ ერთი რამ ამიხსენით: ჩემს ადგილას თქვენ იგივეს არ გააკეთებდით?
- თუ ამით მშობლებს დავუპირისპირდებოდი, არ გავაკეთებდი,- მითხრა მან. 
გამახსენდა, როგორ დაჟინებით ცდილობდა დედა ოჯახის წინააღმდეგობა დაეძლია, ტელეგრაფისტზე რომ დაქორწინებულიყო, და ღიმილით ვუთხარი:
- თვალი გამისწორეთ.
მან თვალი ამარიდა, რადგან კარგად იცოდა, რაზეც ვფიქრობდი.
- მხოლოდ მშობლების ლოცვა-კურთხევით დავქორწინდი; ნებით თუ დაჟინებით, ეს დალოცვა მაინც დავიმსახურე.
დედამ დიალოგი შეწყვიტა. არა იმიტომ, რომ ჩემმა არგუმენტებმა დაამარცხა, არამედ საპირფარეშოში გასვლა დასჭირდა. სანიტარულ პირობებს უნდობლობა გამოუცხადა და მე ბოცმანს გამოველაპარაკე, მაგრამ ამაოდ. მან უმალვე განმიმარტა, რომ თავადაც საერთო საპირფარეშოთი სარგებლობდა და საუბარი ჯოზეფ კონრადის სიტყვებით დაასრულა: ,,ზღვაში ყველანი თანასწორნი ვართ.’’ ასე რომ, დედაჩემი საერთო კანონს დამორჩილდა, უკან დაბრუნებული კი სიცილს ძლივს იკავებდა:
- წარმოიდგინე, რას იფიქრებს მამაშენი, დასნეულებული რომ დავბრუნდე?
შუაღამე გადავლილი იყო, როცა სამი საათით გავჩერდით. საზღვაო არხის წყალმცენარეებმა გემის პროპელერის მოძრაობა შეაფერხა, რის გამოც მანგროს ტყით დაფარულ, ტროპიკულ სანაპიროზე განსაცდელში აღმოვჩნდით. უამრავმა მგზავრმა თავს გაქცევით უშველა. აუტანელი სიცხისა და მოსკიტების მიუხედავად, დედა დრო და დრო თვლემდა კიდეც. როდესაც გზა განვაგრძეთ და გრილმა სიომაც დაბერა, საბოლოოდ გამოფხიზლდა.
- ყოველ შემთხვევაში,- ამოიოხრა,- რაღაც ხომ უნდა ვუპასუხო მამაშენს.
- უმჯობესია, თუ არ შეწუხდებით,- გულუბრყვილოდვე ვუპასუხე. დეკემბერში ჩამოვალ და ყველაფერს ავუხსნი.
_ იქამდე ათი თვეა,- თქვა მან.
- წელს უნივერსიტეტში მაინც აღარაფერი მოგვარდება,- ვუპასუხე. 
- მპირდები, რომ მართლა ჩამოხვალ?
- გპირდები,- ვთქვი და პირველად შევნიშნე, დედაჩემის ხმას მღელვარება რომ დაეტყო.
- ესე იგი მამაშენს გადავცე, რომ ეთანხმები?
- არა,- გადაჭრით ვუპასუხე.
ცხადი იყო, დედა გამოსავალს ეძებდა, მაგრამ გასაქანი არ მივეცი.
- მაშინ უკეთესი იქნება, სრულ სიმართლეს თუ ვუამბობ, რასაც სიცრუესთან არანაირი კავშირი არ ექნება,- თქვა მან.
- კეთილი,- შვებით ვუპასუხე,- უამბეთ ყველაფერი.
საუბარი შევწყვიტეთ. ვიღაც იფიქრებდა, ყველაფერი დასრულდაო, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს პაუზა სულის მოსათქმელად იყო საჭირო. ცოტა ხანში დედას ღრმად ჩაეძინა. როდესაც სიომ მოსკიტები დააფრთხო და ჰაერი ყვავილების სურნელით გაიჟღინთა, იალქნიანი გემიც მწყობრში ჩადგა.
სიენაგა გრანდეს - ჩემი ბავშვობის მითიურ ადგილს მივადექით. ამ ადგილის გადაცურვა ბევრჯერ გვიხდებოდა, როცა ბაბუას, პოლკოვნიკ ნიკოლას მარკეს მეხიას, რომელსაც შვილიშვილები ,,პაპალელოს’’ ვეძახდით, არაკატაკადან ბარანკილიაში მშობლების მოსანახულებლად მივყავდი. ,, ჭაობნარს კი არ უნდა უფრთხოდე, პატივს უნდა სცემდე,’’- მითხრა ერთხელ ბაბუამ, როცა მას დაუოკებელ ოკეანეს ადარებდა და დინების მოულოდნელობით აღსავსე ხასიათზე მესაუბრებოდა.
იმ ღამით, საბედნიეროდ, ჭაობნარი ერთ წერტილში გაყინულიყო. Fფანჯრიდან ჰაერი რომ ჩამესუნთქა, გემის ცხვირს მივუახლოვდი. თენდებოდა. თევზსაჭერი ნავების მოციმციმე შუქი წყლის ზედაპირზე მოტივტივე ვარსკვლავს მაგონებდა. იქვე, შორიახლოს უჩინარ მეთევზეთა საუბარიც ისმოდა. მოაჯირზე იდაყვდაყრდნობილს, სიერას კონტურული მონახაზის დაკვირვებით გართულს, ნოსტალგიის პირველმა ტალღამ გადამიარა.
იმდროინდელი გარიჟრაჟი გამახსენდა, სიენაგა გრანდეს გავლისას, ,, პაპალელომ’’ კაიუტაში ჩაძინებული რომ დამტოვა თავად კი ბუფეტში გავიდა. არ ვიცი, რომელი საათი იქნებოდა, როდესაც ხალხის აურზაურმა გამომაღვიძა. მაშინ ხუთი წლისაც არ ვიქნებოდი. უეცრად საშინელმა შიშმა შემიპყრო. საბედნიეროდ, სულ მალე სიმშვიდემ დაისადგურა, მე კი უმალვე ყოველივე სიზმარს მივაწერე. შევეცდები ეს მოგონება დაწვრილებით აღვიდგინო: დილით ,, სიენაგას’’ ნავსადგურში გავჩერდი. წვერის გაპარსვით გართულ ბაბუას პერანგიც არ ეცვა., თუმცა მაისურზე ფართო, მწვანე ზოლიანი თასმები გადაეჭიმა. ვიღაც კაცს ესაუბრებოდა, რომლის ამოცნობაც, ერთი შეხედვით, ახლაც კი შემიძლია. პროფილში ყორანს ჰგავდა, მარჯვენა ხელს მეზღვაურის სვირინგი, კისერსა და მაჯას კი ოქროს ჯაჭვები და სამაჯურები უმშვენებდა. ის იყო ტანთ ჩავიცვი და საწოლზე ჩამომჯდარი ფეხსაცმელს ვიცვამდი, როცა ამ მამაკაცმა ბაბუას უთხრა:
- ეჭვი არ შეგეპაროთ, პოლკოვნიკო. თქვენი წყალში გადაგდება სურდათ.
ბაბუას ჩაეცინა. აზრადაც არ მოსვლია, წვერის გაპარსვა შეეწყვიტა და თავისი ჩვეული ქედმაღლობით უპასუხა:
- არ უღირდათ გაბედვა.
მაშინ კი მივხვდი, თუ რა მოხდა გასულ ღამეს. ვიღაცის იდეამ, ბაბუა წყალში გადაეგდოთ, ძალიან ამაღელვა.
ბურუსით მოცული ამ ეპიზოდის მოგონებამ კიდევ ერთხელ გამაოგნა იმ დღის გარიჟრაჟზე, როცა დედას სახლის გასაყიდად მივყვებოდი. სანამ დათოვლილ, მზის პირველი სხივებით გაცისკროვნებული სიერას მზერით ვტკბებოდი, საბოლოოდ ინათა და მეთევზეებით დასახლებული ქვიშის თავთხელიც გამოჩნდა: ძალზედ შთამბეჭდავი იყო სანაპიროზე გასაშრობად გამოკიდებული ბადეების, იალქნისაგან შეკოწიწებულ ფეხბურთის ბურთით გართული, ჭუჭყიანი, გაძვალტყავებული ბიჭების, უდროოდ გადაგდებული დინამიტისაგან დასახიჩრებული მეთევზეებისა და გემიდან გადაყრილი მონეტებისათვის წყალში მყვინთავი ბავშვების დანახვა.
შვიდი საათი იქნებოდა, როდესაც სიენაგას დასახლებამდე ოდნავ მოშორებით, გახრწნილ ჭაობს მივადექით. მუხლამდე ტალახით მოსვრილმა მტვირთავებმა ნავსადგურამდე წყალში ჭყაპა-ჭყუპით, ხელჩაკიდულებმა გადაგვიყვანეს. პორტში მაგიდას მივუსხედით. საუზმედ მწვანე ბანანის შემწვარ ნაჭრებს შევექცეოდით, როცა დედამ ისევ ომი გამომიცხადა და შეკითვებით თავს დამესხა:
- ბოლოს და ბოლოს არ მეტყვი, რა გადავცე მამაშენს? ვცადე მოსაფიქრებლად დრო მომეგო და ამიტომაც ვკითხე:
- რას გულისხმობთ?
- ერთადერთი, რაც მას აინტერესებს,- თქვა წყრომით,- შენი განათლებაა.
უეცრად ბედმა გამიღიმა, როდესაც გაცხარებული დიალოგით დაინტერესებულმა ერთმა კადნიერმა მუქთახორამ ჩემი არგუმენტების მოსმენა განიზრახა. მე დედას დაუყოვნებელმა პასუხმა კი არ დამაშინა, არამედ მისმა ემოციურობამ გამაოცა.
_ ესე იგი მწერლობა გადავწყვიტეთ,- თქვა მან.
_ კარგი მწერალი კარგ გასამრჯელოს იღებს,- წამოიძახა მთელი სერიოზულობით მუქთახორამ. _განსაკუთრებით, თუ ის მთავრობასთან თანამშრომლობს. 
არ ვიცი მახვილგონიერების წყალობით, თუ მოულოდნელად გამოჩენილი თანამოსაუბრის არგუმენტებით დაშინებულმა დედამ თემა მარჯვედ შეცვალა. ისინი თანაუგრძნობდნენ, ეჭვის თვალით შეჰყურებდნენ ჩემს თაობას და ერთმანეთს სევდას უზიარებდნენ. ბოლოს, საერთო ნაცნობების ნუსხასაც გადახედეს და დაასკვნეს, რომ ჩვენ იგუარანებისა და კოტესების ორმხრივ ნათესავებად ვითვლებოდით. იმხანად, კარიბის ზღვის სანაპიროს ყოველი სამი დამხვდურიდან ორი მაინც იგივეს გვეუბნებოდა. დედა კი ამ ფაქტს ყოველთვის უჩვეულო მოვლენად აღიქვამდა.
ლეგენდარული წარმოშობის, მოძველებული და მსოფლიოში ალბათ უკვე უკანასკნელი ერთი ცხენის ძალის სიმძლავრიანი მანქანა ,,პობედით’’ რკინიგზის სადგურამდე მივაღწიეთ. დედაჩემი გვარჯილით გადამწვარ, ხრიოკ დაბლობს გადაჰყურებდა, რომელიც ჭანჭრობით იწყებოდა და ჰორიზონტს ერწყმოდა. პირადად ჩემთვის ეს ისტორიული ადგილი იყო: სამი თუ ოთხი წლის ასაკში ბაბუასთან ერთად ჩემი პირველი მოგზაურობისას ბარანკილიაში სწორედ ამ მცხუნვარე, უდაბური ადგილის გავლით მოვხვდი. მახსენდება, ჩვენს თვალწინ ფართოდ გადაჭიმული, დამხრჩვალი ქათმებით მოტივტივე, მწვანე ფერის წყლის ზედაპირი რომ გადაიშალა.
- ეს ზღვაა,- მითხრა ბაბუამ. 
იმედგაცრუებულმა ვკითხე, მეორე ნაპირას რა ხდება- მეთქი. მან კი უყოყმანოდ მიპასუხა: 
- მეორე მხარეს ნაპირი არა აქვს.
დღესდღეობით კი, ზღვის უთვალავჯერ ნახვის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ ეს ბაბუას ყველაზე გონივრული პასუხი იყო. ყოველი შემთხვევისათვის, არც ერთი ჩემი ურიცხვი წარმოსახვიდან არ შეესაბამებოდა ამ ჭუჭყიან, ბილწ, გაშლილ ზღვას, რომლის გვარჯილით, დამპალი მანგროს ხის ჩამოკაფული ტოტებითა და ნიჟარის ნამსხვრევებით მოფენილ სანაპიროზე გავლა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ყველაფერი ამაზრზენად გამოიყურებოდა.
შესაძლოა, ,,სიენაგას’’ ზღვაზე დედაც იგივეს ფიქრობდა. მხოლოდ მაშინ, როცა მანქანის მარცხენა მხრიდან ზღვის კვალი უეცრად გაუჩინარდა, ამოიოხრა და თქვა:
- არ არსებობს უფრო დაკლაკნილი ზღვა, როგორიც რიოაჩაშია!
მეც დრო ვიხელთე და დამხრჩვალი ქათმების მოგონება ვუამბე. სხვების მსგავსად, მან ეს ყველაფერი ბავშვობის ჰალუცინაციად აღიქვა. დედა გზაზე შემხვედრ ყოველ კუთხე-კუნჭულს ისეთი დაკვირვებით ათვალიერებდა, რომ სახის გამომეტყველებიდანვე ვხვდებოდი, რასაც ფიქრობდა. სარკინიგზო ხაზის მოპირდაპირე მხარეს ,,ბარიო დე ტოლერანსიას’’ ჩავუარეთ, რომელიც, ერთის მხრივ, ფერადი ქოხების ჟანგმოკიდებული სახურავებით იწონებდა თავს, მეორეს მხრივ კი, ფარდულზე დაკიდებული რგოლებიდან პარამარიბოს ბებრუხანა, პორტუგალურ ენაზე მოლაპარაკე თუთიყუშებით კლიენტებს იზიდავდა. ორთქლმავლების სარწყულებელ, უზარმაზარ რკინის სარდაფსაც გავცდით, რომელიც გადამფრენი ჩიტებისა და გზააბნეული თოლიების თავშესაფრად ქცეულიყო. ქალაქი ისეთი მიხვეულ-მოხვეული გზებით შემოვიარეთ, რომ არც კი შევსულვართ. სამაგიეროდ, კარგად დავინახეთ დაცარიელებული ფართო ქუჩები, ერთსართულიანი, ძველებური ყაიდის სახლები, რომლის ფანჯრებშიც გამთენიიდან პიანინოზე უწყვეტი დაკვრის ხმა ისმოდა. უეცრად დედამ თითით მიმანიშნა:
- შეხედე,- მითხრა. აი, სწორედ იქ არის სამყაროს დასასრული.
მე მის საჩვენებელ თითს თვალი გავაყოლე და სადგური დავინახე: ეს იყო გამოფიტული ხის შენობა თუთიის სახურავით, დაკიდებული აივნებითა და იმ პატარა, ხრიოკი მოედნით, ორას ადამიანს ძლივს რომ იტევდა. როგორც დედამ განმიმარტა, სწორედ აქ, ამ მოედანზე, 1928 წელს ჯარმა ბანანის პლანტაციების მუშათა დაუდგენელი რაოდენობა ამოჟლიტა. ბაბუასგან ეს ამბავი ათასჯერ მაინც მსმენია და მეხსიერებაში ისე ჩამებეჭდა, თითქოს მეც ამ მოვლენის მონაწილე ვიყავი: სამხედრო პირი იმ დადგენილებას კითხულობდა, რომლის მიხედვითაც გაფიცულ მუშათა რაზმი ბოროტმოქმედთა პარტიად გამოცხადდა. მცხუნვარე მზის ქვეშ მდგომ სამი ათას კაცს, ქალსა თუ ბავშვს, ოფიცრის ბრძანებით, ხუთ წუთში მოედანი უნდა გაეთავისუფლებინა. ამას მოჰყვა ცეცხლის გახსნის ბრძანება, ტყვიამფრქვევის ჯერის ხმა, პანიკისაგან დამფრთხალი ბრბო, რომელსაც საფანტი, გაუმაძღარი და გეგმაზომიერი მაკრატლის მსგავსად, მტკაველ-მტკაველ აცოტავებდა. 
სიენაგას მატარებელი დილის ცხრა საათზე ჩამოდგებოდა ხოლმე, რომელსაც გემებიდან ან სიერადან გადმოსული მგზავრები თხუთმეტ წუთში ბანანის პლანტაციების ზონაში გადაჰყავდა. რვა საათს გადაცილებული იყო, როცა მე და დედა სადგურს მივადექით. მატარებელი უკვე ჩამომდგარიყო, რომლის მგზავრებიც მხოლოდ ჩვენ გახლდით. დედამ ცარიელ ვაგონში ასვლისთანავე მხიარული ტონით წამოიძახა:
- რა ფუფუნებაა! მთელი მატარებელი ჩვენს განკარგულებაშია! 
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დედაჩემის ეს მოჩვენებითი სიხარული უფრო იმედგაცრუების შენიღბვას ემსახურებოდა, რადგან ვაგონებს დროის მსახვრალი ხელი ერთი შეხედვითაც ეტყობოდა. უწინდელი მატარებლისაგან მხოლოდ მოჩვენებაღა დარჩენილიყო: მოძველებულ, მეორე კლასის ვაგონებში მინებისა და ტირიფის ხის სკამების ნაცვლად, ღატაკებისთვის განკუთვნილი ცხელი და ხის თხელძირიანი სკამები დაგხვდებოდათ; მესამე კლასის ვაგონი უფრო ხის ყუთს მაგონებდა, სადაც ბანანისა და მსხვერპლშეწირული პირუტყვის გვერდით, ღატაკნი გრძივ, უხეშ ხის სკამებზე მგზავრობდნენ. მეორე კლასის ვაგონს უწინ ტირიფის ხის სკამები და ბრინჯაოს ჩარჩოები ამშვენებდა. დერეფანში დაგებული ნოხებითა და წითელი ხავერდის სავარძლებით მოწყობილი პირველი კლასის ვაგონით კი, ძირითადად, მთავრობის წევრები და ბანანის კომპანიის მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ. თუ კომპანიის სუპერინტენდანტი, მისი ოჯახი ან საპატიო სტუმარი მგზავრობდა, მატარებელს უკან მდიდრულ ვაგონს ჩაუბამდნენ ხოლმე, რომელსაც მზისგან დამცავი, მოოქროვილ ჩარჩოიანი ფანჯრები და ჩაის მისართმევი ღია ვერანდა ჰქონდა. თუმცა დღემდე ერთი მოკვდავიც კი არ მინახავს, ასეთი სადღესასწაულო კარეტის წარმოსახვა რომ შესძლებოდა. ბაბუაჩემს ალკალდის თანამდებობა ორჯერ ეკავა, გარდა ამისა, არც უსახსრობას უჩიოდა, თუმცა მეორე კლასის ვაგონით მხოლოდ მაშინ სარგებლობდა, როცა ოჯახის წევრი ქალი ახლდა. შეკითხვას, რატომ მგზავრობდა მესამე კლასით, პასუხობდა: ,,იმიტომ რომ არ არსებობს მეოთხე კლასის ვაგონი.’’ თუმცა იმხანად ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, მატარებლის პუნქტუალურობა იყო. სოფლის საათებს ხომ სასტვენის ხმაზე ასწორებდნენ.
იმ დღეს, ამა თუ იმ მიზეზის გამო, მატარებელი საათნახევრის დაგვიანებით ზანტად, ჭრიალით დაიძრა. დედამ პირჯვარი გადაისახა, მაგრამ მალევე რეალობას დაუბრუნდა და თქვა:
- ამ მატარებლის რესორები დასაზეთია.
ვაგონში ჩვენ გარდა არავინ იყო, შესაძლოა მთელს მატარებელშიც კი, ამიტომაც ჩემს ინტერესს არც არაფერი იწვევდა. უილიამ ფოლკნერის ,,აგვისტოს ნათელის’’ კითხვამ ისევ გამიტაცა, თან დაუღალავად ვეწეოდი და გზადაგზა ზოგიერთი ადგილის გასახსენებლად თვალიც გამირბოდა. მატარებელმა გაბმული საყვირის თანხლებით სიერას დაბლობები გადაიარა და მთელი სისწრაფით ალისფრად მოელვარე კლდეებს შორის მოექცა, სადაც ვაგონების გრუხუნის ხმა უფრო აუტანელი გახდა. სულ რაღაც თხუთმეტ წუთში სვლა შეანელა და მშვიდი ქშინვით პლანტაციების მკრთალი ჩრდილის სიგრილეს შეერწყა. ზღვიდან მონაბერი სიო აღარ იგძნობოდა და დროც გაირინდა. მართალია, ბანანის პლანტაციების ჰერმეტულ სამეფოში შევაღწიეთ, მაგრამ კითხვა არ შემიწყვეტია.
აქაური სამყარო მართლაც შეცვლილიყო. სარკინიგზო ხაზების გასწვრივ ხეივნები უსასრულოდ გადაჭიმულიყო. იქვე ურემში შებმული, მკვახე მტევნებით დატვირთული ხარებიც მოჩანდნენ. უნათესო მიწებზე წითელი აგურით ნაშენი ბანაკები და ჭერზე ვენტილატორდაკიდებული ოფისები წამოუჭიმავთ, ყაყაჩოებით მოფენილ მინდორს კი განმარტოებით მდგარი საავადმყოფო ამშვენებდა. აქ ყოველ სოფელს თავისი მდინარე ჩამოუდიოდა. კივილით მიმავალი მატარებლის ხმის გაგონებაზე ყოველი მდინარის ხიდზე ყინულივით ცივ წყალში მობანავე გოგონები საბალოსავით ამოხტებოდნენ ხოლმე, თავიანთი დიდებული ძუძუებით მგზავრებისათვის გული რომ მოეკლათ. 
რიოფრიოს დასახლებიდან მატარებელში არუაკების რამდენიმე ოჯახი ამოვიდა. სიერას ყველაზე გემრიელი ავოკადოს პირთამდე სავსე ზურგჩანთები მხარზე მოეგდოთ. თავდაპირველად ვაგონი სულ ხტუნვა-ხტუნვით შემოირბინეს, თითქოს დასაჯდომად ხელსაყრელ ადგილებს ეძებდნენ. როდესაც მატარებელმა გზა განაგრძო, ორი თერთკანიანი ქალბატონი ჩვილი ბავშვით და ახალგაზრდა მღვდელი დარჩნენ. მთელი გზის მანძილზე ბავშვი გამუდმებით ტიროდა. მღვდელს ჩექმები, მკვლევარის მუზარადი და უხეში ტილოს ოთხკუთხედებად შემოკერებული ანაფორა მიჰქონდა. ჩვილის ტირილს მისთვის ხელი არ შეუშლია და ისე საუბრობდა თითქოს ამბიონზე დგასო. მისი ქადაგების ძირითადი თემა ბანანის კომპანიის დაბრუნების შესაძლებლობას ეხებოდა. მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი გაქრა, პლანტაციების ზონაში სალაპარაკოდ სხვა თემა აღარ არსებობდა. შესაბამისად, აზრიც ორ ნაწილად გაიყო: ერთნი, ვისაც უნდოდა და მეორენი, ვისაც არ უნდოდა კომპანიის დაბრუნება. თუმცა, საბოლოო ჯამში, ორივე მხარე ამ შესაძლებლობას იმედის თვალით შეჰყურებდა. მღვდელი მოწინააღმდეგეთა ბანაკს განეკუთვნებოდა, ხოლო საკუთარი პოზიცია ისეთი სუბიექტური არგუმენტით გამოხატა, რომ ქალებს უაზროდაც კი მოეჩვენათ:
- სადაც კი კომპანია შეაღწევს, ყველაფერი გაჩანაგდება.
თუ მისი საუბრიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ეს ერთადერთი ორიგინალური ფრაზა იყო. მღვდელს მეტი აღაფერი განუმარტავს, ამიტომაც ბავშვიანმა ქალმა ის უმალვე შეარცხვინა და დაუდასტურა, რომ მისი არგუმენტები უფლის ნებასაც კი ეწინააღმდეგებოდა.
ნოსტალგიამ, ბუნებრივია, ავბედით მოგონებათა კვალიც გააქრო, ტკბილი მოგონებანი კი _ განადიდა. მიყენებულ ზარალს ვერავინ გადაურჩა. ვაგონის ფანჯრიდან მამაკაცები მოჩანდნენ. ისინი საკუთარი ჭიშკრის წინ ისხდნენ და ერთი შეხედვითაც ეტყობოდათ, რასაც ელოდნენ. გვარჯილით განოყიერებულ პლაჟებზე გამოსული მრეცხავებიც მიმავალ მატარებელს იმედის თვალით გასცქეროდნენ. აქ საქმიანი პორტფელით ჩამოსული ყოველი მამაკაცი ხომ ,,იუნაითიდ ფრუთ კომპანის’’ წარმომადგენლად მიაჩნდათ, ის ვისაც მათთვის წარსულის დაბრუნება შეეძლო. ყოველ წერილობით ტექსტში, ვიზიტისა თუ შეხვედრის დროს, ადრე თუ გვიან, ეს საკრალური ფრაზა მაინც გაიჟღერებდა ხოლმე: ,,ამბობენ, რომ კომპანია დაბრუნდება.’’ არავინ იცოდა, ეს სიტყვები ვინ, როდის ან რატომ წარმოთქვა, თუმცა ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში ეჭვი არავის შეჰქონდა. 
დედაჩემს თავი ყოველთვის უშიშრად მოჰქონდა. მშობლების გარდაცვალებისთანავე არაკატაკასთან ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა. თუმცა მისი გამოტეხვა მხოლოდ სიზმრებს შეეძლოთ. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, საუზმობისას ხანდახან სიზმრის გამხელას მოისურვებდა ხოლმე, რომელიც უთუოდ ბანანის ციებ-ცხელების ნოსტალგიით იყო გაჯერებული. თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი დედამ სახლის გაყიდვაზე ფიქრს შეალია, იმ ილუზიას, რომ კომპანიის დაბრუნების შემთხვევაში, ის ოთხჯერ მეტ სარგებელს მოუტანდა. საბოლოოდ კი ამ მიზანმა რეალობის აუტანელ ზეწოლას ვეღარ გაუძლო. როცა მატარებელში მღვდელმა კომპანიის დაბრუნების ჭეშმარიტებას ხელმეორედ გვაზიარა, დედა დანაღვლიანდა და ყურში ჩამჩურჩულა:
_ სამწუხაროა, მოსაცდელად ცოტაოდენო დროც კი არ გვრჩება, სახლი უფრო ძვირად რომ გაგვეყიდა. 
სანამ მღვდელი საუბრით იყო გართული, ხალხმრავალ მოედანსაც გავცდით, სადაც ორკესტრი მომქანცველი მზის ქვეშ მწუხრის მელოდიას ასრულებდა. ჩემთვის ყველა სოფელი ერთნაირი იყო. როცა ,,პაპალელოს,’’ დონ ანტონიო დაკონტის ახლად გამომცხვარ კინო ,,ოლიმპიაში’’ დავყავდი, ვამჩნევდი ხოლმე, რომ ვესტერნებში ასახული სადგურები ჩვენი მატარებლისას ძალიან ჰგავდა. უფრო მოგვიანებით კი, როცა უილიამ ფოლკნერის კითხვა დავიწყე, მის რომანებში აღწერილი სოფლებიც აქაურთან გავაიგივე. გასაკვირი არც იყო, ისინი ხომ ,,იუნაითიდ ფრუთ კომპანის’’ მსგავსად, მესიანური შთაგონებით, დროებითი, სახელდახელოდ აღმართული ბანაკების სტილში იყო გადაწყვეტილი. უკლებლივ ყველა სოფელი მახსოვს: მოედანზე მდგარი ეკლესიითა და ჯადოსნური ზღაპრებიდან გაცოცხლებული, პრიმიტიული საღებავებით შეღებილი ქოხმახებით; მახსენდება შებინდებისას მომღერალ შავ მუშათა ბრიგადა; საკარმიდამო ფარდულების ქვეშ სატვირთო მატარებლის მომლოდინე გუშაგები; უქმეებზე ხმაურიანი დროსტარებით მოქანცული ტყის მჭრელები; მახსენდება არაკატაკასა და სევილიაში რკინიგზის მოპირდაპირე მხარეს გაშენებული გრინგოების კერძო ქალაქები: ელექტროფიცირებული საქათმის მსგავსად, უზარმაზარი მავთულხლართით გარშემორტყმულნი, მზისგან მეტისმეტად შებრაწული მერცხლების წყალობით შავად რომ ანათებდნენ; მახსენდება მათი უსიცოცხლო, ფარშევანგებითა და მწყერებით სავსე ცისფერი მდელოები, მავთულხლართით შემოღობილი ფანჯრები და წითლად გადახურული რეზიდენციები, ტერასებზე, დამტვერილ პალმებსა და ვარდის ბუჩქებს შორის სასადილოდ ჩადგმული მრგვალი მაგიდები; ხანდახან, მავთულხლართის მიღმა, გაზის თავსაბურავსა და მუსლინის სამოსში გამოწყობილი ქალბატონებიც გამოჩნდებოდნენ ხოლმე, საკუთარ ბაღებში ყვავილებს ოქროს მაკრატლით რომ კრეფდნენ.
ბავშვობიდანვე მიჭირდა ერთი სოფლის მეორისაგან განსხვავება. არც ოცი წლის შემდეგ მიადვილდებოდა, რამეთუ არც ერთი სადგურის აბრას აღარ ამშვენებდა ეს იდილიური სახელები _ ტუკურინკა, გუამაჩიტო, ნეერლანდია, გუაკამაია. ისინი ხომ მხოლოდ ჩვენს მეხსიერებას შემორჩნენ. მატარებელი სევილიაში დაახლოებით დღის თორმეტის ნახევარზე ჩამოდგა. მას ორთქლმავლის გამოცვლა და წყლით მომარაგება ესაჭიროებოდა. სიცხეც სწორედ აქ ვიგრძენით. მატარებელი მალევე დაიძრა. ახალი ორთქლმავალი ყოველ ბრუნზე ნახშირის მტვრით გვაჯილდოვებდა, რომელიც შეუმინავი ფანჯრიდან ადვილად აღწევდა და შავი თოვლივით გვეფინებოდა. მღვდელი და ქალები რომელიღაც გაჩერებაზე ისე ჩავიდნენ, ვერც კი შევამჩნიეთ. იმ ფაქტმა, რომ მე და დედა ისევ მარტონი ვმგზავრობდით ამ ეულ მატარებელში, განწყობა უფრო მეტად დამიმძიმა. დედა ჩემს წინ იჯდა და ფანჯარაში მომზირალს ორ-სამჯერ ჩასთვლიმა კიდეც. თუმცა სწრაფადვე გამოცოცხლდა და კიდევ ერთხელ, შიშისმომგვრელი შეკითხვა მტყორცნა: 
_ მაშ, რა ვუთხრა მამაშენს?
ასეც ვფიქრობდი, რომ დედა არასდროს დათმობდა და ჩემი გადაწვეტილების საბოლოო დასამარებისათვის სუსტ წერტილს ეძებდა. ცოტა ხნით ადრე კომპრომისისკენაც მომიწოდა, მე კი დაუსაბუთებლად უარი განვუცხადე. ვიცოდი, დიდი ხნით უკან რომ არ დაიხევდა. ახალი გამოცდა მომიწყო, მე კი ამაო ბრძოლისათვის განწყობილმა, უწინდელისაგან განსხვავებით, მშვიდად ვუპასუხე:
- გადაეცით, ერთადერთი, რასაც ცხოვრებაში ვესწრაფვი - მწერლობაა და მივაღწევ კიდეც. 
- ვინც არ უნდა გამოხვიდე, თუ აკადემიურ ხარისხს მოიპოვებ, არასდროს შეგეწინააღმდეგება.
დედა ისე მელაპარაკებოდა, არც კი მიყურებდა, თითქოს ჩვენს დიალოგზე მეტად ფანჯრიდან დანახულმა დინებამ გაიტაცაო.
- არ ვიცი, ასეთ შეუპოვრობას რატომ იჩენთ; ხომ იცით, არაფერს დავთმობ,- ვუთხარი მას.
მყისვე თვალებში ჩამხედა და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა მკითხა:
- რატომ გგონია, რომ ვიცი?
- იმიტომ რომ, მე და თქვენ ერთნაირები ვართ,_ ვუთხარი.
მატარებელი უკაცრიელ სადგურზე გაჩერდა, ცოტა ხნის შემდეგ კი ბანანის პლანტაციის იმ ერთადერთ სამფლობელოს ჩაუარა, რომლის აბრაზეც შემდეგი სახელი იკითხებოდა: ,,მაკონდო.’’ ამ სიტყვამ ჩემი ყურადღება ჯერ კიდევ ბაბუასთან ერთად პირველი მოგზაურობისას მიიქცია, მაგრამ მხოლოდ მოზრდილმა აღმოვაჩინე, რომ მე ამ სიტყვის პოეტური ჟღერადობა მომწონდა. შემთხვევით ენციკლოპედიაში ამოვიკითხე, რომ მაკონდო სეიბას მსგავსი ტროპიკული ხეა, რომელიც არც ყვავილს იძლევა და არც ნაყოფს, სამაგიეროდ მის პოროვან მერქანს თურმე კარჭაპებისა და ჭურჭლეულობის დასამზადებლად იყენებდნენ. უფრო მოგვიანებით, ბრიტანულ ენციკლოპედიაში აღმოვაჩინე, რომ ტანგანიიკაში მაკონდოელებისაგან წარმომდგარი ეთნიკური ჯგუფი არსებულა და მეც ამ სიტყვის წარმოშობა ამ ფაქტს დავუკავშირე. თუმცა ეს ხე არასდროს მინახავს. ბანანის პლანტაციების ზონაში ბევრჯერ ვიკითხე და პასუხი ვერავისგან მივიღე. შეიძლება ის არც არასდროს არსებულა.
 მატარებელმა მაკონდოს სამფლობელოს თერთმეტ საათზე ჩაუქროლა, ათ წუთში კი არაკატაკაში უნდა გაჩერებულიყო. ის დღეც, როცა მე და დედა სახლის გასაყიდად მივდიოდით, საათნახევრით გვიან მიილია. მე საპირფარეშოში გახლდით, როცა მატარებელმა სიჩქარეს უმატა. ჩატეხილი ფანჯრიდან მონაბერი პირქუში და მწველი ქარი მოძველებული ვაგონების გრუხუნისა და ორთქლმავლის დაფეთებული სასტვენის ხმას შეერწყა. გული ისე მიცემდა, კინაღამ გონება დავკარგე, გულისრევის შეგრძნებამ კი _ შიგნეულობა გამიყინა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მიწა იძრაო და საპირფარეშოდან მთელი სისწრაფით გამოვვარდი. დედა აუღელვებლად იჯდა და იმ ადგილებს თვლიდა, ფანჯრიდან წუთისოფლის მსგავსად, წამიერად რომ უჩინარდებოდნენ.
- ეს ის ნაკვეთებია, მამაშენს ოქროს ფასად რომ მიჰყიდეს,- თქვა დედამ.
 მატარებელმა ელვის სისწრაფით ჩაუქროლა იმ უცხოელი მასწავლებლების სახლს, რომელსაც ერთი მხრივ, აყვავებული ბაღი, მეორე მხრივ კი ჭიშკარზე გაკრული ინგლისურენოვანი აბრა ამშვენებდა: ,,The sun shines for all’’.’’ 
- ეს იყო პირველი ფრაზა, ინგლისურ ენაზე რომ შეისწავლე,- მითხრა დედამ.
- პირველი არა, ერთადერთი,- ვუპასუხე. 
ბეტონის ხიდი და ის მღვრიე სარწყავი არხიც გავიარეთ, თავის დროზე გრინგოებმა პლანტაციების მოსარწყავად რომ გაიყვანეს. 
- ეს კი სიცოცხლით სავსე ქალების უბანია, სადაც მამაკაცები სანთლების ნაცვლად აგიზგიზებულ ქაღალდის დასტით ხელში კუმბიამბას ცეკვავდნენ და განთიადს ასე ეგებებოდნენ,- თქვა დედამ. 
თვალის დახამხამებაზე თებერვლის იმ კაშკაშა კვირა დღეს მატარებლის ფანჯარაში სოფლის სრული სურათი აირეკლა: მზისგან გადამწვარი ნუშის ხეები, ხის ვარცლები სკამების ნაცვლად და სოფლის იმ პატარა სკოლის ბაღი, სადაც წერა-კითხვა შევისწავლე.
- სადგური! _წამოიძახა დედამ. რამ შეცვალა ასე ეს ქვეყანა, მატარებელს არავინ რომ არ ელოდება.
ორთქლმავალმა სტვენა შეწყვიტა, სვლა შეანელა და ბოლოს, ხანგრძლივი ქოთქოთის შემდეგ, გაჩერდა კიდეც. პირველი, რამაც ამაღელვა, მდუმარება იყო. ის ყოფითი მდუმარება, მსოფლიოს დუმილთა ფონზე თვალებახვეულს რომ ჰგავდა. გავარვარებული მზის ათინათი იმდენად გაძლიერდა, რომ ყველაფერმა ირგვლივ გამდნარი მინის ფორმა მიიღო. სიცოცხლის ნიშან-წყალიც კი არსად იგძნობოდა. ყველაფერს მზეზე მოციმციმე მტვრის თხელი ფენა ფარავდა. მიყრუებული ქუჩებისა და დასამარებული სოფლის მზერით შეძრწუნებული დედა რამდენიმე წუთით გაუნძრევლად იჯდა, ბოლოს კი, თავზარდაცემულმა წამოიძახა:
- ღმერთო ჩემო!
ეს ერთადერთი ფრაზა იყო, მატარებლიდან ჩასვლამდე რომ წარმოსთქვა.
სანამ მატარებელი უძრავად იდგა, ვგრძნობდი მთლად მარტონი არ ვიყავით. მალევე გულგამგმირავი საყვირის ხმა გაისმა და მატარებელიც დაიძრა. მწველი მზისგან დაუცველებს თითქოს მთელი სოფლის მწუხარებაც თავს დაგვატყდაო. თუმცა ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, თუთიის სახურავითა და დაკიდებული აივნებით თავმომწონედ მდგარმა ხის ძველმა სადგურმა ვესტერნებში ნანახი ტროპიკული ვერსია გამახსენა. მიტოვებულ სადგურსაც გავცდით, რომლის მოძველებული ფილებიც ამოსულ ბალახს დაეხეთქა და სიესტის ხვატში ჩანთქმულნი ყოველ წუთს ნუშის ხეების ჩრდილქვეშ შეფარებას ვლამობდით.  
   
   
2002 წ. 

---
განმარტებანი:

ჯანჯაფილი - მცენარე

არუაკები - სამხრ. ამერიკაში ინდიელ ტომთა ლინგვისტური ნიშნით გაერთიანებული ჯგუფი, რომელსაც ევროპელები დაპყრობის შემდეგ პირველად შეხვდნენ სამხრ. ამერიკაში. ამჟამად არუაკები ცხოვრობენ დასავ. ვენესუელაში, კოლუმბიასა და პერუს აღმ. ოლქებში. შეინარჩუნეს გვაროვნული წყობილება და ანიმისტური რელიგია.

,,იუნაითიდ ფრუთ კომპანი’’ - ევროპისა და ამერიკის ბაზარზე ბანანი პირველად მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში გამოჩნდა. 1889 წელს კი ,,იუნაითიდ ფრუთ კომპანი’’ ჩამოყალიბდა, რომელმაც ცენტრალური ამერიკის უზარმაზარი ტერიტორიები ჩაიგდო ხელთ. კომპანიამ ეს მიწები მოგვიანებით ბანანის პლანტაციებად აქცია და სულ მალე ა.შ.შ-ში ბანანის მწარმოებელ მონოპოლისტად იქცა.


მანგროს ტყე - მარადმწვანე ტყე ტროპიკულ სანაპიროზე, რომელიც მხოლოდ ზღვის მოქცევისას იფარება წყლით. ძირითადად გავრცელებულია აფრიკის აღმ. სანაპიროზე, მადაგასკარზე, სამხრ. აზიასა და ავსტრალიის სანაპიროებზე, გვხვდება აფრიკის ცენტრალურ და სამხრ. ამერიკის ატლანტის სანაპიროებზე.

საბალო - კარიბის ზღვის თევზი.

გრინგო - ესპ. მექსიკაში: უპატივცემულობის გამომხატველი მეტსახელი უცხოელისა (უპირატესად ა.შ.შ. წარმომადგენლისა), რომელიც არ ლაპარაკობს ესპანურად.

სეიბა - მსხვილტანიანი ტროპიკული ხე.

,,The sun shines for all’’’’- ინგ. ,,მზე ყველასთვის ერთნაირად ანათებს.’’