(ვუძღვნი საბატონო ყმების ახალშობილ შვილებს)
გაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო!
აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო?
დედის მკერდში მიგიგნია შენ ტკბილი ბინაო...
დაიძინე, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!..
დედა ეტყვის: „გენაცვალოს შენი მშობელიო,
ძუძუებში ჩაგივლია პაწაწა ხელიო!
შენს ვაჟკაცობას მომასწრებს მე ღვთისმშობელიო!
მამაშენის ბედის არ ხარ, შენ სხვა ბედს ელიო:
შენი ვარსკვლავი სხვა არის – ბედმა გიცინაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!
ღმერთს შენი ბედნიერება წინეთ უსახავსო,
შენც მის ნაცვლად ემსახურე, ნურას იზამ ავსო,
დედას თმას ნუ მაწეწინებ, ნუ ჩამაცმევ შავსო!
სხვებ რა გიჭირს: ხომ შეიტყვე, ბატონი არ გყავსო!
რისთვის შეკრთი? მართალია! რამ შეგაშინაო?!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!..
გაიზრდები, გენაცვალე, თავისუფალიო;
ბატონი ვერ შეგაწუხებს, ვერც გაგტეხს ვალიო;
შენს მტერსა და მოშურნესა დაუდგეს თვალიო;
ჭირისა და ავ თვალისგან გიხსნის უფალიო!
ხომ გიამა, გენაცვალე! მან გაგაცინაო?
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!
დიდი კაცის შვილს სკოლაში გვერდთ მიუჯდებიო;
აბა, შენ იცი, ბიჭოჯან, როგორ ეცდებიო;
ძველ ბატონის შვილს სწავლაში ნუ ჩამორჩებიო,
გლეხსა ნიჭი არა აქვსო, არ აფიქრებიო!..
შენი დაჩაგრული ძმები შენ უნდა იხსნაო,
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!
ჩინოვნიკებიც არიან ჩვენი გამწვალეო:
ჩვენს საქმეზე როცა მივალთ, გვერტყვიან: „ხვალეო“,
და, ჩვენ როცა დაგვსაქმებენ, მაშინ კი - „მალეო!“
ამას შენ ვეღარ გეტყვიან, შენ გენაცვალეო,
რომ ვეღარ დაგიბრიყვებენ, თუ რო თავი სცნაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!
პაწაწინა იადონო და ვარდის კონაო,
დღეს ხომ კარგად გაიგონე ჩემი ნანინაო?
და, თუ კარგად გაიგონე, ხომ მოგეწონაო?
მაშ, ნუ გძინავს! გაიღვიძე! იცან ქვეყანაო!
შენც შეიტყვე ამა სოფლის ცრუ გამოცანაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!
1864წ.