უმობილურო ვერ აჯობებს მობილურიანს:
ენა ამისი ნამგალივით მოპირულია.
უიარაღო ვერ გაასწრებს იარაღიანს,
თუ წინ მდელოა, ხოლო უკან იალაღია.
"ფიატიანი" ვერ გაასწრებს "მერსედესიანს":
მერვე ასცდება? - არა უშავს: მეცხრედ ესვრიან! -
და გამოიხსნის ალანიას ალასანია,
სადაც ართანა, ანაგა და ალაზანია.
მაგრამ გაფრთხილდით: აღორძინდა ბერიკაობა:
ბევრი ჩაება და ხაფანგშიც ბევრი გაება.
სამართლის წიგნში თავები და ქვეთავებია
და ნიღბიანი ნაცნობები გვედავებიან:
ორასიანი ედავება - ასკარატიანს,
მასკარადია ეს ცხოვრება - მასხარადია!