(მუდმივი ქართულ დრამატიულ სცენის დაარსებიდან)
შარშან, 1900 წელს, ჩვენი თეატრის ორმოცდა-ათი წლის იუბილეის და სამუდამო სცენის დაარსების გამო (ოცი წლის თავზე) ბევრი რამ, ასე თუ ისე საგნის შესახები, გამოითქვა, სხვათა შორის ჩვენმა პატივცემულმა მოღვაწემ პ ე ტ რ ე უ მ ი კ ა შ ვ ი ლ მ ა უფრო ვრცლად დაიწყო ამ საგანზე ლაპარაკი, მაგრამ... იმ დალოცვილმა სწორედ იქ გაათავა თავისი საინტერესო მოთხრობა, საიდგანაც უნდა დაეწყო. ბატონმა პეტრემ დაიწყო იქიდან, როდესაც, თავადის ვ ო რ ო ნ ც ო ვ ი ს დროს, თ. გიორგი ე რ ი ს თ ა ვ ი ს მეოხებით პირველად გაიმართა (მეცხრამეტე საუკუნეში) ქართული წარმოდგენები, ორმოცდაათი წლის წინად. ყველას ეგონა, რომ ბ. პეტრე, როგორც წინასიტყვაობას, ისე იგონებს ვორონცოვის დროის ამბავს და შემდეგ ნამდვილ საგანზე გადავა, ე. ი. ქართულ სამუდამო სცენის ოცი წლის არსებობაზე; მაგრამ 1850 წლიდან გვატარა, გვატარა, რა არ გვიამბო და სწორედ იქ გაჩერდა, სადაც იწყება შესანიშნავი ხანა ჩვენი სამუდამო სცენის.
ეხლა მე მსურს ქართველ მკითხველებს გავუზიარო ჩემი მოგონებანი ჩვენი სამუდამო სცენის დაარსების შესახებ. ჩემი მოხსენების სინამდვილის მოწმე იქნება ის უმეტესობა გულწრფელ და უანგარო ქართული სცენის აღყვავების მსურველ მოღვაწებისა, რომელნიც ამ ოცდაორი წლის წინად გულმხურვალედ მოეკიდნენ ამ დიდებულს საშვილიშვილო საქმეს და დღესაც დღეგრძელნი ბძანდებიან. ჩვენი სამუდამო სცენის აღორძინება, მისი წინმსვ¬ლელობა და გაფართოვება მე ჩაწერილი არა მქონია, და მკითხველს მინდა გავუზიარო მხოლოდ ის, რაც მე მახსოვს ამ საინტერესო საგნის შესახებ. ამასთანავე უმორჩილესად და უგულ¬წრფელესად ვთხოვ ყველას, ვინც კი შეამჩნევს ჩემს მოხსენებაში გამოტოვებულს, რამე თვალსაჩინო ამბავს, მომეხმაროს და ოცდაორი წლის გან¬მავლობაში დავიწყებული ნამდვილი ამბავი მომაგონოს. ზეპირად ხსოვნა რაიმე საქვეყნოს საქმის მიმდინარეობისა ძნელია; მით უმეტეს, ყველა ჩვენგანმა, განსაკუთრებით ჩვენმა მწერლებმა რომ წარ¬მოსთქვან, რაც ახსოვთ ამა თუ იმ მწერლობაში და საზოგადოთ საქვეყნო საქმის შესახებ, მერწმუნეთ, რომ ურიგო არ იქნება. მხოლოდ ამ გვარად შეიძლება საზოგადო საქმის სინამდვილის აღდგენა. თორემ, დალოცვილები ყველა ჩუმად არის სიცოცხლის დროს და როცა დაიხოცებიან, მერე ვიღასა ჰკითხავ? სჯობს სიცოცხ¬ლითვე გამოვსთქვათ რაც გვახსოვს, ერთმანეთს დავეხმაროთ ჩვენის მოგონებით და მომავალს გადავცეთ საღი, ნამდვილი საქმე.
მაშ, დავიწყოთ ჩვენი მოგონებანი.
თ. თ. ვორონცოვისა და გიორგი ერისთავის შემდეგ ქართული წარმოდგენები კანტიკუნტად იმართებოდა, ბევრი კეთილშობილი ოჯახი იყო მოწადინებული, რომ გაემართათ წარმოდგენები, მაგრამ ბევრი დაბრკოლება ეღობებოდათ წინ. ჯერ დღეს უმეტესი ნაწილი ნახევრადგანვითარებულის საზოგადოებისა რა აზრისაა სცენაზე გამოსვლის შესახებ და იმ დროს რა იქნებოდა! `როგორ~? ქართული ქალი `ტრიატრში~ გამოვიდეს საქვეყნოთ! ვიღაც უცნობ ყმაწვილს ელაზღანდაროს და ესიყვარულოს!.. თურმე ხელზედაც ჰკოცნიან, როგორც საკუთარ დანიშნულებსაო! ეს რა საქციელია, ვის ეკადრებაო? ასე ფიქრობდნენ და ამბობდნენ კიდეც. ბევრი იმ დროების შესაფერ განვითარებული ხალხიც ამ აზრისა იყო. თეატრი მიაჩნდათ დიდათ სათაკილო და დასაძრახისს საქმედ. შემდეგ და შემდეგ ბურუსი გადაეყარა ქართული თეატრის წყვდიადს, აქა-იქ გამოჩნდნენ სამშობლო სცენის გულშემატკივარნი. ეს მოძრაობა თან და თან გაძლიერდა, წადილი გაიზარდა, დამწიფდა და 1878 წელს ქართულმა სცენამ დახურული ფრთები გაშალა. ჩვენი განვითარებული ყმაწვილები (ჩვენ ქალებსაც ამათში ვსთვლი) გულმოდგინეთ და თავდადებით შეუდგნენ სამუდამო სცენის დაარსებას. ძალიან გაგძელდება ჩემი მოხსენება, რომ სათითაოდ ჩამოვთვალო ყველა მაშინდელ ქალ-ვაჟთა თითქმის თავგანწირული მისწრაფება ქართული სცენის აღორძინებისადმი. არც ეს გზა იყო უეკლო, როგორათაც ყოველივე საქვეყნო საქმის გზა... 1878 წელს, ერთს ჟღმურტლიანს შემოდგომის საღამოს სასახლის ქუჩაზედ მოვდიოდი; გზაში შემხვდა აწ განსვენებული თ. დავით ე რ ი ს თ ა ვ ი და თავისებურად ფიცხად მკითხა: `სად მიდიხარ, ჰა? მოდი, შევიდეთ რ ო ი ნ ა შ ვ ი ლ ი ს ფოტოგრაფიაში, რეპეტიციას დავესწროთ!~ როინაშვილის ფოტოგრაფია მაშინ პატივცემულ დ ა ვ ი თ ს ა-რ ა ჯ ი შ ვ ი ლ ი ს `ძველ~ სახლებში იყო, ეზოში. ეხლა იქ გულასპოვის მაღაზიაა. გავყევი განსვენებულს. წარმოდგენები თეატრში ათი წლიდან მენახა; შინაურ წარმოდგენებზედაც ხშირად დავსწრებივარ ბავშვობისას და ჩემ ტოლებთან მონაწილეობაც მიმიღია, მაგრამ `დიდი და ხელოვანი~ მოთამაშეთა რეპეტიცია არ მენახა და ამიტომ დიდი სიამოვნებით შევყევი დათიკოს ფოტო¬-გ¬რაფიაში. სუფთა და ლაზათიანად მორთულ ოთახში ჩემს თვალს წარმოუდგა ძვირფასი ჯგუფი ყმაწვილ ქალთა და კაცთა, რომელნიც მხიარულად ბაასობდნენ. ოთახში ერთი ჟრიამული იდგა. ეს ყმაწვილები ჩაის მიირთმევდნენ და სტოლზე ნაირ-ნაირი შესატა¬ნებელი ედგათ (შემდეგ გავიგე, რომ განსვენებულს ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე რ ო ი ნ ა შ ვ ი ლ ს ყოველი რეპეტიცია ათ-ხუთმეტ მანეთად უჯდებოდა). ამ კრებაზედ დამსწრენი მახსოვს: კ ო ტ ე და ე ლ ე ნ ე (აწ განსვენებული) დ ი მ ი ტ რ ი ყ ი ფ ი ა ნ ი ს შვილები, მ ა რ ი ა მ ყ ი ფ ი- ა ნ ი ს ქ ა ლ ი, მ ა რ ი ა მ ს ა ფ ა რ ო ვ ი ს ქ ა ლ ი, ბ ა რ ბ ა რ ე კ ო- რ ი ნ თ ე ლ ი ს ქ ა ლ ი, ი უ ლ ი ა და ს ტ ე ფ ა ნ ე (და-ძმა) ა ღ მ უ რ ო ვ ი ს შ ვ ი ლ ე ბ ი, თ. ზ ა ა ლ მ ა ჩ ა ბ ე ლ ი, აწ განსვენებული ნ ი კ ო შ ი შ ნ ი ა შ ვ ი ლ ი, ა დ ა მ ჩ უ ბ ი ნ ა შ ვ ი ლ ი, ნ ო დ ა რ ჯ ო რ- ჯ ა ძ ე, ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე რ ო ი ნ ა შ ვ ი ლ ი და მოთავე ნ ი კ ო ა ვ ა- ლ ი შ ვ ი ლ ი.
თ. დავითმა წარმადგინა ამ ყმაწვილებთან და გააცნო ჩემი თავი. ეს კარგათ მახსოვს, რომ იმავე წამს დიდი ზრდილობით მომეგება დიდათ პატივცემული ჩვენი მოღვაწე სამწერლო თუ სასცენო ასპარეზზე _ ნ ი კ ო ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი და ღიმილით მითხრა: `ყმაწვილო, უნდა დაგვეხმაროთ და ერთი რამე როლი იკისროთ ჩვენს წარმოდგენაში. ვთამაშობთ `ძალათ ექიმს~. მე, აბა, რას ვეტყოდი და დარცხვენით მოვახსენე, რომ თუ კი გამოვდგები, ვიკისრებ-მეთქი. ბ-ნი ნიკო მმართველი, მოთამაშე, რეჟისორი და მთელი ავან-ჩავანი იყო მაშინ ქართულის რეპეტიცია-წარმოდგენებისა. მომცეს გლეხი-კაცის როლი `ძალად ექიმ~-ში, რომელიც სულ ზეპირად დავისწავლე, ჩემიც და სხვის როლებიც. წარმოდგენის დროს სცენაზე ჩავღუნე თავი (რადგანაც ხალხისა მრცხვენოდა), გამოუქნელი მოზვერივით და თვალების ბრიალით ავტეხე გაზეპირებული სიტყვების ჭექა-ქუხილი... სხვა მოთამაშეთ ყურს არ ვუგდებდი და როგორც კი გავათავე ჩემი როლი, გავსწიე კარებისკენ, მაგრამ შ ი შ ნ ი ა შ ვ ი ლ მ ა მტაცა ხელი: `ბიჭო, სად მიდიხარ, ჯერ ჩვენ ნახევარიც არ გვითქვამსო?!~ ხელ მეორედ დამაბრუნეს და სხვებთან ერთად გამამეორებინეს ჩემი როლი. ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა სცენაზედ. წარმოდგენა იყო `ნემეცების კლუბში~ ქალაქის `კრუჟოკის~ გვერდით. ეხლა იქ მოთავსებულია სასტუმრო `დანია~.
ამ გვარად გაიმართა რამდენიმე წარმოდგენები 1878 წ. და მეტად გაძლიერდა სურვილი სამუდამო სცენის დაარსებისადმი, და მაშინდელი ყმაწვილკაცობა, უმეტესი ნაწილი დღეს კარგათ მყოფნი და ჯანმრთელნი, მეტად ცდილობდა ამ საგნის შესახებ. ბევრი წარმოდგენები იმართებოდა... ბევრი იყო წარმოდგენებში მონაწილეობის მიღების მსურველი განურჩევლად გვარ-ტომობისა და ხარისხისა: ქართველი, რუსი, ფრანგი, სომეხი... თავადი, აზნაური, გლეხი... დიდის სამსახურის კაცნი და პატარა მოხელენი, რომელთაც თავის დროზე დავასახელებ. საყოველთაო მისწრაფება იყო, როგორც მოგახსენეთ, სამუდამო სცენის დაარსება. რეპეტიციები იმართებოდა განსაკუთრებით დ ი მ ი ტ რ ი ყ ი ფ ი ა ნ ი ს და ნ ი კ ო ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ს ოჯახებში და რ ო ი ნ ა შ ვ ი ლ ი ს ფოტოგრაფიაში. დამსახურებულ არტისტ ქალთა შორის, რომელთაც დღევანდლამდე გასტანეს ქართულ სცენაზე, მე დავასახელებ მ ა კ ო ს ა ფ ა რ ო ვ ი ს ქ ა ლ ს, რომელიც ყველაზე ადრე გავიცანი. ამის გამო ერთი სასაცილო შემთხვევაც-კი მახსოვს. 1878 წელს, ერთს დიდ თოვლიან და სუსხიან ზამთრის ღამეს რეპეტიცია გვქონდა (არ მახსოვს რომელი პიესისა) ნიკო ავალიშვილის სახლში _ სოლოლაკში, კოჯრის გზა რომ ადის, სწორედ იმ კლდის ძირში. რეპეტიცია გავათავეთ ღამის თერთმეტ საათზე და რადგანაც ერთ მხარეს ვცხოვრობდით, მე და საფაროვის ქალი (კუკიაში) ერთად წამოვედით. საშინელი ქარ-ბუქი იდგა ცისქვეშ; დიდი ნამქერი მოეყარა ავალიშვილის სახლებთან, მთელი ოღრო-ჩოღრო კლდის ძირები თოვლით ამოვსილიყო. მე და მაკო გამოვედით ავალიშვილის სახლიდან და ხელ-ჩაჭედილნი, როგორც `ორი ობოლი~, გამოვემართეთ შინისკენ. ამ გასპეტაკებულ თოვლიან გზაზე რომ მოვდიოდით, უცბათ ორივემ შევკივლეთ და გადმო¬ვიჩეხეთ კლდეზე თოვლში და ყელამდის ჩავცვივდით. ეს კარგათ მახსოვს. ჩვენ პირდაპირ, აივნის ქვეშ მდგომმა ქალაქის დარაჯმა თურმე შეგვნიშნა და ვიღაც კაცების დახმარებით თოვლიდან ამოგვათრიეს თაგვებივით გაზუნზლულ-გაგანგლულები. მე და ჩვენი დღევანდელი `პრიმადონა~ გამოვეშურეთ შინისაკენ... ეს კი კარგათ არ მახსოვს, ამ ყინვაში რომელს ჩვენგანს ეცვა კალოშები, მე თუ საფაროვის ქალს, მხოლოდ მახსოვს, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს ეცვა და არ ვიცი, რომელს... მგონია, მე. იმედია, თითონ საფაროვის ქალი მოიგონებს. ასეთი ამბებით დავდიოდით რეპეტიციაზე ამ უბე-დურ ზამთარში.
მაშინდელი არტისტებიდან, რომელნიც 1879 წელში სამუდამო დასში ჩაეწერნენ, მე მახსოვს _ კაცები: კ ო ტ ე ყ ი ფ ი ა ნ ი, ზ ა ა ლ მ ა ჩ ა ბ ე ლ ი, აწ განსვენებული ნ ი კ ო შ ი შ ნ ი ა შ ვ ი ლ ი, ნ. ჯ ო რ ჯ ა ძ ე და ა დ ა მ ჩ უ ბ ი ნ ა შ ვ ი ლ ი (მოთამაშე-ადმინისტრატორი), _ ქალები: მ ა კ ო ს ა ფ ა რ ო ვ ი ს ქ ა ლ ი, მ ა რ ი ა მ ყ ი ფ ი ა ნ ი ს ქალი და ბ ა რ ბ ა რ ე კ ო რ ი ნ თ ე ლ ი ს ქალი. ვ ა ს ო ა ბ ა შ ი ძ ე 1878_1879 წლებში ქალაქ შუშაში იყო მასწავლებლად და დრო გამოშვებით ჩამოდიოდა ქალაქში. სამუდამო სცენის დაარსებიდან კი (1879) დღეს აქამომდე არ მოშორებია ქართულ სცენას. 1878 წელშივე ჩამოვიდა გორიდან ნ. გ ა ბ უ ნ ი ა ს ქ ა ლ ი და პირველად გამოვიდა დავით ერისთავისაგან გადმოკეთებულ ფრანგულ პიესაში: `გეო, მინას და კამპანია~. ეს პიესა ვითამაშეთ `მუზიკალური საზოგადოების~ ზალაში, იარმუკაზე. ეხლა იქ რაღაც სასტუმროა. ამავე ზალაში იმავე წელს ვითამაშეთ გ. ნ. სუნდუ¬კიანცის პიესა `კიდევ ერთი მსხვერპლი~. ამ პიესაში, სხვათა შორის, მონაწილეობას იღებდნენ სცენის მოყვარულნი: აწ განსვენებული მ ი ხ ე ი ლ ე ლ ი ო ზ ი შ ვ ი ლ ი (ტფილისის ოქლის სასამართლოს წევრი), დათიკო დ ა ფ ქ ვ ი ა შ ვ ი ლ ი, ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ა დ ი დ ე ბ უ ლ ი ძ ი ს ქალი და ბ ა რ ბ ა რ ე მ ე რ- კ უ რ ო ვ ი ს ქალი (კვალიაშვილის მეუღლე). ამ პიესის რეპეტიცია, როგორც სხვა მრავლისაც, იმართებოდა განსვენებული დ ი მ ი ტ რ ი ყ ი ფ ი ა ნ ი ს სახლში, ნეტარხსენებული დიმიტრი ყოველთვის გულღიად და სიამოვნებით დაგვიხვდებოდა და გაგვიმასპინძ¬ლდებოდა ხოლმე. სულ იმას მოგვაგონებდა: `ყმაწვილებო, საძნელო საქმეს მოჰკიდეთ ხელი და გულს ნუ გაიტეხთ, ნუ შედრკებით! ყველა საქმის დაწყება, რაც უნდა მცირეს იყოს იგი, საძნელოა, მაგრამ თუ გულმოდგინეთ და მუყაითად მოეკიდებით მას, საქმე კაცს ვერ გაექცევა და თქვენი ჭირნახულიც უუტკბილესი იქნება~.
ერთი რეპეტიცია ან სხვა რამე კრება არ მახსოვს დიმიტრის სახლში, რომ მას, სულმნათს, არ ეთქვას ჩვენთვის რამე სანუგეშო, გამამხნევებელი და წამქეზებელი დარიგება.
ერთხელ, არ მახსოვს, რა პიესა იყო, რეპეტიციაზედ სუფლი¬ორობაც კი იკისრა განსვენებულმა, რადგანაც ჩვენ ყველანი მოთამაშენი ვიყავით და მეტი კაცი არა გვყავდა. მაგრამ პირველ მოქმედებაშივე დაღლილობა რომ შევატყეთ, მივცვივდით და ძალით წავართვით წიგნი ხელიდან...
ამავე ხანში მხურვალე მონაწილეობას იღებდა ჩვენი თეატრის საქმეში დიდად პატივცემული. თ. გ ი ო რ გ ი თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, რომლის უმთავრესი აზრიც იყო ცოტ-ცოტად შეგვეძინა სასცენო ტანისამოსები, უმეტესად ჩვენებური პიესებისათვის. შემოწი¬რულებაც მოგვდიოდა აქედ-იქიდან. ასე რომ სამუდამო სცენის დაარსების დროს ძალიან ცოტა გვეჭირვებოდა საქირავებელი ტანისამოსი. ასე და ამ გვარად ზემოხსენებულ კეთილშობილ მოღვაწეთა თაოსნობით სამუდამო სცენის დაარსებისათვის (1879 წლის სეზონისათვის) რეპერტუარიც და ტანისამოსიც საკმაოდ გვქონდა.
2
შემდეგ დიდის შრომა-მეცადინეობისა ქართული თეატრის მოთავეთა და არა ნაკლებ შრომა წვალებისა (მათი ხელ-მოკლეობის გამო ახალგაზრდა არტისტებისა, რომელთაც ბევრი გაჭირვება, სიცივე და შიმშილი აიტანეს ამ სასიქადულო საქმეზე დამდგართა, როგორც თეატრის საქმეა, _ შემდეგ ამ ათასგვარი ვაი-ვაგლახისა და დაბრკოლებისა _ 1879 წლის გაზაფხულისთვის მზად იყო სამუდამო დასი, შემდგარი უუნიჭიერესს არტისტებისაგან, რომელ¬თაც დღეს აქამომდე არამც თუ სამაგიერო, სანაცვლო, არამედ ფერმკრთალად მიმბაძავიც კი ვერავინ გამოუჩნდათ, მეტადრე ზოგი¬ერთებს!.. აღნიშნულ გაზაფხულამდის ერთად მოღვაწეობდნენ მომავალი სამუდამო სცენის არტისტები და სცენის მოყვარენი; გაზაფხულის მიწურულებში კი ბევრმა სცენის მოყვარულმა არ ისურვა სამუდამოთ დასში ჩაწერა და დასტოვა სცენა, თუმცა გულითადად აღუთქვა დახმარება დასს საჭიროებისამებრ.
ასე კეკლუცად შემდგარი დასი რომ არ დაფანტულიყო და ძლივს-ძლივობით თავი-თავს-მოყვანილი საქმე არ ჩაშლილიყო, მეთაურებმა გადასწყვიტეს საზაფხულოდ დასის მოგზაურობა ჩვენს დაბა-ქალაქებში. პირველი მოგზაურობა შესდგა 1879 წლის თი¬ბათვეში.
მეთაურთა გადაწყვეტილებით და ბეჭედ-დასმით მოვემზადეთ სამოგზაუროთ. ჩავალაგეთ ბარგი, რაც უფრო საჭიროდ მიგვაჩნდა, ორს უზარმაზარ სკივრში. ეს ბარგი თვლით ჩამაბარა პატივცემულმა გიორგი თუმანიშვილმა და ამასთანავე დასძინა: `თუ ვინიცობაა, სხვა ტანისამოსი დაგჭირდეთ, მოიწერეთ და, მაშინვე გამოგიგზავნით, სადაც იქნებითო~. მართლაც და მალე დაგვჭირდა ტანისამოსი გორშივე.
ერთ მშვენიერ დილას შევიკრიბენით ტფილისის რკინის გზის სადგურზე. იქვე მოიყარეს თავი ჩვენმა კეთილის მსურველებმა. შემდეგ დარიგებისა, მშვიდობით მოგზაურობისა და გამარჯვების სურვილის გამოცხადებისა გამცილებელთაგან, ჩავსხედით მატარე¬ბელში. გამცილებელთ ხელმეორედ გზა დაგვილოცეს, ვახსენეთ ღმერთი, პირჯვარი გადავიწერეთ და გაუდექით გზას. დასს შევადგენდით _ კაცები: ვ ა ს ო ა ბ ა შ ი ძ ე, კ ო ტ ე ყ ი ფ ი ა ნ ი, ზ ა ა ლ მ ა ჩ ა ბ ე ლ ი, ნ ო დ ა რ ჯ ო რ ჯ ა ძ ე, გ რ ი გ ო ლ ყ ი ფ შ ი ძ ე და მე. გორში წამოგვეწია ა დ ა მ ა ჩ უ ბ ი ნ ა შ ვ ი ლ ი კიდევ საჭირო ტანისამოსით. ბ. ადამი გვყავდა ადმინისტრატორად; აგრეთვე იმას ებარა რეკვიზიტის და სხვა სასცენო საჭიროებათა მოპოვება; თამაშობაშიაც იღებდა მონაწილეობას. ქალები იყვნენ: მ ა კ ო ს ა ფ ა რ ო ვ ი , მ ა შ ო ყ ი ფ ი ა ნ ი, ბ ა ბ ო კ ო რ ი ნ თ ე ლ ი და ნ ა ტ ო გ ა ბ უ ნ ი ა. აგრეთვე საკუთარი მეპარიკე გვყავდა _ პატარა დ ა თ ი კ ო ა მ ი რ ა ჯ ი ბ ი, დღეს თავის ხელობის არტისტი, ხნოვანობით ქალები იყვნენ 18-21 წლამდის. ხოლო კაცები _ 21 წლიდან მოკიდებული, და სულ უფროსი ჩვენში თუ იქნებოდა 27-29 წლისა, ბევრი რომ არ ვთქვათ, ადვილი წარმოსადგენია, როგორი სასიამო და მხიარული მოგზა¬ურობა ექნებოდა ამ არტისტთა მშვენიერ ჯგუფს, მშვენიერის სურა¬თების და ძვირფასს მოძმეთა ნახვის იმედებით აღფრთოვანებულნი (ბევრი ჩვენგანი `კორტოხს~ არ გადასცილებოდა) მივქროდით დასავლეთისკენ... ვმღეროდით, ვხუმრობდით, ვხარხარებდით... მეტადრე როდესაც საუზმე გავშალეთ და ყველანი შემოუსხედით! ძნელია ასეთი სხვა სიტკბოება იგემოს კაცმა. ჩვენ შევადგენდით ერთი ოჯახის შვილებს, და-ძმებს, ძნელი წარმოსადგენია ის დაძმური გულ-წრფელი სიყვარული და პატივის-ცემა ერთმანეთისა, რომელიც მაშინ ჩვენ შორის სუფევდა. ჩვენი ქალები უჩვენოდ, უვაჟკაცოდ, ფეხს არ გადასდგამდნენ, თუმცა გზაში ხშირად შეხვდებოდათ ხოლმე ნაცნობ-ნათესავები, და ჩვენ, კაცები, თუ წავიდოდით სადმე სასეირნოდ ანუ უცნობი ადგილების დასათვალიერებლად, უთუოდ ქალებიც თან უნდა წაგვეყვანა. კიდეც ეს იყო მიზეზი, რომ დაბა-ქალაქებში, რა ხედავდნენ ჩვენს მეგობრულ განწყობილებას ერთმანეთში, არასოდეს რამდენიმე რჩეულთ არ მიიწვევდნენ სანადიმოდ, უთუოდ ყველანი, გამოუკლებლივ უნდა მიეწვიათ. ხშირად, მოგზაურობის დროს, ჩვენი მეგობრული განწყობილება რომ უნახავთ, უთქვამთ: `ეს ქალი უთუოდ თქვენი და არის, ან ეს იმისი ძმა~. ყველა ამას იმისთვის ვამბობ, რომ როგორც ყველას მოგეხსენებათ, ყოველ საზოგადო თუ კერძო საქმეში უთანხმოებაა ხელის შემშლელი და დამღუპველია საქმისა. აი სწორედ ეს უთანხმოება სასტიკად განდევნილი იყო ჩვენგან. ამიტომ სასურველი და დაუვიწყარი ნაყოფი მოიტანა ჩვენმა უუტკბილესმა მოგზაურობამ აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოში: ბევრმა მიჰბაძა დასს, ბევრი მიემხრო მას და დღეს თვალსაჩინო არტისტები არიან... დღეს არამც თუ საქართველოს დაბა-ქალაქებში, იშვიათი სოფელი მოიპოვება, სადაც ქართული წარმოდგენები ათასში ერთხელ მაინც არ იმარ-თებოდეს. მე ეს დიდებულ მოვლენად მიმაჩნია (შედარებით), და ამ მოვლენის სათავე იწყება დრამატიული დასის მოგზაურობიდან უფრო... საგანს ცოტა გადაუხვიე, მომიტევეთ.
ესეც, მივედით გორში. გაჩერდა მატარებელი, გადმოვხტით სადგურზედ, მაგრამ ძნელია იმ ენთუზიაზმის, იმ უსაზღვრო აღტაცების გამოთქმა, როგორც ჩვენ გორის საზოგადოება დაგვიხვდა! სახალხო მატარებლის მოსვლის დროს ხომ ყველა სადგური ხალხით ივსება, აქ სხვებს ჩვენი დამხვედრნიც მიმატებოდნენ და სხვა ცნობის მოყვარენი. ამ გვარად სადგური წარმოადგენდა ხალხის ზღვას, რომელიც ჩვენს დანახვაზედ აღელდა, შეირყა და `ვაშას~ ძახილით მოგვეგება. ხალხი მიგველოდა, რადგანაც გაზეთებიდან იცოდნენ ჩვენი მოგზაურობის განზრახვა და ჩვენ თითონაც წინად შევატ¬ყობინეთ, რომ ბინა და სათეატრო დარბაზი მოეწყოთ. თითქმის ყველა ჩვენგანს იცნობდა საზოგადოება გაზეთებით, და ამიტომ, გადმოვედით რა ვაგონიდან, ვის მეგობარი შეხვდა, ვის ნათესავი და ნაცნობი. ასტყდა ერთი ჟრიამული, ხვევნა-კოცნა, მშვიდობით მოსვლის მოლოცვა.... მოპატიჟე ბევრი გამოგვიჩნდა და ორ-ორ, სამ-სამ კაცს გვთხოვეს თავიანთ სახლში ჩამოხტომა, მაგრამ ჩვენ მადლობა გამოუცხადეთ და მოვახსენეთ, რომ ცალ-ცალკე ჩვენი დადგომა ძნელია და რომ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ სადმე სასტუმროში, რადგანაც რეპეტიციები გვჭირია, ტანისამოსის არჩევა გვინდა და ბევრი რამ საქმის შესახები და ყოველთვის სად ვეძებოთ ერთმანეთიო. პატივცემულმა ა ღ ა ლ ო თ უ თ ა შ ვ ი ლ მ ა მთელი დასი მიიწვია თავის სახლში. მაგრამ ჩვენ დიდის მადლობით უარი მოვახსენეთ, თუმცა მაშინაც და შემდეგში, როცა კი გორში ავიდოდით, ჩვენი აღალოს სახლი ჩვენთვის მუქთი სასტუმრო იყო; სადილ-ვახშამი, როცა გვნებავდა და არც ძალიან ვთაკილობდით მის სახლში ღამის გათევას. ეს პატიოსანი ოჯახი, დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ეხსომებათ მაშინდელ მოგზაურ არტისტებს. საზოგადოთ ბ. აღალოს ოჯახისაგან ძალიან დავალებულია ქართული მოგზაური დასი. ამასთანავე უნდა აღვნიშნო გულწრფელი თავგამოდება და დახმარება განსვენებულის თავადის ნ ი კ ა დ ი ა ს ა მ ი ძ ი ს ა, რომელიც მოყვარული ბავშვივით სულ უკან დაგვდევდა და გვემუდარებოდა: `აბა, ყმაწვილებო, ყოჩაღად იყავით, თქვენ გენაცვალეთ! მომთხოვეთ, რაც დაგჭირდეთ: რა გაკლიათ, თეატრში რა გჭირიათ ან ცხოვრებით ხომ კმაყოფილნი ხართ~... მართლაცა და, რაც დაგვჭირდებოდა სცენისათვის, თ. ნიკოს მივმართავდით და განსვენებული იმ წამსვე აფრენდა ბიჭებს. დიდივე პატივი გვცა განსვენებულის დამ კნეინა ნ ი ნ ო ე რ ი ს თ ა ვ ი ს ა მ, რომელმაც რამდენჯერმე მიიწვია თავისთან სანადიმოთ მთელი დასი... და მრავალთა სხვათა. საზოგადოდ მიწვევას და აღტაცებული დროს გატარებას საზღვარი არა ჰქონდა.
თუთაშვილის, თ. დიასამიძის და სხვათა თაოსნობით ვიშოვეთ თავისუფალი სადგომი დიდ ქუჩაზე, ზუბიაშვილის სახლში, რომელ¬შიაც დაგვითმეს სამი ფართო ოთახი (მარკოზოვის სასტუმროს პირდაპირ), აქ ჩამოვხდით მთელი ჩვენი ბარგი-ბარხანათი, ქალებმა დაიჭირეს ერთი ოთახი, კაცები და ბარგი მოვთავსდით ორ ოთახში, საჩქაროდ მშვენიერი ლოგინიც მოგვიტანეს ჩვენმა ძვირფასმა მასპინძლებმა. მეორე დღესვე დავიწყეთ რეპეტიციები და მივყავით ხელი წარმოდგენებს. წარმოდგენებს ვმართავდით როტონდაში, ხიდის ყურთან, ქალაქის ბაღში. მაშინ ეს ბაღი საკმაოდ მოწყობილი და ტურფა ხეებით სავსე იყო. როგორც მოგეხსენებათ, ამ რამდენიმე წლის წინად თითქმის ნახევარზე მეტი ბაღი მტკვარმა წაიღო და დღესაც იმავე მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, რომ როტონდა სულ სავსე იყო ხოლმე. ან სად დავტევდით ამოდენა ხალხს: გორე¬ლები ხომ იყვნენ და იყვნენ _ დიდი და პატარა, ეხლა სოფლებიდან მოემატა თავად-აზნაურობა... ზალაში ხომ ჭედვა იყო, და ბევრი ერთი-ორად იძლეოდა ფულს, ოღონდ კარებიდან და ფანჯრებიდან გვაყურებინეთო, ჩვენც ვაღებდით კარებს და ფანჯრებს: ამ გვარად ხალხი, რომლითაც სავსე იყო მთელი ბაღი, სიამოვნებდა წარმოდ¬გენის ნახვით. მეტი იქნება ვსთქვა, რომ ამ წარმოდგენების გამო საზოგადოების აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა.
ამ წარმოდგენებს ყოველთვის მოსდევდა დაუსრულებელი ვახ¬შამი ამა თუ იმ ოჯახში ანუ რამდენიმე პატივცემულთაგან სას¬ტუმროში გაკეთებული. ხშირად ვახშამზე მჯდომთ თავზე დაგვა¬თენ¬¬დებოდა ხოლმე; მხოლოდ სადილად არსად არ დავდიოდით, რადგანაც ვფრთხილობდით, რომ საღამოზედ, წარმოდგენის დროს ძალიან მხიარულად არ ვყოფილიყავით სცენაზე.
ტფილისის გაზეთში გორელი კორესპონდენტები დიდს ქება-დიდებასა და აღტაცებას იწერებოდნენ დასისადმი. ჩვენ კერძოთ ვატყობინებდით თეატრის გულშემატკივრებს ჩვენს გამარჯვებას და საზოგადოების დიდს ყურადღებას ჩვენდამი. გორშივე ყოფნის დროს ბ-ნმა გიორგი თუმანიშვილმა მოგვაშველა დანარჩენი ტანი¬სამოსი, რომელიც მოგზაურობაში ასე თუ ისე საჭირო იყო. ეს ტანისამოსი და ბ. გიორგის წერილი გორში ამოგვიტანა ბ-ნმა ადამ ჩუბინაშვილმა, რომელიც შემდეგ მოგზაურობაში თან წამოგვყვა. ბატონი გიორგი მწერდა:
`ბატონო ავქსენტი! შინაურმა საქმეებმა და სხვა ათასმა ჭირმა არ მომცეს ნება, რომ წამოვსულიყავი გორს და ამიტომაც დანარჩენი თქვენი ბარგი გამოვატანე ბ. ადამს, რომელსაც გიგზავნი ამ წიგნთან ერთად. მიიღებთ აგრეთვე წიგნს, რომელშიაც ჩაწერილია თქვენგან წაღებული ნივთები და რომელსაც აკლია თქვენი ხელის მოწერა.
თუ მომიგონებთ მაგ ტკბილს მოგზაურობაში და მოინდომებთ ჩემთან წიგნის მოწერას, მომწერეთ შემდეგი ადრესით:
D ჰტლფრწბ. “Nბაკბცცრ& Dტცნყბრფ” Uტჯჰუბ. Vბ[& Nევფყჯდე&
თქვენი პატივისმცემელი გიორგი თუმანიშვილი 24 ივნისს, 1879 წ.~
ერთ კვირამდის დავრჩით გორში, რამდენიმე წარმოდგენა გავმართეთ, რომლითაც დიდათ ნასიამოვნები და კმაყოფილნი დავრ¬ჩით ჩვენცა და საზოგადოებაც. კვალად ჩავიბარგეთ, წამოვიკიდეთ ჩვენი გუდა-ნაბადი და გავსწიეთ რკინის გზის სადგურისკენ, თითქმის მთელი გორი გამოგყვა სადგურზე გასაცილებლად. შემდეგ მრავალის გამოსათხოვებელის სიტყვებისა, ჯან-საღათ და გამარჯვებით დაბ¬რუნების სურვილის გამოცხადებისა ჩვენს გამცილებელთაგან, ჩავს¬ხედით მატარებელში და გაუდექით გზას გულნაღვლიანნი ძვირფასის საზოგადოების დატოვების გამო. ჩვენზე არა ნაკლებ გულ-ნაკლულნი დავტოვეთ საზოგადოება, რომელიც ისე შეგვეჩვია და შეგვეთვისა, რომ ჩვენი მოშორება აღარ უნდოდათ.
მივქრით ათასფერად აჭრელებულ-აყვავებულს, სიცოცხლით სავსე მინდვრებზედ... ხაშურში და სურამშიაც ბევრი ნაცნობი დაგვხვდა და აღტაცებით გაგვაცილეს. სურამში ჩვენს მატარებლის წინ და უკან დაებღაუჭა ორი ორთქლ-მავალი და სტვენა-ხვნეშით შეუდგნენ აღმართს. კორტოხზედ ავდიოდით. ეს კი ჩვენთვის ახალი სანახავი იყო და ვაგონის ფანჯრებს მივაწყდით... რამდენიმე წუთის შემდეგ სურამს ისე დავსცქეროდით, როგორც მთაწმინდის გორიდან რომ გადმოხედო ტფილისს. რომ არ შეიძლება ამ დიდებული სანახაობის წარმოდგენა! ავდიოდით სულ მაღლა და მაღლა ატეხილ მწვანე ტყით შემოსილს მთაზედა და ძირს გადავცქეროდით ტყითვე დაფენილს ფერდოებს და სულ ძირს სურამულას ხეობას. სწორედ გულსატკენია, როგორ გაიმეტეს, რომ ეს გზა გააუქმეს და მეორე მხარეს ეს წყვდიადი გვირაბი გაიყვანეს! არა მგონია, ამისთანა დიდებულ სანახაობის მოტრფიალე ევროპიელთ ჩაედინათ ესეთი საქმე. ავცოცდით მთის წვერზედ ორთქლ-მავლის ბევრი ხვნეშა-კვნესით და დავეშვით იმერეთისკენ დაკლაკნულ გზით. უფრო უუდიდებულესი სურათი წარმოგვიდგა თვალწინ... ნელ-ნელა მივცოცავთ დაღმართზე; ორსავე მხრივ ამართული თვალუწვდენელი კლდეები და ალაგ-ალაგ ტყით შემოსილი მთაგორაკები. მვიდევთ წყლის ნაპირს ნელ-ნელა, ფრთხილად. მდინარე ყვირილა თანდათან იზრდება, მას ემატება ძირულაც. აი, მივედით ყვირილის სადგურზე. ეხლა-კი სულ დაბლობზე ვართ იმერეთში... აქედან რიონის სად¬გურამდე ძალიან ჩქარა დადიან მატარებლები, ერთი კი შევიქაქანეთ და გავფრინდით ქუთაისისკენ.
ქუთაისის სადგური ხალხით სავსე იყო: ბევრნი გამოსულიყვნენ ჩვენს დასახვედრათ. ყველაზე ადრე შევნიშნეთ არტისტი კ ო ტ ე მ ე ს ხ ი. კოტე მესხი, რომელიც ყველაზე წინ სადგურის ბაქანზე ჭოტივით დარჭობილიყო და მოუთმენლად გველოდა. გაჩერდა მატარებელი და მისულთ და დამხვედრთა შორის ასტყდა მხიარული სალამი და ჟივილ-ხივილი. შემდეგ მისალმებისა და ერთმანეთის გაცნობისა, ჩავსხედით ეტლებში და გავემართეთ სასტუმროსაკენ. ჩვენ ჩამოვხდით, ქუთათურების რჩევით, სასტუმრო `ივერიაში~ ბულვარის პირდაპირ, ეხლანდელი ხარაზოვის თეატრის ახლო. მაშინ ხარაზოვის თეატრი არ იყო და წარმოდგენები ცირკის შენობაში უნდა გაგვემართა. ცირკის შენობა იყო ჩვენი სასტუმროს პირდაპირ, ერთის მხრით, და ეხლანდელი ხარაზოვის თეატრისა, მეორეს მხრით, შუაგულ მინდორზე, ახლო-მახლო რაღაც დანგრეული ქოხ-მახები იყო. ეხლა იქ ორ-სართულიანი სახლებია გადაჭიმული, სადაც, სხვათა შორის, მოთავსებულია საუკეთესო მაღაზიები. დავათ¬ვალიერეთ ცირკის შენობა; ეს იყო კარგა მოზრდილი ოთხკუთხი ხის სახლი, უჭერო და მხოლოდ თუნუქით გადაჭედილი. ადვილათ წარმოიდგენს მკითხველი, რომელსაც კი უნახავს ქუთაისი მკათათვის სიცხეებში, რა ყოფაში ვიქნებოდით ამ გახურებულ თუნუქის ქვეშ! მეტი გზა არა გვქონდა, ისევ ცირკი უნდა მოგვეწყო. შეუდექით სცენის და დეკორაციების შეკეთებას. ჩვენ იღბალზე მუქთა დეკორატორიც გამოგვიჩნდა. ეს იყო თვით არტისტი პატივცემული დ ა თ ი კ ო მ ე ს ხ ი, ჩვენი ცნობილი არტისტების _ ეფემია და კოტე მესხების ძმა. ბ. დათიკომ ახალი შპალერი გააკრა კედლებზე და მშვენიერი სცენა მოგვიწყო. დეკორაციების გამოცვლა-დადგმასაც ის განაგებდა. ამასთანავე ჩვენს წარმოდგენებშიაც იღებდა მონაწილეობას საჭიროების დაგვარად. ამნაირად საკუთარი დეკორატორი _ არტისტიც მოგვემატა. საზოგადოდ განსვენებული სვიმონ მესხის შვილები _ ქალები თუ ვაჟები _ ყველანი მხურვალე მონაწილეობას იღებდნენ თეატრის საქმეში. ამავე მესხების და სხვა ყმაწვილთა თაოსნობით ჩვენ მოსვლამდისაც იმართებოდა წარმოდგენები, ორ კვირაში ერთხელ მაინც, მაგრამ... ჩვენი საზოგა¬დო ქართული სენი ვინ არ იცის? ერთის მხრით, ხელმოკლეობა და, მეორესი, ცუღლუტობა ყოველთვის აბრკოლებდნენ ამ დიდე¬ბული საქმის წინ მსვლელობას. ორი და სამი კაცი რას გააწყობდა იქ, სადაც ათი და ოცი უკუღმართი იყო?
დავიწყეთ წარმოდგენები, პირველად დავდგით, `პეპო~. პეპოს თამაშობდა მაჩაბელი, შუშანას _ გაბუნია, კეკეს _ კორინთელი, ზიმზოვს _ აბაშიძე, ეფემიას _ საფაროვი, გიქოს _ ყიფიანი და კაკულის _ ცაგარელი. განა არა, რომ მშვენიერი ანსაბლით ჩაივლიდა პიესა! მართლაც და ჩინებულად თამაშობდნენ ამ პიესას ზემოხ¬სენებული არტისტები. მიუხედავად ამ სიცხე-პაპანაქებისა, რომე¬ლ¬იც მკათათვეში იცის ქუთაისში, რის გამოც უმეტესი ნაწილი მცხოვრებლებისა ზაფხულობით გაიხიზნება ხოლმე ქუთაისის ახლო-მახლო სოფლებში მშვენიერ აგარაკებზე, მიუხედავათ ამისა ყოველთვის ძალზე გატენილი იყო ხოლმე ჩვენი თეატრი ხალხით.
`პეპო~-ს წარმოდგენის დროს ერთი სასაცილო ამბავი დაგვე¬მართა. პიესის იმ ალაგს ვთამაშობდით, სადაც კაკული აჩქარებს გიქოს: `ჩქარა წამოდი, პეპო დაიჭირეს!~ ჯერ ხომ კაცს გულს გაუწყალებს გიქოს ზლაზნა, ფათური და ბურნუთის კოლოფის ძებნა, ახლა წარმოიდგინეთ კოტე ყიფიანის თამაშობა ამ როლში, იმისი ჩმუჩვნა, ზოზინი და სიზანტე... მე მართლა გული მომივიდა. დავტაცე ამ მოხუცებულ გიქოს კისერში ხელი, ძუნძულით გამოვიგდე წინ, მაგრამ... დახედეთ ჩვენს ბედს: კარები ვეღარ ვიპოვეთ! ჩვენს ნაქებ დეკორატორს ერთნაირი შპალიერი გაეკრა კარზე და კედლებ¬ზე (წინად ეს ვერ შევნიშნეთ), კარები ვერ გავარჩიეთ და ჩემი გიქო გამოქანებული კურატივით თავით დაეტაკა კედლის ხარიხას... გავხიეთ შპალიერი (კედელი) და... ორივენი გავგორდით კულისებში! ამის გამო კარგა ლაზათიანად გამლანძღა თავგატეხილმა გიქომ, საზოგადოება კი განუწყვეტლივ ხარხარებდა და გვეძახდა.
3
ქუთაისში დავრჩით ერთი კვირა და დღე გამოშვებით ვმარ¬თავდით წარმოდგენებს, რომელსაც აუარებელი ხალხი ესწრებოდა; შემოსავალი ყოველთვის მშვენიერი გვქონდა ხოლმე, და ეხლა რომ დავფიქრდები, ვერ ამიხსნია, რას ვუშვრებოდით ამოდენა ფულს, რადგანაც სასტუმროს ქირის გარდა, არაფერი ხარჯი ჩვენ არა გვქონია! ქუთათურების წვეულობა-პატიჟს ბოლო არა ჰქონდა, და, აბა, ფული რაში უნდა დაგვეხარჯა?..
სამუდამო სცენის აღორძინებამ იმერეთში დიდი აღტაცება გამოიწვია საზოგადოთ. არა მარტო ინტელიგენცია დღესასწა¬ულობდა ამ საზოგადო საქმის დაწყებას, არამედ დაბალი წოდების პატიოსანი მშრომელი ხალხიც, რომელიც, რა დაინახავდა ქუჩაში მიმავალ არტისტს, აღტაცებით და `ვაშას~ ძახილით მიეგებებოდა და გააცილებდა. არა მარტო საზოგადო ნადიმები იმართებოდა, კერძო ოჯახებშიაც თითქმის ყოველ-დღე იწვევდნენ არტისტებს; მაგრამ ყველგან წასვლა როგორ შეგვეძლო, რადგანაც, ორი თვეც რომ დავრჩენილიყავით ქუთაისში, მაშინაც ვერ მოვასწრობდით ჩვენი ძვირფასი მასპინძლების სურვილის ასრულებას.
მახსოვს, რიონს გაღმა ბაღებში ყმაწვილმა ხალხმა _ ხელოსნებმა და ვაჭრებმა _ არა ერთი სადილი გაგვიმართეს, დაუვიწყარი სიამოვნებით გატარებული. მე ამ წვეულებას იმიტომ ვიგონებ, რომ მასში იხატებოდა აღტაცება, შეგნება და შეთვისება იმ საზოგადო საქმისა, რომლის მოხელენიც ჩვენ ვიყავით და რომელიც ხალხმა უცბად შეიგნო: თორემ ქეიფს და დროს გატარებას, მაინც და მაინც, არაფერი საპატიო მიზეზი არ ესაჭიროება.
არც ძვირფასმა ქუთათურმა ქალებმა დასტოვეს უყურადღებოდ ჩვენი დასი: სხვა და სხვა საჩუქრების გარდა, გამოგვიგონეს ახალი `ფორმა~ ტანთსაცმელისა, რომელიც პატივცემული ა ნ ნ ა მ ე ს ხ ი ს (დღეს პეტრიაშვილის მეუღლე) თაოსნობითY ქუთათურმა ქალებმა შეგვიკერეს თავის ნარ-ნარის ხელებით ყველას _ ქალებს და კაცებს. ეს იყო ლურჯი ხალათები (ბლუზა), მატროსული ტანისამოსის მაგ¬ვარი, ფართო საყელოებით, თეთრი `კანტებით~ და გულზე ჩამწკრი¬ვებული ექვს-ექვსი ვერცხლის, ახალციხური ხელოვნების ბუშტიანი ღილებით, როდესაც ეს ტანსაცმელი ჩაგვაცვეს, იმათს და ჩვენს სიამოვნებას საზღვარი არა ჰქონდა. ეხლა კი ყველა გვიცნობდა, ვინც ვიყავით ამ ერთგვარ შეხამებულ ტანისამოსში. ამ ტანისამოსით შემოვიარეთ მთელი დასავლეთი საქართველო და ამითვე დავბრუნ¬დით ტფილისში.
ქუთაისშივე, წამოსვლის წინა დღეს, გადავიხადეთ ჩვენ, ამხანაგებმა, ჩვენი უუნიჭიერესი არტისტების ვ ა ს ო ა ბ ა შ ი ძ ი ს და მ ა კ ო ს ა ფ ა რ ო ვ ი ს ქორწილი. მივიწვიეთ რა ღრმად პატივცემული მოძღვარი მამა რ ა ჟ დ ე ნ გ ი გ ა უ რ ი, გადავწერეთ ჯვარი ჩვენს მეფე-დედოფალს და სასტუმროში გავუმართეთ ამხანაგური, არა მდიდრული, მაგრამ ძალიან მხიარული სადილი, რომელზედაც რამდენიმე გარეშე პირიც გვყვანდა მოწვეული. მახსოვს, რომ და-ლოც¬ვის შემდეგ, მამა დეკანოზმა ძვირფასი ნივთი უბოძა საფაროვის ქალს. ამ ხანას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მომავალ პრიმადონა _ პატარა ტ ა ს ი კ ო ა ბ ა შ ი ძ ი ს ა თ ვ ი ს, რადგანაც ის და სამუდამო სცენა თითქმის ერთ დროს გაჩნდნენ ქვეყნად.
თუმცა ქუთათურებს თავი არ მოვაბეზრეთ ჩვენი ხანგრძლივი სტუმრობით (8-10 დღე), პირიქით გვთხოვდნენ, რომ ცოტა ხანს კიდევ დავრჩენილიყავით, მაგრამ ჩვენ გულწრფელი მადლობა მოვახსენეთ და კვალად ავიბარგენით, რადგან კარგი დიდი მანძილი გვქონდა გასავლელი ხმელით თუ ზღვით. წამოსვლის წინა დღეს ქუთაისის ინტელიგენციამ დიდებული ნადიმი გაგვიკეთა. ამ დღეს იოსელიანის ბაღში მოიყარეს თავი დიდებულსა და ათასფერად შემკულს სუფრაზედ მოცინარ-მომღიმარ ქალთა და კაცთა. ჩვენ ყველანი ერთად მივედით და ეს ძვირფასი საზოგადოება აღტაცებითა და სამხედრო მუსიკის დაკვრით დაგვხვდა კარებშივე. მიგვიწვიეს და გაიმართა ნადიმი ტკბილი, სასიამო, მხიარული და აღტაცებული. ასზე მეტი ქალი და კაცი ბრძანდებოდნენ ჩვენი მასპინძლები, და ეს დიდებული მეჯლისი განუწყვეტლივ მარტოოდენ ჩვენდამი მადლობის გამოხატვის და ჩვენი ნაკისრის საზოგადო საქმის სიდიადის გარკვევა-გამოთქმაში ატარებდა დროს. ითქვა ბევრი ღრმა და გულის აღმძვრელი სიტყვა. ყველა გამოსთქვამდა თავის აზრს გულწრფელად, სიყვარულით და სასოებით. რაღა თქმა უნდა, რომ ასეთი ძვირფასი მოწინავე ქართველები, როგორც თ. კ ი რ ი ლ ე ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე, ბ-ნი მ ო ს ე ქ ი ქ ო ძ ე, აწ განსვენებული ა ნ ტ ო ნ ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე და სხვა მრავალნი, მამულიშვილურის გრძნობით გამსჭვალულნი, თავიანთი უებრო `სიტყვებით~ ღრმა შთაბეჭდილებას მოახდენდნენ ყველა იქ დამსწრეებზედ, განსაკუთ¬რებით ჩვენზედ _ სტუმრებზედ. ამ გვარად, ამ ტკბილმა და დაუს¬რულებელმა სასიამოვნო და დიდათ სამხიარულო სადილმა ღამის თორმეტ საათამდე გასტანა ამ მშვენივრად გაჩირაღდნებულსა და ამწვანებულს ბაღში. გამოვეთხოვეთ ძვირფას მასპინძლებს და მივაშურეთ ჩვენს სასტუმროს; თითქმის ყველა იქ დამსწრეთ მიგვა¬ცილეს ჩვენს ბინამდის.
გათენდა დილა და რკინის გზის სადგურზედ გამოვედით. აქ კვალად მოგვაგნეს ჩვენმა გამცილებლებმა და უკანასკნელს გამოთ¬ხოვებას დასასრული არა ჰქონდა. ბევრი ჩაგვიჯდა მატარებელში და რიონის სადგურამდის გამოგვაცილა. ბევრი იქ ეტლებითაც წამოგვეწია, რადგანაც მატარებლისთვის ვერ მოესწროთ. აქ ჩვენი უკანასკნელი გამოთხოვება იყო ქუთათურებთან და გაუდექით გზას ფოთისკენ. მაშინ ბათუმის გზა არ იყო. ფოთამდის დიდი მანძილი არ გვეჩვენა, რადგანაც მალე მივედით. აქაც მოგვეგება ყმაწვილ¬კაცობა, ჩამოვხდით `ალიანის სასტუმროში~ ბულვარის ბოლოზე, რიონის პირდაპირ, სადაც მაშინ გემები დგებოდა, რადგანაც ეხლანდელი ნავთსადგური ჯერ მზად არ იყო. ეხლა აღარც ის გემები არის, რომლებიც მაშინ იყვნენ. ეს იყო ჩვენ დროს სამი პატარა ორთქ-მავალი გემი, რომლებიც რიონში შემოდიოდნენ ზღვიდან სამი ვერსის მანძილზე. ესენი დადიოდნენ მარტო ბათუმსა და ფოთს შუა. იმათ ერქვათ `ბაბუშკა~, `დედუშკა~ და `რიონი~. ეხლა ყველა იმათ თქვენი ჭირი წაიღეს. დავბინავდით რიონის პირზედ სასტუმროში. გათენდა დილა და მივაწყდით რიონის ნაპირს, სადაც ბათუმიდან მოსულიყო ხალხით სავსე `ბაბუშკა~. რა ჯურის და ტომის ხალხს არ ნახავდით მაშინ ფოთში! ეხლაც ხომ ათასი გვარი ხალხი ირევა ფოთში, მაგრამ მაშინ მეტისმეტი რამ იყო: ფრანგები (იმათ მაშინ მშვენიერი სასტუმროცა ჰქონდათ თავიანთი _ `ჟაკოს~ სასტუმრო), ინგლისელები, ბერძნები, ოსმალები, არაბები, იტალი¬ელები და ვინ იცის კიდევ რამდენი ვინმე. ჩვენ იმათ გულმოდგინეთ ვშინჯავდით. ჩვენი ქალები ხომ განცვიფრებაში მოვიდნენ ზღვისა და გემების ნახვით. რიონი და ზღვა იმათ ჯერ არ ენახათ და გეოგ¬რაფიაზედაც მწყრალად ბრძანდებოდნენ. რიონი ზღვის შესართავში ხომ უზარმაზარია და მიმდინარეობა თითქმის არც კი ეტყობა; დაინახეს თუ არა რიონი ჩვენმა ქალებმა, საშინლად გაუკვირდათ _ რამოდენა ყოფილა შავი ზღვაო! ჩვენ ავუხსენით, რომ ეს შავი ზღვა კი არ არის, მდინარე რიონია, და აგერ იქ, შორს, ცა რომ გგონიათ, ზღვა ის არისო. ერთმა კიდევ აიჩემა და წამდაუწუმ ამას იძახდა: `ქა გენაცვალეთ, ეს რამოდენა მტკვარი ყოფილა აქაო~, _ ახა ღმერთო ჩემო!..
წარმოდგენებისათვის მოვამზადეთ ქალაქის სკოლის დარბაზი, რომელიც დაგვითმო მაშინდელმა სკოლის ზედამხედველმა პატივ¬ცემულმა გ ი ო რ გ ი ღ ო ღ ო ბ ე რ ი ძ ე მ, ამ შენობაში დავიწყეთ წარმოდგენები; ხალხი იქაც ბუზივით დაგვეხვია. აქაც გამოგვიჩდნენ ძვირფასი პატრონები და გულშემატკივრები. ესენი ბძანდებოდნენ თავ. ჯ ა მ ბ ა კ უ რ გ უ რ ი ე ლ ი თავის ძვირფასის მეუღლით _ კნეინა ე ლ ე ო ნ ო რ ა თ ი, რომელნიც მაშინ ფოთში სცხოვრობდნენ და რომელნიც ჭეშმარიტ მშობლიურს თვალს არ გვაშორებდნენ, ვიდრე ჩვენ ფოთში ვიყავით. ამ ხანად იქ მარტო სამი წარმოდგენა გავმართეთ. აქაც იგივე სიამოვნება და დროს გატარება, ეტლებით სეირნობა ფოთის მშვენიერ ქუჩებზედ... რამდენჯერ გვინატრია: `აჰ, ნეტავი ეს მშვენიერი ქუჩები ტფილისსა ჰქონდეს~. მართლა და ფოთისთანა ფართო, სწორე და გრძელი ქუჩე¬ბი ბევრ მდიდარს და შემკულ ქალაქს ენატრება. ფოთის ტევრი ხომ (აი `პარკს~ რომ ეძახიან) ყოველი ქალაქისათვის საუნჯე და ძვირფასი განძია. აი, ამ ტევრში მწვანეზედ, დიდებული ხეების ჩრდილ ქვეშ, პალიასტომის ნაპირას, თავადმა ჯ ა მ ბ ა კ უ რ მ ა გაგვიმართა მართლა დიდებული ნადიმი გურულ გემოვნებაზედ _ სიმღერებით და ცეკვით, რომელსაც ასრულებდნენ თავადის თა-ნამხლებელნი _ გურულები. ამ დახვედრამ სულ მოგვაჯადოვა; სულ სხვა ხალხს ვხედავდით. თუმცა იმავე გულითად ქართველებს, ენაწყლიანს, მკვირცხლს, მოსწრებული სიტყვის პატრონს, მეტის-მეტად ზრდილობიანს და თავაზიანს, ეს იყო გურულები, რომელთა შორისაც დროს გატარებაში გამოუთქმელს სიამოვნებასა ვგრძნობ¬დით. საჭმელებიც კი სულ სხვანაირად გვეჩვენა, სულ სხვანაირად შეზავებული იყო; იგივ წვნიანი და შემწვრები, რომლებსაც ასე ხელოვნურად ამზადებენ იმერეთში, აქ სულ სხვა გემოსი გვეჩვენა (რასაკვირველია, სასიამოვნო). ეს ჩვენთვის პირველი და მასთან გაუგებარი გემოვნება, მგონია, ოსმალეთის მეზობლობას ნიშნავდა, მართლა და ბოლოს ქართველ-თათრების ოჯახებში იგივე საჭმელები ვნახეთ, რაც გურიაშია ხმარებული. ასე რომ, ეტყობათ, ბედშავ ქართველ თათრებს ოსმალებმა ქრისტიანობა კი მიატოვებინეს, მაგრამ საჭმელები მაინც გურული დარჩათ.
სადილის დასასრულს თავადმა უბძანა ბიჭებს ახალი სუფრა გაეშალათ რამდენიმე ნავით შეკრულს ტივზედ, რომელსაც გვერდებ¬ზედ ოთხი ნავი ება მარქაფათ პალეოსტომში. მიგვიწვიეს, პალე¬ოსტომი ტბა არის. როგორც გადმოცემა ამბობს, ვითომ ამ ალაგას ქალაქი ყოფილა, იგი შთანთქმულა და მისი ალაგი დაუჭერია შავი ზღვიდან შემოსულ წყალს. მივედით და... აქ კი ცოტა უკაცრაოდ, არამც თუ ჩვენ ქალებს, ჩვენც, `გეოგრაფიის მცოდნეთ~, ნამდვილად შავი ზღვა გვეგონა ეს `უძირო~ და `უნაპირო~ ტბა. ნაპირზედ კი მივედით, მაგრამ ტივზედ როგორღა გადავიდეთ, მარტო ერთი სქელი ფიცარია გადებული! გურულები კაჭკაჭივით გვერდ-გვერდ გახტებიან და გამოხტებიან ამ ფიცარზედ და თან გვეწვევიან: `მობძანდით, ბატონო, შენი ჭირიმე~.
_ ყმაწვილო, როგორ მოვბძანდე, რომ რაკი ფიცარზედ შევდგები, თვალები ამიჭრელდება და წყალში ჩავარდები?
_ უი, დედა! ღმერთო, მომკალ! მერე ვინ მიგაკარებს წყალს? მიბ¬ძანდი! _ გვტაცებდნენ ხელს და ფრენით გადაგვიყვანდნენ ტივზედ. თქვენი მტერი, რომ ჩვენ ბურძგლები აგვეშალა და სტოლს დავებღაუჭეთ, რომ არ გადავცვივნილიყავით ამ ვეშაპ ტბის უფსკრულ¬ში. მასპინძელმა ეს შეგვნიშნა, გაეცინა და მომღერლებს უბძანა გარს შემოგვრტყმოდენ. მოუსვეს ნიჩფები, და დაიძრა ჩვენი ტივი, საიდგანაც ჰაერში გაიზრიალა სევდიანმა და საყვედურით სავსე კრიალა სიმღერამ `ალი-ფაშამ გვიღალატა~, _ გავსწიეთ ტბის შუა გულისკენ. ტივს ორსავე მხარეს მოსდევდა ოთხი ნავი ორ-ორი მარჯვე გურულით თითოში... მაგრამ რა მარჯვე! რომელი გურული არ არის მარჯვე! გავიარეთ ორი ვერსი და გავჩერდით. ტბა ძალიან მშვიდი იყო, არა ღელავდა, თორემ ღელვის დროს ზღვაზედ დარბაისელი არ არის, და ჩვენს ნავებს, როგორც კაკლის ნაჭუჭებს, გააფრენდა ჰაერში. იმ ადგილს, სადაც ჩვენი ტივი გაჩერდა, წყლის სიღრმე იყო, როგორც გვითხრეს, ორმოც საჟენა¬მდის. გაჩაღდა ახალი სუფრა, ხელახლად გამხიარულდა ყველა და შორს გაისმა ტურფა მედიდური გურული სიმღერა. კარგათ მახსოვს, რომ მე და ერთმა გურულმა აზნაურიშვილმა, რომელიც თავადს ახლდა, დავიწყეთ კერძო საუბარი. მე გამოვკითხე, რა თევზი იცის ამ წყალში, ან თუ ბევრს იჭერენ და სხვანი. იმან მიპასუხა, რომ ყოველნაირი თევზი იცისო, და ზოგი იმისთანა უბედური, უშველე¬ბელი თევზი, რომ კამბეჩებს იტაცებსო. ამის გაგონებაზედ მე, ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალით შევხედე. გურული უცბად მიმიხვდა და ჩვეულებრივ გადაკვრით მითხრა: `შე დალოცვილო, მე ხომ წასული საუკუნის ამბავს არ გიამბობ, რასაც მოგახსენებთ, ეხლახან, ჩვენს დროში მოხდაო~. მე რა ნება მქონდა, რომ არ დამეჯერებინა და გულმოდგინეთ დაუგდე ყური.
_ მწყემსები მორეკავენ ხოლმე მინდვრიდან კამბეჩებს და ჩაჰყრიან წყალში საბანებლად იქვე ნაპირას, ჩვენ რომ წამოვედით. ამ წინაზედ მოერეკათ კამბეჩები და ჩაეყარათ წყალში. თითონ ბიჭები ტყეში შესულიყვნენ მოსასვენებლად. ამ დროს მოესმათ მათ საზარელი ბღუილი კამბეჩისა, მწყემსებმა ძალიან კარგათ იციან პირუტყვების ენა და ამიტომ თავზარ დაცემული ყველა ზეზე წამოცვივდა და მიაშურეს ტბას. უცბად შენიშნეს კამბეჩი, რომელიც წასულიყო შუა გულისკენ, მოშორებოდა ამხანაგებს. შენიშნეს, რომ ეს კამბეჩი ამოჰყოფს თავს წყლიდან, საზარლად შეღრიალებს, რაც ძალი და ღონე აქვს, წყალს ებრძვის, მოცურავს, მაგრამ თითქო უკანა ფეხზედ ვიღაც ებღაუჭება და უკან ეწევა, ისევ ჩაჰყოფს წყალში თავს. ბიჭებმა რა დაინახეს, მაშინვე მიხვდნენ, რაც ამბავი არისო (წინაც ყოფილა ასეთი შემთხვევები) და მისცვივდნენ იქვე ნაპირზედ მიბმულს მეთევზეების ნავებს. აი ეს ჩვენი ნავები სულ მუდამ წყალში უბიათ თავის ბაზრებით (თოკებით). ათი თუ რვა მარჯვე ბიჭი ჩაცვივდნენ ორს ნავში და მიაშურეს კამბეჩისაკენ. იმ საბრალომ ხალხი რომ დაინახა, უარესი ღრიალი მორთო. მიუახ¬ლოვდნენ თუ არა, რქებზედ გადააგდეს თოკი და მსწრაფლად მოუსვეს ნაპირისაკენ. რა ძალა უნდა ჰქონოდეს იმ წყეულს თევზს: რვა თუ ათი ვაჟკაცი და თითონ კამბეჩი აქეთ ეწევიან, ის წყეული კი მარტო იქით. როგორც იყო, მოვიდნენ ნაპირზედ, ასე რომ კამბეჩმა წინა ფეხები კიდეც დააბიჯა მიწაზედ, თევზი კიდევ თავს არ ანებებდა. უცბად ბიჭებმა დაინახეს საშინელი თავი ღლავისა (ლოქოსი), რომელსაც პირში ედვა მთლად კამბეჩის უკანა ფეხი. ერთმა მწყემსმა ნიჩაბიც ესროლა თურმე თავში: მხოლოდ მაშინ ამ ხმაურობაზედ მიატოვა კამბეჩი და შეცურდა წყალში. საბრალო კამბეჩს ისე ჰქონდა დაღრღნილი და გადატყავებული ფეხი, როგორც გინახავთ მგლი¬საგან დაგლეჯილი საქონელი.
ეს არაკი ბევრს გაუზიარე იმ მხარეში, მაგრამ არავის არ გაუკ¬ვირდა, ბევრი მარწმუნებდა კიდეც ამ ამბის სიმართლეში. სოხუმშიაც მოხდა თურმე ამისთანა შემთხვევა მდ. ინგურზე, ზღვის შესართავ¬თან. იქ კი თურმე ვერ გადაარჩინეს საბრალო კამბეჩი, რადგანაც თევზმა ზღვაში შეიტაცა. აი, თურმე ამისთანა მტაცებელი ლოქოები ბუდობენ პალიასტომში.
საღამოს ჟამმაც მოატანა და ჩვენი მოძრავი მხიარული სუფრაც დაიძრა ნაპირისაკენ კვლავ სიმღერით, აღტაცებულის ყიჟინით და დამბაჩემის სროლით. ჩვენს აღტაცებას, ამ ჩვენთვის არა ჩვეულებ¬რივი დროს გატარების გამო, საზღვარი არა ჰქონდა. რა იყო მიზეზი საზოგადოების ასე გატაცებისა და დახვედრისა? რითი ვიყავით პირადათ ჩვენ გამოჩენილნი, რომ ამდენი პატივის ცემის ღირსი შევიქენით? ვის რა ღვაწლი მიგვიძღოდა საზოგადოების წინაშე? არაფრისაგან არაფერი. ეს იყო მხოლოდ ქართული გულის ძგერა, მისი უტყუარი და ღრმა გრძნობათა გამოთქმა იმ დიადი საზოგადო საქმის დაწყების გამო, რომლის წინ წაყვანაც ჩვენა გვქონდა ნაკისრი, როგორც წინადაც მოგახსენეთ. არა ნაკლებ ნადიმი გაგვიმართა პატივცემულმა ი ვ ა ნ ე ჯ ა ლ ა ლ ო ვ მ ა, რომელიც მაშინ თვალსაჩენი იჯარადარი იყო და შემდეგ ქალაქის თავის თანაშემწე. ეს უცხო ტომის კაცი ქართველებზედ არა ნაკლებ თანაგვიგრძნობდა ჩვენს საქმეში.
ფოთიდან გასვლის ორი დღის წინად ბათუმში გავისტუმრეთ ჩვენი ადმინისტრატორი ჩუბინაშვილი და, კარგათ არ მახსოვს, მგონია, კოტე ყიფიანი მთელი ჩვენის ბარგით სცენის მოსაწყობად. ამავე დღეებში მოგვშორდა ვასო აბაშიძე, რომელსაც ტფილისიდან დეპეშა მოუვიდა მამის მძიმე ავადმყოფობის გამო. ცხადია, რომ ვასო ჩვენი პატარა წრისათვის დიდი დანაკლისი იქნებოდა. იმისი როლების მოთამაშე ეხლაც არავინ არის და მაშინ ხომ ვინ გვეყოლებოდა? ზოგიერთ აბაშიძის როლს, მაგ. ზიმზიმოვს, შემდეგ მოგზაურობაში გ ი გ ო ყ ი ფ შ ი ძ ე თამაშობდა. საზოგადოდ კი ყიფშიძეს თანამდებობა სუფლიორობა იყო, რაშიაც დიდი უნარი გამოიჩინა. მხოლოდ არტისტებს ესმით, რა მნიშვნელობა აქვს კარგს სუფლიორს თეატრში.
დამავიწყდა, თავის დროზე მეთქვა, რომ ქუთაისიდან წამოგვყვა კოტე მესხი, რომელიც ძალიან გამოგვადგა მოგზაურობაში, მეტადრე მაშინ, როდესაც ვასო აბაშიძე დაგვაკლდა. ბათუმიდან გვაცნობეს, რომ სცენა მზად არის და გველიან. გამოვეთხოვეთ ყველას, სასტუმროში გავუსწორდით და მოვემზადეთ სამგზავროთ, მაგრამ ეხლა სულ სხვანაირი მგზავრობა მოგველოდა _ ზღვით. გულის ფანცქალით ვუახლოვდებოდით გემს. ესეთი მგზავრობა, ერთიორის გარდა, არავის არ გამოეცადნა, მეტადრე ქალებს და ყველა შიშით ელოდა გაგონილ ზღვის ავადმყოფობას.
4
დილით ათ საათზე აბარგებულები, მივედით პატარა ნავთსად¬გურთან, სადაც გაკრიალებული კოხტა ორთქმავალი _ გემი `ბაბუშკა~ იდგა და ოშხივარი ასდიოდა, რადგანაც წასასვლელად ემზადებოდა. ავიღეთ ბილეთები და ავედით გემზე. ჩვენ იმისთანა ბილეთები ავიღეთ, რომლებშიაც საჭმლის ფულსაც ანგარიშობენ. დავუწყეთ გემს შინჯვა-თვალიერება; გემის უფროსი დიდის ზრდი-ლობით გაგვიძღვა წინ და ყველაფერი დაწვრილებით გვაჩვენა და აგვიხსნა. მშვენივრად მორთული პატარა ოთახი (კაიუტი), სასადილო ოთახი, ქალების და კაცების ცალკე განყოფილებანი, მანქანები, რომელიც გემს ამოძრავებს და სხ.; ჩვენ აღტაცებაში მოვედით ამ წესრიგის და საოცარი სისუფთავის გამო. ამაზე უმშვენიერესი აღარა გვეგონა-რა; მაგრამ შემდეგ, როდესაც ვნახეთ დიდი გემები რუსული, ფრანგული და ინგლისური, ეს უზარმაზარი ქარვასლები სამ-სამი სართულით, მაშინ კი სულ დაგვავიწყდა ჩვენი განსვენებული `ბაბუშკა~.
ეს ბორბლიანი გემი იყო. ქალაქში წისქვილებს დიდი ბორბლები რომ აქვს, ორი იმისთანა ბორბალი ჰქონდა `ბაბუშკას~ აქეთ-იქით შუა გულზედ. ამ ბორბლებს მანქანა ამოძრავებდა და პატარა გემი სწრაფად გარბოდა ზღვაში. ეხლა ბორბლიანი გემები სულ აღარ არის ხმარებაში და ან თუ არის, ისიც ნავთსადგურებში სამუშაოდ. ეხლა დიდებული `ჭახრაკიანი~ გემებია და საოცრად მსწრაფლ¬მავალნი.
მესამედ დაიჭყივლა მანქანამ და უცბად გადატრიალდნენ ბორბლები, წყალი ადუღდა, აქაფდა, და ნელ-ნელა მოვშორდით ნაპირს. ამ პირველ დაძვრაზე ისეთი რაღაც ვიგრძენით, თითქოს გული გვეფერებაო. ბევრი მაშინ სიამოვნებით გადმოხტებოდა ნაპირზე, მაგრამ ეხლა ვიღა გაგვიშვებდა. შედრკნენ ჩვენი ქალებიც და მოაყოლეს, რაც-კი ლოცვები იცოდნენ. მთელ გემზე საზოგადო გულმხურვალე ლოცვა და ღვთისადმი ღაღადი მოისმა. მალე რიონმა ზღვას ჩააბარა ჩვენი პატარა გემი. ეს კი სულ სხვა სანახავი იყო: დაუსრულებელი წყლის სივრცე და შორს, სადღაც ცის დასავალში წყალი და ცა შეერთებული. მარცხნივ კიდევ ვარჩევდით წყლის ნაპირს, მაგრამ ეს უფრო მოშავო ღრუბლებს გვანდა, ვიდრე ხმელეთს. ამ გვარად ზევით ცას შევსცქეროდით და ფეხ-ქვეშ წყალსა. მშვენიერი დარი დაგვიდგა, და კაი დარში ზღვაში მოგზაურობაზე უსიამესი არაფერი არ არის. მივსრიალებდით დინჯათ, შეურყევლად ამ კამკამ ლურჯ წყალში. თვალი შეეჩვია წყალს, გულს კაეშანი გადაეყარა და თანდათან თავისუფლად სუნთქვა დავიწყეთ... ენაც ამოვიდგით და კვალად ავტეხეთ ჟივილ-ხივილი და ტკბილი საუბარი. ავედით მაღლა, უფროსის ბინაზე, და იქიდან გადავყურებდით, როგორ ხტუნაობით და ყირა-ყირა გადასვლით მოსდევდნენ ჩვენს გემს ზღვის ღორები (დელფინები). კაი დარში მთელი ჯოგები ირევა ამ ღორებისა; ამოხტებიან წყლიდან, გადაკოტრიალდებიან ჰაერში და კვალად ჩაცვივიან წყალში. ჩვენ ძალიან ვმხიარულებდით ამ თამაშით, ხან პურის ნატეხებს ვესროდით გემიდან, ხან პაპიროსის კოლოფებს და ხან რას. ბავშვებივით გვიხაროდა და ვხარხარებდით.
დანიშნულ დროს მიგვიწვიეს ჯერ საუზმეზე და მერე სადილზე. ჩვენ გაგვაოცა საჭმელების სიუხვემ: საუზმეთ ოთხი-ხუთი თავი საჭმელი და სადილად რვა თავი. სასმელები როგორიც და რამდენიც გვნებავდა: ღვინო, ლუდი, არაყი, კონიაკი, ყავა... ფოთიდან ბათუ¬მამდის სულ ჭამაში ვიყავით, მაგრამ რა საჭმელები და როგორ მომზადებული, მეტადრე ათასგვარი თევზეულობა! გემის უფროსი ჩვენთან სადილობდა, გვთავაზობდა და თან შეგვნიშნავდა, რომ ძალიან კარგია, ვისაც ზღვაში ჭამის მადა კარგი აქვსო. სასმელები ხომ რა სათქმელია; რომ იტყვიან, ოხრად იყო, მაშინ იმისთანა დრო იყო, რომ საზღვარგარეთური სასმელები ჩალის ფასად ღირდა: პირველი ხარისხის კონიაკი, ეხლა თორმეტი მანეთი ღირს, მაშინ 1 მ. და 50 კაპ. ღირდა. საუკეთესო შამპანიური 2 მ. და 50 კაპ. არ ასცილდებოდა.
მიუახლოვდით ბათუმს, გავუარეთ თამარის ციხეს და ნეტარებით დავუწყეთ ცქერა. გულის წარმტაცია ბათუმის ეს მიდამოები თავისი ბუნებრივი სიდიადით: შევედით ნავთ-სადგურში და ჩვენ გემს ჭიანჭველებივით შემოეხვია პატარა ნავები (ფელიუგები), თავის მარჯვე პატარა თათრის და არაბის ბიჭებით. ეს პატარა ნავები ისე მარდათ დაძვრებოდნენ გემებ შუა და ჭყუმპალაობდნენ წყალში, როგორც იხვები. კანკალით ჩამოვედით გემის საქანაო კიბეზე, ჩამოგ¬ვიზიდეს ბარგი და ჩაუსხედით პატარა თათრებს ნავებში, რომ¬ლებმაც უცბად მოგვიტაცეს და ნაპირზე გამოგვიყვანეს. აქ აუარე¬ბელი ხალხი დაგვხვდა საზოგადოთ და კერძოთ ჩვენი მომლოდინენი. ბათუმი ახალი აღებული იყო, მინგრეული-მონგრეული სახლის კედლები ჯერ კიდევ თოფისა და ყუმბარის ტყვიით მოჭედილები და დახვრეტილები. მაშინდელი ბათუმი ეხლანდელ ჩვენ ქალაქის აბანოების უბანს და აშპაშხანას მოგაგონებდათ თავის რამდენიმე მინარეთით, თუმცა, რამდენიმე ევროპიული სასტუმროც მოიპო¬ვებოდა რიგიანად მოწყობილი, მეტადრე ფრანგული სასტუმრო `ფრანცია~. მაგრამ სიცოცხლით კი სდუღდა, ეს ნაოსმალეთარი ქალა¬ქი: ვაჭრობა გაცხარებული იყო, ყავახანები და ლუდხანები ხალხით სავსე, მოძრაობა დიდი, გახურებული მუშაობა ახალ შენო¬ბებზე, ნავთსადგური რუსის და უცხოელ გემებით მთლად გაჭე¬დილი... შორით _ ზღვა მოფენილი მომავალი და მიმავალი თეთრი იალქნიანი გემებით და ბარკასებით (დიდი ნავებია საქონლის საზიდავი), და ყველა ეს ამ ანკარა ზღვაში მიცურ-მოცურავენ, როგორც თეთრი გედები. თვალს ვერ მოაშორებდა კაცი ამ სანა-ხაობას. გასართობი, ღვთის წყალობა გაქვთ, ბევრი რამ იყო, მაგრამ ჩვენ ჯერ საქმეზე უნდა გვეფიქრა. ჩამოვხტით ზღვის პირას ერთ სასტუმროში, დამოჟნის პირდაპირ; ამ სასტუმროს, მგონია, `როსია~ ერქვა და ერთ დიდს ორ სართულიან აზიურ სახლში მიწურის ბანით იყო მოთავსებული. ეხლა იქ უპირველესი ევროპიული სახლებია გადაჭიმული. საზოგადოთ მაშინდელი ბათუმი ისევე ჰგავს ახლანდელს, როგორც მცხეთა თბილისს. ყველას კარგათ მოგეხ¬სენებათ, რომ ბათუმი ასე აშენდა და გაიზარდა მისი ძვირფასი მდებარეობის და დიდებული ბუნებრივი ნავთ-სადგურის წყალობით. მალე, მისვლისთანავე, ჩვენთან მოიყარა თავი ქართველმა საზოგადო¬ებამ. ესენი ბძანდებოდნენ რამდენიმე ქართველი მოსახლე ოჯახობა, სხვა და სხვა სამსახურის მოხელენი და ქართველი აფიცრობა. იმ ჟამად ბათუმში რამდენიმე ქართველიც ვაჭრობდა. ქართველ ოჯა-ხებში მაშინ ბათუმში მეთაურობდა პატივცემული დ უ რ მ ი შ ხ ა ნ ჟ უ რ უ ლ ი ს ოჯახი; ბ. დურმიშხანი ბათუმის პოლიციის უფროსი ბძანდებოდა და, მაშასადამე, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შორის გავლენიანი პირი იყო, ბათუმში ეს პატიოსანი ოჯახი აღმოგვიჩნდა მუქთა სასტუმროდ: სადილ-ვახშამი ამ ოჯახში ჩვენთვის ყოველთვის მზად იყო, და რაც შეეხებოდა ჩვენი სცენის საჭიროებას, დარბაისელი ქ ე თ ე ვ ა ნ ჟ უ რ უ ლ ი ს ა არაფერს არ ჰზო-გავ¬და დასახმარებლად. ჩვენი საქმე გაჩარხული იყო: წარმოდგენისათვის ზალაც მოვაწყეთ, ბილეთებს იტაცებდნენ, ქართველი საზოგადოების გარდა, უცხოელებიც, მეტადრე ქართველი მაჰმადიანებიც ბევრი დადიოდა, მხოლოდ... დახე კიდევ ჩვენ უშნოობას და მოუფიქ¬რებლობას: ბათუმში სტამბა არ იყო (ან რისთვის იქნებოდა), და ჩვენ კი დაგვავიწყდა ქუთაისიდან დაბეჭდილი აფიშები წაგვეღო. არავის არ მოაგონდა, ვერავინ ვერ მოვისაზრეთ, რომ ბათუმში, ახლად აღებულ ოსმალოს ქალაქში, ასე მალე ქართულ-რუსული სტამბა არ იქნებოდა! ხელთნაწერი აფიშები რამდენი უნდა დაგვემ¬ზადებინა, რომ მთელ ქალაქს გასწვდომოდა და ან რა თვალსაჩინო იქნებოდა ხელთ-ნაწერი აფიშა? შემდეგ ურთი-ერთ შორის თათ¬ბირისა, შემდეგი გამოვიგონეთ: ბათუმში დღესაც, ზაფხულობით, ქუჩა-ქუჩა დააქვთ ხოლმე ცივი წყაროს წყალი კოკებით ხის ფოთლებში გახვეული, ამას ეძახიან სოუხ-სუს. წყლის დამტარებელი დადის და ჰყვირის `სოუხ-სუ!~ დავწერეთ რამდენიმე აფიშა სხვილის ხელით და ამ წყლის დამტარებლებს ზურგზე დავაკარით და თანაც დავარიგეთ, რაც უნდა ეყვირათ ქუჩაში. დადიოდნენ ეს ქართველი თათრები და დაზეპირებულ სიტყვებს გაჰკიოდნენ: `დღეს თრიათში ქააართულიი თრიათრიაააა. თამაშობენ: საფაროვი, გაბუუუნია, ყიფიააანი~ და სხვა ამ გვარად. ხშირად ჩვენი ქალები ჩემზე ადრე რად ამბობსო, ჩამოუცვიოდნენ ამ საბრალოებს სასტუმროდან ქუჩაში, შეაჩერებდნენ და ეუბნებოდნენ: წინად გაბუნია ან საფაროვი სთქვიო და აი შენი გასამჯელო ერთი აბაზიო... ჩვენ, კაცები, ვსწყდებოდით სიცილით თათრებისაგან ჩვენი არტისტი ქალების დამახინჯებული გვარების ყვირილზედ; მით უმეტეს, თეატრში ჭედვა არ იყო. ბათუმში სამი წარმოდგენა გავმართეთ; სამჯერვე თეატრი სამსე იყო ხალხით. საჩუქრები ბევრი მოსდიოდათ ჩვენ არტისტ ქალებს; გაბუნიას ქალს დღესაცა აქვს მაშინდელი რამდენიმე ძვირფასი საჩუქარი.
პროვინციაში ხშირად გვშველოდნენ ხოლმე სცენის მოყვარუ¬ლნი. რომ დაგვჭირდებოდა, მეტი რა ჩარა გვქონდა, მოვიწვევდით ხოლმე ამა თუ იმ კაცსა ან ქალსა, რომლებიც დიდის სიამოვნებით გვეხმარებოდნენ. ბათუმშიაც დაგვჭირდა პატარა ქალის როლის მოთამაშე. ბევრი არ გვიფიქრია და უცბათ გამოვსძებნეთ... დღევან¬დელი ჩვენი პატივცემული ცენზორი გ ი ო რ გ ი ჟ უ რ უ ლ ი, პირველი კლასის კადეტი, რომელიც გამოვიყვანეთ პატარა გოგოს როლში, მოკლე და არშიებით მორთულ ქალის ტანისამოსით. ქალში ვერ გამოარჩევდა კაცი, ისე უხდებოდა ეს დედათა სამოსელი და მშვენივრადაც შეასრულა თავისი როლი. ერთი მოხერხებული ეშმა¬კობაც ჩაიდინა ამ ყმაწვილმა გიორგი ჟურულმა. იგი დიდი მოტრ¬ფიალე იყო (მგონია, დღესაც ისევე მოტრფიალეა) თეატრისა და თაყვანის მცემელი არტისტებისა. ნახა, რომ საზოგადოება საჩუქრებს აძლევს წარჩინებულ არტისტებს, თითონაც მოუნდომია საჩუქარი მიართვას გაბუნიას ქალს. წასულა საქალაქო ბაღში და მებაღისათვის უთქვამს: `მამამ _ კარგი თაიგული გამიკეთე და გამომიგზავნეო~. აბა, მებაღეც როგორ არ გაუკეთებდა, რა დაინახა პოლიციის უფ¬როსის შვილი! გაუკეთა მშვენიერი თაიგული და მიართვა. გიორგიმ გამოართვა თაიგული და დაფიქრდა: `ამას ხომ `ლენტი~ უნდაო~. წავიდა მაღაზიაში, აარჩია საუკეთესო ლენტი, 20-25 მანეთი დაუფა¬სეს. ვინ მისცა პირველი კლასის შეგირდს ეს ფული! დედმამას ვერა სთხოვს ამ ფულს და, მაშ, რა ქნას, ხომ გაუცრუვდა `კავალ¬რობა~! როგორ მიართვას ცარიელი თაიგული ულენტოდ?! იფიქრა, იფიქრა და მოვიდა ჩვენთან სასტუმროში, გაბუნიას ქალთან: `ნატო, დედამა _ დღეს ქართულ წარმოდგენაზე უნდა მოვიდე ნამდვილი ქართული ტანისამოსითაო და რომელი საუკეთესო სარტყელიცა გქონდეს, გამომიგზავნეო~.
_ გულის პირი ხომ არ უნდა? _ ჰკითხა გაბუნიას ქალმა.
_ არა, გულის პირი აქვს, მარტო სარტყელი უნდა, _ მიუგო იმან. ადგა და რომელიც საუკეთესო სარტყელი ჰქონდა, გაუგზავნა. დაიწყო წარმოდგენა, საჩუქრები ბევრი მიიღეს არტისტებმა და, სხვათა შორის, გაბუნიას ქალს მიართვეს მშვენიერი თაიგული ძვირფასი `ლენტით~ გადახვეული. გათავდა წარმოდგენა, გაბუნიას ქალმა გაფაციცებით დაუწყო შინჯვა ძვირფას საჩუქრებს, განსა¬კუთრებით თაიგულის სარტყელს და... პირს კატა ეცა: თავისი საკუთარი სარტყელი იყო. ამ გვარად ითვალთმაქცა პატარა გიორგიმ და საზოგადოებას დაანახვა, რომ ძვირფასი საჩუქარი მიართვა არტისტ ქალს.
მაშინდელი ჩვენი დროს გატარება ბათუმში სწორედ დაუვი¬-წ¬ყარია. ქართველი აფიცრობა ყოველ დღე კავალკადას გვიმართავდა; გამოგვიგზავნიდნენ საუკეთესო ცხენებს, შევსხდებოდით ქალი და კაცი და გავსწევდით თამარის ციხისკენ და `გოროდოკში~, სადაც ყოველთვის მშვენიერი საუზმე გველოდა. `გოროდოკი~ რუსების ახალშენი იყო და მაშინ იქ სულ რუსები ცხოვრობდნენ. იმ დროს გაცხარებული მუშაობა იყო ბათუმის ახლო-მახლო მთებზედ, სადაც საარტილერიო სიმაგრეებს აშენებდნენ. სწორედ საგულისხმო იყო ამ ხელოვნური სიმაგრეების დათვალიერება, რომელთაც ესეთი დიდი მნიშვნელობა აქვთ ომის დროს.
გავიცანით აგრეთვე და დაუახლოვდით ქართველ ბეგებს, რომელთაც ძალიან მოვსწონდით და სიამაყით მოგვითხრობდნენ თავის შთამომავლობის და მამა-პაპის გათათრების ამბავს. ხშირად მიგვიწვევდნენ ყავაზედ (მაშინ იშვიათად თუ ვინმე სვამდა მაგარ სასმელებს; ეხლა კი იშვიათი თათარი არა სვამს), მოგვისხდებოდნენ გვერდით და დაგვიწყობდნენ ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალზედ ლაპა¬რაკს: გამოგვკითხავდნენ ჩვენი ცხოვრების ავ-კარგს, სწავლა-მეცნიერების გავრცელებას საქართველოში, ეკონომიურ მდგომარე¬ობას, პოლიტიკურ განწყობას და სხ. ლაპარაკობდნენ ძველი ქართულის ენით დინჯათ, კილო კი გურული ჰქონდათ; ლაპარაკი _ ზრდილობიანი და თავაზიანი. ერთი დარბაისელი ბეგი იყო, გვარი არ მახსოვს, ხიმშიაშვილი, თავდგირიძე თუ აბაშიძე. იმან გვითხრა ერთხელ: `ყმაწვილებო, ძალიან მიხარიან, რომ კარგ ქართველებს გიყურებთ, მაგონდება ჩვენი წინაპრები, ჩვენი ერთი რჯული, მაგრამ ეს კი ძალიან არ მომწონს, რომ თავზედ ქუდის მაგივრად ღორის ტუჩი გადევთო!~ ჩვენ საზაფხულო `კარტუზები~ გვეხურა. `თქვენი ღვთის გულისათვის, _ განაგრძო იმან, _ გადაყარეთ ეგ ღორის ტუჩები და მე უკეთეს ქუდებს დაგხურავთო~. ყველას დაგვხურა ძვირფასი წითელი ფესები. ამ ფესებს ჰქვიან `სულთანის ფესა~, რადგანაც უბრალო მამაკვდავისათვის ძალიან ძვირია ეს ფესა (8-9 მანეთი) და მხოლოდ წარჩინებული პირები და გვარიშვილები ხმარობენ. ჩვენ, რასაკვირველია, ხათრი არ გაუტეხეთ და ჩვენი თეთრი ქუდები იმისივე თვალწინ ზღვაში ვისროლეთ. ბეგის სიამოვნებას საზღვარი არა ჰქონდა. დავიხურეთ წითელი ფესები ქუთაისში შეკერილ ხალათებზედ და ამ მორთულობით რაღაც უცნაური კუნძულის მაცხოვრებლებს წარმოვადგენდით.
ღამე კიდევ თავისებური დროს გატარება გვქონდა. ჩავსხდე¬ბოდით რამდენიმე ნავში ჩვენი დასი მთლად და რამდენიმე თავმოყ¬რილი ყმაწვილი კაცი, ერთ ნავს ხორაგით და სასმელებით აავსებდნენ და გავიდოდით ზღვაში 2-3 ვერსის მანძილზედ ლხინით, ქეიფით და სიმღერებით. სწორედ აუწერელია ეს სიამოვნება ამ კაშკაშა მთვარიან ღამეში, მოკრიალებულ-მოწმენდილ და სხივოსანი ვარ¬სკვ-ლავებით მოჭედილ ცის ქვეშ ზღვაში. ოჯახურ დროს გატარებასაც არ ვიყავით მოკლებულნი, როგორც ზევით მოგახსენებთ, ბ. დურმიშხან ჟურულის ოჯახი ხომ იყო და იყო ჩვენთვის მუქთი სასტუმრო, არც სხვა ოჯახებმა დაგვტოვეს უყურადღებოდ. ამ ოჯახებში პირველი ადგილი ეჭირა დიდათ პატივცემულ პ ო ლ კ ო ვ ნ ი კ ბ ე რ ს ი ს ო ჯ ა ხ ს. პოლკოვნიკი ბერსი იყო ქალაქის უფროსი (Uჰფლჯყფხფკმყბრ), ცოლად ჰყვანდა სიმშვენიერით განთქმული აწ განსვენებული ტურფა ფ ა ტ ი, გურული ერისთავის ასული. ბ. ბერსი, საზოგადოდ დიდის ყურადღებით იყო ჩვენთან, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელი. ყოველ ჩვენს თხოვნას ამ მხრივ დაუყონებლივ შეასრულებდა ხოლმე. ეს პატიოსანი სახლობა ყველა ჩვენს წარ¬მოდგენას ესწრობოდა და ორჯელ დიდი ნადიმიც გადაგვიხადეს. თითონ ბერსი და მისი ნარნარა მეუღლე სათითაოდ ჩამოგვივლიდნენ და მოწიწებით გვთხოვდნენ დიდს და პატარას პატივი გვეცა და სანადიმოდ მივსულიყავით იმათთან. თქმა მეტი იქნება, როგორც ისინი ჩვენ დაგვხვდებოდნენ და გაგვიმასპინძლდებოდნენ ხოლმე.
ასე და ამ გვარად მოვიარეთ ბათუმი; ყველგან გულითადი დახვედრა, ყველგან გულწრფელი სიმპატია; თეატრი მუდამ სავსე და აღტაცებული სიამოვნება საზოგადოებისა. დროც მოგვივიდა დაბრუნებისა. ჯერ ერთი, რომ ორიოდე დაბა კიდევ დაგვრჩა სანახავი, და მეორეც, ადრე უნდა დავბრუნებულიყავით ქალაქში, დავბინავე¬ბულიყავით, დავლაგებულიყავით და დროზე გაგვეხსნა სამუდამო სცენა, ე. ი. მოგვეწყო სეზონი ენკენისთვიდან.
ერთ დილას ჩავიბარგეთ და გამოველით ნავთ-სადგურზე. გამომცილებელი აუარებელი გყვანდა. შემდეგ ჩვეულებრივის გამოთხოვებისა, ჩავსხედით ნავებში და გავსწიეთ ორთქმავლისკენ, რომელიც ნაპირიდან ორასი საჟენის მანძილზედ იდგა ზღვაში. უკან დაგვდევდნენ რამდენიმე ნავი ჩვენის ძვირფასის მასპინძლებით ჟივილ-ხივილით და მაღალი სიცილ-ხარხარით. ვის უშველებელ შამფურზედ აგებული შემწვარი ბატკანი და სუკები ეჭირა ბაირა¬ღივით, ვის დიდი დოქები (კოკები) ღვინითა, ვის ტაბლაკი სხვადასხვა საუზმით და უცხოელი სასმელებით. ამ ამბით მიველით გემის კიბესთან (ამ ხელათაც კიდევ ჩვენი ნაცნობი `ბაბუშკა~ შეგვხვდა) და გავაკეთეთ წრე. დაიწყო ხელმეორედ გამოთხოვება და გზის დალოცვა და საზოგადო სადღეგრძელოები. ამ გაცილების მოთავენი იყვნენ განსაკუთრებით ქართველი აფიცრობა: ს ო ლ ო მ ო ნ ა ბ დ უ შ ე ლ ი, თ. თ. ვ ა ჩ ნ ა ძ ე ე ბ ი, კ ო რ ი ნ თ ე ლ ი და სხვები, რომელნიც არ მახსოვს, და არც მას აქეთ შემხვედრიან. ერთი თხუთმეტი წუთი გავჩერდით გემის ძირში და სადღეგრძელოებით და სიმღერებით ვიჯერეთ გული. ბოლოს გემიდან მოგვცეს ნიშანი და ავცოცდით გემის კანკალა კიბეზედ. დაიძრა გემი და ჰაერი აივსო მაღალის ხმაურობითა, `ვაშას~ ძახილით, ქუდების და ხელსახოცების ჰაერში ტრიალით ვშორდებოდით ერთმანეთს ჩვენ და ჩვენი ტკბილი მასპინძლები. დიდს მანძილზე მოგვდევდნენ უკან ჩვენი გამცილებ¬ლები... მაგრამ გემმა უცბად გაიფართხალა, გედივით გაიჭყუმპალავა და ჩვენი `ბაბუშკა~ შეერია დაუსრულებელ ზღვის ტალღებში...
ცოტ-ცოტათი და მალე სრულიად თვალიდან მიგვეფარა ჩვენი ძვირფასი ხალხი.
5
ბათუმიდან ჩვეულებრივის სიამოვნებით დავბრუნდით ფოთში. მგონია, ფოთში ერთი წარმოდგენა კიდევ გავმართეთ, სწორედ არ მახსოვს, და ეს კი ნამდვილად მახსოვს, რომ გვთხოვეს წარმოდგენის გამართვა. ფოთში სადგურზე გავისტუმრეთ ჩვენი ბარგი და ქალები ეტლებით: ჩვენ კი, კაცები, რადგანაც დიდი დრო იყო მატარებლის წასვლამდის, ფეხით წამოვედით. თან მოგვდევდნენ მრავალი ყმაწვილ-კაცობა და აფიცრობა, რამაც ერთი გაუგებარი და სასა¬ცილო საქმე გამოიწვია.
ფოთის დიდს რკინის ხიდზე რომ შევსდექით, ამ დროს ხიდს მოუახლოვდა ერთი პატარა გემი, რომელზედაც დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე ბრძანდებოდა. დიდი მთავარი მობძა¬ნებულიყო გემით რიონის ზღვასთან შესართავამდის და რადგანაც დიდ გემს რიონში შემოსვლა არ შეეძლო, გადამჯდარიყო პატარა გემში, რომელიც რკინის გზის სადგურის პირდაპირ ჩერდებოდა. ამის გამოისობით რკინის ხიდი გაიხსნებოდა ხოლმე ალაყაფის კარებივით, გემს გაატარებდა და ისევ დაიკეტებოდა _ შეერთ¬დებოდა. დღეს აღარ აღებენ ამ კარებს და ხიდი სამუდამოთ გაერთიანებულია, თუმცა, გასაღებ-დასაკეტი ჭახრაკები დღესაც ხელუხლებელია თავის ალაგას. ხიდი გაიხსნა და დიდი მთავრის გემმა გამოიარა; ჩვენ ხიდზედ ვიდექით და მოწიწებით სალამი მოვახ¬სენეთ თათრულ ყაიდაზე _ შუბლზე და გულზე ხელის დადებით (ფესის მოხდა არ შეიძლება). დიდმა მთავარმა რა შეგვნიშნა ლურჯი პერანგებით და ოსმალურ ფესებით, თურმე ტყვეები ვეგონეთ და თავის მხლებლებს ჰკითხა: `ამ ტყვეებს აქ რა უნდათ, აქამდის რად შეგინახავთ და ან სადა გზავნითო?~ გუბერნატორმა თურმე ვერა¬ფერი ვერ უპასუხა და ძალიან შეწუხდა; ამ დროს ერთმა მოხელემ მოახსენა: `თქვენო უმაღლესობავ, ესენი ტყვეები არ გახლავან, ქართული თეატრის მოგზაური არტისტები არიანო~. დიდ მთავარს თურმე გაეცინა და სთქვა: `ეს რა უცნაურად აცვიათო~. ეს გვიამბეს დიდი მთავრის თანხმლებ-მოხელეებმა რკინის გზის ფოთის სად¬გურზე. გემმა გაიარა, ხიდი კვლავ შეიკრა და ჩვენ სადგურისკენ გავემართეთ.
ფოთიდან პირდაპირ ხაშურში წამოვედით. აქ კოტე ყიფიანმა მიგვიწვია თავის სოფელ ქვიშხეთში, სადაც მაშინ ბძანდებოდა აწ განსვენებული დიმიტრი. ჩვენ, რასაკვირველია, დიდი სიამოვნებით ვეახელით ბატონ დიმიტრის. ვთქვით, რომ ერთი ორი დღე შევისვენებთ ქვიშხეთში და შემდეგ გავუდგებით გზას ბორჯომ-ახალციხე-აბასთუმნისაკენო. გავსწიეთ ქვიშხეთისკენ, მალე გავარ¬ჩიეთ სახლის აივანზე დინჯი და მტკიცე ნაბიჯით მოსიარულე წელში მოუხ¬რელი ღვთაებრივი მოხუცი. დიმიტრი დიდის დურბინდით ხელ¬ში ჩვენს გზას გამოჰყურებდა. მივედით, გადმოვხტით ეტლები¬დან; დიმიტრი მოგვეგება ჭიშკრის კარებში მოღიმარი, სიამოვნებით აღვსილი თვალებით. როგორც მოყვარულმა მამამ (ამ კეთილ¬მშობლიურ გრძნობაში, როგორც მამაშვილური სიყვარულია, ბევრს მოეხსენება, რომ დიმიტრის ვერავინ ვერ შეედრებოდა) გულში ჩაიკრა თავისი შვილი კოტე და შემდეგ ჩვენ ყველა, ქალი და კაცი, გაგვიხადა ამბორის ყოფის ღირსი. მიგვიწვიეს სახლში. ჩვენ აყრილი მაწანწალა ბოშებივით გათხუპნულ-გამტვერიანებული მოგვათავსეს ფართო ოთახებში, სადაც ტანთ-საცმელი გამოვიცვალეთ და გავსუფ¬თავდით. გავიქეცით წყაროზედ და ამ სიცხე-პაპანაქებაში ნამგ¬ზავრებს, მზისგან დამწვარ-დახრაკულებს ეს წყარო სწორედ `უკვდა¬ვების წყლად~ გვეჩვენა. გავგრილდით, ცოტა ადამიანის ფერი დაგვედო, მალე შევიკრიბენით ზალაში, სადაც დაგვიწყო გამოკითხვა დიდის ცნობის მოყვარეობით დიმიტრიმ: როგორ ვიმგზავრეთ, როგორ დაგვიხვდა ხალხი, ხომ არა გაგვჭირებია-რა, და როდესაც ჩვენ ვუამბეთ ხალხის აღტაცება და დიდებული დახვედრა ყველგან და უცხო ტომის ხალხისაგანაც-კი, განსვენებულის სიამოვნებამ ფრთა შეისხა და ფილოსოფიური აღტაცებით სთქვა: `ეს ასეც უნდა მომხდარიყო! საქმე დამწიფდა, ხალხმა შეიგნო საქმის ძალა~. ჩვენი ნაამბობის გამო მეტად გამხიარულდა განსვენებული (და როდის არ იყო ის მხიარული თავის ოჯახში, ვისაც კი ახსოვს). საზოგადოთ დიმიტრის საუბარი ყოველთვის და ყოველგან, მეტადრე თავის ოჯახში, იმისი ქვეყნის ვარამი იყო, სხვა ნაღველი დიმიტრიმ არ იცოდა. საკუთარ საქმეებზე ძალიან ნაკლებ ფიქრობდა. ის იყო საქმის კაცი და არა სიტყვისა და ყველასგან ითხოვდა ამას. დაგვიწყებდა ბაასს ჩვენ, ბავშვებს, როგორც ამხანაგი, მეგობარი, სიყვარულით და ისე გაგვიტაცებდა, რომ საუბრის დროს ხშირად მუხლზედ ხელს დავკრამდით ხოლმე! დიმიტრი არა ჰგავდა დღევან¬დელ ცრუ მამულიშვილებს, თვალთმაქციობით მაღლა მყვირალებს, ვითომ ქვეყნის გულის შემატკივრებს და ამ პირბადით მდაბალ სავაჭრო-საჩარჩო საქმეებში გაბმულებს! ამ ხალხს ხომ ყველა კარგათ ვიცნობთ, მაგრამ აქ რა ალაგი აქვს იმათზე ლაპარაკს!
ხანგრძლივი ბაასის შემდეგ, დიმიტრიმ გვითხრა: `ყმაწვილებო, დაღალულ-დაქანცულები ხართ მგზავრობით, მოდით, სოფლურად ადრე ვისადილოთ და მერე მოისვენეთ. მგონია, ასე ემჯობინება?~ აბა, ჩვენ ამაზე რა გვეთქმოდა! შემოუსხედით ძვირფას სუფრას; თითონ განსვენებულმა იკისრა თამადობა და რა არ ითქვა ამ ნე¬ტარ-მოსაგონებელ სუფრაზედ!.. დიდის ლხინით, სიამოვნებით და სიმღერით გავატარეთ ეს დაუვიწყარი ნადიმი.
გათენდა მშვენიერი დილა. მარიამობისთვე იწყებოდა და ქვიშხეთში საგრძნობლად გრილოდა დილით. დილით ადრე გამოვე¬დით აივანზე და რა სურათი წარმოგვიდგა მზის ამოსვლისას: წინ დაფენილი ათასფეროვანი, მოხნულ-ნათესი დაუსრულებელი მინ¬დორ-ვაკე, რომელზედაც ლურჯი ხაზივით მიიკლაკნება მტკვარი... მეტადრე დღეს არის სანახავი ეს მიდამო, როდესაც ამ დიდებული მაღლობიდან ბუნების სიმშვენიერესთან ერთად ხედავ ორ მხრივ განუწყვეტლივ მიმოსვლას მატარებლებისას იმერეთისაკენ და ბორჯომისკენ. რომ არ შემრცხვეს, თამამად ვიტყვი, რომ ქვიშხეთი, როგორც სააგარაკო ადგილი, ბევრით მაღლა სდგას ბორჯომზე და აბასთუმანზე, თუ სამკურნალო წყლებს არ ვიქონიებთ სახეში.
დილის ათ საათზე ხაშურიდან დაბარებული ეტლები ამოგვი¬ვიდა. ვისაუზმეთ, ჩავიბარგეთ და გავსწიეთ ბორჯომისაკენ. მივედით მშვენიერ გატკეცილ გზაზე მტკვრის პირას ბორჯომის ხეობაში. ორივე მხარეს გზისა ამართული ტყით შემოსილი უზარმაზარი მთები და იქ, სადღაც, თვალუწვდენელ კენწეროში არწივის ბუდე¬სავით კლდეზე მიკრული ადგილობრივი მცხოვრებლების სახლები. გზა-გზა ახალციხემდის ხშირად შევხვდებოდით ხოლმე ამისთანა უცნაურ სახლებს, თვალ-უწვდენელ კლდეზე გადმოკიდებულს.
ესეც ბორჯომში მოვედით, ჩამოვხტით ფოჩტის სადგურზე და, ვიდრე ცხენებს გამოსცვლიდნენ, საუზმეს შეუდექით; ქვიშხეთიდან გვქონდა ხორაგეული წაღებული. მეტისმეტად ცხელოდა და ჩრდილს მივაშურეთ. ბორჯომს რომ ტყე არ ჰბურავდეს, ტფილისის პირია: იგივე თონესავით ჩაღრმავებული ადგილია, იგივე ხრიაკი-ნაპირე¬ბიანი მტკვრის ხეობა, იგივ სიცხე-პაპანაქება... ზაფხულში ნაშუად-ღევის 4_5 საათზე ბორჯომში არა ნაკლებ მწველ სიცხეს შევსწრე¬ბივართ, როგორც მკათათვეში ტფილისში. ეს არის, რომ ბორჯომი ხალხს ამოჩემებული აქვს სააგარაკოთ, თორემ მისი ყველა ნაკლუ¬ლევანება რომ გადმოვშალოთ, არაფერი სახარბიელო არ არის.
აქ ჩვენ წარმოდგენა არ გაგვიმართავს. ჯერ ერთი, რომ ამ ზაფხულს აქ ძალიან ცოტა მოაგარაკენი იყვნენ, და ვინც იყო, ისიც რაღაც ჭრელი ხალხი, მათში სულ მცირე ქართველობა, და მეორეც, სასცენო ადგილი ძალიან ძნელი მოსაპოვებელი და მოსაწყობი იყო: მხოლოდ ერთი როტონდო იყო ყოველი მხრით ფარღალალა, სადაც საღამოობით სამხედრო მუსიკა უკრავდა ხოლმე, და ჩვენ სადა გვქონდა თანხები ამ ღია ადგილის სასცენოდ მოწყობისათვის: ძალიან დიდ ხარჯს ითხოვდა. ამ გვარად პატარა შესვენების შემდეგ გავემ¬ზადეთ აბასთუმნისკენ, მაგრამ... დახე კიდევ ჩვენს იღბალს: უცბად ჩვენი ქალები ავად გაგვიხდნენ და მერე როგორ ავად! იკვლანჭებიან, გმინავენ, ოხრავენ... ჩვენ ელდა გვეცა: საიდან რა ვუწამლოთ! რითი დავამშვიდოთ! ექიმი სად ვეძებოთ, კარებზე შებმული ეტლები გვიც¬დიან და გვაშურებენ. რაც-კი გაგვეგებოდა ექიმობისა, რას დავი¬შურებდით: ზოგი სასუნებლით, ზოგი `კაპლებით~, როგორც იყო, მოვასულიერეთ და გადასავსავებული ჩვენი `პრიმადონები~ ეტლებში ჩავსხით. ამნაირად გულ-დახეთქილები გავუდექით გზას. ჯერ კიდევ გვიმალავდნენ და შემდეგ კი გამოგვიტყდნენ ჩვენი ქალები, რომ ჩვენს ჩუმად ფოსტის სადგურზე ცალკე ოთახში ჩაკეტილიყვნენ და ხარბათ მიერთმიათ განთქმული ბორჯომის ხეობის კალმახი (და, მგონია, ისიც ძველი).
ღამის ცხრა საათი იქნებოდა, რომ ახალციხეში შევედით. სასტუმრო ვერ ვიშოვეთ და ფოსტის სადგურზე ჩამოვხტით ორ ფართო ოთახში. გავშალეთ იატაკზე, რაც რამ გვებადა და ჩამოვ¬მწკრივდით. ჩვენი ქალების მშვიდობით გადარჩენის გამო იმ წყეულ კალმახებისაგან, გავმხიარულდით, ვიცინეთ, ვიოხუნჯეთ და მე და გიგა ყიფშიძემ კიდევ შემოვძახეთ `მეტივური~, ზაალ მაჩაბელი და სხვანი ბანს გვაძლევდნენ. ამგვარად ქალებიც გავამხიარულეთ და თითქმის განთიადამდის ასე სიამოვნებით გავატარეთ დრო, დილაზე გავედით ქალაქში, სად და როგორ მოგვეწყო საქმე.
ქართველობა იმ დროს არავინ იყო ახალციხეში. აქეთ-იქით წასულიყვნენ საზაფხულოდ. სცენისთვის გვიჩვენეს სკოლის შენობა, რომელიც წარმოდგენისათვის ადვილი მოსაწყობი იყო, მხოლოდ ეხლა კი არა, აბასთუმნიდან გამოვლაზე, მით უმეტეს, რომ ახალციხეში იმ დროს არ დაგვიხვდა იქაური ქართველი მეთაური ოჯახი _ მ უ ს ხ ე ლ ა ა ნ ი . გავემართეთ აბასთუმნისაკენ და ამბავი დავუტოვეთ, რომ გამოვლაზე გავმართავთ წარმოდგენას. დახმარება სიამოვნებით აღგვითქვეს, ვინც მაშინ იქ ქართველობა იყო.
გავსწიეთ აბასთუმნისკენ. დღევანდელი გზატკეცილი მაშინ არ იყო და მხოლოდ ახალი დაწყობილი იყო ამ გზაზე მუშაობა; ჩვენ უნდა გადავსულიყავით პირდაპირ უღელტეხილზე, რის გამოც ამ მთაზე ასასვლელად სამის მაგიერ ხუთ ცხენს აბამდნენ ეტლში, ანუ ოთხის მაგიერ ექვსს. შეუდექით¬ მთას. ნაწვიმი დღე იყო და ვერც ამ მომატებულმა ცხენებმა გვზიდეს, ხან სად შედგებიან, ხან სადა. აქ გამოუშვებდნენ იქ მიუმატებდნენ; ცოტას გავივლიდით და კიდევ შედგებიან. რამდენიმე კაცი ჩამოვედით ეტლებიდან და აღმართში ფეხით მივსდევდით; მაინც კიდევ რამდენჯერმე შედ¬გებოდნენ ხოლმე ცხენები. მერე ქალებიც კი გადმოვიდნენ ეტლიდან და რის ვაივაგლახით ავედით მთაზე. აქედან კი თითო ეტლისათვის თითო ცხენიც საკმარისი იყო, რადგანაც აბასთუმნამდის დაქანე-ბული თავქვეა.
საღამოს ჟამს მივედით აბასთუმანში, ის იყო სანთლებს ანთებ¬დნენ. პირდაპირ სასტუმროს მივატანეთ, (მაშინ `მირაქოვის სასტუმ¬როს~ ეძახოდნენ დიდ ქუჩაზე), მაგრამ ოთახები ვერ ვიშოვეთ, ყველა დაჭერილი იყო, წყლის გაღმა მიგვასწავლეს სხვა სასტუმრო, სადაც სამი ოთახი ვიშოვეთ, იქ ჩამოვხტით. აბასთუმანში მოაგარაკენი ბევრნი იყვნენ და მათში არა მცირე ნაწილი ქართველობა. ღამითვე გაეგოთ ქართველებს ჩვენი მისვლა და დილაზე ადრე მირაქოვის სასტუმროში რომ წავედით სცენის დასათვალიერებლად, მოგვი¬კითხეს. პირველად მოვიდნენ პატივცემულნი ნ ი კ ო მ ე ს ხ ი შ ვ ი ლ ი, მაშინდელი ახალციხის მაზრის უფროსი (დღეს დუშეთის მაზრის უფროსი) და ინჟინერი ფ ი დ ო ყ ა ზ ბ ე გ ი . მათ მოჰყვათ განსვენებული პოეტი მ ა მ ი ა , თ. გ ი ო რ გ ი ჩ ი ჩ უ ა, თ. ი ვ ა ნ ე ბ ა რ ა თ ა შ ვ ი ლ ი , დ ა თ ი კ ო ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი და სხვა ქალი თუ კაცი.
მცირე თათბირის შემდეგ გადავწყვიტეთ, მირაქოვის სასტუმ¬როში გაგვემართა წარმოდგენა. სასტუმროს სცენის გარდა როტონ¬დოც იყო წყლის მარცხენა ნაპირს, სადაც ყოველ დღე მუსიკა უკრავდა და ცეკვა იმართებოდა. მაგრამ ამ როტონდოს მოწყობა გვეძნელებოდა, თუმცა, მეორე მხრით, სასტუმროს სცენაც გვეძვირე¬ბოდა. მაინც ერთი წარმოდგენა გავმართეთ ამ როტონდოში დიდის შრომის და ჯაფის შემდეგ, რასაც სიამოვნებით გვიყოფდნენ აბასთუმნელები. ორი წარმოდგენა სასტუმროში გავმართეთ. რა პიესები ვითამაშეთ არ მახსოვს. ერთი წარმოდგენა მახსოვს, რომელშიაც ბატონმა ნიკო მესხიშვილმა, მაზრის უფროსმა, და ფიდო ყაზბეგმა მონაწილეობა მიიღეს. ამ დღეს ვთამაშობდით `პეპოს~ და ვასო აბაშიძის ვოდევილს `ცოლი თუ გინდათ, ეს არის!~ ეს საქმე ასე მოხდა: რომ უფრო საინტერესო ყოფილიყო ჩვენი წარმოდგენა და, რასაკვირველია, შემოსავალიც დიდი, ბ-ნი ნიკო მოვიდა ჩვენთან და გვითხრა: `მოდი, პეპოს როლს მე ვითამაშებ, რადგანაც დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ, ვითამაშებ თუ არა! და ჩვენი ფიდო კიდევ ვოდევილში ვათამაშოთ~-ო. ჩვენ დიდის სიამოვ¬ნებით იმწამსვე გადავეცით ორივე პიესა... აბა, ჩვენ რად გვინდოდა, ყველამ ზეპირად ვიცოდით, არამც თუ მარტო ჩვენი როლები, არამედ მთელი პიესაც. ელექტრონის სისწრაფით გავარდა ხმა აბასთუმანში, რომ მაზრის უფროსი მესხიშვილი ქართულ სცენაზე ითამაშებსო. აბა, რა თქმა უნდა, თეატრში ჭედვა არ იქნებოდა. პირველ საღამოზედვე ბილეთები დაიტაცეს. მხოლოდ, ჩვენდა სამწუხაროდ, თეატრის დარბაზი პატარა იყო და ამიტომ ბევრი წარმოდგენის ნახვის მსურველი ვერ დაესწრო. წარმოდგენის დღეს ერთი რე¬პეტიცია გვქონდა, რომელზედაც გაგვაოცა ბ-ნ ნიკოსაგან ერთ დღეში პეპოს როლის დაზეპირებამ! საღამოს მოვრთეთ ჩვენი პეპო დოშ¬ლუღ-ახალუხ-გულისპირით, ზემოდან აქლემის ყელის ჩოხით და მხარ-ბეჭიანი ვაჟკაცი მშვენიერის გმირულის ფრიალა წვერით გამოვიყვანეთ სცენაზედ. საზოგადოების აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა. დანარჩენები ყველა ჩვენს როლებში ვიყავით, გარდა გიგო ყიფშიძისა, რომელიც აბაშიძის როლს თამაშობდა _ ზიმზიმოვს. ამ გვარად წარმოდგენის დროს რიგ-რიგათ ვსუფლიორობდით, მე, ყიფშიძე და საფაროვის ქალი, ვინ როდის იყო თავისუფალი, რადგანაც ამ საღამოს ყველანი ვთამაშობდით. პეპოს როლის მოთამაშე ბევრი მინახავს, რომ კარგათ აესრულებინოს ეს როლი. მაგალითად, სომხების არტისტი ჩ ი მ ი შ კ ი ა ნ ი , ჩვენი ს ა ნ დ რ ო ყ ა ზ ბ ე გ ი , ზ ა ა ლ მ ა ჩ ა ბ ე ლ ი და სხვანი, მაგრამ არც ერთი ამათგანი როლის სინამდვილეს ვერ ხატავდა ისე, როგორც გამოხატა ბ-ნმა ნიკომ. საზოგადოდ მიღებული აქვთ (არ ვიცი, რისთვის) პეპოს წარმო¬მადგენელებს, ამ როლს მიათვისონ შექსპირის ანუ სხვა ტრაგედიების გმირების ხასიათი: განწირული სულის კვეთება, სიტყვების (სულ უბრალო და მკრთალ-შინაარსიან სიტყვების) მრისხანედ ჭექა-ქუხილი, უღრმესი სასოწარკვეთილება, გულის წუხილი, უიმედო სულის ბრძოლა და ამისთანები (დიდათ პატივცემული ავტორი ამ გვარ პეპოს როლის გამოხატვას ყურადღებას არ აქცევს, მგონია, მოსწონს კიდეც). მაგრამ პეპო ხომ ევროპიელი გმირი არ არის! იგი ჩვენი ორთაჭალის მეთევზეა, უბრალო მომაკვდავი, შრომის შვილი, ჰალალი ლუკმის მჭამელი, ძლიერისაგან დაჩაგრული, ფულით გაბატონებულის უსამართლოების მსხვერპლი და ლაპარაკის, სევდის და ნაღველის გამოთქმის კილოც ასეთი აქვს: არა ამაყური, არამედ წყნარი... ბედისაგან დაჩაგრულის შეგნება თავის უძლურებისა ძლიერთან ბრძოლაში. პეპოს მთელს ტანში მოდებული აქვს სიმწარე უსამართლობის გამო, მას ბოღმა ახრჩობს, გული სისხლით ევსება, მაგრამ ამ გამოუთქმელ ტანჯვას ის ვერ დაიყვირებს, მგრგვინავი მეხით ვერ შესძახებს ქვეყანას, ეს ასეაო! აი, სწორეთ ამისთანა გამომხატველი იყო ბ-ნი მესხიშვილი პეპოს როლისა. იმ მონოლოგში, სადაც, საზოგადოდ, პეპოს მოთამაშენი თვალის ბრიალით ერთ უშველებელს ყვირილს ასტეხენ ხოლმე, ბ-ნმა ნიკომ დინჯათ, დაბალის ხმით, სასოწარკვეთილებით თავის თავს დაუწყო ლაპარაკი: `წადი პეპო, მიწა ალოკე, ხალხს ფეხები დაუკოცნე, იმათ ფეხის მტვერი ალოკე!~ და შემდეგ უფრო გაქსუებული იმედებით და თავის თავის სიბრალულით: `ვინა ხარ შენ? რა ხარ? რა კაცების მარაქაში ერევი, შენ ხომ კაცი არა ხარ?~ და სხვა. ესა და სხვა მონოლოგები ისე გულის აღმძვრელი სევდიანის ხმით და კილოთი იყო წარმოთქმული, რომ დამსწრე საზოგადოებამ ცრემლი ვეღარ შეიკავა და დარბაზში ჩუმი ქვითინი მოისმა.
მე არაფერი შვილი არტისტი ვარ, მაგრამ თუ ოდესმე შემხვდა პეპოს როლის თამაშობა და დაახლოვებით მაინც მივბაძე ბ. ნიკო მესხიშვილის თამაშობას, დარწმუნებული ვარ, რომ დამსწრე საზოგადოება კმაყოფილი დარჩება ჩემი თამაშობით. ასე ღრმა შთაბეჭდილება იქონია ბ. ნიკოს თამაშობამ ჩემზედ.
არა ნაკლებ თავი გამოიჩინა თავის თამაშობით ამ დღეს ბ. ფიდო ყაზბეგმა, მხოლოდ `მეორეს მხრით~. ბ. ფიდო ვოდევილში თამაშობდა, სადაც `კუპლეტებს~ მღერის და ცეკვავს ქალთან ერთად. მე ამ პიესაში სუფლიორად ვიყავი და ფიდომ პიესის დაწყებამდის მითხრა: `ბიჭო, როლი კარგათ არ ვიცი და ვინძლო, რიგიანად მომაწოდო სიტყვები~. დავიწყეთ წარმოდგენა; ლექსებამდის რომ მივედით, ხმა აუმაღლე, რომ უფრო კარგა გამეგონებინა... ყვირილიც მოვრთე, მაგრამ თქვენი მტერი! ერთი სიტყვაც ვერ ვათქმევინე! სულ არაფერი იცოდა! ხტის ეს კაცი, რაც შეუძლიან, და თან `ტრალალას~ იძახის! მე თავი ვეღარ შევიკავე და წავიფრუტუნე... არტისტებს სცენაზედ წასკდათ სიცილი... საზოგადოებაში ამის დანახვაზედ ასტყდა ერთი საშინელი სიცილ-ხარხარი; ერთი დაუს¬რულებელი ჟრიამული! რომ არ შემრცხვეს, ერთი ათი წუთი მაინც ხარხარებდა თვალებში ცრემლ-მორეული საზოგადოება. რომ აღარა¬ფერი გამეწყო, და არტისტებმაც გული ვეღარ მოიბრუნეს, უდრო-უდროს ფარდა ჩამოუშვი. სწორედ უბედურებაა, წარმოდგენის დროს არტისტებს რომ სიცილი აუტყდებათ! მაშინ მათი შეკავება შეუძლებელია: გული ამოუჯდებათ, სულს ვეღარ მოითქვამენ და ნერვებით დასუსტებულებს სიცილი თანდათან უძლიერდებათ და ნამდვილ ისტერიკად გადაექცევათ ხოლმე. ასე დაგვემართა ჩვენც; მით უმეტეს, იმ დღის წარმოდგენით საზოგადოება მეტად ნასი¬ამოვნები დარჩა, რის დამამტკიცებელიც იყო საზოგადოებისაგან მეორე დღეს გამართული დიდი ნადიმი ტყეში.
კვალად ჩავიბარგეთ, გამოვეთხოვეთ და გამოვსწიეთ ქალაქისკენ. ახალციხეში გამოვლაზედ ერთი წარმოდგენა გავმართეთ. კვალად იგივ დახმარება, იგივ დიდი ყურადღება და პატივისცემა საზოგა¬დოების მხრივ.
ეხლა კი უკანასკნელად ჩავიბარგეთ და გამოვსწიეთ პირდაპირ ქალაქისკენ სამუდამო ჭაპნის საწევლად.
6
ესეც ჩამოვჩანჩალდით ქალაქში ჩვენის ბარგი-ბარხანით, საჩუქ¬რებით და ნავაჭრებით. ბათუმში ვიყიდეთ ბევრი ტანისამოსები, მშვენიერი და იაფი, სცენაზე და ცხოვრებაში სახმარებელი. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმი მაშინ პორტოფრანკო იყო და როგორათაც ყოველგვარი სანოვაგე, აგრეთვე ტანისამოსი და სამკაულები ჩალის ფასად ღირდა, რადგანაც ბათუმში შემოსულს საქონელზე ბაჟს არ ახდევინებდნენ. მაგალითად, იქ რომ თითო ხელი ტანისამოსი ვიყიდეთ, მაშინდელ ევროპიულ გემოვნებაზე რიგიანად შეკერილი, 12 მანეთად სამი ნაჭერი, იგივე ტანისამოსი და იმ დროსვე ტფი¬ლისში 30_35 მანეთი ღირდა. იქ რომ მანეთ-ნახევრად შლიაპები ვიყიდეთ, ქალაქში იმისთანა შლიაპებში შვიდ მანეთს ფეხს არ უცვლიდნენ. შალეულობას და აბრეშუმეულობას ნუღარ იტყვით, მეტადრე ჩესუნჩას, რომლითაც გული იჯერეს ჩვენმა ქალებმა: საჩუქრად ხომ მიიღეს და მიიღეს საზოგადოებისაგან ეს ძვირფასი მატერიები, და რაც ფული გააჩნდათ, იმისიც სულ იყიდეს სიხარბით, ასე რომ მარტო გზის ფული-ღა დარჩათ ტფილისამდის.
ასე და ამ გვარად ქალაქში ჩამოვედით ჩვენის მზითვით: მაშინ ყველანი, აბაშიძის და საფაროვის ქალის გარდა, გასათხოვარ-დასანიშნავები ვიყავით. ძალიან სამეფო-საპატარძლო ხალხი ვიყავით მაშინ, ღვთის წინაშე! გაზაფხულზე თბილ მზის სხივებზე რომ გამორეკავენ ხოლმე მოზვერ-დეკეულებს, სწორედ ისე დავფუნ¬დრუკობდით ეს ახალგაზრდა ხალხი, თითქმის გოგო-ბიჭები! თვალი დაუდგა წუთი-სოფელს. ეხლა, ამ მცირე დროს განმავლობაში (22 წელიწადში) ფუნდრუკი კი არა... კუდით საწევები დავხდით! ეჰ, მახლას! ერთი დრო არვის შერჩებაო! ის ნეტარი სიყმაწვილე ხომ გამოვცადეთ, ეხლა სიბერის სიმყაყეს ვებრძოლოთ.
ქალაქში დავბრუნდით სუყველანი, ვინც კი აქედან წავედით, მშვიდობით, უვნებლად და გამარჯვებით: ჯანზე ყველანი კარგათ ვიყავით და საღათ, თუმცა მოგზაურობით და აღტაცებული დროს გატარებით მოღალულნი, მზეში დამწვარნი უფრო თათრის ტიღებსა ვგვანდით, ვიდრე ქართველი ტომის ხალხს. ჩამოსვლისთანავე ბ. გიორგი თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ს ჩავუთვალე ჩემდამი მონდობილი სათეატრო ტანისამოსი ზედ დამატებით, რაც გზაში მოვიპოვეთ: ქუთაისში შემოსწირეს ჩვენს გარდერობს ფრაკი, სამხედრო სერთუკი და ქუდები, განსვენებულმა დ ი მ ი ტ რ ი ყ ი ფ ი ა ნ მ ა თავისი ვიც-მუნდირი და ბევრი რამ ამისთანები. შევიკრიბენით მგზავრები, დაწვრილებით უამბეთ ჩვენს მეთაურებს ჩვენი მოგზაურობა. მათ სიამოვნებას საზღვარი არა ჰქონდა. შემდეგ ურთიერთ შორის თათბირისა, როდის გავხსნათ სამუდამო სცენა, რა ვითამაშოთ, ჩვენ დავიფანტენით რამდენიმე კვირით ჩვენს სახლებში დასას¬ვენებლად, ჩვენი ცხოვრების მოსაწყობად და სამუდამო სცენისათვის მოსამზადებლათ.
როგორც ზევით მოგახსენეთ, 1878 წელში სრულიად დამწიფდა სამუდამო სცენის დაარსების სურვილ-წყურვილი, რის გამოც სცენის მოყვარულთა ამორჩევით შესდგა თეატრალური ამხანაგობა (კომიტეტი). ამ კომიტეტს შეადგენდა სცენის მოყვარულთაგან ამორჩეული ხუთი კაცი: დ ი მ. ყ ი ფ ი ა ნ ი, ნ ი კ. ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი, ა ლ . ს ა რ ა ჯ ი შ ვ ი ლ ი, ი ო ს . ბ ა ქ რ ა ძ ე დ ა გ ი ო რ გ ი თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ი . აი, ამ კომიტეტს ეკუთვნის ყოველი ცდა, ყოველგვარი დაბრკოლების თავიდან აცილება და სამუდამო სცენის აღორძინება.
როგორც მოხსენებულიცა მქონდა, კომიტეტი იმის ცდაში იყო, რომ, უწინარეს ყოვლისა, შეეძინა ცოტ-ცოტათი სათეატრო ტანი¬სამოსი, შეედგინა რიგიანი რეპერტუარი, ეშოვა ფული, წაეხა¬ლისებინა დრამატიული მწერლობა ჯილდოს დანიშვნით საუკეთესო პიესების დაწერისათვის და სხვა ამ გვარები. ამ კომიტეტისავე თაოსნობით შესდგა სამუდამო დასი. აი, რასა ვკითხულობთ ბ. გიორგი თუმანიშვილის ბროშურაში _ `ქართულ თეატრის საქმე~ _ 20 ივნისს 1879 წ. `მაისში შეადგინა (კომიტეტმა) კიდეც ტრუპპა იმ პირებიდან, რომელთაც მეტი ნიჭი გამოიჩინეს ზამთრის (1878 წ.) გამართულ წარმოდგენებში. ეს პირნი არიან შემდეგნი: მ. საფაროვისა, ნ. გაბუნია, მ. ყიფიანი, ბ. კორინთელისა, კ. ყიფიანი, ვ. აბაშიძე, ნ. შიშნიევი, ზ. მაჩაბელი და ა. ცაგარელი. დრამატიულ მოარშიყის როლების მოთამაშედ თეატრალურ ამხანაგობას ჰყავს მხედველობაში კ. მესხი. წარმოდგენებში მიიღებენ მონაწილეობას აგრეთვე გამოცდილნი მოთამაშენი სცენის მოყვარულები: კ. კ ო ლ უ ბ ა ნ ს კ ი , ე ლ. ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ი ს ა (ყიფიანი), ნ. ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი და სხვ~.
ზემოხსენებული კომიტეტი განაგებდა ჩვენი თეატრის საქმეს სცენის დაარსებამდე; ხოლო სამუდამო დასის შედგენის შემდეგ კომიტეტს მოაკლდა ერთი წევრი _ ალექსანდრე სარაჯიშვილი, რომელიც საქმეების გამო უცხო ქვეყანაში წავიდა და მაშინ ამოირჩიეს დ. ყიფიანის და გ. თუმანიშვილის წინადადებით ოთხი წევრი: თ. თ. ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე, დ ა ვ ი თ ე რ ი ს თ ა ვ ი , ი ვ ა ნ ე მ ა ჩ ა ბ ე ლ ი და დ ა ვ ი თ ს ა რ ა ჯ ი შ ვ ი ლ ი .
პირველ რეჟისორად ამოირჩიეს თ. დ ა ვ ი თ ე რ ი ს თ ა ვ ი, მაგრამ იმან უარი განაცხადა კერძო საქმეების გამო. მაშინ ამორჩე¬ული იქნა ამ საპატიო, თუმცა დიდათ საძნელო თანამდებობაზე, როგორც რეჟისორის თანამდებობაა, ბ. გ. თუმანიშვილი, ეს ჭეშ¬მარიტი მოღვაწე ქართულის სამუდამო სცენის დაარსების საქმეში.
დასის მოგზაურობის დროს, დასისვე ამორჩევით, რეჟისორად და ხაზინადრად იყო არტისტი კ. ყიფიანი.
მოახლოვდა სეზონის დაწყების დრო და ჩვენც მოვიყარეთ თავი თეატრის დარბაზში. მაშინ `საზაფხულო თეატრს~ ეძახდნენ, მტკვრის პირზე რომ თეატრი იყო _ რასაკვირველია, ყველას კარგათ ეხსომება. დიდი ხანი არ არის, რაც დაანგრიეს. იქ დავიწყეთ წარმოდგენების მართვა და განვაგრძეთ, ვიდრე აწ განსვენებული გ რ ი გ ო ლ ა რ წ რ უ ნ ი თავის ქარვასლაში თეატრს გააკეთებდა. მაშინ კი იმის თეატრში გადავედით, სადაც დიდი შეღავათიან პატივისცემაც გვქონდა არწრუნისაგან.: მახსოვს, რამდენჯერმე, როდესაც შემოსავალი ნაკლებად გვქონდა, არწრუნი ან სულ გვაპატიებდა თეატრის ქირას, ან არადა მარტო განათების საფასურს აიღებდა ხოლმე. ჩვენი არტისტებისათვის რამდენჯერმე ფულითაც გაუმართია ხელი, ბენეფისებში თეატრის ქირა შეუწირავს არტისტებისათვის. განსვენებული ჭკვიანი და შორს გამჭვრეტი კაცი იყო. `საზაფხულო თეატრი~ მაშინა ჰქონდა აღებული ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე პ ა ლ მ ს, თვით არტისტს და დრამატიულ მწერალს. თეატრს განაგებდა მისი უფროსი შვილი, დარბაისელი და თვალსაჩინო დღესაც კომიკური არტისტი სერგეი. ამის გარდა მაშინდელ რუსულ დასში მონაწილეობას იღებდა მთელი სახლობა პალმისა; მამა, ალექსანდრე, მისი ცოლი _ კომიკურ ბებრების როლების მოთამაშე, ამითი შვილები: ს ლ ო ბ ო დ ი ნ ა (სათეატრო გვარია) და საოხუნჯო კომედია-ვოდევილებში კარგი მოთამაშე ა რ ბ ე ნ ი ნ ი ს გვარით დღევანდელი `ჩერნომორსკი ვესტნიკ~-ის რედაქტორ-გამომცემელი ბ. პალმი. ეს ოჯახი იმიტომ მოვიგონე, რომ ძალიან ყურადღებით იყო ახალ დაწყობილ ქართულ თეატრზე: წარმოდგენებს ესწრობოდნენ, დარიგებას გვაძლევდნენ, თავიანთ ბიბლიოთეკიდან ამორჩეულ პიესებს გვაძლევდნენ სათარგმნელად. მაგალითად, სხვათა შორის, მოხუცებულმა პალმმა მომცა მე სათარგმნელად საკუთარის ბიბლიოთეკიდან (თავის არჩევით, მე არ მითხოვია) შემდეგი პიესები: `ორი ობოლი~ `Lდტ ცბჰჯნრბ~ `მონასტრის ზღუდეთა შორის~ _ `Çფ ვჯყფცნსჰცრჯქ ცნტყჯ.,~ `კარდინალი რიშელიე~ _ `ღფჰლბყფკ Hბიტკმტ~, და თან დასძინა: `ეს პიესები გადათარგმნეთ, კარგი პიესებია, რეპერტუარში იქონიეთ, გამოგადგებათო~. მე, რასაკვირველია, დიდის მადლობით გამოვართვი და გადავთარგმნე.
კომიტეტის გადაწყვეტით სამუდამო სცენის გახსნისა და სეზონის დაწყებისათვის ამორჩეული იყო განსვენებული კნეინა ბ ა რ ბ ა რ ე ჯ ო რ ჯ ა ძ ი ს ა გ ა ნ ახალი თეატრისათვის დაწერილი კომედია: `რას ვეძებდი და რა ვპოვე~. ეს პიესა ვითამაშეთ 5 სექტემბერს 1879 წელს. დიდის ამბით გადავიხადეთ თეატრის გახსნის დღესას¬წაული, საზოგადოება, ცხადია, მრავალი დაესწრებოდა, და პიესამაც მშვენივრად ჩაიარა (ეს პიესა სამჯერ იყო განმეორებული ამ სეზონში). მას მოჰყვა სხვა პიესებიც, გაიჩარხა და გაჩაღდა საქმე. ნათარგმნ და გადმოკეთებულ პიესათა გარდა, წარმოდგენილი იყო რამდენიმე ორიგინალური პიესა, განგებ ახალი თეატრისათვის დაწერილნი ამ ხანებში. `გულთმისანი~ _ პ. უ მ ი კ ა შ ვ ი ლ ი ს ა, `ბედნიერი ქალი~ _ გ. თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ი ს ა, `კინტო~ _ ა კ ა კ ი ს ა და ბევრი სხვა. მათ შორის (კაცმა თავის თავიც არ უნდა დაივიწყოს) ჩემი პირველი კომედიაც `რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!~ სამჯერ განმეორებული ამ სეზონში.
საზოგადოება მალე შეეჩვია თეატრს, გულმოდგინეთ დაიწყო თეატრში სიარული და მისი დახმარება. ბევრმა აბონემენტი აიღო; კერძოდ არტისტებსაც გამოუჩნდათ მოსარჩლენი და ნიჭის თაყვანის მცემელნი და ამ გვარად ჩვენი ნორჩი, ლოფლოფი თეატრი დავაჟ¬კაცებულს უცხო თეატრებს დაემსგავსა. კომიტეტმა წარჩინებული არტისტებისათვის ბენეფისები შემოიღო. რა ამბავი იყო ხოლმე ამ ბენეფისებზე, დაუჯერებელია. ძველი თეატრი რამდენად დიდი იყო დღევანდელს ჩვენს თეატრზე, და ის დიდი თეატრი ისე გაიჭედებოდა ხოლმე ხალხით, რომ არამც თუ დასაჯდომი, დასადგომი ალაგიც კი არ იყო; რომ არ ვიცრუო, ნახევარი საზოგადოება უალაგობის გამო გულდაწყვეტილი ბრუნდებოდა სახლში. ბევრი დამემოწმება, რომ ქანდარის ექვს-შაურიან ბილეთში ორი-სამი მანეთი უძლევიათ და ვერ უშოვიათ. საჩუქრებს არ ვიტყვი, რომელიც ბენეფიციანტებს აუარებელი მოსდიოდათ (მგონია, გაზვიადებათ არ ჩამომართმევთ, რომ აუარებელს ვეძახი 10-15 ძვირფას საჩუქარს, რომლებიც ახალი დაბადებული თეატრის ჯერ ნაკლებად ცნობილს არტისტებს მიერთმეოდათ ხოლმე), ფულათაც კარგა ბლომად რჩებოდათ. ჩემი მოხსენებიდგან ცხადათ დაინახავთ, როგორი ბენფისებიცა ჰქონდათ ხოლმე ჩვენ ზოგიერთ არტისტებს: საღამოს თეატრის ქირა იყო 200 მანეთი. კომიტეტი იღებდა თეატრის საჭიროებისათვის 200 თუ 250 მანეთს (კარგა არ მახსოვს). ახლა სარეკვიზიტო წვრიმალი ხარჯი... და გარეშე ყველა ამისა, ბენეფიციანტს რჩებოდა ნაღდი 400-600 მან. ასეთი ბენეფისები ჰქონდათ საფაროვის ქალს, გაბუნიას ქალს, ვასო აბაშიძეს და სხვ. ჩემს გარდა, დარწმუნებული ვარ, ბევრნი არიან ამის მოწმე.
აი, დაწყებიდან როგორ ფართოდ დაიწყო მსვლელობა ნორჩმა თეატრმა.
დაწყება დიდებული და მშვენიერი იყო: თეატრი დაადგა სწორე და გარკვეულს გზას. ეხლა ფათერაკის შიში აღარ იყო, მაგრამ... ამისთანა საზოგადო საქმეში, მეტადრე ჩვენში, განა შეღავათს მოგცემენ, რომ შეისვენო და თავისუფლად ამოიქაქანო! ამ საქმეს დააცდიან, რომ სწორე გზაზე დაყენებული პატარა ხანს შეურყევლად მიმდინარეობდეს! ზოგი მეტის ერთგულობით და სიყვარულით, ზოგი თავხედობით, ზოგი მეშურნეობით აღჭურვილნი გადაეღო¬ბებიან წყნარად მიმავალს, ჭკვიანურ გზაზე დაყენებულს საქმეს და ამ საბრალოს სადღაც უფსკრულში გადაჩეხავენ. ჩვენი თეატრიც ამ 22 წლის განმავლობაში ხშირად ჩავარდნილა განსაცდელში, მაგრამ ერთი-ორი მისთვის თავგანწირულის მუშაკის მეოხებით ისევ სწორე გზას დასდგომია. დღეს ჩვენი თეატრი, რაკი მან მამაცად გადმოქელა მეცხრამეტე საუკუნე და თავი ამოჰყო მეოცეში, გაკვე¬რილ გზაზე სდგას, მისი შერყევა შეუძლებელია, რადგან ფესვები ღრმად და შორს აქვს წასული...
ბ. გ ი ო რ გ ი თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ი რეჟისორობდა დასს პირველ ენკენისთვიდან 1879 წლისა მარტის პირველამდე 1880 წ. ბ. გიორგი იყო რეჟისორი მშვილდი, უწყინარი და სამართლიანი; მოღვაწე კეთილშობილი და უანგარო, რომელიც არამც თუ საქმის მსვლელობას, მის წვრილმან გარემოებასაც კი დიდ ყურადღებას აქცევდა. მეტი საქმისათვის თავგამოდებული და თავდადებული კაცი ძნელი წარმოსადგენია, როგორითაც ბ. გიორგი ჩვენი თეატრის¬თვის იყო. მის ნაწერებში ასო ასოთ აღნუსხულია ქართული თეატ¬რის მიმდინარეობა, ვიდრე ის რეჟისორად იყო, რამდენი პიესა იყო სეზონის განმავლობაში წარმოდგენილი, რამდენი მათში ორიგინა¬ლური და რამდენი ნათარგმნ-გადმოკეთებული, რომელი პიესა რამ¬დენჯერ იყო ნათამაშევი, რომელ თვეში რამდენი შემოსავალი და ხარჯი იყო, ბენეფისები რას იძლეოდნენ და სხვა ამისთანები. ძალიან იშვიათია ასეთი გატაცება, როგორადაც ბ. გიორგი ქართული თეატ¬რის საქმით გატაცებულ-გამსჭვალული იყო.
ასე მშვენივრად დაწყობილი საქმე თავისუფლად მიმდინა¬რეობდა, გადმოაბიჯა მეოთხმოცე წლებში და კვალად სრიალით გაუდგა გზას. მართალია, იმ ხანებში თეატრს ბევრი ხინჯი გამოს¬ჩენია, მაგრამ იმის ერთგულ გულშემატკივართ და ჭირისუფალთ იგი (თეატრი) დაცემამდის არ მიუყვანიათ და მამაცად მხრებით გაუტანიათ კვლავ გატკეცილ გზაზედ... მაგრამ... ამას თავის დროზედ თეატრის ისტორიის დამწერი განმარტავს.
მეოთხმოცე წლებში დასს მოემატნენ სხვა და სხვა დროს ის არტისტები, რომელთაც ეხლა ჰხედავთ და მათთან აწ განსვენებული ს ა ნ დ რ ო ყ ა ზ ბ ე გ ი და ბ ა ბ ო ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ს ა. ამავე წლებში დასიდან გამოვიდნენ: მ. ყიფიანი, ბ. კორინთელი, გიგა ყიფშიძე, ზაალ მაჩაბელი და ადმინისტრატორი ჩუბინაშვილი. მე ჩანჩალით მივყევი თეატრს 1884 წლამდის და, დავატყე რა, რომ არაფერი შვილი არტისტი ვარ, ჩამოვცილდი, თუმცა სულით და გულით მასთან ვიყავი და ვარ.
მგონია, ჩემის გაჭიანურებულის წერილებით თავი მოვაბეზრე ხათრიან და გულკეთილ მკითხველებს, მაგრამ ამას ვთხოვ, მომი¬ტევონ, თუ რამე შეცოდება მიმიძღვის ჩემს მოხსენებაში. მე, როგორც ნათლად დაინახა მკითხველმა, არც თეატრის ისტორიასა ვწერდი, არც მისს კრიტიკას; მხოლოდ თეატრის ისტორიის დამწერისათვის მინდოდა მიმეწოდებინა მასალად ის ცნობები სამუდამო სცენის დაარსების შესახებ, რომლის მოწამეც მე თითონ ვიყავი. ასე და ამ გვარად დაარსდა დღეს აყვავებული ჩვენი სამუდამო სცენა.
ცოდო გამჟღავნებული სჯობიაო, იტყვიან. ჩემს `მოგონებათა~ გამომჟღავნებას საფუძვლად ერთი აზრი ედვა, რომელიც მდევნიდა და არ მასვენებდა აქამომდე, ვიდრე არ გამოვააშკარავე.
ერთი ჯურის ხალხი გვირევია ჩვენ, ქართველებს, სწორედ არ ვიცი, რა ვუწოდო, თავხედები თუ სულით ავადმყოფნი. ბატონო, რაზედაც უნდა დაიწყოთ ლაპარაკი, რომელი საზოგადო საქმის დაფუძნებაც უნდა ახსენოთ: თეატრის საქმე, სკოლების საქმე, წერა-კითხვის საზოგადოებისა, ბანკებისა, მეურნეობა-მრეწველობისა, _ ერთი სიტყვით, რა საქმეც უნდა ახსენო, ისინი იმ წამსვე დაიძახებენ: `მე!~ `მე~ ვარ, რაც ვარ! ეს საქმე `მე~ დავაყენე ფეხზედ, ისიც და სხვაც. `მე~ რომ არ ვყოფილიყავი, არამც თუ ეს საქმეები არ გაკეთდებოდა, თვით ჩვენი ქვეყანაც არ იქნებოდა! სულ მე, მე და მე! ახა, ღმერთო ჩემო! ხშირად ეს თავხედები უსირცხვილოდ ისეთს რასმე უცნაურს წამოროშავენ, რომ კაცი პირღია დარჩება! უცბათ რომ დაიძახო საზოგადოებაში: `ვინ ააგო დიდებული მცხეთის ტაძარი?~ _ `მე!~ გიპასუხებს. `ვინ აღმოაჩინა ამერიკა?~ _ `მე!~ `ვინ არის გამოჩენილი ბურების სარდალი?~ _ `მე~. კი არ გეხუმ¬რებით, ბატონებო, არიან ამისთანა ავადმყოფები ჩვენში! ხშირად გამიგონია ამისთანა ლაპარაკი ქართული თეატრის შესახებაც, მაშინ, როდესაც ნამდვილი საქმის მუშაკნი, მისთვის თავდადებული მშრომელნი სადღაც კუთხეში ჩუმად მიკუნჭულები არიან და თავიანთ დაწყობილ საზოგადო საქმეს ნეტარებით და სასოებით თვალ-ყურს ადევნებენ. სწორედ მოგახსენოთ, აი, ეს გარემოება იყო ჩემ `მოგონებათა~ გამოწვევის მიზეზი ამ ხანად. ამ მოგონე¬ბიდგან მკითხველი ცხადათ დაინახავს, რომ `მე~-ს კი არა, სულ სხვას გაუკეთებია საქმე! ეხლა წაბძანდნენ ეს ვაჟბატონები და ქუჩა-ქუჩა ცხვრებივით იბღავლონ `მე-ე-ე!~
ეხლა კი ნახვამდის, ძვირფასო მკითხველო! მომიტევეთ თავის მო¬ბეზ¬რება. თუ ინებებთ და ნებას დამრთავთ, კიდევ მალე გამოგე¬ლაპარაკებით.