I
კარგი რამ არის სოფელი ტაბლაძიანთ-კარი. მშვენიერია, როგორც მდებარეობით და ჰავით, აგრეთვე ნაყოფიერებით. არ იპოვება აქ არც ერთი ფეხის დადგმა ურწყავი ადგილი. აქ იზრდება მშვენივრად თუთა, ხარობს თუთის ჭია, ვენახები იცის კარგი, ხილი მშვენიერი, ტყე აქვს ზურგს უკანვე, წყალი აუარებელი, საძოვარი დიდძალი, ბაზარი ახლო. ერთი სიტყვით, ჩინებული რამ არის. ოღონდ, კაცო, გაისარჯე, გასძარ ხელი და მოიხმარე ჭკუა და სიმარჯვე.
როსტომ ტაბლაძე, მებატონე ამ სოფლისა, დიახაცა და ჭკვიანი კაცი იყო, არც მხნეობა აკლდა, არც მეცადინეობა, მაგრამ ისეთი ანგარიშის კაცი იყო, ისე უყურებდა ყველას აწონითა, რომ თუ არ დაატყობდა ცხადლივ საქმის მოგებასა, არასდროს ხელს არაფერს არ მოჰკიდებდა. როსტომი იმის მაგივრად, რომ ცდილიყო მამულებისა და მოსავალის გაუმჯობესებას, ცდილიყო რიგიანს წესზედ დაეყენებინა თავისი სახლ-პატრონობის მდგომარეობა, იმან გაიჩინა მამაპაპურად მთელი გუთნეული თავისის იარაღით. იმის მაგივრად, რომ ჩაეყარა კარგი ვაზი, ის ისევ ძველს ვაზსა ჰყრიდა ვენახებში, რადგან ამბობდნენ, აქ რაც უნდა ვაზი ჩაიყაროს, ისევ გადიცვლება და აქაური ვაზივით შეიქნებაო. ერთი სიტყვით, როსტომს არ უყვარდა ახლად შემოღებული არაფერი. “მამა-პაპა ჩვენზედ უფრო კარგები ყოფილან, რომ ისე უცხოვრიათ, და ჩვენც იმათი შვილები არა ვართ?” ამბობდა ისა. რასაკვირველია, როსტომი ისეთი ანგარიშის კაცი არ იყო, რომ თუ ახალიდან ცხადი მოგება დაენახა, მამა-პაპისათვის მიებაძა. მაგრამ იმან ნახა ზოგიერთი კაცის თავს მაგალითი, რომ ახალი დაწყობილება არ მოუხდათ კარგად და ამის გამო ის ყველა ახალს წესს და წყობილებას სახლოსნობაში ერიდებოდა.
როსტომი იყო განთქმული მთელს იქით მხარეს. იქაური მებატონეები უყურებდნენ ამას მოკრძალებითა და შურით. იმას ჰქონდა ჭკუისა და სიმდიდრის ხმა. ის იყო, როგორც თითონაც ამბობდა ხოლმე, საზოგადოებაში ნამყოფი, იცნობდა გენერლებს, რომელნიც ზოგჯერ კიდეც ეწვეოდნენ ხოლმე, რამაც უფრო ყურადღება და შური ააღებინა სხვა დიდს მებატონეებს და დაარწმუნა ისინი, რომ იმათსა და როსტომს შუა იყო დიდი საზღვარი, თუმც გვარითა და შთამამავლობით ბევრი ამათგანი დიდი იყო იმაზედა.
ამგვარი სახლის პატრონსა და ღენერლების მიმდევარს კაცსა, რასაკვირველია, კიდეც უნდა ეცხოვრა შესაფერათა, - ამასთან მართებდა კიდეც ფეშქაშების გზავნა აქეთ-იქით, რომ უფრო მოეგო დიდკაცობის გული. რასაკვირველია, ამგვარად მცხოვრებს კაცს უნდა კიდეც საიდანმე მოეპოვა ამისთანა დიდი ცხოვრებისთვის ღონისძიება. ყმა და მამული იმოდენი არა ჰქონდა, რომ ასვლოდა ცხოვრებას; მამაპაპური მოვლა მამულებისა და სახლოსნობისა კი არ იყო საკმაო ამის მოპოვებისათვის.
განათლებამ ჩვენს მებატონეებში იმოქმედა მარტო სარჩოს ხარჯვაზედ, იმის რიგიანად მოპოვება კი არ ასწავლა. ძველად ქართველი მებატონე, ყველამ ვიცით, რასაცა სჯერდებოდა, იმას არა ჰქონდა ბევრი მოთხოვნილება. ახლა განათლებამ დაბადა მრავალი საჭიროება და ამის დასაკმაყოფილებლად კი ღონისძიებას არა ჰბადავდა თავისთავად და ჩვენი განათლებულები კი თითონ ღონისძიების მოსაპოვებლად არა ხმარობდნენ არაფერს სახსარს და მეცადინეობას.
ამგვარს მდგომარეობას, ბევრის მოთხოვნილებას, რასაკვირველია, უნდა როგორმე თავი დაეკმაყოფილებინა. აქ განათლებით მცხოვრებთ ჩაიგდეს ხელში ადვილი ღონისძიება: ვაჭრებმა სიცრუვე და ერთიორად მოგება (თუმცა ეს ძველათვე არ აკლდათ ამათა), მებატონეებმა - ყმები და მძლავრობა.
როსტომს თუმცა ჰქონდა ფული, მაგრამ თუ ამ ფულის ხარჯვისათვის მიეყო ხელი, მალე გამოელეოდა. რაკი ფული გამოელეოდა, უნდა გამოსალმებოდა თავის სახელსაც და მნიშვნელობასაც.
რაკი სამსახური სასარგებლოდ აღარ დაინახა და დაბრუნდა როსტომი შინა, რაღა თქმა უნდა, მაშინ უფრო აგრძნობინებინა თავის ხალხს თავისი თავი. იმას კარგად ახსოვდა, რომ ყმა სულს იქით ბატონს ეკუთვნოდა, ახსოვდა ეს და კიდეც სარგებლობდა ამითი.
- ეგ რა სამსახურია, - ეუბნებოდა თავისი ცოლი შუშანა როსტომსა: - კვირაში ერთხელ არ გამოდიან და ისიც ოჯახიდან თითო პურიც შენ უნდა აჭამო. შენც ისე იმსახურე, როგორც წესია: კვირაში სამჯერ გამოიყვანე კაცი და დედაკაცი სათითაოთა და პურიც თავისი სჭამონ. ხომ გაგიგონია, რუსეთში როგორ იმსახურებენ. თუ არა, რითი უნდა ვიცხოვროთ?!
როსტომს ამაზედ თავის ცოლის დარიგება აღარ უნდოდა. იმან დიდი ხანია ეს იცოდა და მოფიქრებულიცა ჰქონდა. დაბრუნდა თუ არა როსტომი შინა, სახლისა და მდგომარეობის მოსაწყობად შეაწერა გლეხკაცებს ფული. ამოდენა ფული იმათ ჯერ არსად შესწეროდათ და კიდეც გაუჭირდათ ამისი შოვნა. გლეხკაცები აგვიანებდნენ ფულის გაღებას. როსტომი დიდ ხანს არ ელაპარაკა იმათა და მალე უჩვენა თავისი ძალა. იმან ჩაუყენა ზეკუცია. ზეკუციამ იჩინა თავი. გლეხებს დააყენა ის დღე, რასაც სრულებითაც არ მოელოდნენ. ბევრი იმათგანი თავისის წინააღმდეგობისათვის დააწვინეს როზგს ქვეშა, ბევრი ჩაჯდა იმისთანა ალაგას, სადაც ჯერ არ მჯდარიყვნენ. ბევრი გაიგზავნა რამდენიმე წლობით სხვადასხვა ციხეებში სამუშაოთა, გამოურეკეს საქონელი, გამოიტანეს ქონება და დაუყიდეს ვალში.
ერთი სიტყვით, იმათ დაადგათ ის დღე, რასაც არაოდეს არ მოელოდნენ.
იმათ წაერთვათ ხვედრი, ძალა იყო თუ ნება, და სხვა სასჯელი სხვა იყო. მაშინ იგრძნეს იმათა რა კაცთანაც ჰქონდათ საქმე.
ამ დროს აქეთ აეშალათ ბატონს და ყმებს ერთმანეთში ღვარძლი. მას აქეთ დაუწყეს ერთმანეთს ბღვერა.
II
სიყმაწვილე როტომისა და მისი საცოლო შუშანა
როსტომ ტაბლაძე იყო ესე ორმოცდაათის წლის კაცი. ის იყო შვილი გოგია ტაბლაძისა, რომელიც ძალიან შესული იყო მეფე ირაკლისთან. თავის ექვს ძმაში როსტომი იყო ყველაზედ უმცროსი. მამა ამისი იყო დიდი მომხრე და ჭარუმადათი იულონ ბატონიშვილისა. იულონ, რომელიც ეძებდა მეფობას და რაცხავდა თავის თავს მამის მემკვიდრეთ, იყო ძალიან მინდობილი გოგიაზედ და კიდეც ჰქონდა ამის იმედი, მართლაცა და გოგია იყო საიმედო კაცი. ის იყო ერთი იმ ქართველ კაცთაგანი, რომელთაც ყველანი უყურებენ პატივისცემით და ნდობით. ამას ჰქონდა დიდი გავლენა თავადაზნაურებზედ და ნამეტნავად მთის ხალხზედ, რომელიც ამის ერთ თქმაზედ თუნდა კლდეზედ გადაცვიოდნენ.
მაშინ, როდესაც გოგია ასეთი საყვარელი იყო იულონისა, ის ეჯავრებოდა სხვა საქართველოს ტახტის მძებნელს და ნამდვილს მემკვიდრეს, დავითს, მეფის გიორგის შვილს. დავითს არამც თუ ეჯავრებოდა გოგია, კიდეც ეშინოდა ამისი. დავითმა ბევრჯერ მიუგზავნა ამას მკვლელები, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს ამის მოკვლა. ერთხელ კიდეც დაესხა ამას ჯარით თავს, დაუწვა სახლი, ვენახები და რაც კი რამ დაიწოდა და ცეცხლი მოეკიდებოდა; მაგრამ თითონ გოგიამ გაასწრო და არამც თუ გაასწრო, იმან მალე თითონაც შეჰკრიბა ჯარი, გამოუდგა ბატონიშვილს და დააყრევინა საქონელი, რომელიც მიუდიოდა იმის ჯარს. რასაკვირველია, აქ უომრობა არ იქნებოდა, თუ თითონ დავით ბატონიშვილიც აქა ყოფილიყო, მაგრამ ის თავისის ამალით დაწინაურებულიყო და წასულიყო შინა.
ამ არეულობაში, როდესაც ირაკლის ყველა შვილი და შვილის შვილი ეძებდა ტახტს და ამავე დროს რუსები ყველას იჭერდნენ და ჰგზავნიდნენ რუსეთში, на водворение, იულონ ხშირად იმალებოდა გოგიას სახლში და ხშირად არცხვენდა იმას გოგია თავისის გაუბედაობისა და უსაქმურობისათვის.
- შენ როგორი ირაკლის შვილი ხარ, - ეუბნებოდა ხოლმე გოგია იულონს, - იმის ვაჟკაცობა ქვეყანაზედ იყო გავარდნილი... რა მეფობა უნდა გასწიო, თუ სულ ეგრე სამალავებიდან არ გამოხვალ, ქვეყანას არ უჩვენებ მეფურს გმირობას.
მაგრამ იულონზედ ამ სიტყვებს ბევრი არაფერი გავლენა ჰქონდა. იმას უნდოდა სხვისი ხელით ნარი მოეგლიჯა. ის ეფარებოდა გოგიასა და სხვა თავის მომხრეებს, იმალებოდა გოგიასა და სხვა ერთგულთა ზურგთუკან და შესთხოვდა იმათ, რომ დაეფარათ მტრისაგან, ჩაეგდოთ ამისთვის ტახტი ხელში.
გოგია არა ზოგავდა არაფერს ღონისძიებას თავისი საყვარელი ბატონიშვილის საშველათა, ის მზად იყო შეეწირა იმისთვის თავისი თავი, მაგრამ იმის შველა ყოვლად შეუძლებელიღა იყო. ყველა ძმები იულონისა და შვილები მეფის გიორგისა ცალ-ცალკე იწევდნენ, ყველანი თავის თავს ბატონათა რაცხდნენ, ყველას ჰყავდა ძლიერი მომხრეები საქართველოში. ახალი მთავრობის მომხრენი თანდათან მატულობდნენ. ახალი მთავრობა ძლიერდებოდა. იულონს სდევნიდნენ დასაჭერად. იულონი, რომელიც აქამდის იმალებოდა გოგიას სახლში, გაიქცა იმერეთს ამალითა და უბრძანა გოგიას ბრძოლა. გოგიამ შეკრიბა ჯარი, რაც კი მოასწრო საჩქაროზედ, ერთი მუჭა ხალხით დაუხვდა დავითისა და რუსის ჯარს. გოგია პირველსავე მისვლაზედ დაიჭრა, ჯარის დამწყობი აღარავინ იყო და შემდგომ პატარა ხნის ცხარე ბრძოლისა, გოგიას ჯარი გამოიქცა ზარბაზნებისაგან შეშინებული, ძლივს გამოასწრო დაჭრილმა გოგიამ გამარჯვებულებსა.
ჯარი შევიდა გოგიას მამულში. გოგიაც გაიქცა იმერეთში თავის საყვარელს ბატონიშვილთან. აქ გოგია ამხნევებდა დედაკაცივით შეშინებულს იულონსა.
იულონმა თავისი მშიშარობით მალე შემოიფანტა და დაჰკარგა თავისი ერთგული მომხრენი: ამის გამო ის მალე ჩაუვარდა სხვის ჯარებს ხელში ტყვეთა და ამოუყვეს თავი იქა, რომლისაც ასე ეშინოდა იმასა.
გავიდა ხანი, შეიცვალა დეკორაცია და საქართველომ მიიღო სულ სხვანაირი სანახაობა. გაუჩუმდა ახალს მდგომარეობას, თუმც ძველის დროისთვის იმას გული კიდევ უცემდა.
გოგიას, როგორც ზემოთაცა ვთქვით, ჰყავდა ექვსი ვაჟიშვილი. ამან არც ერთი არ მისცა სასწავლებელში გასაზრდელათ. იმას არა სწამდა ახალი არაფერი. ბოლოს, როდესაც დაატყო, რომ თუ არ სასწავლებელში გაზრდილი და ახალი დროის კაცი დიდი მნიშვნელობა არა აქვთ რა, იმან გაბედა უმცროსი შვილის მიცემა სწავლაში. ამისთვის კიდევ უფრო გაბედა ეს გოგიამ, რომ როსტომში ის არ ხედავდა რიგიანს მომავალსა.
როსტომი სახლში იმავე სიყმაწვილიდან არავის არ უყვარდა: არ უყვარდა არც მამასა და არც ძმებს. საკვირველია ზოგი კაცის ბედი, რაკი ერთი ამოიჩემებენ და აითვალწუნებენ, ყველა უყურებს იმას, როგორც გველსა, ყველა უბღვერის და ყველა თითქო ეუბნება: შენ რა გასაჩენი იყავიო. ესევე საქმე დაემართა როსტომს იმავე სიყმაწვილითვე, რა იყო მიზეზი ამის ამოჩემებისა, თითონაც არ იცოდნენ. ის მართალია, საშინელი მტირალა და გაუჩუმებელი ბავშვი იყო. რასაკვირველია ერთი მიზეზი ესეც იქნებოდა. ამ ტირილით და ჩხავილით ის აბეზრებდა ვიწროთ სახლში მცხოვრებლებს ძმებსა და საზოგადოდ მთელს სახლობას. ამასთანავე იქნება მიზეზი ესეც იყოს, რომ ამის ძმები, რომელნიც ბავშვები აღარ იყვნენ, თავის თავსაც მეტად რაცხდნენ თავის მამის სამკვიდროზედ; მამას კი, რომელიც ახალს დროს გაკეთებულს ხიდზედაც კი არ გაივლიდა ხოლმე და ახალ დროს ნაკურთხს მღვდლის წირვაზედ არ წავიდოდა, უფრო იმიტომ არ უყვარდა, რომ ახალს დროს იყო დაბადებული.
რამდენიც იზრდებოდა როსტომი, იმდენი ხედავდა, რომ ეს ყველას ამოჩემებული ჰყავდა დედის მეტსა. ის ხედავდა, რომ სხვა ამხელა ყმაწვილებს ყველანი უალერსებდნენ, თავს ევლებოდნენ, ულაქუცებდნენ და ამას კი ისე უყურებდნენ, თითქო ერთს მეტს რასმე ბარგსაო. თუ ლაპარაკს დაიწყებდა, გააჩუმებდნენ ერთის შებღვერით, თითქო ეუბნებოდნენ, შენ რაღა ქვეყანაში გასარევი ხარო! მოინდომებდა რასმე - შეუტევდნენ და გააკმენდინებდნენ ხმასა. ერთი სიტყვით ხედავდა, რომ ყოველი იმის მოძრაობა, მოქმედება, ყველას ეჯავრებოდა. ამგვარი ქცევა მოქმედებდა იმაზედ საშინლად. ის შეიქნა თანდათან ჩუმი და ღრძო გულისა. ის ერიდებოდა ყველასთან ლაპარაკს, თამაშობას და ხუმრობაზედ აიღო ხელი და სულ გაბუსხული იჯდა სადმე კუთხეში, ჯავრით გასცქეროდა სხვის ლაპარაკსა და მოძრაობას; გაეღვიძებოდა რამე გულში სურვილი, არ ანდობდა არავის გულის თქმას, რაკი იცოდა, რომ არავინ ყურს არ ათხოვებდა, დაიხშობდა გულში, ან ეცდებოდა ისე იმის შესრულებას, რომ არავისთვის არ შეეტყობინებინა. ვერასდროს ვერავინ ვერ შეატყობდა იმას სახეზედ ვერც სიამოვნებას, ვერც უსიამოვნებას: ის იყო ნიადაგ დაღვრემილი და მტრულად და შურით გაჰყურებდა ყველას. ეს ხასიათები რამდენიც იზრდებოდა, იმდენი უფრო თანდათან შთაებეჭდა გულში, მეტადრე მაშინ, როდესაც ის მისცეს სასწავლებელში. როსტომს ჩაგონებული ჰქონდა და იცოდა თავისი ოჯახის სახელი და შთამომავლობა. ამითი ის ამაყობდა და ესღა ჰქონდა ნუგეშად გულში დაჩაგრულს და გოროზი გულის პატრონს ბავშვსა; და ყველაზედ კი თითქმის უკანასკნელად ეს გამოდიოდა თავის ტოლებში. ამ ტოლების უკეთესად გამოსვლას ეს თაკილობდა და ცდილობდა დაეფარა თავისი ნაკლებულება ამათთანა: ერიდებოდა და ჩვეულებისამებრ მტრულად გაჰბღვეროდა ამათაც. ტოლებიც, რაკი ხედავდნენ, რომ ეს იმათ სხვანაირად უყურებს, არ ერევა ამათში ტოლ-მეგობრულად, ამასთან ამათზედ ნაკლებად გამოდიოდა, ესენიც უფრო არაფრად აგდებდნენ ამასა, თითონაც თაკილობდნენ, ცდილობდნენ ამის დაჩაგვრასა და დაბრიყვებას.
საკვირვლად უყურადღებო იყო ამაზედ მამა. ისე ამოთვალწუნებული ჰყავდა, რომ არც კი ახსოვდა ჰყავდა სადმე ამას შვილი როსტომი, თუ არა. იმან, როდესაც მისცა ეს სასწავლებელში, ჩააბარა ერთს მეწვრიმალე სომხის დედაკაცს, გადუკვეთა წელიწადში რამდენიმე კოდი პური, სამარხო და კიდევ ცოტა რაღაც რამა და მეტი თითქო ბავშვისთვის საჭირო არა იყორა, ისე მიანება თავი. ეს მეწვრიმალე დედაკაციც რაკი ხედავდა, რომ დედ-მამა ამას არა პატრონობს და უყურადღებოდ ჰყავთ, თითონაც უფრო რას ინაღვლიდა. იმას არა ჰყავდა მოსამსახურე და მსახურის მაგიერად იყენებდა როსტომს: აზიდვინებდა წყალს, გზავნიდა ბაზარში, აყრევინებდა ნაგავს, აზიდვინებდა აბანოში და აბანოდან სარეცხს. ერთი სიტყვით ყოველრიგს მოახლეობას აწევინებდა. არავინ იცის, რა ხდებოდა მაშინ ამპარტავანი როსტომის გულში, რარიგად იკუმშებოდა და იბღუნძებოდა, რომ ამ საქმეზედ ის ნაცნობებს არავის დაენახათ... რამდენჯერ დააპირა გაქცევა, მაგრამ არ იცოდა, სად წასულიყო... ეს ერთხელ მაინც და მაინც გაიქცა და რის მოწიწებით მივიდა შინ. აქ შენს მტერს დაადგეს ის დღე, რაც როსტომს ცალკე მამამ და ცალკე ძმებმა დღე დააყენეს. როსტომმა თავისი მწუხარება დედას შესჩივლა, მაგრამ დედამაც ვეღარ უშველა რა, როსტომი სულ ცემით ჩაჰგზავნეს თავის სახლის პატრონთან.
- ან მოკვდი და ან ისწავლე რამე, - უთხრეს ამას თავისმა ძმებმა და მამამ, თითქო როსტომი გამოჰქცეოდა სწავლასა და არა სახლის პატრონის მტარვალობას.
როსტომი დამორჩილდა თავის მდგომარეობას, მაგრამ იმის გული კი გაივსო გესლით. იმას ეს ნაწყენობა ყველაფერი ჩარჩა გულში და ყოველთვის იყო იმისთვის დაუვიწყარი.
- დაიცადეთ, - ამბობდა ის ბრაზით თავის ძმებზედა: - სუყოველთვის მამაჩემი ცოცხალი არ იქნება და მეც სულ ასე უძლური არ ვიქნები... მაშინ...
ამას კარგა მკვიდრად ინერგავდა გულში და ჰქონდა დაუვიწყარი.
რაკი სახლობისგან ასე ამოჩემებული იყო როსტომი, ამას არაფრად აგდებდნენ არც ყმები და არც მოსამსახურები, რომლებშიაც ფიქრობდა, მოეპოვა თავისზედ უმცროსები და გამგონებლები. ყოველს ამის დასაქმებაზედ და ბრძანებაზედ, ისინი თითქო კაცი არ ელაპარაკებაო, ყურსაც არ იბერტყდნენ და პასუხსაც არ აღირსებდნენ. როსტომს ეს ყელში სისხლსა ჰგვრიდა. ეჩივლა მამასთან ან ძმებთან, ვინ გაუგონებდა, უნდა ისევ გაჩუმებულიყო, დაებრუნებინა გულში ბრაზი. ამან რამდენჯერმე მოთმინებიდან გამოსულმა მოსამსახურეების ჩაუგდებლობითა, ვეღარ მოითმინა და მივარდა საცემრად, მაგრამ ისინი უარესადა სცემდნენ და უსრესდნენ ყურებს, როგორც ერთს ვისმე უკანასკნელსა. როსტომი გაბრაზებული მიჯდებოდა სადმე კუთხეში და ტიროდა. ამის გამსამართლებელი არავინ იყო. იმის გულში ბრაზი თანდათან გველად იქცეოდა.
იმგვარად გადიოდა როსტომის ყმაწვილობა, რომ იმას არც სიდიდეში არავინ რად აგდებდა, თითქო ერთი ვინმე უკანასკნელი მსახური გდიაო.
რაკი ვერავისგან შეწყნარებას ვერა ხედავდა, რაკი ვერავის ვერ დაუახლოვდა და ვერავისზედ დაიმშვიდა გული, ისა ცდილობდა, რამე ღონისძიება ეპოვნა თავის დასაცველად ამხანაგების დაბრიყვებისაგან მაინცა, და ეს ღონისძიებაც გამოუჩნდა - მეუფროსეები სასწავლებელში. რაკი ერთხელ და ორჯერ შეიწყნარეს ამისი საჩივარი ამხანაგებზედ, ეს ყოველს უბრალო საქმეზედ მიდიოდა მათთან საჩივლელად. რაკი ამათში იპოვა თავისი მფარველი, ამან დაიწყო ცდა - ამათი გული როგორმე მოეგო, რომ ამათის მხრივ მაინც მისცემოდა ამას სიმშვიდე. დაუწყო ამან იმათ ლაქუცი და იმათაც ეს იამათ. შეატყო, რაც იმათ იამებოდა და როსტომმაც შეუწყო იმათ ამაზედ ხელი. იპოვეს მეუფროსეებმაც თავისი ერთგული და ამხანაგების მტერი და შეუჩინეს ის ამხანაგებს. როსტომმა დაუწყო ამხანაგებს თვალთვალობა და ყოველს იმათს მოქმედებას ამცნებდა ჩუმჩუმად მეუფროსეებსა. მეუფროსეებმა უფრო თავზედ ქონი წაუსვეს და უფრო წააქეზეს ამ ხელობაზედ. რასაკვირველია ეს არ დაემალათ ამხანაგებს და უფრო ამოიჩემეს. როსტომი თანდათან დაუახლოვდა მეუფროსეებს, შეიქნა იმათი მონა. რასაკვირველია, რაკი მეუფროსეები ამისკენ იყვნენ, შეგირდებმა ვერა დააკლეს რა. მაშინ კიდევ უფრო სასარგებლოთ ნახა მეუფროსეების პატივი და ის შეიქნა სრული იმათი მონა. შეგირდებსა და იმის შუა მოისპო ყოველრიგი დამოკიდებულება. აქამდის ეს ჰყავდათ დაჩაგრული შეგირდებს და ახლა შეგირდების სული იმის ხელში იყო: ერთი ამისი სიტყვა და შეგირდი უატესტატოდ დაბრუნდებოდა სასწავლებლიდან.
როსტომი რომ სასწავლებელში იყო, საკვირველი უბედურება ეწვია იმის მამას, გოგია ტაბლაძეს. იმან გაისტუმრა თავისი ორი შვილი სპარსეთში საომრად.
- მაგათგან ვართ დღეს დაღუპულები, - ეუბნებოდა ის შვილებსა, - საქართველომ რომ მაგათი სისხლი სვას, კიდევაც ვერ გადაუხდის სამაგიეროს.
რა იცოდა საწყალმა გოგიამ, რა მოელოდა იმის ორ საუკეთესო შვილს ამ ომში, სადაც ის ამათს საზღევრადა ჰგზავნიდა. პირველსავე ომში ორივე ძმები დახოცეს ერთადა. მთელი ნაცნობები და ვისაც კი გაეგონა ამათი სახელი, ყველა საშინლადა სწუხდა ამათს უბედურებასა, გოგია კი გულმაგრად მიეგება ამასა: ის ნუგეშობდა ამითი, რომ იმისი შვილები დაიხოცნენ საქართველოს სისხლის მსმელებსა და დამღუპველებთან ბრძოლაში.
გავიდა ერთი წელიწადი და ეწია უარესი ცეცხლი გოგიასა. იმას მოუკვდა მესამე შვილი, რომელიც შვიდის წლის წინათ თვის სიკვდილისა, მოიწონა ერთმა ფრიად დიდმა კაცმა და მილიციიდან გადაიყვანა პოლკში. აქ იმან თავის თავად გაიკვეთა რუსული ენა და წიგნი, შემდგომ ის არ დასჯერდა ამასაც, დაიწყო ფრანციცულისა და ნემეცურის სწავლა და აქაც მალე გაიკვეთა ეს ენები. ის შეიქმნა პოლკში სამაგალითო ოფიცერი. ამან დაუწყო მამას შემწეობა სადაო საქმეებში სხვადასხვა მძლავრს გვარებთან, დაუწყო აგრეთვე შველა და შემწეობა ბევრს საწყალს და დაჩაგრულს გვარებს. ერთი სიტყვით, ის შეიქნა საყვარელი ყველა დაჩაგრული კაცისათვის და ჩამოიმტერა ყველა მძლავრი და ძლიერი გვარები და კაცები. აქ რომ ეს ამ სახელში იყო და მამა ნუგეშობდა ამითი თავის ორს ჯარში დახოცილს შვილს, ის უცებ შეიშალა ჭკუაზედ რამდენსამე ხანს დაჭკვიანდა და უცებ კიდევ შესცდა, სამს კვირაზედ ის გადაჰყვა თან ამ შეშლას. დადიოდა ხმა, რომ ის შესცდა ჭკუას საწამლავისაგან და იმანვე გადიტანა თანაო, კიდეც უჩვენებდნენ მომწამლელებს. ესენი იყვნენ დიდი ხნის მტერნი და შურნი ტაბლაძიანთ გვარისა და ახლა უფრო ამისი, რომელიც აგრე ადვილად არას უთმობდა ამათ. საწყალი გოგია მოიხარა ჯავრისაგან წელში, ის ფიქრობდა და არ იცოდა, როგორ გადაეხადნა სამაგიერო თავის შვილის მკვლელებისათვის. “ვაიმე, რომ დრო შეიცვალა!..” ამბობდა ის მწუხარებითა და სტაცებდა ხოლმე ჩიბუხს ხელსა.
ჯერ ეს ვარამი ისევ გულზედ აწვა, რომ მკვდარი შვილი, ასოასო დაჩეხილი კარებზედ მიაყენეს, ვინ მოკლა ისა და ვინ არა, არავინ იცოდა. ის იპოვეს მკვდარი გზაზედ ტყის პირას და მხოლოდ ტანისამოსითღა იცნეს. აქ საცოდავად დაძაბუნებულმა გოგიამ ესეც თავის გვარის მტრებს მიაწერა. ის ფიქრობდა მძიმე ფიქრსა. “ეხლა რაღათ მინდა თავი ცოცხალი!.. რიღასთვის უნდა დავზოგო ჩემი თავი... მინამ არ ავიღებ ჩემი შვილის სისხლს, მე საფლავშიაც ვერ მოვისვენებ...” ის ელოდა ჟამსა... ის კი არა თუ თითონ გოგიაც თან გააყოლეს თავის შვილებსა.
ერთხელ გოგია იჯდა ზამთარში ცეცხლაპირას, ტყავში გახვეული, ჩიბუხით პირში, იგონებდა თავის უბედურს შვილებსა და თავის ძველს დროსა, რომ უცებ შემოვარდა ერთი მისი ყმა და მოახსენა, რომ იმისი მისხის-მისხის მტერი, თავადი ეფვთიმე მთისთაველი დაესხა იმათა და აოხრებს. მოხუცმა გოგიამ ცალკე გაფიცხებულმა ამ ამბისაგან, ცალკე გახარებულმა, რომ მიეცა შემთხვევა თავის შვილების სამაგიეროს გადახდისა, წამოავლო ხელი თავის ერთგულს სიათას, შემოირტყა იარაღი, დაუძახა თავის ერთგულ მსახურებს და გაეშურა თავის ყმების საშველადა.
- მე ვუჩვენებ იმათა, - ამბობდა გაჩქარებული გოგია: - რომ მე ისევ ის გოგია ვარ, რომელიც კვლავ უნახივართ... ეხლა გამცენ პასუხი ჩემს შვილებზე... ეხლა დავლევ მაგათს სისხლსა.
გოგია გაჩქარებული ავარდა თავის ყმებთან. მხლებლები იქ იყვნენ და თითონ თავადი ეფვთიმე არსადა ჩანდა.
- სად არის ეფვთიმე? - შესძახა გაცოფებულმა გოგიამ, - აბა ეხლა გამოიჩინოს თავისი ბიჭობა, თუ კაი კაცია!.. ეხლაა მაგისი ვაჟკაცობა...
ეფვთიმე არსადა ჩანდა.
- გამოდი, ეფვთიმე!.. ერთი დაგინახო შენა, ჩემი დამღუპველი... ერთი მე და შენ მივესალმოთ ერთმანეთს ძმურათა... როგორც ერთმანეთს ვემართლებოდეთ... გამოდი, შე ლაჩარო!.. აგრე როგორ შეგაშინა ჯავრისაგან დაძაბუნებულმა გოგიამ!..
- ნუ ცხარობ, სენი წირიმე, - ეუბნებოდა ერთი ნაცნობი მეგობარი ოსი გოგიასა, - ცვენ სეგარიგებთ... ყველაფერი დაგიბრუნებს... - და ეს ოსი თანდათან უახლოვდებოდა გოგიას.
- ერთი დამენახოს... ერთი დამენახოს ჩემი წამწყმედელი... ჩემი საყვარელი ეფვთიმე... გამ...
აქ უცებ გავარდა... ყარაბინი. გოგიას მოჰკვეთა მუხლები. წაუვიდა ფერი და დაეშვა ბალახზედ. იმისი ერთგული მსახურები ამ მოულოდნელს ამბავზედ ერთს წუთას დაიფანტნენ. გოგია საჩქაროზედ მობრუნდა. ეფვთიმეს ხალხი შორიახლოს უყურებდა ჩოჩქოლით. მკვლელი უფრო ახლო იყო და თითქო ელოდა, რომ თუ ცოცხალი გამოდგა, კიდევ ვესროლოო. გოგიამ წამოიწია და დახოცილი მუხლები აღარ აჰყვნენ. იმან მოისვა სიათას ხელი და ხელებმაც უღალატეს. აქ გავარდა მეორეთ თოფი და გაუარა გოგიას შუბლში. მკვლელი შევარდა ტყეში, თითქოს ეს თავის მომხრე ხალხსაც მოერიდაო.
დარჩა ახლა როსტომს მარტო ერთი ძმა სვიმონ. ის ამ საშინელს უბედურებებს ისე უგდებდა ყურსა, თითქო ამისი არავინ მომკვდარაო. ხალხში თითქო სწუხდა ამ ამბავსა და ჩუმად კი კიდეც უხაროდა. რამდენიც ძმა მოუკვდა, იმდენი ის ფიქრობდა გუნებაში, რომ ჩემს სამკვიდროს ემატებაო. ახლა ხომ სულ უფრო გულის სურვილი შეუსრულდა. ამას ეხლა ერთი ეს აწუხებდა, რომ ამასაც ეს დღე არ დასდგომოდა. “მაგრამ არა უჭირს რა, - ფიქრობდა ის თავის გუნებაში, - მე ჩემს თავს გაუფრთხილდები, არავის თავს არ შევაკლავ იმათსავითა.
ამ ძმებისა და მამის ასე უბედურად გადაგებაზედ არაფერს მწუხარებას არ გაუვლია როსტომის გულში. იმას თითქო კიდეც უხაროდა ეს ამბავი. როდესაც მოიგონა მამის სიკვდილიცა, ამას სხვანაირად დაუწყო გულმა ცემა: “ეხლა კი მე დამრჩა ბურთი და მეიდანიო!” იფიქრა იმან.
როსტომ იყო ოცდასამი წლისა, როდესაც მოუკვდა მამა. ის ამ დროს კიდეც ასრულებდა კურსსა. “რომ გამოვიდე სასწავლებლიდან და დავბრუნდე შინა, რა ვიქნები, - ფიქრობდა ისა, - რა უნდა მერქვას! რაც აქამდის ვიყავი ჩვენი ყმების და მეზობლების თვალში, ის ეხლა ვიქნები: ძაღლად არავინ ჩამაგდებს. ამას გარდა, სასამართლოში მე არა ვარ გამოცდილი, დავიდარაბისა მე არა გამეგება რა: უბრალო კაციც კი დამიბრიყვებს და ყველასთან სახვეწური მექნება. არა, მე ისე უნდა მოვიქცე, რომ მე დავიბრიყვო და დავჩაგრო სხვა და არა სხვამ მე”. ამის გულისთვის იმან გადასწყვიტა სამსახურში შესულიყო, გამოცდილიყო. თუ სამსახურში კარგად წავიდოდა, დარჩენილიყო იქ ხანი, შეეძინა ფული და ფულთან ყველაფერი იქნებოდა. “თუ არა უფულოდ, გამოუცდელად, რა უნდა მერქვას!” სთქვა იმანა და გადასწყვიტა სამსახურში შესვლა.
აქ ის შევიდა ფიქრში, თუ რა სამსახური აერჩია. “ყველას სამხედრო სამსახური სჯობია, - ფიქრობდა ისა, - მაგრამ ბალა ეს არის, რომ იქ ვერც გამოიცდება კაცი და ამასთან ჩვენს გვარს ტყვია ემტერება. სუდის ნაწილში, იფიქრა იმანა, იქ იმისთანა დიდს ალაგას მალე ვერ მიაღწევ და უიმისოთ კი ფულს ვერ შეიძენ!” აქ იმან ისევ პოლიციის ნაწილი ირჩია. “ეს უფრო სამხედრო სამსახურსაცა ჰგავს და თუნდა პატარა ალაგიც გეჭიროს, თუ იმისთანა ალაგია, ფულსაც იშოვნი. ამას გარდა ხალხიც უფრო პოლიციას უყურებს და ეშინიან”.
შეასრულა თუ არა სასწავლებელი, ის შევიდა პოლიციის ნაწილში. ამან აქ გამოიჩინა საკვირველი სიმარჯვე მეუფროსეების ერთგულებისა. ის შეჰყურებდა იმათ თვალებში, უწევდა ყოველრიგს სიამოვნებას, უსრულებდა ყოველს გულის წადილსა, რაც კი ამისაგან შესაძლებელი იყო და ამით ისე შეაყვარა იმათ თავი, რომ ის პირველსავე შემთხვევაში დანიშნეს ერთს მსუქანს უჩასტკაში დიამბეგის პომოშნიკად. იმან აქ მალე შეისწავლა ყოველი ოსტატობა, რაც კი საჭირო იყო ფულის შესაძენად. მოკლე ხანში ამან კარგად გაივსო ჯიბე. ფულს ფული უნდაო, ამბობს ქართული ანდაზა: ამ ფულების შეძენას ის არ დასჯერდა. ამას მოუვიდა ახლა თავში ფიქრი, ცოლიც ფულიანი შეერთო. რადგან სოფელ ალაგას არ იშოვებოდა კარგი ფულიანი ქალი, ამის გამო იმან დაიწყო ცდა, ისევ ქალაქს დაბრუნებულიყო სასარგებლო რასმე ადგილში და აქ ედევნებინა ყური კაი მსუქანი გასათხოვარი ქალებისათვის. “თუნდა გონჯი იყვეს, - ფიქრობდა ისა, - ოღონდ ბევრი ფული ჰქონდეს: ფულს ყველა შეუძლიან და ქალი როგორიც უნდა იყვეს, რას მომცემს, ან რას წამართმევს!” ამან თავისგნით შეძენილის ფულით მალე იშოვნა იმისთანა ალაგი, როგორსაც ეძებდა; ის დანიშნეს გამომძიებელ პრისტავად. აქაც მალე იჩინა თავი. იმის ჯიბეს თანდათან მოჰყავდა თავის პატივისცემაში. რასაკვირველია, ის ასე ვერ იპარპაშებდა, თუ დაევიწყებინა თავისი მეუფროსეები: ჯერ ერთი ესა, რაც უნდა ებრძანებინათ იმათა, ეს ყველას ამასრულებელი იყო და ყველაში მონა და მოსამსახურე იმათი, მეორეც ესა, არ აკლებდა ამათ პატივისცემასა. როგორც თითონა სარგებლობდა სხვების პატივისცემით, ისე თითონაც ყოველთვის უფროსები ჰყავდა პატივისცემაში. ამის გამო ის იყო იმათში ძალიან მიჩნეული და როგორც უნდოდა ისე შლიდა ფრთებსა. ბევრჯერ გაიმართა როსტომზედ საჩივარი, ბევრჯერ დაინიშნა იმაზედ გამოძიება, მაგრამ ყველა ამაოთ: ყოველთვის მოჩივრები მტყუნდებოდნენ. აქ როსტომი დაიბარებდა მოჩივრებს და, როგორც შეშვენოდა იმათს უსამართლო საჩივარს, იმგვარს სასჯელს აყენებდა.
“თქვე კრუა არამზადებო, თქვენა! თქვენ მე ჩივილს მიბედავთ!.. თქვენ იქნება გეგონოთ ხლებნიკოვი, ან ჩამჩოევი!.. მე თქვენ გაცნობებთ თავსა!..” აქ მოჩივრები შეხედავდნენ ერთმანეთს როგორღაც სხვანაირად, იტყოდნენ რაღაცა თათრულს ანდაზას და წავიდოდნენ თავთავისთვის შინ, იმ ფიქრით, რომ კვლავ არასდროს, რაც უნდა მოსვლოდათ, აღარ ეჩივლათ.
რასაკვირველია, რამდენიც ჯიბე ეზრდებოდა როსტომს, იმდენი უფრო მდიდარს ქალს ეძებდა. რამდენიც აუჩნდა საცოლე, იმდენი მათ არ გამოაჩნდათ ამის გულის შესაჯერებელი ფული. “რაში მეჩქარება? - ამბობდა ისა, - რა ხანი მე გამსვლია! მანამ არ შევირთავ, მინამ კარგი ფულიანი ქალი არ გამოჩნდება, ააჰა!..”
გავიდა ამაში ხანი. როსტომს მოუკლეს უკანასკნელი ძმაცა და გამოჩნდა იმისი საჯერო საცოლე ქალიცა.
ერთხელ, თითონაც არ იცოდა როგორ მოხდა ესა, იმიტომ რომ დიდ ცოდვათა რაცხდა ამასა, - ისა და ერთი ჩინოვნიკი - მიკირტუმ მიკირტუმიჩ ტერ-მიკირტუმოვი შევიდნენ ფეთხაინში სომხების წირვაზედ. ამისი უცნობი საცოლე იქ იყო.
საკვირველია, რომ ამისმა საცოლე შუშანა ხეჩატუროვნამ ის ნახა სიზმარში. აი როგორ: შუშანა დგას ვითომც ფეთხაინში, სადაც ამათ გარდა სხვა მრავალი ხალხია, იმის გარშემო ირევა და დგას ხალხი: მოხუცებული დედაკაცები ჩადრში თეთრად გახვეულნი დგანან, იცემენ გულში მუშტსა მეტის სასოებითა, ლოცულობენ და წარმოსთქვამენ რაღაცა მხურვალე სიტყვებსა; შემოდიან მოხუცნი და შუახანს გადასულნი გრძელსახელოებიანს ჩოხებში, ულვაშებგაკრეჭილი კაცები და არ უყურებენ ქალებსა, ვერც ერთი ლამაზი ყმაწვილი ქალი ვერ იზიდავს იმათს გონებას, მხოლოდ როგორღაც უნებურად, როგორც კატას ძეხვზედ, რჩებათ თვალები ლამაზს ყმაწვილს ბიჭებზედ და აქ მოსდით სასოება და ოხრავენ; შემოდიან ახალგაზრდა საცოლო ვაჭრის შვილებიც, რომელნიც შუშანას აგრერიგად არ ეპიტნავებიან, თითქო იმათ კაცადაც არ აგდებენ; შემოდიან ყმაწვილი ჩინოვნიკები. აქ შუშანას როგორღაც სხვანაირად უცემს გული, მაგრამ ამ თავის სხვანაირად გულის ცემას არ ამჩნევინებს შუშანა და ნაზად უშვებს ძირს თვალებსა და ღუნავს თავსა, თითქო არც კი შეუნიშნავს ისინიო. აგერ შემოვიდა იმისი ნაცნობი ჩინოვნიკი მიკირტუმ მიკირტიჩ ტერ-მიკირტუმოვი, ამას შემოჰყვა თან ერთი დაკენკილი შავთვალწარბა პოლიციის ჩინოვნიკიცა, პოლიციის ჩინოვნიკი იყო როგორღაც დაღვრემილი, ჰქონდა მრისხანე სახე და ამ მრისხანებაში ეჩვენა შუშანას თითქო რაღაცა დიდკაცური და მაღალი. პოლიციის ჩინოვნიკმა შეხედა შუშანას. შუშანა გაწითლდა და სირცხვილით ჩაღუნა თავი ძირს. იმ დროს ვიღაცამ წასჩურჩულა და თითქმის კარგა ხმამაღლაც უთხრა: “ეგ არის შენი ქმარი. შენ და ეგ ერთმანეთს არ ასცდებით. ეგ უეჭველად შეგირთავს შენა...”
ამ სიტყვებზედ ისეთნაირად დაუწყო გულმა ცემა შუშანას, ისეთნაირად აემღვრა გრძნობა და გონება, რომ თითონაც არ იცოდა რა იყო იმის თავსა. შუშანას მაშინვე ჩაუვარდა გულში სახე დაკენკილი პოლიციის ჩინოვნიკისა და ისეთნაირად შეუყვარდა, რომ როდესაც კი გამოეღვიძა, იმისი სახე უდგა ცხოვლად თვალწინა, თითქო ეხლაცა ხედავსო. ის მაშინაც კიდევ გრძნობდა იმის უცნაურს სიყვარულსა და ვერ იშორებდა გონებიდან იმის სახეს.
გამოიღვიძა თუ არა და მოვიდა გონსა, იმან სთხოვა დედას, რომ ის გაეგზავნა ფეთხაინში. დედამ მისცა ნება და უთხრა წაჰყოლოდა თავის მამიდა თათელასა. “აჰა! ეს ხომ ამიხდა, - ფიქრობდა შუშანა, - ფეთხაინში მივდივარ, მაშ ისიც ამიხდება, რომ იმ ჩასტის აფიცერსა ვნახავ... მე დაცდილი მაქვს ჩემი სიზმრები: თუ ერთიც არის, რასაც სიზმარში ვნახამ, ამიხდა, ყველაფერი ამიხდება... რა ლამაზი რამ არის და... როგორი დიდკაცური შეხედულობა ჰქონდა!.. უთუოდ ძალიან დიდი კაცის შვილი უნდა იყვეს... რომ არ ამიხდეს სიზმარი და აღარ შემირთოს!.. ამისთანა საქმროს დაკარგვა ამ ხნის ქალსა...” აქ იმას დაუწყო გულმა საძაგლად ცემა, მაგრამ ისევ მალე მოიბრუნა იმითი გული, რომ რაკი სიზმარში ნახა თავისი თავი ფეთხაინში და კიდეც აუხდა, მაშასადამე სხვაც ყველაფერი ახდება. რადგან ასე ჰქონდა დაცდილი.
შუშანამ გამოიქნა პირი, წაისვა კარგა მაგრა ფერ-უმარილი, ჩაიცვა საუკეთესო ტანისამოსი, გაიშავა ლოყაზედ განგებ გაკეთებული ხალი და გასწია წირვაზედ.
საყდარში ის დადგა კარებთან ახლო, როგორც სიზმარშიაც ენახა. ერთიც ვნახოთ, წარმოიდგინეთ თქვენ შუშანას გაოცება, შემოდის იმავე წესით ხალხი, როგორც ენახა სიზმარში და, ერთიც ვნახოთ, შემოვიდა ჩინოვნიკი ტერ-მიკირტუმოვი და შემოჰყვა თან დაკენკილი პოლიციის ჩინოვნიკი. პოლიციის ჩინოვნიკმა მაშინვე გადაავლო იქაურობას თვალი, შუშანასაც შეხედა. თუმცა ბევრად არაფრად მიიჩნია, მაგრამ შუშანამ მაინც ჩაღუნა თავი და ჭარხალივით გაწითლდა. იმას აემღვრა გრძნობა, დაუწყო გულმა ცემა და რაკუნი, თითქო კარში გამოვარდნას აპირებსო... ტერ-მიკირტუმოვმა დაუკრა შუშანას თავი, შუშანამ ვერ შენიშნა.
- ვინ არის ეგა? - ჰკითხა პოლიციის ჩინოვნიკმა ტერ-მიკირტუმოვსა.
- დიდი მზითვის პატრონია, - უპასუხა მან თავის კანტურითა: - ეგ არის ქალი ხეჩატურ ჩაიფხანოვისა.
- ააა! - წაიდუდუნა ცხვირში როსტომმა და ჩაიტანა ეს გულში. იმან ერთი კიდევ მიიხედა ქალისაკენ, რომ გაესინჯა როგორი რამ იყო.
შუშანამ შენიშნა ეს შეხედვა და უარესად აენთო. იმან ჩაღუნა მორცხვად თავი და კიდევ იფიქრა: რა დიდკაცური სანახაობა აქვს! და აქ კიდევ იგრძნო იმის სიყვარული. “ნეტავი კი შემირთოს, - ფიქრობდა შუშანა, - თორემ ასეთ ცოლობას გაუწევდი, ასეთნაირად შევიყვარებდი და თავს დაუდებდი, რომ არავის არ შესძლებოდა... საკვირველია, რამდენი მაგაზედ ლამაზი მინახავს. რამდენი უფრო ყმაწვილი და უკეთესი კაცი მინახავს, მაგრამ აგრე გული არავისზედ არ შემვარდნია!..” თუმცა შუშანას ერთი ყმაწვილი ვაჭარი მარზუკ ოხანეზიან ტერ-ოხანეზოვი ისეთნაირად უყვარდა ამ ორიოდე წლის წინათ, როდესაც გაიგო, რომ იმას ასტრახანში ცოლი შეერთო, კინაღამ ჭკუაზედ შესცდა; იმის წინათ კიდევ ეს კინაღამა გიჟდებოდა ერთი ყმაწვილი ქართველი თავადიშვილი მურილოკიაშვილისთვის; იმის წინათ გიჟდებოდა კიდევ ერთი რუსის ჩინოვნიკის ჩორტოხვოსტოვისთვის და ამათიც ყველასი ისე ეგონა, რომ ასე არავინ მომწონებია და არავინ შემიყვარდებაო. “ნეტავი ერთი მალე მაინც ამიხდებოდეს სიზმარი!” ინატრა შუშანამ. ის მთელი წირვა სულ ამ ფიქრში იყო. ის შეეცადა რამდენჯერმე, მოეშორებინა თავიდან ამგვარი ფიქრები და მდგარიყო სასოებით ეკლესიაში, მაგრამ ვერა ეშველა რა, ვერ მოიშორა თავიდან ეს ეშმაკის საფრთხე გულისთქმა: იმას სულ ის ელანდებოდა, როგორ წავიდოდა ეკლესიაში თავის მოწონებულს პოლიციის ჩინოვნიკთან გვირგვინით, მოსდიოდა ფიქრებში თავისი ტოლი ქალები, როგორ დაუწყებდნენ ამას შურით ყურებას და ეს ამათს ყურებასაც აღარ იკადრებს და დაუმტკიცებს, რომ თუმცა ისინი დასცინოდნენ - დაბერდი და აღარავინ შეგირთავსო, ეს შეირთო იმისთანა კაცმა, რომელიც ყველა იმათს ქმრებზედ მაღალი და დიდი კაცია. “აბა მაშინღა დამცინონ, აი”!.. იფიქრა გახარებით შუშანამ.
შუშანა რომ ამ ფიქრებში იყო, წირვა კიდეც გამოვიდა და ხალხი ზოგი მიდიოდა ხატებთან სამთხვევლად, ზოგი კიდეც გამოდიოდა ეკლესიიდანა. შუშანამ მიიხედ-მოიხედა, ტერ-მიკირტუმოვი იქ იყო და დაკენკილი ჩასტის ოფიცერი - შუშანას როსტომ ტაბლაძე კვარტალნი ეგონა, და რომ სცოდნოდა, თუ გამომძიებელი პრისტავი იყო, მაშინ უფრო შეუყვარდებოდა, - აღარსად ჩანდა. შუშანას ისეთი ეწყინა, რომ სატირლად გული აემღვრა. ამას შეუვიდა იჭვი და თითქმის იმედიც გადიწყვიტა, რომ როსტომი იმას არ შეირთავდა. მაგრამ ბოლოს კიდევ გაიმაგრა გული. “არა, უეჭველად შემირთავს, - ფიქრობდა ისა, - ყველა ამიხდა, რაც სიზმარში ვნახე და ესეც აუცილებლად უნდა ახდეს - მე დაცდილი მაქვს”. პატარა ფიქრს უკან შუშანას უცებ ფერმა გადაჰკრა. იმას მოაგონდა, რომ სიზმარში ვიღაცამ უთხრა: ეგ შეგირთავსო და ცხადლივ კი არავის უთქვამს. “მეორეც ესა, - იფიქრა კიდევ იმან, - მე მარტო მითხრეს, რომ შეგირთავსო და მართლა ხომ არ შეურთავს სიზმარში, რომ ცხადლივაც ამიხდეს...” აქ დაუწყო შუშანას გულმა ბრაზობა და მიეყუდა კედელს. “დიდი საჭიროა, თუ არ შემირთავს”, - გაიმაგრა კიდევ იმან გული, - მაგისთანები არიან ქვეყანაზედა!.. შემირთავს - კარგია, არ შემირთავს და არცა ვსაჭიროებ!.. მამაჩემთან კიდეც მირჩევნია... ვინ იცის იქნება ისეთიც რამ იყვეს, რო!..” ის ამ ფიქრით გამოტრიალდა ეკლესიიდან ხატების უმთხვევლად, თითქო შემოსწყრაო და წამოვიდა შინისკენ. მამიდაც გვერდით აედევნა.
შუშანა რომ შინ დაბრუნდა, იმისი დედა, გაიანე, უჯდა სათამაშო ქაღალდს და შლიდა. ის გვერდზედ ყინწმოგრეხილი გაჰყურებდა ბუბნის ხელმწიფეს და მხიარულად იღიმებოდა.
- შუშანჯან, შენ გათხოვებთ, - დაინახა თუ არა, მიახარა შუანასა. - ქა! აი ქაღალდი ისრე ამბობს. ვიღაცა ვინმე დიდი კაცი გირთავს... სულ კარგი ქაღალდი ახვევია... აი, მოდი, შვილო, ნახე.
- იჰ, დედილო! ნეტავი შენა, რომ ქაღალდი გჯერა!.. ქაღალდი რა დასაჯერებელია!..
თუმცა ამას ასე ლაპარაკობდა, მაგრამ შუშანამ მაინც ჩუმად შეხედა ქაღალდს. შუშანას ქაღალდის გარშემო სულ წითელი ქაღალდი იყო და ალაგ-ალაგ ელაგა ტრეფები, გულზედ ედო ბუბნის ხელმწიფე. “სწორედ ის არის!..” აქ სიამოვნებისაგან დაუწყო გულმა ცემა და მიეცა ჩასტის ოფიცრის შერთვის იმედი, სიყვარული კიდევ უფრო აღეძრა.
- კარგი ქაღალდი მოდის, დედაშვილობამ... რომ ერთმა დიდმა ვინმემ შეგირთოს, დიდი ღვთის მოწყალება არ იქნება!..
- ეჰ, ნეტავი თქვენა, სულ შერთვა გაგონდებათ... ნეტავი ერთი იცოდეთ! მე ფეთხაინში ვდგევარ და მიკირტუმ მიკირტუმოვიჩთან შემოვიდა ერთი ვიღაც ჩასტის ოფიცერი. იმან ისეთნაირად დამიწყო ყურება, ისეთი ჩამაცქერდა, რომ სირცხვილით კინაღამ გამოვიქეც საყდრიდან... რა ურცხვები არიან ზოგიერთა კაცები!..
- რომ გეუბნებით, შვილო, უჩადრობა კარგი დრო არ არის მეთქი... უწინ როგორ შეგვეძლო უჩადროდ სადმე გავსულიყავით... კაცის საქმე მის დღეში აგრეთია: უჩადრო ქალს ცქერას დაუწყებენ... კვლავ, შვილო, უჩემოდ აღარ გაგიშვებ არსადა... თორემ, ვინ იცის, რამდენი არამზადა ხალხი დადის დუნიაზედა...
- დიდკაცური სახე კი ჰქონდა, ვიღაც იყო... ქართველსა ჰგავდა.
- ქა! დაკენკილი ხომ ვინმე არ იყო, შავთვალწარბა?
- მგონია... რა ვიცი, მე ხომ იმას არ დავუწყებდი ყურებასა... ძალიან საჭიროა, ვიღაც უცხო კაცის ყურება. თუნდა დიდი კაცი იყვეს, თუნდა პატარა!..
- ჰოო, შვილო, აბა? რომ გეუბნები, კარგა გაიკეთე პირი მეთქი!.. ის უთუოდ კნიაზი ტაბლაძე იქნებოდა, პრისტავი... დიდი ყმისა და მამულის პატრონს ამბობენ, ფულიც ბევრი აქვსო... ის ცოლის შერთვას თურმე აპირებს და მზითვიანს ცოლს ეძებს... ვინ იცის, იქნება შენზედაც უჭირავს თვალი! უთუოდ ისე იქნება, თორემ სომხის საყდარში რა უნდოდა, ის ხომ ქართველია... უთუოთ შენს გასასინჯად იქნებოდა და შენ კი, ვინ იცის ეგრე გათხუპნული წახვედი უპირშუშტაკოთა და უფერ-უმარილოთა!.. აბა ჩემი სიტყვა რომ არა გჯერა, თითქო შენი უცხო ვინმე ვიყვე. ეხლა რომ არ მოეწონა იმასა, ხომ დაჰკარგე მაგისთანა ბედი... მერე მაგისთანა ვინმეს სადღა შეირთავ, ქალი დაბერდი. ჩვენისთანები მაგას თავს ადგიან... კნიაზია.
- არ შემირთავს და ნუ შემირთავს!.. დიდი საჭიროა... განა თქვენ მოგბეზრდით...
- ქაა! ოცდაშვიდი წლის ქალი ხარ... გაუთხოვარი ხომ არ გინდა დაბერდე!..
- გამათხოვეთ რა, მერე ვინ გიშლით!.. მე როდის დაგიშალეთ!.. თქვენ ხუთს გროშს ზედ დაჰკანკალებთ, რიგიანს მზითევს არ იმეტებთ, და უმზითოთ თქვენისთანა მურჯიკის ქალს რიგიანი კაცი ვინ შეირთავს!..
- ქაა! სულ ხომ შენ არ მოგცემთ, რაც ხეჩომ ფული უშოვნია! შენს გარდა კიდევ ორი ქალმა სხვა მყავს და ვაჟიშვილია... ეხლა ჩვენ კაი კაცები არა ვართ, ცხოვრება არ გვინდა?!.
- მაშ ვიღას ამტყუნებთ!.. თუ აგრეა, კიდეც გამათხოვეთ, როგორც იცოდეთ, მე რაღას მეუბნებით...
- გათხოვება ხომ მარტო ფულით არ იქნება, - უნდა შენც პატარა შნო და ლაზათი გქონდეს, და შენ კი ფერ-უმარილის წასმაც გეზარება.
- უф, უф, უф! ფერ-უმარილით კი ძალიან მოატყუებთ! თქვენ ასე გგონიათ კაცებმა არ იცოდნენ, რომ ჩვენ ფერ-უმარილს ვისვამთ! იმათ ჩვენზედ უფრო კარგადაც იციან და დაგვცინიან.
- კიდეც მაგიტომ მოვიდა ცუდი დრო, რომ ეხლანდელი ყმაწვილები გაეშმაკდნენ და ფულის მეტს სხვას ყურს აღარას უგდებენ... ღმერთიც იმიტომ არის, შვილო, ჩვენზედ აგრე ხელაღებული. ჩვენ დროში, დედაშვილობამა, სხვანაირათ იყო. აი მამაშენმა ერთხელ მნახა, მოვეწონე და შემირთო. არც ფული, არც მზითევიო, არცარა თითონა ჰქონია მაშინდელს დროში...
- სულყველას თავისი დრო მოსწონს!.. მე რა ვქნა, რომ მეც მაშინდელს დროში არ დავიბადე, რომ თქვენ მზითევზედ აღარავის შეეწუხებინეთ და უმზითოთ ღრაფ შერემენტს შევერთე. ეხლა, ხომ ხედავთ, უმზითოთ არავინ ირთავს... მეტადრე მე, რომ თქვენ სიძუნწით დამაბერეთ...
აქ შუშანას მოერია ცრემლები და აუდუღა გული. აქ ის დაემხო პირქვე მუთაქაზედ და დაიწყო ტირილი. გავარდა საჩქაროზედ მეორე ოთახში, რომ არ ატირებულიყო დედასთან. “იმის გულისთვის, რომ ხუთი გროში გაქვთ საანგარიშოთა, მე უნდა გაუთხოვარი დავრჩე!..” ფიქრობდა ის, მტირალი მდუღარე ცრემლითა. “თუ ეხლა ესეც გაუშვეს ხელიდან, მერე სიკვდილამდინ, თუნდა ხელმწიფე იყვეს, აღარავის შევირთავ”...
შუშანა რომ ამ ცრემლებში იყო, გაიანე მართლა მიეცა თავის უფროსს ქალზედ ფიქრსა. “ტაბლაძეს უთუოდ გულში უძევს შუშანას შერთვა, - ფიქრობდა ისა, - თუ არა, რა უნდოდა სომხების საყდარში და რათ უყურებდა ისეთნაირად შუშანას?.. ბოლოს მინანქაროვი როგორღაც გადმოკვრით გველაპარაკებოდა ამაზედა... არა, დრო კია ახლა, მართლა, გავათხოვოთ, თორემ ქვეყანა სულ ჩვენზედ ილაპარაკებს: ქალი გაუთხოვარი დააგდესო... რა კარგი იქნება, რომ კნიაზ ტაბლაძეს რუსულათ შეუყვარდეს ჩემი შუშანი და უმზითოთ გვთხოვოს...” აქ დაუწყო გაიანეს სიხარულით გულმა ცემა. “არა, თუნდა იმან მზითვი არ ითხოვოს, ჩვენ თითონაც უჯიბისფულოთ შუშანი არ შაუშვებთ ლოტოსთვისა... მეტი კი რათ უნდა: თითონაც მდიდარია, ფული ბევრი აქვს და, თუ ღმერთმა დღე მისცა, უფრო ბევრიც იშოვის... ვინ იცის, იქნება კიდეც უყვარს იმან შუშანი! სუყველა ისრე ამბობს, რომ, როცა განათლებული კაცი ბევრი უყურებს ქალმა, იმან იმას უყვარსო... უთუოთ უყვარს, შენმა მზემა! მაშ ის პოღოზა რათ ლაპარაკობდა ისრე სხვანაირათ?.. უთუოთ იმან პოღოზას უთქვამს და პოღოზა ჩვენ სწორეთ არ გვეუბნება, რომ ეგება ხეჩუას ფულებმა დავსტყუოვო... ერთი რა ენაღვლება იმ ტუტუცმა ჩვენ სწორეთ გვითხრას!.. ერთი მალე უთხრა ხეჩუასა, ეგება იმან რამე მოაგვაროს”...
გაიანე რომ ამ სჯაში იყო და არწმუნებდა თავის თავსა იმაზედ, ვითომც ტაბლაძეს შუშანა უყვარდა და პოღოზა უმალავდა, ამ დროს შემოესმა გარედან ამისი ქმრის, ხეჩო ჩაიფხანოვის ხმა.
“კაი რომ ხეჩოც მოდის!..” იფიქრა გაიანემ და აპირებდა კარზედვე გაგებებას, რომ ამ დროს დაინახა ხეჩოსთან უცხო კაცი. იმას მოსდევდა პოღოზ მინანქაროვი. “ძაღლი ხსენებაზედა”, სთქვა თავის გულში გაიანემ გახარებითა და გამობრუნდა უკან სარკისაკენ, სადაც გაისწორა კავები და წარბები, გადიკრა საჩქაროზედ პირშუშტაკი და დაჯდა გულხელდაკრეფილი პატარძალივითა.
- გაიანეე! ეს რა არის, რომ ამ ოთახში ათასი, ემე, ზედიზედ ჰყრია?.. მე სტუმარი მომიყვანია, შენ კი მანდა ემესა შვრები, ცუდათა ზიხარ...
გაიანე გავიდა.
- ოჰ! პოღოზ კარაპეტიჩ! ხომ მშვიდობით ბრძანდებით... რა არის ასე ჩვენი დავიწყება?
- გაიანეს მზემ, არა-მეთქი! დავიწყება რომელია... ათასი ვინმე დიდი კაცები მოცალებას არ მაძლევენ. სულ პოღოზ კარაპეტიჩ და პოღოზ კარაპეტიჩ! თორემ ხათრიჯამი იყავი. გაიანეს მზემ...
- ჰო, შენ და შენი დიდი კაცები!
- ახ, მახლას! - დიდკაცობაა რაღა!.. აი ეხლაც მინდოდა ღერანალ ბურცკომსკისთან ჩავსულიყავ - დავებარებინე, მაგრამ ხეჩატურ ივანიჩს ხათრიჯამი აღარ გამიტეხია, - რა ვქნა...
- ეს პოღოზ კარაპეტიჩი სადილათ დამიპატიჟნია, ხომ იცი კარგი დახვედრა უნდა!.. რა გაქვს დღეს სადილი? - ჰკითხა ხეჩატურ ივანიჩმა გაიანეს.
- ქა! სადილი წინდაწინ რა საკითხავია!.. ხომ იცი უსადილოთ, კვირა დღეა, არ ვიქნებით.
- ჰო, ვინძლო, ჩემო გაიანე, ხო ვიცი შენი, ემე, დედაკაცობა.
- ვა! გეუბნები-მეთქი, და!
- თუ არა ჭკუას წააგებ... პოღოს კარაპეტიჩ საქმე უნდა გააკეთოს.
- მაგან რომ შენი საქმე გააკეთოს, ჩემი სადილისა რა ბრალია!
- შენი საქმე-მეთქი.
- ქა, პოღოზ კარაპეტიჩს ჩემთან რა საქმე აქვს?
- ვა! გეუბნები, შუშანი უნდა გაგვითხოვოს.
- მერე ვინ უნდა მისცეთ? რატომ მე არ მეტყვით? მე უბრალო ვინმე ჩემი შუშანი არავის მივცემ, გადასაგდები ქალმა ხომ არა მყავს! რაში მეჩქარება, რა ხანი იმას წასვლია!
- ვა! განა მე გიჟი ვარ უბრალო ვინმე გადავაგდო? კარგი ვინმეა, ჩასტის აფიცარ კნიაზ ტაბლაძე როსტომ, დიდი ყმა და მამულის პატრონი, დიდი ფულის პატრონი, ხომ გაგიგონია?
- ჩასტის აფიცარი რომელია!.. - გააწყვეტინა პოღოზ კარაპეტიჩმა, - ჩასტის აფიცერი ვისი ტოლია!.. კაცი სლესტვენი პრისტავია, შენ ჩასტის აფიცარი აგიჟინია.
- უფრო უკეთესი.
- უკეთესი კი არა, - მაგისთანა არავინ იქნება-მეთქი. ჯერ ერთი რომ კნიაზია: სიატელსტო, რუსები ეტყვიან... თქვენი ქალმა, ხეჩატურ ჩაიფხანოვი ერთი უბრალო ვინმეს ქალმა მაგისთანა დიდი კნეინა გახდება...
- ქა, ხეჩოჯან! ეგ რეები დაგიწყვია! მერე როგორ აძლევ მაგისთანა ვინმეს ქალმა? ვინ იცის, როგორი კაცია... ან ჩვენი შუშანი რომ სოფელში გაგზავნოს, როგორ გასძლებს... მერე კნიაზია და ჩვენი სიტყვა სულ არ გაიგონებს: რათ გინდა მაგისთანა სიძე!.. არა მე ჭკუაში არ მომდის...
პოღოზ კარაპეტიჩმა დაცინვით გაიღიმა.
- თავმაც რო იდებთ, ეგ თუ კნიაზ ტაბლაძემ გაიგებს, თქვენ ქალი ათას მილიონათ არ შეირთავს... ჩვენისთანა სამასი კომლი ყმა კარებზედ უსახლია. გაიანეს მზემა... ან რას დახარბდება თქვენს ქალსა... ასეთი დიდი ვინმეები აძლევენ ქალსა... ღენარლები არ დაუჭერენ, ისეთი ვინმეა.
- ეე, პოღოზ კარაპეტიჩ! გაიანემ რას ელაპარაკები!.. ქალმა თმა გრძელი აქვს, ჭკუა მოკლე... გაიანე, შენ წადი სადილი მოგვიმზადე, ჩვენ პური გვშიან... საქმეს უშენოთაც გავარიგებთ.
გაიანე გავიდა, ვითომც უკმაყოფილოდ, რომ ტაბლაძეს შუშანას ურიგებდნენ.
- მაშ შენ ნახამ რაღა, პოღოზ კარაპეტიჩ, კნიაზ ტაბლაძესა?
- რომ გეუბნები... ხელცარიელი კი ვერ შევალ, უნდა რამე მიუტანო, თორემ უფრო ქეიფზედ არ იქნება... სადმე ვისმე გამოურთმევ ჩაი-შაქარსა და ისე მივალ: მაშინ უფრო კარგს ქეიფზედ მოვა. ხომ იცი დიდი კაცის გული ნებიერია.
- ეხლა, ისე უნდა ემე ქნა, რომ არ მიხვდეს, თუ შენ ჩვენგნით ემექნილი ხარ.
- ვა! მაშა! თქვენი მტერი ვარ?
- მზითევიც ის იქნება, რაღა.
- ხეჩო! - დაუძახა მეორე ოთახიდან მოუთმენლის კილოთი გაიანემა, რომელიც სულ ყურს უგდებდა ამათს ლაპარაკსა.
- ჰო!
- ეხლა?
ხეჩო გავიდა. გაიანემ გაიყენა განზედა.
- შენ მზითევი კიდეც გითქვამს?
- ვა! მაშ!
- აი, დაგიდგა ჭკუა!..
- ვაა! - შეაჭყიტა გაკვირვებით თვალები ხეჩომ თავის მეუღლეს ამ სიტყვებზედა - დედაკაცო, გაგიჟდი!
- შე ჭკუადამდგარო, არ იცი რომ კნიაზ ტაბლაძე გაგიჟებულია შუშანასთვის... იმან უნდა შუშანი რუსული სიყვარულით შეირთოს - უმზითოთა.
ხეჩო გაოცდა და იამა ძალიან ეს ამბავი.
- ვა, მართლა, გაიანეს მზემა?!
- გეუბნები-მეთქი!
- მერე შენთვის ვის უთქვამს?
- ქა, რა თქმა უნდა: დღეს შუშანა ფეთხაინში იყო და მაგისგნით თვალი არ მოუშორებია.
- ახლა?
- ჰოდა, უყვარს შუშანა.
- მერე ვინ გითხრა?
- ქა, ვინ უნდა მითხრას? მე თითონ ჭკუა არა მაქვს..,
- აი გაგიხმეს გოგრა! - შებღვირა გაჯავრებით ხეჩომ და ჩამოაგლისა ხუთივე გაშლილი თითი ცხვირ-პირზედ, - ოხერო! მე ბებერი კაცი, როდესაც ლამაზი ქალ ვნახამ, მეც უყურებ! იმან ყმაწვილი კაცია, ერთი შეხედა და უყვარს ე შენი ბებერი ქალი?!. მაშ რამდენიც ქალი შევხედე, თუ ყველა შევირთე, ასი ათასი ცოლი მექნება ეხლა!..
- ვა! ასი ათასი რომელია! ცოლი ერთი გამიგონია...
- მაშ მეც ვირთამ რაღა, რამდენიც ქალს შევხედამ?..
- შენ სხვა ხარ, გაუნათლებელი მურჯიკი და ის განათლებულია, რუსებში გაზრდილი, დიდი კაცი.
აქ ხეჩომ სიბრაზით გააფურთხა.
- ერთი გაჩუმდი, მამა გიცხონდა, გულს ნუ მიხეთქ! - და ის გავიდა.
თუმცა ხეჩომ არ დაუჯერა გაიანეს როსტომის სიყვარული და უმზითოდ შუშანას შერთვა, მაგრამ მაინც კი ვერ მოითმინა და წასვლის დროს შეეკითხა პოღოზ კარაპეტიჩსა.
- კნიაზ როსტომს ჩემი შუშანი რუსულათ უყვარს, შემიტყვია... დღეს ფეთხაინში ჩემი შუშანა თვალი არ მოაშორა...
- კარგი ერთი მამა გიცხონდა! მაშ შენ როსტომ იაგორიჩი არ გიცვნია... იმან ქალი არავინ უყვარს, იმან ფული უყვარს. იმან სომხური კაცია, სხვა ქართველი კაცივით ქარიმარი არ არის... ფულის ყადრი იცის, - უპასუხა პოღოზ კარაპეტიჩმა და წავიდა.
გაიანე სულ გუნებაზედ არ იყო ამ ამბის შემდეგ და ბრაზობდა როდესაც წავიდა პოღოზ კარაპეტიჩი, მაშინ გაიანე სწვდა ხეჩოსა.
- შენგან შენს დღეში განა ხეირი იქნება!.. შენს დღეში ოჯახის დამღუპველი და უდოვლათო ყოფილხარ შენის უხეირობითა... თუ მე არა, შენ დღესაც ისევ დალალ ხეჩო იქნებოდი... უხეირო და ყველაფერში უდოვლათო... ეხლა რომ ბევრი მზითვი ითხოვოს ცოტას არ დასჯერდეს, სულ შენგნით ვიქნებით დაღუპულები... გეუბნები, კაცებს ჭკუა არა გაქვთ-მეთქი... თითონ ბანქო ქაღალდი თქვა, რომ ტაბლაძეს შუშანი უყვარს...
- ერთი წადი, მამა გიცხონდა და!.. - აქ ხეჩო წამოდგა, წამოავლო ქუდს ხელი და გაეცალა.
ეს ჩხუბი გაიგო შუშანამ. მანამ მამა იქ იყო, კი ვერა გაბედა რა და გაიცილა მამა თუ არა, ეხლა ესა სწვდა გაცხარებული დედასა.
- არა, რა იცით, რომ უყვარვარ იმ ჩასტის აფიცარსა!.. არა, აბა რითი იცით?.. რომ ხუთი გროშისთვის ისევ უნდა გაუთხოვარი დამაგდოთ თავის დღეში!
- ქა, რა იცი, რომელია! მაშ ი ქაღალდში რათ მოდიოდა? მაშ ქაღალდი ხომ ტყუილს არ იტყვის?
- ქაღალდი!.. რა იცით, რომ ქაღალდში ის იყო... იქნება სხვა იყო.
- ვინც უნდა იყვეს, დიდი კაცი ხომ იყო.
- დიდი კაცი!.. ეხლა ვინ დიდი კაცი უნდა იყვეს... მე სხვა დიდი კაცი არავინ მინდა, მაგის მეტი...
- უი! ერთი უყურე ამ ურცხვსა... აგრეც არის შენი საქმე, რომ მაგისთანებსა ჰბოდავ... შენ რომელი რუსისა და ფრანცუზის ქალი ხარ... შენ რატომ აგრე წაგიჭამია ენა!..
- გაწყერით ძალიან... ხუთის გროშის გულისთვის ამდენი ხანი ყველა ჩემი ტოლების სასაცილოთ გამხადეთ... როგორ არა, ტაბლაძე გაგიჟებულია თქვენი ქალისთვისა, რაკი ერთი შემოხედა, - მოუმატა უფრო ტირილს შუშანამ: - ყველა კაცები აგრეთი ურცხვები და მოურიდებელი არიან, მაშა ყველას ვეყვარებით, რაღა!.. თქვენი ტაბლაძე კიდევ უფრო ურცხვი და მოურიდალია და რასაკვირველია ვეყვარები!..
- ბევრი გაგეგება გუშინდელ გომბიოსა, - დაიწყო გულნაკლულად გაიანემ, რაკი არავინ უჯერებდა და თითონაც იჭვი შეუვიდა ეხლა თავის აზრში, ვითომ როსტომი სიყვარულით უმზითოდ ირთავდა შუშანას, - მე ხომ აგრე მითქვამს და ეხლა თქვენ იცით, თუნდა ე მთელი სახლი სულ იმას მიეცით; მე ერთი დედაკაცი სადაც იქნება მშიერი არ მოვკვდები.
აქ გაიანე გავიდა შეწუხებული, რომ არ უჯერებდნენ იმას თავის აზრსა და დაუწყო მეთულუხეს ჩხუბი.
შუშანას ამოუჯდა გული და უფრო მოუმატა ტირილს. “მაშ თავი მომიკვდეს, - ფიქრობდა ისა, - თუ ეგეც დამაცდინეს, თუ არ გადვიკარგო, ან თავი არ მოვიკლა: ჩემზედ ღარიბები, ჩემზედ კოთხუნჯები რაცა ხანია დათხოვდნენ, შვილებით გაივსნენ და მე კი თავის დღეში ქმრის სახელიც არ უნდა ვახსენო”.
III
პოღოზ კარაპეტიჩი და იმისი მაჭანკლობა
პოღოზ კარაპეტიჩი იყო შუამავალი მცხოვრებლებსა და მოსამსახურე პირებს შუა, როდესაც უნდა ერთის ხელიდან მეორეში გადაცემულიყო რამა. ამგვარად, პოღოზ კარაპეტიჩი იყო შესული და მიღებული მოსამსახურე პირებთან. როდესაც პოღოზ მივიდოდა რისთვისმე იმათთან, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს უბრალოდ არ იყო მისული და ამის მისვლას შესამატი რამ მოჰქონდა.
პოღოზ კარაპეტიჩი ერთხელ როდესღაც თითონაც იყო სამსახურში და, თუმცა ალაგი არა ეჭირა რა, მაგრამ ლუკმაპურის შოვნა კი იცოდა. აქ უცებ დაიჭირეს ეს ერთს ცოდოზედ. ეს დაითხოვეს სამსახურიდან და დაინიშნა ამაზედ სასტიკი გამოძიება. პოღოზ კარაპეტიჩმა, როგორც ჩინებულმა მცოდნემ რუსულის კანონებისა, მოითხოვა, რომ იმისთვის, კანონისამებრ, დაემტკიცებინათ ეს შემთხვევა მოწმეებითა. თუმცა ამგვარი ცოდო ძნელი საფიქრებელია, მოწმეებთან მოხდეს, მაგრამ იმის საუბედუროდ, მოწმეებიც გამოჩნდნენ. კანონისამებრ გადასწყვიტეს, რომ პოღოზ კარაპეტიჩი გაგზავნილიყო ციმბირს მადნებში სამუშაოდ. ბედი პოღოზასი, რომ ეს საქმე ჩაუვარდა ერთს იმისთანა კაცს ხელში, რომელსაც ჰქონდა ამგვარივე ცოდვა. ამან შეუმსუბუქა სასჯელი და გადუწყვიტა სამი წლით უდაბნო, სადაც უნდა მოენანიებინა იმას თავისი ცოდვა.
აქ, უდაბნოში, ისეთნაირად მოიკატუნა თავი პოღოზ კარაპეტიჩმა, ისე ლბილი და სათნოიანი ხასიათი უჩვენა ბერებს, რომ ისინი გასაოცებელს მოდიოდნენ: დავიჯერო ამისთანა ანგელოზი კაცი იმისთანა მზაკვარებას ჩაიდენდაო! უთუოდ ცილი შესწამეს, - ფიქრობდნენ ისინი, - ზოგჯერ ხომ უნდა მართალი და კეთილი კაცი დაისაჯოს უსამართლოთა!..
პოღოზ კარაპეტიჩი მალე დაუახლოვდა და დაუმეგობრდა ყველას. ყველას მალე ჩაუძვრა სულში.
პოღოზ გამოვიდა უდაბნოდან. ფული რაც შეეძინა სამსახურში, სულ შემოეხარჯა გამოძიებებსა და უდაბნოში ყოფნის დროს. ცხოვრება უჭირდა. სამსახურში აღარ მიიღებდნენ. იმან დაიწყო ვაჭრებსა და აღებ-მიმცემლებში ალაგის ძებნა!.. პოღოზამ აქ მალე იპოვნა კარგი სასარგებლო ალაგი: ერთმა კარგა შემძლე ვაჭარმა აიყვანა პრიკაშჩიკათა. პოღოზამ წაიყვანა რიგიანად, როგორც თავისი, აგრეთვე თავისი აღას საქმე. იმან მალე შეიძინა საკმაო ფული. თითონ აღაც ძალიან მადლიერი იყო. მაგრამ წარმოიდგინეთ ამის უბედურება: აქაც ვერ დაიჭირა თავი. აღამ მალე დაატყო, რომ აქ სახუმარო აღარა იყო რა. დაატყო და უცებ კიდეც დარწმუნდა ცხადი საბუთით. დარწმუნდა, და ატაცებინა ხელი თავის მსახურებს. პოღოზ გაჭიმეს რუსულად, თავით ფეხამდის ტიტველი. შინდისა და ნერგის წკეპლებმა დაიწყეს ცხარედ შხაპუნი პოღოზას დედისშობილა ტანზედ.
- ახია შენზედ, პოღოზ კარაპეტიჩ! - იძახდა თითონ პოღოზ კარაპეტიჩი. - მოუსვენარო, პოღოზ კარაპეტიჩ, უსირცხვილო, პოღოზ კარაპეტიჩ!.. უპურმარილო, პოღოზ კარაპეტიჩ!.. შენ მინაი სერგეიჩს რომ მაგას არ ემართლებოდი, შენზედ ცემა ცოტაა, წაწყმენდილო, პოღოზ კარაპეტიჩ! ნუ მაცოცხლებთ, მინაი სერგეიჩ... უბრძანეთ მომკლან... შენი მოღალატე პოღოზ კარაპეტიჩმა არ უნდა იცოცხლოს!..
- დამაცადე, ჯერ სადა ხარ!.. შენისთანა ძაღლმა უნდა მოვაკვლევინო და ცოდო დავიდო!.. მე შენ ისეთი საქმე გიყო, რომ სიკვდილზედ უარესი იყვეს...
- მომკალ, მომკალ, მინაი სერგეიჩ, ჩამომახრჩე, ციმბირში დამკარგე, იქ არის ჩემი ალაგი... ჩემთვის ჯოჯოხეთი ცოტაა... ცოცხლივაც უნდა წავწყდე, ჩემზედ ყველა ახია...
- დაიცადე, შენ მაგითი ვერ ემეს იზამ... - ცხარობდა გულდამწვარი აღა პოღოზასი: - ეყოფა ცემა, წამოაყენეთ ერთი ეგ თავის საკადრისს აბანოში ვაბანაოთ...
დასისხლიანებული პოღოზ წაათრიეს ბიჭებმა ერთს ვიწრო სურნელოვანს ოთახში. მოაბეს პოღოზას მხრებში თოკი. აქ კი შეჰქმნა პოღოზამ ღრიალი.
- მინაი სერგეიჩ! მამიშენის სულისთვის ნუ მიზამ მაგ საქმესა... მინაი სერგეიჩ, მამა გიცხონდება... მინაი სერგეიჩ, შენი ცოლშვილის გულ-ღვიძლის ჭირიმე... ვაი! მინაი სერგეიჩ, ჩემო ღმერთო, ღმერთის ღმერთო... მოვკვდები...
- არ მოკვდები... მე შენისთანა ძაღლები არ მოვაკვლევინებ... ჩაუშვი, ბიჭო!
ბიჭებმა ხელი სტაცეს. პოღოზა გაჭირვეულდა.
- მინაი სერგეიჩ! - შეჰქმნა ღრიალი საშინელის ხმით პოღოზამ და იღრიჯებოდა საცოდავათა.
პოღოზას სტაცეს ხელი და შეუბრალებლივ ჩაუშვეს ორმოში. პოღოზა მოებღაუჭა ორმოს პირებსა.
- მამა გიცხონდებათ!.. თქვენ მაინც მაპატიეთ... შეეხვეწეთ...
- ჩაუშვით! - შეუტია აღამ და ბიჭებმა გააშვებინეს პოღოზას ორმოს პირიდან ხელები. პოღოზა წავიდა ძირს განწირულების ღრიალით.
ორმოდამ შემოისმა ფრთხიალი და თქლაფუნი.
- ეყოფა, - უბრძანა მინაი სერგეიჩმა.
პოღოზა ამოიღეს თავით ფეხამდის ამოვლებული. იმას უპირებდნენ ასრე გაგდებას, მაგრამ რაკი ახლო ვეღარავინ ეკარებოდა, ის დასტოვეს იქვე ისე ტიტველი. საღამომდის ეგდო ისე ნახევრად უგონოდ ჩვენი პოღოზ კარაპეტიჩი. ღამე ჩუმად კედელ-კედელ გაიპარა მტკვრისკენ რაღაც ძველი ჭილობწამოსხმული, იქ გაიბანა და მივიდა შინ, სადაც ჩაიცვა თავისი ძველი ტანისამოსი.
- ეგ რა არის შენ თავსა? - ჰკითხავდნენ შინაურები..
- დავიღუპე და დავნელდი, - შესჩივლა პოღოზამ მწუხარებით: - აღისა შვიდას-რვაასი თუმანი მეტი მედო ჯიბეში, დამიხვდნენ ავი კაცები და ის ფულიცა და ჩემი ტანისამოსიც სულ წაიღეს.
თუმც ეს ამბავი ამ ღამეს დააბრალა პოღოზამ ქურდებს, მაგრამ მეორე დღესვე ამ ამბავმა დაუარა მთელს ქალაქს ელვასავით და მოეფინა ყველგან.
- ვა, იცი ციმბირსკის (ასე ეძახდნენ პოღოზ კარაპეტიჩს ქალაქში, რადგან ის რომ უდაბნოში იყო გაგზავნილი, ციმბირში ეგონათ გაგზავნილი) რა მოსვლია? - ეუბნებოდნენ ერთმანეთს, ვინც კი ვის შეხვდებოდა.
- აბა დედა ვაცხონე და მამა მინაი სერგეიჩისა, - უპასუხებდნენ ახლა სხვები: - ოხერი!
ეს ხმა რაკი ჩავარდა ბაზრის ხალხისა და ბიჭების პირში, საწყალს პოღოზას აღარა ჰქონდა მოსვენება იმათგან. დაინახავდნენ თუ არა კარზედ გამოსულს, მედუქნეები მაშინვე ჩამოჰკრავდნენ როგორღაც სხვანაირად ზარსა და დასცემდნენ აქეთ-იქიდან ყიჟინასა. შეიქნებოდა ყოველ მხრივ ძახილი და ზარის რეკა, მინამ საწყალი პოღოზა არ მიაფარებდა სადმე თავსა. დასცინოდნენ პოღოზას ყველანი.
ბოლოს, რაც იყო და არ იყო, ხალხს თანდათან დაავიწყდა ეს საშინელი თავგადასავალი პოღოზასი, თანდათან აიღეს ხელი ამის დაცინვაზედ და პოღოზასაც დაავიწყდა ეს სირცხვილი. ამან ხელმეორედ დაუწყო ძებნა ალაგას სადმე, მაგრამ ყველა მეცადინეობა და გამოცდილება ტყუილად შერჩა: იმან ვეღარსად ვერ იშოვნა ალაგი. ვერ იშოვნა ალაგი და არც გასწია დიდი დარდი. ჩვენი ქართველი კაცივით არ დარჩა ის უსახსროდ. იმან მალე გამოიჩინა სხვა რიგი ნიჭი. ის შეუჩნდა კარგი ალაგის მჭერელს ჩინოვნიკებსა და დაუწყო შუამავლობა ამათსა და ხალხს შუა. აქ მალე მოიპოვა ნდობა და სიყვარული ორთავ მხრივ, თუმცა ორთავე მხარე ხედავდა, რომ ციმბირსკი იყო დიდი პლუტი, მაგრამ მაინც ორთავე მხარისთვის გახდა საჭირო კაცი. პოღოზ კარაპეტიჩივით ვერავინ გაურიგებდა და ვერც არავის ასე იაფად მორჩებოდა, ესეც იმიტომ, რომ ამის მეგობარია და ეცადა მოჩივრის გულისთვის. აგრეთვე ვერც არავინ ჩინოვნიკს დაარწმუნებდა ისე მოჩივრის სისაწყლესა და სიღარიბეზედ, როგორც ესა და ვერც არავინ ამისავით მოაგვარებდა, რომ ყოველთვის მიეცა ჩინოვნიკებისთვის შემთხვევა. ამგვარად ის სარგებლობდა ორთავე მხრითა და არწმუნებდა ორივე მხარეს, რომ ამას სარგებლობა არა ჰქონდა რა, რომ ეს მხოლოდ მარტო ამათთვის ცდილობდა.
ციმბირსკი რაკი ამაში დახელოვნდა და გამოიჩინა მარჯვე ნიჭი, ამან შეჰქმნა სხვარიგი მაჭანკლობაც. აქედან ჩვენი პოღოზ კარაპეტიჩი იჩენდა ლუკმაპურსა და არამც თუ ლუკმაპურსა, კარგა ფულსაც.
ამ ხელობიდან იცნობდა ჩვენი ციმბირსკი ჩვენი მოთხრობის პირს, როსტომ ტაბლაძესაც. ამან იცოდა როსტომის ფასი და როსტომმა ამისი ყადრი. გულში ორივენი ერთმანეთს აგინებდნენ და ამბობდნენ: ღმერთს ამისთანა პლუტი და არამზადა კიდევღა გაუჩენიაო! პირითა და საქმეში კი ერთმანეთს მეგობრობდნენ. ეს იყო კარგი შესული კაცი როსტომთან და როსტომიც უჯერებდა ამას სიტყვას.
პოღოზ კარაპეტიჩმა, გამოსულმა ხეჩო ჩაიფხანოვიდან, შემოუარა ჩაი-შაქრის დუქნებს და უთხრა, რომ როსტომ ტაბლაძეს ჩაი-შაქარი შემოაკლდა. იმათ მაშინვე, მეტადრე ვისაც საქმე ჰქონდა როსტომთან, სიხარულით მიართვეს.
პოღოზ კარაპეტიჩმა გასწია როსტომისკენ.
ამ დღეს როსტომმა თუმცა გულში ჩაისახა შუშანას შერთვა, თუ კარგს მზითევს მისცემდნენ, მაგრამ ფიქრათაც არ მოსვლია, რომ ამას უცებ მოუვიდოდა მაჭანკალი. ის იმ დღეს იყო დაპატიჟებული ბაღში სარქისა ჯაჰნაბოვთანა, მაგრამ არ წავიდა. როსტომს არა ჰქონდა ჩვეულება წვეულებებში სიარულისა, თუ მასპინძელი იყო იმისი სახელქვეითო. იმან კარგად იცოდა, რომ წვეულების შემდგომ მასპინძელი ისე ვეღარ მოეპყრობოდა, როგორც უცხოსა. ამ წვეულებით როგორღაც დავალებული რჩებოდა კაცი და ამაში ბევრსა ჰკარგავდა. ამ მიზეზით არ წავიდა ის უფალს ჯაჰნაბოვთან, თუცა ის ძალიან გულით ეხვეწა. როსტომმა, შემდგომ ფეთხაინიდან გამოსვლისა, იარა პირველს საათამდის აქეთ-იქით და მეორე საათზე დაბრუნდა შინ დაღალული... მსახური ამისი სოსიკა, ერთი თვრამეტ-ცხრამეტი წლის კარგი შესახედაობის ბიჭი, სწმენდავდა სამზარეულოში ქვაბებს. როსტომს ეჭირა ორი ოთახი და, როდესაც გადიოდა შინიდან, კეტავდა სახლსა და იდებდა გასაღებს ჯიბეში.
როსტომმა გააღო კარი, შევიდა შინ და დაუძახა დიდკაცურის ხმით ბიჭსა.
- ბატონო! - მოსცა ხმა სამზარეულოდან ბიჭმა და გამოსწია ბატონისკენ.
როსტომმა მრისხანედ აათვალიერ-ჩაათვალიერა ის თავით ფეხებამდის.
- ეგ რა არის, რომ თავით ფეხებამდის მოთხუპნულხარ?! მე ჯერ ვერ გასწავლე შენ აქამდის სუფთაობა?! შე არამზადავ, შენა!
- ქვაბებსა ვსწმენდავდი, - უპასუხა გულგრილად სოსიკამ. - ის დიდი ხანია შესჩვეოდა ბატონის ამგვარს მრისხანებას.
- რა გვაქვს დღეს სადილად?
- არაფერი.
- როგორ თუ არაფერი!
- ფული არ მოგიციათ.
- რა ფული გინდა, შე ბრიყვო შენა! რომელ ყასაბს, ან რომელ ბაყალს და მედუქნეს შეუძლიან ფული გთხოვოს!..
- თქვენ არა გიბრძანებიათ რა და...
- რა ჩემი ბრძანება გინდა, შენ თითონ არ გეყურება მაგდენი, რომ პურის ჭამა გვინდა?.. დათვო!.. წადი თათუაშვილთან სამზარეულო დუქანში და უთხარ, რომ კარგი სადილი და ღვინო გამოგზავნოს.
სოსიკა წავიდა და ნახევარი საათის უკან მოიტანა სადილი. საჭმელები იყო კარგად გაკეთებული და ღვინოც კარგი იყო, მაგრამ როსტომი სულ იგინებოდა.
- ჰმ! ერთი ამ კოტლეტს უყუროს კაცმა და!.. ფლავი! ფლავი! ღვინო ხომ სულ არ დაილევა!.. დამაცადონ, მე იმათ ვუჩვენებ თამაშსა!.. არა, სადა გქონდა, შე რეგვენო, ე თვალები და გონება! - დაუწყო ეხლა სოსიკას გინება როსტომმა: - ზედ თავზედ უნდა დაგესხა იმ არამზადაშვილებისათვის ეს საჭმელები და ღვინო... არა, ერთი რა გამოუგზავნიათ, არა ნახავდი!.. შენ უნდა გაგაწვინოს კაცმა და რაც სიგრძე გაქვს, ის სიბრტყე მოგცეს... დამაცადე, მე შენ მოგარჯულებ.
თუმცა ამ საჭმელებსა და ღვინოზედ ისე ჯავრობდა როსტომი, მაგრამ კარგა ლაზათიანად მიაძღა საჭმელებსაც და ღვინოსაც. სადილთუკან ის ცოტა მომხიარულდა და რაღაცა სიამოვნება ტრილებდა იმის თვალებსა და პირისახეზედ. ამ ყოფაში ის ძვირად იყო ხოლმე და ისიც მხოლოდ სადილთუკან, ან როდესაც მოულოდნელად რასმე შეიმატებდა. ეს მხიარულება მაშინვე შენიშნა როსტომს თავისმა მსახურმა. სოსიკამ აალაგა თუ არა სუფრა, მივიდა ბატონთან გაბედვით.
- დღეს მოურავი გახლდათ აქა.
- რაო?
- ფული მოგართვათ, კაცებზედ რომ იყო გაწერილი.
- სულ აუკრეფია?
- ორზედღა დარჩენილა: შალგიაანთ ქვრივი რომ გახლავთ, ნენე, იმაზედა და დათვიაანთ ბეროზედა.
- იმათზედ რაღათ დარჩენილა?
- ვერ უშოვნიათ და კალოზედ მოგართმევთო, მოუხსენებიათ.
- ოუ! დიდი არამზადაა ეგ მოურავი. მე თუ ეგ არ გამოვცვალე, არ იქნება. მაგრამ არ ვიცი, ვინ დავაყენო მაგის მაგიერად... მე წინათაც მინდოდა შენი ძმა წამეყენებინა, მაგრამ ვაითუ ისიც მაგის კვალზედ წავიდეს და დაიწყოს ბატონის მუხანათობა. - დაუწყო როსტომმა სოსიკას, თუმცა გუნებაში სრულებითაც არ ედო იმას იმის ძმის მოურავად დაყენება. ეს რაკი კარგს გუნებაზედ იყო, უნდა ეჩვენებინა სოსიკასათვის თავის წყალობის თვალით ყურება. მაგრამ სოსიკა უფრო კარგად იცნობდა თავის ბატონსა და აქვე მიახალა უარი.
- ნტწუ! ჩემი ძმის საქმე არ გახლავთ მოურაობა... იმას არ შეუძლიან ათასნაირი ეშმაკობა და ორყაბაზობა...
როსტომს ეს უარი ეწყინა და შეიცვალა სახეზედ. იმან იმავე წამს შესცვალა ლაპარაკი. ამ დროს მოვიდა კიდეც მოურავი. ის შემოვიდა როსტომთან ქუდმოხდილი, თავმოკატუნებული.
- ბატონი ჩემი ადღეგრძელა ღმერთმა.
თუმცა როსტომი ამაზედ ცუდის აზრისა იყო, მაგრამ ერთი ისეთნაირად თავდაბლად და სხვანაირის მოწიწებით შემოსვლამ, თითქო ეს ძალიან კარგად აფასებს ამის დიდებასო, შესცვალა როსტომი გუნებაზედ.
- ამბავი, ხიზანავ?
- მშვიდობა და თქვენი დღეგრძელობა, შენი ჭირიმე.
- რა ჰქენ, სულ აკრიფე შეწერილი ფული?
- რაც შესაძლებელი გახლავთ, თქვენს სამსახურს როგორ დავიზარებდი... ღვთისა და ბატონის სამსახურს კაცი ვერსად წაუვა, შენი ჭირიმე.
- რა აიღე?
- სულ ავკრიფე, შენი ჭირიმე, მარტო შალგიაანთ ქვრივს ნენეზედ და დათვიაანთ ბეროზედ დარჩა თითო თუმანი. ისინი ძალიან შეუძლებელი გახლავან და ვედრებითა გთხოვეს, რომ კალომდის დააცადოთ, მაშინ მე თითონ მოგართმევთ იმ დანარჩენ ფულსაცა.
- ახლა ვინ იცის, შენც რამდენს აჰკრავდი! ვინ იცის, ტყავს აძრობ ყველასა.
- აბა რათ გვიბრძანებ, შენი ჭირიმე...
- განა არ გიცნობ: დიდი არამზადა ხარ.
- ვაი შენ ჩემო თავო! მერე ღმერთმა არ უნდა ამოაგდოს ბატონის მუხანათი კაცი!.. ღმერთი ახეირებს ღვთისა და ბატონის ორგულს კაცს?.. ღმერთმა შენი რისხვაცა და თავის რისხვაც მომცეს, თუ მე გროში, მანყული ვიცოდე ვისგანმე, რაც შენი წყალობა არ გახლდებათ... განა თქვენი წყალობა მაკლია, რომ თქვენს მუხანათობაში ჩავდგე... ღმერთმა თქვენი თავი მიდღეგრძელოს, თორემ მინამ თქვენ ცოცხალი ბრძანდებით, ხიზანას აგრეთი არა გაუჭირდება რა...
როსტომმა როგორღაცა იჭვნეულად ჩაიღიმა, მაგრამ იფიქრა კი, რომ მე რა მენაღვლება, თუნდაც ისეც რომ იყვესო, მე ხომ არას მაკლებს და ჩემს სამსახურს ასრულებსო. ამან აიღო და ხუთი მანეთი აჩუქა, აგრეთვე უბოძა უღელი ხარი, რომელიც ამას მოართვეს ამას წინათ თათრებმა რაღაცა საქმეში.
ამათ რომ აქ საქმე გაათავეს, უცებ შემოყო თავი პოღოზ კარაპეტიჩმა.
- Здрави желаимъ, князь! - დაიწყო იმან რუსულად, რუსული ლაპარაკი საკვირველად უყვარდა პოღოზ კარაპეტიჩს.
პოღოზ კარაპეტიჩს შემოჰყვა ბიჭი ჩაი-შაქრითა.
- ა! პოღოზ კარაპეტიჩ!.. ეგ რა არის?
- Это всо для вашумъ благородинъ.
- რათ გარჯილხარ, პოღოზ კარაპეტიჩ?
- ე, კნიაზჯან, შენ კარგათა ბრძანდებოდე, თორემ პაველ კარაპეტიჩი (ეს თავისთავს პაველ კარაპეტიჩს ეძახდა) შენთვის თავის თავიც არ დაიშურამს.
- იქნება შენ თითონ შესწუხდი რაზედმე?
- ვა! თუნდა მე შევწუხდე ვითომ რა ვალათ წამივა!.. მაგრამ ვინ მისცა საწყალ პაველ კარაპეტიჩს მაგდენი ფული, თორემ იმან რომ კნიაზ როსტომ იაგორიჩ სლესტუნ პრისტავ პატივი სცეს, რა იქნება!.. იმ ემემ, სტეფან მარკოზიჩ მუტრუკოვმა, რომ შენ იმან აბიჟაითი არ უყო ხოლმე. - კეთილი, პოღოზ კარაპეტიჩ, კეთილი.
მოურავი და სოსიკა გავიდნენ, პოღოზ დაჯდა და არ იცოდა საიდან დაეწყო. ჩაი-შაქრის მომტანი ბიჭი გაისტუმრეს, როსტომი გაერთო გონების ფიქრით მოტანილის ფულის ანგარიშში. პოღოზას ენა ჩაუვარდა. ორივენი ისხდნენ დიდხანს ჩუმათა.
- Саводни жарка, - დაიწყო კიდევ რუსულად ციმბირსკიმ.
- დიახ, კაი ცხელი დღეა.
ორივენი გაჩუმდნენ, თითქო სათქმელი აღარა აქვთ რაო.
- Галустовъ дрошка нога сламалъ და ბრუცინცკი კვარტალნიმ იმანვე პოლიციაში ჩაუსვავ.
- იმასვე რაღას ემართლებოდა?
- კაი კაცი როა, იმიტომა.
- ალბათ საქმე რამ იქნებოდა, თორემ კვარტალნი ისე უბრალოდ კაცს რათ ჩასვამს!
- ვა! იმან რა აქვს, რა საქმე უნდა ჰქონდეს!..
- მაგისი ბრუსნიცკიმ იცის.
პოღოზამ გააქნია თავი. ლაპარაკის საფანელი კიდევ შემოაკლდათ. პოღოზა ჩაფიქრდა. როსტომი გაართო ისევ თავისი ყმების ფულმა...
- На кого?
- На корпусни камандиръ.
- რაზედა?
- Ему заменаяти сделутъ.
- რათა?
- Друой будитъ на его места приедитъ.
- Кто?
- ჯერ არ ისმის.
- მაშ ვინა სთქვა?
- Такь всеки говоритъ.
- ტყუილი უთქვამთ, ჩემო პოღოზ კარაპეტიჩ, ხელმწიფეს ისე უყვარს ეგა, როგორც თავისი თვალის ჩინი.
- არც მე მჯერა, ტყუილი უნდა იყვეს.
პოღოზ კარაპეტიჩი გაჩუმდა და დაიწყო ფიქრი, თუ საიდან ან როგორ ჩამოეგდო შუშანაზედ ლაპარაკი. ის წამოდგა და დაიწყო წინ და უკან სიარული.
- კნიაზ როსტომ იაგორიჩ! დღეს ფეთხაინში მე ვერა მნახე?
- იქ იყავ განა?
- ვა! рази мене тебе ни видалъ, как всо тибе Шушана, Чаипхановъ дочь смотрилъ!..
- Какая Шушана? მე იქ არავინ მინახავს.
- ვა! ვა! ვა! ვითომ და რაღა! მაშ რათ უყურებდი, იქ რომ ერთი ლამაზი ქალი იყო?.. მე შემიტყვია, რომ შენ იმან გიყვარს.
როსტომი გაოცდა.
- ვინ მიყვარს!.. გაგიჟდი!..
- არა, კნიაზ, მე რას მიმალავ... მე იქნება უფრო გამოგადგე... ხო იცი მე ყველა მდიდარი კაცი ვიცნობ... გინდა გაგირიგებ ცოლათა, თუ კარგი თარჯიმანი გადიხდი.
- შენ მგონი მოგიცლია... მერე იმოდენა რა მზითევი იქნება, რომ მე შევირთო.
- ვე! მზითევი?! Если Хечо Чаипханов მზითევი наиту, მაშ кому есть?!
- რა მზითევი აქვს!..
- რა მზითევი?.. კიდევაც მისცემს იმან თავისი ქალი, თუ შენისთანა კარგი ქმარი უშოვნის, სამასი თუმანი.
- ფუ! სამასი თუმანი და ის ბებერი გონჯი ქალი?!.
- ვა! კნიაზ იმან არის გონჯი!.. იმან არის ბებერი!.. მამაჩემი კარაპეტა მიცხონდა. შუშანი სულ ჩვიდმეტ-თვრამეტი წლისა მეტი არ იყვეს ისიც რათ იქნება.. მე რომ მანასტირში გამგზავნეს, ხუთი წლის ჯერ არ იყო.
- თუნდა ათი წლისა იყვეს, მუჟიკის ქალს სამას თუმნად შევირთავ!
- ვა! ს-ა-მ-ა-ს-ი თუმანი! კნიაზ, ეხუმრები... ქართველი მეფე არა ჰქონდა მაგდენი ფული.
- ის დრო სხვა იყო, ეს სხვა არის. ამათ არა ჰქონდათ, მე მაქვს... დავამცირო ჩემი სისხლი და ისიც სამას თუმნად და ისიც სომხის ქალისთვის.
- ვა! Арменин не человек?!.
- რა უყოთ, რომ человек! მაგრამ ჩვენ სხვა ვართ და ისინი სხვა... შენი ჩაიფხანოვისთანა ასი კომლი მისახლია ზედ კარებზედა.
- ე, კნიაზ, ფული იყვეს, თორემ ფული მუჟიკი კნიაზი გახდის.
- სამასი თუმანი ფულია?!
- მა რა ერთი გინდა, კნიაზჯან?
- ათას თუმან ნაკლებ მე სომხის ქალს არ შევირთავ.
ათასი თუმნის გაგონებაზედ პოღოზ კარაპეტიჩმა თვალები გააჭყიტა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ იმ დროს ათასი თუმანი მართლაცა და გასაოცარი იყო.
- ვა! ვა! ვა! ვა! მერე მაგდენი ფული ვის ექნება... ხონთქარი, ყეენი იმათაც არ მისცემენ მაგდენი ფული თავისი ქალი.
- არ მისცემენ და არც შევირთავ. რაში მეჩქარება: ქალები ყველგან ბევრია. მზითევს მე არავინ დამიჭერს. რამდენიც ხანი გავა, იმდენი მაღლა წავალ და უფრო ბევრს მზითევს ავიღებ. დღეს სლედსტვენი პრისტავი ვარ, ხვალ ჩასტნი პრისტავი ვიქნები, მერე პოლიცმეისტერი, მერე ვიცი ღუბერნატორი და სხვა. რამდენიც დიდი ალაგი მექნება, იმდენი უფრო მაღლა დავფასდები. აბა რა საქმე მიჭირს, რომ სამას თუმნად ჩემი სისხლი, ხარისხი და წოდება არ დავამცირო მუჟიკის შერთვითა.
ციმბირსკი ამ ლაპარაკში შეჰყურებდა გაშტერებული როსტომსა და კინაღამ ეგონა, რომ ის მართლა ვიცე-გუბერნატორს ელაპარაკებოდა. ამაზე უმაღლესი ადგილი ვეღარ წარმოედგინა. ამასა სჯეროდა ესა და ამის გამო ნახა საჭირო კიდევ დაემატებინა ასი თუმანი, რომ ეხლავე ხელში ჩაეგდო ვიცე-გუბერნატორი და ამითი დაემადლებინა ხეჩატურ ჩაიფხანოვისათვის.
- მაშ ოთხასი თუმანი რომ მოგცენ?
- ნწუ! მე ხომ სომეხი არა ვარ, თითო გროშზედ ვივაჭრო. რაც მითქვამს - მითქვამს.
- არა, მე შენ სწორე მოგახსენებ: არავინ არ შეუძლიან მაგოდენა ფულის მოცემა. ვიცი ღუბერნატორი არა და პოლკოვის კომანდირიც რო იყვეს, მაგოდენ მზითევს ვერავინ მოგცემს: რო არ არის.
- არ არის და არ მინდა. ჩემი ტოლი კაცის ქალს შევირთავ და სამას-ოთხას თუმანს ყოველთვის ავიღებ. მე ღენერლებიც არ დამიჭერენ ქალსა.
- არა, თქვენთვის ემეს ვშვრები, კნიაზის მზემ, თორემ არც კი ვიცი ხეჩო ჩაიფხანოვი ოთხასი თუმანი მისცემ თავისი ქალი თუ არა... ღმერთმა ქნას, ორი ათასი თუმანი აიღო, შენმა მზემ მიამება.
- ორი ათასი არ იყვეს, ათასი არ იყვეს, - შესცვალა კილო როსტომმა, რაკი დაატყო რომ ციმბირსკი ისე მაღლა ვერ ასწვდებოდა: - რვაასს ხომ ავიღებ.
- რვაასიც ბევრია, შენმა მზემ-მეთქი. არავინა აქვს მაგოდენა. აი, ხომ მოგეხსენება, კნიაზ გრიგოლ ხუთასი თუმანი აიღო, დაბალი კაცის ქალი, ცალი თვალით ბრმა და ცალი ფეხით კოჭლი; მუცელიც ცალიერი არ წაჰყვა. იმისთანა ქალს ხომ შენ არ იკადრებ, რომ შეირთო!..
- იმისთანა რათა! ქალი იყვეს, ქალი ერქვას.
ციმბირსკიმ, როგორც ამაში გამოცდილმა კაცმა, დაატყო როსტომს მორბილება და არ მიმიხვდეს, რომ ხეჩოსაგან მოგზავანილი ვარ და თითონვე დამიწყოს ეხლა ამაზედ ლაპარაკიო, შესცვალა ლაპარაკი. “ეხლა რაკი გულში ჩაუგდე, თითონვე დაიმწყებს უკან დევნასაო”, იფიქრა იმან.
- კნიაზჯან! ახალი ამბავი შეგიტყვია? ლორის-მელიქი და ჩვენი პატრიარქი უნდა ქართველი გახდეს... უნდა ყველა სომეხი მოინათლოსო... დიდი ჰამბებია.
- არ გამიგონია. რა ურიგო იქნება? ეხლა მოხვედით ჭკუასა! ჩვენი რჯული - რჯულის თავია.
- ვა! ახლა ჩვენებს ჰკითხე: სულ თავებს იხოცამენ. Все бунтъ сделаютъ.
- ოჰო! ციმბირში ცოტა ალაგია! სუყველას კამჩატკაში თავს ამოაყოფინებენ და ჩამოახრჩობენ.
პოღოზ კარაპეტიჩი შეჰკრთა, თითქო ეს არის მართლა ყველას ახრჩობენო. ისე ჩაფიქრდა, თითქო მართლა ესე ყოველივე მოხდებაო.
- მწტწა! Ни хороши делъ будитъ! - დაიწყო იმან მწუხარებითა: - Скора и Антихристъ придотъ.
- იმიტომ მოვა, ანტიქრისტე, რომ სომხები დაქრისტიანდნენ.
- არა, მაინც ცუდი დროა კნიაზის მზემ! ეხლანდელს დროში ქრისტიან კაცს ძნელათ ნახავ. На церку для хороши девица видалъ идотъ всяки. ქალები უჩადროთ დადიან და აღარავის პირს არ არიდებენ, лубезничитъ; ძმა ძმას აღარ ინდობს, აგინებს, სჩაგრავს, შვილი დედ-მამას აღარას უგონებს. უმცროსი უფროსს პატივს არა სცემს; ქალები დედ-მამის უნებურათ ქმარი ირჩევენ. ერთი სიტყვით ცუდი დროა, მეორეთ მოსვლა უნდა მოხდეს, ჩვენი “ეფემვერდი” ამბობს. - თავისი ცოდო კი, რომელსაც თანდათან უფრო მისდევდა, ცოდოდ არ ჩააგდო პოღოზამ და ამორიცხა ცოდოებიდან. სწორად ესეა ამ ცისა და ქვეყნის შუა.
ამ დროს საჩივარზედ როსტომმა ვერა უპასუხა რა. იმან თითონაც არ იცოდა როგორ ეფიქრა: ძველი დრო სჯობდა თუ ახალი. რაც ცოდოები ახალი დროსი ციმბირსკიმ ჩამოსთვალა, ამასაც არ მოსწონდა და თანახმა იყო, რომ ამითი დრო არ ვარგოდა. მაგრამ სომხებს, რომ დაქართველებას უპირებდნენ, ეს კი მოეწონა. ამ ფიქრებმა მხოლოდ ეხლა გამოიღვიძეს პოღოზას ლაპარაკზედ როსტომის თავში, თორემ იმას აქამდის ფიქრადაც არ მოსვლია ძველი და ახალი დროს შედარება. ამან ერთი ეს კი იცოდა, რომ ძველ დროში ეს ამოდენა ფულს ვერ შეიძენდა. თითონ ციმბირსკისაც არსად მოსვლია ეს ფიქრები თავში და არც აგრე რიგად ეპიტნავებოდა, მაგრამ ეხლა ისე მოჰყვა ლაპარაკსა, რადგან მეტი ვეღარა მოახერხა რა და უნდა ეჩვენებინა, რომ იმასაც ეყურება რამე.
პატარა ხანს კიდევ იყვნენ ისინი ამგვარს ლაპარაკში და მერე წამოდგა პოღოზა წასასვლელად. “თუ უნდა, ეხლავე თითონვე გამომელაპარაკება”. იფიქრა კიდევ პოღოზამ, “თორემ თუ კიდევ მე დავუწყე ლაპარაკი, უფრო თავს გამოიდებს”.
- მშვიდობით, კნიაზჯან! Мене теперь на полицимайстер дом пойдом. Полицимайстер да важни дел естъ.
ციმბირსკი წავიდა, როსტომს ჯერ ეგონა ის უნდა ყოფილიყო ხეჩო ჩაიფხანოვისაგან მოგზავნილი, მაგრამ, როდესაც შენიშნა იმას გულგრილად და უნდომურად ლაპარაკი, ეჭვში შევიდა. თუმცა ეჭვში შევიდა, მაგრამ ამ ლაპარაკმა აუშალა საღერღელი ერთ შვიდას-რვაასი თუმანის მზითევათ აღებისა. “ეჰ! რა უჭირს, - ფიქრობდა ისა, - თუნდა უბრალო სომხის ქალი იყვეს, თუნდა ვინც უნდა იყვეს, თუნდა ბებერი და კოთხუნჯიც იყვეს! საცა ფულია, იქ ყველა კარგია... ერთი რვაასი თუმანი რომ ავაძრო... მაშინ უყურე კნიაზ გრიგოლს. ნაბიჭვრიანი ქალი, ძალზეც მახინჯი შეირთო ხუთასის თუმნის გულისთვის და ასე ჰგონია ჩემისთანა აღარავინ არისო, - ისე იჭიმება. მეხი კი დამეცეს, რომ ამაზედ ნაკლები მზითვიანი ქალი შევირთო... ერთი ვნახოთ პოღოზა კიდევ რას იტყვის... ოთხას თუმანზედ ეხლავე ავიდა. პატარა ხანს რომ გავჩუმდე, თუ ჩაიფხანოვისაგან არის მოგზავნილი, უთუოდ მოუმატებს - რვაასს მოაცემინებს. არა, ჩემისთანას ვის მისცემენ... მპა! რვაასი თუმანი ძალიან კარგი იქნება... რვაასი თუმანი რომ გაარიგოს პოღოზამა, ასი თუმნის ნახევარს იმას მივცემ; ოღონდ ერთი დავანახო ჩემს მტრებსა და სუყველასა, რომ მე სხვა ვარ და ისინი სხვები არიან... ერთი კნიაზ გრიგოლს გაუხეთქო გული... იმ საწყალს, დიდი რამა ჰგონია თავისი თავი. ნეტა რუსული მაინც ეყურებოდეს რიგიანათა... ან თანამდებობა ეჭიროს: თავის დღეში, რაც მილიციაში არა, სხვა სამსახაურის არა იცის რა... ან კი მილიცია რა დიდი სამსახურია!.. მგონი ჯავრით დაჭლექდეს... ვნახოთ ერთი ციმბირსკი რას იტყვის!”
როსტომი მოელოდა, რომ ციმბირსკი ამას ეტყოდა რასმე, მაგრამ გადიოდა ხანი და ციმბირსკის თითქო თავის დღეში ამაზედ ლაპარაკი არ ჰქონიაო, ისე იყო გაჩუმებული, რვაასი თუმანი მაცდურივით არც დღე, არც ღამე არ აძლევდა როსტომს მოსვენებას. “აბა თუღა სთქვას რამე იმ შეჩვენებულმა პოღოზამ. იქნებ არც კი იყო ხეჩოსაგან მოგზავნილი!.. ვაი! ეგ ფული არ მედოს გუნებაში, განა პატიოსანი კაცი პოია სომხის ქალს შეირთავს! მაგრამ ერთი მინდა რომ დავანახო ყველას, მე რაცა ვარ... აცა, ცოტას კიდევ დავუცდი პოღოსას...”
პოღოსა ჩუმად იყო. იმან თითქო იცოდა, რაც ცეცხლი დაატრიალა როსტომის გულში და ელოდა, რომ ის ცეცხლი როსტომს თავათვე გაექრო თავის თავის მოდრეკითა. “ერთი ვნახამთ ვიღაც მისცემს იმან შვიდას-რვაას თუმანი, - ფიქრობდა თავის გუნებაში პოღოზა, - რო არავინ მისცემს, მაშინაც არ შეირთავს შუშანას. ეს ხო ვიცი, ფული მაგის ღმერთია, ფულისთვის რაც გინდა - ყველას იზამს... ქართველი ჯერ სულ ბედოვლათია და თუ გამოვიდა ხარბი, თავის ქრისტეს გაჰყიდის ფულში. სომხის ქალია, გლეხის ქალია, კნიაზი ბრძანებს! ოთხასი თუმანი ხიხია ეგონოს ქართველი კნიაზი და მერე ისიც მთელი ქალი. კნიაზ გრიგოლ არ იყო, უფრო დიდი კნიაზი მაგაზედა, რომ ხუთას თუმნათ ქვეყნის სასაცილო ქალი შეირთო”.
როსტომი გამოდიოდა მოთმინებიდან პოღოზას სიჩუმეზედ. თავის გუნებაში ახლა შვიდას თუმანსაცა სჯერდებოდა როსტომი. “ეჰ! ჯანი გავარდეს შვიდასი თუმანი იყვეს. ეს მაინც იქნება, რომ მახინჯი ან ნაბიჭვრიანი არ არის შუშანა, გრიგოლის ცოლივითა”... მაგრამ პოღოზა არსად იყო და დაჰყარა ხმა, რომ შუშანა თხოვდებოდა, ვითომც, ერთს ვიღაცა ასტრახნელს სომხის ჩინოვნიკზედა. ეს ხმა მივიდა როსტომამდინაც. როსტომს ეცა ელდა. ის უნდა შვიდას თუმანს გამოსალმებოდა. ამისთანა მზითვიანი ქალი აღარავინ ეგულებოდა. გადაელია როსტომს გული ლოდინში და ეხლა კი გაება მახეში. იმან ვეღარ მოითმინა და გამოელაპარაკა პოღოზას. ერთხელ პოღოზა მივიდა როსტომთან ერთი ბაყლის საქმეზედ. აქ როსტომმა, სხვათა შორის, იპოვა დრო შუშანაზედ გამოლაპარაკებისა, მაგრამ ისე კი დაუწყო ლაპარაკი, თითქო ეს ისე მოიყვანა ლაპარაკში და შერთვა კი სულაც გუნებაში არ უძევსო.
- მაშ ეგრე, ჩემო პოღოზ-ბეგ! შენ გინდოდა შენი შუშანა ოთხას თუმნად გაგესაღებინა, ჰა! მერე ისიც ვიზედა! მაშ ვერ გიცვნივარ მე კარგათა.
- ვა! კნიაზის მზემა-მეთქი, მამიჩემის ცხონებამა, რომ ეხლა ხეჩო ათხოვებს თავისი ქალი და სამასი თუმანი მეტი არ აძლევს. ასტრახნელი სომეხია, დიდი კაცია, ხემწიფის სამსახურშია, დიდი ვინმეა... ისიც ჩემი სულის მზემა, მე ჩემათ მითქვამს. რომ ხეჩოს არ გაუგია, Ато вамъ знаитъ Хечо какой человекъ!.. არა მე კი დავიყაბულებდი!..
- არა, ოთხასი თუმნით თქვენ ჩემთან ფონს ვერ გახვიდოდით... რვაასი თუმანი რომ მოეცა, მაშინ კი იქნება გამებედნა.
- კნიაზჯან! ეხლა შენ იფიქრე, არის ჩვენ ქალაქში მაგოდენა მზითვიანი ქალი.
- არ არის და არც შევირთავ. რა ძალა მადგია, ცოტა ნაკლებს ავიღებ და ჩემი ტოლი კაცის ქალს შევირთავ.
- არა, მე შენ მოგახსენებ, შენმა მზემა-მეთქი, რომ მართალია შუშანა დიდი კაცის ქალი არ არის, მაგრამ იმისთანა ხაზეიკა, იმისთანა ემექმნილი, დიდი კაცის ქალმაც არსად იქნება. კარგი რამ არის-მეთქი. ერთიც ესა, მინდა იმოდენა ფული ერთი ოხერი ვინმეს ხელში არ ჩავარდეს... შენთვის მემეტება ღმერთია მოწამე... კნიაზჯან ეხუმრები ოთხასი თუმანი, თუ გაიმეტა და მოგცა... ოთხასი თუმანი ერთ კვირეს ვერ დასთვლის ზოგი კაცი, თუნდა თავადიშვილი, გეუბნები მაგისთანა ხეირს შენ ვერსადა ნახავ-მეთქი; თორემ შენი ნებაა... მე, ხომ იცი! შენთვის ემექმნილი, თავდადებული ვარ.
- ნტწუ! ოთხასი თუმანი ტყუილი ლაპარაკი იქნება... მამაჩემი ამომეღოს საფლავიდან, თუ მე შუშანა ოთხას თუმნად შევირთო, ტყუილი ლაპარაკი - ტყუილი იქნება.
- ვა! მაშ რაერთი გინდა? რვაასი თუმანი არ შეუძლიან-მეთქი...
- ეგ არის, რვაასი, რაღა. თუ გაარიგებ რვაასსა, ორმოცდაათ თუმანს შენ მოგცემ.
- არა-მეთქი, კნიაზ როსტომ იაგორიჩ. მართალი სიტყვა ჩემს თავს მირჩევნიან. სულზედ უკეთესი კაცს არა აქვს რა; ჩემი სულის ცხონებამ, რომ ხეჩო მინაიჩ მაგოდენა არ შეუძლიან. მართალია მაგისთანა მდიდარი ძვირია, მაგრამ, აბა იფიქრე, ორი ქალი სხვა ჰყავს, ახლა ვაჟიშვილი, მაგან ყველას ფული უნდა. სად არის მაგოდენა ფული!
- რვაასი თუმანი რომ მომცეს, კარგი იქნება.
- რვაასი არ შეუძლიან. ჩემი ხათრის გულისთვის, იქნებ ოთხას ორმოცი თუმანი მოგცეს, ისიც უნდა სხვა ქალებს დააკლოს.
- რვაასი თუმანი-მეთქი, თუ ჭკუა გაქვს.
- რვაასი რომელია, თუ კი არა აქვს. ახარ შენც უნდა ცოტა კაცმა შეიბრალო...
- არა, რვაასი თუმანი.
- შენი ნებაა! იმან სამასი თუმნად კიდეც ათხოვებს, საცაა ქორწილი გააჩაღებს.
- მეც რომ ასტრახნელი ვიყვე, მეც სამასად შევირთავდი, მაგრამ აქ ჩემისთანა კაცი მაგისთანა ქალს და იმასაც ბებერს, რასაც მე ვთხოულობ, ნაკლებ არ შეირთავს.
- თუ შერთვა გინდა, ღმერთმა კარგი მისცეს პაველ კარაპეტიჩსა, კარგი მზითევი და კარგი ჭკუა შენ გეუბნები: თუ არ გინდა და მაშინ სხვა არის.
- არა, ეგ ძალიან ცოტაა.
- მაშ რაერთი გინდა?
- რვაასი.
- თუ სწორე გინდა - ხუთასი, თუ არა და ტყუილი ლაპარაკი იქნება.
- კარგი შენი ხათრის გულისთვის შვიდასორმოცდაათი და ამ პირობით, რომ რვაასად დასწეროს და არავინ იცოდეს, რომ რვაასი არ მოუცია, თორემ ქვეყანა ვინ იცის რას იფიქრებს: სომხის ქალი შეირთო, გვარი დაამცირა და მზითევიც რიგიანი ვერ აიღოვო.
- ვა! რიგიანი რომელიღაა! აბა ერთი მიჩვენე სხვა ვინ აიღო ხუთასი თუმანი, ე მანდ არ იყო კნიაზ გრიგოლ ხუთას თუმნად როგორი ქალი შეირთო... ერთის სიტყვით, როგორც იქნება ხუთასს თუმანს მოვაცემინებ და ისე დავაწერინებ, რვაასი თუმანი მოგეცი, შენ კნიაზ როსტომ-მეთქი.
- არა შვიდას ორმოცდაათი.
- არ შეუძლიან. თუ გინდა ჩავაცივდები, რომ ხუთას ორმოცდაათი გაჰბედოს.
- Ну! შვიდასი იყვეს და ნაკლებ კი აღარ შემიძლიან.
- შენი ნებაა! მაგდენი ვერ შეუძლიან... ექვსასი რომ მოგცეს, სხვა შვილებს ყელები უნდა დასჭრას... მეტი რა გინდა, თუ გაჰბედა... ან შენ რაღა ლაპარაკი გმართებს, დღეს ხვალიობაა... ვინ იცის ერთმანეთის თავი როგორ დაგჭირდეთ.
- მაშ ისე დააწერინე უეჭველათა, რომ რვაასი თუმანი-თქო, შენ არსად წამოგცდეს, თუ რვაასი თუმანი არ ავიღე.
- ჰო-მეთქი, შენმა მზემ! დაჰკარ მაშ ხელი.
როსტომმა მისცა ხელი.
პოღოზ კარაპეტიჩს არ ჰქონდა ხეჩო ჩაიფხანოვისაგან ამოდენა ფულის გარიგების ნება, ამის გულისთვის არც ხეჩო და არც იმისი ცოლი, გაიანე, არა სთანხმდებოდნენ ამოდენა ფულის მიცემასა.
- ვა! ოხხერრ! გეუბნები, კაცი საცაა პრისტავი იქნება, მალე ვიცი გუბერნატორი იქნება... ბევრი რომელია! შენი ოხერი ფული, შენი შვილებისთვის არ გინდა... მაშ ვინ შეირთავს შენი ბებერი ქალი მაგაზედ ნაკლება. მე და ჩემმა სულმა ათას თუმან ნაკლებ არა სჯერდებოდა. ამ ექვსას თუმანსაც ჩემათ გეუბნები. ვინ იცის იქნება იმან არც კი დასჯერდეს.
- ვა! პოღოზ კარაპეტიჩ, ახარ, ღმერთი არ გაქვს! ხომ არ დავიღუპები... რიყეზედ ხომ არ ამიკრეფია ფული, ოფლი დამიღვრია... რამდენი შეჭირვება, შიმშილი, სიცივე და ათასი ვაგლახი მინახავს... ეხლა ავიღო და სულ მუქთათ სხვას მივცე!.. რომელი ჭკუაა.
- მუქთათ რომელია!.. Твой старуха дочь такой большой князъ возмитъ: скора полицимейстеръ будить... ეს მუქთია?! ერთი, მამა გიცხონდა, ბევრი ნუ ლაპარაკობ...
- ვა! მაშ ჩემ ოხერზედ მე არ ვილაპარაკო!.. ექვსასი თუმანი ჰალა-ჰალაა!
- ილაპარაკე, თუ გერჩივნოს, შენი ბებერი ქალი რომ გაუთხოვარი დარჩება, ზოგი მაშინ ილაპარაკე.
- დამრჩეს, თუ დამრჩება... ექვსასი თუმანი იმან მიეცი, ორმოცი თუმანი შენა... მერე ჩემი ოჯახი დავღუპო?! დარჩეს ი ჩემი ქალი გაუთხოვარი: შინ ვერ შევინახამთ, თუ! კარგს ჩავაცმევთ, კარგს დავხურამთ, კარგს ვაჭმევთ და კარგს ვასმევთ.
- მაშ, ხეჩო, რომ ინანო?!
- ვინანო რომელია!.. რა მაქვს სანანური... ხუთას თუმნად შეირთავს ხომ კარგია, არა, და ყველამ თავისი იცის...
- მაშ, არ აძლევ, რაღა?!.
- ვა! არ შემიძლიან-მეთქი... ექვსასი თუმანი, ემე ხომ არ არის!...
- მაშ მშვიდობით... მე ვალი ამიყრია... კნიაზ ტაბლაძე ეხლაც აძლევს ერთი ღენერალი ოთხასი თუმანი... მე შენი ხათრისთვის შევაცდევინე, მითქვამს იქნება შვიდასი მოვაცემინო და შენ ექვსასიც არ გინდა.
- არ გინდა რომელია... აბა ერთი ექვსასი სხვამ მისცეს.
პოღოზა გაჯავრებული წავიდა.
პატარა ხანს უკან წავიდა შინიდან ხეჩოცა.
მანამ მამა შინ იყო, შუშანა იმაგრებდა თავსა და როცა გაიცალა მამა, დაეტაკა ისევ დედასა.
- არა, რა გინდათ ჩემგან! რას მემართლებით!.. გინდათ ეხლა ეს ბედიც დამიკარგოთ, რაღა!.. არა, ვინ შეირთავს თქვენს ბებრუხანა ქალსა!.. აგერ ოცდარვაში გადავდექ... რატომ ღმერთს მადლობას არა სწირავთ, რომ ხუთას თუმნად მირთავს... ნუ გამათხოვებთ!.. დეე, ნუ გამათხოვებთ, ვნახოთ ვინც ინანებს... მე ჩემი თავი მაინც გამეტებული მაქვს... მე თქვენს სახლში ცხოვრება არ შემიძლიან... ჩემს თავსაც შევარცხვენ და გავაუპატიურებ და თქვენც საქვეყნოთ თავს მოგჭრით... მე ჩემს თავს აღარა ვზოგავ... რაღათ მინდა!..
აქ ამოუშვა შუშანამ ქვითინი.
- ქა! ერთი უყურე ამ ურცხვსა, რაებს ამბობს... ჯანი გაგვარდეს, რაც გინდა ჰქენი... ოჰ, ოჰ, ოჰ! ძალიან არ შემაშინე... ძალათი ხო არ მიგცემ, თუკი არ შეგირთავს...
- თუკი არას მისცემთ, რას შემირთავს... არ მინდა არავის შერთვა, ვნახოთ ვინც ინანებს, მე ჩემი თავი აღარ მენანება...
- არ გენანება და ნუ გენანება... თუკი შენ არ გენანება, მე უფრო რა დარდს გავსწევ...
- აიმ ხატების მადლი გამიწყრეს, ფეთხაინის მადლი მრისხამდეს, თუ მე თქვენს სახლში დავდგე.
თუმცა გაიანე ამაყად დაუდგა შუშანასა და კიდეც შესტუქსა, მაგრამ ამისმა ასე თავის გამოდებამ ძალიან შეაფიქრიანა. შუშანას ეს ამბავი კულავ არსად უქნია. საღამოზედ გაიანემ დაუწყო ლაპარაკი ხეჩოსა, რომ მიეცა ექვსასი თუმანი ტაბლაძისთვის. ხეჩო კიდევ უარზედ იდგა და კიდეც გალანძღა თავისი ცოლი. ამაზედ არც არა ცოლის მუქარამ გააწყო რა, არც არა ჩაგონებამ.
აქ უცებ გამოცვალეს პრისტავი და მისცეს ალაგი როსტომსა.
- რომ გეუბნები, მალე პოლიცმეისტერი იქნება კნიაზ ტაბლაძე-მეთქი, - უთხრა პოღოსამ ხეჩოსა, - არა გჯეროდა.
მაშინ კი უარი ვეღარა სთქვა ხეჩომა და მისცა ექვსასი თუმანი. მაგრამ ახლა თავი გამოიდო როსტომმა და ხეჩო იძულებული გახდა მიეცა ახლა შვიდასიც...
როსტომმა მოითხოვა წინ და წინ ფულის ჩაბარება, რომ ამისთვისაც არ ექნათ ის საქმე, რაც სხვებს დამართვიათ, რომ ბევრი აღუთქვამთ და გროშიც არ მიუციათ. იმას ჩააბარეს.
როსტომმა გადიხადა კარგი ქორწილი, ჰყავდა მოწვეული მრავალი დიდკაცობა, სხვათა შორის ღუბერნატორიცა. მას აქეთია შუშანა და როსტომი შეიქნენ ცოლ-ქმარი. შუშანას შეუსრულდა სიზმარი, როსტომს გულის პასუხი: ყველა ამბობდა ტაბლაძემ რვაასი თუმანი მზითევი აიღოვო, და ყველა შურით უყურებდა როსტომის ბედნიერებას.
შუშანა გამოდგა მართლა კარგი “ხაზიაიკა”, როგორც ეუბნებოდა პოღოზ კარაპეტიჩი, იმან იცოდა ფულის ყადრი და ყველა გროშს ხელს უჭერდა. სტუმრები ეჯავრებოდა, თუ კარგი დიდი კაცი არ იყო; ჩაცმა-დახურვაში აგრე რიგად ბევრს ფულს არა ხარჯავდა, რადგან მზითევში ყველაფერი საკმაო მოჰყვა და არც აგრე რიგად უყვარდა მორთვა, ოღონდ პირველად კი იცვამდა საგანგებოდ და დადიოდა ეკიპაჟით, რომ თავის ტოლი ქალებისთვის გული გაეხეთქა და ეჩვენებინა, რომ ამან იმათზედ კარგი დიდი კაცი ქმარი შეირთო.
IV
კოკა წყალზედ გატყდება
ცხოვრობდა მას აქეთ როსტომი თავისი სანატრელი შუშანათი და ივსებდა თანდათან ჯიბეს. საჩივარს ვერავინ ბედავდა იმაზედ. ცხოვრობდა თავისთვის განსვენებით და განცხრომით. თუმცა სრულებითაც არა ჰქონდა შუშანას ცოლ-ქმრობის სიყვარული, მაგრამ არცა სძულდა შუშანა ამას, რადგანაც ეს იმაში ხედავდა თავის მხარსა და მარჯვენა ხელსა. შუშანაც ვერ დაემდურებოდა ამას ამაზედ, რადგან როსტომს თავის დღეში იმაზედ ძლიერ არავინა ჰყვარებოდა, ანუ უკეთა ვთქვათ, სრულებითაც არავინა ჰყვარებია დაწყებული დედ-მამიდან. შუშანას როსტომი ძალიან უყვარდა და ისე უყვარდა, რომ არც არავინ იმაზედ ლამაზი და არც არავინ იმაზედ დიდი ეგონა. თუმცა ხედავდა, რომ ეს სხვის ხელქვეითი იყო, მაგრამ ჯერ ერთი ეს დარწმუნებული იყო, რომ როსტომიც ერთხელაც არის თითონაც მიაღწევდა იმათს ალაგას და მეორეც ესა ამისი უფროსები კნიაზები არ იყვნენ და ეს თავის თანამდებობასა და ფულებთან - თავადიც იყო.
ცხოვრობდა ტკბილად და განცხრომით როსტომი და არ ელოდა იმის თავს რა ღრუბელი ზავდებოდა და რა მეხი აპირებდა ჩამოვარდნას. რაღა მოაფიქრებდა იმას, რომ ეხლა კიდევღა გაბედავდა ვინმე ამაზედ საჩივარსა! არა ფიქრობდა ეს იმას, და შევიდა კი ამაზედ უცებ საჩივარი და ისიც საიდუმლო ქაღალდი უმაღლეს მმართველობასთან, სადაც ვინ იცის რაები არ დაეწერათ. აეწერათ ამ ქაღალდში ყოველივე მოქმედება როსტომისა, აეწერათ ის ცოდოებიც კი, რომელნიც თითქმის ამის მეტმა და ამის უფროსის მეტმა არავინ არ იცოდა. ქაღალდში იყო მოხსენებული ვითომც როსტომ ტაბლაძეს ჰყავდა გუნდი ქურდებისა და ავაზაკებისა და აცარცვინებდა ჩუმად ხალხსა, ნახევარს თითონ იღებდა და ნახევარს იმათ უყოფდა და მალავდა მმართველობისაგან ამ ავაზაკებსა და სხვა მმართველებს იჭერდა და აბრალებდა იმათ ყველაფერსა და ახდევინებდა; იყო მოხსენებული, რომ როსტომ ტაბლაძე უქრთამოდ ერთი ნემსის დანაფასევს საქმესაც არავის ურიგებდა; იყო მოხსენებული, რომ ტაბლაძის ბრძანებითა და დასტურით ხოცავდნენ და ახრჩობდნენ ქურდები და ავაზაკები იმათა, რომელნიც შეუტყობდნენ იმათ ავკაცობასა და უპირებდნენ გაცემას; იყო მოხსენებული, რომ ტაბლაძე აპარებდა ყველა დაჭერილს ამ გუნდიდან ავაზაკსა, და კიდევ, ვინ იცის რაები არა.
დაინიშნა სასტიკი გამოძიება.
რაკი ერთი გამოძიება დაინიშნა და რაკი ერთი ნახეს წაქცეული როსტომი, ცოლიანი და უცოლო სულ ზედ მიადგა. შევიდა საჩივარი საჩივარზედ და იმათაც კი შეიტანეს როსტომზედ საჩივარი, ვიზედაც როსტომს სრულებით გუმანი არა ჰქონდა.
გაება როსტომი და დაუწყეს წინ და უკან თრევა. გადააყენეს სამსახურიდან. გამოძიება ცუდად დატრიალდა. გამოჩნდნენ პირნი, რომელნიც ამტკიცებდნენ როსტომზედ შეტანილს ქაღალდებში მოხსენებულს საქმეებს, გამოჩნდნენ ის პირნიც, რომელთანაც როსტომს ჰქონდა ამგვარი საქმეები. შენი მტერი იყვეს, როგორც როსტომი. ფიქრობდა და არ იცოდა, ვინ უნდა ყოფილიყო ამ ქაღალდის შემტანი. “ეს ამბები არავინ არ იცოდა, - ამბობდა ისა, - იცოდა ეს მარტო ჩემმა მეუფროსემ, და ის ამას არ მოახსენებდა, რადგანაც თითონაც შიგ ერია; იცოდა ციმბირსკიმ მარტო... მაგრამ, რა ვიცი ციმბირსკი როგორ იზამდა ამ საქმესა: ჩემი პირველი მეგობარია, ეხლაც ყოველ დღე მწუხარებით დადის ჩემთანა!..” ფიქრობდა, ფიქრობდა როსტომი და არ იცოდა, რა ეფიქრა. როსტომი რომ ამ მწუხარებაში იყო, გამომძიებლები თავისას არ იშლიდნენ და ძალიან დაბღუნძეს როსტომი. ხარჯავდა როსტომი, ცდილობდა აქეთ-იქით, მაგრამ ყველა ამაო იყო. როსტომის საქმე საციმბიროთ იყო გამზადებული. იაფად არ დაუჯდა როსტომს ეს ამბავი. დაეხარჯა ზღვათა აუარებელი ფული, როგორც თითონ ამბობდა ხოლმე გულნატკენი; მაგრამ არა გაეწყო რა, გამომძიებლები იყვნენ მოუდრეკელი თვისების კაცნი: ფული იმათ ვერ აცდუნებდა. ბოლოს, რაკი ვერა გაეწყო რა, როსტომს მოაგონდა ერთი თავისი მეუფროსე, რომელთანაც კი სახელი ჰქონდა ამას პოლიცმეისტერიდან გაკეთებული და არც უპატივცემო ჰყავდა როსტომს ისა. მართალია ეხლა ძნელი საფიქრებელი იყო, რომ იმას თავი გამოედო როსტომისთვის, რადგანაც იმნაირი ცუდი საქმე იყო, მაგრამ იფიქრა როსტომმა: ცდა ბედის მონახევრეაო. იმან ერთს დილას გასწია იმ მეუფროსესთან, რომ შეებრალებინა იმისთვის თავი და მოეგონებინა თავისი ერთგული და დაუშრომელი სამსახური. მეუფროსემ მიიღო ის ძალიან ცივად, თუმცა აქამდინ ხელსაც ჩამოართმევდა ხოლმე და ძალიან ალერსითაც ელაპარაკებოდა.
- რისთვის გარჯილხართ? - ჰკითხა ცივად მეუფროსემ.
- თქვენო აღმატებულებავ! - და მოუვიდა აქ როსტომს ცრემლი, - ჩემი უბედურება, უსამართლო უბედურება, რომელიც ეხლა მე მომადგა...
- მე არაფერი არა შემიძლიან რა თქვენ გიშველოთ, - უთხრა ცივათა და გადაწყვეტით მეუფროსემ.
როსტომი ამითი არ შეშინდა. ამგვარ შემთხვევაში როსტომი იმ მეუფროსეზედ ნაკლები დიპლომატი არ იყო.
- თქვენო აღმატებულებავ! თქვენ ამდენი ხანია თვითონ მიცნობთ, თვითონ განსვენებული ეფიმ ერემეიჩიც მოგახსენებდათ, რომ მე ჩემს დღეში არ დამიშურნია ჩემი მეუფროსეების პატივისცემა და სამსახური, რაც კი შემძლებია... თქვენი ერთი სიტყვა მე ციმბირიდან და უბედურებიდან გამომიხსნის, და მეც, ისეთი არ გახლავართ, თორემ, წეღანაც მოგახსენეთ, თქვენც კარგად მიცნობთ, რომ...
- მართალია, როსტომ იაგორიჩ, - დაიწყო მეუფროსემ მორბილებით, - რომ ჩემზედ იყვეს დამოკიდებული, ხომ იცი - მე თქვენთვის კვლავაც არ დამიშურნია ჩემი შემწეობა, - მაგრამ ეხლა მთელი კამისია და თითონ თქვენ იცით, რა ძნელია: ერთს ჩააგონო, მეორე გაჭირვეულდება, მეორეს ჩააგონო, მესამე უარესს იზამს... მაინც მე, ხომ იცით!.. - აქ მეუფროსემ გამოსწია უჯრას, თითქო რაღაცას ეძებს და ვერ იპოვნაო, - ახ! უკაცრავად, როსტომ იაგორიჩ! მე ეხლავე შემოვალ. - იმან გასწია მეორე ოთახისაკენ და უჯრა დააგდო ოდნავ ღია.
დიდი გამოცდილი კაცი იყო როსტომ იაგორიჩი! ძალიან კარგად იცოდა ყოველივე მოქმედება თავისი მეუფროსეებისა; არ დაემალებოდა იმათ სახესა და მოძრაობაში არავითარი წარმოთქმულება და სურვილი... იცოდა კარგად როსტომ იაგორიჩმა, რომ ამისთანა მეუფროსეს აგრე ადვილად პირდაპირ ვერავინ რას გაუბედავდა, რომ პირდაპირ გამბედავებთან უზაკველი სიმართლის პატრონები იყვნენ... იცოდა ყველა როსტომ იაგორიჩმა და იგრძნო კიდეც ეხლა უფრო...
როსტომ იაგორიჩმა, რაკი დაინახა უჯრის გაღება და ღია დაგდება, პატარა სიამოვნებით ფერმა გადაჰკრა. იმას მინამდინაც ჯიბეში ხელი ეყო. ამან უცებ ამოიღო ჯიბიდან ხელი, მივიდა, საჩქაროზედ და ჩაატაკა უჯრაში. უჯრა უცებ მიხურა და დადგა ისევ განზედ. როსტომს სახე გაუმხიარულდა. პატარა ხანს უკან შემოვიდა მეუფროსე. უჯრა რაკი იმავე მდგომარეობაში არ დაუხვდა, ცოტა არ იყოს ისიც გამხიარულდა.
- მაშ, თქვენო აღმ - ავ! იმედი მექნება თქვენის საფარველისა. მართალი დამნაშავე რომ გახლდეთ, კიდევ ჰო! მაშინ ვეღარც თქვენ გაგიბედავდით შემწეობის თხოვნას... მეც, ხომ მოგეხსენებათ, ცოლ-შვილის პატრონი გახლავართ... თქვენი საფარველი მაინც სხვა რამე გახლავთ.
- მე წეღანაც გითხარით, როსტომ იაგორიჩ, რომ რაც კი ჩემგან შესაძლებელია, უნდა დარწმუნებული იყვეთ, მეტადრე თქვენთვის მე ვერაფერს დავიშურებ: თქვენ ისეთი ერთგული და გამრჯელი მოსამსახურე იყავით...
მეუფროსე ჯერ ვერ ბედავდა პირობის მიცემას, რადგანაც არ იცოდა როსტომის პატივისცემა ღირდა იმათა თუ არა. შემდგომ როსტომის წასვლისა, დარწმუნდა, რომ - ღირდა.
მეორე დღეს ამ მეუფროსემ გაუკეთა ვიზიტები ყველა გამომძიებელს.
როსტომს, თავის მხრივ, რაც შეეძლო ცდილობდა. გამოძიებამ ზურგი უჩვენა. ცოტა ხანს უკან როსტომი გამართლდა, მხოლოდ ის დაითხოვეს თავის ადგილიდან.
დაფიქრდა როსტომი, თუ რა ექნა, როგორ ეპატრონებინა თავის თავისთვის: ,,დავბრუნდე შინა, - ფიქრობდა ის მწუხარეთა, - რა იქნება უფულოდ! ფული, რაც ამოდენა ხნის სამსახურში შევიძინე ოფლითა და ღვაწლით, ზღვათა აუარებელი ფული ჩავაბნიე ამ ჩემს უბედურს საქმეში და ეხლა ისევ გატლეკილი როსტომ დავბრუნდე შინა, რა მერქმევა!.. არა, ისევ უნდა იმისთანა რამ სამსახური ვიშოვნო”... ამგვარის სამსახურის საშოვნელად უნდოდა კიდევ მაინც ფული. თითონ თავისი შეძენილი ფული უიმისოთაც ძალიან ცოტა დარჩა და ცოლის ფულს კი გროშსაც არ აკლებდა. ამის გამო ამან მიმართა ისევ გლეხკაცებსა. აკრიფა ხელდახელ ორასიოდე თუმანი და შეეტაკა ერთს იმისთანა ადგილს, რომელიც გაიხსნა მოკლე ხანში და ელოდა ვინც მეტს გაიღებდა. როსტომს ვერავინ აჯობა. გაღებით კი არა - აღებითა. იმან იცოდა სად როგორ უნდა მოქცეულიყო, ვისთან რა უნდა ეთქვა და რა ექნა. ერთი სიტყვით როსტომმა ეს ალაგი უფრო ოსტატობითა და გამოცდილებით აიღო.
ეს ახალი ალაგი ისეთი მსუქანი ალაგი იყო, რომ როსტომმა სამ-ოთხ წელიწადში შეიძინა თავისი ზღვათააუარებელი, უბედურს საქმეში ჩაბნეული ფული. რასაკვირველია, როსტომი ამ ალაგს აგრე ადვილად არ დაანებებდა თავს, რომ არ გამოცვლილიყო იმისი მწყალობელი თავი მეუფროსე. ახალმა მეუფროსემ მოიყვანა თავისები - ახლები და თხებივით გამორეკა ძველები. როსტომს წინათვე შეატყობინეს, რომ იმას გამოსცვლიან. “За семь бед - один ответ”, იფიქრა იმან. “მაინც მცვლიან და მაინცა, მაშ ხელცარიელი რათ გავიდეო”. უცებ დარიგდა იმის უეზდში ბრძანება, რომ მალე დედოფლის დღეობა იქნება, იგი იცეკვებს და ყველანი თითო მანეთს ფულს შაბაშს უნდა ჩამოხვიდეთო. უეზდიდან სასწრაფოდ შეგროვდა ორი ათასი თუმანი ფული, და კიდეც დაუკრა როსტომმა სამსახურს თავი.
როსტომი ჩამოვიდა თბილისში. აქ ამის ბედზედ ხდებოდა არჩევანი დეპუტატთა, გასარჩევად გვართა, რომელნიც ეკუთვნოდნენ თავადაზნაურობას. როსტომი ამოირჩიეს დეპუტატად.
დაიწყო საქმის გარჩევა და გაიმართა ნამდვილი ვაჭრობა დეპუტატთა და მაძიებელთა შორის. შემძლებელნი ტყავდებოდნენ, ღარიბნი რჩებოდნენ გარეთ და კარგავდნენ ძველადვე შეძენილს ხარისხს, თავის ნამდვილს წოდებას...
გლოვა, ტირილი, ლანძღვა, ქადილი ამათზედ და ამათ გამო იყო მოდებული მთელს საქართველოში, მაგრამ ყველა ამაო იყო... უფულოდ და უძალოდ არაფერი იმათს ხელში არა რიგდებოდა. არც ცხარე ცრემლი, არც მუხლებზედ ხვევნა, არც ტიტველი ტანი, არც წვრილშვილი, არც თვეობით სასამართლოს კარებზედ მშიერი გდება, არ აღვიძებდა ამათს გულში სიბრალულს, კაცობრივს გრძნობას... დეპუტატნი გაივსნენ...
საკვირველი საქმე დაემართათ ბოლოს ამ საქმეში მოსამსასურე პირთა. თითქო განგება მართლა სჯიდა იმათა თავისი წარსული საქმეებისთვის; თითქო მართლა არისო რამ უმაღლესი სამართალი, და იმამდის მიაღწია ამოდენა ქვრივ-ობლისა და უსამართლოდ დაჩაგრულთა ცრემლმა და გოდებამაო. არ შერჩათ არც ერთს ამ წევრთაგანს ეს უსამართლობა ამოდენა საწყლის, იმათგან დაღუპულის ხალხისა, და სიხარულით ისმენდა თითქმის ყველა ამათს უბედურებასა. ძვირად იპოვებოდა კაცი, რომ არ გახარებოდა ამათი უბედურება და სასჯელი; ქვეყანა უყურებდა ამათ, როგორც ჯალათებს და ქვეყნის დამღუპველებს.
უცნაურად გადაეგნენ ესენი ყველანი. ერთმა ამათგანმა, რომელიც იყო ფრიად დიდი გამოჩენილი მთელს საქართველოში და იყო ფრიად დიდი შეძლების პატრონი, დაჰკარგა ერთს პატარა უბრალო ბრძოლაში თავისი ერთადერთი განთქმული და სახელოვანი საყვარელი შვილი და შემდგომ იმისა აღარც თითონ იხეირა; მეორეს შავმა საოფლემ დაუხოცა ოთხ-ოთხი ვაჟიშვილი და დარჩა ერთი გარყვნილი და ბედოვლათი შვილი, რომელიც როცა კი გაუჭირდებოდა, არც საცემრათა ზოგავდა თავის მოხუცებულს და უძლურს მამას და თავისავე მამის სიცოცხლეში ყოვლად უმსგავსებაში გადააგდო მამის შეძენილი ქონება: მესამეს ცოლ-შვილი თვალწინ დაეხრჩო წყალში; უყურებდა როგორ წაიღო წყალმა ამისი ურემი, გადაიღო ისინი ურმიდან ცოფიანმა წყალმა, აყურჭუმელავებდა იმათ: აწვდიდნენ ისინი ხელსა, ეხვეწებოდნენ მამას შველას და იმას კი იმათი შველა არსაიდან შეეძლო. ერთიც იმ წევრთაგანი მოკვდა ცოფით. ესე ყოველივე მოხდა როსტომის თვალწინ. როსტომს ფიქრათაც არ მოუვიდოდა, რომ იმასაც ეს დღე მოელოდა. მართლაც როსტომი ჯერობით კარგად იყო და, როგორც იმისი მტრები ამბობდნენ: ცოდომ ისე აუხვია თვალები, რომ არა ხედავდა იმის ყოველს თანამოსამსახურეებზედ მიყენებულს სასჯელსა.
როსტომი გაივსო ფულით, გაუვიდა არჩევანის ვადა და ახლა კი საჭიროთა ნახა დაბრუნებულიყო შინა...
V
ერთი დარდიც
როსტომს დიდი ხანია ერთი დარდი ვერ ამოეღო გულიდან. ეს დარდი იყო, რომ იმას დარჩა ერთი ძმიდან შვილი. ყეელა ძმები დაეხოცა და ამოუწყდა, მამაც მოუკვდა, როგორც შევატყობინეთ ზემოთ ჩვენს მკითხველებს, და როგორც თვალში ეკალი დარჩა ერთი ძმისწული თავისი დედითა: სხვა ძმებს ცოლებიც არ დარჩათ. “უსამართლობა კაცს არ შერჩება! “ ამბობდა როსტომი თავის გუნებაში ყველა ძმების დახოცვაზედა. ,,ამოიბუგნენ ცოლ-შვილით თუ არა!” მაგრამ იმ ერთს ძმას რომ ცოლი და შვილი დარჩა, ის კი არაფრად ეპიტნავებოდა. ცოლს კიდევ არაფერს ინაღვლიდა: საქვრივოს მისცემდა და მოიშორებდა თავიდან, მაგრამ ძმისწულისთვის რა უნდა ექნა? ხუმრობა იყო, იმოდენა ყმა და მამულის ნახევარი იმას უნდა დარჩენოდა. როდესაც როსტომი ქალაქში იყო, ხშირათა კითხულობდა თავისი ძმისწულის დავითის ამბავს, ვითომც სწუხდა იმისთვის და იმისი კითხვა კი სხვა რამ იყო: უნდა შეეტყო - იქნება ღმერთმა ჰქნა და აუტყდა რამეო.
არა, საკვირველი საქმე მოუვიდა ამ შემთხვევაში როსტომსა, მოუკლეს უკანასკნელი ძმა. ,,მადლობა ღმერთსა!” იფიქრა იმან თავის გუნებაში, ,,იმასაც მოვრჩი, და დავრჩი მარტოკა”. ის კი არა თუ ცოლი იმის ძმისა, ყმაწვილი კეკე გამოდგა ორსული, ეცა ელდა როსტომსა. რაღა მოაგონებდა, თქვენი ჭირიმე, თუ ასე უცებ გაუტყვრებოდა რამე იმას და ნახევარი ყმა და მამულის მოცილე გაუჩნდებოდა.
როსტომი შეუდგა ფიქრსა, რომ ეგება წაეხდინა როგორმე რძლისთვის მუცელი. ერთხელ რძალს დაახვედრა გზაში ოსები, ეგება შიშით მუცელი წაუხდესო. ოსებმა გაცარცვეს კეკე, ერთი-ორიოდე კიდეც წაუთაქეს, რომ არას ანებებდა და დამბაჩებიც დაახალეს; მაგრამ კეკეს შერჩა მუცელი. კეკე დარჩა სამშობლოში, მინამ არ მოილოგინა.
რაკი მუცელი არ წაუხდა კეკეს და მიეცა ვაჟიშვილი, ახლა შეუდგა როსტომი სხვა ფიქრსა. იმას მოუვიდა ერთი კარგი განზრახვა თავში. მან მოინდომა საჩივრის შეტანა, რომ დავით არ იყო კანონიერი შვილი იმის ძმა სვიმონ ტაბლაძისა. ამის დამტკიცება კიდეც მოისაზრა როსტომმა. კეკე, შემდგომ ქმრის სიკვდილისა, დარჩა ორი კვირის ორსული. მაშასადამე ძნელიც არ იყო, რომ ეჩვენებინათ სვიმონის სიკვდილი ერთი თვით წინა იმის სიკვდილზედ. როსტომმა ამის დასამტკიცებლად კიდეც მოიპოვა მოწმეები და აღრიცხა დრო ძმის სიკვდილისა. მოიპოვა აგრეთვე მოწმეები, რომელნიც იტყოდნენ სამართალში კეკეს ცუდ ყოფაქცევასა, თუმცა კი იმაზედ ცუდი არსად რა გაგონილიყო. ერთი სიტყვით ყველაფერი მოისაზრა და დააწყო, მაგრამ ეხლა ერთი რამ აღონებდა. არ იცოდა რა მოეხერხებინა დედისათვის, რომელსაც უეჭველად ჰკითხავდნენ დროს შვილის სიკვდილისასა და რძლის ყოფაქცევასა. როსტომს, უძნელდებოდა, თავისი დედა რითიმე მოემხრო თავისკენა. მაინც იფიქრა ერთი ვცდიო. ამ ფიქრით ის ცოტ-ცოტათი შეუჩნდა დედასა. მაგრამ როდესაც თავისი აზრი გაუმჟღავნა იმას, ერთი ისეთი გაოცდა მოხუცებული თინათინი, ერთი ისეთი გაშტერდა, რომ არ სჯეროდა თუ ამას ის ცხადლივ ისმენდა.
- ვინა?! შვილო! ჩემი პაწაწა დავითი ჩემი სვიმონის შვილი არ არის?! ჩემი რძალი კეკე უნამუსოა, ნაბიჭვრებსა ჰყრის?! ბარემ მოიტა და ყელი გამომჭერ რაღა!.. რაღად მინდა, შვილო, თავი ცოცხალი! ეგ რომ სხვამ გაიგონოს, ხომ მართალი ეგონებათ და შერცხვა ჩვენი გაუსვრელი სახელი და გაუტეხელი გვარი და შეიქმნა ქვეყნის სასაცილო და თითით საჩვენებელი...
ამ ამბავმა ისე შეაწუხა მოხუცებული თინათინი, რომ ამას კინაღამ თან გადაჰყვა. და როდესაც ის ასე შეწუხდა, როსტომი მოუთმენლად ელოდა, ეგები ასტეხოდა რამე ამის დედას, რომ შეესრულებინა თავისი დაწყებული საქმე. ის სრულებით უპატიურად ამყოფებდა დედასა, რომ ეგება უფრო მეესწრაფოს დღეო, მაგრამ იმის საუბედუროდ, არ აღსრულდა იმის გულის წადილი. თინათინი შეიქნა უკეთ.
რაკი არცარა თინათინს აუტყდა, როსტომს უსივდებოდა ჯავრისაგან გული. იმას ბოლოს გულში გაუელვა ფიქრმა, რომ მოეწამლა დედა. მაგრამ აქამდის გაბედვა აღარ მიუწვდა. როსტომს ჯერ არა ჰქონდა მაშინ ის გამოცდილება და გაბედულობა, რაც შეიძინა ბოლოს. რაკი ვერცარას ამითი გახდა, იმან მოიცა სხვა თანხები და გაიმაგრა სხვაფრივ გული. ,,ვინ იცის ცოლის შერთვამდის იცოცხლებს თუ არა!“ ფიქრობდა როსტომი. ამის გულისთვის იმან განიზრახა დავითის რუსეთში გასტუმრება და კიდეც მიაღებინა დედის ჩუმად სასწავლებელში, როდესაც დავითს მოუვიდა სწავლის დრო; მაგრამ კეკემ თავი გადიკლა და არ გააგზავნინა იმ სიშორეზედ.
- შენისთანა ადამიანს თუნდა სიკეთე უყოს კაცმა, თუნდა არა! - წყრებოდა როსტომი.
რაკი რუსეთში ვერ მოახერხა გაგზავნა, ამან მოინდომა დავითის სამხედროდ გაზრდა. ,,იქ მაინც აუტყდება რამე”, ფიქრობდა როსტომი: ,,ტაბლაძეა, ტაბლაძეს ტყვია და ხმალი არ ასცდება”. ამისათვის როსტომმა მოინდომა ამისი სადმე პოლკების სამხედრო სკოლებში მიცემა, მაგრამ დედამ არც ეს ინდომა. როსტომი შემოსწყრა, მაგრამ კეკე არც იმისმა შემოწყრომამ შეაშინა. კეკე ეცადა აქეთ-იქით ნათესავებში და მიაცემინა შვილი პანსიონში, სახელმწიფო ხარჯზედ.
- ერთი ვნახოთ რაც გამოვა მაგ შენი პანსიონიდან, - ეუბნებოდა წყრომით როსტომი კეკეს: - არა, რა უნდა გამოიტანოს მანდედან, მამაშენის მზესა... არც ჩინს, არც ალაგს მანდ თავის დროზედ არ მიიღებს, და თუკი შენ არას მოესწრები, მერე თუნდა ქვა ქვაზედ ნუ ყოფილა. სამხედრო სამსახური სხვა არის: იქ კაცი მალე დაწინაურდება, ხალხიც სხვანაირად უყურებს... მაგრამ, თუ მოინდომებს მანდედანაც კი შეუძლიან სამხედრო სამსახურში გამოსვლა...
როსტომი კიდევ არ კარგავდა იმედს, რომ დავითს მიაცემინებდა სამხედრო სამსახურში. მაგრამ ვერ მოახერხა: ,,რა შეჩვენებული დედაკაცია ჩემი რძალი კეკე! - ამბობდა ის გულდამწვარი, - უთუოდ ჰყავს ვინმე ჩამგონებელი, თორემ დედაკაცს ეგეები რათ უნდა შეეძლოს...”
დავითი რომ აქ სასწავლებელში იყო, ამისმა დედამ დაუწყო თხოვნა ოპეკასა, რომ გაეყარათ ამისი შვილი ბიძასთან. როსტომის ჩაგონებამ ვერა გააწყო რა კეკესთან. კეკე ხედავდა, რომ როსტომი სრულებითაც ყურს არ უგდებდა არც ამასა და არც ამის შვილსა და მათის წილის ყმა და მამულით მხოლოდ თვითონა სარგებლობდა, ამის გაბო ის იდგა გაყრაზედ. კეკე კიდეც შეასრულებდა თავის აზრსა, მაგრამ ის უცებ მოკვდა თავის საქრმეულოში და, მინამ მოხედავდნენ ნათესავები, როსტომმა საჩქაროზედ დაამარხვინა. როგორც მოგეხსენებათ, მტრის საქმე, იმათ მოიგონეს, ვითომ კეკე როსტომმა მოაწამლინაო, მაგრამ როსტომის მოკეთეები კი ფიცავდნენ და იოცებდნენ, რომ როსტომისაგან ეგეები არასდროს არ მოხდებაო.
შემდეგ დედის სიკვდილისა, როსტომმა დაუწყო ალერსით ქცევა დავითსა, რომ არ ეჩვენებინა იმისთვის ცუდად თავი და იმასაც არ აეხირებინა გაყრა. დავითს სჯეროდა როსტომის გულწრფელობა, როსტომიც ოქროს ზოდებს უქადიდა თავის გამოუცდელს ძმისწულსა. როსტომს ბევრჯერ უელვა თავში დავითის მოპინტრიშება, როგორც იტყოდა ხოლმე, მაგრამ ეშინოდა, აშკარად არ მიხვედროდნენ, ცალკე იმის დედაზედ კინაღამ ერთი ხათაბალა გადახდა.
დავითმა როგორც იყო ვაითა და ვაგლახით და რის წვა და დაგვითა შეასრულა სასწავლებელი და მოინდომა რუსეთში წასვლა. ბიძამ ურჩია სამხედრო სამსახური, მაგრამ დავითისთვის ჩაეგონებინათ სამხედრო სამსახურის წინააღმდეგი აზრები და იმან უარჰყო თავის ბიძის კეთილგანზრახული აზრი.
დავითმა მოინდომა უნივერსიტეტში წასვლა. როსტომმა ამაზედ უფრო მოუმართა ხელი დავითსა: ეგება იქაურმა ჰავამ აუტეხოს რამეო.
დავითი წავიდა უნივერსიტეტში, მაგრამ შენს მტერს დაადგეს ის დღე, რაც დღე იმას ერთს წელიწადს უკან დაადგა. დავითს უნდოდა და ეგონა კიდეც დიდკაცურად ცხოვრება, როგორც მომეტებული ნაწილი ჩვენი შეძლებული ნასწავლი ყმაწვილები ცხოვრობენ. მაგრამ ბიძა არამც თუ არ უგზავნიდა იმოდენასა, რომ იმას იქ დიდკაცურად ეცხოვრა, იმოდენასაც არ აწოდებდა, რომ საჭიროებისამებრ ეგდო თავის თავისთვის ყური. დავითმა სწერა წიგნი ბიძასა, მაგრამ იმისაგან მოსდიოდა ყოველთვის პასუხად: ,,რა ვქნათ, შვილო, უნდა მოითმინო. ხომ იცი ჩვენი ქართველი თავადისა და აზნაურის ცხოვრება! შემოსავალი ჩვენ ყმა და მამულიდან არა გვაქვს რა და ფაბრიკები ჩვენ არა გვაქვს. უნდა მოითმინო. მოთმინების მეტი არა გაგვეწყობა რა!..” რასაკვირველია, ეს არაფერი სანუგეშო იყო. დავითმაც ითმინა, ითმინა და გულდამწვარი დაბრუნდა შინ - ბიძის დაუკითხავად. შენს მტერს ეცეს ელდა, რომ როსტომს ელდა ეცა დავითის დანახვაზედ. იმას მაშინვე თავში უელვა: “კიდევ ცოცხალი არ დაბრუნდაო!..”
ბიძა და დავითი მალე შერიგდნენ. როსტომმა მალე დაარწმუნა თავისი ძმისწული, რომ იმას ყოვლის გულითა სურდა ამისი შველა და შემწეობა, მაგრამ ხომ თითონაც ხედავს, რომ არსაიდან შემოსავალი არ არის. ,,მინამ სამსახურში ვიყავ, მინამ კიდევ შევიძლებდი შემწეობასა, ჯამაგირი მეძლეოდა, მაგრამ აბა ეხლა საიდან? განა არ იცი!..” დაუმატებდა ხოლმე როსტომი თავის გასამართლებლად და სჯეროდა შაქარგულა დავითსაც.
VI
ჯერ წითელქოჩორა ბიჭი არ შეჰხვედრია
... რაკი შინ დაბრუნდა როსტომი და დაამშვიდა თავის გლეხკაცები, მერე მიჰყო ხელი თავის მეზობლებს და მეტადრე სახლიკაცებს. სახლიკაცები იყვნენ ოთხნი ძმანი, ბიძაშვილები როსტომისა, და სამი ამათგანი კარგა ხანში შესულები. საკვირველი საქმე იყო ამ ოთხი ძმის თავსა! ძნელად მოხდებოდა, რომ იმათი გვარის კაცი შუახანს გადასცილებოდა, ან თავის დღით მომკვდარიყო, და ესენი კი თავისთვის მშვიდობიანად და ტკბილად აღამებდნენ თავის წუთისოფელსა. ამათ ვერცარას თოფი აკლებდა, ვერცარას კეტი და ვერცარას მტერი, თითქო ესენი ტაბლაძიანთ გვარისანი არ არიანო. “დიდება შენთვის, ღმერთო! საკვირველი არ არის! - უკვირდა თვითონ როსტომსაც: - აბა თუ ამათ აუტყდათ რამე! მათუსალებად არ გადიქცნენ, თქვენი ჭირიმეთ”. ისე საფიქრელათა ჰქონდა როსტომს ამათი ხანგრძლივი სიცოცხლე, რომ ბევრჯერ ეჭვში შევიდა: იქნება ესენი ტაბლაძიანი არ იყვნენო, და კინაღამ უპირებდა ხოლმე ამაზედ სუდში დავის ატეხას. როსტომმა და იმისმა მეუღლემ დაარქვეს ამათ გვარს ბაიყუშები, რადგანაც იმათს ხსოვნაში ამათის გვარისა ბევრი დაიხოცა და ესენი კი ცოცხლები დარჩნენ.
გარდა ამისა, რომ ესენი არიან საკვირველნი თავის ხანგრძლიობით, წინააღმდეგ თავის გვარის ჩვეულებისა, ესენი არიან საკვირველნი კიდევ თავის თავათ. თუ იმათი ცნობა არა გქონდა, ან არ იცოდი იმათი გვარტომობა, ვერ გაიგებდი ან რა თაობას, ან რა ხალხს, ან რა საზოგადოებას, ან რა წოდებას ეკუთვნოდნენ. ჩვენ აქ გვაქვს უფროს სამს ძმაზედ ლაპარაკი, რადგანაც ესენი არიან შინა, და მეოთხე ძმა უფრო ამათს კრებულს არ ეკუთვნის. ამათმა მამამ, რომელიც საშინელი გაუგებარი და მოუსვენარი კაცი იყო, და თავისი დღე იმითი დაასრულა, რომ თავი გამოახრჩობინა ბოლს, თავის აღამაჰმად ხანს აქეთ ბუხარმოშლილს ოთახში, - დააგდო ესენი უსწავლელად და, არა თუ არ მისცა არსად სწავლაში, შინაც კი არ ასწავლა იმდენი მაინც არის ქართული წერა-კითხვა, რომ ბარათი ვისგანმე მოსვლოდათ - წაეკითხათ, ან თავისი სახელი და გვარი მოეწერათ. “აბესალომ და ეთერი, ღმერთმა შეჰყარა ერთფერი”: როგორც თვითონ იყო ეს, თავის უთაურობით ბოლში გამოხრჩობილი მოხუცი, ღმერთმა მეუღლეც ისეთი მისცა: აგორდა ქოთანი და იპოვა სარქველი! სანამ კი ცოცხალი ჰყავდა ამას თავისი მზეთუნახავი თუთალა, ისხდნენ ცოლ-ქმარნი და თავის წუთისოფელს აღამებდნენ ნარდის თამაშობაში, კითხულობდნენ გაჭიანურებულს საგლოვ ხმაზედ, ათჯერ გადაკითხულს, ლურჯს, სქელს ქაღალდზედ დაწერილს “ვეფხისტყაოსანს”, რომლის აზრს ისე არ ადევნებდნენ გონებასა, როგორც ტირილის კილოზედ წარმოთქმულს თავის ხმასა; და როცა დიდმარხვა იყო, მაშინ ბეჯითობდნენ დავითნს და დაუჯდომელსა, რომელთაც შვიდის კვირის განმავლობაში წაიკითხავდნენ ერთი ოცდაათჯერ მაინცა, რომ, როგორც თითონ იტყოდნენ ხოლმე, სამოთხის კარის ხიდი გაედოთ. შვილებსაც ეს უხაროდათ, რომ დედ-მამა ასე უყურადღებოდ იყვნენ ამათზედა და არ უჩენდნენ არაფერს საქმესა. ინათლებდა თუ არა, ესენი ამოიჩრიდნენ იღლიაში პურს, ამოიღებდნენ წათხიდან ყველს და დაიკარგებოდნენ, მანამ კიდევ პურის ჭამის დრო მოუვიდოდათ. თუ ზაფხული იყო, წავიდოდნენ ტყეში სოკოს, ან სატაცურის საძებნელად, ან წყალზედ სათევზაოდ და თავის დღეში კი ვერაფერსა პოულობდნენ: ან არა და არც ერთი და არც მეორე, ისე დაწვებოდნენ სადმე დიდ ჩრდილიანს კაკალს ქვეშ გულაღმა, დაიფარებდნენ ცალს კლავს თვალებზედ, მიეცემოდნენ რაღაცა ტკბილს გამოურკვეველს ფიქრსა და შემდგომ ან დაეძინებოდათ, ან გადავიდოდნენ ცოლის შერთვის ფიქრზედ. თუ ზამთარი იქნებოდა, მაშინ გროვდებოდნენ ვისმეს ბოსელში, სადაც იკრიბებოდნენ სოფლის ახალგაზრდა ლაზღანდარა ბიჭები და ეთამაშებოდნენ ან კოჭებს, ან აყინულა-ბაყინულასა, ან არა და ამბობდნენ სხვადასხვა ცხრათავიანი დევებისა და მთის ოდენა გველეშაპის არაკებს. როცა მოშივდებოდათ პური, მოდიოდნენ კიდევ შინა და ხელდახელ რაც კი მოხვდებოდათ ხელში: მაწონი იქნებოდა, დო იქნებოდა, ქათამი, მწვადი, კარაქი, თუ რაც უნდა ყოფილიყო, შესჭამდნენ საჩქაროდ და ისევ უმალვე გაქრებოდნენ ახალ მოშივნებამდისინ, და შიმშილი კი იშვიათად არ იცოდნენ: დღეში რომ ოთხი-ხუთი ჯერი ეჭამათ - კიდევ ცოტა იყო.
რაკი პატარა თავს მოესწრნენ, მაშინვე შეუდგნენ ცოლის შერთვის თადარიგს და, რაღა კითხვა უნდა, ამას წინ აღარა უდგა რა: გასათხოვარი ქალები ბევრი იყვნენ და ვინც უნდა ყოფილიყო, ამათ ყველა მოსწონდათ, ოღონდ კი ქალი რქმეოდა და ცოლობა შესძლებოდა; დედ-მამასაც უხაროდათ, რომ თავის სიცოცხლითვე ასახლკარებდნენ შვილებს და მოესწრნენ იმათს ბედნიერებას; ქალების პატრონებიც უარს როგორ ეტყოდნენ დიდი ტაბლაძის ოჯახის შვილებსა... შეირთეს სამთავემ ცოლები და სამივენი თავისი ცოლ-შვილით თავსდებოდნენ ერთს ძველებურს დარბაზში, რომელშიაც დღეცა და ღამეც შიგ იდგნენ, მხოლოდ ახალს ჯვარისწერაზედ კი ნეფე-დედოფალს აწვენდნენ ცალკე მარანში, ან სათონეში, რომელიც იყო იქვე დარბაზის გვერდით.
სხვა უამათო ხალხი ამ სივიწროვეში ან გაყრას იფიქრებდა, ან შენობის მომატების თადარიგს შეუდგებოდა, მაგრამ ამათ არც ერთს ფიქრში არ მოსდიოდა ეს: შენობას მხნეობა უნდოდა და ამათ ეს არ შეეძლოთ; გაყრასაც შრომა მოსდევდა, და ამის გამო ვერც ერთი ვერა სთმობდა მამას, რომელიც ავად იყო, თუ კარგათა, ინახავდა ამათ თავიანთის ხიზნითა. ყმები ამათ ძაღლადაც არ აგდებდნენ, ხვნა და თესვის თავი ამათ არა ჰქონდათ; ვენახის შემუშავება ამათ არ შეეძლოთ და ამასთანავე საიდანღაც შეჰპაროდათ ეს უბედური ფიქრი თავში, ვითომც თავადაზნაურისაგან ამგვარი მხნეობა და შრომა დიდი საძრახისი იყვეს. რასაკვირველია ეს ისე სიამპარტავნით არ მოსდიოდათ, როგორც სიზარმაცით, რადგან თუ ამპარტავნობა სადმე ჰქონოდათ, თავის უქნარს ცხოვრებასაც ითაკილებდნენ და საქმეზედ თავს შეიდებდნენ.
ამგვარად აწვნენ ესენი კისერზედ მოხუც მამას, რომელიც ნახევარ თავის სიცოცხლეს ატარებდა დავაში და რომელიც, თუმცა თითონაც არას აკეთებდა, მაგრამ ეს მაინც იყო, რომ ეშინოდათ და ეხათრებოდათ ამისი გლეხკაცებსა და, ძალა იყო თუ ნება, აკეთებინებდა საქმეს, ჰგლეგჯდა რაც შეეძლო და რასაც მოახერხებდა. მაგრამ საუბედუროდ, როგორც ზემოთაც ვთქვით ეს, ერთს მშვენიერს ღამეს გამოიხრჩო ბოლში თავის ალიზის ოთახში, რომელსაც ისე საძაგლად ჰქონდა მოშლილი ბუხარი, რომ ქვეყანაზედ ქარი არსად ყოფილიყო, აქ უქროლავდა და ატრიალებდა ბოლს ოთახში. ერთხელ ეს მოხუცებული მოსულიყო ვიღაცა გლეხკაცის ქორწილიდან ძალზედ გამობრუჟული და დასძინებოდა კარებდახურულ ოთახში.
ოთახი, რასაკვირველია, გატენილი იყო ბოლით და როდესაც გამოიღვიძა, ბოლისაგან სული ძალზედ შეგუბებული ჰქონდა. ის ძლივს წამოდგა ფეხზედ და დაუწყო კარებს ძებნა გასაღებათ; მაგრამ საუბედუროდ ცალკე ბოლი ახრჩობდა და ცალკე ბოლისაგან შეწუხებულს მუხლსა ჰკვეთავდა და ვეღარ იპოვა კარები, აპირებდა დაყვირებას, მაგრამ აქაც ხმამ უმტყუნა და დაეცა - სულშეგუბებული უგრძნობლად. მეორე დილას შევიდა უფროსი შვილი და შუა ოთახში დაუხვდა გაშეშებული მამა. იმან თითქო იცოდა, რომ იმის მამა დამხრჩვალიაო, ერთი ესე კი სთქვა აქეთ-იქით თავის განძრევით: ნწუ, ნწუ, ნწუ, ნწუ! და წავიდა შესატყობინებლად ძმებთან, რომელნიც აგრეთვე მოვიდნენ, დაადგნენ გაშეშებულს მამას თავს, აგრეთვე წარმოსთქვეს აქეთ-იქით თავის ქნევით ,,ნწუ! ნწუ! ნწუ! ნწუ! დიდი ღვთის ბრძანება არ არის!” და მერე ძლივს მოიფიქრეს, რომ შუა ოთახში იმის გდება რიგი არ იყო და დაუწყეს წევა ტახტზედ დასადებათ.
ამ ამბავზედ შემოცვივდნენ ამათი ცოლები და მოსამსახურეები წივილ-კივილითა და თმის გლეჯით; მოწყდა მთელი სოფლის კაცი და დედაკაცი, განცვიფრებუელნი და შეწუხებულნი. მოხუცებულნი უტირებდნენ შვილებს მამის უეცარს სიკვდილს და ესენი კი ტირილსაც ვერ ახერხებდნენ, თითქო ამათ არავინ მოჰკდომიათო. “ეჰ!.. ალბათ!..” ეუბნებოდნენ ესენი მომტირლებსა. მამის სიკვდილის შემდგომაც კიდევ ვერ მოიფიქრებდნენ და ვერც მოახერხებდნენ ესენი გაყრას, თუ რძლებს ერთმანეთში ჩხუბი და წეწა არ ჰქონოდათ. უფროსი რძალი დედამთილობას ჩემულობდა: უმცროს რძლებს კიდევ უფრო სხვაფრივ მოჰქონდათ თავი და არას უთმობდნენ არც უფროსს და არც ერთმანეთსა. ამგვარად ისინი ყოველ დღე სჭამდნენ ერთმანეთს და აგდებდნენ ძმებში უსიამოვნებასა. რძლებმა გაიწიეს განზედ და გაითრიეს ქმრებიცა.
რაკი მამა ცოცხალი აღარა ჰყავდათ და ხელის შემწყობი აღარავინ ეგულებოდათ, რასაკვირველია, მეტი ღონე აღარ იყო, უნდა შესდგომოდნენ როგორმე ცხოვრების თადარიგს. რაღა თქმა უნდა, რომ გლეხებზედ კარგს თავის საცხოვრებლად ესენი ვერას მოიგონებდნენ და გახდნენ ამათ სარჩენად. მაგრამ იაფად კი არ უჯდებოდათ ამათ გლეხკაცობის სამსახური. გლეხკაცები არას უგონებდნენ... აქ ეს მებატონეები დაიწყებდნენ დიდ ფათაფუთსა: “ჰაი, ეხლავე წავალთ სასამართლოში, მოვიყვანთ ზეკუციას და სულ დაგანიავებთ! ჰაი, სულ ციმბირში დაგაკარგვინებთ მართებელსა!..” და ყოველივე ეს მუქარა და ბაქიბუქი იმითი კი თავდებოდა, რომ დამნაშავე გლეხები, რომელთაც ზედ დაამტვრიეს თავი და პირი მებატონეებსა, მოართმევდნენ ამას ძღვენსა სხვადასხვა დარბაისელი სოფლის კაცის ხელითა, მისცემდნენ, რაც შესაძლებელი იყო, სამსახურსა და შერიგდებოდნენ. ბევრჯერ ისე გაცხარდებოდნენ ხოლმე ეს მებატონეები, რომ აღარც ვისმეს თხოვნას შეიწყნარებდნენ და გაჯავრებული მიდიოდნენ ან დივანბეგთან, ან ნაჩალნიკთან ყმებზე დსაჩივლელად. მაგრამ აქ საჩივარში კიდევ უფრო საცოდავები იყვნენ: მოვიდოდნენ და აიტუზებოდნენ უპრავლენიის კარებთან, მინამ ერთი ღვთისნიერი ადამიანი - მწერალი, ან იასაული ვინმე არ აუჩნდებოდათ და არა ჰკითხავდნენ, რისთვის მოსულან, ბოლოს რითაც იქნებოდა დიდი დავი-დარაბით ძლივს მიაღწევდნენ ისინი ან დივანბეგთან, ან ნაჩალნიკთან, რომელნიც აძლევდნენ იასაულებზედ ბრძანებასა, რომ დაეჭირათ დამნაშავე გლეხები; მაგრამ იმათ კვალსაც კი ვერ იპოვნიდნენ ხოლმე, თუმცა ეს გლეხები სულ შინ იყვნენ, მუშაობდნენ და სოფელს იქით, მინამ დამჭერლები არ მოვიდოდნენ, მინამ არსად არ მიდიოდნენ. საკვირველი იყო, როცა როსტომის კაცები დააშავებდნენ რასმე. დივანბეგის ან ნაჩალნიკის მოხელეები მაშინვე პოულობდნენ, სადაც უნდა დამალულიყვნენ, და ამათ კაცებს კი ვერას დროს ვერ იპოვნიდნენ ხოლმე, თუნდა იქვე საქათმეში სადმე ყოფილიყვნენ დამალულნი. ამაში გადიოდა ხანი, მებატონეებსაც გადაუვარდებოდათ წყენა ცოტ-ცოტათი გულიდან და ბოლოს კიდევ საქმე ძღვნით და შერიგებით თავდებოდა.
გვარიშვილობითაც, რასაკვირველია, ძალიან თავი მოჰქონდათ ამათ და თავს არ უყადრებდნენ სხვა მეზობელ მებატონეებს, რომელნიც ამათ ჭკუაში გვარიშვილობით ამათზედ ნაკლებნი იყვნენ, მეტადრე ამათი სათქმელი და საკვეხარი იყო ვიღაცა ამათი მამაპაპა, რომელიც ყოფილა რაღაცა მოხელე რომელიღაც ქართველთ მეფესთან.
“მამაჩემი არ წამიწყდება! - იტყოდნენ ხოლმე ხშირად. - პაპა ჩვენი იოთამ ისე ჰყოლია მეფე ერეკლეს (თუმცა ერეკლეზედ ბევრით წინ იყო, მაგრამ ესენი ყველა ქართველ მეფეს ერეკლეს ეძახოდნენ) მიღებული, რომ სულ ნიადაგ გვერდს უჯდა და ხშირად თურმე ეტყოდა “შენისთანა ერთი ოთხი ყმა კიდევ მყავდეს, ყველა მტერს დავიმორჩილებდიო”... ამასთანავე დიდად საძრახისად და სასაცილოდ მიაჩნდათ, თუ საწყალი ვინმე მებატონე ატარებდა ქალამნებსა და მსხვილი შალის ჩოხებს. თითონ კი ყველაზედ უნასად ეცვათ. ოღონდ კი წაღები და ქოშები ჰრქმეოდათ და ქალამნები არ ყოფილიყვნენ და თუნდა სანაგვეზედ აკრეფილებსა ჰგვანებოდნენ, არ გაიხდიდნენ ფეხიდან. რადგანაც უფრო დარბაისლურია და დიდკაცობის შესაფერი, ატარებდნენ მაუდის კაბებს, მაგრამ ვაი ამ კაბობასა, რომ ისინი კაბები იყვნენ! ფარატინები და ნაფლეთები დაფრიალებდნენ ყოველს სიოს შემობერვაზედ და რიგიანს ქარს რომ დაებერნა, არამც თუ დააყრევინებდა ამ ფარატინებსა, და სადაც კიდევ სიმთელე ეტყობოდა, დომხალივით დამდნარს მაუდს, იმასაც სულ შემოაფლეთავდა. ახალუხს ატარებდნენ ფარჩისას; მაგრამ ესენიც იქამდინ ნაცვეთი იყვნენ, რომ რაც უნდა კარგი თვალი გქონოდა, თუ წინდაწინ არ იცოდი, ვერ გაიგებდი ან რა ფარჩა იყო, ან ჩითი იყო, თუ დიმიკოტონი. წაღებიდან ხშირად გამოეყოთ ყველა ფეხის თითებს თავი, თითქო ვარსკვლავების თვლას აპირებენო, ან უნდა ჩუმად გამოძვრნენ და გაეპარნენ სადმე პატრონსაო. ერთი სიტყვით, ფეხშიშველა სიარულს ირჩევდნენ და ქალამანს კი არ ჩაიცვამდნენ; ახალუხის სახელოებიდან გამოეყოთ ნიდაყვებს საცოდავად თავი და იღლიებში ფარღალალად შესდიოდათ ქარი; მაგრამ მაინც ნუგეშად ესა ჰქონდათ, რომ ფარჩის ახალუხი ეცვათ და მაუდის კაბა. მეტადრე ერთს იმათგანს ეცვა ზარბაბის ახალუხი, რომელიც აჩუქა იმას მამამ ოცდაათის წლის წინათ ჯვარის საწერად, და რომელიც აგერ ხუთი წელიწადია, სხვა ახალუხის უქონლობის გამო, გაუხდელად სცმია. რაკი იქამდინ გაცვდებოდა კაბა, რომ აღარც დაკერება გაეწყობოდა, არც ტანზედ დაადგებოდა, ამ დღისთვის იმათ ჰქონდათ გრძელი ტყავები, და ზამთარ-ზაფხულს არ იშორებდნენ ტანიდან, ოღონდ კი მსხვილი შალის ჩოხა არ ჩაეცვათ ტანზედ. ამ გრძელს უზედატანო ტყავში, მაღალს წოწოლა გალესილს და გამჭვარტლულს ძველს ბუხრის ქუდში, ქუსლებგამოფლეთილს მსხვილს მატყლის წინდებში და წელათრეულს ქოშებში კიდევ უფრო უცხო სანახავნი იყვნენ ესენი. ერთი სიტყვით, ტიტველი დარჩებოდნენ და იმას არ ჩაიცვამდნენ, რასაც იცვამდნენ გლეხები. მაგრამ ამ ტანისამოსში, თუ არ კარგა შეჩვეული თვალი, ვერ გაარჩევდა ამათ გლეხებში. აი რა ამბავი დადის ამათზედ ამათის სოფლის მცხოვრებლებში. ეს ამბავი მომხდარა ზაფხულის პაპანაქება სიცხეში. ქვეყანა სამკალათ თურმეა გასული და აბა ესენი რათ იკადრებდნენ თითონ მკასა და არც მუშა ჰყოლიათ, რომ თავს დასდგომოდნენ (თუკი ან მუშას ადგებოდნენ როდისმე თავსა! ). უფროს ძმას მობეზრებია თავის სიმინდის ძარსქვეშ ტიტველა ქვებზედ ჯდომა, წამომდგარა და ჩვეულებისამებრ გაუწევია დუქნისკენ საბაასოდ. დუქანი დაკეტილი დახვედრია. მერე უთვალიერებია, ბანზედ ხომ არავინ ზისო, წავიდე ვემუსაიფოო. იქაც ვერავინ დაუნახავს და გაუწევია მეწისქვილისაკენ წისქვილში. იქაც წისქვილი დაკეტილი დახვედრია. უფიქრია, სად წავიდეო? და ვერა მოუფიქრია რა. აქ გაურთვია წისქვილის ჩახრიალას, წყლის ჩხრიალსა და ხუილსა, დამჯდარა იქვე წისქვილის კართანა, მოუკიდებია შინდისტარიან პატარა ჩიბუხისთვის და მისცემია რაღაცა გამოურკვეველს ტკბილს განცხრომას, რომელშიაც იმყოფება ბანგმიღებული კაცი, რომელსაც მოჰრევია ძილი და ფიქრისთავი აღარა აქვს. ამ მდგომარეობაში, - რომლიდანაც ოდნავ გამოვიდოდა ხოლმე მხოლოდ იმისთვის, რომ აქეთ-იქით ეჭყიპურტებინა მწარე თამბაქოსაგან მოსული ნერწყვი, - მოადგა თავს ცხენით ყაზახი, რომელიც ვერ შენიშნა სრულებით ამ მოხუცმა.
- ეი! კაცო, ა გდე მამასაკლისი?
ამან გაიგონა ეს ხმა, მაგრამ დაეზარა, რომ კარგა გამორკვეულიყო თავის ტკბილის განცხრომიდან და არც კი მიიხედა იქითკენ, საიდანაც ელაპარაკებოდნენ.
- ტებე გოვორიატ, სადა მამასაკლისი?
ამან ძლივს გაანძრია თავი მისახედავად და გაოცდა, რომ ყაზახი თავს ადგა და რაღასაც ელაპარაკება.
- ჩავოჟ ტი, ჩორტ ნე ოტვეჩაეშ. ა?! სადა მამასაკლისი?
ამ ყაზახის ლაპარაკისა რაკი ვერა გაიგო რა, წამოდგა და გასწია თავშეუდებლად, ნელა-ნელ შინისკენ ნაწყენის გულით, რადგანაც ეგონა, რომ ყაზახმა ის მამასახლისად ჩააგდო, ერთი ეს კი წაიბუტბუტა:
- ნიატუ, ბრატ, ნიატუ!.. მამასახლისი სხვა არის.
ყაზახი გამოვიდა მოთმინებიდან, მოისვა თავისებურად მათრახს ხელი.
- ვოტ ტებე ი ნიატუ! ვოტ ტებე ი ნიატუ!
- კნიაზ! შე ღდინ ძ-ო! ია კნიაზ! - დაიძახა მოხუცმა, რომელიც არასდროს არ ელოდა ამ გვარს მოქცევას.
- პოდი, ტეპერ ხოშ კნიაზიუ ჟალუის, ხოშ კამუ ხოჩეშ!..
აი ამგვარს ხალხთან ჰქონდა როსტომს საქმე. ამან მიჰყო ხელი ცოტ-ცოტათი და ჯერ საცა კარგი მიწები ჰქონდათ, ამან წაართვა; მერე დაუწყო რთმევა საუკეთესო ხოდაბუნებისა და შემდგომ წაართვა უკეთესი ვენახებიცა. სადაც ძალაზედ დაუდგებოდნენ, იქ როსტომის კაცები და მსახურები ცემით ტყავს აძრობდნენ; თუ გაჰბედავდნენ საჩივარსა, მაშინ ხარჯის მეტს სამართალს ვერ ხედავდნენ. ბოლოს იქამდის მიაღწია საქმემ, რომ ტყეშიაც კი აღარ ატარებდა როსტომი ამ სამს ძმას. ჯერ იმ მიზეზით, რომ ისინი ბევრნი იყვნენ და ბევრს შეშასა ხარჯავდნენ; მერე უფრო კარგი მიზეზი მოუდო: მოუგონა რაღაც კანონი... ვითომც ტყე ეკუთვნოდეს იმას, როგორც უფროსი ძმის შვილს და დასამტკიცებლად ამ კანონის სიმართლისა, წარუდგინა ის მიზეზი, რომ ძმების გაყრაში იმათ მამას ერგო საუმცროსოში სახლ-კარი, კალო-საბძელი, ბაღი და სხვა, და იმის მამის საუფროსოში სხვა საუფროსოს გარდა უნდა რგებოდა ტყეცა. ისე გაუჭირა საწყალს ბიძაშვილებს საქმე, რომ ცხადად ისინი ვეღარ დადიოდნენ ტყეში.
როსტომმა არამც თუ მარტო თავის სახლისკაცები მოიყვანა ამ მონობაში და მძლავრობდა, იმან ესევე დღე დააყენა სხვა ამაზედ უფრო ფხიანს მეზობლებსაც. მიიმძლავრა ცოტ-ცოტათი იმათი მამულები, ტყე და სხვა; შეუკრა სარწყავი წყალი და მინამ ბეგარა არ მოუმატა ერთიორად, მინამ არ დაანება. სადაც გაუმძლავრდებოდნენ, - როსტომის კაცები იჩენდნენ ბატონის ძალას და ტყავს აძრობდნენ ცემით, არამც თუ გლეხებსა, ბევრს თავადაზნაურებსაც. საკვირველი იყო როსტომის გლეხებისა და მსახურების საქმე. ესენი თუმცა ასე საცოდავად იყვნენ ბატონისაგან შეწუხებულნი, რომ სულთადგმა აღარა ჰქონდათ, მაგრამ სხვა საქმეში, ბატონის წინააღმდეგებთან, ბატონისთვის თავდადებულნი იყვნენ და არა ზოგავდნენ თავს სასიკვდილოდ. ბატონისაგანაც ისე წაქეზებულები იყვნენ ამგვარს საქმეში, რომ კაცი შემოჰკდომოდათ, იმედი ჰქონდათ, ბატონი გამოიხსნიდა. ერთი სიტყვით, ვერა დააკლეს რა ვერც სახლისკაცებმა, ვერც მეზობლებმა: ძალითაც ეს ერეოდა და სამართლითაც. ამგვარად ყველა შეაშინა, ყველა თავის სოროში შეაძვრინა, ყველას ხმა ჩააკმენდინა, ასე გასინჯე, ისინიც კი შეაშინა, რომლების შიშით სხვა მეზობლები ძრწოდნენ, ისინიც როსტომის წინ მოიკაკვნენ ქეციან თხასავითა. ბევრჯერ მოინდომეს ამ წითელქოჩორა ბიჭებმა როსტომის პირდაპირ ჩხუბი და შეჯახება, მაგრამ ის თვალითაც არ დაენახვებოდა და გამოუსევდა ოცობით კეტიანს ბიჭებსა და აქ აღარაფერი ბიჭობა არ გამოადგებოდათ. ბევრჯერ ისინიც გამოუსევდნენ ხოლმე კაცებს; მაგრამ როსტომისოდენა ყმები და ისე საავკაცოდ დაგეშილები იმათ არა ჰყავდათ. და ამის გამო ყოველთვის უბრუნდებოდნენ შინ თავის ნაქები ბიჭები თავპირდასისხლიანებულები.
VII
წითელქოჩორა ბიჭი
ბოლოს ძლივს დაბრუნდა მილიციიდან გიორგი, უმცროსი ძმა გვარის ბაიყუშებისა.
გიორგი იყო კარგი მოყვანილი და კარგი შეხედულობის ვაჟკაცი, იყო ძალიან ხელძლიერი და მაგარი ხასიათისა. ჯარში ჰქონდა დიდი ვაჟკაცობის ხმა და იყო თითონ შუახნამდის მიღწეული უცოლო კაცი.
ყველა მებატონე მოელოდა იმისგან დიდს ამბებსა თავის ბიძაშვილს როსტომთანა, რადგან გაეგონათ ამის ვაჟკაცობა და ისიც იცოდნენ, რომ როსტომისთვის იყო აქ მოსული. ყველა მოუთმენლად ელოდა ამის როსტომთან შეჯახებას და სულგანაბულნი ყურს უგდებდნენ, თუ საიდან დაიწყებდა საქმეს.
გიორგი რომ დაბრუნდა შინ, ზაფხული ოყო, - მკის დრო მოტანებული.
გიორგის თავის ყმები თუმცა სიხარულით მიეგებნენ და გაიშალნენ პატარა წელში, რადგან იმედი მიეცათ, რომ ეს ცოტა ფრთებს ჩააშლევინებდა როსტომს და ამის გლეხებს, რომლებისაგანაც სულთადგმა აღარა ჰქონდათ ამათ, მაგრამ თავის ძმის კაცები კი ნახა, რომ მეტად გაიალაღებულნი იყვნენ და მოუჭირა ამათ. პატარა ხანს ესენი უძალიანდებოდნენ ამასაც, მაგრამ, რაკი ნახეს, რომ იმათი ბატონისებური კაცი არ იყო, მალე მოიკაკვნენ წელში. როსტომის კაცები კი როგორღაც უბღვეროდნენ ამას და ყოველს შემთხვევაში ცდილობდნენ ეწყენინებინათ რამე, ან შარი მოედოთ, რომ ერთი ეჩვენებინათ თავისი და თავის ბატონის ძალა, მაგრამ არც ამათ გამოადგათ თავის ბიჭობა; მანამ ისინი მოიფიქრებდნენ რასმე, გიორგი კიდეც ეძგერებოდა და იდებდა ქვეშ. თუ გაბედავდა ვინმე შველას, ის მოისვამდა ხელს ან დამბაჩას ან ხანჯალს და მაშინ რაღა მეტი ილაჯი იყო, უნდა მორიდებოდნენ. ასე დაიფორიაქა გიორგიმ როსტომის ყმები, რომ ვეღარავინ იმათში ვეღარა ბედავდა ამასთან ხელდახელობას, მეტადრე მას აქეთ, რაც ამან სცემა სამთა ძმათ ჩხიკვაძეთ, რომელნიც ყველაზედ განთქმულები იყვნენ მთელს სოფელში თავის სიავკაცით და რომელნიც დიდი დამუქრებულნი იყვნენ გიორგიზედ.
გიორგი იარაღს, თუ არ გაჭირვებაში, არასდროს არა ხმარობდა: “ეგ ქალაჩუნა კაცის საქმეა” - იტყოდა ხოლმე ის; მაგრამ გაჭირვებაში კი, როდესაც დაატყობდა, რომ მეტი ღონე აღარ იყო, კაცს სასიკვდილოდ არ დაზოგავდა. თუმცა გიორგი არავის არას უთმობდა და კაცის სიკვდილი და ცემა ხუთ გროშად არ მიაჩნდა, მაგრამ თითონ კი არასდროს უბრალოდ კაცს არ აწყენინებდა. და თუ ატყობდა, რომ სადმე სიმართლე ჰქონდა, იქ თავის ცოცხალის თავით არავის რას დაუთმობდა. საჩივლელად ხომ, თუმცა ქართველი კაცი იყო და თავისი მამის შვილი, მაგრამ კაცი ნუ იფიქრებდა, რომ ის სადმე ან ვისთანმე წასულიყო. “მე იქამდის არ გავიჭირვებ საქმეს, რომ ვუჩივლო ვისმე - ამბობდა ხოლმე გიორგი: - დეე ისევ მე მიჩივლონ” და ეს კიდეც ასრულებდა თავის სიტყვებს: სადაც ხედავდა თავის სიმართლეს, იქ მაშინვე მიმართავდა ძალას, და თუ გაჭირდებოდა, ორი კაცის სამართალს ჯერდებოდა, თუმცა ამასაც ძვირად.
გიორგიმ რაკი პატარა ანგელოზები დაუფრთხო როსტომის კაცებს და თავის ძმის კაცებიც კარგად დაბღუნძა, მაშინ ერთს მშვენიერს დღეს დაიბარა თავისი და თავის ძმის კაცები, ქუდზედ კაცი სამკალად და წაიყვანა ერთს საუკეთესო ხოდაბუნში, რომელიც როსტომს წაერთმია ამისა და ამის ძმებისთვის და ეთესა ყანა.
ეს ამბავი, როგორც ელვა ისე გავარდა არამც თუ სოფელს ტაბლაძიანთ-კარში, არამედ მთელს გარშემო მახლობელ სოფლებშიაც. ყველა მოუთმენლად ელოდა, რითი გათავდებოდა საქმე. მებატონეები, ბატონები და ქალბატონები გადაწყვეტით კიდეც ლაპარაკობდნენ, ვინც აჯობებდა; ბატონები ამბობდნენ: როსტომი აჯობებსო, ქალბატონები - გიორგიო.
- იმას როსტომთან სად შეუძლიან! - იძახდნენ გაცხარებული ბატონები.
- არა, თქვენმა მზემ! გიორჯი აჯობებს! გიორგი ჯარში ნამყოფი კაცია, სისხლის ჯვრებით გული სავსე აქვს, და აბა თქვენს როსტომს რა აქვს?!- იძახოდნენ ქალები.
- ნწუ, - არა! როსტომთან როგორ იქნება! იმისი კაცები ძალიან დაგეშილები არიან... მერე უფროსობაც იმისაკენ არის, ყველა უფროსს ისე ელაპარაკება პირდაპირ, როგორც მე შენა, და აბა გიორგის სად შეუძლიან ეგეები!
- რა იცი, რომ გიორგისაც არ შეუძლიან? ის უფრო ჯარის სამსახურის კაცი არ არის!
ესე და ამ გვარი ლაპარაკი და ბაასი ისმოდა ყველგან ორშაბათ დილით, მკათათვის სამს რიცხვსა, როდესაც გიორგიმ შეუშვა მუშა როსტომის მოყვანილ ყანაში.
მთელი სოფელი ტაბლაძიანთ-კარი სულ არეულობაში იყო. როსტომის კაცები, ვისაც კი ეწვნია გიორგის სუსხი და ახსოვდა კიდევ ის, მიიმალ-მოიმალნენ. სხვა სოფლიდან კი მოაწყდა მრავალი ხალხი ამ ხოდაბუნის გარშემო სეირის საყურებლად და მიიმალნენ ჭალებში, რომ მაჩხუბრებს არ დაენახათ და მოწმად არ დაესწროთ საჩივარში...
შუშანა, გაფითრებული სიბრაზისაგან, სულ თმებს იწეწდა და აჩქარებდა ბიჭებს, რომ მალე შეეკრიფათ გლეხები გიორგისთან საჩხუბრათ გასაგზავნად, ბიჭები დარბოდნენ გაცხარებულნი და ერეკებოდნენ თავის ბატონის გლეხკაცებს სამუშაოდან. შეიყარნენ ბლომად სულ კეტიანი გლეხკაცები და სულ იმგვარი ხალხი, რომელთაც სჭირდათ ჯავრი გიორგისა. შუშანა აჩქარებდა, რომ მალე წასულიყვნენ და ჰპირდებოდა დანარჩენი ხალხის მიშველებასაც “სულ შენი ბრალია - ეუბნებოდა ის თავის ქმარს : - რა ხანია გეუბნებოდი : ნუ აქეზებ! ან დააჭერინე ეგ რაზბონიკი, ან ერთი კარგად აცემინე-მეთქი და შენ ყურს არ მიგდებდი, აბა ნახე ახლა რა საქმეს სჩადის! შენ რომ მაგისთვის ერთი კარგად რუსულად საქვეყნოდ როზგით გეცემა, ეგ მაგ ამბავს აღარ ჩაიდენდა... ეხლა ისე აღარ გაუშვა; დააჭერინე ბიჭებს და იქვე თავის ძარქვეშ სცემე ტიტველაზედ, თორემ ეგ არ მოგვასვენებს”.
აქ რომ ეს ამბავი იყო და შუშანა და ამათი ყმები, ვისაც გული ერჯოდა, ცხარობდნენ და აშურებდნენ დაცემას, გიორგი თავისთვის მშვიდობიანად, თითქო აქ არა ამბავიაო, ღილებგახსნილი ახალოხით უდგა მხარში საუკეთესო მომკლებს, აგრიალებდა “ჰოპუნას” და მკიდა სხვის დათესილს ყანას.
მოსეირე ხალხი სულგანაბული მოელოდა და ხშირად იხედებოდა ჭალიდან და ბუჩქებიდან დასანახავად - მოდიან თუ არა როსტომის კაცებიო. მაგრამ ყველა ლოდინი ტყუილად შერჩათ: ამ დღეს საქმე მშვიდობით გათავდა. როსტომმა აიღო-დაიღო საქმე და, თუმცა შუშანა ქოჩორს იგლეჯდა. მაგრამ მაინც დაითხოვა ხალხი და გასცა ბრძანება, რომ ხვალ დილაზედ ქუდზე კაცი კარგი კეტებით და რამდენიმე საძნე ურმით შეყრილიყვნენ.
- ვაი იმის ბრალი, ვინც ხვალ აქ არ მოვა! სულ დავანიავებ და ციმბირს იქით დავაკარგვინებ!..
გიორგიმ ჩამკო ის ხოდაბუნი. მომკო კიდევ ორი სხვა პატარა მიწა, რომლებიც აგრეთვე წაერთმია ამათთვის როსტომს და დაეთესა ყანები, და საღამოზედ დაბრუნდა შინ თავისის მამითადით და ფერხულის სიმღერით. საღამოზედ მისცა მუშას თითო პური, მეთაურებს - ერთი თავი კერძი, დაალევინა თითო დიდი ჯამი ღვინო, ერთიც კიდევ გააბმევინა ფერხული, დააკვრევინა, “ცანგალა”, ათამაშა ლეკური, დაითხოვა მუშა შინ და უთხრა, რომ ხვალ პირველს ბრძანებაზედ ყველა მზად ყოფილიყო.
მეორე დღეს დილაადრიანად როსტომმა მრავალის კეტებით შეიარაღებული ხალხით გასწია გიორგისგან მომკილი ყანებისკენ. გიორგიმაც მაშინვე შეკრიბა თავისი და თავის ძმების კაცები (ძმები კი სადღაც მიიმალნენ), ერთი კარგა ლაზათიანად კიდევ გადააკვრევინა და მოამზადა საჩხუბრად. აგრეთვე უბრძანა ოთხს თავის ჯარისკაცს, რომ სულ თოფ-იარაღში ჩამჯდარიყვნენ და როცა უბრძანებდა - სასიკვდილოდ აღარავინ დაეზოგათ.
როსტომის ურმებს უნდა გამოევლოთ ზედ გიორგის კალოს პირზედ. გიორგიმ დააყენა გზაზედ ყარაულები, რომ შეეტყობინებინათ, როდესაც როსტომის ურმები გამოჩნდებოდნენ. “მე თუ მაგათ ისე არ უყავ. მელამ რომ ტყავი შინ მიუტანა მონადირეს, არ იქნება”, - ამბობდა გიორგი.
გიორგის აცნობეს: მოდიან ურმებიო. გიორგიმ გაირჭო წელში დამბაჩა, შემოიკრა ხანჯალი და გაუძღვა თავის გლეხებს. გამოჩნდნენ ურმებიც და მოადგნენ გიორგის კალოს.
- დააყენეთ! - დაუძახა გიორგიმ და გადაეღობა თითონაც ურმებს: - აბა გადმოიღეთ! - დაუძახა თავის კაცებს, რომელნიც ერთს წუთზედ აცვივდნენ ურმებზედ.
- არიქა, - დაუძახეს მეურმეებმა როსტომის ხალხს, რომელნიც იქვე მოსდევდნენ ურმებს.
ამ ხმაზედ გამოექანა როსტომი და დაუძახა თავის მრისხანე ხმით: აბა, ბიჭებო, მაგათა!
და დაირივნენ გიორგისა და როსტომის კაცები ერთმანეთში. როსტომი გმირულის ბრძანებით ხალხის უკანიდამ იძახოდა: “დაჰკა! მოჰკალ! დაიჭი ეგ საციმბიროები ეგა!..” და ამ ყვირილსა და ბრძანებაში იმან ვერ შენიშნა დიდ ხანობამდის, რომ იმის ხალხს თანდათან აკლდებოდა. ბოლოს ძლივს დაინახა, რომ გიორგი ძალიან ახლოს იყო იმასთან მოსული და იწევდა იმისკენ.
- დაიჭით!.. შეჰკარით!!. - შესძახა როსტომმა. მაგრამ დამჭერი და შემკვრელი ბევრი აღარავინ იყო. ბევრმა როსტომის კაცმა, რაკი დაატყო, საქმე ცუდად იყო, დაიწყო შუამავლობა და აშველებდა ორთავ მხარეს.
- ღმერთი გადღეგრძელებს, ბატონო გიორგი!.. აი ჩვენ რაც გინდა გვიყავი... ძმები ბრძანდებით, მოითმინეთ! - ეუბნებოდნენ ისინი გიორგის.
- ჩამომეცალეთ თუ ჭკუა გაქვთ! - იძახდა გაშფოთებული გიორგი, - თორემ მეტი აღარ შემიძლიან!..
როსტომის გლეხები, ვინც დარჩა, სულ აქ შეიკრიბნენ ბატონის დასაცველად, მაგრამ ამ დროს მოცვივდნენ ყველა მხრივ გიორგის გლეხები, რომლებიც გამოსდგომოდნენ გაქცეულს როსტომის კაცებს და დაუშინეს კეტი. თავპირგასისხლიანებული გლეხები ზოგი გარბოდა, ზოგი კიდევ, ვისაც შეეძლო, ჩხუბობდა; მაგრამ ჩხუბის ძალა კი აღარა ჰქონდათ.
- არიქა, ბატონო! უშველე შენ თავს! - შესძახა ვიღაცამ როსტომს, რომელიც აპირებდა თითონაც წევას გიორგიზედ.
როსტომმა, რაკი დაინახა, რომ ყველა თავისი გლეხები შემოეფანტნენ, იკადრა დაძვრა; მაგრამ მინამ ის სამშვიდობოს გავიდოდა, სწვდა გიორგი საყელოში, და ერთს თვალის დახამხამებაზედ ამოიდო ფეხქვეშ. გიორგიმ მისცა ორთავ მუხლის თავები გულში და ეძახდა:
- მოგკლა!.. მოგკლა!.. შე ბოროტო!.. არამზადავ!..
- ყარაულ!!. - ხრიალებდა როსტომი ქვეშიდან. როსტომის გლეხკაცთა, რომელნიც იყვნენ დამალულნი საბძლებთან და საბძლებში, ბევრს არ მოუთმინა გულმა თავის ბატონის ამ უპატიურებაზედ და გამოექანნენ მოსაშველებლად, მაგრამ ისევ მალე იკადრეს გაჩერება, რაკი დაინახეს, რომ გიორგის კაცები გაცხარებულები ეძგერნენ.
გიორგიმ ასწია საყელოში და აიყვანა როსტომი.
- არა!.. სისხლი გინდა?! სისხლი გწყურიან!!
და ამ დროს შოლტივით გაიტყლაშუნა პრისტაულმა სილამ და როსტომს მოხვდა ძირს ზღართანი.
- თქვენ რაღა გინდათ?! - შეუტია გიორგიმ როსტომის კაცებს, რომელნიც თანდათან ისევ გროვდებოდნენ, - აბა კეტი მაგათ!.. როსტომის კაცები აპირებდნენ გამძლავრებას, მაგრამ წინანდელზედ უარესი დღე ახლა დაადგათ და დაიფანტნენ.
ამ დროს მოისმა შუშანას ხმა:
- დადექით!.. დაჰკარით მაგ მ...ს!.. დაიჭირეთ! - მაგრამ ვინღა იყო ყურის მგდებელი.
- შენ მომიკალ ქმარი?! შენ მომიკალ?.. შე საციმბირო!.. საციმბირო!.. კაენო!.. ჰა!.. შენა?!.
- არა, რა გნებავთ!.. რა თქვენი საქმეა?.. - მიუბრუნდა გიორგი, რომელიც ძლივს იმაგრებდა თავს.
- შე კაენო, შენა... გვემულო... შე ძმის მკვლელო!.. შე ჩამოსახრჩობო!..
- კარგი, კარგი! თავს პატივი დაიდე...
- მე გაჩვენებ შენ თამაშას... დამაცადე... დამაცადე... - ყვიროდა თონესავით ანთებული, გაკაპასებული შუშანა და მიიწევდა გიორგიზედ.
- გამაცალეთ ერთი, თუ ღმერთი გწამთ. არ შემომაკვდეს!.. - დაუძახა გიორგიმ თავის კაცებს. ჯარისკაცები მივიდნენ შუშანასთან.
- ვინა! მეე?! მე უნდა გამაცალონ!!. აბა გაბედეთ!.. - და იმან წამოავლო ქვას ხელი, - აბა მობრძანდით!..
- გეხვეწებით, თავი დამანებეთ-მეთქი! - ეუბნებოდა მოთმინებიდან გამოსული გიორგი.
- შენა! შენა!! შენ დაგანებო თავი; კაცის მკვლელსა?!. შენ არ იცი ვის ელაპარაკები!!. - და შუშანამ კიდევ უფრო მიიწია.
ჯარისკაცებმა რაკი დაატყეს, რომ გიორგი მოთმინებიდან გამოვიდა და იმის ჭკუისაგან საკვირველი არ იყო, რომ არც ამას დაზოგავდა და ერთს ბიაბრუობას აჭმევდა, შუშანას წყნარად ხელი მოჰკიდეს.
- ქალბატონო, დამშვიდდით!.. ღმერთი გადღეგრძელებთ...
- ყარაუუულ!! - დაიწყო საკვდავს ხმაზედ ღრიალი შუშანამ. - მოწმები იყავით... მცემენ, თქვენი ჭირიმეთ, მცემენ... მცემენ... კარგი, კარგი!.. ვიჰ!..
ამ ღრიალში გადაფითრდა შუშანა და ჩაეკეცა მუხლები.
- წყალი!.. მომკლეს! - იძახდა შუშანა მისუსტებულის ხმით და შეუღონდა გული.
როსტომი, რომელსაც ასულიერებდნენ და რომელიც უფრო და უფრო იმკვდარუნებდა თავს. წამოჯდა უცებ.
- წამიყვანეთ შუნასთან!.. მიხედეთ ქალბატონს!.. - დაიძახა იმან და გასწია ცოლის მოსასულიერებლად.
გიორგიმ მიანება ამათ თავი და წავიდა ურმების დასაცლელად.
როსტომის კაცები ცოტ-ცოტათი შეიკრიბნენ და მალე მოასულიერეს შუშანა.
როსტომს დაუსივდა ყბა.
ის გაცხარებული აპირებდა საჩივარს, მაგრამ მერე მოიფიქრა, რომ საჩივარი საჭირო არ იყო და უპირებდა თითონვე გადახდევინებას. “დაიცადოს, - ფიქრობდა ის: - მაგას ერთი დავაჭერინებ როდისმე და საქვეყნოდ ტიტველა ტანზედ როზგით სულ ტყავს გავაძრობ, დედაკაცებსაც კი ვაყურებინებ”.
მაგრამ შუშანა არ შეჯერდა ამ გონივრულ ფიქრს და აღარ უსვენებდა დღე და ღამე.
- როგორ თუ თავი უნდა დაანებო! - ჩასჩიჩინებდა ის: - ამ აბიდას ისე უნდა თავი დაანებო, მინამ შენ მაგასა სცემდე? სცემო კი არა, მთავარმართებელი მოიყვანე აქ და თითონ იმას გამოაძიებინე... თითონ ხელმწიფესთან უჩივლე და როგორც ძაღლი, ისე ჩამოახრჩობინე თავის კარებზედ.
და ბოლოს დაიყოლია ცოლმა როსტომი. თითონაც კი ბოლოს ფიქრს მოვიდა. ,,ცემით, ვინ იცის, ვცემ თუ არა!.. ეგ ისეთი რაზბონიკია, რომ იქნება კიდეც მომკლას, ისევ საჩივარი სჯობია!” ჩივილით იმედი ჰქონდა, რომ რაკი ბევრს უფროს კაცს იცნობდა, თუ ციმბირში არ დააკარგვინებდა, ჩინებს მაინც ჩამოართმევინებდა და ციხეში რამდენიმე წლით დააჭერინებდა.
ეს ხმა, რასაკვირველია, გავარდა ძალიან შორს. შემდგომ ამისა ხშირად თავადი და აზნაური, ვისაც ჯავრი სჭირდა როსტომისა, გაურბენდნენ ხოლმე კარებზედ, გვერდზედ ხმალშემოკანკურებულნი ცხენის კუნკურით, თითქო იმითი უნდა ეთქვათ: ჰე! მოგხვდა თუ არა! ეხლა ჩვენც აღარ გვეშინიან შენიო! როსტომს ბრაზით გული უსივდებოდა ამ ამბავზედ და, სხვას რომ ვეღარავის რა დააკლო, მოიგდო ერთი აზნაურიშვილი, რომელსაც წისქვილში ურმით საფქვავი მიჰქონდა და იმის კარებზედ გამოიარა, დააჭერინა, ჯერ ერთი კარგად რჯულზედ სცემა, მერე საფქვავი სულ წყალში ჩაუყარა და საქონელი დაუმწყვდია წასართმევად.
VIII
ზოგი ძაღლი კაცზედ ძვირათა ფასობს
რაც გარეთ იყვნენ როსტომი და იმის შუშანა, ის შინ. თითო უბრალო საქმეზედ და უჯერ-მაჯეროდ შინამოსამსახურეები თუ ყმები ჰყავდათ სულ შიშსა, ტუქსვასა და ცემა-ტყეპაში. ამათგან არა ჰქონდათ დანდობა, არც დარბაისელ მოხუცს, არც თავმოყვარე ყმაწვილს, არც თავმომწონე ქალს, ყველა ამათთვის ერთი იყო და ყველას თანასწორ გზავნიდნენ და აროზგვინებდნენ დიამბეგს.
რასაკვირველია, როგორც შეშვენის ამგვარ ქართველ დიდკაცს, იმათ ჰყავდათ უმრავლესი შინამოსამსახურეები და მოახლეები. რა თქმა უნდა, მოახლეებს ესენი გათხოვების ნებას არ აძლევდნენ სიკვდილამდის და სხვაფრივ თუ რამეს გაუგებდნენ, მაშინ შენი მტერი! შუშანა როგორც ოჯახის პატიოსნობის დამცველი ქალი, ადევნებდა ყურს თავის მოახლეების ყოველ მოძრაობას და მოქმედებას და ვაი იმათი ბრალი, - თუ ერთი ბეწვასაც არის რასმე შენიშნავდა. რასაკვირველია, ბუნება თავისას არ იშლიდა. მართალია, ისეთი სასტიკი ყურადღება ჰქონდათ, მართალია, ცუდი ამბები ელოდათ, მაგრამ მაინც ვერ უმაგრდებოდნენ ბუნებას და ყმაწვილი მსახურების მაცდურობას. რასაკვირველია, ეს არ ემალებოდა დიდხანს შუშანას. მაშინ, არ შეგიძლია წარმოიდგინო, მკითხველო, რაც ყოფა და ამბავი ამ გოგოებს ადგებოდათ, თუ არ გინახავს როსტომ ტაბლაძის ოჯახი და არ შეგისწავლია იმათი დამოკიდებულება თავის გარემო პირებთან. სცემდნენ საწყლებს, თავის ხელითა და როზგით; ყოველს შემთხვევაში, უცხოსთან თუ შინაურთან არცხვენდნენ და უხრჩოლებდნენ თვალებში თავის შეცდომას. დადიოდა ხმა ვითომ შუშანა ზოგიერთ გოგოს გახურებული შამფურითაც დაღამდაო ამგვარი ცოდვებისათვის. ამასთან ამგვარ შემცდარს გოგოებს ორსულობაში აყენებდა დაუჯერებელ სასჯელს და სატანჯველს ლოგინობაზედ.
- ზედ არავინ შეხედოს, ზედ არავინ შეხედოს, მაგ უნამუსოებსა! - ჯავრობდა ხოლმე შუშანა, - თორემ ვაი იმისი ბრალიცა! დეე ძაღლივით უპატრონოდ სული ამოხდეთ, რომ ამათი მაგალითით სხვამაც არავინ გაბედოს.
ზამთარში საბანს არ აძლევდნენ, რომ დაეხურათ, უბრალო ნაბდის ძველას არ მიაწვდიდნენ, რომ დაეგოთ. ბებიებსაც კი უკრძალავდნენ ახლო მიკარებას, რომ მოემშობიარებინათ მელოგინეები. რასაკვირველია, ბევრი თან გადასდევდა მუცელს, მაგრამ ვერც ეს აკრძალვინებდა სხვებს ამ საქმეებსა. “ბუნება ძლიერია!” სთქვა ვიღაცა მეცნიერმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, შუშანა არ იცნობდა, ვერ მორეოდნენ საწყალი მოახლეები ბუნებას. იქნება კიდეც მორეოდნენ თუ მაცდურები გვერდით და თვალწინ არა ჰყოლოდნენ. ერთი სიტყვით, არც ერთი მოახლე არ გადურჩა ამ შეცდომილებას. ძნელიც იყო. როსტომი თავის საყმოდან გოგო-ბიჭებს სულ საუკეთესო თვალადებს და ყმაწვილებს არჩევდა. გადარჩა შეცდომილებას მარტო მართა. მართაღა ეგონა შუშანას სანდო. მართალიც არის, რაც სოსიკა დაითხოვეს სახლიდან მართას გულისათვის, მას აქეთი მართას აღარა შემჩნევია რა. შუშანას მოსწონდა თავის ქმართან მართათი თავი.
- ვინ იცის, ეგეც რომ ჩემი გაზრდილი არ იყვეს, - ეუბნებოდა შუშანა, - ეგ სხვებზედ უარესი ყოფილიყო.
მართალია შუშანას მოსწონდა მართათი თავი, მაგრამ ის კი ვეღარ შენიშნა, რომ რაც სოსიკა დაბრუნდა ლაღოდეხიდან, ისინი ისევ დაუმეგობრდნენ ერთმანეთს. მართალია შუშანა იყო ოსტატი, მაგრამ მართამაც ისწავლა ოსტატობა, იმდენი მაინც, რომ სხვებივით მაშინვე ვერ გაუგეს, თუმცა, რა თქმა უნდა, შუბი გუდაში არ დაიმალებოდა.
მართა არ იყო როსტომის ყმის ქალი. მართა და ერთი ურემი პური აჩუქა შუშანას მამას, ხეჩოს, ერთმა მდიდარმა ჩვენმა მებატონემ.
ხეჩატუ მინაიჩ ხშირად დადიოდა ხოლმე სოფლებში კნიაზებთან ვალების ასაკრეფად, თამასუქების გამოსაცვლელად, სარგებლების ასაღებად და სხვა ამგვარი საჭიროებისათვის.
ერთხელაც წავიდა ჩვენი ხეჩატურ მინაიჩი ცხენით, ხურჯინგადაკიდებული სოფლებისაკენ. ერთიც ვნახოთ, ერთს უკაცურს ალაგას, ერთი რუსული მეძებარი ძაღლი, რომელიც დაჰკარგოდა ნადირობაში პატრონს, დაედევნა ხეჩატურ მინაიჩს, ხეჩოს ეცვალა ფერი: იმას ძაღლი ცოფიანი ეგონა. ხეჩომ გააჩქარა ცხენი, ძაღლიც აჩქარდა. ხეჩოს უარესად გადაჰკრა ფერმა და შემოჰკრა ცხენს ქუსლი. ძაღლიც, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გამოუდგა ყეფით. შენს მტერს ის ამბავი, რაც ხეჩოს დღე დაადგა. “ყარაულ!” შეჰქმნა ხეჩომ ყვირილი. მაგრამ ძაღლი თავისას არ იშლიდა და უარესად მოსდევდა. ბოლოს, როდესაც ძაღლი მოეწია და ზედ არ დაუწყო ვარდნა, მაშინ ის მოვიდა თანდათან გონსა. ხეჩომ შეაყენა ცხენი. შედგა ძაღლიც: ხეჩო პატრონად არ ეცნობოდა. ხეჩომ დაუწყო ძაღლს ჯავრობა. ძაღლმა გააჭყიტა გაკვირვებით თვალები და დაუწყო ხეჩოს გაოცებით ყურება. ხეჩომ ისევ გასწია თავის გზაზედ, ძაღლი ისევ დაედევნა. “ერთი ამ ოხერს უყუროს! - სთქვა ბრაზმოსულმა ხეჩომ: - რას ამტეხია ოხერი ბაიყუშივითა! ნწა-მეთქი, შე უპატრონო, ვიღასიც ტიალ-ოხერი ხარ! ამისთანა ხათაბალა იქნება!..”
ძაღლი მაინ არ მოშორდა. რაკი ნამდვილად დარწმუნდა ხეჩო, რომ ის ძაღლი ცოფიანი არ იყო, გადმოხტა ცხენიდან და დაუწყო ძაღლს ქვების სროლა. ძაღლი გაიქცა, მოეფარა ბუჩქებს და წავიდა თუ არა ხეჩო, დაედევნა ისევ შორიახლოს უკან.
- ვა! ვა! ვისი რა არის ეს ოხერი! გაგონილა!.. პატრონს დაუკარგავს, მე დამდევნებია, თითქო ერთი კარგი რამ დოვლათი იყვეს. ძაღლი რათ გინდა, კნიაზი ხომ არა ვარ.
აქ კნიაზის ხსენებაზედ ხეჩოს მოაგონდა, რომ ის კნიაზებთან მიდიოდა და იფიქრა, თუ იყიდდა ვინმე - მიეყიდნა, თუ არა და ეფეშქაშებინა ვისთვისმე.
- ერთი-ორი მანეთიც რომ მომცენ - ისიც კარგია, - იფიქრა იმან და აღარ დაუწყო ტუქსვა ძაღლს. გზაში პურიც გადუგდო. ხეჩო და ძაღლი დამეგობრდნენ, მაგრამ ხეჩო ჯერ ხელის წასმასაც კი ვერ ბედავდა.
ხეჩო ჩამოხტა ერთს თავის მოვალე ყმაწვილ მებატონესთან. ხეჩომ მაშინვე შენიშნა, რომ ის როგორღაც კბილებს უკრეჭდა ამ ძაღლს. ხეჩომ მაშინვე განიზრახა გუნებაში ძაღლის მიყიდვა. “ეტყობა ძალიან ყვარებია!.. იქნება ერთი თუმანიც მომცეს, ან ერთი შვიდი-რვა კოდი პური...”
- რა კაი ძაღლია, ხეჩატურ მინაიჩ, - უთხრა სახლის პატრონმა ხეჩოს: - რათ გინდა შენ ამისთანა ძაღლი?
- ვა! კნიაზჯან! რათ მინდა რომელია! ეგ არის ჩემი ოჯახის შემნახველი. მამა მიცხონდა, მგელი შესაჭმელად არ ეყოფა ხოლმე.
- მგელს კი არა, დათვს კი შესჭამს. ეს სამგლე ძაღლი კი არ არის - მეძებარია, ძალიან კარგი ჯიშისაც არის.
აქ იმან დაუწყო ძაღლს ალერსით ტანზე ხელის სმა, ძაღლიც სიამოვნებით ტოკავდა და იქნევდა კუდს.
- მამაჩემის ცხონებამ, შარშან ორი ირემი დაიჭირა ყარაიაზედ. გაფრენილ ფრინველს იჭერს, ისეთი რამ არის.
- ვინა! მეძებარმა ძაღლმა დაიჭირა ირემი?.. მეძებარს შეუძლიან მხოლოდ გამოაგდოს ნადირი და არა დაიჭიროს, მერე ისიც ირემი; ისიც ორი!..
- კნიაზის მზემ-მეთქი! შენ მზეს ხომ ტყუილად არ დავიფიცავ...
- ეჰ, შენ რა იცი ძაღლის ყადრი, უნდა ნახევარ ადლი ხელში გეჭიროს და ფარჩებს ზომავდე. დამითმე მე ეს ძაღლი.
- ვა! დათმობა რომელია! მე თითონ მიყიდნია რუსისგან ხუთ თუმნათ, - გაჭირვებული იყო.
- მეც მომყიდე, - მუქთათ ხომ არა გთხოვ.
- კნიაზ ილიკოს მზემ, მეც ძვირად მიღირს. ჩვენი სახლის შემნახველი ეგ არის. ჯერ რამდენჯერ მოურჩენივართ ქურდებისაგან... არ შეუძლიან უცხო კაცს ამისი შიშით ჩვენს კარმიდამოზედ გავლა - როგორც წიწილა, ისე გაგლეჯს. ამას წინათ ერთი მუშა ძლივს გავაგდებინეთ... და მინამ არ დაღამდება ძალიან, სულ ჯაჭვითა გვყავს-ხოლმე დაბმული.
კნიაზ ილიკოს გაეცინა.
- უცნაური ტყუილი თუ გინდა, ეს არის. არა, ვისგან გაგონილა ამისთანა მეძებრისაგან კაცის კბენა. ჯერ დაყეფითაც არ დაჰყეფს, თუ სხვა ძაღლი არ დაინახა მყეფარი.
- ჰოდა სხვა ძაღლიცა გვყავს, ჯერ ის დაიყეფამს და მერე ეგ მივარდება-ხოლმე.
აქ უფრო გადაკუჭდა ძაღლის მუშტარი.
- არა, ხეჩო, მე გირჩევ გაჰყიდო ეგ ძაღლი: როგორც ვირს ხურმისა, ისე შენ ამ ძაღლისა არა გაგეგება რა.
- არ გამეგება რომელია! - გამოიდო თავი წყენით ხეჩომა. - მაშ ტყუილს ხომ არ ვიტყვი. არა ვთქვა, რაც ჩემი თვალით მინახავს.
- არა, ეგ ხომ მე არც სამგლეთ მინდა, არც საყარაულოთ, მე ეგ მინდა სანადიროთ, რომ ნადირი იპოვოს და სხვა ძაღლებს, რომელთაც დაჭერა შეუძლიანთ, იმათ გამოუგდოს-ხოლმე. ეგ ძაღლი მარტო მეძებარია.
- ჰოდა ეგეებიც შეუძლიან. ჩემი ცოლი რომ რასმეს დაჰკარგავს, სულ მაგან აპოვნინებს-ხოლმე. ნემსი არ დაემალება.
ილიკოს კიდევ უარესად წასკდა სიცილი. ხეჩოს უკვირდა, თუ რა სთქვა ამან ისეთი სასაცილო.
- არა, ხეჩო, ძაღლი შენი საქმე არ არის. კაი ფასს მოგცემ, თუ გაიმეტებ.
- კაი ფასი რომელია! გეუბნები ხუთი თუმანი ნაღდი მიმიცია მეთქი.
- მე ერთ კარგს მოახლეს მოგცემ მაგაში. შენ ხომ გოგო არა გყავს საკუთარი.
- ვა! გოგო როგორ იქნება! ძაღლი ოცდაათი თუმნათ არ მივცემ. სამი კომლიც რომ მომცე, არ მოგცემ.
- არა, სამ კომლს კაცს კი მაგაში არავინ მოგართმევს. აი, იმისთანა რომ იყვეს, ბიძაჩემმა ზაქარიამ რომ იმერლისგან მწევარი იყიდა, ის კი! ჯეირანი არ წაუვა-ხოლმე.
- ვა! ამან უფრო ჯერანი არ იჭერს.
- რაებს ლაპარაკობ! მეძებარი და ჯეირანისა და ირმის დაჭერა რატომ არ გამიგონია! შენ საცაა იტყვი, ტახებს იჭერსო.
- ჰოდა, მე და ჩემმა სულმა!.. ეს სხვანაირი ძაღლია, ეს იმისთანა ძაღლი კი არ არის, რომელიც შენ გინახავს...
- კარგი ერთი, მამა გიცხონდა, ხეჩატურ! შენ სხვა სთქვი, თორემ ძაღლებში კი ვერ მომატყუებ... ერთი სიტყვით, სთქვი შენი ძაღლის ფასი, რომ მოგცე.
- ბიძაშენს რა მიუცია?
- იმან მისცა სამი კომლი ოსი.
- მე ყმები რათ მინდა! მე ერთი გოგო-ბიჭი და ხუთიოდე ურემი პური მომეცი. ესეც შენი ხათრის გულისათვის, კნიაზის მზემ, თორემ მაგისთანა ძაღლი კაი კაცი შინიდან გაიმეტებს?
- თუ გინდა, მე სწორედ გეტყვი: ერთი გოგო და ერთი ურემი კარგი დარკვეული პური, თუ არა და არც ძალიან საჭიროა: ერთი ოცდახუთი კიდევაც მყავს მაგისთანა მეძებარი, ზოგს ათას მაგისთანაშიაც არ მივცემ.
- რა შვილი ხარ! ათას მაგისთანაში არ მისცემ! თითონ ვინც მომყიდა, იმან უთქვამს ჩემთვისა, რომ მაგისთანა ძაღლი არავისა ჰყავსო.
- ერთი სიტყვით გინდა - ეგ არის, არა და შენი ნებაა.
- ერთი გოგო და ხუთი ურემი პური.
- მე ჩინჩვლა და ლაპარაკი არ ვიცი. სომეხი ხომ არა ვარ.
- სამი ურემი იყვეს.
- ნწუ! არა-მეთქი, ეგ არის, ბევრი ლაპარაკი რა საჭიროა!
- ერთი ურემი! ცოდო ვარ კნიაზის მზემა.
- ცოდო, მე ვიცი, ხარჯი მოგსვლია.
- ვა! ხარჯი როგორ არ მომსვლია, ხუთი თუმანი მიმიცია, ორი წელიწადია მყავს. აბა ახლა ხუთი თუმნის სარგებელი იანგარიშე, ახლა რამდენი ხორაგი შეუჭამია...
- აბა, შენ დამაჯერე, რომ ხეჩატურ მინაიჩი ძაღლში ფულებს მისცემდა. უთუოდ ან გაჩუქებდა ვინმე, ან იპოვიდი.
- ვა! მაშ ძაღლი ჩამეკლას მამიჩემის სულში. თუ მე ეგ მეპოვნოს... პოვნა რა ჰალა-ჰალა ხომ არ არის... პატრონი მაგისთანა ძაღლს დაჰკარგავს... ეს არის, რაღა, ეხლა პური მიჭირს, ფული არა მაქვს ვიყიდო, თორემ ვინ თავლაფიანი გაიმეტებს მაგ ძაღლსა. ისე მენანება, როგორც ჩემი სული.
- მაშ ეგ არის, იძლევი რაღა იმ ფასათა?
- შენ ხათრს რა გაეწყობა, თორემ, მამა მიცხონდა, დაღუპული ვარ. ეგ ძაღლი ათასი თუმანი ღირს. შენ ნახავ რამდენი გასიამოვნოს.
IX
ვისი ტყე, ვისი ხარები ვისთვის რა საშველია
ხეჩომ გაირიგა საქმე და გასწია მხიარულად ქალაქისკენ.
“ვა! კინაღამ ი ძაღლი არ დავკარგე!.. კაცს რომ ღმერთი დოვლათს მისცემს - მისცემს და მისცემს...” ფიქრობდა გზაში ხეჩო. “როგორ გაეხარდა კნიაზი, ძაღლი რომ ნახა... მამა უცხონდა! სწორეთ ხეჩო ძაღლში ფულს მისცემდა. განა ქართველი კნიაზი ვარ! მალე კი დაიჯერა და. ვა! ძაღლში ფულს როგორ მივცემ, კაცზედ მეტსა სჭამს”.
კნიაზ ილიკოს გოგო და პური ერთად უნდა ჩაეტანა ქალაქში ხეჩოსთვის. საწყალს ხეჩოს სიხარულისაგან დაავიწყდა წინდაწინვე გარიგებოდა, რომ კარგი და გამოცდილი გოგო მიეცა იმისთვის ილიკოსა. “ერთი ძლივს არ მოვატყუე სომეხი”, ფიქრობდა ილიკო. “ამ ძაღლს ვინ მისცემდა ასე იაფად! აი სომხის ჭკუა. მგონი კიდეც უხაროდა, რომ თავიდან მოიშორა, ოღონდ ერთი მჭამელიც მოეშორებინა. გოგოსაც როგორსაც მინდა, ისეთს მივცემ ეხლა. ავიღებ და ერთი ოსის გოგოს ვისმე მივუგდებ”. აქ ილიკომ დაუძახა თავის მოურავს.
- ერთი ობოლი ოსის გოგო არავინ გეგულება ჩვენს საყმოში? - ჰკითხა ილიკომა.
მოურავმა ჩაღუნა ძირს თავი, ხანჯალზედ ხელებდაბჯენილმა, და ჩაფიქრდა.
- რა მოგახსენოთ! მეგულება ერთი ორი-სამი, მაგრამ ორს ძალიან ავი ბიძები ჰყავს და ვაითუ თავი გამოიდონ, ერთი აბეზარი და ავაზაკები არიან.
- თავი გამოიდონ რა, მეფე ერეკლობა ხომ არ არის! ციმბირი და მაგათი ჯანი! ალაგს ვერ უპოვი თუ.
- არა, ბატონის წინააღმდეგი კი როგორ შეუძლიანთ: დღესაც შენები არიან - ხვალაცა, მაგრამ, მე შენ მოგახსენო, ერთი უპატრონო გოგო მეგულება, დედის მეტი და პატარა ძუძუმწოვარი და ძმის მეტი არა გააჩნია რა. ეს არის ძალიან მაღლა, მთაში გახლავთ. ქართული სულ არ იციან.
- რომელია?
- მართა ჰქვიან სახელათა. თუ გახსოვთ აქაც ხშირად გახლდათ ხოლმე, მონადირე ოსი იყო, ქუჯი, - იმისი გოგოა. ის ხომ აგერ ერთი წელიწადია თქვენი ჭირი წაიღო, და ეგ გოგო თერთმეტ-თორმეტის წლისა დარჩა.
- ვინც უნდა იყვეს - სულ ერთია, ოღონდ ერთი ეს სომეხი მოვიშოროთ თავიდან.
- ის ძაან კარგი გახლდებათ, დედას არა შეუძლიან რა და სხვა კი პატრონი არავინა ჰყავს.
- მაგისი შენ იცი. ერთი სიტყვით, შენ ამ ერთს კვირაზედ უნდა ჩაჰგვარო ის გოგო და ჩაუტანო ერთი ურემი პური ხეჩო ჩაიფხანაშვილსა. გესმის?
- ბატონი ბრძანდებით შენი ჭირიმე, მე ხვალვე წავიყვან სამიოდე იასაულსა და წავალ.
X
მართა
რა მოაგონებდა მართასა, რომ ის როდისმე დაშორდებოდა თავის სამშობლოს თვალაუწვდომელსა და საშიშარს მთებსა, თავის პატარა და-ძმასა და თავის საყვარელს დედას, ბოსიკონსა. რა მოაგონებდა, რომ ის ამ მოკლე ხანში ჩავარდებოდა იმ ხალხში, იმ საზოგადოებაში, სადაც არც ჩვეულებით, არც ცხოვრებით, არც ყოფა-ქცევით, არც ენით და არც არაფრით სხვით არა ჰგვანან იმის მშობელს ხალხსა და საზოგადოებას. ცამეტი წლის მართა თავისთვის გულდამშვიდებით დადიოდა ცივს ყინვაში, წითელი შალის პერანგში და ფეხშიშველა ფეხითა გუდურებისთვის საშინელს კლდიანსა და მიუდგომელს ტყეებში. მართა დიდი ხანია შეეჩვია აქ სიარულსა და კანჯარივით ხელისსიწრო ბილიკებსა და ბორცვებზედა თითქო სწორე პიტალო გზაზედ დაიარებოდა და დახტოდა.
მართა ვერასდროს მოიფიქრებდა იმაზედ უკეთეს ცხოვრებას, რასაც ხედავდა თავის გარშემო. არც ეძებდა უკეთეს ცხოვრებასა. მართალია ამისი დედა უფრო ღარიბი იყო ზოგიერთა მეზობლებზედა, მაგრამ მართა არც ამასა ხედავდა. არც ეცალა იმისთვის, რომ ეგრძნო სხვის სიმდიდრე. ის სულ საქმეში იყო გართული. ნახევარზედ თავისი სახლი სულ იმის კისერზედ იყო. იმას უნდა თავის ზურგით ეზიდნა გუდურებით შეშა სახლის საჭიროებისთვის, უნდა მოევლო ძროხისა და ხუთიოდე რაღაცა თხები ეყარათ, იმათთვის, უნდა საფქვავი წაეღო და მოეტანა, ქარჯინები და ხმიადები გამოეცხო; უნდა ბავშვებისთვის ყური ეგდო, ექსოვა იმათთვის და თავისთვის წინდები, შალები და სხვა. ერთი სიტყვით, ის მოუცლელად იყო საქმეში გართული. ამას ყველას ისეთი ხალისითა და სიამოვნებით აკეთებდა მართა, რომ ის სრულებითაც ყურს არ უგდებდა, სხვები როგორ ცხოვრობდნენ. მართა თავისი ხალისიანობითა და სილამაზით ყველას უყვარდა. ძვირად თუ ვინმე გაიგონებდა მართასგან ურიგო სიტყვას, ძნელად თუ ვინმე მოიგონებდა იმისგან ნაწყენობას. თითონ ამისი დედა ბოსიკონა, რომელიც იყო საშინელი ბრაზიანი და ავგული დედაკაცი, ვერ უპოვიდა ხოლმე მართას მიზეზსა, რომ გაჯავრებოდა. მართას არ უყვარდა ამხანაგებში სიარული აგრე რიგად. თუ ტოლები მოინდომებდნენ ამასთან სიარულსა, ან ერთად საქმესა, ეს არა რეკავდა იმათ თავისაგან, მაგრამ, როდესაც მარტო იყო ხოლმე, უფრო თავისუფლათა გრძნობდა თავსა. მართას ძალიან უყვარდა მარტოობა და მეტადრე მაშინ, როდესაც ის მოექცეოდა ხოლმე წვეროებზედ ერთს რომელსამე მაღალს ტიტველა მთას შემოდგომის მოწმენდილს ჰაერზედ. ეს ხშირად ადიოდა ამგვარს მთებზედ, გაირეკავდა თან თავის თხებსა, მიანებებდა იმათ ბალახზედ თავსა და დაუწყებდა თითონ მოწმენდილს წმინდას ჰაერში შორს, თვალგაუწვდომელს სივრცეს ყურებას. დაუწყებდა რაღაც სხვანაირის გულის ცემით ცქერას მშვენიერს აჭრელებულს და შემკობილს საქართველოს ბუნებას; შეჰყურებდა განცვიფრებით მთებიდან ვერცხლის ზოლებივით, თითქო გველის ხვრელიდან გამომავალს, დაქანებულს წმინდა ანკარა წყლებსა. უყურებდა შორს მთებსა, ველებსა, სახნავებსა, ხნულებსა, ვენახებსა და გაფენილს და ვენახებში გაბმულს სოფლებსა; დაჰყურებდა რაღაცა გაშტერებულის ფიქრით დაუსრულებელს ცის სივრცესა, სადაც ლაჟვარდს ჰაერში ეკარგებოდა გონება ყმაწვილს გამოუცდელს ბავშვსა და რაღაცა ტკბილისა და შემაღონებელის გრძნობით უწყებდა გული ცემასა. იჯდა ხოლმე მართა დიდ ხანს და გაშტერებული გაჰყურებდა უცნობს სოფლებსა. ზოგჯერ ის ისე გაერთობოდა ამ სანახაობით, ისე ჩაფიქრდებოდა ხოლმე ამათს ყურებაში, რომ ბევრჯერ მოასწრებდა საშინელი ჭექა-ქუხილი, ელვა და ავდარი. საშინელი სანახავი იყო მართა, როდესაც პარველად იმას მოასწრო ერთს ამისთანა მაღალს მთაზედ ავდარმა. უცებ, მოწმენდილს ჰაერში, წამოვიდა ირგვლივ ხეობებიდან რაღაცნაირი ბურუსი და ნისლი, ერთს წუთაზედ მთელი ქვეყანა მოიფინა ღრუბლითა, მართას ფეხთით გარშემო არეს შემოერტყა ირგვლივ ზღვასავით ღრუბელი. ყველა ბნელით შეიმოსა. მხოლოდ მართა იდგა მოწმენდილს წმინდა მზიანს მთაზედ და შეჰყურებდა შეზარებით ძირს შავად თვალგადუწვდომელს სივრცეზედ მოფენილს ბურუსსა. ასტყდა ძირს, მართას ქვემოდან საშინელი ელვა და საზარელი ქუხილი, დაიწყო ელვამ გველივით ხლაკვნა და სრიალი ყოველს მხარესა, შეიქნა საშინელის საზარებით ზარბაზანივით სროლა და ხმა ჭექა-ქუხილისა. მართამ გადაავლო თვალი ცის სივრცესა. მის ფერხთ ქვეშ მთელი ქვეყანა იყო შთანთქმული ღრუბლის ზღვაში და თვითონ მაღლა იყო ნათელს მზეში, უმაღლეს ღრუბელთა და ჭექა-ქუხილისა. აიტანა მართა შიშის ზარმა და თრთოლამ, აიტანა საშინელმა გამოუთქმელმა მწუხარე გრძნობამ. მართამ არ იცოდა, რა ექნა. ამას ეგონა მთელი ქვეყანა დაინთქა და მარტო მეღა დავრჩიო. თხები კი თავისთვის გულიანად შეექცეოდნენ მთის წმინდა ბალახსა. პატარა ხანს უკან თანდათან აიწივნენ ღრუბლები, ქუხილმა და ელვამ უკლო. ახლა თითონ მართაც დაიფარა ღრუბლებში და ცოტა ხანს უკან თანდათან განათდა ქვეყანაცა. მართამ ცალკე სიხარულით და ცალკე გაოცებით კინაღამ ტირილი შეჰქმნა. იმან დაილალა თავისი თხები საჩქაროდ და წამოვიდა შინისკენ, რომ ეამბნა დედასთვის თავისი გაოცება და საკვირველების ნახვა...
ცხოვრობდა ამგვარად მართა თავის სასტიკს და მწირს სამშობლო ბუნებაში, სიღარიბესა და საშინელს ნაკლებულებაში. ითმენდა ბევრს სიცივესაც, სიტიტვლესაც, მაგრამ უკეთესი ცხოვრება იმას არ უნდოდა, არც ეძებდა და არცა ჰქონდა მოთხოვნილება. თავისთვის თავისუფალი, თავისუფალსვე ბუნებაში მცხოვრები მართა ვერ მოიფიქრებდა, თუ სადმე ამასა ჰყავდა ბატონი, რომელიც მხოლოდ გაეგონა, მაგრამ წარმოდგენითაც ვერ წარმოედგინა, რა უნდა ყოფილიყო ეს ხსენება, რომლითაც ამას სიყმაწვილეში აშინებდნენ ხოლმე და ისე მოკრძალებითა და შიშით ლაპარაკობდნენ ყველანი. არ იცოდა მართამ ბატონის ძალა და უფლება და არც ძალიან ფიქრობდა ამაზედ, ამას მხოლოდ ეს კი ახსოვდა და არ ავიწყდებოდა, რომ ერთხელ ამისი მამა, ქუჯი, დაიჭირეს ვიღაებმაც და სთხოვდნენ ბატონის ხარჯს. ახსოვდა, რომ ბევრი სცემეს ამ ვიღაებმაც ამის მამას, ბოლოს დაუყიდეს თითქმის ყველა საქონელი და მასაქეთ ვეღარ მოიდგა სული, ვეღარც გამოდგა თავმომწონე ქუჯი და ამის შემდგომ მალეც მოუღო ამას სიკვდილმა ბოლო. მას აქეთია ბატონისა მას აღარა გაეგონა რა და არცა კითხულობდა, რადგან ესე ყველა სიზმარივით ახსოვდა და რაღაც ცუდს გუნებაზედ აყენებდა, როცა მოიგონებდა.
ბოსიკონა თავის მხრივ ახლა სხვაფრივ შეხაროდა თავის ლამაზს მართასა. აქამდის ის აძლევდა სახლში შემწეობასა და ახლა რამდენიმე მთხოვნელებიც აუჩნდნენ და გამოელოდა იმათგან საკმაო ურადსა, რომ ამითი ეგება პატარა სული მოედგა თითონაცა და შვილებიც რითიმე ეცხოვრებინა. ბოსიკონა კიდეც გაურიგდა ერთს ყმაწვილს კარგი ოჯახის შვილს ოსსა ურადზედა. აქედან უნდა მიეღო იმას მართაში ოცდახუთი მანეთი ფული, ათი ძროხა, ხუთი ხარი, ორი თოფი, ხუთი ხმალი და ოცდაათი სული ცხვარი. ამითი ბოსიკონა იმედობდა სამუდამოდ ფეხზედ წამოდგომასა, რომ უცებ კარს მოადგა მართას წასაყვანად ბატონის მოურავი ოთხის იასაულითა. ბოსიკონამ იტაცა თმებში ხელი და მორთო საბრალოდ გულისმომკვლელი ღრიალი. დიდს და დიდხანს არ ანებებდა ბოსიკონა იასაულებს თავის საყვარელს პაწაწა მართასა, დიდხანსა სთხოვდა მკვდარს ქუჯის თავის უპატრონო ცოლ-შვილის შველასა; დიდხანს გულსაკვდავად შებღაოდა თავის მეზობელს ოსებს შველას და დახმარებას, მაგრამ ყველა იყო ამაო. მთელი სოფელი: კაცი თუ დედაკაცი, დიდი თუ პატარა იწოდა ბოსიკონას და ყველასგან საყვარელი ფხიზელი და მალხაზის მართას ცოდვითა, მაგრამ შველას ვერავინა ბედავდა.
იასაულებმა დაამწყვდიეს ბოსიკონა სახლში, გამოუკეტეს კარები, შეუბრალებლად შეისვეს გაჭირვეულებული და თავგადაკლული, თმაგაწეწილი მართა და წაიყვანეს ვაკისაკენ. გაცოფებულმა და გააფთრებულმა ბოსიკონამ გამოგლიჯა ძლივს სახლის ურდული და თმებგაწეწილი, ფეხშიშველა, გულგადაღეღილი, დაჭრილი ირემივით გამოუდგა იასაულებს ვიწრო მთის ბილიკებსა, ბორცვებსა და ოღრო-ჩოღროზედ. გაბოჭილი მართა შორიდან განწირულებით იშვერდა დედისკენ ხელებსა და სთხოვდა შველასა, მაგრამ ყველა იყო ამაო. იასაულები იყვნენ შორსა და თუნდა ახლოცა ყოფილიყვნენ, საშველი არ იყო: ბატონის ბრძანებას ვერ გადაუვიდოდნენ.
მართა თითქმის უგონოდ ჩაიყვანეს ბატონთან და აქედან გაისტუმრეს ქალაქს, ხეჩატურ მინაიჩთან.
- აფსუსი კია ამისთანა ლამაზი გოგო იქ გასასტუმრებლათა, - ეუბნებოდა ილიკო თავის მოურავს მართაზედა: - წაუხდენელს არ გაუშვებენ: მოდი სხვა მივცეთ და ეგ აქ დავიჭიროთ. ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო. ჩვენი ყმის გოგო ჩვენი უფრო უპრიანი არ არის!..
მაგრამ მაინც მართას არ ასცდა ქალაქს გასტუმრება. ილიკოს ცოლი მიხვდა, რა აზრით არ იმეტებდა იმის ქმარი მართასა და არ დააჭერინა სახლში.
ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა.
ხეჩოს მართას დანახვაზედ ელდა ეცა.
- ვა! იმისთანა ძაღლი მომიცია და ამ ერთიბეწვა გოგოს მაძლევთ!.. ღმერთი არ არის!.. ეს სიტიტვლე რაღაა!.. ერთი ძველი ქალბატონის გამონაცვალი ჩითის კაბას მაინც ჩააცმევდით... ეხლა მე ვინ მომცა იმდენი, რომ ეს მოვრთო... ბარემ სულ ტიტველა გამოგეგზავნათ... ძაღლი მომიცია, მე და ჩემმა სულმა, ეხლაც მაძლევენ ოცი ნაღდი თუმანი. გუშინ იყო აქა ერთი რუსი ახოტნიკი... რა უღმერთობაა!..
- თავი არ მომიკვდება, პარუმ ხეჩო, რომ ამისთანა გოგო შენ ვერსად იშოვნი, მთელი სოფლის თვალი იყო. ასეთნაირათა ტიროდა ამის დედა ამის წამოყვანაზედა, რომ იმის ცოდვით ქვა იწოდა... ბატონმა განგებ ეს ამოარჩია, რომ პარუმ ხეჩოს ვასიამოვნოო. თორემ განა სხვა გოგოები არა ჰყავდა, ღმერთმა იცის, ძაღლებზედ უფრო გოგოები ბევრი ჰყავს შინა, არც კი იცის, რა გააკეთებინოს.
- ვა, ეს ასეთი ტიტველა როა, ეს რაღაა?
- ტიტველა, მე შენ მოგახსენო, სხვა მიზეზი გახლავთ. ჩემს ბატონს განა შურდა მაგისთვის ერთი ჩითის კაბა; გაუჭირდებოდა თუ რაა! მაგრამ, აი მაგითი საქმე როგორ გახლდათ. მე მიბრძანა ჩაჰგვარე ვინმე გოგოო პარუნ ხეჩოსაო და მე პირდაპირ წამოვიყვანე. მე და ჩემმა ღმერთმა ჩემ ბატონს არც კი უნახავს... მაგი ჩაცმას, შე დალოცვილო, რა დიდი ანგარიში უნდა...
- ჰო, არ უნდა! მაშ თუ არ უნდა, რატომ არ ჩაგიცვამთ... ჩემი ძაღლი მილიონი ღირდა. წუხელის კინაღამ ქურდებმა აგვიკლეს...
მეტი ღონე არ იყო, უნდა ხეჩოს მიეღო ეს გოგო. ეხლა ერთი ელდაც იმაზედ ეცა, რომ გოგომ ოსურის მეტი ენა არა იცოდა რა.
- იმისთანა ძაღლში ამისთანა გოგო იქნება!.. ოხრობაა, რაღა! - სწყრებოდა ის კიდევ მოურავთანა...
- ნეტა ერთი ვიცოდე, რათ უნდა იმ დალოცვილ ჩემ ბატონსაც იმდენი ძაღლები!... ნეტავი ნადირი მაინც იყვეს ჩვენკენა...
ხეჩო ამ ლაპარაკზედ ცოტა შეიცვალა, ღმერთი არ გაუწყრეს და არ შემეშალოსო.
- მახლას, რაც არის - არის... მამიჩემის ცხონებამა, კნიაზის ხათრმა დამღუპა, თორემ სხვას ეგრე არ დაუთმობდი!..
- ეჰ, აგრე იქნება, პარუნ ხეჩო, ზოგი ხათრი, ზოგი ნაცნობობა. დღეს ხვალიაობაა, მაშ როგორ იქნება...
დიდხანს ვერ შეეჩვია მართა ამ თავის ახალს ცხოვრებასა და არ იცოდა ან სად იყო, რომელს ქვეყანაში, ან რომელს ხალხში; არ ესმოდა ამათი არც ენა, არც ადათი, არც ჩვეულება, არც სალოცავი. ქვეყანა იმათსას არ ჰგავს, ხალხი სულ უცხო და სხვა არის. დიდხანს მინამ შეეჩვეოდა, არ ავიწყდებოდა მართას თავისი სამშობლო ქვეყანა, თავისი დედა და პატარა და-ძმა, არ ახალისებდა ამას არც მდიდრული ცხოვრება, არც კარგი ჩაცმა, არც მაძღრისად ყოფნა, არც დაყვავება თავისი, ახალი პატრონებისა. ის ყველას ერიდებოდა, ყველას ჰხამობდა და ტიროდა მდუღარეს ცრემლითა. მაშინაც, როცა შეეჩვია ახალს ცხოვრებას, ახალს ხალხს და ამათს თვისებას, მაშინაც ჯერ კიდევ ღრმად ახსოვდა ბუნება თავისი სამშობლო მხრისა, თავისი საცოდავი დედა, რომელიც ისე გამწარებული მისდევდა ამას გამოსალმების დროს, და მისტიროდა მართას გული კიდევ ძველს თავის ველურს ცხოვრებას. ვინ იცის, რას მისცემდა მართა, რომ ეხლა იმისთვის ერთიც არის დაენახვებინათ თავისი ქვეყანა, თავისი მთებით, დედა და პატარა ნაამაგარი და-ძმები. მაგრამ ამაოღა იყო. მართა საუკუნოდ გამოესალმა ყველას. მართასთვის დაიხურა სამშობლო ქვეყნის კარი სამუდამოდ და დაედვა იმის წინ სხვარიგი ცხოვრება, სხვა მომავალი.
მართა მიუჩინეს შუშანას და დანიშნეს ამის სამზითვოდ. არ გასულა ერთი წელიწადი, რომ შუშანა გათხოვდა თავის სანატრელ როსტომ ტაბლაძეზედ და თან გაიყოლა მართაცა.
მართა იყო ძალიან თეთრი, თვალ-წარბი და თმა ჰქონდა შავი, როგორც გიშერი, ლოყები უღვიოდა თეთრ-წითლათა თურაშაული ვაშლივითა, თითონ იყო კარგი მოყვანილი სრული გოგო, ჯანი და სისაღე ისახებოდა ყოველს იმის მოძრაობაში და იმისი სახე იყო სავსე ეშხითა. მართალია ქალაქში დაჰკარგა ცოტა თავისი საღი ფერი, რომლითაც დიდი გარჩევა აქვთ მთის ქალებს და საზოგადოდ სოფლის ქალებსაც ქალაქის ქალებთან, მაგრამ სისუფთავემ და წმინდათ თავის შენახვამ დასდო ამას თავისი შნო და ლაზათი.
ყმაწვილმა სოსიკამ, თუ ახსოვს მკითხველს, როსტომის მსახურმა პირველათვე იგრძნო რაღაცა ტკბილი აღტაცებული გულისთქმა მართას ნახვაზედ. მართა ჯერ აგონებდა სოფელს, რომელსაც ამდენი ხანია დააშორა ბატონმა, მეორეც ესა ხედავდა ამ სოფლის საღს და ჯანიან გოგოს სუფთად ჩაცმულსა და სუფთად თავშენახულსა. ერთი სიტყვით, მართა ამას თავის მდგომარეობით თითქო აგონებდა თავის ვითარებასაცა. ამასთან მართას ლამაზი ცოცხალი თვალები და ეშხიანი სახის მეტყველება შიგ გულში ეწონებოდა სოსიკას. სოსიკას აღეძრა სხვანაირი გრძნობა და კი ვერ მიხვედრილიყო, რა გრძნობა იყოს ეს გრძნობა. იმას შეუყვარდა მართა, როგორც ნამდვილი ყოველი და ჭეშმარიტი სიყვარული დაიწყება ხოლმე, ისე, თითქო და არისო, - დასავითაც არა, იმიტომ რომ ამისთანა ცხოველს სიყვარულს დასთან ძმა ვერასოდეს ვერ იგრძნობს, - შეუყვარდა, როგორღაც სხვანაირის ცხოველის სიყვარულითა: უნდოდა, რომ ნიადაგ ამისთვის ეყურებინა, ამისთვის ესიამოვნებინა და სმენოდა ამისგან ტკბილი, ალერსიანი სიტყვა. როცა კი გაიგონებდა სოსიკა მართასაგან ტკბილს და დაყვავებულს სიტყვას, ისეთი ტკბილად რაღაც დაუვლიდა ხოლმე ტანში, ისეთნაირად შეეკმინდებოდა სული და დაუწყებდა გული ცემას, რომ თითქო ნამდვილ სასუფეველს ეხლა გრძნობსო.
სოსიკა ცდილობდა ყოველთვის დახმარებოდა ყოველს საქმეში მართას, როცა მართას დაასაქმებდნენ რაზედმე ბატონები, სოსიკა სტოვებდა თავის საქმეს და ასწრებდა მართას ამ საქმის გაკეთებას. ერთი სიტყვით, თითონაც არ გაეგებოდა სოსიკას, რათ უნდოდა, რომ ეს სულ მართას სიამოვნებასა და მართას მაგიერ საქმობაში ყოფილიყო.
მართა, ჩავარდნილი უცხო ქვეყანაში და გულდატყვევებული, ჩავარდნილი იმ ხალხში, სადაც ალერსიანი სიტყვა და ტკბილი ხმა არ გაუგონია, უყურებდა თავის ახლად გაცნობილი კაცის ალერსიან ქცევას გამოუთქმელი მადლობითა. მართას შეუყვარდა საშინლად სოსიკა და ისიც აგრეთვე გრძნობდა სოსიკასთან დაძმურს სიყვარულს. სხვა ფიქრი, ფიქრი ცოლ-ქმრობისა არც ერთსა და არც მეორეს გულში არ გავლებიათ, - და თუნდა კიდეც მოსვლოდათ ფიქრად, დიდ ცოდოდ შერაცხავდნენ, ისე წმინდის გულით უყურებდნენ ერთმანეთსა. რასაკვირველია, რაკი არც ერთმა არ იცოდა ამათი სიყვარული, რა სიყვარული იყო და გრძნობდნენ ერთმანეთთან ნათესაურს, უმზაკვრო სიყვარულს, ისინი არც არიდებდნენ ერთმანეთს თავის გრძნობასა და მალეც დაუახლოვდნენ ერთმანეთს. იმათ გამოუცხადეს ერთმანეთს თავისი გრძნობები და რადგან უყურებდნენ ერთმანეთს ნათესაურად, მისცეს ერთმანეთს დაძმური პირობა. დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ეუბნებოდნენ ორივენი ერთმანეთს თავის გულის პასუხს, თავის თავგადასავალს და არ უმალავდნენ ერთმანეთს არაფერს, როგორც და ძმასა, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ სოსიკა სულ მთლად აენთებოდა ხოლმე, როცა გაიგონებდა მართასაგან ამბავსა, რომ იმას დედა უპირებდა გათხოვებასა და ურადსაც გარიგებული იყვნენ, როდესაც მართა წამოიყვანეს შინიდან. ერთი სიტყვით, ერთი ფიქრი, რომ მართა თხოვდებოდა, ან უნდა გათხოვებულიყო სოსიკას სულ გულს უხეთქავდა. ისევე ამბავი ემართებოდა მართასაცა, როდესაც წარმოიდგენდა, რომ სოსიკას უნდა ცოლი შეერთო, ან მეტადრე, როდესაც გაიგონებდა სოსიკასგანა, რომ იმას ცოლსა ჰრთავდნენ შინაურები, ბატონს რომ დაეთხოვნა.
რამდენიც დაუახლოვდნენ ერთმანეთს გამოუცდელი და-ძმანი, უფრო უნდოდათ ერთმანეთის დაახლოება და თანდათან ჰხედავდნენ თავის თავში ცვლილებას. ცოტ-ცოტათი შეეპარათ ორთავეს სურვილი, რომ ერთმანეთის ხელი ხელში სჭეროდათ და ერთათა ყოფილიყვნენ მარტონი, სხვა პირების უთანაზიაროდ. ერთმანეთის ხელის დაჭერას რა ცოდოდ შერაცხავდნენ, ან რა საძრახისად ჩაიგდებდნენ, მაშინ როდესაც ესენი ერთმანეთს და-ძმებივით უყურებდნენ და ერთმანეთს და-ძმობა უთხრეს. ამათ, რასაკვირველია, გაუწითლებლად და დაძმურად დაუწყეს ერთმანეთს ხელების ჭერა, როცა მარტონი რჩებოდნენ: ხალხში ეს სურვილი არ გაეღვიძებოდათ-ხოლმე. რაკი დაუწყეს ერთმანეთს ხელების ჭერა, მერე მარტო ეს აღარ აკმაყოფილებდათ ამათა. ამათ მოუნდათ ერთმანეთის შემოხვევა და კიდეც და ძმურის გულის თქმით შემოეხვივნენ ერთმანეთს. გაუტკბათ ესა და დაუწყეს ხშირად ერთმანეთს ხვევნა. ამანაც აღარ შეიჯერა ესენი. მოუნდათ ერთმანეთის კოცნა. აკოცეს ერთმანეთს... დაძმურადა. მაგრამ ის, რაღაცა ტკბილმა, მწველმა გრძნობამ რომ დაუარათ ორთავეს მთელს სხეულში, ეს კი როგორღაც სხვანაირად ეჭაშნიკათ. მართალია ორთავენი გრძნობდნენ, რომ ამ სიტკბოებას და ძმასთან და ძმა დასთან არ იგრძნობენ, მაგრამ ვერასდროს ვერ მოვიდოდნენ ფიქრსა და ვერც გაიმეტებდნენ ესენი თავსა, სხვა რამე იჭვი რომ შეეტანათ ერთმანეთში, მინამ კოცნაც ცოტა არ შეიქნა იმათთვის. კოცნა გახშირდა. ყოველს კოცნაზედ ორთავეს უვლიდა რაღაცნაირი ალი გულში და ემღვრეოდათ სხვანაირად თვალები. რაკი კოცნაც საკმაო აღარ იყო ამათთვისა და სხვა ფიქრები აეშალათ თავში, მაშინ ძლივს დაიწყეს ამათ მიხვედრა, რასაც ნიშნავდა ამათი სიყვარული. პირველი მართამ შენიშნა ესა და დაფიქრდა. “რას ჩავდივარ! - დაიწყო იმან წუხილი: - ხომ დავიღუპე!.. რაღა ვქნა, რომ ბატონებმა შეგვიტყონ... მე ვერ მივხვდი და სოსიკა ასე დაუნდობრათ მიყურებდა მე...” იმან ბრალი სოსიკას დაადო. გამოუცდელს მართას ეგონა, რომ სოსიკა აცდუნებდა ამასა. “მე იმას ძმასავით უყურებდი და მერე იმან კი რა ჰქნა! - არ მინდობს!..” სწუხდა ის და დაუწყო ახლა კი რიდი და ფრთხილობა სოსიკასა. თუმცა ის ბრალს ადებდა სოსიკასა და იმას რაცხდა მაცდურათა, მაგრამ თითონ კი უსოსიკოდ ვერც ერთს წუთას ვერ გაეძლო, როცა სოსიკა წავიდოდა სადმე და არ იყო შინა, მართას დაუწყებდა სული წუხილს, უღონდებოდა დარდისგან გული და არ იყო მოსვენებული. მართა, არამც თუ სწუხდა დაშორებასა, იმას სულ უბრაზდებოდა გული ქვეყანაზედ, ასე ეგონა, ყველას ისე უყვარდა ამისი სოსიკა, როგორც ამასა და ყველა ეცილებოდა ამას თავის საყვარელსა. მართასთვის ტყვია იყო გულში, თუ ვისმე ქალს ნახავდა სოსიკასთან გამოლაპარაკებულს, ამ ამბავზედ მართას სულ გული უღონდებოდა, სულ ფერი ეკარგებოდა და მზად იყო გაეფლითა შუაზედ ყველა ყმაწვილი ქალი, ვინც გაბედავდა სოსიკასთან ლაპარაკსა. ასევე დღე ადგებოდა სოსიკასა, როდესაც მართას ვინმე ვაჟკაცი გამოელაპარაკებოდა. რასაკვირველია, ბოლოს, როდესაც იყო, ორთავენი კარგად მიხვდნენ, რაც გულით ერთმანეთი უყვარდათ.
ამათი დაახლოვება, რაღა თქმა უნდა, არ დარჩათ შეუნიშნავი ამათს ბატონებს. იმათ დაუწყეს თვალ-თვალობა და ყურის დევნა. ბოლოს შუშანა დარწმუნდა, რომ ესენი აღარა ხუმრობდნენ. აქ შუშანა ერთს მშვენიერს დღეს ქმარს სწვდა ყანყრატოში.
- არა, ეს მოსათმენია ჩვენგანა!.. დაუწყო იმან როსტომსა: - არა ჰყურობ ჩვენ სახლში რა ამბავია!.. შენი მსახურების გადამკიდე შინ მოახლეები ვეღარ შეგვინახავს... სასალახანო შეიქნა რაღა ჩვენი სახლი!.. სულ შენი ბრალია, რომ რიგიანი მსახური ვერ ამოგირჩევია სახლში, თორემ ამისთანა მსახურს რიგიანი თავადის შვილი შინ შეინახავს!.. რაღათ მინდა თავი ცოცხალი!.. გოგო შვილივით გამიზრდია და ეხლა ერთმა წუნკლიანმა ბიჭმა გამირყვნას!..
აქ როსტომის წინვე დაუძახა შუშანამ მართას და გაცოფებული სწვდა თმაში.
- მაგისთვის გაგზარდე!.. მაგისთვის გივლიდი შვილივითა. შე სალახანავ!.. რაღათ მინდა თავი ცოცხალი... ან შენ კიდევღა გაცოცხლო!.. მოკვდი, მოკვდი!.. აღარ გაცოცხლებ აღარა! - ეძახოდა შუშანა, და თან უწეწავდა, რაც შეეძლო თმებსა, სცემდა და სჩმეტავდა: - შენ უნდა ჩვენისთანა თავადიშვილის ოჯახი შეარცხვინო... შენა!.. ჰა?! - და თან სიბრაზისგან სდიოდა შუშანას პირიდან დორბლი.
მართა სულგაკმენდილი ვეღარა ბედავდა ვერც გამართლებასა და ვერც ხმის ამოღებასა: იცოდა, რომ ამგვარად გაშფოთებულს ქალბატონთან არაფერი სიმართლე არ გაუვიდოდა. შუშანამ მინამა სცემა, სანამ თითონვე არ მოიქანცა და მერე მოქანცული მუქარითა და უშვერის პირის ლანძღვით მიესვენა ტახტზედა.
როსტომმა არც აცივა, არც აცხელა, ააწევინა სოსიკა, წააყვანინა ჩასტში და დააწვინა როზგქვეშ. სოსიკა სულგაკმენდილი და გულშემაგრებული წვებოდა როზგქვეშ, რაკი ატყობდა, რომ ვერც ძალით და ვერც ნებით ამ თავის მოსაკლავს სირცხვილს ვერ ასცდებოდა. ის ჩუმად, საღმრთო ცხვარივით დაწვა. დიდი ხანი სდიოდა ამას ტანიდან თქრიალით სისხლი, სახე მთლად გაულურჯდა, ძარღვები გაევსო სისხლითა, ხორცისა და ტყავის ნაფლეთები ასდევდნენ წკეპლის წვერებს, თვალები ჩაუსისხლდნენ, და სოსიკამ არც ერთი კრინტი, არც ერთი ხმა არ ამოუშვა პირიდან. ბატონი ელოდა სოსიკას თხოვნასა, მაგრამ სოსიკა ელოდა ბატონისგან სიკვდილს, იმას აღარ უნდოდა ამ სირცხვილიდან ცოცხლივ ადგომა. სოსიკა თითქმის უგონოდ აუშვეს როზგიდან. როსტომმა აუკრძალა იმას იმის სახლში შესვლა.
მოვიდა გონებას სოსიკა და აიტაცა საშინელმა სირცხვილმა. “სადღა უნდა წავიდე! - ფიქრობდა ისა: - ვისღა უნდა ვეჩვენო, ვისღა უნდა დავენახო როზგნაცემი!.. რას იფიქრებს ამაზედ ახლა მართა!.. რაღათ მინდა ამას იქით თავი ცოცხალი!.. არა! მე სასიცოცხლო აღარა ვარ... ამდენი ქვეყნის სირცხვილი უნდა ვჭამო. ვაჟკაცი მქვიან და...” აქ ვეღარ გაათავა სოსიკამ. ის გამწარებული წამოვარდა ალაგიდან და ატაცებულმა გასწია მტკვრისაკენ. ის მივიდა გაბედვით და თავგადადებული მტკვართან; დაიწერა პირჯვარი და აპირებდა მტკვარში შერევას, რომ მოაგონდა თავისი მართა. “ახ, ნეტავი ერთი კიდევ მენახა მაინცა!” სთქვა იმან თავის გუნებაში. იმას მოუნდა საშინლად თავის გულის მეგობრის ნახვა, უნდოდა წარმოეთქვა იმისთვის თავისი გრძნობა, თავისი სიყვარული. “მე ხომ იმისთვის არ მითქვამს ჯერა, რარიგად მიყვარდა მე ისა!” იფიქრა იმან. “ერთი კიდევ მაინც ვნახო სიკვდილის დროსა და გამოვესალმო. იცოდეს მაინცა, რომ მე იმისთვისა ვკვდები, მომიგონოს მაინცა...” აქ შედგა ამ ფიქრით სოსიკა და დაჯდა მჩქეფარე მოდუდუნე მტკვრის პირსა და აიტანა ათასმა ფიქრმა. წყლის ელვარებამ და შხუილმა გაართეს სოსიკა თანდათან უფრო და უფრო ღრმა და სამწუხარო ფიქრში. აუდუღდა აქ სოსიკას ამ ფიქრებისაგან გული და დაიწყო მწარედ მწუხარედ ტირილი. მაშინ, მხოლოდ მაშინ, გამოიღვიძა იმის გულში ფიქრმა, თუ რა მიზეზია, რომ ამას კი არ შეუძლიან ისე ბედნიერად ცხოვრება, როგორც სხვებსა. რა მიზეზია, რომ სხვებს კი შეუძლიათ ერთმანეთის თავის სურვილით შერთვა და ამას და მართას კი არა. ჩვენც კაცები არა ვართ!.. რათ უნდა იყვეს ასე!.. ფიქრობდა ისა და ვერ მიხვედრილიყო ამის მიზეზსა და ვერც განემარტებინა თავის თავისთვის ეს მიზეზები. “ალბათ ღვთის ნება თუა ასე!” არწმუნებდა ის თავის თავსა. მაგრამ მისი აღელვებული ცნობა და გონება არა სჯერდებოდნენ ამ განმარტებას და ამ პასუხს: ისინი თხოულობდნენ დაკმაყოფილებას, რომელიც არ შეეძლო სოსიკას. ის კიდევ ღმერთს ადებდა ბრალსა: “ალბათ ღვთის ნება თუა!” ფიქრობდა კიდევ, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებდა იმის შეშფოთებულ ფიქრებს.
დიდხანს და დიდხანს იყო სოსიკა აქ, მტკვრის პირას, გართული ამ სამწუხარო ფიქრებში. ფიქრი ფიქრზედ მოსდიოდა და ერეოდა გონებაამღვრეულს სოსიკას თავში და უფრო უმღვრევდნენ გულსა და გრძნობას. აღელვებული და ანთებული სისხლი ეცემოდა ხოლმე გაშფოთებულს სოსიკას შიგ ტვინში და იმის შერცხვენილი თავმოყვარეობა არ აძლევდა იმას მოსვენებას - ისინი თხოულობდნენ სისხლსა და ზღვევასა შერცხვენისა და დამცირებისათვის. “რა კარგია! - მოუვიდა ფიქრი სოსიკასა: - მე მცემეს და მევე მოვიკლა თავი!.. რა ბიჭობაა!.. ის მოკვდეს, ვინც უსამართლოდ იქცევა!.. სწორედ იმისი სიკვდილი სჯობიან... მაინც ხომ თავი მაქვს გადადებული და სასიცოცხლო აღარა ვარ და ბარემ ერთი ჯავრი ვიყარო, დავლიო ერთი მუჭა სისხლი ჩემი მკვლელისა!..” აქ სოსიკამ იტაცა ხანჯალს ხელი, წამოხტა მრისხანედ ალაგიდან და გასწია საითკენღაც. ღამე, როდესაც იდროვა სოსიკამ, რომ როსტომი დაბრუნდებოდა სამსახურიდან, ჩაუჯდა ხანჯალ ამოღებული ერთს ვიწრო ქუჩაში და დაუწყო საშინელის გულის ცემით ლოდინი. უცებ შემოისმა ფეხის სხმა. გამოჩნდა როსტომი და... დაუდუნდა ორთავ ხელები სოსიკას. თითონაც არ იცოდა, რა მოხდა იმის თავსა: ისე აემღვრა თვალები, ისე აუკანკალდა გული, ისე მოსწყდა ხელები, ისეთი მრისხანე და საშიშარი ეჩვენა იმას როსტომი, რომ არამც თუ შებედა მოკვლა, სრულებით იმ წუთას ფიქრშიაც აღარ მოუვიდა. სოსიკა რომ ამ ყოფაში ჩავარდა, როსტომმა თავისთვის გულდამშვიდებით გაიარა და არ იცოდა, რა ხიფათი ელოდა იმას ამ წუთას. გვიან მოვიდა სოსიკა გონსა. მაგრამ აქაც კიდევ ვერ გაბედა ბატონის გამოდგომა. ის წელმოწყვეტილი და უარესად შერცხვენილი შეეთრია მახლობელს დუქანში, “დღეს არ იყვეს - ხვალ იყვეს...” სცა თავის თავს ნუგეში, და ჯავრიანს გუნებაზედ ერთი კარგად ჩათვრა. მეორე დღემდის მთვრალი ეგდო დუქნის ოთახში. მეორე დღეს გამოფხიზლდა და ცოტა გულიდანაც გადაევლო დარდებსა და სირცხვილსა. “ეჰ! რაც მოხდა - მოხდა, - იფიქრა იმანა: - ბატონია, რაც უნდა ყველა შეუძლიან ჩვენს თავსა... ყმა, მაშ რის ყმაა!.. სჯობს როგორმე სხვაფრივ მოვუარო ჩემს თავსა...” და აქ გადასწყვიტა ჯარში წასვლა. “იქ იმდენს ფულს შევკრიბავ ერთ-ორს წელიწადსა, რომ მართა გამოვიხსნა. გამოვიხსნი ბატონისგან მართასა და ვიცხოვრებ როგორც იქნება”. გადასწყვიტა თავის გუნებაში სოსიკამ ლაღოდეხში წასვლა და ახლა უნდოდა ენახა თავისი მართა, ეამბნა იმისთვის თავის განზრახვა, გაეგო იმისი აზრიცა და აეღო იმისგან სიტყვა, რომ მანამდის მოუცდის ამას და არავის ქმრად არ ინდომებს.
XI
კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა
სოსიკამ ერთი-ორი კვირის შემდეგ ძლივს ჩაიგდო მარჯვე დრო მართას ნახვისა. ერთ დღეს შეიტყო სოსიკამ, რომ ბატონიცა და ქალბატონიც საცაღას წავიდნენ. სოსიკა მაშინვე გაექანა მართას სანახავად ბატონის სახლში. რაკი დაიგულეს სოსიკამ და მართამ მარტოდ ერთმანეთი, მოეხვივნენ ერთმანეთსა და შეჰქმნეს ხმაამოუღებლივ ცხარედ ტირილი. დიდხანს იყვნენ ისინი ასე მდუღარეთა და დიდხანს არ იცოდნენ, საიდან დაეწყოთ და რა ეთქვათ თავის მწუხარებაზედ, ვერც ერთი ვერ დარეოდა გულამოსკვნით ტირილსა. ბოლოს დაიწყო სოსიკამ.
- მე მინდა ჯარში შევიდე.
მართა შეხტა გაოცებით. იმას მაშინვე გაუელვა თავში - რასაც დღეს უნდა ელოდეს ჯარში წამსვლელი კაცი...
- ჯარში რა გინდა? - ჰკითხა არევით მართამ.
- ის მინდა, რომ შენ უნდა გამოგიხსნა ამ ახტალაამოსასვლელი ოჯახიდან.
- არა! არც გამოხსნა მინდა და არც შენი ჯარში წასვლა... შენ რომ იქ აგიტყდეს რამე, ან გამოხსნა რათ მინდა და ან სხვა რამე!..
- მაშ, რა იქნება ჩვენი ასე ყოფნა!.. შენ ბატონები თავის დღეში არ დაგითხოვენ და მე უშენოდ თავსაც მოვიკლავ... უშენოდ ცხოვრება აღარ შემიძლიან...
- ჯარში წასვლა!.. აბა იფიქრე, შენ იქ აგიტყდეს რამე, მე რაღა უნდა ვქნა!.. ჩემი სიცოცხლე ხომ სიკვდილზედ უარესი იქნება... ეხლა ცოცხალი მაინც მეგულები.
- რა უნდა ამიტყდეს იქა!.. განა ყველა, ვინც იქ მიდის, იქ იხოცებიან! აი, რამდენი დადის ჩვენი სოფლიდან. მაგრამ ისევ კი ცოცხლები მოდიან. ამას გარდა, მე იქ არა გამიჭირდება რა: ბატონის ძმა, გიორგი, იქა ბრძანდება და, ღმერთმა ადღეგრძელოს, - ჩვენი ბატონივით უღმერთო კი არ არის, - სუყველა ემადლიერება. ჩვენი სოფლის ხალხი, ხომ სულ ამხანაგურად ჰყავს მიღებული. ვინ იცის, იქნება ჯვარიც მომიტანოს...
მართას მოუვიდა კიდევ ტირილი და მოეხვია სოსიკასა.
- მაშ როდისღა ვნახავთ ერთმანეთსა! - დაიწყო იმან გულამოჯდომით, - ვიღა იქნება ეხლა ჩემი ნუგეში და პატრონი!.. როგორ უნდა გავუძლო ეხლა უშენოდ ამ არწივებსა... ოჰ, ღვთის მშობელო დედავ!.. ეხლა სოსიკასაც უნდა დავშორდე!..
მართამ მიიფარა თვალებზედ ხელი და დაემხო სოსიკას კალთაში.
სოსიკასაც ამოუჯდა გული და თუმცა ცდილობდა თავის შემაგრებას, მაგრამ აემღვრა იმასაც ცრემლებისაგან თვალები.
- ეჰ! ნუ სტირი მართავ! განა ჩემთვის კი ადვილია შენი მოშორება... მაგრამ... ეჰ! ალბათ... ასეა და ასე უნდა მოხდეს... მერე უფრო იქნება ღმერთმა მოგვხედოს... გამოგიხსნი და მერე სულ ერთად ვიქნებით...
- ვინ იცის ეგ როდის იქნება! - წარმოსთქვა ცრემლებით მართამ და შეხედა ცრემლისაგან გაწითლებულმა სოსიკას, თითქო ჰკითხავდა იმასა, რომ ეთქვა, როდის იქნებოდა ეს ბედნიერი ამბავი.
სოსიკა პასუხის მაგივრად მოეხვია მართას და ორივენი ცხარედ ჩაეკვრენ ერთმანეთს გულში.
დიდხანს იყვნენ ისინი ასე მდუმარედ, დიდხანსა კოცნიდნენ და ეხვეოდნენ ერთმანეთს. ბევრს ხანს მარტო ყოფნამ და ცხარე ხვევნა-კოცნამ აუღელვა ორთავ ყმაწვილ კაცს სისხლი და დიდხანს იმაგრებდნენ ორივენი ცუდის გულისთქმიდან თავსა. სოსიკა აინთო თონესავით, დაუწყო უწყალოდ გულმა ცემა, აემღვრა გრძნობა და გონება, აღარ ახსოვდა აღარც თავი, აღარც თავისა მოქმედება.
- ბატონები გვიან მოვლენ? - ჰკითხა იმან საშინელი გულის კანკალით მართასა და დაეყრდნო თავით მხრებზედა.
მართა, რომელიც მიხვდა, რასაც ნიშნავდა ეს კითხვა, თუმცა ცდილობდა თავის შემაგრებას, მაგრამ როგორღაც უნებურის გრძნობით უპასუხა:
- დაიგვიანებენ... - და აქ დაბნელდა ორთავეს თვალში ყველაფერი, გაჰქრა ქვეყანა მათ თვალწინ...
ცოტა ხანს უკან მოისმა კარებზედ ბატონების ხმაურობა. სოსიკა გავარდა მეორე კარიდან.
მართა დაემხო პირქვე და სტიროდა. რასა? ყველაფერს. იმან შესწირა სიყვარულს თავი. და ის, ვისთვისაც ამან გასწირა ყოველიფერი, რომელიც ამას ერჩივნა მთელს ქვეყანას, თავის თავს, თავის სულს, უცებ მოეგლიჯა გულიდან და მოშორდა, ვინ იცის სამუდამოთაც. ის უნდა დაშთენილიყო ახლა იმ ხალხში, რომელიც ამას ნუგეშის მაგივრად, მტრულად უყურებდა და ყოველს შემთხვევაში ცდილობდა ამის წყენასა და დამცირებას; უნდა დარჩენილიყო იმ ხალხში, რომელიც ამაში ხედავდა პირუტყვს, რომელიც არ დაზოგავდა ამას არაფერში.
სოსიკა გავარდა აქედან, მაგრამ იმაში უფრო სხვა რიგი გრძნობა აღიძრა. ის რაღაც სიხარულსა გრძნობდა ახლა გულში და თითქო ერთი რამ მძიმე მოეშვა გუნებაზედაო; ის თითქო დარწმუნდა, რომ ეხლა კი ვეღარავინ წამართმევს ჩემს მართასაო და ამას იქით ის სამუდამოდ ჩემი გავხადეო.
აქედან გასწია სოსიკამ თავის სოფელში. აქ ის ჩაეწერა თავის სოფლის ბადალთა ლაღოდეხში მდგომს ჯარში წასასვლელად. ჯამაგირი უნდა ჰქონოდა სოფლიდან თვეში შვიდი მანეთი და სახელმწიფო სამი მანეთი. აქედან, რაკი სახელმწიფო ხარჯზედ იყო, იმან დააწყო, რომ დაეხარჯნა სხვადასხვა მოულოდნელი საჭიროებისათვის თვეში სამი მანეთი და გადაედო შვიდი მანეთი, რომელიც ორს წელიწადს იმისი ანგარიშით შეადგენდა საკმაო ფულსა, რომ მართა გამოეხსნა. ვინიცობაა ამ ფულსაც არ დასჯერდებოდნენ ბატონები, ფიქრობდა დანაშთენი ფულის სესხებასა და მას უკან ამ ფულის გადასახდელად ისევ ჯარში ჩაწერასა. მაგრამ “კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო”. ამჟამად, როგორც წინათ იყო ნათქვამი, როსტომი გამორიცხეს სამსახურიდან. ამას დასჭირდა ფული ახალი ადგილის საშოვნელად. ამან გაწერა კაცებში ფული და სოსიკას მამას შეხვდა რვა თუმანი. ფული, რაღა თქმა უნდა, სოსიკას მამას არა ჰქონდა და ვერც უშოვნა ბატონსა. სოსიკას ფული იყო სოფელზედ ასაკრები. როსტომმა აკრიბა და ჩაიყარა სოსიკას მამის ხვედრს ფულში.
სოსიკამ გაიგო ეს ამბავი, მაგრამ გაიმაგრა კიდევ გული იმითი, რომ ერთს წელიწადსაც წაუმატებდა ჯარში და შეაგროვებდა ისევ იმოდენავე ფულსა. გავიდა მეორე წელიწადი და მოუვიდა ამბავი, რომ ამისი ფული ისევ ბატონის ჯიბეში წავიდა, რადგან სოსიკას რომელიღაც ძმას გაეჯავრებინა ბატონის მოურავი, რის გამოც შეეწერა ათი თუმანი და რაკი ოჯახში ვერაფერს ილაჯს გამხდარიყო, მიეცათ სოსიკას ფული. სოსიკა გამოვიდა მოთმინებიდან და გაჯავრებული აპირებდა შინ წასვლას, მაგრამ ცოტა მოფიქრების შემდეგ ისევ დარჩა.
- რო წავიდე, უფრო რიღათი გამოვიხსნი მართასა? - სთქვა იმან თავის გუნებაში: - ამ ორ წელიწადს კიდევ და მერე მე მართა ვეღარსად წამივა.
სოსიკამ მისცა კიდევ თავი მოთმინებასა, მაგრამ აქაც კიდევ მოეცარა ხელი. ის ერთს სროლაში დაიჭრა მაგრად ფეხში. სოსიკა დაწვა ჰოსპიტალში და აღარ იყო იმედი მალე მორჩენისა. იმას აქ უპირებდნენ ფეხის მოჭრასა, მაგრამ გიორგი ტაბლაძემ, რომლის სოტნაშიც იყო სოსიკა, არ მისცა ნება ექიმებს და ურჩია სოსიკას, წასულიყო შინა და ისევ შინ ეწამლა თავის ფეხისთვის. სოსიკას ესეც გაეხარდა, რომ გადარჩა ფეხის მოჭრასა და შეეძლო შინ წასვლა. “ფეხის მოჭრას, ისევ სიკვდილი მირჩევნია”, ამბობდა ის თავის გუნებაში, - “აქ სიკვდილს, კიდევ შინ, ჩემს დედ-მამასთან მირჩევნიან მოვკვდე: იქ შემიბრალებს ვინმე მაინცა, აქ კი ისე მეკიდებიან, თითქო უბრალო კუნძი რამ ეგდოსო”. გიორგიმ აჩუქა ხუთი მანეთი სამგზავროთა და დაჰპირდა ჯვარზედ წარდგენას.
სოსიკამ იქირავა ძვირად ურემი და ერთი რვა დღის უკან მივიდა შინ ცოცხალ-მკვდარი. დედ-მამა, ძმა და დები მიეგებნენ ტირილითა; დედა და დები მოსთქვამდნენ იმას, როგორც მკვდარსა. მთელი სოფლის კაცი და დედაკაცი შეიყარნენ სოსიკას სანახავად და სარჩევლად, როგორ მოევლოთ იმისათვის. სოსიკამ რომ ასე გულმტკივნეული ხალხი დაინახა თავის გარშემო, მოუვიდა სიამოვნებით ცრემლი თვალებზედ. “ეჰ! თავის მახლობლები მაინც სხვა ყოფილა!” იფიქრა იმან გულაჩუყებულმა.
რაკი პატარა შეისვენა სოსიკამ და ცოტა უფრო ღონეზედაც მოვიდა, დაუწყეს იმას სსვადასხვა ამბების კითხვა, ან როგორ მოუხდა ეს დაჭრილობა, ან სად დაიჭრა, ან რა ომი იყო, რომელშიაც ეს დასჭრეს, ან როგორა სწამლობდნენ ამის დაჭრილობასა. სოსიკამ დასუსტებულის ხმი უამბო იმათ ყველაფერი, რაც ენახა და რაც გადახედოდა.
- ღმერთმა ადღეგრძელოს ბატონის ძმა გიორგი, იმისთანა კაცი ღმერთს არ დაუბადნია. იმისთანად არავის გლეხიკაცი არ ებრალება... ის რომ არ ყოფილიყო, მე აქამდის რა მაცოცხლებდა...
- უი! ღვთის მშობელმა დედამ ულხინოს და უცოცხლოს, ვისაც იმისი გული შეხაროდეს! - იძახოდა სასოებით მლოცველი სოსიკას დედა.
- ღმერთმა ადღეგრძელოს! - იძახდნენ გლეხკაცი მეზობლები, - აბა ღმერთიც იმას მისცემს, ჩემო ძმაო!.. მადლიან ადამიანს ღმერთი არ დაჰკარგავს...
- იმისთანა ღვთისნიერი ადამიანი არ შეიძლება, - სულ ჩვენთან აკეთებს ყველაფერს, მხარში ამოგვიდგება და როგორც კაი მუშა გლეხკაცი, ისე საქმობს და გვამხნევებს... ვის შეუძლიან ჩვენი წყეინება... სულ თავს მოიკლავს... კაცი იმასა ჰქვიან... ჩვენც მე და ჩემმა ღმერთმა, იმისთვის თავდადებულები ვიყავით... სული არ გვშურდა... თუ ის არა ყოფილიყო, მე შენ მოგახსენო, ეხლა ან მკვდარი ვიქნებოდი, ან ფეხი აღარ მებმოდა... ფეხი რომ მოეჭრათ, რაღათ მინდოდა თავი ცოცხალი...
- უი, გენაცვალე შვილო! ვის უნდა მოეჭრა შენთვის ფეხი?! - შეჰყვირა შეშინებულმა დედამ, თითქო კიდეც ეს არის ეხლა მოსჭრეს ამის შვილს ფეხიო.
- ლეკრები მიპირებდნენ ფეხის მოჭრასა, თუ გიორგი არა ყოფილიყო.
- უი! მოგიკვდეს დედა! რას გემართლებოდნენ ის ახტალაამოსასვლელები! რაზე დაიდებდნენ ჩემს ცოდოსა და წამაწყმედინებდნენ სულსა!..
ესე და ამგვარი ლაპარაკი არ გამოლეულა სოსიკას გარშემო მთელი ერთი კვირა და სადაც არა მგონი გაისმოდა გიორგი ტაბლაძის ქება და ლოცვა.
- აი ღმერთი კიდეც იმიტომა სწყალობს, - ეუბნებოდნენ ერთმანეთს გლეხკაცები, - აგერ არ არის, გული სისხლის ჯვრებით სავსე აქვს... კი არა გავს თავის მჭადიჭამია სილიან ძმებსა.
სოსიკას მეორე დღესვე მოჰგვარეს ერთი ქართველი თუ არ ვიცი ოსი ექიმი, რომელმაც სამ-ოთხ დღეზედ რაღაცა მალამოების შემწეობით ამოართვა ფეხიდან ტყვია და ერთს თვეზედ წამოაყენა ფეხზედ.
მორჩა სოსიკა და უკანასკნელი ფულიც მისცა საექიმოში, დარჩა ისევ ხელცარიელი და მართას გამოხსნის იმედი არსად იყო. ამან დააპირა ისევ ჯარში წასვლა. მართას არ მოუთმინა გულმა და მოსწერა ჩუმად სოსიკას წიგნი, რომ თუ გაბედავს კიდევ ჯარში წასვლასა, ის თავს მოიკლავს და მერე ის ფულიც ოხრად დარჩება. სოსიკამ მაინც არ დაიშალა და გაზაფხულზედ ჩაეწერა ბადლათა. “დავიჯერო ეხლაც მომეცაროს ხელი?!” იფიქრა იმანა და კიდევ ეხლაც მოეცარა. ის რომ ჯარში წასასვლელად გაემზადა, მოუვიდა ბატონის ბრძანება, რომ წასულიყო ქირის ურემზედა. სოსიკამ ითხოვა, იმის ძმა წაეყვანათ, მაგრამ ბატონმა იმის მეტი არავინ ისურვა. სოსიკას მოუვიდა ბრაზი და რომ ვეღარა გააწყო-რა, დაიწყო ბავშვივით ტირილი. იმას მოუვიდა ფიქრად, გაქცეულიყო და მოეტაცნა მართაცა, მაგრამ, რაკი კარგად ჩაფიქრდა, აიღო ამ განზრახვაზედ ხელი. “სად დავემალები სამართალსა? ვინ შემარჩენს მე ამასა?.. ვაიმე... ე... ე... ე!..” დაახრჭიალა იმან კბილები “შენი ერთი მუჭა სისხლი!.. ერთი შენი სისხლით გაძღომა... დამაცადეთ!..” და ამით გათავდა იმისი მუქარა. ის დაემორჩილა ხვედრსა და წავიდა ქირაზედ.
ორი წელიწადი სოსიკა ათრია ბატონმა ურმებზედ. ორი წლის განმავლობაში დადიოდა სოსიკა ქალაქში, მაგრამ ძვირად თუ ნახავდა ის მართასა და ისიც ერთი-ორი წუთით, დაიწყებდნენ ორივე ტირილსა და თავის ბედის წყევლასა.
- ღმერთო! - ფიქრობდა ხოლმე ნახვის შემდგომ სოსიკა გულჩათუთქული, - დავიჯერო ვერ ვეღირსები მე იმის გამოხსნას? დავიჯერო ვერ მოვესწრები იმ დღესა, რომ მართა ტყვეობიდან გამოხსნილი მყავდეს ჩემს სახლში, ჩემს ოჯახში. რომ აღარ იყვეს ის იმ სისხლით გაუმაძღრების ხელში!..
და ამ ფიქრთან იტაცებდა ხოლმე ქოჩორში ხელსა. ორი წლის უკან ის განთავისუფლდა მეურმეობისგან და ჩაეწერა ისევ ჯარში.
- თუ ეხლაც მომეცარა ხელი, ან მე უნდა ვიყვე, ან ჩემი ბატონი, - იფიქრა იმან გუნებაში.
გავიდა ერთი წელიწადი მშვიდობიანად. სოსიკამ სიხარულით აკრიფა ფული და შეინახა მძიმედ გამონასკული. დარჩა ერთი წელიწადი კიდევ. ის, როგორც ბავშვი აღდგომას, ისე მოელოდა მეორე წლის გათავებას, რომ ამ დროს მოუვიდა ამბავი: როსტომი დაბრუნდა შინა, შეაწერა კაცებს ფული და მამაშენს ათს თუმანსა სთხოვსო. მოუვიდა მამისაგან ხვეწნა, გაესტუმრებინა ბატონი. ეცა ელდა სოსიკასა. “ეხლა მაინც აღარავის მივცემ, რომ თუნდა ყელიც გამომჭრან!” იფიქრა იმანა და შეუთვალა მამას უარი. მაგრამ ორი კვირის უკან, მამა ტირილითა და მწუხარებით დაადგა თავს სოსიკასა.
- რას გვიზამ, შვილო, ყელებს ხომ არ გამოგვჭრი: ზეკუცია კარზე გვადგია, - სულ დაგვიყიდიან, რაც გვაბადია, და მერე უნდა გულხელი დავიკრიფოთ და გადავცვივდეთ წყალში... ჯერ, შვილო, სამჯერ უცემიათ იასაულებს ამ დროული კაცისათვის... თავი დღეში ავი სიტყვა არავისგან მომაგონდება... ან უნდა ეხლა დაგვიხსნა, ან ერთიანად ყველას ყელები დაგვჭრა...
შეებრალა სოსიკას მამა, მოუვიდა თითონაც ტირილი და დაუთვალა უკანასკნელი ფული გადასახადში.
- ვაჰიმე... ე... ე! - შეჰბღავლა იმან განწირულების ხმით, როდემდის უნდა ვიყვეთ ჩვენ ამ დღეში მაგისგანა... დამაცადოს! ამ ერთ წელიწადს კიდევ მოვიცდი, და თუ კიდევ არა იქნება რა, მერე კი მე ვიცი... ამაზედ მეტი აღარ შემიძლიან!..
ამ სიტყვებთან იმან გადასწყვიტა, თუ კიდევ აღარ მოეცრებოდა ხელი, დარჩენილიყო ორს წელიწადს კიდევ და გამოეხსნა მართა. მაგრამ წლის გასულს მოუვიდა ამბავი, რომ შენი ფული ბატონმა აკრიბაო. სოსიკა ამ ამბავს კი სრულებით აღარ მოელოდა, იმას ეგონა, დასრულდა ჩემი სატანჯველიო... იმან ამ გაგონებაზედ იტაცა თმებში ხელი და ერთი საათი სულ გაშრა, მერე გიჟივით დაიწყო თავსა და პირში ცემა, დაუწყო თავის თავს გინება.
- მოკვდი, შე ოხერო ჩემო თავო, მოკვდი! რაღად გინდა სიცოცხლე... ახია ჩემს ქალაჩუნა თავზედ ყველაფერი... შე უნამუსო. ჩემო თავო, რამდენი სირცხვილი ჭამე, რამდენი მოითმინე და დედაკაცივით გაუჩუმდი უსამართლობასა!.. ახია შენზედ ყველაფერი... - არ გინდოდა და არც მოგცა ღმერთმა... არა, რაღას ელოდი!.. როგორ არ იცოდი, რომ იმ აფთარისაგან ვერ მოისვენებდი!.. არ იცოდი განა... არ იცოდი განა?!. გაოხრდი ჩემო თავო, გაწყდი, გაწყდი, რომ აღარ იყვე... დამაცადე!.. დამაცადე!.. ვიბანებ შენს სისხლში, გავძღები შენი სისხლითა!.. წმინდა გიორგი პატიოსანო, შენ ამომიწყვიტე ოჯახი, სახლ-კარი, თუ ჩემი გულის წადილი არ ავასრულე!.. დამაცადე!..
მოვიდა ჯარში ჩაწერის ვადა, მაგრამ სოსიკა აღარ ჩაეწერა. ის მივიდა გიორგისთან გამოსასალმებლად.
გიორგიმ, რომელიც იყო სოსიკას ასისთავი და მოუტანინა წმ. გიორგის ჯვარი, ისე ტკბილად, ისე ძმურად მიიღო შეწუხებული და ჯავრისაგან და ბრაზისაგან ატაცებული სოსიკა, რომ სოსიკას უნებურად მოუბრუნდა გული და მოუვიდა თვალებზედ ტირილი.
- ახ, ბატონო გიორგი, რატომ მე შენი ყმა არა ვარ და შენ ჩემი ბატონი, - დაიწყო სოსიკამ გულამომჯდარმა: - შენა!.. შენ ჩემს სულს, ჩემს თავს შენ განაცვალებდი... თავის დღეში გვერდს არ მოგშორდებოდი... ამ ბატონის ხელში კი უნდა ასე უბედურად გადავეგო... ეხლა ან მე უნდა ვიყვე, და ან ეგა...
აქ სოსიკას ცრემლებმა გააკმენდინეს ხმა.
- როგორ თუ ან შენ იყვე, ან ისა? - ჰკითხა გიორგიმ, თითქო არ იცოდა, რაც ამბავი იყო.
- ეჰ! ნუღარ მკითხავ, ბატონო გიორგი... შენ ყველა კარგად მოგეხსენება... მე შენთან, როგორც ჩემ სულთან, არაფერი დამალული არა მქონია... შენ იყავი ჩემი მამაცა, ბატონიცა, ჩემი ღმერთიცა...
- მე გხედავ, სოსიკავ, რომ ძალიან გულდამწვარი ხარ... დაჯექ, პატარა შეისვენე, ცოტა გული მოიბრუნე... ჩვენი გამოსალმების დროს, ერთი ძმურად კიდევ ჩავსხდეთ და კახურით გული გავიგრილოთ, მერე უფრო კარგად ვიფიქრებთ და დავაწყობთ ჩვენ საქმესა... თუ შევიძელ რამე, დაგეხმარები, თუ არა და, შენ იცი... შენ საქმეს ისევ შენ უფრო კარგად მოუვლი.
სოსიკა დაჯდა თავის საყვარელს მეუფროსესთან, რომელმაც ამას ასე მამობრივად და წმინდა მეგობრულად დაუყვავა, დაუმშვიდა გული. პატარა ხანს უკან ისინი ტოლ-მეგობრულად ჩაუსხდნენ სუფრას. როცა პატარა გადაჰკრეს, სოსიკამ გულწრფელად გამოუცხადა გიორგის, რა აზრითაც ბრუნდებოდა ახლა ის შინა.
- მაშ ღმერთმა, ბატონო გიორგი, ჩემი თავი მოგიკლას და ჩემზედ ცუდი კაცი ნუღარ გაჩვენოს, თუ მე ჩემი ბატონი კიდევღა ვაცოცხლო!.. მაინც მკვდარი ვარ და მკვდარი... მეტი სირცხვილის ჭამა და ტოლ-მეგობარში გამოკლება აღარ შემიძლიან... აი, ე წმიდა გიორგის გაძლევ თავდებათა, რომ მალე გაგაგონებ, რაც შესძლებია გაჭირვებულ კაცსა...
- გამიგონე, რა გითხრა, - გააწყვეტინა გიორგიმ. - აჩქარებით, ჩემო ძმაო, საქმე არ გარიგდება: შენ რომ ის მოჰკლა, შენ თავსაც მოჰკლავ, შენ საყვარელსაცა, შენს მოხუცებულს დედ-მამასაცა, ცოდოც ცოდოდ დაგედება. მე უფრო კარგს გეტყვი. შენის აზრით, რამდენი თუმანი გეყოფა მართას გამოსახსნელად?..
- ეჰ! რამდენიც უნდა იყვეს, იმათი შოვნა მე აღარ შემიძლიან... მეყო, შენი ჭირიმე, ამდენი ტანჯვა. რვა წელიწადია ჩემი ჯანი და ღონე იმ ფულის შოვნას შევალიე და ის მარტო სულ ჩემი გაუმაძღარი ბატონის ჯიბეში წავიდა...
- აცა, მე რას გეუბნები. შენ ჯერ ეს მითხარ, რაერთი არის საჭირო, რომ გამოიხსნა მართა?
- მე ისე ვფიქრობდი, ერთი თექვსმეტიოდე თუმანი შემეგროვებინა აქა და, თუ კიდევ მეტს ითხოვდნენ, სხვა სადმე ვალად მეშოვნა და მერე გადამეხადნა... მაგრამ... ღმერთმა არ ინება და ეხლა მოხდეს, რაც იმისი ნება იყვეს...
- შენ, ჩემო სოსე, ერთი სამიოდე დღეს მომიცადე კიდევ აქა: მე გიშოვნი, რაც ფული მოგინდება და მე შენ ძალას არ დაგატან, როცა შეიძლო, წვრილ-წვრილად გადამიხადე გინდა ფულათა, გინდა მუშითა, - ერთი სიტყვით, რითაც შეიძლო და როგორც გიჯობდეს. სარგებელი შენი მე არ მინდა. სუყველას, მე მგონი, ესე სჯობდეს: ცოდოსაც ასცდები, მართასაც გამოიხსნი.
სოსიკა არ მოელოდა ამგვარ თავისი საქმის დაბოლოვებას, და ცალკე გაოცებულმა, ცალკე სიხარულით აღცატებულმა, აღარ იცოდა, როგორ წარმოეთქვა თავისი გრძნობა. იმას მოუვიდა თვალებზედ ცრემლი და მივარდა გიორგის მუხლებზედ. გიორგიმ აიტაცა ის საჩქაროდ.
- ადექ! რას ჩადიხარ?.. გეუბნები, გიშოვნი-მეთქი, - გიშოვნი...
- როგორ უნდა გადვიხადო შენი სიკეთე, ბატონო გიორგი? ღმერთის მეტი, ჩემ სიკეთეს შენ ვერავინ გადაგიხდის... მიმსახურე, როგორც შენი ყმა... სიკვდილამდის მიმსახურე... შენთვის მოვკვდები... თავს დავდებ შენთვისა.
- კარგი, დამშვიდდი და ამ სამ დღეზედ გაგისტუმრებ შენი მართას გამოსახსნელად.
მესამე დღეს გიორგიმ ჩაუთვალა ფული სოსიკას.
- აი ეს ოცი თუმანი, მე ვიცი, რომ თუ გამოგახსნეინა შენმა ბატონმა თავისი მოახლე, ცოტას არ დაგჯერდება, და აქეთ-იქით სესხებას, ისევ ჩემი გემართოს, ის გიჯობს, თუ ნაკლებ დაგჯერდება და, რაც დაგრჩება, სხვაფრივაც დაგჭირდება. ეს ორი თუმანიც ისე უვალოდ მომიცია შენი ერთგულობისა და ვაჟკაცობისთვის. შენი ბიჭობა ომში მე არ უნდა დავივიწყო. ბევრჯერ გინამუსებივარ მტერთანა. შენ შენს დღეში არ ჩამომრჩენიხარ არც ერთს ცხარე ბრძოლის დროს მხარში და მეც უნდა დავაფასო, ჩემო სოსიკავ, შენი სამსახური. უფრო მეტი ჯილდო გერგებოდა, მაგრამ, ღმერთია მოწამე, მეტი არ მეშოვებოდა, ეგეც ვალად ავიღე: ხო იცი მე ფულს არ ვინახავ. ეს კი კარგა დაიხსომე ჩემგან, სოსიკავ, რომ ყველა საქმეში სიმხნევე უნდა, აგრე მალე შეშინება და ეშმაკის აყოლა არ ვარგა. ღმერთი თავის გაჩენილს უნუგეშოდ არ დააგდებს... მშვიდობით, სოსე, ნუ დამივიწყებ... თუ გაგიჭირდეს, ისევ მე მომმართე. მეც მალე მოვალ შინა. შენს ბატონს სულ გაუტყავებია ჩემი ძმები, უნდა მივეშველო, თორემ ტყუილია.
აქ სოსე და გიორგი მოეხვივნენ ერთმანეთს ძმურათა და გასწია სოსიკამ.
სოსიკა წავიდა პირდაპირ შინისკენ ისეთი სწრათად, თითქო ფრთები ასხიაო. მეოთხე დღეს იმან ადრე ამოყო თავის სოფელში თავი.
- რარიგად გაუხარდება მართას, ეხლა რომ ფულს მივიტან და გამოვიხსნი. ის ეხლა სულ არ მოელის, რომ მე ფული მაქვს... ვინ იცის, როგორ იმედგაწყვეტილია...
ესა და ამგვარი ფიქრი ერეოდა სიხარულისაგან აღტაცებულს სოსიკასა. იმის გონების თვალი გზაში სულ მართასთან იყო, მართას უალერსებდა, მართას ახარებდა; ხედავდა როგორ გაეხარდება მართას ამისი ნახვა, ფულის შოვნა. უდგა თვალწინ მართა დახსნილი, ამასთან ერთად მცხოვრები... სრული ბედნიერი...
მოვიდა შინა, მაგრამ მართას ნახვას კი ვერ ახერხებდა. სოსიკა მშობლებსაც კი უმალავდა ფულს, რომ არა მთხოვოსო. თუმცა მართამ იცოდა სოსიკას მოსვლა, მაგრამ გამოხსნის იმედი სულ არა ჰქონდა, რადგან არ იცოდა თუ იმას ფული ჰქონდა, ამის გამო ერიდებოდა იმის შეხვედრას, რომ არ განახლებულიყო იმათი დაახლოება და არ ჩავარდნილიყო ბატონების სატანჯველში.
ბოლოს, როცა იყო, სოსიკამ შენიშნა, რომ მართა დილ-დილით მზის ამოსვლის დროს დაიარება ვენახში ლობიოს მოსაკრეფად ბატონების სადილისათვის. ერთხელაც უთვალთვალა სოსიკამ და დაჯდა ვაზებში, სადაც მართას უნდა ლობიო ეკრიფა. პატარა ხანს უკან გაჩნდა მართაც კალათით ხელში. მართამ ჩუმად დაუწყო ლობიოს კრეფა და ხშირად რაღაც უნებური ოხვრა ამოხდებოდა ხოლმე გულიდან...
სოსეს დაუწყო გულმა ცემა და შეეკრა კრიჭა. იმან ძლივს გაბედა გამოჩენა.
- მართას გაუმარჯოს! - წაადგა ის თავს მართასა.
მართა შეშინებული შეკრთა, მინამ სოსიკას იცნობდა.
- ახ, სოსიკავ შენა? - უთხრა იმან კიდევ უფრო შემკრთალმა, - აქ რას აკეთებ?
- შენ სანახავად მოვედი. უნდა მოგელაპარაკო...
- ახ! დამეხსენ შენი ღვთის გულისთვის, სოსიკა, ნუღარ ჩამაგდებ მეორეთ სატანჯველში, ან შენთვის რა მადლია!..
- უნდა გამოგიხსნა, გოგო...
- კარგი, გეთაყვანე, ნუღარ მატყუებ... გინდა კიდევ შემაცდინო და ამიყოლო... თუ ბატონებმა კიდევ გაგვიგეს რამე, თავს აღარ ვიცოცხლებ... იმათ მოკვლას, ისევ რომ მე მოვიკლა თავი, ის მირჩევნიან... რათა დგები ჩემ ცოდოში?..
- გამიგონე, გოგო, ფული მოვიტანე, უნდა გამოგიხსნა...
- ფული! რის ფული? განა არ ვიცი, რომ შენი ფული სულ ბატონმა აიღო... რათ მატყუებ? ჩემი მოტყუება რა მადლია!..
- სხვა ფული ვიშოვნე... ბატონის ძმამ, გიორგიმ, მასესხა.
- ვიცი, რომ მატყუებ... დამეხსენ, გეთაყვანე, სოსიკა, მეყო ამდენი სირცხვილი და ტანჯვა... ამაზედ მეტი აღარ შემიძლიან.
- თავი არ მომიკვდება, არ გატყუებ. აი თუ ვტყუი, - და აქ სოსიკამ გახსნა თავისი ქისა და უჩვენა ფულები.
- სოსეჯან, შენი ჭირიმე, მართლა?.. გამომიხსნი ამათი ხელიდან?.. სოსე, ჩემო კარგო სოსე!..
აქ მართა უნებურად მოეხვია სოსიკას. სოსიკამ მიიკრა მართა მაგრა გულში.
- წავიდეთ, მართა აი იმ გაბურდნულს ვაზებში... იქ გიამბობ ყველაფერს... იქ დავაწყოთ საქმე.
მართა გაჰყვა.
ისინი შევიდნენ მთლად გაბურდნულს ვაზებში. გარშემო იყო მყუდროება. არსაიდან სიო, არსაიდან კაცის ხმა. შორს დილის მზის დანახვაზედ მაღლიდან დასძახოდნენ მოლაღურები, ისმოდა ატეხილი ფრინველთ ჭყრიპინი. სოსე და მართა უცებ ჩაეკვრნენ ერთმანეთს გულში... რამდენსამე ადგილს გადაშლილი ვაზის შტოებიდან ჩამონათდა ოქროსფერი შუქი მზისა... სოსე და მართა გადიქცნენ ერთ კოცნად, ერთ ადამიანად...
მზე შუბის წვერზედ იყო ამართული, რომ ისინი დაშორდნენ ერთმანეთს.
შუშანა გაცხარებული ეძებდა და უძახდა მართას...
XII
არას მომცემ, ყბასაც მომტეხ
დიდხანს იყო ფიქრში სოსე, როგორ დაეწყო ბატონებთან საქმე მართას გამოსყიდვისა, დიდხანს თათბირობდა ამ საქმეზედ, მაგრამ ღონისძიება ვერა მოეპოვნა რა. თვითონ პირდაპირ მისვლასა და თხოვნას ვერა ბედავდა; მეზობელი მებატონეთაგანი მიეგზავნა ვინმე, ყველასთან ნაჩხუბარი იყო როსტომი და არც არავის რათ აგდებდა, არც არავის პატივსა სცემდა; მამასახლისი მიეგზავნა, და მამასახლისს უფროც ეშინოდა ბატონისა, რაკი დიდხანს ვერა აზრზედ ვერა დადგა და ვერა მოაგვარა რა, ისევ თავის თავს მიმართა.
- ეჰ! რაც გახდეს - გახდეს, - იფიქრა იმან, - მოდი ისევ მე მივალ, იქნება ღმერთმა ხელი მომიმართოს და გასჭრას ჩემმა ბედმა.
რაკი ბატონისა ეშინოდა, ისევ, იფიქრა, შუშანას მივმართავო.
- თუ ის მოინდომებს, ბატონიც უარს არ მეტყვის.
ამ ფიქრით სოსიკამ ერთს დღეს, როცა დაიგულა როსტომი სხვაგან წასული, მიმართა შუშანას ძღვნით ხელში.
შუშანაც რაღაც კარგს გუნებაზედ ბრძანდებოდა იმ დღესა.
- ოჰ, სოსიკავ, ამბავი? რას მოუყვანიხარ ჩვენთან?.. მიკვირს მოგგონებივართ!
სოსიკას, რომელიც საშინელის მოკრძალებით შევიდა, ცოტა გული მიეცა ამ გაურისხველს კითხვაზედ.
- ეჰ, შენი ჭირიმე, ქალბატონო! თქვენ რო დაგივიწყოთ, ვიღა უნდა გვახსოვდეს! ჩვენ დღესაც თქვენი ვართ და ხვალაცა... თქვენს მეტი ჩვენი ბატონი და პატრონი ვინ არის, რომ თქვენ დაგივიწყოთ...
- კარგია, რომ მაგდენი გეყურებოდეთ ჩვენ გლეხკაცებსა, მაგრამ რო არ გესმით მაგდენი...
- რა, შენი ჭირიმე! ჩვენ გლეხკაცნი ვართ, ჩვენ რომ თქვენოდენა გვესმოდეს, ხომ ჩვენც კაცნი ვიქნებით... უნდა მოგვიტეოთ...
- ოჰ, სოსე! ჯვარიც მიგიღია?.. კარგია!.. რატომ ცოლს კი აღარ ირთავ?
აქ უფრო კიდევ იმედი მოეცა სოსესა.
- მე, შენი ჭირიმე, ქალბატონო, იმიტომ უფრო გავბედე თქვენთან ხლება... თქვენი წყალობის იმედი ისე მაქვს, როგორც ღვთისა... მე, თქვენ თუ მოგეხსენებათ, მართას აგერა მეცხრე წელიწადია პირობა მივეცი... ჩვენ ერთმანეთს შევფიცეთ ხატზედა, რომ ერთმანეთის მეტი არავინ შევირთოთ... მე, შენი ჭირიმე, თუ არ ესა, ღმერთის წინაშე პირობა დამიდვია, სხვა არავინ შევირთო ცოლათა... აქამდინაც მინდოდა მეთხოვნა, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ბატონის ვალია, ხელცარიელი ვერ გიახლებით... ეხლა, ქალბატონო, მიბოძეთ ნება მართას გაყვანისა და როგორც თქვენი ნება იყვეს, ისე გვიმსახურეთ... მაინც ჩვენი იმედი და მისამართი თქვენს მეტი არავინ არის... თუ მიბრძანებთ მეცა და მართაცა ისევ თქვენს კარზედ ვიქნებით, ისევ თქვენვე გახლდებით და რაც აქამდინ ერთგულობა გაგვიწევია, ეხლა ერთიორად უკეთ გემსახურებით და თქვენს სამსახურში და ერთგულებაში ორივენი თავს დავდებთ... ოღონდ, შენი ჭირიმე, ჩვენ ერთმანეთს ნუ გაგვყრით და ნუ ინებებთ ჩვენს საუკუნოდ დაღუპვასა... ჩვენ უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეგვიძლიან... მაშინ ჩვენ ვიცით და ჩვენმა ნამუსმა და ჩვენმა ადამიანობამა.
შუშანამ მოისმინა ეს ყველაფერი და იკბინა ტუჩებზედ. “ა!” იფიქრა იმანა: “ამათ ისევ ხსოვნებიათ ერთმანეთი! ესენი უთუოდ ისევ შეუჩნდნენ ერთმანეთსა!.. კიდეც იმიტომ არის მართა ისე უგულისყუროთ ყველა საქმეზედა... დამაცადონ!.. ამათ ესეები უნდა ჩაიდინონ კიდევ ჩემს სახლში!..”
- მე რა მენაღვლება, თუ შენი ბატონი ნებას მოგცემს! მე რო მეუბნები, ჩემი თხოვნა ტყუილი არ არის? თუ ის მოგცემს ნებასა, მე რა უარი შემიძლიან... მე რა მეკითხვის.
- არა, შენი ჭირიმე ქალბატონო! ნუ ინებებთ, ღმერთი გადღეგრძელებთ, ჩვენს დაღუპვასა... თუ თქვენი ნება გახლდებათ, ბატონი თქვენს სიტყვას თავის დღეში არ წაუვა... თქვენი შვილების სადღეგრძელოდ, ნუ ჩაგვაგდებთ ცეცხლში... ამდენი ხანია იმისთვის ვეწვალები... სისხლი დამიღვრია. თავი გამიწირავს და ეხლა ნუ ინებებთ ჩემს გაუბედურებას... ჩვენი ბატონი, ჩვენი ღმერთი თქვენა ბრძანდებით...
- მე შენ გეუბნები, რომ, თუ შენი ბატონი მოგცემს, მე არა მეთქმისრა-მეთქი. აი ნახე როდისმე შენი ბატონი და გაიგებ სწორესა...
- თქვენც დამეხმარეთ, ღმერთი გადღეგრძელებთ, ღმერთი გაგიზრდით თქვენს ვასილს და ილიკოსა... თავი არ მომიკვდება თავს მოვიკლავ თქვენს წინ, ყელს გამოვიჭრი, თუ მე და მართა ერთად არ შევიყარენით... ღვთის ფიცი დაგვიდვია...
- საღამოზედ მობრძანდება შენი ბატონი და, თუ გინდა, შეგიძლიან ნახო. ყველა იმის ნებაა.
სოსიკა წამოვიდა, მაგრამ, როგორღაც იმედი დაეკარგა, რომ ეს საქმე ასე ადვილად გათავებულიყო.
სოსიკა გასცდა თუ არა კარის ბჭესა, შუშანამ მაშინვე დაუძახა მართასა.
მართა, რომელიც ყურს უგდებდა მეორე ოთახიდან ამ ლაპარაკსა, შევიდა თონესავით წითლად ანთებული.
- სოსიკა ბრძანდებოდა აქა... შენ გიპირებს გამოხსნას... შენ რაღას ამბობ: გვანებებ თავსა?
მართა უარესად გაწითლდა და ჩაღუნა თავი.
- ნუ გრცხვენიან... გინდა შენც იმის შერთვა?
პასუხის მაგივრად, მართას წასკდა თვალებიდან ცრემლი.
- უ! დამიხედეთ! არა, რა გატირებს?.. მაშ გნდომებია, რაღა!.. თქვი, რასა მალავ!.. გინდა?
- რა მოგახსენო, - წაილუღლუღა ცრემლში მართამ.
- აქ რაღა გიჭირდა ჩვენთანა? ცუდად გეპყრობოდით? ჭამა გაკლდა? სმა გაკლდა? ჩაცმა-დახურვა გაკლდა?.. ჩვენ შვილებში არც მე და არც ჩემი ქმარი არ გარჩევდით... სხვა რა გაკლდა, რომ ეხლა ერთ ყარტლიან გლეხკაცზედა გვცვლი?..
მართამ უფრო მოუმატა ტირილსა.
- თქვენ სიკეთეს თავის დღეში არ დავივიწყებ, ქალბატონო, ჩემი დედაც თქვენა ბრძანდებით...
- სოსიკას არ უთქვამს შენთვის, რომ უნდა გამოგიხსნას?
- დიახ! - უპასუხა მართამ ჩუმის ხმითა.
- როდისა გნახა?
მართა გაჩუმდა.
- ქა, რასა მალავ! თქვი, რაღა!
- ლაღოდეხიდამ რო დაბრუნდა.
“აკი ვთქვი!” იფიქრა შუშანამა.
- ხშირათა ხედავთ ხოლმე ერთმანეთს?
- ერთხლის მეტად არ მინახავს.
- ტყუილად მალავ!
- წმიდის ღვთისმშობლის მადლმა.
შუშანამ აღარა ჰკითხა რა. იმან ცხადად შენიშნა სიცრუე.
- კარგი, წადი და ვნახოთ ეხლა ბატონი რა პასუხსაც მოგცემთ. გვეყო მაგდენი გულის ხეთქვა თქვენგანა.
მართამ შენიშნა ქალბატონს მრისხანება და გადიწყვიტა იმედი. ის გავიდა უიმედოდ.
დარჩა მარტო შუშანა და დაუწყო გულმა შფოთვა.
“ჰმ! ჰხედავ ამ უნამუსოებს, როგორ კიდევ ერთმანეთისთვის მიუგნიათ! მაგათგან ამდენი სირცხვილი უნდა ვჭამოთ! ეგ აქ რაღა დასაყენებელია!.. სულ ჩემი ქმარის ბრალია... ვეუბნიბოდი: ციხეში ჩაასმევინე-მეთქი! - არ დამიჯერა... ახლა დახსნასაცა ფიქრობენ... ღორის ტილები...”
საღამოზედ, დაბრუნდა თუ არა როსტომი შინა, სწვდა ყრონტში შუშანა.
- აბა, რო გეუბნები, შენი ყმები და მოსამსახურენი არაფრად გაგდებენ-მეთქი, არა გჯეროდა!.. წადი, ვენაცვალე ღმერთსა! აჰკურკურებიან სოსიკა და მართა კიდევ ერთმანეთსა... თავები კი მოგვჭრეს და! თითით საჩვენებელი კი გაგვხადეს და! ..ნურცარას ეხლა ეტყვი! აგერა მობრძანებულა სოსიკა და ეხლა მართას დახსნასაც თხულობს. ნეტავი ეხლა სხვაც რამ არა გვთხოვონ, ჩვენ იმისთანა ბატონები ვყევართ იმათა...
- ოჰ, შუშან! შენ ისეთნაირად ამტეხიხარ, რომ ერთ უბედურებას გადამკიდებ... რა გინდა ჩემგანა?.. რაღა შენგან ცეცხლის მოკიდება მინდა!..
- ჰო! მე კი არ ვიცოდი, რომ შენ შენი ყმებისა გეშინიან!.. მე დედაკაცი ვარ და ამ ლეჩაქისა რომ არა მრცხვენოდეს, ეს ლეჩაქი რომ არ მეხუროს, მე ვიზამდი შენს მაგივრობასა... მაგათი უნდა შემეშინდეს... მაშ სამართალი აღარსადა ყოფილა... მაშ ჩვენ ხმა აღარ ამოგვეღება ჩვენ ყმებთან... მაშ რაღაზედ ვიხეთქავთ გულებს! ავდგეთ და დავანებოთ თავი: ეგენი ბატონები იყვნენ, ჩვენ ყმები... ეგ არის, რაღა!.. კაი ბატონ-ყმობაა!..
როსტომი გაჩუმდა. იმას შერცხვა, რომ ცოლმა მშიშრობა დასწამა. შუშანა გავიდა თონესავით ანთებული მეორე ოთახში. როსტომმა დაიწყო ოთახში სიბრაზით წინ და უკან სიარული და თან იკვნეტდა ტუჩებსა.
პატარა ხანს უკან შემოყო სოსიკამ თავი.
- მინდოდა და მოხვედი! - შესძახა როსტომმა: - რისთვის მოსულხარ?!
სოსიკა დაეცა მუხლის თავებზედ.
- ჩემი სიცოცხლეცა და სიკვდილიც თქვენს ხელთ...
როსტომმა არ გაათავებინა და სწვდა ქოჩორში...
- მე გიჩვენებ შენ სიცოცხლესა და სიკვდილსა! არ გეყო, განა?!. - აქ როსტომმა ჩამოიღო კედელზედ ჩამოკიდებული მათრახი და ჩაკეტა კარი...
- შენ აქ ჩემი მოახლეების გასარყვნელად დაბრუნდი განა ჯარიდან... შენა ბედავ განა ჩემი სახლის უპატიურებას!.. ჰა! შე არამზადავ!.. არ გეყო!.. არ გეყო!
სოსიკა ძლივს მოვიდა გონს მათრახქვეშა და მოისვა სარტყელზედ ხელი, მაგრამ ხანჯალი ზედ არა ჰქონდა. აქ ის გამოუსხლტა ხელიდან როსტომს, გააღო საჩქაროზედ კარები და დაეშვა ბალკონიდან. ამ დროს დაინახა სოსიკამ მართა. მის დანახვაზედ აენთო სისხლი. იმან დააპირა ბატონისაკენ მობრუნება, მაგრამ რაკი მოაგონდა, რომ იარაღი არა ჰქონდა, ერთი მოიხედა ჯავრით ბატონისაკენ და გასწია ისევ საჩქაროდ, რომ ბატონი კიდევ არ მოსწეოდა.
გადარჩა ბატონს და მიდიოდა სოსიკა სისხლაღელვებული, გული უცემდა მრისხანებით, თვალები აევსო სისხლითა და გადასწყვიტა, რომ ეხლა კი აუსრულებს თავის ამდენს მტანჯველსა და ქვეყანაში გამომსალმებელს. “ეხლა კი მოვიდა შენი დასასრული დღე... მე ხომ მაინც მკვდარი ვარ, და აღარც ჩემს მტანჯველს გავახარებ წუთისოფელში...”
ამგვარად იარა სოსიკამ დიდხანს. დაბოლოს დაეგდო ერთი დიდი კაკლის ქვეშ თავჩაღუნული და ვერ მოსულიყო დიდხნობამდინ გონსა. აქ ძლივს გამოერკვა სოსიკა და გასწია მაგარის ნაბიჯით შინისაკენ, იმან იქ ჩამოხსნა იარაღი, გადიგდო მხარზედ თოფი და გასწია, სახლობის გაუგებრივ, სოფლიდან.
სოსიკას სოფლიდან გასვლა ვერავინ შენიშნა. რადგან ამჟამად, არამც თუ მთელი ეს სოფელი, გარეშემო სოფლებიც იყვნენ გართულნი უფრო სხვა სეირში. სუყველას გონება ჰქონდა მიპყრობილი როსტომისა და გიორგის წინააღმდეგობასა და შუღლზედ. გიორგი, რომელიც ამ ერთის თვის წინათ დაბრუნდა ჯარიდან, იყო შეტაკებული როსტომთან, რომლისთვისაც ის იყო შინ მოსული.
წავიდა სოსიკა სოფლიდან და ორი-სამი დღე ნახევარზედ მშიერმწყურვალე დაეხეტებოდა ტყესა და ჭალებში და ზვერავდა იმ ალაგებს, სადაც უფრო ხშირად დადიოდა ხოლმე ამისი ბატონი. ბოლოს ძლივს მოასწრო ამან როსტომს. ის მოდიოდა ცხენით ყრუ ჭალის გზაზედ რაღაცა ალაგების დასათვალიერებლათ. სოსიკა საჩქაროზედ ჩაჯდა ყრუ ბუჩქებში და დაუწყო გულმა ცემა, ხელებმა კანკალი. იმან შემოსვა ჩახმახი და გაამზადა თოფი. როსტომი დაუახლოვდა თოფის სროლის მანძილზედ. სოსემ დაუმიზნა თოფი მარჯვენა საფეთქელში და დაუშვა ჩახმახი... თოფი არ გაუვარდა. სოსეს დავიწყებოდა საპირწამლის მოყრა ფალიაზედ. იმას ეხლა მოაგონდა ისა. ის სასწრაფოდ სწვდა საპირწამლეს... მაგრამ ამ ჩახმახის დაცემინებაზედ, მინამ ის კიდევ თოფს გამართავდა, როსტომმა მოჰკურცხლა ცხენი. ის გულგახეთქილი მივარდა ცხენის ჭენებით შინა და უამბო შუშანას თავისი განსაცდელი.
- ეგ უთუოდ გიორგი იქნებოდა, თქვენმა მზემა!.. იმის მეტი რაზბონიკი და კაცის მკვლელი ვინ არის აქა!.. - მიატანა შუშანამ.
- რას ამბობ! გიორგი სად იყო! მე რომ წავედი, ის უიარაღოდ ვენახში მიდიოდა ნელ-ნელა... ეგ მე ვიცი, ვინც იქნებოდა... ეგ უთუოდ ჩვენი გვარის მტრებმა მოგვიგზავნეს მოსაკლავად ოსი ვინმე. ჩვენი ოჯახი სულ იმათ ამოწყვიტეს...
- აკი გეუბნები: უკაცოდ ნუ დადიხართ-მეთქი. ცარიელი კაცი როგორ უნდა ენდოს ამდენს რაზბონიკებსა...
- არა, აქ უიარაღოდ და უკაცოდ სიარული არ შეიძლება. ერთა მეღა ვარ და ჩემზედაც თვალები უბრმავდებათ... ზოგი მაშინ მომიგზავნონ მკვლელები, რომ მთელს ორ-სამ ნასოფლარს მოვუგებ... სისხლით გაუმაძღრები...
როსტომის თავს რომ ეს ამბავი მოხდა, გიორგი ჩავიდა ვენახში ცხენის გადასანაცვლებლად, მაგრამ ცხენი იქ აღარ იყო. იმას აეგლიჯა და გაქცეულიყო. გიორგი წავიდა საძებნელად. იმან დაუწყო ჭალაში ძებნა ცხენსა და უცებ წაადგა თავს სოსიკას, რომელიც თოფით ხელში იჯდა დაფიქრებული ერთი ჩქარი მდინარის პირსა.
გიორგი ისე წაადგა სოსიკას თავსა, რომ სოსიკამ ვერ შენიშნა.
- მაგ თოფით აქ რას აკეთებ, სოსე! - ჰკითხა გიორგიმა: - გინადირნია, თუ რა არის?
სოსიკა შეხტა, რაკი იცნო გიორგი. წამოდგა ზეზედ.
- დიახ, ვნადირობდი, მაგრამ თოფი არ გამივარდა... საპირწამლის დაყრა დამვიწყებოდა...
- რას ესროდი?
- რასა და ორფეხს ნადირსა, რომელსაც მე დიდი ხანია დავდევ და დღეის მეტად ვერ გავბედე...
- ახ, ღმერთო! კიდევ!.. რა გაქვთ გასაყოფი?.. რით ვერ გაიყავით.
- განა თქვენც არ გაიგებდით, იმ დღეს რა მიყო ბატონმა?.. შევედი თუ არა მართას სათხოვნელად, ჩამიკეტა კარი, მტაცა ხელი და მომყო მათრახითა... როდემდინღა უნდა უთმინო! კაცი ვარ მეცა ხორციელი...
- მაშ მაშინვე უნდა მოგეკლა... ეხლა ჩუმად მოკვლა ვაჟკაცის წესი არ არის...
- მაშინ დანაც არ მქონდა ხელში, და მუშტით ხომ ვერ მოვკლავდი. რო მცოდნოდა, თუ მაგ საქმეს მიზამდა, მაშინ მე ვიცოდი... მაგრამ... რა გაეწყობა! აგერ ეს მესამეთ გადაურჩენია ეგ ჩემს ხელსა... ერთიც კიდევ ვცდი და თუ კიდევ ასცდა, მაშინ მე თითონ სასიცოცხლო აღარ ვიქნები.
- გამიგონე, რა გითხრა, აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამიაო. შენ ცოტა მოითმინე. აგერ საცაა დავითი მოვა შინა, - ეხლა ქალაქშია და მითხრა, მალე მოვალო... შენ ისევ იმას მიმართე: იმას უფრო პატივსა სცემენ...
- ეჰ! რას ბრძანებ, ბატონო გიორგი, ღმერთი გადღეგრძელებს! ძაღლისა ბატკანი ვის უნახავს... მაგისი ძმისწული კარგი რათ იქნება... ეხლა იმანაც ეგ დღე დამაყენოს... მეყო ამდენი სირცხვილის ჭამა და ქვეყანაზედ თავის მოჭრა.
- არა! არა მგონი ის მაგისთანა იყვეს... მე კი მეუბნებოდა, ბიძაჩემი თურმე ავად ეპყრობა გლეხკაცებსა და ეგებ შეღავათი მივაცემინოო... თუ არა სტყუის!.. ჩემთან რა ტყუილი ემართა.
- არა, ძნელათა მჯერა, რომ ჩვენთვისღა ქვეყანაზედ მშველელი გამოჩნდეს... ერთი ღმერთია და იმანაც ხელი აიღო... ალბათ, მართლა მხეცები ვართ გლეხკაცნი, როგორც ბატონები გვეუბნებიან-ხოლმე, თორემ ამოდენა მოთმენა, რასაც ჩვენ ვითმენთ, ხორციელს ადამიანს როგორ შეეძლო!.. არ დაიჯერებთ, ბატონო გიორგი, რომ უკანასკნელი ცოლის ჩიქილები დაჰყიდეს ჩვენი ბატონის კაცებმა... ზოგს საჭმელი აღარა აქვთ, რომ სჭამონ, თავისი მოკეთეებისაგან იკვებებიან სამადლოდ; და ჩვენთვის ხსნის იმედი არსად არ არის... რამდენი ხანია მე მაგას ვიცნობ და კაცი ძაღლს, კაცის სისხლის მსმელს ნადირს ვერ გაიმეტებს ისე, როგორც ეს იმეტებდა ცოცხალს ადამიანებსა... რამდენი უსამართლო სისხლი აძევს მაგას კისერზედ, რამდენი კაცის ცოლ-შვილის ცოდო უკისრია, და მაგის გულში კაცის სიბრალული არ გაღვიძებულა... მაგდენი ცოდო, მაგდენი სისხლი არ ასვენებს მაგასა... უსისხლოდ მაგას ცხოვრება არ შეუძლიან... რას უნდა მოელოდნენ მაგისგნით მაგის კაცები?..
- ჩემი რჩევა მაინც კიდევ ეგ არის, მე დამიჯერე, დათიკოს მოუცადე... თუ კიდევ არ დაგიშლია და გეჩქარება, მიუგზავნე მღვდელი, მღვდელს უეჭველად პატივს სცემს... მხოლოდ ეს მითხარი: შენს ბატონს ხომ არ დაუნახიხარ, როცა თოფი დააცემინე?
- არა მგონი, გაიგონა თუ არა კვესის ხმა, შეშინდა და გაიქცა: არც კი მოუხედნია ჩემსკენ. მეორეც ესა, მე მოფარებული ვიყავი ბუჩქებში.
- მაშ ადექ და დღესვე მიმართე მღვდელს. ცოტა ძღვენი მიუტანე, ზოგსაც დაჰპირდი და არ დაიზარებს. მეცა ვთხოვ, რომ შეგეწიოს და გაისარჯოს.
- სულ ტყუილი იქნება, თორემ ნახამთ კია... ეგ სისხლისაგან არის ატაცებული და სისხლს ეძებს...
- სცადე და თუ არა იქნება რა, მაშინ დათიკოს მოუცადე, ის უეჭველად გიშველის.
XIII
კვლავ აღარ გაბედო
სოსიკამ დაუჯერა გიორგის და მეორე დღესვე მიადგა მამა ონისიმეს კარებზედ. მღვდელმა იცოდა, რომ სოსიკა მოვიდოდა, რადგან წინადღესვე გიორგიმ პირობისამებრ სთხოვა, არ დაზარებოდა და მიჰგზავნოდა სოსიკას ბატონთან.
ონისიმე მღვდელს იამა მიტანილი ძღვენი და აღთქმული სამოციქულო პატივისცემა, ამის გამო ბედავდა შუაკაცობასა, თუმცა დიდი იმედი არა ჰქონდა გამარჯვებისა.
- მე მიგეგზავნები, შვილო, მაგრამ, რა ვიცი! ძალიანია, თუ შენს ბატონთან გაჰყიდა რამე კაცმა... ერთი უსულო კაცია... არც ერის კაცისა, არც სამღვდელოსი იმას პატივისცემა არა აქვს.
- ერთი სიტყვით, მამაო, მამაშვილობამა, თუ თქვენგნითაც აღარა მეშველა რა, თავზედ ხელი ამიღია... მე უიმგოგოვოთ სიცოცხლე არ შემიძლიან... ღვთის პირობა მაქვს მიცემული... მე ღმერთს ვერ ვუღალატებ... თუ იქნა იქნა, თუ არა და მაშინ... ალბათ, მე ვიცი... შენს მეტი ჩემი ღონე აღარ არის... შენ უნდა მომკლა და შენ დამარჩინო...
- მე ჩემსას ვეცდები და ღმერთია ხელის აღმპყრობელი. უღვთოდ არა იქნება რა...
საღამოზედ, ჩაის დროს, მამა ონისიმე მივიდა როსტომთან მოწიწებით. როსტომი ელაპარაკებოდა მამასახლისს რაღასაც ბრძანების კილოთი და შუშანა აკეთებდა ჩაის.
- მშვიდობა და კურთხევა სახლსა ამას! - ჩამოილოცა შესვლის უმალ ონისიმე მღვდელმა.
- მობრძანდი, მამაო ონისიმე, - მიიწვია როსტომმა მღვდელი და თითონ კი ისევ ელაპარაკებოდა მამასახლისს. - სწორედ თხუთმეტი ურემი უნდა გამოვიდეს ჩემებს გარდა და ამ სამ დღეზედ მოზიდონ დანარჩენი კირი და ქვიშა...
შუშანა მივიდა ხელზედ სამთხვევლად.
- გაკურთხოს ღმერთმა! - და მიუშვირა ხელი ონისიმე მღვდელმა.
- დაბრძანდით, მამაო, - მიუბრუნდა როსტომი - წადი ეხლა, მამასახლისო! -ის გიორგი რაღასაც აპირობს და არ დაგავიწყდეს. უთხარ მთელს ჩვენს კაცებსა, რომ ერთი დაძახება და ქუდზედ კაცის გამოსვლა ერთი იყვეს, თორემ სულ ნაცარს დაუნიავებ! გესმის?!..
- ბატონი ბრძანდებით, შენი ჭირიმე! თქვენ ბრძანებას ვინ წაუვა, ვის შეუძლიან.
- ეგრე!
მამასახლისი წავიდა. როსტომი დაჯდა.
- აბა, შუშან, ჩაი დაგვალევინე. სხვა, რას იტყვი ახალს, მამაო ონისიმე!
- თქვენს მშვიდობას! საღვთო წერილი ბრძანებს: ჟამნი ახალნი და ერნი ახალნიო.
- ჭეშმარიტია, მამაშვილობამ! რამდენიც ახალი დრო მოდის, იმდენი ახალი რაზბონიკობა იწყობა, იმდენი ბოროტის ხალხით ქვეყანა ივსება...
- ჭეშმარიტი როგორ არ არის! მამაშვილობამა, რომ ეს კარგს არას მოასწავებს. საღვთო წერილი ბრძანებს: ოდეს აღდგეს ძმა ძმაზედ, შვილი მამაზედ, მამა შვილზედ და აღარ იყვეს ურთიერთის დანდობა, უწყოდეთ რამეთუ მოახლოვებულ არს ჟამიო...
- ამდენი ცოდო ტრიალებს, - დაიწყო შუშანამა, - რომ მიკვირს, აქამდინაც როგორ ითმენს ღმერთი ამდენს გაუტეხრობასა. დიდისა და პატარის გაგონება აღარ არის, რაზბონიკებს სამართალი ყურს არ უგდებს, გაუნათლებელსა და ქვეყანაში გამოუსვლელსა და რიგიანს კაცში გარჩევა არ არის. ათასი ყარტლიანები ქვეყანას ამღვრევენ და არ ასვენებენ. ამაზედ უარესი დრო აღარ იქნება.
- მამაშვილობამ, რომ სულ ჩვენი ცოდოებისაგან მოგვდის. რაკი ჩვენ დავივიწყეთ ღმერთი, ღვთის დიდება და თაყვანის ცემა, იმანაც ჩვენზედ ხელი აიღო, თორემ ვინ მოსწრებია ამ ამბებსა.
- ეჰ! რაც ღვთის ნება იყვეს, ის მოხდეს, - დაუმატა როსტომმა.
- ოღონდა და! ყველა იმისი ნებაა, იმისმა მადლმა! რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების! ბრძანებს საღვთო წერილი. უღმერთოდ არა იქნება რა, - გაათავა მღვდელმა.
- ჭეშმარიტია! - სთქვა მწარის თავის გაქნევით როსტომმა. რომელიც მღედელზედ უფრო უარესად ვერ არჩევდა რუსთაველს და საღვთო წერილს ერთმანეთში. ყველანი გაჩუმდნენ... შემოაკლდათ საფანელი.
- მე, ბატონო როსტომ, ცოტაოდენი საქმე მაქვს თქვენთან მოსახსენებელი, - დაიწყო ცოტა სიჩუმის შემდეგ ონისიმე მღვდელმა.
- ბევრი გვიბრძანეთ.
შუშანა გავიდა, ვითომ არ დაუშალოო.
- მე, მამაშვილობამ, ვერ გაგიბედავდით შემეწუხებინა თქვენი მაღალ ბრწყინვალება, მაგრამ, რაკი მეტად შეწუხებული ვნახე და მეტად იხვეწებოდა, ჩემი ვალია, როგორც სულიერი მამისა, მოგახსენოთ. მოციქულობას თითონ საღვთო წერილი ვალად ადებს ყოველს კაცსა. დღეს ჩვენს მხარეზედ ხელმწიფისდარი კაცი ბრძანდებით. თქვენოდენა არც კაცობით, არც ფულით, არც შეძლებით, არც გონებით - ღმერთმა მოგცეთ, - არც სწავლით და არც სხვაფრივ დღეს ჩვენში არავის შეუძლიან. თქვენ ერთი კაცის აშენებაც და დაღუპვაც ყოველთვის შეგიძლიანთ. თქვენთვის ერთი კაცის გადაგდება და აყვანა, როგორც ზღვაში ერთი ქვიშის მომატება და დაკლება, სრულებით არაფერი შესამჩნევია, და ამითი სხვა კი შეგიძლიანთ საუკუნოდ გააბედნიეროთ და თქვენი შვილები ალოცვინოთ. მე, თქვენო მაღალბრწყინვალებავ, ბატონო როსტომ, იმას მოგახსენებ, რომ მაგისთანა სამადლო საქმე არა იქნება რა, როგორც ქორწინებით შეუღლება ქალ-ყრმათა. თქვენს ერთგულს ყმას და მოსამსახურეს თქვენი მოახლე მართა სურს შესართავათა. თითონ გოგოც არ არის უარსა, და იმისი მოციქული გახლავართ, რომ როგორც გინდა იმსახურეთ თქვენი ყმა, ოღონდ ნება უბოძეთ, თქვენი შვილების სამლოცველოთ, ქორწინებითი შეუღლებისა და, მეც მამაშვილობამა, როგორც სულიერი მამა, საუკუნოდ თქვენი მლოცველი და ღვთის წინაშე, ყოველს წირვაზედ მავედრებელი ვიქნები, როგორც კიდეცა ვყოფილვარ ყოველთვისა.
- კიდევ არ იშლის? ჰმ! ჰყურობ იმასა? არ ეყო, განა!..
აქ როსტომი რაღასაც ჩაფიქრდა.
- მერე ფული ვინ მისცა იმასა? - ჰკითხა მოფიქრების შემდგომ როსტომმა.
- მაგისა რა მოგახსენოთ და მოგახსენებთ კი, მამაშვილობამა რომ, რასაც სამსახურს მიბრძანებენ, ვემსახურები, ოღონდ ნება მიბოძონ, შევირთოო.
- კარგი, თქვენს თხოვნას რა უარი ეთქმის: თქვენი პატივისცემა, თორემ, ჩვენ, სწორე მოგახსენოთ, მაგ არამზადას არასდროს მაგის ნებას არ მივცემდით. რაერთი აქვს ამ გოგოს გამოსახსნელათ?
- რასაც თქვენ უბრძანებთ, იმას რა უარი შეუძლიან, თუკი მოეპოვება რამე სახსარი.
- მე, სწორე მოგახსენო, თქვენი პატივისცემისთვის, თორემ ეგ გოგო რომ გავიმეტო, მაგის მეტი რიგიანი სახლში აღარავინ დარჩება, და ვერც ოცდაათ თუმან ნაკლებ გავცემ.
- ჩემი შეწირულის მადლმა და ჩემი წირვა-ლოცვის მადლს გეფიცებით, გავბედავ და მოგახსენებთ, რომ იმას ოცი თუმნის მეტი ქვეყანაზედ არა მოეპოვებოდეს რა, ეგეც, მამაშვილობის მადლს გეფიცებით, ნასესხები აქვს და მეტს, მთელი ქვეყანა რომ შესძრას, ვეღარ იშოვნის. რადგან ჩემ თხოვნას პატივი ეცით და მაგისთანა ერთგული და შვილივით შეზრდილი გოგო გაიმეტეთ, ათი თუმანიც მე მაპატივეთ და საუკუნოდ თქვენი მონა და მოსამსახურე გამხადეთ. ის კაცი დღესაც თქვენია, ხვალაცა. თქვენს ერთგულებასა და სამსახურში დაუღამებია თავისი დღენი და თუ აქამდინ ერთგული ყოფილა, მამაშვილობამ, ამას იქით უფრო გემსახურებათ და გიერთგულებთ.
- კარგი, ეგეც თქვენი პატივისცემა, რომ სულიერი მამა ბრძანდებით ჩვენი და თქვენ ლოცვებში არ გვივიწყებთ, თორემ ის თავის დღეში მაგას არ ეღირსებოდა.
- ღმერთმა გაკურთხოს, კნიაზო როსტომ! მამაშვილობამა სამღვდელო კაცის პატივის ცემას თითონ ღმერთი დაინახავს და გადუხდის ყოველს კაცსა.
აქ მღვდელი წამოდგა ლოცვა-კურთხევით და გასწია სოსიკასთან სახარებლად.
სოსიკამ სიხარულით დაიწყო თითქმის ტირილი და არ იცოდა როგორ ეთქვა მღვდლისათვის მადლობა.
- მე ვიცი, მამაო ონისიმე და ჩემმა კაცობამ. ღმერთმა ამომწყვიტოს, თუ მე შენი სიკეთე თავის დღეში დავივიწყო. მეცა და ჩემი ცოლიც თავის დღეში თქვენი ყურმოჭრილი ყმა ვიქნებით და მოსამსახურე.
სოსემ იმავე დღესვე ჩააბარა მღვდელს ოცი თუმანი ბატონის მისაცემად და ხუთი მანეთიც მღვდელს გასამრჯელო.
მეორე დღეს მივიდა მღვდელი როსტომთან და ჩააბარა ოცი თუმანი.
- ამისას ბრძანებთ ისესხაო, მამაო?.. თუ იმედი არა ჰქონდა, ხომ ვერც ისესხებდა და არც არავინ ანდობდა, - უთხრა როსტომმა მღვდელს, როცა ჩაიდო ჯიბეში ფული: - მე კი მიმალავენ, შეძლება არა გვაქვსო. აი თუ არა აქვთ! ეს კარგად იცოდნენ, რომ სულს აქეთი ჩემნი არიან და რაც მაგათ აქვთ, სულ ჩემია. თუ ამას იქით კიდევ გაბედავს ეგ ჩემი გოგოს თხოვნას, სულ ციმბირს იქით დავაკარგვინებ!.. ეგ არამზადები ეგენი! როცა ბატონის თხოვს, არა აქვთ, თუ თითონ მოინდომეს - მაშინ კი აქვთ?! მე ვუჩვენებ მაგათა, როგორც უნდა ბატონის სამსახური!.. დამაცადონ.
ონისიმე მღვდელი გაშტერდა და გაოცდა ამ მოულოდნელს ამბავზედ.
- ნუ ინებებთ, ბატონო როსტომ, ღმერთი გადღეგრძელებთ!..
ნუ გამომჭრი ნურც მე და ნურც იმას ყელსა... ნუ გამიხდით ქვეყნის ჩასაქოლად თავსა...
• ეგ თქვენი საქმე არ არის... ჩემი კაცია და მე ვიცი და იმან...
თუ თქვენ კარგი მღვდელი იყავით, თქვენი ღირსება გეცოდინებოდათ... კვლავ აღარ გაბედო ჩემთან მაგისთანა საქმეებისათვის მოსვლა.
მღვდელი გამობრუნდა თოფნაკრავივითა და დაიწყო სიმწარით ტირილი.
სოსე გაშრა და დიდხანს ვერ მოვიდა გონსა. ბოლოს ის გაექანა პირდაპირ ბატონისკენ. კარებზედ შემოხვდა უმცროსი ძმა, რომელიც ახლდა მსახურად სოსიკას მაგივრად ბატონსა. ის მაშინვე მიხვდა, რათაც მოდიოდა სოსე.
- სად მიხვალ? - ჰკითხა იმან შეშფოთებითა და გადაეღობა გზაში.
- ჩამომეცა-მეთქი!.. მე ვიცი, სადაც მივალ...
- ვიცი, სადაც მიხვალ! ტყუილად მიდიხარ: ბატონი სხვაგან წავიდა.
- სად წავიდა?.. სადაც არის, უნდა ვიპოვნო! სად წავიდა, მითხარი ეხლავე...
- დიამბეგთან წაბრძანდა.
სოსიკამ დაიჯერა და დაეშვა ძირსა.
- დახე მაგის ბედსა!.. სად წავა?!. ქვეშკნეთში! იქაც კი თან ჩავყვები... უნდა კბილით დავგლიჯო მაგისი ხორცი...
სოსე გააბრუნა ძმამ და შეიყვანა შინა. იგი დაემხო პირქვე და სტიროდა ბავშვივითა. კარგა ხანს უკან იმან შეისხა ტანზედ იარაღი და ჩაუჯდა ბატონს გზაში. გვიან ღამემდინ ის ელოდა ბატონის მოსვლასა. ბატონი არსად იყო. შუაღამისას ის დაბრუნდა შინა და შეიტყო, რომ ბატონი არსად წასულიყო. მეორე დღეს ელდასავით გავარდა ხმა, რომ გიორგი როსტომის ყანებსა მკისო.
სოსიკაც ადრიანად მიიჭრა გიორგისთან, სადაც იმას მკა ჰქონდა.
- არ დაუთმო არაფერი მაგას, - დაუწყო სოსემ გიორგის ცხარედ ლაპარაკი. - თუ ვინიცობაა, იმას ბევრი კაცები ჰყავს და გაჯობონ, მაშინ მე დამაცადე!.. ეს არის... თქვენმა რჩევამაც მუქთად ჩამიარა... სულ ყელი გამომჭრა...
- დაიცა, დაიცა, სოსე, ნუ ჩქარობ! შენ მე ვაჟკაცად მიცვნიხარ და ვაჟკაცურად მოიქეც, ვაჟკაცობა მარტო ომისა კი არ არის, ვაჟკაცი ყოველ საქმეში ვაჟკაცი უნდა იყვეს! პირველი ვაჟკაცი ის არის, ვინც გაჭირვებას მოითმენს და საქმეს ბოლოს გაატანს... შენ მოდი ერთი დაჯექ ჩვენთან, მუცელს პატარა ბოძი მივცეთ, მაშინ მოვიდეს შენი ბატონი და გველაპარაკოს... თუ გვცემოს, ალალი იყვეს ეს მომკილი და სხვის მიწაში მოყვანილი ყანა - წაიღოს, თუ არა და ამასაც წავიღებთ და ბევრს ამისთანას კიდევ სხვასაცა…
აქ შეგროვდნენ გიორგის მუშები ერთი დიდი კაკლის ქვეშა და დაიწყეს პურის ჭამა. გიორგი ჩაუჯდა მუშებს შუაში და მოისვა სოსიკა გვერდით. შექეიფიანებულმა მუშებმა და გიორგიმ დაიწყეს სიმღერა. ამ სიმღერამ და ცოტა ღვინომ გადაჰყარეს გუნებაზედ მოწოლილი სისხლის წყურვილი, და ჩაფიქრდა დარდიანად სოსიკა.
- ოჰ, ბატონო გიორგი! - დაიწყო იმან პატარა ხანს უკან: - რა იქნებოდა, რომ მეც შენი ყმა ვყოფილიყავი!.. რა იქნებოდა, ჩვენს ბატონს ცოტაც არის შენი გამოჰყოლოდა რამე... ოჯახი დამექცეს, სახლ-კარი ამომებუგოს, თუ ჩემ თავზედ ძლიერ არ მეყვარებოდა, თუ თავს არ დავდებდი იმის ერთგულობასა და სამსახურში... ეხლა კი!.. რა ყოფაა ჩვენი ყოფა... ერთმანეთს სასიკვდილოდ დავდევთ, ერთმანეთის სისხლი გვწყურიან... ორივენი უნდა გავუბედურდეთ!..
აქ სოსიკას მოერია თვალებში ცრემლი, მაგრამ შეიმაგრა ისევ გული, გაამსო ერთი ყანწი და წაიჩოქა გიორგის წინ.
- ღმერთმა გადღეგრძელოს, ბატონო გიორგი!
გიორგიმ ძმურად აკოცა:
- ღმერთმა გაგიმარჯოს, ჩემო სოსე, შენი ძმობა და სიყვარული ნუ მომიშალოს...
- აბა, რა მოგახსენო, ბატონო გიორგი... მე გაუზრდელ გლეხკაცს სიტყვაც არა მაქვს, თქვენი საკადრისი ვსთქვა რამე... ღმერთმა და ჩვენმა სალოცავმა წმიდა გიორგიმ ისე გაგაძლიეროს, როგორც გემართლებოდეს ჩემისთანა საწყალი კაცის გული... შენი სიმართლე, შენი გლეხკაცისა და გაჭირვებული კაცის სიბრალული თავი დღეში დაუვიწყარი იქნება ვისაც კი ერთხელ შენთან საქმე ჰქონია... კარგთან კარგი ხარ, ავთან ავი!.. კაციც მაგისთანა უნდა... ვენაცვალე შენს ღმერთსა, შენ მასკვლავსა... ღმერთმა გაუმარჯოს, ხალხო, ბატონ გიორგისა!.. ღმერთმა ამოაგდოს ამისი ორგული კაცი და ვინც ამისი ფასი არ იცოდეს... ეს ბატონი კი არ არის, ანგელოზია, მამაა გლეხკაცისა... მთელი მილიცია ამისთვის თავდადებული იყო!.. თავებს დაიხოცავდნენ, რო ეთქვათ, ამის გულისთვისა... ეჰ, ბატონო გიორგი! რამდენი სიკეთე მიგიძღვის ჩვენ კაცთანა... რამდენი მწუხარება და ჯაფა აგვიტანია ერთათა!.. რამდენი ტკბილი დროება გაგვიტარებია... ერთი შენი შემოხედვა, ერთი შენი ტკბილი სიტყვა მაძლევდა ღონესა და შეძლებასა ყველა გაჭირვებაში... ეხლა სად არის ის დრო...
აქ ორატორმა მძიმედ ამოიოხრა და მოიყუდა ყანწი.
- ესე მტერი დაგეცალოს, - და წამოამხო ცარიელი ყანწი სოსიკამა.
- გაგიმარჯოს, ჩემო სოსე! - მიატანეს შექეიფიანებულმა გლეხებმა: - კაი ბატონს ჩვენც კარგად ვემსახურებით... ღმერთმა გვიდღეგრძელოს მაგისი თავი...
პატარა ხანს უკან, ღვინით გამხნევებული მუშები, ცეცხლივით ჩაერივნენ ყანასა და სოსიკამაც წამოავლო ნამგალს ხელი. საღამომდის დაუშრომლათ მკა გიორგისა და სხვა პირველ მომკელებთანა. საღამოზედ ძალზედ მთვრალი და დაღალული დაბრუნდა შინა. მეორე დღეს მოხდა როსტომის თავს ის ამბავი, რომელიც ჩვენ ზემოთ ავწერეთ და სადაც გიორგიმ ის ისე შეარცხვინა და დაამარცხა. ამ ამბავში სოსიკაც რასაკვირველია ერია როსტომისგნით გამოყვანილს კაცებში და ერტყა თავისი გრძელი ხანჯალი. ის არა შორდებოდა როსტომსა და ელოდა, ვინიცობაა გიორგის დაამარცხებდა, ეფუყა იმისთვის ხანჯალი. ბედი როსტომისა, რომ ის დაამარცხეს. როდესაც შეიქნა ცხარე ბრძოლა და როსტომის კაცები გაიქცნენ, ამ დროს ვიღამაც გიორგის კაცებთაგანმა, გაცხარებულმა სდო სოსეს კეტი თავში. სოსეს დაუბნელდა თვალთა და დაბარბაცდა. მობრუნდა თუ არა, იტაცა ხანჯალზედ ხელი, მაგრამ მოვიდა გონსა და მიიხედა საიდანაც დაჰკრეს. ამ დროს დაინახა, რომ გიორგის ეგდო როსტომი ქვეშა და ჰბუნბლავდა.
- ვაჰ, შენი ჭირიმე, გიორგი! - შესძახა უნებურად სოსიკამა: - მოჰკალ! მოჰკალ -და მიიწია სოსიკამაც. მაგრამ გიორგის კაცებმა, რომელნიც ვერ მიხვდნენ, რათაც მიდიოდა, არ მიუშვეს ის იქითკენა და კინაღამ ხელმეორედ გაიზედავეს. პატარა ხანს უკან სოსიკაც გაეცალა გაცხარებულს გიორგის ხალხსა. აქ ცოტა არ იყო მოუსვენა სოსეს გულმა.
- შენი მომრევიცა ვნახე! - იძახდა ის თავის გუნებაში: - ეხლა კი მოვუცდი დავითსაცა და იმისგანაც თუ არა იქნა რა, მაშინ მოსულა მაგისი აღსასრულის დღეცა!..
XIV
დავითის შემწეობა
მესამე დღეს გაემგზავრა როსტომი ქალაქისკენ და სხვა თოფიარაღიან მხლებლებთა შორის, იახლა სოსიკაცა. აქ მისცა როსტომმა მთავარმმართებელს საჩივარი. ამ საჩივარში იყო სხვათა შორის მოხსენებული, რომ გიორგი უპირებდა ამას ხანჯლით მოკვლასა, თუ ხელდახელ არ გაეგდებინებინათ როსტომი იმისთვის ხელიდან და არ ეტაცნათ გიორგისთვის ხელი; იყო მოხსენებული, რომ გიორგიმა და იმისმა მილიციონერებმა დასცეს ამას დამბაჩები, მაგრამ ღმერთმა დაიფარა ისა და გადაარჩინა საშინელს განსაცდელსა; იყო აგრეთვე მოხსენებული, რომ ვითომც გიორგი ჩასჯდომოდეს ამას ჭალაში, ესროლოს ამისთვის ჩუმად თოფი, მაგრამ დაეცდინოს, და როსტომს ის არ გაემეტოს საჩივლელათა, რადგან იმისი სისხლი და ხორცი იყო; იყო აქ მოხსენებული, რომ ვითომ გიორგი თავისი მილიციონერებით მიხტომოდეს ამას შიგ სასახლეში, ჩამოეთრიოს იმისი ცოლი შუშანა ბალკონიდან, ეთრიოს და სასიკვდილოდ გაემეტოს, თუ გლეხკაცნი არ მოშველებოდნენ; იყო მოხსენებული, რომ ვითომც გიორგი არაფრად აგდებდეს სამართალსა და მოსამართლეებს და სხვა ამგვარები.
როსტომმა ჩამოუარა სხვადასხვა პატივისცემით ყველა დიდკაცს, ვისაც ხელთ ამის საჩივარს უნდა გაევლო, ან ვისაც შეეძლო, რომ ამგვარს კაცებზედ გავლენა ჰქონოდა. როსტომი ცრემლით შესტიროდა თავის უსამართლოდ დაჩაგვრას, სახლის გაოხრებასა და ცოლ-შვილის დაწიოკებას, დადიოდა, დაძვრებოდა, სადაც კი რამ შეიძლებოდა, მაგრამ არც გიორგის ეძინა. იმანაც მიმართა ერთს მაღალი ალაგის მჭერალს და დიდი გვარის შვილს ყმაწვილკაცს, რომელიც გიორგიმ საშინელის თავგანწირულებით გადაარჩინა ერთს ბრძოლაში სიკვდილსა. იმ დროს, როდესაც ერთს საშინელს უალაგო ალაგს მოესწროთ ლეკებს ოთხი ბატალიონის რუსის ჯარისა, ერთი სამასიოდე კაცი ქართველი მილიციისთვის და გამოექციათ ისინი, დაჭრილიყო ის ყმაწვილი ოფიცერი. ის შეწუხებული დაჭრილობისა და შიშისაგან, რომ არ ჩავარდნოდა ცოცხალი ლეკებს, ეძახოდა გაქცეულებს შველას, მაგრამ ყველას თავისი თავი უჭირდა და გარბოდნენ მოუხედავად. აი ისმის ლეკების ჭყივილიც და წამოადგნენ თავს დაჭრილსა. ამან სულგაკმენდილმა გადაიწყვიტა იმედი. ერთიც კიდევ ეცადა წამოდგომას, მაგრამ დაჭრილობამ დასძლია და ის დაეშვა უნუგეშოდ ძირს. ამ დროს დაინახა იმან ცხენოსანი, რომელიც თან ცხენს მოაჭენებდა და თან უბრუნდებოდა ლეკებსა და ესროდა. “მიშველე, თუ ქრისტიანი ხარ!” შესძახა დაჭრილმა ყმაწვილმა განწირულებით. გიორგიმ მიიხედა და დაინახა ყმაწვილი ოფიცერი, სისხლში მოსვრილი და მწარედ გადაფითრებული. გიორგი ერთი თვალის დახამხამებაზედ გადმოხტა ცხენიდან, ააყენა დაჭრილი, მიუშვირა მუხლი და შესვა უნაგირზედ.
- მაგრა მოჰკიდე უნაგირის თავს ხელი! - მისძახა იმანა და თითონაც შემოუხტა ცხენს უკან და მოუჭირა ქუსლი. მას აქეთ გიორგი და ის ყმაწვილი ოფიცერი დამეგობრდნენ. ყმაწვილი ოფიცერი შეიქნა დიდი კაცი და არ ივიწყებდა გიორგის სიკეთესა. ეხლა თითონ ისიც გამოადგა გიორგის გაჭირვებაში.
შეიტაკნენ ორივ მხარენი - გიორგი და როსტომი და გაჭიანურდა საქმე, რომელიც დღესაც არ გათავებულა.
როსტომმა რაკი ყველანი ნახა, ვინც საჭირო იყო და დაიჭირა ხელში, რაკი სამუშაო დრო იყო, ორი კვირის უკან დაბრუნდა შინა იმ იმედით, რომ გიორგის, თუ ციმბირს არ დაჰკარგავდნენ და არ გაასალდათებდნენ, ერთი ორი-სამი წელიწადი მაინც დაიჭერდნენ ციხეში.
სოსიკამ აქვე სთხოვა დავითსა მართას გამოხსნის შესახებ და უამბო ყველაფერი, რაც როსტომმა ამათ საქმე დამართა. ამ ამბავზედ დავითი საშინლად აღშფოთდა და აღუთქვა, არათუ ამას მართას გამოხსნა, ყველა გლეხების შველაცა.
- ეხლა მაგაებს ვეღარ ინებებს ბიძაჩემი, რაც აქამდინ უნებებია.
მაგრამ უბედურება ის იყო, რომ დავითი საქმეში არ იყო ისეთი ყოჩაღი, როგორც ენითა. იმას, მართალია, გული ეწოდა და გულითაც სურდა საქმის გაკეთება, მაგრამ, რაკი დრო საქმეზედ მიდგებოდა, იმასაც ის დღე ადგებოდა, რაც მომეტებულს ნაწილს ჩვენს ეხლანდელს ნასწავლ ყმაწვილკაცობას: იმას აღარა ჰქონდა თავი საქმეზედ საქმის მოყვანისა, - ლაპარაკისათვის რომ ყური დაგეგდოთ, ქვეყანას გადმოაბრუნებდა. ის ჩავარდა სასწავლებელში იმისთანა ხალხში, სადაც ისმოდა განკიცხვა ბატონყმობაზედ, სადაც ცხარედ ამტკიცებდნენ ამ მდგომარეობის უწესობაზედ და ბატონებისაგან ყმების უსამართლობაზედ. დავითისათვის ეს აზრები სრულებით ახალნი იყვნენ, ის უგდებდა ამათ ყურსა და როგორც კეთილი გულისა და გრძნობის ყმაწვილი, ცხადია ჩაიდებდა ამას გუნებაში, თუმცა თითონ აქამდი ფიქრათაც არ მოსვლია ამაზედ სჯა, და არც იცოდა: ბატონები არიან გლეხებისაგან შეწუხებულნი, თუ გლეხები ბატონებისაგან.
დაბრუნდა დავითი შინა და ნახა საშინელი ამბავი. როსტომს უდგა ზეკუცია სოფელში და სთხოვდა საშინელს გადასახადსა, როგორ გაბედეთ და გაექეცით გიორგის და იმის კაცებსაო. გლეხები ხროვა-ხროვა მოდიოდნენ დავითთან ცრემლით სახვეწრად, რომ ცოტასაც არის დახმარებოდა. დავითი აპირებდა ყოველდღე თავის ბიძასთან მოლაპარაკებასა, წავიდოდა კიდეცა, მაგრამ რაკი ერთი დაინახავდა იმის ჟამს სახესა, ვეღარ ახერხებდა ვერაფრის თქმას. ბოლოს საშინელმა შეწუხებამ გააბედვინა იმას ბიძასთან ლაპარაკი.
- ბიძაჩემო! - დაიწყო იმან დაბალის ხმით ცხვირში ლუღლუღი: - ცოდონი არიან ე კაცები, ცოტაც არის შეღავათი უნდა მისცეთ.
- არც ბეწვის დანაფასევსა! - უპასუხა უკმეხად და გადაწყვეტით როსტომმა: - შენ არ იცნობ ჯერ მაგათ, რა ხალხია!..
- ეგენი ჩივიან, რომ არა გვაქვს რა, გავღარიბდითო... რომ...
- ჰოუ! ეგენი!.. აგერ, აგერ, შეხედე, ნახე, რას ჩადიან, როგორ სცემენ თავის ბატონსა... ჩვენ უარესს გვიზამენ...
აქ როსტომმა დაანახვა დავითს ჩხუბი და ჟრიამული, სადაც ოთხი ძმა გლეხკაცი სცემდა ერთს ამის სახლიკაცს, რომელთაც შუშანა უძახდა გვარის ბაიყუშებს.
დავითი კიდევ აპირებდა ლაპარაკსა, მაგრამ როსტომმა ყური არ უგდო და წავიდა სადღაცას.
დავითმა გლეხების თხოვნით კიდევ გაბედა ერთხელაც ამაზედ გამოლაპარაკება როსტომთანა. აქაც კიდევ როსტომმა ამის ლაპარაკი გროშად არ ჩააგდო და სრულებითაც ყური არ ათხოვა. ეს ითაკილა დავითმა და ამჯობინა გაცლა ამ ამბების ყურებას. ის გამგზავრდა ისევ ქალაქისკენ და გამოუცხადა გლეხებს, რომ ვერა გავიყვანე რა როსტომთანაო.
ამ პასუხმა და დავითის გაცლამ წაართვა ყოველი იმედი როსტომისაგან შებრალებისა. რასაცა სთხოვდნენ, იმის მიცემის ღონე არსად იყო.
XV
ბატონის სუსხი
ბევრჯერ ეცადნენ გლეხები საჩივარსა, ეგება სადმე მაინც ვიპოვოთ სამართალი, სიღარიბისა და შიმშილისაგან სულები არ ამოგვხდესო, ბევრჯერ შეეცადნენ, მაგრამ ყველგან და ყოველთვის იმათი ბატონი გამოდიოდა მართალი. ბოლოს იქამდინ გამართლდა როსტომი, რომ ისინი, ვინც გლეხებს ქაღალდებს უწერდნენ, ცრუ საჩივრების წერისთვის გადაასახლეს სადღასაც შორს გუბერნიაში. ამასთან მოუვიდათ ბრძანება ნაჩალნიკს და დიამბეგებს, რომ მოეყვანათ როსტომ ტაბლაძისათვის მონობაში იმისი ყმები. გლეხკაცებმა იფიქრეს თავისი თავის სამართლის გათავება, მაგრამ რამდენჯერაც დააპირა ვინმემ: ზოგს მოუცდა სოსესავით, ზოგს შეეშინდა ერთი ბატონის დანახვაზედ, ზოგმა ვერ მოახერხა და ამრიგად ყველას გადაურჩა როსტომი და კი არ ფიქრობდა რამდენი ხიფათი სდევდა.
ბევრს ედო გუნებაში როსტომთან საქმის გათავება. იმის გლეხკაცებში ბევრმა გადიწყვიტა გუნებაში, თუ ეს ცოცხალია, ჩვენი სიცოცხლე არ შეიძლებაო, მაგრამ ერთმანეთს კი ვერ ანდობდნენ ფიქრსა, რომ ვაითუ გავიცნეთო.
რაკი დავითისგანაც იმედი გადიწყვიტეს, მაშინ ძალა იყო თუ ნება, ვეღარ დაუდგებოდათ ეს ფიქრი გუნებაში და უნდა ეთქვათ ერთმანეთისათვის.
იმ დღეს, როდესაც სახლში ეგზეკუცია ჩაუდგათ როსტომის კაცებს, ისინი მომეტებული ნაწილი ბატონის სამკალზედ იყვნენ დაძახებულნი.
ყაზახები და იასაულები უწყალოთ უცვივდებოდნენ გლეხკაცებს სახლებში, ვისაც მოასწრებდნენ, სცემდნენ მათრახებით, გამოჰქონდათ და გამოჰყავდათ, რასაც ვისმე უპოვიდნენ. ვისაც შეეძლო, გაასწრო მინდორსა და ტყეში და დააგდეს სახლები მარტო დედაკაცების ამარა.
- ბერო! შენი სახლი ისე გამოზიდეს, რომ ნაცარიც აღარ გაუშვეს.
- შენ სახლს აწიოკებენ, გიგოლა, დედაშენი სულ კიწიწებით ათრიეს.
- თევდორე, თქვენ სახლს შეუცვივდნენ ასაკლებად და მამაშენი დაიჭირეს!
ჩამოჰქონდათ ამბავი სამკალში.
- წავიდეთ, ჩემო ძმაო. მივეპატრონოთ ჩვენს სახლსა, - იძახდნენ ისინი, მაგრამ ვერც თითონა ბედავდნენ და არც სხვები უშვებდნენ, ვისაც მოფიქრებული ჰქონდა, რაც დღე დაადგებოდა, თუ ჩაეშველებოდნენ.
თითონ სოფელში ისმოდა ალაგ-ალაგ დედაკაცების წყევლა.
- ღვთის მშობელო დედავ, წმიდა გიორგი პატიოსანო! შენ ამოაგდე ჩვენი ბატონი, როგორც ჩვენ იმან აგვაოხრა, შენ დააცარიელე ის შვილებიდან და ქონებიდან, როგორც იმან ჩვენი სახლი დააცარიელა! შენ ჩააგდე უარესს ცეცხლში, რასაც ცეცხლში ჩვენ იმისაგანა ვართ ჩაცვივნული.
სოფელში რომ დედაკაცებს წყევლის მეტი აღარა გაეწყობოდათ რა და ისიც იქა, სადაც ვერ გაუგონებდნენ, სამკალში სხვა სახე მიიღო საქმემ.
იმათი ფიქრი და გონება იყო მიპყრობილი სოფელზედ და მუშაობისთვის იმათ არ ცხელოდათ. ყოველს ამბავზედ, რომ ამადაამის მამა დაიჭირეს, ამა და ამის მამა შეჰკრეს და გაგზავნეს, ამა და ამის დედასა, რძალსა ან ცოლს სცემეს ყაზახებმა და იასაუელებმა, ამა და ამის სახლი სულ აიკლეს, - ყველას უღელდებოდა გული და არ იცოდნენ, რა ექნათ. “რიღათი უნდა ვიცხოვროთ?” - ჰკითხავდნენ ისინი თავის თავს. “რიღათი უნდა გავცეთ ან ბატონს, ან ხელმწიფეს პასუხი?” ამ ფიქრში იყვნენ ყველანი და ყველა ფიქრობდა თავისთვის.
საქმეზედ სრულებით აიღეს ხელი. ცოტ-ცოტათი მიდიოდნენ მუშები და ეყრებოდნენ გაჯავრებულს, გუნებაზედ კაკლებს ქვეშ. დიდხანს ისმოდა მარტო ოხვრა და თითო-ოროლა ხმამაღლა დალაპარაკება, რომლითაც თავისთავსა ჰკითხავენ: რაღა ვქნათ! სულ დავღუპულვართო!
ბოლოს წამოჯდა ერთი შუატანის გლეხკაცი, რომელსაც ჰქონდა დაღვრემილი სახე და მღელვარე თვალები. ის აქამდის იწვა პირქვე ხელის გულებზედ დაბჯენილი და თითქო რაღაცას ფიქრობდა, იმან დაიწყო ცხარედ ლაპარაკი, გლეხკაცებმა სუყველამ წამოიწიეს და ცქვიტეს ყურები.
- ნინიკა ლაპარაკობს, ნინიკა! - ეძახდნენ ერთმანეთს ახალგაზრდა ბიჭები, რომელნიც უფრო მოშორებით იყვნენ, დაიძრნენ ისინიც სირბილით ამის ლაპარაკის გასაგონებლად.
- ჩვენი ბრალია, ჩვენი! - დაიწყო იმან. - ჩვენ ყოველთვის უნდა გვცოდნოდა, რომ ამ დღეს არ ავცდებოდით... ჩვენ კი თავზედ ლეჩაქები დავიხურეთ და იმ დღემდის მივაღწევინეთ ჩვენ თავსა!.. ჩვენ დიდი ხანია უნდა გვცოდნოდა, რომ ჩვენ მაგის ხელიდან არა გვიხსნის რა ერთის მეტი... ჩვენგანს ყველას რამდენჯერ მიუცია თავის თავისთვის ღვთის ფიცი, რომ გაიმეტოს თავისი თავი და გადაუწყვიტოს მაგასა... მაგრამ ჩვენ ღვთის ფიცსაც გადუდექით... მართალია, ჩვენ ხალხში არ დაგვიდვია ღვთის ფიცი, მაგრამ ღმერთისთვის სულ ერთია ფიცის გატეხა... ჩვენ მოგვიჭერდნენ - დავდებდით ფიცსა, ერთხელ და ერთხელ გადუწყვიტოთო; გავიდოდა ხანი, შევეჩვეოდით მუხრუჭსა, უარესს აღარ მოველოდით და ვივიწყებდით ჩვენს ფიცსა... იმიტომ რომ დედაკაცობაზედ თავი დაგვიდვია... ყველას ვითმენდით, ყველას ვიტანდით: როზგქვეშ სირცხვილსა, ციხეში ჯდომასა, ცოლ-შვილის ცემასა, სახლის აოხრებასა და აკლებასა. ჩვენ თვალწინ ჩვენი ოფლით მოყვანილს სარჩოს თითქმის მუქთად უყრიდნენ ურიებსა და სომხებს იმ გადასახადში, რომლისაც პასუხის გაცემა არ შეგვეძლო, - ჩვენ ყველა მოვითმინეთ. რაღას ველოდით, რომ კაცმა გვკითხოს? რატომ არ გამოვდიოდით ჩვენი ცოლ-შვილის მოვალეობიდან და საცოდაობიდან?.. ჩვენ ვიღასგანაც ველოდით ჩვენს შველას... მაგრამ რით ვერა ვნახეთ, რომ ჩვენზედ ყველამ ხელი აიღო... ჩვენი პატრონი ჩვენს მეტი აღარავინ დარჩა. მაშ არ უნდა ვუშველოთ ჩვენ თავსა? რას ვფიქრობთ: ვინ უნდა გვიპატრონოს ჩვენა?.. რატომ არ ვფიქრობთ: რიღათი უნდა ვიცხოვროთ? რაღა გვაქვს?.. ბალახი ვჭამოთ? მაშინ ცხვარივით ჩვენზედაც საბალახეს აიღებენ... მე გკითხავთ, კაცნი ვართ თუ არა? თუ კაცნი ვართ, მაშ რა არის ვაჟკაცის საქმე!
ყველა გატაცებით უგდებდა ამის ლაპარაკს ყურსა, ყველას უღელავდა გული.
- მართალია, ხალხნო! - შესძახეს ერთ მხრივ. წამოიწია სუყველამ ფეხზედ: - დედაკაცები ვართ, დედაკაცები! რითი უნდა ვიცხოვროთ... სხვა უჩვენო ვინ იცის, რას იზამდა!
- ჩვენ არამთუ არა ვუყავით რა და, როგორც გვეტყობა კიდევაც არაფერს ვუპირებთ.
- უნდა მაგას ბოლო მოვუღოთ: - წარმოსთქვა რამდენიმე გამბედავმა კაცმა.
- უნდა მოვუღოთ ბოლო! - შესძახეს თითქმის ყველამ ერთხმად.
ამ დროს მოვარდა გაცხარებული ერთი ყმაწვილი ბიჭი და უამბობდა, რომ იმისი ორი ძმა და მამა დაიჭირეს და გაგზავნეს ნაჩალნიკთან. უამბობდა იმ საცოდაობას, რაც სოფელში ტრიალებდა.
- დედაკაცებს კაცებზედ უარესათა სცემენ. ბურუკაანთ ბებერს მათრახით თვალი გამოთხარეს და სისხლი თქრიალით სდის, ერთი საათი გულშემოყრილი უპატრონოდ ეგდო! - უამბობდა ის ბიჭი.
- ეხლა რაღას იტყვით? - შესძახა ნინიკამ.
- ეხლა გვაქვს დრო! - შესძახა ერთმა.
ყველამ ერთმანეთს შეხედეს, თითქო ჰკითხავდნენ: მართლა დროა, თუ არაო!
- ეხლაა სწორედ დრო! ამაზედ კარგ დროს ვერ ვიპოვნით! შესძახა რამდენიმე ხმამ.
ერთმა გლეხკაცმა მოიხადა ქუდი და დაახეთქა.
- ასე პირქვე დაამხოს წმიდა გიორგიმ იმისი ოჯახი, იმის ცოლ-შვილი, ვინც აქ ერთმანეთს უღალატოს... ვინც იმის ერთი მუჭი სისხლი არ დალიოს.
- ამ... ი... ინ! - შესძახა თითქმის ყველამ ერთ მხრივ.
აქ რომ ეს ამბავი იყო და ყველამ მიიღო მონაწილეობა ამ შეთქმულებაში, იმ დროს იმათში იყო აქამდის ჩუმად მხოლოდ ერთი შუახანს გადასული გლეხკაცი. ის აქამდის ამათ ყურს უგდებდა და რაკი ნახა, რომ ისინი აღარა ხუმრობენო, ის მოუბრუნდა ხალხს.
- ეგ რა საფიქრებელია, რომ მაგასა ფიქრობთ! ვინ უნდა მოკლათ? ბატონი? მაგისთანა ხელმწიფის დარი კაცის სისხლი უნდა დაღვაროთ?.. ღმერთი ჩვენ მაგას არ გვიყაბულებს... ეგ დღეს ჩვენი ბატონია, ჩვენი ღმერთია... ღვთისა და ბატონის ღალატს არავინ მოგვიწონებს... სულს დაუმძიმებთ, სულებს წავიწყმენდავთ მაგისთანა საქმითა...
- გაჩუმდი, მოსე, შენი საქმე არ არის! - გააწყვეტინა ლაპარაკი ნინიკამ: - შენა ადექ და წადი სადმე ან დაუწყე ისევ ყანას მკა. ჩვენ ჩვენი ვიცით... შენ ამ ცოდოში არ გაგრევთ...
- მე კი წავალ, - ამბობდა შეწუხებული მოსე, - მაგრამ… რა ვიცი, ბატონია... ვაი თუ ცოდო... ქნას...
- მაგისი ჩვენ ვიცით... შენ წადი მკე...
- რა ვიცი, ძმავ! - მიდიოდა და თან მილაპარაკობდა საწყალი მოსე: - ჯერ ძაღლის მოკვლა რა არის, და მერე ადამიანისა... ეხლა კიდევ რუსების ხელში ჩავარდნა უარესია...
მოსე იყო ალალ-მართალი, გონებით საწყალი გლეხი და იყო საშინელი მშიშარა, - ესე იგი მგლებისა, ეშმაკებისა და ავი კაცებისა კი არ ეშინოდა - ეშინოდა თავისზედ დიდი კაცებისა. სასამართლოს ხალხისა, დაწყებული უკანასკნელი იასაულიდან ნაჩალნიკამდის - ამაზედ ზევით მოსამართლეებს მოსე არ იცნობდა, - ეშინოდა ღმერთზედ უფრო ძლიერა. ეს იმათ სრულებით სხვა კაცებათა რაცხდა. ერთი იმათი დანახვა მოჰგვრიდა ხოლმე მოსეს ძრწოლასა და თაყვანებას. თავის ბატონს, როსტომს, რაცხდა ყველა მებატონეებზედ, ვინც სადმე იყვნენ, დიდკაცად; როსტომი იმის გონებაში თითქმის ღმერთი იყო. იმისი ეშინოდა და დიდებითა და თაყვანებით შეჰყურებდა. „იმავ თაობითვე ეტყობოდა, ამბობდა ხოლმე მოსე, რომ ეს ხელმწიფის დარი კაცი უნდა გამოსულიყო”.
მოსე იმავ სიყმაწვილითვე შეიყვანეს ბატონებმა შინ. ის ჯერ მეღორეთ დააყენეს, მერე ხაბაზობა ასწავლეს. მინამ ოცდაახუთის წლისა არ შეიქნა, სულ შინა ჰყავდათ, მერე შეირთო ცოლი და გავიდა ბატონებიდან. თუმცა ის მეტად მხნე კაცი იყო, მაგრამ თავის დღეში სიღარიბიდან არ ამოსულა. როდესაც ის ბატონის სახლში იყო, ვისაც კი ეზარებოდა საქმის გაკეთება, ყველას ამას ახვევდნენ თავზედა, - ერთი უბრალო დამუქრების მეტი იმას არ უნდებოდა ხოლმე, რომ მაშინვე ეკისრებინათ სხვის გასაკეთებელი საქმე. შეირთო ცოლი, გამოვიდა სახლში და აქაც თავის სისაწყლე არ დაიშალა. დღე და ღამ სულ ფორფოტობდა, სულ საქმეში იყო და ხელში კი თავის დღეში არა ეჭირა რა. სოფელში იმას არაფერს სასოფლო საქმეში არ ურევდნენ და არც თითონ ეტანებოდა ამ საქმეებში გარევას. ამგვარად, რაღა თქმა უნდა, რომ იმისთანა გადაწყვეტილება, სულ გააოცებდა მოსეს, ამის გამო, რაკი იმისი ლაპარაკით არ დაიშალეს და დაითხოვეს კიდეც, იმან ამჯობინა გაცლა. “მე კი არ გავერევი მაგისთანა ცოდოში და!..” ფიქრობდა ისა.
მოსეს არ გაევლო ერთი ხუთი ნაბიჯი, რომ ამ დროს გამოჩნდა როსტომი ცხენით. გლეხკაცნი, რომელნიც ისე თავგამოდებით იძახდნენ იმის ბოლოს მოღებასა, შეიცვალნენ სახეზედ, გადაჰკრათ ფერმა და დაკარგეს ყოველი სიმხნევე და გულადობა. შეშინებული მოსე გაიქცა.
- არიქა, თავს ვუშველოთ, თორემ სულ ცემით ამოგვხოცავს! - დაიძახა იმან.
სხვებსაც სულ დაავიწყდათ თავისი ქადილი და გადაცვივდნენ ბუჩქებში. ერთი შვიდიოდე კაცი დარჩა, რომელნიც უყურებდნენ ერთმანეთს და უერთმანეთოდ ვერ გაქცეულიყვნენ. ნინიკა იდგა ბოძივით.
- რისხავდეს წმიდა გიორგი, ვინც ეხლა ამას დაუთმოს რამე! -წასძახა იმან დაშთენილს ამხანაგებს.
- ამინ! - უპასუხეს იმათ გაუბედავად.
ნინიკა გაემზადა, მაგრამ როსტომის მოახლოვებამ, ერთმა იმისმა მრისხანე სახემ და გაჯავრებულმა ხმამ დაუკარგა მომეტებულს ნაწილს დაშთენილებს გონება. იმათ დააპირეს გაქცევა. როსტომმა წაუშინა სეტყვასავით მათრახი. აქ კი სულ დაკარგეს მხნეობა და გაცვივდნენ ისინიც განზედ.
- ნუ გვაგდებ სისხლში! - უძახდა ნინიკა, რომელსაც წაუშინა ეხლა როსტომმა, რაკი მარტო ისღა შერჩა ხელში: - გეყო მაგდენი ჩვენი უსამართლობა...
როსტომმა უარესად მიაყარა მათრახი. ნინიკა გამოვიდა მოთმინებიდან, მივარდა ხის ძირას და აიტაცა ნამგალი. მაგრამ, რაკი დაინახა, რომ მარტო იყო დარჩენილი და ვერას გახდებოდა, ისიც გადახტა ბუჩქებში და მოეფარა.
როსტომი განრისსებული გაბრუნდა შინ.
- დამაცადეთ მე თქვენ რას გიზავთ!.. ჰყურობ ამ არამზადებსა, რაებს ჩადიან!.. საქმის მაგიერად, აქ დაყრილან და ლაზღანდარობენ... დამაცადეთ!..
რაკი როსტომი გაიგულეს, პატარა ხანს უკან დაიწყეს ისევ შეგროვება გაქცეულებმა და დაუწყეს ერთმანეთს გინება და ყვედრება.
- აბა, ჩემო ძმაო! - ეუბნებოდნენ ერთმანეთს, - კიდეც ემაგითი ვართ ქართველი ხალხი დაღუპული, რომ ერთი პირი არა გვაქვს...
- ეხლა მაინც რას ვუზამდით! - ამბობდნენ სხვები, - თოფი ჩვენ არა გვქონდა და სხვა იარაღი... გააჭენებდა ცხენსა და წავიდოდა.
- ჰოდა, შვილოსა, მაშ რაღას გავრბოდით?.. ისიც ჩვენსავით, კაცი არ არის... ხომ არ შეგვჭამდა!
- თქვენ ვიღას ეუბნებით!.. თქვენ არ იყავით ყველაზედ წინ გარბოდით!..
- მარა, შვილოსა, ყველანი გარბოდნენ და ჩვენც გავიქეცით.. ჩვენ რაღა სასიკვდილო თავი გვქონდა...
- ეჰ! ძმავ! - გააწყვეტინა ნინიკამ სხვებს ლაპარაკი, - ყველანი უარესები ვართ... დედაკაცების ლეჩაქი რომ გვეხუროს, ის, სჯობს... ამაზედ კარგ დროს როდისღა ვიპოვიდით!.. მაგრამა ერთი იმისმა დანახვამ ყველას დავთარი დაგვიკარგა... ერთი სიტყვით სხვა არა დაგვრჩენია რა: უნდა დავიკრიფოთ გულხელი და გადავცვივდეთ ცოლ-შვილიანად წყალში.
- კვლავ იყვეს! - დაიძახა ერთმა ვიღამაცა.
- ჰო! კვლავ იყვეს, კვლავა სჯობიან! - დაუმატეს სხვებმა.
- როდისღა კვლავ?! - უპასუხა ნინიკამ, - კვლავაც ის თომა ვიქნებით, ის ტყავი გვესხმება... როდის ხანია სულ კვლავას ვიძახით... სულ როზგქვეშ ამოგვართმევენ სულსა, ციხეში დაგვალპობენ; ციმბირში ამოგვჟლიტავენ და ჩვენი სიტყვა სულ კვლავა იქნება...
აქ რომ ეს ლაპარაკი იყო, ამ დროს გამოჩნდა ერთი ღრმად მოხუცებული სოფლის პატივცემული დარბაისელი გლეხკაცი, სახელად სეხნია. მინამ ვიტყოდით იმას, რისთვისაც მოდიოდა აქ სეხნია, ვიტყვით რამდენსამე სიტყვას იმის გასაცნობად.
სეხნია იყო თანამხლებელი როსტომის ბიძა პაპუასი, რომელიც თავის ვაჟკაცობით განთქმული იყო. სეხნია თვრამეტი წლიდან დაწყებული ახლდა თავის საყვარელს ბატონსა, რომელსაც ეხლაც მწუხარებით მოიგონებდა ხოლმე, მინამ ის არ მოკლეს ყაზახებმა. მას უკან კი დაბრუნდა შინ სეხნია და დაიწყო მუშაობა. აქ სეხნიამ შეიძინა პატივისცემა და სიყვარული მთელი სოფლისა. ის რამდენჯერმე დააყენეს მამასახლისათა და გამოდგა სეხნია სამაგალითო მართალი კაცი და მართლის მთქმელი სოფელში. იმის დაუკითხავად არა სასოფლო საქმე და არა გასამართლებელი საქმე არ გათავდებოდა სოფელში. სეხნიას ეკითხებოდნენ და რჩევას ჰკითხავდნენ, არათუ მარტო გლეხკაცნი და თვით მებატონენიც, ხშირად თავისი ბატონი გოგიაცა, როსტომის მამა, და იმისი შვილებიცა, რომელნიც დაიხოცნენ. სეხნიას ძალიან უყვარდა თავისი მებატონენი და ყოველთვის იმათი ერთგული ყმა იყო. მაგრამ როსტომი იმავე პატარაობითვე ეჯავრებოდა. რათ ეჯავრებოდა და რა იყო მიზეზი ამ სიძულვილისა, თითონაც არ იცოდა ამ გამოცდილმა მოხუცებულმა. პირიქით, როდესაც როსტომი ისე ამოძულებული ჰყავდათ სახლში, როსტომი ცდილობდა გლეხებში მაინც ეპოვა ამხანაგნი და ნუგეშნი, მაგრამ ის მიიღეს ამათ მტრულად და ამოიჩემეს. ამოიჩემა ხვათა შორის სეხნიამაც. ამოიჩემეს მხოლოდ იმისთვის, რომ ხედავდნენ ამას უძლურად, ხედავდნენ, რომ ეს იმათ ვერას დააკლებდა, ამოიჩემეს კიდევ იმისთვის თუ, რომ სხვა ბატონები უყვარდათ და იმათ ეს ეჯავრებოდათ; ან იქნება კიდევ იმისთვის თუ სძულდათ, რომ როსტომი პატარაობითვე ბუტუსურა იყო, იმის სახეზედ კაცი ღიმს ვერ დაინახავდა, იმისი თვალები სუყველას უნდობლად და ჯავრით უყურებდა, თითქო ყველა ამისი მტერიაო. სხვა ამის გარდა ცხადი მიზეზი არა ჰქონდათ რა, რომ ამოეჩემებინათ პატარა როსტომი. როსტომიც, რასაკვირველია, სხვა გლეხკაცებთან ერთად, რაკი წამოიზარდა და შეძლო რამე, არა ზოგავდა მოხუცებულს და პატივცემულ სეხნიასაც. სეხნიამ ეს ითაკილა და გაუძალიანდა როსტომს. როსტომმა პირველად ამას უჩვენა ციხის კარი თავისი უფროსი შვილით გიგოლათი, რომელმაც ითაკილა ესა და ჯავრისგან გათავდა ციხეშივე. შემდეგ ამისა, როდესაც სეხნიამ გაუწია მეორედ წინააღმდეგობა, როსტომმა დააწვინა ის როზგქვეშ. მას აქეთ აღარ უჩვენებია სეხნიას წინააღმდეგობა, მაგრამ გუნებაში დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ “გამძღარიყო იმის სისხლით”, როგორც ამბობდა ხოლმე თითონ სეხნია. მაგრამ ამასაც სხვებივით ტყუილად შერჩა ყოველივე მეცადინეობა თავის განზრახვის შესახებ. რამდენჯერაც შეეცადა, იმდენი მოუცდა და ვეღარ მოეხერხებინა, როგორ მოეყვანა ეს აზრი აღსრულებაში. იმდენს ჯავრთან, სეხნია ახლა იმ დღესაც შეესწრო, რომ იმის ცოლის წყევლის გულისთვის პერევოდჩიკმა აცემინა იასაულებს. სეხნიამ გაიგო აგრეთვე, რომ ბატონმა გაალახვინა როზგით მართა. ამ ამბავზედ ის გაცხარებული გაექანა ბატონის გზისკენ ხანჯლით ხელში, მაგრამ რაკი ვერსად მოასწრო, ეცა მომკელებს.
- ჰაი, თქვე დედაკაცებო, თქვენა!.. თქვენ კაცი კი არ უნდა გერქვათ, უნდა დედაკაცის ლეჩაქი გეხუროთ თავზედა... თქვენ ცოლებსა, დედებსა და დებსა როზგითა სცემენ რუსივით ტიტველა ტანზედა და თქვენ კი ვირებივით გაშეშებულხართ!.. რაღა მოგივათ მაგაზედ უარესი თქვე უნამუსოებო, თქვენა!.. შიმშილით სულები ამოგერთმევათ... რაკი სამსახურს ვეღარ შეიძლებთ, ციხეში და ციმბირის გზაზედ ამოგჟლეტავენ... რაღა გაქვთ საფიქრებელი!.. რატომ არ უპატრონებთ თქვენ თავსა და თქვენ ცოლ-შვილსა!..
- რაღას ველით? - დაიძახა ნინიკამ, - ეს არის ჩვენი უკანასკნელი დღე... თუ ლეჩაქები არა გვხურავს, ან ჩვენ უნდა ვიყვნეთ, ან ისა....
- ვინც ახლავე არ წავიდეს, - დაიძახა ერთმა გლეხმა: - დაექცეს ოჯახი...
და წამოავლო ნამგალს ხელი.
- სულ ერთიანად ამოვწყვიტოთ ცოლ-შვილითა, რომ იმის სინსილა აღარ დარჩეს! - დაიძახა მეორემა.
- სულ სახლ-კარით ამოვბუგოთ! - იძახდნენ სხვები და წამოავლო ყველამ ნამგალს ხელი.
- წავიდეთ! - დაიძახა ნინიკამ და გაუძღვა წინა.
- ჯერ ზეკუცია ამოვწყვიტოთ! - იძახდნენ გზაზედ გლეხები. მაგრამ რაკი მიატანეს სოფელსა და დაატყეს, რომ ეს საქმე სახუმარი აღარ არისო, ცოტა-ცოტათი დაიწყეს მალვა ვენახებსა და ბუჩქებში, ვისაც კი უფრო გაბედვა აკლდა, და ნაშთენები მიდიოდნენ მხნედ, მაგრამ შეიტყეს, რომ ბატონი არ იყო შინა.
სოფელში დიამბეგის პერევოდჩიკი დადიოდა ყაზახებით და სიით ხელში, ვის რა ფული უნდა გამორთმეოდა და უსევდა სახლებში, ვისაც ფულის მიცემა არ შეეძლო.
წივილ-კივილი დედაკაცებისა ესმოდათ გლეხებს და გაეშურნენ სოფლისაკენ.
ყაზახებმა დაინახეს გაჩქარებით მომავალი გლეხები და ეცვალათ ფერი.
- Никакъ, ваше благародие, это вся Азия идет на насъ! - დაიწყეს ყაზახებმა.
- Как смеютъ! - უპასუხა პერევოდჩიკმა: - это съ работы.
მართლაცა და, რაკი მოახლოვდნენ, გლეხებმა ვეღარა გაბედეს რა. კიდევ უფრო იმიტომ ვერ გაბედეს, რომ დაუშალეს სეხნიამ და ნინიკამ. იმათ მოისაზრეს, რომ ამითი ისინი რასაც არ წააგებდნენ, არას მოიგებდნენ.
- ეხლა სჯობს, რომ დავიშალოთ, - დაიწყო სეხნიამა, - ამათ რაც უნდა ვუყოთ, ჩვენი ბატონი რასაც არ მოიგებს, არას წააგებს... ჩვენ ისევ სხვა დროება ვიპოვნოთ.
გაცხარებულნი გლეხნი აღარ უგდებდნენ ამათს ლაპარაკს ყურსა.
- არა, ბარემ რახან ეგრეა, დეე ჩვენც დავიხოცოთ და ეგენიცა! - იძახდნენ ისინი, - გვეყო ამდენი სირცხვილი!
ამ სიტყვით გლეხნი დაიძრნენ ეგზეკუციისაკენ, მაგრამ ამ დროს გადუდგა ნინიკა წინა.
- ვინც კაი ბიჭია და ფეხს მოიცვლის აქედან! - შესძახა ნინიკამ, - თუ კაი დედი თქვენი შვილები ხართ! - პირველი მე ავკაფავ ამ ნამგლით იმ ნაქებს ბიჭსა. განა ეხლა!.. ვინც მოსაკლავია იქ კი თვალებსა ხუჭავთ და აქ თვალები გაგიჭყეტიათ!..
გლეხები გაჩერდნენ.
- მაშ რა ვქნათ? - დაიწყეს პატარა ხანს უკან იმათ, - თუკი ბატონი შინ არ არის!..
- შინ არ არის და დავიშალნეთ.
- მერე?
- მერე და მერე! მერე რაც მოგვარდება, ის უნდა მოვაგვაროთ. აქ გლეხებმა დაიწყეს დაშლა.
- ბიჭობაზედ სდებს თავსა, - ლაპარაკობდნენ ბუტბუტით გამწყრალი გლეხები ნინიკაზედ, - და თითონ კი სხვებზედ უარესად შეეშინდა რუსებისა. აბა ეგ არის ჩვენი პირი, აი!..
ნინიკამ წაავლო სეხნიას ხელი და წაიყვანა. იმათ იარეს დიდს ხანს. ორივენი იყვნენ დაფიქრებულნი და არაფერს ამბობდნენ, ბოლოს ერთს ყრუ ადგილას ორივენი უნებურად გაჩერდნენ და ორივენი პატარა რუს პირას დაეშვნენ მწვანე ბალახზედ. დიდს ხანს ისხდნენ ორივენი ჩუმად, ოხრავდნენ გულით, გააქნევ-გამოაქნევდნენ მწარედ თავსა და იყვნენ ისევ ხმაამოუღებლივ.
- ეჰ, შვილო! - დაიწყო ძლივს სეხნიამ: - უწინდელი დრო აღარ დაგვიბრუნდება! ისე ვიყავით ჩვენა და ბატონები, როგორც მე შენ მოგახსენო. თანასწორი კაცნი: ერთად ვისხედით, ერთადა ვჭამდით. ერთმანეთს მხარში ვუდექით. ერთი ძღვენი რომ მიგვერთმია, ერთიორად საჩუქარი გამოგვივიდოდა. სამსახურზედ გავყავდით, ერთიორად პატივისცემა არ გვაკლდა. მაშინ კიდევაც ენატრებოდათ გლეხებს ბატონების ყოლა. რამდენი სახემწიფო კაცი ჰყმობია ბატონსა, ოღონდ პატრონი მყავდესო. ამისთანა დრო რომა ყოფილიყო, ვინ იქნებოდა, თავი გაემეტებინა და დაეღუპნა... ეხლა კი ისეთი დრო დადგა, რომ ან ჩვენ უნდა ვიყოთ, ან ღმერთი უნდა ვგმოთ და ბატონის სისხლში ხელი გავისვაროთ..
- ეჰ! ღვთის რისხვა მოგვდგომია რაღა თავსა!.. რაც არის-არის, უნდა ვუპატრონოთ ჩვენს თავსა, ჩვენ ამისთვის უნდა ვიფიქროთ რამე, იმიტომ წამოგიყვანე აქა.
- ვიფიქროთ კი, მაგრამ ჩვენ მარტო რას ვიზამთ, თუ ამხანაგები არ ვიყოლიეთ... ჩვენ უნდა შევიმწყვდიოთ სადმე, რომ ან არ გაგვასწროს, ან კიდევ არ დავაცდინოთ.
- ეგ მართალია! მარტოებს თუ გაგვეწყო რამე, აქამდის იმისი სახსენებელიც აღარ იქნებოდა. უნდა ბევრნი შევიყარნოთ, უნდა შევითქვნეთ.
- შეთქმა სჯობიან. ყველას უნდა ღვთის ფიცი ჩამოვართვათ, რომ არ გვიღალატონ.
- შეთქმა კარგია, მაგრამ შეთქმა უნდა ჩუმად იყვეს, რომ ვინც ვერევით, იმათ მეტმა არავინ იცოდეს, თორემ სიტყვა გაგვივა და ისიც უვნებელი დარჩება და ჩვენც დავიღუპებით.
- მაშინ ერთი ათიოდე კაცი დავიბაროთ, რომელნიც უფრო სანდონი იყვნენ და ისე შევითქვათ.
- მაშ მე ამაღამვე შევატყობინებ, რომ ხვალ ყველანი დათვის საბუდარაში მოვიდნენ დიდ ვახშმობისასა და იქ დავდოთ ფიცი.
- ამაღამვე, ამაღამვე!.. დახანება აღარ ვარგა.
- მაშ წავიდეთ, რომ არ დაინახოს ხალხმა და კიდევ მღვიძარეებს მივასწროთ.
- წავიდეთ! - დაატანა სეხნიამ.
და გასწიეს ორივემ.
XVI
დათვის საბუდარი
- რაღას ელით? თქვენ კაცობა გეთქმით?! - ელაპარაკებოდა ცხარეთ მართა სოსიკასა ბნელა ღამეში, ბაღჩის ბოლოზედ. - მე თავს აღარ ვიცოცხლებ ამ სირცხვილის უკან... მასწავლე თოფის სროლა, მე მოვუღებ ბოლოს ჩემის ხელითა...
- ამაღამ ყველას გადავწყვიტავთ: ან ჰო და ან არა!.. მშვიდობით! დამიგვიანდა... ყეელანი დათვის საბუდარაში ვიქნებით შეყრილი, - სოსიკამ გასწია სიჩქარით.
- მშვიდობით! - მიატანა მართამა და გაბრუნდა შინისაკენ.
მართამ მოასვენა ბატონები და მღელვარეთ დაიწყო სიარული. პატარა ხანს უკან იმან ჩამოიღო თოფი და დაიწყო სინჯვა. თოფი ცარიელი იყო. ჩამოიღო დამბაჩა, ისიც ცარიელი დაუხვდა, იმან უცებ გადიგდო თოფი მხარზედ, გაირჭო წელში დამბაჩა, აიღო ხელში ხანჯალი და ჩუმად, სიფრთხილით გამოვიდა ოთახიდან.
ღამე იყო მარაგიანი, მთვარე ოდნავ ანათებდა, ჰაერი შეუძვრელად იყო გაჩერებული - ნამწეწი სიო არსად არ იძროდა, მხოლოდ ისმოდა ხუილი ცოფიანი მდინარე წყალისა, თითქო ქვეყანას წალეკვას ემუქრებაო, ისმოდა ყმუილი ტურებისა ჭალებში და ბაიყუშური ძახილი ალაგ-ალაგ ჭოტებისა. მხოლოდ ეს ხმები არღვევდნენ დათვის საბუდარაში სიმშვიდეს და ყოველი ჭოტის ძახილი მახვილივითა ჰგმირავდა ნინიკას და სეხნიას გულს, რომელნიც აქ ისხდნენ სულგანაბულნი და ელოდნენ ამხანაგებსა. ორივენი, ნინიკაც და სეხნიაც, იყვნენ ჩუმათა და ვერა ბედავდნენ ლაპარაკს, თითქო ეშინოდათ, არავინ გაგვიგონოსო. ორივენი იყვნენ წამოწოლილნი ყრუ ტყის პატარა მოედანზედ, რომელიც ირგვლივ და ზევიდანაც იყო დაბურული ეკლითა და მიუდგომელის ბუჩქებით. ისრეთს მიუდგომელს ალაგას, რომელთანაც ძლივს გაივლიდა ერთი ქვეითი კაცი. ორივეს გული უცემდა, ორივენი ღრმა ყურადღებით უგდებდნენ ფეხის ხმას ყურს, ორივენი მძიმეთა ოხრავდნენ და დიდს ხანს ერთმანეთს ვერას ეუბნებოდნენ.
- რანაირ ატყდა ე ბაიყუში! - წარმოსთქვა ძლივს ნინიკამ.
- დეე ატყდეს... ალბათ ან ჩვენ გვიგებს ანდერძს, ან ჩვენს ბატონსა... მაგისთანა ატეხილ ბაიყუშის ძახილს უთუოდ ვისიმე უბედურება მოაქვს... ეგ ძველი კაცებისგანვე დაცდილია, - უპასუხა სეხნიამ.
- ვინ იცის! იქნება ჩვენს უბედურებას უფროც იძახის ეგა... ჩვენ იმისთანა ხალხნი ვართ, რომ მაგის მეტს არას უნდა მოველოდეთ ჩვენი თავისაგან...
- ბედიც არის, ნინიკა, ბედიცა, თორემ მაგას დიდი ხანია ბოლო მოეღებოდა. ბებერი სეხნია არავის გაასვრევინებდა მაგის სისხლში ხელსა. დიდი ხანია სეხნია გაძღებოდა მაგის სისხლითა თავისი გოგოლას უბედურად გადაგდებისათვის, თავისი მოხუცებული თავის სირცხვილისათვის... დიდი ხანია სეხნია გასთელავდა წიხლქვეშ მაგის ამძოვრებულს გვამსა... მაგრამ ბედი, ბედი აქვს... არც თოფი მიუდგა, არც დრო მომეცა... ერთი სიტყვით, მარტო კაცი მაგასთან ვერას გახდება...
- მგონი მოდიან, - გააწყვეტინა ნინიკამ.
ორივემ წამოიწია ფეხზედ.
- სხვა კი არავინ იყვეს! - დაიწყო ისევ ნინიკამ.
- ვინ იცის!.. არა მგონია...
- როგორღაც ჩუმად მოიპარება.
- გადუხვიოთ ბუჩქებში.
- გადუხვიოთ, - და ორივენი გადვიდნენ.
დათვის საბუდარაში სიფრთხილით შემოიპარა სოსიკა.
- სად არიან? - დაიწყო იმან დაბალის ხმით ლაპარაკი.
ნინიკამ და სეხნიამ იცნეს სოსე.
- სოსე, შენა? - ჰკითხეს ორივემ ერთის ხმით და გამოვიდნენ.
- მე ვარ. მარტო თქვენა ხართ? სად არიან სხვები?.. მე მგონი ცოტა ადრე მოვედი.
- ადრე კი არა - დაიგვიანე. ჩვენ აქ იმედიც გადაგვიწყდა.
- ადრეა. ჯერ დიდ-ვახშმობა არ გადასულა. დიდ-ვახშმობა რომ გადავა, მაშინ მოვლენ. ყველა სოფლისა და ბატონის დაძინებას ელის.
- ნეტავი გარიგდეს მაინც რამე! - დაიწყო ნინიკამ, - მე მეშინიან: ვაითუ შეშინდნენ, ან წამოსცდეთ რამე, ან გამოძიების დროს გაგვცენ ყველანი და ამოდენა ხალხი დაგვღუპონ.
- როგორ შეუძლიანთ ეგეები, - უპასუხა სოსიკამ, - პირველად მაგგვარს კაცს მე დავკლავ ჩემის ხელითა.
- არა, ძალიან სიფრთხილე გვმართებს, - დაიწყო სეხნიამ, - თორემ სუყველანი დავიღუპებით. ჩვენ კიდევ არაფერი, - ცოლ-შვილი უპატრონოდ დაგვრჩებიან... შიმშილით ამოწყდებიან.
- ვიღეებიც მოდიან, - გააწყვეტინა კიდევ ნინიკამ.
ცოტა ხანს უკან დაიწყეს შეგროვება ყველა მოწვეულმა გლეხებმა და შეგროვდნენ ყველანი.
- ეხლა ჩვენი თავისთვის უნდა ვიფიქროთ რამე, - დაიწყო სეხნიამა, - ჩვენი საშველი გზა აღარსად არი... ერთი ესღა დაგვრჩენია ან უნდა ყველანი დავიხოცოთ, ან ის მოვიშოროთ, ვინც ასე გვაწუხებს და ამ დღეში გვაგდებს.
- უნდა ჩვენ ბატონს აუტეხოთ რამე, - დაიწყო ეხლა სოსიკამ, - ამოდენა ხალხის დახოცვას ერთი კაცის სიკვდილი სჯობია...
- უნდა მოვკლათ! - დაიწყეს სხვებმა.
- ეგ კარგია მოკვლა, მაგრამ ხელმწიფე შეგვარჩენს! - წარმოსთქვა ორიოდემ: - მაშინ უფრო არ დავიხოცებით... ცოლ-შვილი უპატრონოდ დაგვრჩება და ჩვენ უბატონოს არ გაგვიშვებენ... იქნება სხვები უარესები იყვნენ...
- ჩვენი ბატონი დავითი იქნება... ამას გლეხკაცები ებრალება, - წარმოსთქვეს შიგადაშიგ.
- ძაღლისა ბატკანი არავის უნახავს... მაგისი სიავეც არ გაგვეგონა, მანამ დიდი ბატონი ცოცხალი იყო... მაგრამ ეხლა ხომ ხედავთ!..
- მაშ რა ვქნათ?! - უპასუხა სოსიკამ, - შევეჭმევინოთ?
- მოვიფიქროთ რამე.
- მოფიქრებაც ეგ არის, რომ უნდა მოვკლათ! - უპასუხა ნინიკამ.
- აცა ვიღაც მოდის... ბუჩქების შრიალი ისმის, - გააწყვეტინა ერთმა გლეხკაცმა.
- მართლა! - სთქვეს ერთხმივ ყველამ.
- არიქა! უთუოდ გაგვცეს... ყაზახები იქნებიან...
გლეხები მიიმალ-მოიმალნენ და დაუწყეს ბუჩქებიდან ცქერა.
მოედანზე გამოვიდა მართა. ის გაშტერებული დადგა.
- სად წასულან! - დაიწყო იმან, - ასე მალე გაათავეს?
- მართა! მართა! - დაიწყეს გლეხებმა და გაოცებულნი გამოვიდნენ ბუჩქებიდან.
- სწორედ მართა... მე ვარ... თქვენ ჩემიც კი გეშინიანთ... ვისი არ შეგეშინდებათ?! მასწავლეთ თოფის გატენა... მიჩვენეთ, როგორ უნდა ვესროლო და მე ამაღამვე გაგაგონებთ იმ ხმასა, თქვენ რომ ვერ გაგიბედნიათ. მიყურეთ მე დედაკაცსა... მიყურეთ, როგორ თავი გამიმეტნია... სირცხვილის შემდეგ მე სიცოცხლე აღარ მენანება თქვენსავითა... დღეს თქვენ ცოლებს დახადეს ჩიქილები... თქვენ ცოლებს დაასხეს თავზედ ლაფი, თქვენი ქონება გაალაგეს და თოროზას ჩალის ფასად გადუყარეს... თქვენ კი გაჩუმებულხართ და შიშისაგან ტყესა და მინდვრებში იმალებით... მომყევით მე და მე მივალ პირველი მისი სისხლის დასალევად... მე, მე დედაკაცი გაგიძღვებით კაცებსა... თუ თქვენ დაიხურავთ ჩემს ლეჩაქს...
გლეხკაცნი შეჰყურებდნენ ერთმანეთს პირდაღებულნი. სოსიკა მივიდა მართასთან და ჩაავლო ხელი.
- ნუ გეშინიან, მართა, შენ სისხლს ჩვენ ავიღებთ... - სოსიკამ წაიყვანა მართა და რაღაც წასჩურჩულა.
- ამაღამ! - დაატანა მართამ.
- მე შეგატყობინებ.
მართა წავიდა.
- არც ეხლა? - დაიწყო ნინიკამ, - ერთმა უძლურმა დედაკაცმა, ნახე, რა გვითხრა... დედაკაცი ბედავს!.. დედაკაცი იმეტებს თავსა და ჩვენ კი ვაჟკაცს გვეძახიან... მითხარით, რაღას უნდა მოველოდეთ ამაზედ უარესს! მოიხადეთ ყველამ ქუდები და ეხლავე უნდა დავდოთ ღვთის ფიცი, რომ ჩვენ ბატონს ბოლო მოვუღოთ და ერთმანეთს არ ვუღალატოთ... ვინც გაგვიდგება და უარს იტყვის ამ ფიცზედ, აქედან ცოცხალი ფეხს ვეღარ გადასდგამს. - აქ ნინიკამ ამოიღო ხანჯალი, - ვინც კაი ბიჭია და უარს იტყვის.
ყველამ მოიხადა ქუდი.
- ყაბული ხართ ყველანი? - ჰკითხა ნინიკამ.
- ყველანი, ყველანი! - დაიძახა ყველამ ერთხმივ.
- უნდა იმაზე დავდოთ ფიცი, რომ ჩვენ ბატონს უთუოდ ბოლო მოვუღოთ...
- უნდა მოვკლათ! - დაიძახა ყველამ.
- მაშ მიბრუნდით ჩვენი სალოცავისაკენ.
ყველანი მიბრუნდნენ აღმოსავლეთისაკენ.
- სეხნიავ, ეხლა შენ დაიფიცე, შენი სიტყვა უფრო გასაგონი სიტყვაა... შენ უფრო კარგად დაიფიცებ.
- რა, ნინიკა, შენ დაიფიცე, შენისთანა სიტყვის კაცი ჩვენში არ არის. მეც შენ სიტყვებზედ დავიფიცებ.
- მაშ, წმინდა გიორგი პატიოსანო, სვეტო ცხოველო და ჩვენო ყველა სალოცავო, შენ ამოწყვიტე ძირიან ფესვიანად ის კაცი, ვინც ამ ფიცს უღალატოს, დაიკრიფეთ ყველამ გულ-ხელი და დაიჩოქეთ.
ყველამ დაიკრიფა გულ-ხელი და დაიჩოქა.
- დაიწყეთ ახლა, რაცა ვთქვა, თქვით: წმიდა გიორგი გერისთვისაო.
- წმიდა გიორგი გერისთვისაო, - დაიწყო ყველამ ერთხმივ.
- ატოცისაო!
- ატოცისაო!
- ლომისისაო!
- ლომისისაო!
- ხახულის ღვთიმშობელო!
- ხახულის ღვთიმშობელო!
- და ყველა ჩვენო და ქრისტიანეთა სალოცავო! მიქელ და გაბრიელ მთავარ-ანგელოზებო, ჯვარო პატიოსანო და ყოველნო ხატნო და საყდარნო, თქვენ ამოწყვიტეთ ის კაცი ცოლ-შვილით, მისხის-მისხით და ყველა გასაგგისითა და ნათესავით, ვინც უმტყუნოს ამ შეყრილობასა, ან ამ სიტყვასა, რაც ეხლა, აქ ყველამ გავაჩინოთ.
გლეხკაცები ამ ნინიკას სიტყვას სიტყვა-სიტყვით იმეორებდნენ.
- ამინ! - გაათავა ნინიკამ.
- ამი...ი...ინ - დააყოლეს ერთხმივ გლეხებმა და წამოდგნენ ფეხზედ.
- ეხლა, შვილო, - დაიწყო სეხნიამ, - ფიცი სახუმარო საქმე არ არის, ფიცის გამტეხს არც სააქაოსო და არც საიქიოს ალაგი არა აქვს. ეხლა ჩვენი ვალი ის არის, რომ რაც ეხლა საყოველთაოდ გადავწყვიტოთ, სუყველამ ხმაამოუღებლივ შევასრულოთ. არც სამართალში, არც ამხანაგობაში, არც თითონ ცოლ-შვილში ეს სიტყვა არ უნდა გაგვივიდეს და ვინც არ შეასრულებს ამას, ყველა ღვთისმგმობი და ფიცისგამტეხი იქნება.
- მართალია! - სთქვა თითქმის ყველამ ერთხმივ, - ყველა უნდა დაფარული იყვეს, რომ ჩვენს მეტმა არავინ იცოდეს.
- არავინ უნდა იცოდეს, - სთქვა სეხნიამ, - ეს ეხლა ყველამ კარგად უნდა დავიხსომოთ. ეხლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა შევუდგეთ ამ საქმეს. მარტო კაცი იმას ვერას აკლებს, ვერ უდგება, იმას თუ ბევრნი არ დაეხვივნენ, ვერას გააწყობს ერთი, - მთელს რუსეთს მაგისი მხარი უჭირავს, - თორემ წეღანაც ვეუბნებოდი ნინიკასა, მე თქვენ სისხლში აღარავის გავრევდი და დიდი ხანია გადუწყვეტდი მე მაგასა. ჩვენ ისე უნდა მოვაგვაროთ, რომ მაგას მარტოს ბევრნი შემოვერტყნეთ, ისე შევიპყროთ, რომ ვეღარ წაგვივიდეს. ჩვენ ეხლა ის უნდა დავაწყოთ, რომ გავიგოთ, რა დროს, ან სად იქნება ის მარტო, რომ ყველანი იქ მივიდეთ.
- მე უფრო კარგს ვიტყვი, - დაიწყო სოსიკამ, - მართა, თქვენც გაგეგონებათ, გუშინ ქალბატონს ჩემი გულისთვის შეუმწყვდევია ბნელს ოთახში და როზგით უცემია. ხომ ნახეთ ის რარიგად გულდამწვარია? ის ბატონისა და ქალბატონის ოთახში წევს ბავშვების მოსავლელად. მე მითქვამს იმისთვის, რომ, როცა ვადა დაუნიშნოთ, გაგვიღოს კარი. ისევ ისა სჯობს, რომ ჩუმად მოვკლათ და ჩვენი საქმეც შევასრულოთ და არც სამართლის ხელში ჩავარდეთ. იქ ამდენი ხალხი საჭირო არ ვიქნებით, ორნიც ვკმარივართ. ერთი მე ვიქნები და ერთიც სხვა ვინმე მომეცით - მეტი არავინ მინდა.
- მეორეც მე ვიქნები, - სთქვა ნინიკამ.
- ან მე! - ან მე! - ან მე! -შესძახა რამდენიმე ხმამ.
- არა, შენ არ იქნები, - უთხრა სეხნიამ ნინიკას, - შენ ცოლ-შვილიანი კაცი ხარ, ვინ იცის, როგორ იყვეს საქმე და შენი ცოლ-შვილი სულ უპატრონოდ დარჩება. ისევ უცოლშვილოები ამოვირჩიოთ: ერთი სოსიკა კარგი იქნება და ერთიც სხვა ვინმე.
რამდენიმე უცოლშვილო ყმაწვილი ბიჭი წამოდგა.
- აი, მე ვიქნები! - აი, მე! - აი, მე! - დაიძახეს იმათა.
- დათო კარგი იქნება, - სთქვა ისევ სეხნიამ, - მაგაზედ მარჯვე, სოსეს გარდა, არავინ მეგულება.
- დათო კარგი იქნება, - დაატანა სოსემ, - მე მეტი არავინ მინდა.
- მაშ კარგი!
- კარგი.
- ერთ თვეზე ადრე არ იქნება, - სთქვა სეხნიამ, - თორემ მიხვდებიან, რომ ჩვენ მოვკალით.
ნინიკა ჩაფიქრდა.
- სეხნი! ვაი თუ მინამ როგორ იყვეს საქმე, - დაიწყო ფიქრის შემდეგ იმან, - კიდევ არ დავცდეთ.
- არა, სიფრთხილეს თავი არა სტკივა. ყველანი ოჯახის პატრონები ვართ. რაც ფრთხილად მოვიქცევით ისა სჯობს.
- სჯობს! - მიატანა რამდენიმე ხმამ.
- ყაბული ხართ? - ჰკითხა სეხნიამ ყველას.
- ყაბული ვართ, - მიატანა ერთხმივ ყველამ.
- მაშ ეგრე - ერთს თვეს უკან - სთქვა სეხნიამ და წამოდგა.
- ერთს თვეს უკან, - სთქვა ყველამ და წამოიწიეს იმათაც.
- გახსოვდეთ ფიცი, - სთქვა ნინიკამ წასვლის დროს.
- ფიცის გამტეხი მოკვდება პირველი. ის თავის დღეში არ უნდა ვაცოცხლოთ, - დაატანა სოსიკამ.
- ეხლა წავიდეთ, - სთქვა ვიღამაც.
- წავიდეთ, - მიატანეს სხვებმა და დაიშალნენ.
XVII
მომრევს მომრევი არ დააკლდება
შემდგომ იმ უბედურებისა და შერცხვენისა, რომელიც გიორგიმ აჭამა, როსტომს არა ჰქონდა მოსვენება. იმას რაღაცა საძაგელი სევდა შემოაწვა გულზედა. ის შეაწუხა კიდევ უფრო ცუდმა სიზმრებმა. საშინელი მოუსვენარი სიზმრები და ფიქრები უფრო და უფრო უფრთხობდნენ ამას მოსვენებასა. ყოველი კაცი ამას სულ მტრად ეჩვენებოდა, აღარავისი ნდობა იმას აღარა ჰქონდა, ყველას ისე უყურებდა, თითქო დაფიცებულია ამის სიკვდილსაო თითონ ცოლიც კი აღარ ეჩვენებოდა ამას გულით სანდოთა. ამასთან ამან შენიშნა, რომ მოსამართლე პირები, რომელნიც აქამდინ ამისთვის თავს დასდებდნენ, ეხლა როგორღაც ისე ცხარედ ვერ ეკიდებიან ამის საჩივარს; შენიშნა, რომ ეხლა ყველამ თავი მაღლა აიღო და გაბედვით წამოესია ამას, და იგრძნო, რომ ყველას ამას ის ვეღარ გაუძლებდა. ამან არჩია გაცლა და ამის გამო იფიქრა ისევ სამსახურში შესვლა, ან ქალაქში ცხოვრება. “ხედავ როგორ ყველა წამომესია! როგორ ყველა, თვით მეგობრებიც კი გადამიდგნენ. იმდენი ხანი ვემსახურე, რამდენი რამ გადავივლე თავსა, რამდენი საქმე შემემთხვა და ყველგან გამარჯვებული გამოველ და ეხლა კი ერთმა გუდამშიერმა რაზბონიკმა რა მიყო?! ყველას სასაცილო გამხადა... მაგის ჯავრს ეგრე შევჭამ!..” მოსდიოდა ესა და ამგვარი ფიქრები როსტომს თავში. ის აპირებდა სოფლიდან გაცლას, მაგრამ გიორგის ჯავრს საუკუნოდ გულში იყოლიებდა. “მართებულობა არას უზამს და მე თითონ მოვალ მაგის ოხტში!”. ფიქრობდა ისა და კიდეც განიძრახა გულში, რომ თუ ის სამართლით, როგორც ამას უნდოდა, არ დაისჯებოდა, მოეკვლევინებინა. იმან ამ განზრახვით კიდეც დაიყენა ერთი ოსი მოჯამაგირედ, აჩუქა მამულები, აჩუქა ცხენი, საქონელი, იარაღი და იმას ადევნებდა უკანა და აგონებდა სულ გიორგის მტრობას.
როსტომი დიდხანს ფიქრობდა ქალაქისაკენ წასვლას და ბოლოს გაუტყდა შუშანას. შუშანას ეს ამბავი ძალიან იამა.
- თუ არ გავეცალეთ აქაურობას, სულ ამოგვწყვეტენ. ხომ ხედავ, როგორ ყველას თვალები უბრმავდება ჩვენზედ, ქვეყანაში რათ არიან გამოსულნი ჩვენზედ მეტადო... ერთ ღამეს რომ სულ ამოგვწყვიტონ, სამართალსაც არ მისცემენ ჩვენს პატრონებსა. აბა რა უყვეს მაგ სისხლში გასვრილს რაზბონიკსა!.. მაგას სახრჩობელას აქეთ გზაღა ჰქონდა!.. მაგრამ ხედავ, როგორ ამაყად, დოინჯშემოყრილი გაგვივლის და გამოგვივლის ხოლმე წინ და უკანა. ქალაქში ამოწყვეტისა მაინც არ შეგვეშინდება.
ამ ამბის შემდეგ როსტომმა უცებ დაიწყო მზადება ქალაქს წასასვლელად. ამას როგორღაც ახირებულად მიუწევდა სოფლიდან გული. როსტომმა უბრძანა მხლებლებს, რომ ცხენები მოერთმიათ ამისთვის დილის ხუთს საათზედ. შუშანა უნდა დარჩენილიყო ჯერჯერობით აქა, მინამ ან სამსახურს იშოვიდა როსტომი, ან სხვაფრივ გადასწყვეტდა საქმეს.
ეს ამბავი გავარდა სოფელში და ელდასავით ეცათ შეთქმულებს გულში. სეხნია და ნინიკა ეცნენ სოსეს.
- მე მზადა ვარ, - უთხრა სოსემ, - თქვენ ორივენი ნინიკას ვენახში იყავით საღამოზედ დიდვახშმობიდან და დათოც იქ ჩაიყვანეთ და იქ შეგატყობინებთ ყველაფერს. ჩვენ ეგ ეხლა არ უნდა გაუშვათ ხელიდან, თორემ მერე სულ ვეღარას გავხდებით.
მთელი დღე სულ ეძებდა სოსიკა, რომ მართა როგორმე ენახა. დაღამდა და მართა არ ჩანდა. ღამე სოსე ქურდულად გადიპარა ბატონის კარის ბაღჩაში და დაუწყო თვალიერება. მართა არა ჩანდა კიდევ. დიდხანს იყო სოსე აქ სულგანაბული. ბატონებს მიართვეს ვახშამი და მართა კიდევ არა ჩანდა. ბოლოს გამოჩნდა სოსეს ძმა.
- ქიტო! - დაუძახა გაპარებულის ხმით სოსემ.
ქიტომ იცნო სოსეს ხმა.
- რა გინდა?.. მანდ რას აკეთებ?
- აქ მოდი, საქმე მაქვს.
ქიტო მივიდა.
- ვახშამი რომ გაათავონ, მართას უთხარი, ჩუმად ჩამოვიდეს აქა. უთუოდ ჩამოვიდეს, ძალიან საჭირო საქმე მაქვს.
- მე ვიცი, რაც საქმეა... სოსე, ცოდოში ნუ დგები, ტყუილად შენ თავს დაღუპავ და მაგას კი ვერას უზამთ...
- გაჩუმდი, თორემ მეტი არ შემიძლიან, ზედ ამ ხანჯლის წვერზედ აგაგებ, - შეუტია სოსემ გულმოსულმა, რომ ამათი განზრახვა სხვებსაცა სცოდნიათ, - შენ ვინ გითხრა, ვინა, ჰა?!.
- მე განა ვერ ვატყობ, რომ შენ დიდი ხანია დასდევ მაგასა, მაგისი სისხლი გწყურიან...
- გაჩუმდი! აღარსად წამოგცდეს, თორემ შენ ჩემი ხელიდან ვეღარსად წახვალ... ღორივით ყელს გამოგღადრი.
- ნეტავი გააწყოთ რამე, თორემ მეც ხელს მოგიმართავთ, - დაამშვიდა ქიტომ.
- შენი ხელის მომართვა არ მინდა, ოღონდ ძაღლები მაგრა დაამწყვდიე და ოსი მაგრა დააძინე, სხვა არა გვინდა რა.
- სხვა ხომ არა გინდა რა?
- სხვა არაფერი, მართა გამომიგზავნე აქა.
ქიტო ჩუმის ნაბიჯით წავიდა.
ქიტომ უთხრა მართას. მართა აენთო. იმას დაუწყო გულმა ცემა. ისა გრძნობდა, რისთვისაც ეძახოდნენ. იმას ეძლეოდა კიდევ შემთხვევა ზღევისა.
რადგან როსტომი ადრიან აპირებდა წასვლას, ამის გამო იმან მოისვენა ადრე. მართა ჩუმად ჩამოვიდა ბაღჩაში.
- მითხარ, მზადა ხარ თუ არა? - ჰკითხა მართამ, რაწამს დაინახა სოსე, - თუ კიდევ არა გაქვთ გული და გეშინიანთ, მე თქვენი შველა აღარ მინდა, მე ვისწავლე ეხლა კი თოფის ხმარება.
- მოიცა, მართა, შენი საქმე არ არის. ჩვენ ისე უნდა მოვაგვაროთ საქმე, რომ ეგ კიდევ არ წაგვივიდეს ხელიდან. შენ თუნდა ათასი თოფის ხმარებაც რომ ისწავლო, მაინც მარტო ვერას გახდები. მარტონი ჯერ ვაჟკაცები ვერას გავმხდარვართ. შენ მარტო ესა ჰქენი, რომ, როგორც წინათ გითხარი, კარები ღია დააგდე და შენ მეორე ოთახში გადი, რომ ვინიცობაა როგორ იყვეს საქმე, შენ არ ჩავარდე სამართალში.
- ვინა და ვინ იქნებით?
- მე და ზუღიაანთ დათო.
- რომ ვერას გახდეთ კიდევა!
- ფიქრი არ არის!
- როდის მოხვალთ?
- შუაღამისას, რომ ყველა გულის ძილში იყვეს. შენ არ დაიძინო.
- ფიქრი არ არის, ოღონდ ერთი იმისი ჯავრი ამომყარეთ.
ამ სიტყვებით მართამ გასწია ქალბატონისაკენ, რომ იმას ის არ მოეკითხნა. სოსე წავიდა ნინიკას ვენახში. ნინიკა, სეხნია და დათო საწნახელში მოელოდნენ სოსეს.
- ხომ არ გეშინიან? - ჰკითხავდნენ ნინიკა და სეხნია დათოს,
- მეშინიან კი არა და! რისა მეშინიან! - ეუბნებოდა ისა. მაგრამ გული იმისი სრულებით სხვას ამბობდა. მინამ საქმე საქმეზედ არ მიდგა, ის გულადად იყო და, რაკი დრო მოვიდა, თუმცა სულ იმაგრებდა გულსა, მაგრამ რაღაც უნებურმა შიშმა და ფიქრმა აიტანა ის.
მოვიდა სოსეც, რომელსაც ამდენი ხანი ისინი მოუთმენლად ელოდნენ.
- ეხლა კი დროა, - უთხრა მათ სოსემ, - დათო, წამოიღე შენი თოფი და ხანჯალი.
დათო და სოსე წამოვიდნენ.
- მარტო მაგათით არ იქნება, - უთხრეს ნინიკამ და სეხნიამ ერთმანეთს, - ვაითუ როგორ იყვეს და ჩვენც შორიახლოს ვიყვეთ სადმე, რომ კიდევ არ წაგვივიდეს ხელიდან.
- კარგი იქნება, - დაეთანხმნენ ერთმანეთს.
- ჩვენ მაგათ ბაღჩაში მოვუცადოთ, და იქიდან ყური ვუგდოთ, - სთქვა ნინიკამ.
- კარგი, მაშ ჩვენც წავიღოთ იარაღი.
ორივენი შეიარაღებულნი ჩასხდნენ ბაღჩის კარებში და ელოდნენ სულგანაბულნი სოსესა და დათოს მოსვლას.
XVIII
აღსასრული
მართა ამოვიდა თუ არა, გახადა ქალბატონს ტანთ და დააძინა. აკვნის ბავშვს, რომელიც ტიროდა და აფხიზლებდა ბატონებს, მისცა ბლომად ხაშხაში და გააჩუმა. გააქრო სანთელი. მხოლოდ ოდნავა ბჟუტავდა ხატების წინ პაწაწა კანდელი და ოდნავად ანათებდა დიდს ოთახს. დაიძინა ყველამ, დაწვა მართაც, მაგრამ ძილი ფიქრადაც არ მოსდიოდა. იმას დაუწყო გულმა ცემა და ეშინოდა, რომ არ გაეგონათ ბატონებს იმისი გულის რაკარუკი. მართა გადიქცა მთლად ყურის გდებათა. ყოველს ფურცლის შრიალზედ, კატის ფათურზედ, სიოს შემობერვაზედ უწყებდა გულის ცემა მატებას და მოელოდა ყოველს წამს მკვლელებს, ერთი ნახევარ საათის ლოდინი იმას გადაექცა მთელ საუკუნედ. იმის გულში ირეოდა ათასნაირი გრძნობა: ჯავრის ყრისა, სიბრალულისა, შიშისა და სხვა ათასნაირი გამოუთქმელობანი. მოახლოვდა წუთი და მართას გულში სძლია ყველა სიბრალულის გრძნობამ. იმან ჩახუჭა ლოდინში თვალები, რომ უფრო მალე გაევლო დროს და აქ წამოუდგა თვალწინ სისხლში მოსვრილი ბატონი, რომელიც სთხოვს მკვლელებს შებრალებას საცოდავის ხმით; წარმოუდგა თვალწინ ბრძოლა და ფორთხიალი ჭრილობისაგან დაუძლურებული მომაკვდავი ბატონისა. ის აიტანა ტირილმა. “ღმერთო! ღმერთო! რათ მიგვახწევინე იქამდის, რომ უნდა სისხლში ხელი გავისვაროთ, მერე ისიც ვის სისხლში?!. რა ენაღვლებოდათ პატარა ქრისტიანულად მოქცეულიყვნენ, რომ არც თითონ წაწყმედილიყვნენ და არც არავინ ცოდოში ჩაეყენებინათ...” ამგვარმა ფიქრმა დასძლია მართა და განიზრახა გუნებაში, რომ მკვლელები დაებრუნებინა. “იქნება ეხლა, სამსახურში რომ შევიდეს, უფრო კარგად მოიქცნენ ბატონიცა და ქალბატონიც!...” ამ ფიქრით მართა წამოდგა ზეზედ, გადიგდო კაბა და აპირებდა კარებზედ დახვედრას. ის მივიდა კარებთან, გააღო ჩუმად კარი და გავიდა გარეთ, მაგრამ პატარა ხანს უკან ისევ შემოვიდა “რას ჩავდივარ მე უგნური! დამავიწყდა ჩემი სირცხვილი?! დამავიწყდა, რომ მე, დედაკაცს, სალდათივით დედიშობილას მცემეს და ქვეყანას გამომასალმეს!.. მე ესეები უნდა შევარჩინო!!! არა! უნდა გავძღე მათი სისხლის სმის ყურებით!.. უნდა ვნახო, რომ ეგენი იღრიცებოდნენ მომაკვდავის სახით, თოფსა და ხანჯალს ქვეშა... უნდა ვუყურო, სოსე რომ ტარამდის შიგ გულში ჩაურჭობს მაგას ხანჯალს და ხარბად ჯავრის ყრით მიატრ-მოატრიალებს გახეულს გულში და ჩასძახებს მორევულსა: ესეც ჩემი და ჩემი მართას სამაგიეროო! უნდა ვნახო ერთი, რომ ჩვენ გამარჯვებულნი დავხარხარებდეთ მაგის გაცივებულს და მოუძლურებულს უსულო გვამს და მერე თუნდა საკირეშიაც ჩამაგდონ, თავი აღარ მენანება... მოდით, მკვლელებო, მოდით, მართა თქვენთან არის და ესენი ვეღარ წაგვივლენ: ფანჯრები მაღლებია კარები ჩაკეტილი... თქვენი სული ჩემს ხელთ არის, თქვე სულის მტრებო!..” და აქ მართამ თვალების ბრიალით გადახედა მძინარე ბატონებს.
მართა რომ აქ ამ სატანჯველს ფიქრებში იყო და ხან ზღევას გაიძახოდა და ხან მიტევებას, სოსე და დათო თოფ-იარაღში ჩამსხდარნი მიდიოდნენ ბაკებზედ ამოკრულნი წყნარის ნაბიჯით და მოპარვით ბატონის სახლისკენ. ორივენი შიშით იყურებოდნენ აქეთ-იქით, ხომ არავინ გვიყურებსო. ყოველს ძაღლის ყეფაზედ, ყოველს ფათურზედ, ყოველს უბრალო ხმაურობაზედ ჩერდებოდნენ შიშით და სულგანაბულნი ეყუჟებოდნენ ბაკის ძირებს. სოსეც და დათოც იყვნენ გაფითრებულნი, ორთავეს გული უცემდათ ჩქარა და ძლიერათა, ორთავეს უბნელდებოდათ თვალთა და სულ ბატონი ელანდებოდათ.
- გამიგონე, სოსე! რას ჩავდივართ ჩვენ ამასა?! - დაიწყო დათომ, როდესაც დაიწყო კიბეზედ ასვლა, და გაჩერდა უცებ, - მე, ჩემო ძმაო, მეშინიან... ფეხთ მეკვეთება... გული ლამის შემიღონდეს... რათ ავყოლივართ ეშმაკის საფრთხესა!..
- სსუ! რა დროს ლაპარაკია, არ გაგვიგონონ! - უთხრა სოსემ მთრთოლარეს ხმით: - მეც როგორღაცა ვარ. ჩემ დღეში ეს საქმე არ დამმართნია... რამდენ ომში ვყოფილვარ... მაგრამ...
- ნეტავი სეხნია და ნინიკაც წამოგვეყვანა... ჩვენ ვერას ვიზამთ... ისინი უფრო გამოცდილები არიან... ღონე სულ აღარა მაქვს... თავი ლამის გამისკდეს... თონესავით ამენთო... თვალით ვეღარას ვხედავ... სულ მიბნელდება... უთუოდ ცოდვისაგან მოგვდის... ღმერთი არ მოგვიწონებს...
- წავიდეთ... ჩუმად იყავი... ეხლა დრო აღარ არის... რაც მოგვივა - მოგვივა... საცაა მამლები იყივლებენ... წავიდეთ ჩქარა, - და აქ სოსემ წაავლო დათოს კალთაში ხელი, - ნუ გეშინიან, მე მომყე...
- მე არ შემიძლიან, სოსე... კაცის სისხლი, მერე ისიც ბატონის სისხლი, როგორ უნდა დავღვაროთ!.. შენ წადი მარტო... მე ჩემს დღეში ქათამიც არ დამიკლავს!.. ნურც შენ წახვალ... ცოდოში ნუ ჩავდგებით... ცოდო თვალს გვიხვევს...
დათო, რომელიც თითქმის ძალათი აათრია სოსემ ბალკონამდის, მზად იყო გამოსაბრუნებლად, რომ ამ დროს დაინახეს ვიღაც ორი კაცი თავის უკან მოპარვით მომავალნი. შეშინებული დათო და სოსე აპირებდნენ პირდაპირ ბალკონის მოაჯირიდან გადახტომას, რომ იცნეს ხმა სეხნიასი და ნინიკასი. აქ ორივეს მიეცათ გული.
- რაღას ჩურჩულებთ, არ გაგიგონონ, - უთხრა იმათ ნინიკამ; - მიდით მალე და ჩვენც შიგ კარებში ვიდგებით, ვერსად წაგვივა, თუ თქვენ ვერ მოერევით.
მართა, რომელსაც ესმოდა ეს ჩურჩული და ფეხის ხმაურობა, კარების გაღების უმალვე გავარდა მეორე ოთახში და ჩაკეტა იქიდან კარი. სოსე და დათო შევიდნენ თვალებამღვრეულნი, ხელფეხის თრთოლით...
სძინავს როსტომს ღრმად და ელანდება მოუსვენარი სიზმრები. ის ხედავს სიზმარში მკვდრებსა და ისიც რა მკვდრებსა? იმათა, რომელნიც ამისის მოწყალებით გამოესალმნენ სიცოცხლეს. ხედავს ეს; იმათ ამოუყვიათ საფლავიდან თავები, და საცოდავად ჯავრისა და მწუხარებისაგან ჩამომხმარები შეჰყურებენ ამას იმ სახით, თითქო ეუბნებიან, რას გვემართლებოდიო?.. ზოგნი ვითომც უყოფენ ენას; ზოგნი თითებით “ჭიტას!” ეძახიან. შეჰყურებს ამათ როსტომი და უკვირს: “დავიჯერო ესენი მართლა სულ მე დავხოცე! ფიქრობდა ისა: ღმერთო, ღმერთო! რამდენი ცოდო მადევს კისერზედ!.. რა ვქნა, რატომ აღარ მახსოვს, თუ მე დავხოცე ამოდენა ხალხი?..” ბოლოს, ხედავს როსტომი სახრჩობელასა, სადაც ჰკიდია ორი კაცი, თეთრად სუდარაში გახვეულნი და უქნევენ მუქარით თავსა, და ესმის როსტომს იმათი სიტყვები, რომლითაც უქადიან უსამართლოებისათვის დასჯას. სცნობს როსტომი ამათა და აგონდება, რომ ისინი წავიდნენ უბრალოდ სახრჩობელაზედ იმიტომ, რომ ამას ქრთამი ვერ მისცეს. ხედავს როსტომი, რომ ეს მკვდრები თანდათან ამოდიან საფლავებიდან, ჩამოდიან სახრჩობელიდან და თან მრავლდებიან, ემატებიან და იზრდებიან ისე, რომ უანგარიშო სიმრავლე იკრიბება და თანდათან ერტყმიან გარშემო. ხედავს როსტომი რომ მათ შორის გამოჩნდნენ თოფ-იარაღიანები და უცებ სად არის და სად არა, ამ მკვდრებში წამოდგა იმის მოსისხლე მტერი, გიორგი ტაბლაძე. “ყველა, ყველა! ფიქრობს როსტომი, და ეს რაღას მემართლება? ამან ხომ თავისი შეისრულა და წაიღო, მაგას რაღა უნდა?..” აიტანა როსტომი შიშმა და კანკალმა. “ღმერთო დამიხსენ... უდაბნოში წავალ, ცოდვებს მოვინანიებ, ეკლესიებს დავდგამ, მღვდლებს და არქიელს საწირავებს მივცემ, რომ ყოველ წირვაზედ მომიხსენიონ, ოღონდ ეხლა გადამარჩინე ამათ ხელსა... ღმერთო შენს მადლსა!..” სდებს აღთქმას როსტომი, მაგრამ ეს საშინელი მკვდრების ხროვა უფრო და უფრო ერტყმევა გარშემო და მეტადრე გიორგი არ ეშვება, გიორგი ხანჯლით პირში, ცალს ხელში დამბაჩით და ცალს ხელში თოფით იწევს ამისკენ, და დაასხა როსტომს ცივმა ოფლმა, გიორგი არ ეშვება, არ ისმენს არც როსტომის აღთქმას, არც ხვეწნას და მივარდება, მკვდრებიც ეხვევიან და როსტომი შეშინებული წამოხტება. “მიშველეთ!” დაიძახებს ის სიზმარში შეშინებული და ამ დროს გავარდება თოფი... როსტომი იგრძნობს დაჭრასა და იტაცებს თეძოში ხელს. სოსე და დათო შეშინებული გარბიან. ამ დროს შემოცვივიან ნინიკა და სეხნია ხანჯალამოღებულნი.
- სად გარბით, სადა?! - შესძახეს ნინიკამ და სეხნიამ ერთხმივ, - მოჰკალ! ეგ ქვეყნის მტერი ეგა!..
აქ სეხნიამ ჩამოჰკრა ფიცხად ხანჯალი. ხანჯალი გადუბრუნდა სეხნიას ხელში და დაჭრამ ვერ გასჭრა. ნინიკა ერთ წუთზედ სწვდა როსტომს და გადმოაგდო ტახტიდან.
- შენ ჩვენი ხელიდან ვეღარ წახვალ! მოვიდა შენი აღსასრულის დღე!
ნინიკამ ამოიდო ის ქვეშ, მაგრამ გამწარებული როსტომი წამოუვარდა და სტაცა ყანყრატოში ხელი.
- ხანჯალი ამასა! - დაიძახა ნინიკამ.
სოსიკამ შემოჰკრა ხანჯალი და როსტომი დასუსტებული, ბარბაცით მიეყუდა კედელს.
- ნუ მომკლავთ! - დაიძახა ამან განწირულებით, - სუყველას გაგანთავისუფლებთ...
- გაგვანთავისუფლებ!! - შესძახა მწარის დაცინვით ნინიკამ და ერთს წუთაზედ ჩაუსო გულში ხანჯალი და ბრაზით, თვალების ბრიალით მოატრიალა შიგ რამდენჯერმე, - გაგვანთავისუფლებ! გაგვანთავისუფლებ!.. აი ეხლა გაგვანთავისუფლე!..- სოსე შეუბრალებლად სცემდა ხანჯალს და თან იძახოდა: “მოკვდი! მოკვდი, შე სისხლით გაუმაძღარო!..”
შუშანას წივილ-კივილმა მიიპყრო გონება მარტო მთლად გამოშტერებული დათოსი. ის უაზროდ და გიჟივით იქნევდა ხანჯალს და ქალბატონის დაფეთებულს წივილსა და ხვეწნაზედ უცებ ეცა იმასა და შემოჰკრა ხანჯალი. დაჭრამ უფრო გაამწარა შუშანა და ეხვეწებოდა დათოს. დათოს არ ესმოდა, რას ეუბნებოდნენ. იმას ესმოდა მარტო წივილის ხმა და წივილზედ ის ხმარობდა უგრძნობლად ხანჯალს. ამან ისევ უგონოდ მიუბრუნა ხანჯალი და უფეთქა ფერდებში. შუშანას გადმოუბრუნდა განწირულებით და სიმწარით თვალები, დაიღრიჯა სასიკვდილოდ და გადახედა რაღაცა გამოუთქმელის სანახაობით დათოს. ამ სანახავმა დათო უფრო არია. იმან იტაცა ქოჩორში ხელი და გაბრუნდა გასაქცევად. შეხვდა ფეხებში გამწარებული, შეშინებული ოთხი-ხუთი წლის ბავშვი. დათომ ამასაც უგრძნობლად შემოჰკრა ხანჯალი. ბავშვი უსულოდ დაეცა. დათო სულ შეიშალა. ის დაეტაკა აკვანს, გამწარებით აიტაცა აკვანი და ბავშვიანად დაახეთქა ძირსა. “ცოდო! ცოდო!” დაიძახა იმან სიმწარით და ეცა კარებს. “სისხლი! ცოდო!..” იძახდა ისა და გარბოდა, თითონაც არ იცოდა საით და საით არა...
მართამ როდესაც დაინახა დახოცილნი თავისი გაზრდილები, ერთი შესძახა და დაეცა უგონოდ. ის შესცდა ჭკუაზედ...
დავითი სასტიკად გამოეკიდა საქმეს და რამდენიმე დღის უკან ყველა დამნაშავენი იყვნენ შეპყრობილნი.
დათო ერთ თვის უკან იპოვეს ტყეში მკვდარი, დაფლეთილი ნადირისაგან.
რა იცოდა საწყალმა პოღოს კარაპეტიჩმა, ქართველი კნიაზები სამოცი ათას თუმანსაც აიღებდნენ და სამოცი ათას თუმანს სამი კაპეიკივით ჰფლანგავდნენ რისაკებსა და პრიმადონებზედა.